პარადოქსია, რომ გერმანელი ბირთვული ფიზიკოსები, რომლებიც ომის გამჩაღებელ დიქტატურაში ცხოვრობდნენ, სინდისის კარნახს დაემორჩილნენ და სცადეს ატომური ბომბის შექმნა შეეფერხებინათ, ხოლო მათმა კოლეგა პროფესიონალებმა დემოკრატიებში, რომლებსაც არანაირი იძულება არ ემუქრებოდათ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთელი თავისი ენერგია ახალი იარაღის შექმნას მოახმარეს.
თხუტმეტი წლის შემდეგ გერმანელმა მეცნიერმა სცადა ეს სიტუაცია შემდეგნაირად აეხსნა: “ჩვენ არაფრით არ ვჯობდით ჩვენს უცხოელ კოლეგებს – არც ზნეობით და არც ინტელექტით. უბრალოდ ომის დასაწყისისთვის ჩვენ ჰიტლერის ქვეშ ცხოვრების შვიდწლიანმა მწარე გამოცდილებამ გვასწავლა, რომ სახელმწიფოს და აღმასრულებელ ორგანოებს ეჭვით და სიფრთხილით უნდა მოეკიდო. ტოტალიტარული ქვეყნების მოქალაქეები იშვიათად არიან კარგი პატრიოტები. იმ დროს ჩვენი კოლეგები უცხოეთში სრულად ენდობოდნენ საკუთარი მთავრობების პატიოსნებასა და სამართლიანობის გრძნობას.” წამიერი მერყეობის შემდეგ მან გააგრძელა: “ არა მგონია, რომ ამ ქვეყნებში ახლაც იგივე განწყობები სუფევს.”
ომის დაწყებისას ქვეყნებში, რომლებსაც ჰიტლერი ემუქრებოდა, მეცნიერები საყოველთაო მხარდაჭერას უცხდებდნენ მთავრობებს. ეს დემოკრატიული სისტემის პრაქტიკაში უმძლავრესი ნდობის ვოტუმი იყო სამართლიანობისა და მორალური პასუხისმგებლობის სასარგებლოდ. ასეთი რამ მით უფრო საკვირველია, რომ მეცნიერი გულის სიღრმეში არასდროს არაა იდეალური მოქალაქე – პირიქით, ის მუდამ უკმაყოფილო და სიახლისკენ მისწრაფებულია. არსებული მოწყობის ეჭვქვეშ დაყენება და პრობლემების ახლებურ ამოხსნათა ძიება მისი ბუნების ნაწილია. მეცნიერის ეს განწყობა კრიტიკისა და გაუმჯობესებისკენ ბევრად უფრო გასაგებია დემოკრატიული მთავრობისათვის, ვიდრე ხისტი ავტორიტარული ან ტოტლიტარული რეჟიმისთვის. სინამდვილეში ესააა დემოკრატიის ნამდვილი უპირატესობა. უეჭველია, რომ იმ დროისათვის კონსერვატიული ელემენტი ძირითადად სამხედრო ხელმძღვანელობაში იყო წარმოდგენილი. მათი წინააღმდეგობა ახალი შეიარაღების მიმართ ყოველთვის ძლიერი იყო, თუმცა არასდროს ყოფილა ისე მძლავრი, რგორც ატომური პროექტის დროს. ამერიკელ ფიზიკოსებს წლების მერეც ეღიმებოდათ სამხედროების საყოველთაო უნდობლობასა და სიბეცეზე “ამ ბრიყვების” გეგმების განხილვისას. ქვეყნის სამსახურში გაჭაღარავებულ უფროს ოფიცრებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ მეცნიერებისთვის მოესმინათ და მათთან ეთათბირათ, არასდროს დაუმალავთ, რომ ისეთივე აგდებული დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ როგორც ათასი ჯურის “სასწაულმოქმედი იარაღის” შეშლილი გამომგონებლების მიმართ ჩამოუყალიბდათ. “ამას წინათ,” ოხრავდა ერთი ამერიკელი ოფიცერი ფიზიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე,”ერთმა გამომიგზავნა მომაკვდინებელი სხივების მორიგი გენერატორი. რა მექნა? ჩვენი ნაწილის ემბლემაზე, თხაზე გამოვცადე. გაგიკვირდებათ და ეს არამზადა ისევ ისე კუნტრუშობს!’
მიუხედავად ამისა, ბირთვული ფიზიკოსები თანდათან ლახავდნენ სამხედროთა გონებაშეზრუდულობას. მათი წარმატება ყველაზე სწრაფად საფრანგეთში გამოიკვეთა. ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ჟოლიო-კიურიმ შეიარაღებათა მინისტრს, რაულ დოტრის მიმართა და ატომური იარაღის შესაძლებლობაზე ელაპარაკა, მისგან საყვედურიც კი მიიღო – რატომ ადრე არ მომმართეთო. დუტრი ყოფილი ინდუსტრიალისტი იყო და ტექნიკურ განახლებაზე თვალი მუდმივად ეჭირა. ჟოლიოს განმარტებამ ურანის და მძიმე წყლის მნიშვნელობაზე ატომური კვლევებისათვის დოტრი დაუყოვნებლივ აამოქმედაა. გერმანიის შემოჭრის მომეტისათვის საფრანგეთი არა მხოლოდ ურანის ოქსიდის მსოფლიოში ყველაზე დიდ მარაგს ფლობდა, არამედ ევროპაში არსებულ მთელ მზიმე წყალსაც, რაც მხოლოდ 185 კგ-ს შეადგენდა. ფრანგმა საგანგებო კომისარმა ჟაკ ალიერმა ის ნორვეგიული ფირმისგან Norsk Hydro იყიდა და საფრანგეთში თვითმფრინავით ალუმინის თორმეტ დაბეჭდილ კონტეინერში ჩამოიტანა.
1940 წლის 16 მაისს კოლეჟ დე ფრანსის ბირთვული ქიმიის ლაბორატორიის დირექტორის, ანდრე მურეს ოფისში ტელეფონმა დარეკა. ჟოლიო-კიური თანამშრომელს სთხოვდა დაუყოვნებლივ ენახა. “დოტრიმ მაცნობა, რომ სედანთან ფრონტი გაარღვიეს. მძიმე წყალი დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე უნდა გადავიტანოთ.” იმავე ღამეს ძვირფასი “პროდუქტი Z” ცენტრალურ საფრანგეთში გაიგზავნა. ის საფრანგეთის ბანკის კლერმონ-ფერანის ფილიალის მიწისქვესა საცავში მოათავსეს.
