წინასიტყვაობა

წინასიტყვაობა

რატომ გვაინტერესებს მხოლოდ ის, რასაც მეცნიერი აკ​ეთებს და არა თავად მეცნიერი?

ეს კითხვა პირველად განათლების ამერიკელი სპეციალისტის, ჯორჯ ნ. შუსტერის წერილის კითხვისას გამიჩნდა და მას შემდეგ თავში მიტრიალებდა. ამ კითხვამ დამაწყებინა ხანგრძლივი მოგზაურობა კონტინენტიდან კონტინენტზე, ქვეყნიდან ქვეყანაში, ფიზიკოსიდან ფიზიკოსამდე და შექმნა ეს წიგნი.

უნდა ვაღიარო, რომ კითხვა ნაყოფიერ ნიადაგში მოხვდა. 1949 წლის აგვისტოში, ამერიკულ ატომურ ქალაქ ლოს-ალამოსის პირველი მონახულების დასრულებისას, ავტობუსის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მეცნიერმა ცენტრალური ევროპიდან, რომელიც იქ უკვე რამდენიმე წელი ცხოვრობდა გამაოგნებელი აღიარება გააკეთა. მან თქვა: “რა უცნაური და წარმოუდგენელი რამაა! მთელი ახალგაზრდობა ჭეშმარიტებას, თავისუფლებას და მშვიდობას შევნატროდი; განგებამ კი აქ მომიყვანა, სადაც ჩემი გადაადგილება შეზღუდულია; ჭეშმარიტება, რომლის აღმოჩენასაც ვცდილობ, მძიმე კარებს მიღმაა გამოკეტილი; ჩემი შრომის საბოლოო მიზანი კი უსასტიკესი საომარი იარაღის შექმნაა. ამაზე უფრო მეტი ბედის სიმუხთლე რაღა უნდა იყოს?” ამის შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია ატომური ფიზიკოსების ცხოვრებაზე, მოგვიანებით კი ერთი მათგანის ტრაგიკული ისტორიის რომანის ფორმით მოყოლა გადავწყვიტე. რომანისთვის აუცილებელი სზუსტის მისაცემად საჭირო იყო იმ ფონის შესწავლა, რომელზეც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. პირველი მნიშვნელოვანი ბირთვული ფიზიკოსი, რომელსაც შევხვდი, ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი ფრიც ჰოუტერმანსი იყო. ძალიან გამიმართლა – ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, რომლებიც ფორმულებს უფრო ეწყობიან, ვიდრე ამბების მოყოლას და წარსულზე უფრო მეტად, მომავალს – პროფესორ ჰოუტერმანსის მონათხრობი ცოცხალი და ამაღელვებელია, ეხება ის გეტინგენის ძველ, კეთილ დღეებს, რუსეთში ტყვეობაში გატარებულ შავბნელ წლებს თუ მესამე რაიხის პერიოდს, როდესაც ის და რამდენიმე მისი კოლეგა კამათობდნენ, როგორ შეუძლიათ მათ დიდი ბირთვული აღმოჩენების ბომბების დამზადებაში გამოყენების თავიდან აცილება.

მასთან საუბარი არასდროს არ დამავიწყდება. ის ბერნის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, ღამით მიმდინარეობდა. დროგამოშვებით პროფესორი მეზობელ ოთახში მოწიკწიკე გამზომ ხელსაწყოს ამოწმებდა. (ის ალპურ გრანიტში ურანის შემცველობას ზომავდა.) ჩვენ ლაბორატორიულ კოლბებში მომზადებულ ყავას ვსვამდით და თანდათან ნათელი ხდებოდა, რომ არანაირი რომანი არ იქნება ისეთი გულახდილი, ღრმა და საინტერესო, როგორც თვით ატომის მკვლევართა ტრაგედიის რეალური ანგარიში, რომელიც მათსავე რეალურ ამბებს და დოკუმენტებს დაეფუძნებოდა. როდესაც პროფესორ ჰოუტერმანსს ვტოვებდი, ვიცოდი, რომ მასალა ჩემი წიგნისთვის საკუთარ წარმოსახვაში არ უნდა მეძებნა. მისი მიღება მხოლოდ იმ ხალხის დაწვრილებით გამოკითხვით შეიძლებოდა, რომლებმაც ჩვენი დროის ჩამომაყალიბებელ ამ დრამატულ მოვლენებში იცხოვრეს დღემდე ხელმისაწვდომნი არიან.