1940 წლის 10 ივნისს ჟოლიო და მისი უახლოესი თანამშრომლები უკვე წვავდნენ ატომურ კვლევებთან დაკავშირებულ მასალას, რათა ის გერმანელებს, რომლებიც პარიზს უახლოვდებოდნენ, ხელში არ ჩავარდნოდა. ეს სიფრთხილე ამაო აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე დღეში ამ დოკუმენტების ასლები სამხედრო უწყების სხვა საბუთებთან ერთად გერმანელებმა შარიტეში მოიპოვეს.
ჟოლიო პარიზში დარჩა. ის ვერ შორდებოდა თავის ძვირფას ლაბორატორიულ დანადგარებს, მათ შორის ბოლო დროს დასრულებულ ციკლოტრონს – პირველს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. მან თავის თანამშრომლებს, ჰალბანს და კოვარსკის, რომლებმაც ბირთვული ფიზიკის და ქიმიის ცენტრისთვის დროებითი თავშესაფარი კლერმონ-ფერანში, ვილლა კლერ ლოგისში გამართეს, დააკისრა მძიმე წყლის ბორდოს გავლით ინგლისში გადატანა. ჰალბანი ყვება:
“ერთ ღამეს ჩვენი ძვირფასი ტვირთი რიომში, სახელმწიფო საპყრობილეში დავაბინავეთ. ყველაზე დაცული ადგილი ციხეში სიკვდილმისჯილთა საკანია, ამიტომ ის დროებით დაცარიელდა და სიკვდილმისჯილებმა თავად გადაიტანეს მძიმე კონტეინერები საკანში. დილით ციხის უფროსმა, როგორც ჩანს, ახალი ბატონების შიშით,უარი განაცხადა დაბინავებული ტვირთის დაბრუნებაზე. დოტრის საგანგებო კომისარმა რევოლვერის მუქარით აიძულა მათი დათმობა. ასე შევძელით გზის გაგრძელება.”
მრავალი ხიფათის გამოვლის შემდეგ მძიმე წყალმა ბორდომდე ჩააღწია და ბრიტანულ ნახშირმზიდ broompark-ზე დაიტვირთა. ატომური ფიზიკის გამოქცეულ ექსპერტებს გრაფი საფოლკი, პარიზში ბრიტანეთის საელჩოს სამეცნიერო ატაშე ეხმარებოდა. ეს თავგადასავლების მოყვარული ლორდი ყმაწვილობაში სახლიდან გაპარულა და გემის ეკიპაჟში ჩაწერილა. იქ ნასწავლი დურგლობა სწორედ ახლა გამოადგა. მას სასწრაფო შეუკრავს საზღვაო ტივი და ზედ საიმედოდ დაუმაგრებია “პროდუქტ Z”-იანი ალუმინის კანისტრები და 23 მილიონი ფუნტის ღირებულების სამრეწველო ალმასები. ჰალბანმა და კოვარსკიმ საზეიმო პირობა მისცეს გრაფს, რომ თუ Broompark-ი დაბომბვისგან ან ნაღმისგან დაზიანდება, ისინი ტივს აუშვებენ და მასთან ერთად ღია ზღვაში გაცურავენ, თუმცა ეს საჭირო არ გახდა, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტვირთმა ინგლისში მშვიდობიანად ჩააღწია. გემი, რომელმაც ბორდო ნახშირმზიდთან ერთდროულად დატოვა, ჩაიძირა. ჟოლიომ ეს ფაქტი გერმანული კონტრდაზვერვის მოსატყუებლად გამოიყენა და დაარწმუნა, რომ მძიმე წყალი სწორედ ჩაძირულ გემზე იმყოფებოდა.
ატომურ დაშლაზე მუშაობა ინგლისშიც მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო. ჟოლიოს და მისი თანამშრომლების მიერ ნეიტრონების ემისიაზე შრომების შესახებ 1939 წლის გაზაფხულზე წაკითხული ლექციის შემდეგ ჯორჯ ტომსონს, ლონდონის იმპერიული კოლეჯის ფიზიკის პროფესორს დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ჰენრი (ახლა უკვე სერ ჰენრი) თიზარდი, რომელიც სამეფო საჰაერო ძალების (RAF) კვლევის დეპარტამენტს ხელმზღვანელობდა 1934 წლიდან. თიზარდის რეკომენდაციით ტომსონი ავიაციის სამინისტროსში მივიდა. შემდეგში ის იხსენებდა, რომ მესამეხარისხოვანი ტრილერის პერსონაჟად გრძნობდა თავს, როდესაც სამისტროს მოხელეებს ამ აღმოჩენების მნიშვნელობას უხსნიდა საომარი და სამრეწველო სიმძლავრეების განვითარების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, მის სენსაციურ მოხსენებას სრულიად სერიოზულად მოეკიდნენ და მას კვლევისათვის ერტი ტონა ურანის ოქსიდი და მცირე თანხა შესთავაზეს, მართალია, რამდენადმე სკეპტიკური განწყობით. ეს მზადყოფნა შეიძლება რაიხის განათლების სამინისტროში გერმანელი ატომური ექპერტების შეხვედრის შესახებ მიღებულმა ცნობამაც განაპირობა. ამბავი ბერლინიდან ინგლისელმა ფიზიკოსმა ჰატონმა მაისის შუა რიცხვებში ჩამოიტანა. მართალია, ომის დაწყებისას ტომსონს უთხრეს, რომ მისი ექსპერიმენტების მომარაგების პრიორიტეტულობის იმედი არ უნდა ჰქონოდა, რადგან უფრო გადაუდებელი საჭიროებებიც არსებობდა.
ატომური დაშლის სამუშაოებზე, რომელიც “საომარი ძალისხმევისათვის არაარსებითად” ჩაითვალა და რომლებსაც ბრიტანეთის ქვეშევრდომები ჩედვიკი, ტომსონი და ფითერი ხელმძღვანელობდნენ, ძირითადად იმ უცხოელ ფიზიკოსებს ეთათბირებოდნენ, რომლებსაც უშიშროების სამსახურისგან “დაშვება” არ ჰქონდათ. პირველი ასეთი უცხოელები იყვნენ ფრიში, რომელიც კოპენჰაგენიდან ახალგამოქცეული იყო, რუდოლფ პეიერლსი, იოზეფ როტბლატი, ფრანზ საიმონი და ბოლოს საფრანგეთიდან გამოქცეული ჰალბანი და კოვარსკი. ყველაზე უფრო ცნობილი ლტოლვილი ფიზიკოსი, მაქს ბორნი ედინბურგში ასწავლიდა. მისმა კვაკერმა ცოლმა დაარწმუნა, რომ არაფერს არ გაჰკარებოდა, რასაც კი ომთან ჰქონდა შეხება. ცოტა ხანში მისი ერთ-ერთი უნიჭიერესი მოწაფე პეიერლსის გუნდს შეუერთდა. ეს იყო კლაუს ფუხსი, გერმანელი პასტორის შვილი, რომელიც ინგლისში პარიზის გავლით გაიქცა. მან წანმყვანი როლი შეასრულა ბომბის კრიტიკული ზომის გამოთვლაში.
შეერთებულ შტატებში ატომურ კვლევები თავიდან წინ ძალიან ნელა მიიწევდა. თითქმის 10 კვირა გავიდა, ვიდრე 1939 წლის 11 ოქტომბერს ალექსანდერ საქსმა მოახერხა და პრეზიდენტ რუზველტს პირადად გადასცა სცილარდის შედგენილი და აინშტაინის მიერ აგვისტოს დასაწყისში ხელმოწერილი წერილი. იმაში დასარწმუნებლად, რომ პრეზიდენტი ჯეროვნად შეაფასებს დოკუმენტის შინაარს და არ გადადებს მას გვერდზე იმ ქაღალდების გროვაში, რომლებიც მის ყურადღებას ელოდება, საქსმა მას გზავნილთან და თანდართულ სცილარდის მემორანდუმთან ერთად თავისი, ბევრად უფრო მოცულობითი განცხადებაც წაუკითხა. შედეგი არც ისე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც ამას საქსი ელოდა. ხანგრძლივი სმენით დაღლილი რუზველტი შეეცადა ამ ყველაფრისგან თავი დაეღწია და გაწბილებულ მკითხველს უთხრა, რომ ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამ ეტაპზე მთავრობის ჩარევას ნაადრევად თვლის.
წასვლისას დასამშვიდებლად საქსმა ის მაინც მოახერხა, რომ პრეზიდენტს მეორე დილას საუზმეზე დაპატიჟება გამოსტყუა. “მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,” იხსენებს საქსი. “კარლტონ ჰოტელში ვიყავი. ოთახში ბოლთას ვცემდი ან ვცდილობდი სავარძელში წამეძინა. სასტუმროსტან ახლოს პატარა პარკი იყო. სამჯერ თუ ოთხჯერ საღამოს თერთმეთ და დილის შვიდ საათს შორის, გაოგნებულ კარისკაცს ჩავუარე და პარკში გადავედი. სკამზე ვიჯექი და თავს ვიმტვრევდი: ღა უნდა ვუტხრა პრეზიდენტს ისეთი, რომ ჩვენსკენ გადმოვიბირო, რაც თითქმის უიმედოდ ჩანდა? უცებ, თითქოს შთაგონებით, სწორი აზრი მომივიდა. სატუმროში დავბრუნდი, შხაპი მივიღე და ცოტა ხანში კვლავ თეთრ სახლში წავედი.
რუზველტი მაგიდასთან მარტო იჯდა, ეტლში. როდესაც საქსი ოთახში შევიდა, პრეზიდენტმა ირონიულად ჰკითხა:
“აბა, კიდევ რა ბრწყინვალე იდეა მოგივიდა? რა დრო დაგჭირდება მის ასახსნელად?”
საქსმა უთხრა, რომ დიდი დრო არ სჭირდება.
“მე მხოლოდ ერთ ამბავს მოგიყვებით. ნაპოლეონის ომების დროს საფრანგეთის იმპერატორს ახალგაზრდა ამერიკელი გამომგონებელი ეახლა და შესთავაზა ორთქლმავალი გემების ფლოტის აგება, რომელიც ამინდის პირობების მიუხედავად, მას ინგლისში გადასხდომის საშუალებას მისცემდა. გემი იალქნების გარეშე? დიდმა კორსიკელმა ეს იმდენად შეუძლებლად ჩათვალა, რომ ფულტონი უარით გაისტუმრა.ინგლისელი ისტორიკოსის, ლორდ ექტონის აზრით, ინგლისი მოწინააღმდეგის სიბეცემ გადაარჩინა. ნაპოლეონს რომ მეტი წარმოსახვა და თავმდაბლობა გამოეჩინა, მეცხრამეტე საუკუნის ისტორია სრულიად განსხვავებული მიმრთულებით განვითარდებოდა.”
პრეზიდენტი რამდენიმე წუთი დუმდა. შემდეგ ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაც დაწერა და იქვე მდგომ მსახურს გაატანა. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის შემდეგ შეფუთული საგნით დაბრუნდა და პრეზიდენტის ბრძანებით მის გახსნას შეუდგა. ეს იყო ნაპოლეონისდროინდელი ფრანგული კონიაკი, რომელიც რუზველტების ოჯახში დიდხანს ინახებოდა. პრეზიდენტმა, რომელიც კვლავ დუმდა, მსახურს ორი ჭიქა შეავსებინა. შემდეგ თავისი ასწია, საქსს თავი დაუკრა და მისი სადღეგრძელო შესვა.
“ალექს, შენი მიზანი ხომ ისაა, რომ ნაცისტებმა არ აგვაფეთქონ?” შენიშნა მან.
“ზედმიწევნით.”
მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახა თავის ატაშეს, გენერალ “პა” უოტსონს, საქსის მოტანილ დოკუმენტებზე მიუთითა და მიმართა სიტყვებით, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილი გახდა:
“პა, უნდა ვიმოქმედოთ!”
ამერიკული ატომური პროექტის წარმატებამ, რომელმაც მსოფლიო გააოცა, მისი შემდგომი აღწერა გააფერადა. რაც რეტროსპექტულად მიზნიკენ მიმავალ ძნელ, მაგრამ სწორ გზად ჩანს, სინამდვილეში ლაბირინთების და ჩიხების ერთობლიობა იყო.
ტელერი ერთერთ ასეთ, გადამეტებულად ვარდისფერ შეხედულებას ამერიკული ატომური ბომბის ადრეულ ისტორიაზე შემდეგნაირად აკრიტიკებს: “აქ არაფერია ნათქვამი ატომური ბომბის მიმართ 1939 წელს სამხედრო ხელმძღვანელობის ინტერესის გაღვიძების მეცნიერთა უნაყოფო მცდელობაზე. მკითხველი ვერაფერს შეიტყობს იმ დაბნეულობაზე, რომელიც მეცნიერს კვლევის დაგეგმვის აუცილებლობასთან შეჯახებისას ეუფლება. ის ვერ გაიგებს, როგორ აღშფოთებას გრძნობს ინჟინერი, რომელსაც სთხოვენ, იწამოს თეორია და ასეთ ქარაფშუტულ საფუძველზე ქარხანა ააგოს.