გადაწყეტილება ადვილად მისაღები და არც ისე იოლად შესასრულებელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული მეცნიერების განვითარების მრავალი - იქნებ ზედმეტად მრავალიც კი – ტექნიკური და სამეცნიერო ანგარიში არსებობს, თითქმის არაფერი არ გამოქვეყნებულა ადამიანურ და ზნეობრივ პრობლემებზე. ამდენად პირადულ ანგარიშებზე კიდევ უფრო მეტად მომიწია დაყრდნობა, ვიდრე თავიდან ვაპირებდი.

ზოგი მეცნიერი, ვისაც ინტერვიუს თხოვნით მივმართე, უყოყმანოდ დამეთანხმა, სხვებთან სიძნელეებს წავაწყდი. მე მიჭირს თავს მოვახვიო სხვებს ჩემთან ურთიერთობა, რადგან არ მიყვარს მნიშვნელოვანი ადამიანების მცირე დროით მოცდენაც კი – თვისება, რომელიც რეპორტიორისთვის დიდად მომგებიანი არაა. თუმცა ამჯერად ამოცანა იმდენად მნიშვნელოვანი ჩანდა, რომ შემაკავებელ მოსაზრებებზე ხელის აღება მომიხდა. ჩემს ერთერთ გმირს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვსდიე და ის შეხვედრის თხოვნაზე გამუდმებით უარით მპასუხობდა. ბოლოს, როგორც იქნა, მასთან ხანგრძლივი საუბარი მოვახერხე ამერიკაში, ფიზიკოსების კონგრესზე. საბედნიეროდ, ერთ-ერთი მოხსენება იმდენად მოსაბეზრებელი აღმოჩნდა, რომ დიდმა ადამიანმა ჩემთან ერთად გასეირნება ნაკლებ ბოროტებად მიიჩნია. საბოლოოდ ის შეუდარებლად უფრო გულითადი და გახსნილი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო.

თითქმის ყველა ჩემს საუბარში სამი სახის წინაღობის გადალახვა მიხდებოდა. პირველი იმის შიში იყო, რომ ამა თუ იმ შენიშვნას შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალი კოლეგების წყენა გამოეწვია. ერთმა ბირთვის მკვლევარმა ეს შიში განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოხატა: “რომ გითხრათ, სინამდვილეში რა მოხდა, დეპოზიტზე მილიონი დოლარი უნდა არ დამიდოთ, რადგან როდესაც თქვენი წიგნი გამოვა, ბირთვის კვლევას თავი უნდა ვანებო და სიცოცხლის ბოლომდე პრივატულად ვიმუშაო!” საბედნიეროდ, ფიზიკოსი არ ვარ და ამიტომ თავისუფლად შემიძლია, როგორც უცხოს, დავწერო ის, რაც აღმოვაჩინე, ბოიკოტისა და შურისძების შიშის გარეშე გაბრაზებული კოლეგებისაგან და სამთავრობო უწყებებისგან. მათ, ვინც მერყეობდა, სურვილის შემთხვევაში ვთავაზობდი ინფორმაციის წყაროს გაუმჟღავნებლობასაც.

მეორე წინააღმდეგობას ის იწვევდა, რომ “ფიზიკოსების ოჯახური წრის” წევრი არ ვიყავი და სავარაუდოდ, ვერ მოვახერხებდი მათი ამბის ჭეშმარიტების წვდომას. ამაში ალბათ იყო კიდეც გარკვეული ნაწილი სიმართლისა, როდესაც კვლევას შევუდექი, მაგრამ რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი საგანს, მით უფრო ნათლად ვხედავდი ამ ადამიანების პოზიციას ფართო პიროვნულ და ისტორიულ კონტექსტში. მართლაც, საბოლოოდ შევიძინე კიდეც უფრო ფართო თვალსაწიერი იმ გზისა, რომელმაც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადამიანების ჯგუფის ცხოვრება ჩამოაყალიბა, ვიდრე თითოეულ მათგანს ჰქონდა,, ვინც საკუთარ გამოცდილებას და თვალსაზრისს მიზიარებდა; ისინი ხომ მხოლოდ ზოგადი სურათის საკუთარ, მცირე ნაწილს ხედავდნენ, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა მაშინ, როდესაც მე, როგორც მემატიანეს, უამრავი დეტალი მქონდა ხელთ და შესაბამისად, უფრო ფართო ხედვაც მოვლენებს შორის ურთიერთქმედებისა, რომლებიც ხშირად თვით მოქმედ გმირებსაც კი მხედველობის მიღმა დარჩათ. ხშირად ერთი გასაუბრება საკმარისი არ იყო. ფაქტებს, რომლებსაც მეორე და მესამე მხარისგან ვიგებდი, რიგ შემთხვევებში პირველ ინფორმანტთან უკან დავუბრუნებივარ დეტალების გასარკვევად, რომლებიც მას სრული კონტექსტის არცოდნის გამო მნიშვნელოვნად არ ჩაუთვლია და გამოუტოვებია.