ვიგნერს ახსენდება წინააღმდეგობა: “ხშირად გვიგვრძვნია,თითქოს სიროფში ვცდილობდით გაცურვას.” რადიუმის ექსპერტი ბორის პრეგელი, რომელმაც უსასყიდლოდ ათხოვა რადიუმი კოლუმბიის უნივერსიტეტს პირველი ექსპერიმენტებისთვის, ამბობს: ‘სასწაულია, რომ ამდენი უხეში შეცდომის შემდეგ საერთოდ რამე გაკეთდა. სცილარდი დღესაც თვლის, რომ ურანის პროექტი მინიმუმ ერთი წლით შეფერხდა მოხელეთა სიბეცისა დ ამოუქნელობის გამო. რუზველტის მიერ გამოვლენილმა ინტერესმაც კი ვერ ააჩქარა მისი აღსრულება.საქსმა შესანიშნავად იცოდა, როგორ უნდა გაეკვალა გზა ბიუროკრატიული ინტრიგის ჯუნგლში. პირველი წარმატება ის იყო, რომ მან არ დაუშვა პროექტის მონოპოლოზება არმიის ან ფლოტის მიერ. მისი იდეა იყო, რომ სტანდარტების ეროვნული ბიუროს დირექტორს, ბრიგსს უნდა ეთავა პროექტის უმაღლესი კონტროლი. თუმცა ბრიგსი, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი, ავად იყო და სერიოზული ოპერაცია უნდა გააეტანა. მას არ შეეძლო ისეთი ენერგიული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დროდადრო აუცილებელია. ისე ჩანდა, რომ ბრიგსიც და მთელი “S-I პროექტი,” როგორც დროებით უწოდეს, სულს ერთად განუტევებდნენ, მაგრამ ბრიგსიც გადარჩა და S-I -ც.
1940 წლის ბოლომდე ატომური კვლევის სამთავრობო დაფინანსების იმედი არავის არ ჰქონდა. პირიქით, “უპერსპექტივო გეგმის” კრიტიკის მოცულობა იზრდებოდა. საქმეს არ აინშტაინის მეორე წერილმა უშველა, რომელიც 1940 წლის 7 მარტით თარიღდება და ყურადღებას ამახვილებს “ურანის მიმართ გერმანიის ინტერესის ზრდას ომის დაწყების შემდეგ.” ვაშინგტონის ინტერესი მხოლოდ მას შემდეგ გამოცოცხლდა, როდესაც 1940 წლის ივლისიდან დოქტორმა ფაულერმა თავისი მთავრობის განკარგულებით ბრიგსისთვის წარმატებული ბრიტანული ატომური კვლევების რეგულარული ანგარიშების გადაგზავნა დაიწყო. 1941 წლის ივლსისთვის ტომსონის კომიტეტის მემორანდუმში ბრიტანეთში ჩატარებულ სამუშაოზე დაყრდნობით გაცხადდა, რომ “სავსებით რეალურია ატომური ბომბის ომის დამთავრებამდე დამზადება.” ბოლოსდაბოლოს 1941 წლის 6 დეკემბერს, ერთი დღით ადრე, ვიდრე იაპონელები პერლ ჰარბორს შეუტევდნენ და ამერიკა ომში ოფიციალურად ჩაერთვებოდა, დიდი დიდი ხნით გაჭიანურებული გადაწყვეტილება მიიღეს და იარაღის შექმნაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური რესურსი გამოყვეს.
უდიდესი თავდადებით პროექტში სწორედ ევროპული წარმოშობის მეცნიერები ჩაერთნენ. საწყის ეტაპზე ისინი, როგორც “უცხოელები,” იტალიიდან ჩამოსული ფერმი კი საერთოდ, “მტერი უცხოელი,’” უზარმაზარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ უნდობლობით შეურაცხყოფილმა ვიგნერმა ბრიგსს წერილობითაც კი მიმართა, რომ შექმნილ ვითარებაში სამწუხაროდ იძულებული იქნება უარი თქვას ატომურ კვლევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობაზე. ეს პრობლემა მოგვიანებით მოგვარდა და ვიგნერი პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამშრომელი გახდა. ბრიტანელები ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო დიდსულოვანნი აღმოჩნდნენ. მცირე საწყისი მერყეობის შემდეგ მეცნიერებს, ვინც მათ თავი შეაფარა, იგივე უფლებები მიანიჭეს, რომლებითაც თავად სარგებლობდნენ. ვაისკოფი იხსენებს, რომ როგორც ყოფილ ავსტრიელს, ამერიკელებმა გაჭირვებით მისცეს უფლება საგანგებო თათბირს დასწრებოდა სამი ინგლისელი ჯენტლმენის მონაწილეობით. აღმოჩნდა რომ სტუმრები ჰალბანი, პეიერლსი და საიმონია, რომლებიც ვაისკოფის მსგავსად, ცენტრალური ევროპიდან იყვნენ.
უამრავი ადმინისტრაციული და ტექნიკური პრობლემა, რომელიც ატომური ენერგიის დამორჩილებას წინ ეღობებოდა,, სწორედ ანგლო-საქსონურ ქვეყნებში დასახლებულმა მეცნიერებმა გადალახეს. მათ ბევრად მეტი გააკეთეს, ვიდრე უბრალოდ ბრძანების შესრულებაა. ისინი გამუდმებით იღებდნენ ინიციატივას, რომ ეს მძლავრი იარაღი შეექმნათ. ეს ინიციატივა ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ‘ნედლეული” იყო, რომელიც ატომური ენერგიის დასამორჩილებლად იქნა გამოყენებული, მაგრამ მათი ენთუზიაზმი, რომელმაც ყველა წინააღმდეგობა გადალახა და მოკავშირეთა საქმის სამართლიანობის მძლავრ განცდას ეფუძნებოდა, დიდად არ დაფასებულა. ბევრი მეცნიერი შთაგონებული იყო გულწრფელი რწმენით, რომ ეს საუკეთესო და რეალურად ერთადერთი საშუალებაც კია იმისა, რომ ამ ომში ატომური იარაღის გამოყენება არ მოხდეს. “ჩვენ უნდა ვფლობდეთ კონტრსაშუალებას გერმანიისგან ატომური ომის მუქარის საპასუხოდ. თუ ეს იარაღი ჩვენც გვექნება, ჩვენც და ჰიტლერიც იძულებულები გავხდებით ხელი ავიღოთ ამ საშინელების გამოყენებაზე.” ასე ამბობდნენ ისინი, ვინც საიდუმლო იცოდა.
ის აზრი, რომ გერმანელებმა ატომური შეიაღარების სახიფათო შეჯიბრი უკვე წამოიწყეს, იმდენად ღრმად იყო გამჯდარი, რომ რეალობად აღიქმებოდა. “ჩვენ ყოვედღიურად გვიმეორებდნენ, რომ ჩვენი ვალია გერმანელებს დავეწიოთ,” იხსენებს ლიონა მარშალი, პროექტში მონაწილე რამდენიმე ქალთაგან ერთერთი. ამ ჰიპოთეზაში ეჭვი არავის შეჰქონდა. ეს აქარწყლებდა ეჭვებს, რომლებიც დროდადრო ჩნდებოდა. 1941 წელს ექსპერტი ქიმიკოსი პროფესორი რაიხე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გერმანიიდან გამოაღწია, პრინსტონში ჩავიდა. მან ჰოუტერმანსისგან გზავნილი ჩამოიტანა, რომ გერმანელი ფიზიკოსები ჯერჯერობით ბომბის შექმნაზე არ მუშაობენ და შეძლებისდაგვარად მომავალშიც ეცდებიან გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის ყურადღება ამ საგანს ჩამოაშორონ. ეს ამბავი პრინსტონიდან ვაშინგტონში მეორე ემიგრანტმა, ფიზიკოსმა რუდოლფ ლადენბურგმა გადასცა. თუმცა როგორც ჩანს, მას არასდროს მიუღწევია ატომურ პროექტში რეალურად ჩაბმულ ადამიანებამდე. ერთი წლის შემდეგ იომარ ბრუმმა, ნორვეგიაში, რიუკანის მძიმე წყლის საწარმოს ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, რომელიც 1940 წელს გერმანელების ოკუპაციის შემდეგ შვედეთში გაიქცა, განაცხადა, რომ იქ მომუშავე გერმანელმა ატომურმა ექსპერტმა, ჰანს სუესმა უთხრა, რომ რიუკანის წარმოების მოცულობა ომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მოცულობას ხუთ წელზე ადრე ვერ მიაღწევს. მიუხედავად ამისა, რიუკანის საწარმო მოკავშირეთა კომანდოსმა და თვითმფრინავებმა გმირული, მაგრამ უსარგებლო თავდასხმით გაანადგურეს.
შეაძლებელია, რომ ასეთი ცნობების უბრალოდ არ სჯეროდათ? ან იქნებ არ უნდოდათ მათი დაჯერება? სხვანაირად S-I პროექტის მონაწილეთა მონდომება და მუშაობის სისწრაფე ხომ უნდა შენელებულიყო?
1942 წელს მოკავშირეთა ატომური პროექტი სრულიად ახალ ფაზაში გადავიდა. რუზველტი და ჩერჩილი შეთანხმდნენ ბრიტანული და ამერიკული კვლევითი ჯგუფების მუშაობის კონცენტრაცია კანადასა და შეერთებულლ შტატებში მოეხდინათ. შეერთებულ შტატებში პროექტის უმაღლესი მართვა მეცნიერებისგან სამხედრო პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა, რომელშიც სამი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი: გენრალი სტაიერი ადმირალი პერნელი და გენერალი ლესლი გროვსი შედიოდნენ, მათთან ერთად კი მხოლოდ ორი პროფესიონალი მკვლევარი, დოქტორი ვანევარ ბუში და დოქტორი ჯეიმს კონანტი. 1942 წლის 13 აგვისტოს შემდეგ მთელი გეგმა უკვე DSM (შემცვლელი მასალების განვითარება) ან “მანჰეტენის პროექტის” კოდური სახელებით ხდება ცნობილი. აქედან მოყოლებული ატომური მკვლევარები “მეცნიერულ პირად შემადგენლობად” იქცნენ და ვალდებულნი გახდნენ გასაიდუმლოებულ სამხედრო რეჯიმს დამორჩილებოდნენ. ალბათ პირველად ისტორიაში ბრწყინვალე გონების ადამიანთა ჯგუფმა საკუთარი ნებით აირჩია მუშაობისა და ცხოვრების წესი, რომელიც ესოდენ განსხვავდებოდა ნორმალურისგან. ისინი დათანხმდენენ, რომ ომის დამთავრებამდე აღარ გამოაქვეყნებდნენ საკიუთარ აღმოჩენებს. ეს ბუნებრივი იყო, მათ ხომ თვითონ წამოაყენეს გასაიდუმლოების მოთხოვნა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე. თუმცა სამხედრო ხელმძღვანელობა შორს გასცდა ამ შეძრუდვას. მათ აღმართეს უხილავი კედლები კვლევის განსხვავებულ მიმართულებებს შორის ისე, რომ ერთმა განყოფილებამ არ იცოდა, რას აკეთებს მეორე. “მანჰერტენის პროექტში” საბოლოოდ ჩაბმული 150 000-მდე ადამიანიდან თორმეტიოდეს თუ ექნებოდა მთლიან გეგმასთან წვდომა. რეალურად ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცოდა საერთოდ, რომ ატომურ ბომბზე მუშაობს. ლოს-ალამოსის გამომთვლელ ცენტრში მომუშავეთა უმრავლესობას, მაგალითად, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა მიზანი ჰქონდა იმ ურთულეს გამოთვლებს, რომლებსაც გამომთვლელ მანქანებზე ატარებდნენ. ეს უცოდინარობა საშუალებას ართმევდა მათ სამუშაოს მიმართ გულწრფელი ინტერესი გამოეჩინათ. ბოლოს ფეინმანმა, ახალგაზრდა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა მოახერხა ნებართვის მიღება და გააგებინა ამ ხალხს, რა კეთდება ლოს-ალამოსში. შედეგად ამ განყოფილების მუშაობის დონე საგრძნობლად ამაღლდა და თანამშრომლების ნაწილი საკუთარ ხარჯზე ზეგანაკვეთურადაც კი მუშაობდა.
თუ განსხვავებულ მიმართულებებზე მომუშავეთა შორის აზრთა მიმოცვლა აუცილებლობად ჩაითვლებოდა, საგანგებო სანქცია სამხედრო დირექტორატს უნდა გაეცა. ფიზიკოსი ჰენრი დ. სმიტი, მომავალში სრული პროექტის ოფიციალური ანგარიშის ავტორი, ამ წესების გამო უცნაური ხასიათის კონფლიქტში აღმოჩნდა ჩართული. იმის გამო. რომ ის ერთდროულად ორ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, საკუთარ თავთან სალაპარაკოდ წინასწარ ნებართვა უნდა აეღო. ეს ეგრეთწოდებული “დანაწევრება” განხორციელდა მიუხედავად უსაფრთხოების ინტენსიური წინასწარი ღონისძიებებისა, როგორებიცაა პოლიციური გამოძიება, ჯვარედინი დაკითხვა, კითხვარების შევსება წარსულის პირადული თუ პოლიტიკური აქტივობების და პირადი სანდოობის შესამოწმებლად. ყველა მონაწილის გადაადგილება უმცირეს დეტალებში მოწმდებოდა და სრული მეთვალყურეობის ქვეშ იყო. “საიდუმლო ქალაქების” – ოუკ-რიჯის, ჰენფორდისა და ლოს-ალამოსის თითოეული მოსახლის შემომავალი და გამავალი მიმოწერა ცენზურას განიცდიდა. თუ წერილის რომელიმე ფრაგმენტი ცენზორს არ მოსწონდა, ის არ კამყოფილდებოდა არასასურველი სუტყვების ამოჭრის ჩვეულებრივი პროცედურით; წერილი გადასაწერად პატრონს უბრუნდებოდა იმ მიზნით, რომ მიმღებს რამე უცნაურობა არ ეგრძნო. სატელეფონო საუბრები რეგულარულად ისმინებოდა და პროექტის ახლომახლო სატუმროების ყველა პორტიე კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობდა.