მესამე წინააღმდეგობა, რომელსაც წავაწყდი, მრავალი მეცნიერის დამოკიდებულებაა, რომლის მიხედვითაც მათი პირადული, ადამიანური ამბავი უმნიშვნელოა და რომ მხოლოდ მათი მიღწევები თამაშობდა როლს. ასეთმა მიდგომამ განაპირობა ამ წიგნში აღწერილი მრავალი ტრაგედია და სინდისის ქენჯნა. მეცნიერი, რომელიც თვლის, რომ ის და მისი კოლეგები მხოლოდ “აღმოჩენის ინსტრუმენტები” არიან და რომ პიროვნული ხსიათი, ამბიცია, იმედები და ეჭვები უმნიშვნელოა, არამეცნიერულად აზროვნებს, რადგან ის არაფრად აგდებს სამეცნიერო ექსპერიმენტის მნიშვნელოვან, იქნებ გადამწყვეტ ელემენტსაც კი – სახელდობრ საკუთარ ბუნებას – ან იმ ილუზიის ტყვეობის ქვეშ მუშაობს, რომ თვითნებურად შეძლებს ამ ელემენტის გაუქმებას.

მხოლოდ ამ თვითნებობამ და პიროვნული თვისებების რეალობის სამეცნიერო კვლევებისგან არაბუნებრივმა დაშორებამ გახადა შესაძლელი ატომური და წყალბადის ბომბების მსგავსი საშინელებათა შექმნა. არსდროს არ დამავიწყდება ბრწყინვალე მათემატიკოსი, რომელიც 1956 წელს, ლოს-ალამოსში ბოლო ჩასვლის დროს ქუჩაში ვნახე. მის სახეს ლამის ანგელოზური მშვენიერების ღიმილი დასთამაშებდა. ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს შინაგანი მზერით ჰარმონიათა სამყაროს ჭვრეტდა. სინამდვილეში, როგორც მოგვიანებით მითხრა, მათემატიკურ პრობლემაზე ფიქრობდა, რომლის ამოხსნაც არსებითად მნიშვნელოვანი იყო ახალი ტიპის წყალბადის ბომბის შესაქმნელად.

შემდგომ საუბრებში გაირკვა, რომ ამ ადამიანს არასდროს არ უნახავს არცერთი იმ ბომბის საცდელი აფეთქება, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. მას არასდროს არ მოუნახულებია ჰიროშიმა და ნაგასაკი, მიუხედავად მიპატიჟებისა. ის ამ ქალაქებისათვის მიყენებული ნგრევის ფოტოსურატების ნახვაზეც კი უარს აცხადებდა. მისთვის ბირთვულ იარაღზე მუშაობა მაღალი, სუფთა მათემატიკა იყო, როგორ თვითონ, მას არ ეხებოდა.

ძალიან ბევრი მეცნიერი ამ ადამიანივით აღარ ფიქრობს. ისინი აფასებენ, რომ არა მხოლოდ ტვინები, არამედ მთლიანი ადამიანები არიან, მთელი თავიანთი სისუსტეებით, სიდიადით და პასუხისმგებლობით, რომლებიც აქედან გამომდინარეობს. მე ვეცადე გამომეკვლია მათი სიდისის ღრმა კრიზისის გენეზისი და მათი მცდელობა მისი დაძლევისა, და შემდეგ მომეყვანა სიმართლესთან რაც შეიძლება უფრო მეტად მიახლოებული სურათი, რომლის შექმნის საშუალებასაც იძლეოდა ის წინააღმდეგობრივი ანგარიშები, რომლებსაც ის ეყდრნობა. ყურადღება, რომელიც ჩემმა წიგნმა სხვადასხვა ქვეყანაში მიიპყრო, სადაც ის გამოიცა, იმაზე მეტყველებს, რომ ამ მეცნიერების, ჩვენი დროის დიდი რეფორმატორებისა და ინოვატორების ადამიანური ბედი, მკითხველს არანაკლებად აინტერესებს, ვიდრე მათი მიღწევები. აკი ერთერთმა მათგანმა მომწერა კიდეც: “ჩვენ დროში ტრაგედიის აურა მეცნიერებს მოსავს, მსგავსად ძველი დროის მეფეებისა. შექსპირს რომ ჰამლეტი ჩვენ ათწლეულში დაეწერა, მას პრინცად კი არა, ბირთვის მკვლევარ მეცნიერად გამოიყვანდა!”

 


No comments:

Post a Comment