ყველაზე ცნობილი მეცნიერები ოფიციალური მცველებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, რომლებიც მათ განუშორებლად თან ახლდნენ. ამას გარდა, საგანგებოდ უთვალთვალებდნენ ყველას, ვინც პოლიტიკური ან სხვა რაიმე მოსაზრებით 100-პროცენტანი ნდობით არ სარგებლობდა. მათ ოფისებში და საცხოვრებლებში ფარული მიყურადება და ჩაწერა ხორციელდებოდა. აგენტები მათ ფეხდაფეხ დასდევდნენ. “მანჰეტენის პროექტის” უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ჟონ ლენსდეილ ჯუნიორმა ომის შემდეგ აღიარა, რომ თვალთვალის ზოგიერთი მეთოდი და ხრიკი დღემდე გაუხსნელია.
ყველაფერ ამას ის უღირს საქმედ თვლიდა და ზოგადად “საძაგლობას” ეძახდა. რეალურად თვით მეცნიერებს სთხოვდნენ აქტიურ დახმარებას ამ ცნობისმოყვარე ქსელის გამართვაში. გარდა დუმილისა საკუთარი საქმიანობის შესახებ, მათ გარეშე პირებთან უნდა ეცრუათ კიდეც იმაზე, თუ სად ცხოვრობენ და რას აკეთებენ. უახლოეს ნათესავებსაც კი არ უნდა სცოდნოდათ, თუ რა საქმეში არიან ჩართულნი. კონტრდაზვერვამ ყველა ქმარი ლოენგრინად აქცია, რომელსაც თავისი ელზასთვის უნდა ეთქვა:”არასდროს არაფერი არ მკითხო.” ზოგიერთი მეცნიერი ბუნებრივია, არ აძლევდა საშუალებას “უსაფრთხოების” ამ ჩრდილს მასსა და მის უახლოეს ადამიანს შორის ჩამოწოლილიყო. საქმეში ჩახედულ ცოლებს სხვა ფიზიკოსებისა და მათი ცოლების დასანახად თავის მოკატუნება უწევდათ. “მანჰეტენის პროექტის’ ხელმძღვანელობაში წამყვანი ფიგურა პროფესიონალი ჯარისკაცი, ლესლი რიჩარდ გროვსი იყო, რომელსაც ვესტ პოინტიდან მეტსახელი Greasy (“შემპარავი”) გამოჰყვა. 1942 წლის 17 სექტემბერს მას 46 წლის ასაკში ატომური კვლევის ადმინისტრირება დაავალეს. ერთი რამ აწუხებდა გროვსს: მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ის მხოლოდ “მაგიდის უფროსი” იყო. ამის გამო 16 წელი ლეიტენანტად გაატარა და მხოლოდ ომის დაწყებისას მიანიჭეს პოლკოვნიკის დროებითი წოდება.”მანჰეტენის პროექტის” ხელმძღვანელად დაიშვნამდე ცოტა ხნოთ ადრე მას აქტიური სამსახური შესთავაზეს, მაგრამ უშუალო უფროსმა უთხრა, რაც წესით არ უნდა გახარებოდა, რომ სახლში უნდა დარჩენილიყო, და რომ მისი თანამდებობა უდიდესი საომარი დავალების შემცველია, რომელმაც შესაძლოა გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანოს. გენერალი გროვსი – რომელმაც ეს დიდი ხნის სანატრელი წოდება დასამშვიდებლად მიიღო – ამ თანამდებობისთვის იმიტომ შეარჩიეს, რომ მშენებლობის ზედამხედველობის ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა მთელს არმიაში. მის ხელმძღვანელობით რამდენიმე ყაზარმა აშენდა, თუმცა განსაკუთრებული დავალება, რომელიც მან შეასრულა, პენტაგონის გიგანტური სამხედრო დეპარტამენტის მშენებლობა იყო. ახლა მას ხორცი უნდა შეესხა საიდუმლო “ატმური ქალაქებისათვის,” იქ განთავსებული ლაბორატორიებით და ემართა. მისი ხელმძღვანელობით ამ ყველაფერმა გარეგნულადაც და შინაგანადაც ყაზარმული იერი შეიძინა.
როდესაც გროვსმა პირველად შეკრიბა თავისი თანამშრომლები - როგორც მერე ქალაქში ამბობდნენ – თურმე ასე მიუმართავს: “თქვენი საქმე იოლი არ იქნება. დიდი ხარჯი გავწიეთ, რათა აქ შერეკილების ჯერ არნახული სიდიდის კოლექცია შეგვეგროვებინა.” გროვსი ყოვეთვის როდი ენდობოდა მეცნიერებისთვის თავსმოხვეულ ოფიციალურ ტესტებსა და თვალთვალს. ერთხელ მან თავდაცვის დეპარტამენტს არაამერიკული წარმოშობის მეცნიერის დაუყოვნებლივ ინტერნირება მოსთხოვა ხელაღებით, თუმც კი ამ ადამიანის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ გააჩნდა. როდესაც ჰკითხეს, რის საფუძველზე გააკეთა ეს მიმართვა, მან უპასუხა, რომ ამისთვის ინტუიცია სავსებით საკმარისად მიაჩნია. მან ვერ შეძლო მისი დადანაშაულება არალოიალურობასა თუ ღალატში, მაგრამ მის მიმართ უნდობლობა გააჩნდა, ამიტომ მას პროექტისათვის საზიანოდ თვლიდა.
თავდაცვის მინისტრი დემოკრატიული ქვეყნების ზოგად წესს ეყრდნობოდა, რომლის მიხედვით არავის დადანაშაულება ან განსჯა არ შეიძლება არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მან უარყო გროვსის მიერ შეთავაზებული “დამცავი პატიმრობის” სანქცირება. გროვსმა ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო ხელისუფლების გულუბრყვილობისა და არხეინობის კიდევ ერთ დადასტურებად ჩათვალა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ სადაც კი შეეძლო, საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებდა ვაშინგტონის ნების საწინააღმდეგოდ. 1954 წელს მან დაიკვეხნა. “ბრიტანელებთან ახლო თანამშრომლობა ჩემს პასუხისმგებლობას სცდებოდა. ვეცადე ის რაც შეიძლება უფრო გამერთულებინა.”
საქმიანი გენერალი და ისინი, ვისი საქმიანობა ატომურ სფეროს უკავშირდებოდა, ძალიან განსხვავდებოდნენ იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ურთიერთგაგება დაემყარებინათ. გროვსი თვლიდა და ახლაც თვლის, რომ მის ინტელექტზე დაბალი წარმოდგენა ჰქონდათ. შესაბამისად, ის გამუდმებით ცდილობდა მათთვის დაემტკიცებინა, რომ გონიერებით მათ არ ჩამოუვარდება, მათსავე სფეროშიც კი. “პირველსავე შეხვედრაზე ჩიკაგოს მეტალურგიულ ლაბორატორიაში, სადაც სერიოზული მსჯელობა გაიმართა, ვაჟბატონები არითმეტიკულ შეცდომაში გამოვიჭირე,” ყვებოდა გროვსი. “ეგენი რას მომატყუებდნენ. იქ რამდენიმე ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, მაგრამ ვაჩვენე, სად შეეშალათ და ვერ უარყვეს. ეს ვერასოდეს მაპატიეს.” რეალურად “gee gee” ( ჯაგლაგი) როგორც მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტების მქონე უპატივცემულო ახალწვეულები ეძახდნენ, სულაც არ სძაგდათ, პირიქით, მოსწონდათ კიდეც და არა მათემატიკური მონაცემების, რომლებითაც ასე ამაყობდა, არამედ მისი მედგარი და შეუპოვარი ხასიათის გამო. ატომის სპეციალისტი ფილიპ მორისონი იხსენებს: ‘” მისი მრავალრიცხოვანი ოფისებიდან ერთერთის გვერდზე ვმუშაობდი და ერთ დღეს გავოცდი, როგორი ერთნაირი სერიოზულობით და ხანგრძლივობით განიხილავდა ის რამდენიმედოლარიანი ჩოგბურთის ბადის და რამდენიმემილიონიანი ბუნდოვანი მოსალოდნელი შედეგის მქონე ექსპერიმენტის დაფინანსებას. ბოლოს მან უარყო რამდენიმე დოლარის ცოგბურთის ბადეში გადაყრა, მაგრამ მილიონი გამოყო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. მთვარეს შეღობავდა, თუ დაარწმუნებდნენ, რომ ეს ჩვენ პროექტს წაადგება.“ გროვსისთვის ყოველთვის იოლი არ იყო საკუთარი გადაწყვეტილებების დააცვა, რომლებიც ხშირად უაზროდ გამოიყურებოდა. “რა საჭიროა ჰენფორდის პლუტონიუმის ფაბრიკისკენ რვაზოლიანი გზის გაყვანა?” კითხულობდნენ საშინელ ყაზარმულ პირობებში განტავსებული გზის მშენებლები. “ეს ხომ ფულის ფლანგვაა!” გროვსი ვერ აუხსნიდა მათ, რომ ეს რა თქმა უნდა ძვირფასი გზა უსაფრთხოების მიზნით შენდება. ორი ან ოთხი ზოლი ჩვეუებრივი მოძრაობისთვის თავზესაყარი იქნებოდა, თუმცა აფეთქების შემთხვევაში, რომლის რისკიც ყოველთვის არსებობს, რვაც გაჭირვებით თუ აუვიდოდა რადიოაქტიური გამონაბოლქვისაგან თანამშრომლებისა და იქვე ახლოს მცხოვრები მათი ოჯახის წევრების სასწრაფოდ გამოყვანას. გროვს დროდადრო არასწორი ნაბიჯიც გადაუდგამს, რაც გარდაუვალია ასეთი სიახლისა და მასშტაბის დავალების შესრულებისას. მის კრიტიკოსებს მოზრდილი ჩამონათვალი აქვთ ნაჩქარევად თუ ყველა ფაქტორის გაუთვალისწინებლად მიღებული გადაწყვეტილებებისა, თუმცა გენერალი დღესაც განმაიარაღებელი მიამიტობით, საპირისპირო აზრისაა. ‘”მეკითხებით, რატომ არ ვწერ მემუარებს?” უთხრა მან ერთერთ მნახველს ომის დამთავრებიდან 11 წლის შემდეგ. “ უბრალოდ იმიტომ, რომ ყოველთვის მართალი ვიყავი. ამას კი არც დაიჯერებენ და არც მაპატიებენ.”
მეცნიერები რა თქმა უნდა, თავიდანვე მხოლოდ თავს იკატუნებდნენ, თითქოს “დანაწვრებულობას,” რომელსაც ასე ემხრობოდა გროვსი, მკაცრად იცავდნენ. ომის შემდეგ სცილარდმა კონგრესის კომიტეტს განუმარტა: “ასეთი წესების დაცვა შეუძლებელია სურვილის შემთხვევაშიც კი. თუმცა ჩვენ მათ ვარღვევდით და არა იმიტომ, რომ დაცვის სურვილი არ გვქონდა, არამედ არჩევანის გამო წესის დაცვასა და სამუშაოს საბოტაჟს ან შენელებას შორის. ამ წესების ნაცვლად ჩვენ საღ აზრს მივმართავდით. კვირა არ გავიდოდა, რომ ჩემთან, ჩიკაგოს ოფისში ვინმე არ მოსულიყო და არ გადმოეცა ინფორმაცია, რომლის მიღების უფლება მე არ გამაჩნდა. ჩვეულებრივად იმას კი არ მთხოვდნენ, რომ ამ ინფორმაციის მიღების ფაქტი დამემალა, არამედ ის, რომ ეს ინფორმაცია მათგან მივიღე.”
სცილარდი იყო პირველი, ვინც თავიდან სამეცნიერო მონაცემების გასაიდუმლოების იდეა წამოწია – რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში. და ახლა პირველი თავად გაიხლართა ცენზურის წესების ქსელში. სცილარდს და გროვსს შორის პატარა ომი გაჩაღდა და ომის დამთავრების შემდეგ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა. “რა თქმა უდა,” აღიარა გროვსმა, “რომ არა სცილარდის შეუპოვრობა ომის პირველ წლებში, ჩვენ ატომური ბომბი არ გვექნებოდა, მაგრამ როდესაც საქმე დავძარით, რაღა საჭირო იყო ეს სამართებლის პირზე სიარული!”
უსაფრთხოების წესების დაცვა განსაკუთრებით გაუჭირდა ბორს. დანიიდან გაქცევის შემდეგ მას ადამიანივით კი არა, უკიდურესად ფასეული იარაღივით უფრო ექცეოდნენ, რომელიც მოწინააღმდეგეს ხელში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუვარდეს. შესაბამისად, როდესაც ეს სახიფათოდ გონიერი ტვირთი მოსკიტოთი ჩრდილოეთის ზღვაზე გადააფრინეს, ადგილი ბომბების განყოფილებაში მიუჩინეს და სახელურის მობრუნებით შესაძლებელი იყო მისი ზღვაში ჩაგდება გერმანელთა შეტევის შემთხვევაში. ლონდონში ბორი ცოცხალმკვდარი ჩაიყვანეს, რადგან ფიზიკის რომელიღაც საკითხში ჩაღმავების გამო ვერ გაიგონა, როგორ უთხრა პილოტმა ჟანგბადის ნიღაბი გაეკეთებინა და როდესაც თვითმფრინავმა დიდი სიმაღლე აკრიფა, მან გონება დაკარგა.
როდესაც ვაჟის, ოგეს თანხლებით ის ნიუ-იორკში ჩავიდა, მას ორი ინგლისელი დეტექტივი ახლდა. დამცავ გუნდს დეტექტივებისთვის უცნობი მანჰეტენის პროექტის უშიშროების სამსახურის ორი და ფედერალური ბიუროს კიდევ ორი ოფიცერი დაემატა. თავისუფლებისმოყვარე და პირდაპირი მოქმედების ადამიანი ძნელად იტანდა ნახევარი დუჟინი მაძებარის მუდმივ თანხლებას და ხშირად ცდილობდა თავიდან მათ მოცილებას. მათთვისაც არ იყო ადვილი მისი თვალთახედვის არეში შეუმჩნევლად შენარჩუნება იმის გათვალისწინებით, რომ მას ხშირად სჩვეოდა ქუჩის უადგილი ადგილას გადაკვეთა, რასაც ერთდროულად ექვსი კაცის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა მოჰყვებოდა ხოლმე.
ბორი ვერაფრით ვერ შეეგუა, რომ უსაფრთხოების მიზნით სახელი შეუცვალეს და შეერთებულ შტატებში ნიკოლას ბეიკერს ეძახდნენ. ერთხელ ესკორტისგან საკუთარი სახელის მორიგი ასეთი შეხსენების შემდეგ ის ცათამბრჯენის ლიფტში ძველი კოლეგის, ჰალბანის ცოლს გადაეყარა. “თქვენ ფრაუ ფონ ჰალბანი არ ხართ?” ზრდილობიანად იკითხა ბორმა. თურმე მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ცორ-ქმარი გაყრილა. “თქვენ ცდებით, მე ახლა პლაჩეკი მქვია,”მკვახედ მოუჭრა ქალმა” თუმცა შემობრუნდა და იცნო თუ არა, გაოცებულმა შესძახა: “თქვენ კი ნამდვილად პროფესორი ბორი უნდა იყოთ!” ბორმა ღიმილით თითი პირზე მიიდო და უპასუხა “თქვენ ცდებით, მე ახლა ბეიკერი მქვია.”
ვიდრე ბორი ლოს-ალამოსში პირველად ჩავიდოდა, გროვსი თავად გაემართა მის შესახვედრად. მატარებელში გენერალი მას თორმეტი საათი მოძღვრავდა იმის შესახებ, თუ ვინაა ის ახლა და რა აღარ უნდა თქვას დღეიდან. ბორი თავს უკანტურებდა. თუმცა გენერალს კიდევ ერთი გაწბილება ელოდა. “ჩასვლიდან ხუთ წუთში, მან ყველაფერი თქვა, რაც არ უნდა ეთქვა,” ამბობდა გენერალი მოგვიანებით, როდესაც “შერეკილების” კოლექციის საპრიზო ეგზემპლარს აღწერდა.
ნამდვილი enfant terrible გამოდგა ახალგაზრდა ნიჭიერი თეორეტიკოსი რიჩარდ ფეინმანი. ცენზორების გასაგიჟებლად ცოლს ლოს-ალამოსში გამოსაგზავნ წერილებს წვრილად აქუცმაცებინებდა. მოხელეები, რომლებიც მიმოწერას ამოწმებდნენ ვალდებულები იყვნენ ეს თავსატეხი ფრაგმენტებიდან აღედგინათ. ყველაზე მეტად ფეინმანს მაინც იმ სეიფების ციფრული კოდის ამოცნობა ართობდა, სადაც კვლევის უმნიშვნელოვანეს მონაცემებს ინახავდნენ. ერთ შემთხვევაში, რამდენიმეკვირიანი დაკვირვების შემდეგ, ლოს-ალამოსის ჩანაწერთა ცენტრის ფაილების მთავარ კარადაშიც კი შეაღწია, როცა პასუხიმგებელი მოხელე რამდენიმე წუთით ოთახიდან გავიდა. დროის მოკლე მონაკვეთში, როდესაც ის ატომურ საიდუმლოებებს სრულად ფლობდა, ფეინმანი იმით დაკმაყოფილდა, რომ სეიფში ქაღალდის ნაგლეჯი ჩადო, რომელზეც ეწერა “გამოიცანი, ვინ ვარ,” შემდეგ კი გაოგნებული მოხელის ცქერით ტკბებოდა, რომელსაც ვერაფრით ვერ გაეგო, როგორ მოხვდა ეს გზავნილი მანჰეტენის პროექტის “წმიდათაწმიდაში.”
გროვსს შეეძლო აეტანა ბორის მიერ უსაფრთხოების უზენაესი წესების დარღვევა. ის მზად იყო ფეინმანის ცელქობაზეც დაეხუჭა თვალი; მისი აზრით ეს უსაფრთხოების ოფიცრებს აიძულებდა “ცერებზე დამდგარიყვნენ.” თუმცა ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, შეერთებულ შტატებში ექსპერიმენტული ფიზიკის პიონერმა ედვარდ კონდონმა გენერალი უმოწყალოდ განარისხა. 1943 წლის ზაფხულში კონდონი თავად გროვსმა მიიწვია ლოს-ალამოსში თავის მოადგილედ, რათა ლაბორატორიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან ოპენჰაიმერთან გვერდიგვერდ ემუშავა. კონდონი დიდ სამრეწველო ფირმებთან თანამშრომლობდა მრჩევლად და წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებში პრაქტიკული გამოცდილება დაუგროვდა, რაც საუნივერსიტეტო განათლების მქონე ოპენჰაიმერს არ გააჩნდა. სწორედ ამ გამოცდილების გამო კონდონი მყისიერად მიხვდა, რომ “დანაწევრება” საქმეს დააზიანებდა. ამიტომ იყო, რომ მან საკუთარი წესები გამოიმუშავა, რომლებმაც ცალკეულ განყოფილებებს შორის ხელოვნურად აღმართული ბარიერები დაანგრია. ეს ნაბიჟი გროვსმა აშკარა დაუმორჩიებლობად ჩათვალა და კონდონი სხვაგან გადააყვანინა. გენერალი თვლიდა, რომ იზოლირებულ ოპენჰაიმერს უფრო ადვილად გაუმკლავდება. მართლაც, მისი გავლენა ამ უკანასკნელზე არაჩვეულებრივად მძლავრი გახდა, რაც სხვა მეცნიერებს მაშინ ვერაფრით აეხნათ. კარგა ხანი გამოხდა, ვიდრე ამის მიზეზს შეიტყობდნენ.
No comments:
Post a Comment