ფართლეულის მეწარმე ლევინს გეტინგენში, მერკელშტრასეზე მდებარ ვილას მეორე სართული ჯეიმს ფრანკისთვის ჰქონდა მიქირავებული. ერთ საღამოს აქ სტუმრად იმყოფებოდა უცხოელი ფიზიკოსი, რაც ხშირი ამბავი იყო, თუმცა ამჯერად მას ჩვეულებრივზე უფრო მეტი ყურადღებით უსმენდნენ, რადგან პროფესორი აბრამ იოფე საბჭოთა რუსეთიდან ჩამოვიდა და შესანიშნავ ამბებს ყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ პრაქტიკულ დახმარებას უწევს სახელმწიფო მეცნიერებს, და რომ მათ არ აწუხებთ დაფინანსების პრობლემები, როგორც მაგალითად ფიზიკის მეორე ინსტიტუტს გეტინგენში, სადაც 1929 წლის ზამთარში ოთახები თითქმის არ თბებოდა და ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მკაცრად იყო აკრძალული მუშაობა დილის ათ საათამდე და ნაშუადღევს ოთხის შემდეგ.ლენინგრადელმა სტუმარმა განაცხადა, რომ მის საკუთარ ინსტიტუტში სამასამდე სტუდენტი და მრავალი კარგი ანაზღაურების მქონე ასისტენტი ჰყავს და რომ ყველას აქვს სტაბილური დასაქმების და წინსვლის საშუალება, რადგან აღმავლობის გზაზე მდგარ ქვეყანას კომპეტენტური მეცნიერები სჭირდება.
“ეს ყველაფერი კარგია,”გააგრძელა იოფემ, შემდეგ უეცრად ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩულით თქვა:”თუმცა ისეთი განცდა მაქვს, რომ ვულკანზე ვცხოვრობ. არავინ უწყის, როდის და რატომ მოხდება ამოფრქვევა.”
შინაგანი ბრძოლა სტალინსა და კომუნისტური პარტიის სხვა ფრაქციებს შორის იმდენად გამწვავდა, რომ მეცნიერებსაც კი შეეხო. ბევრი საბჭოთა ფიზიკოსი, რომელიც ადრე თავისუფლად მოგზაურობდა საზღვარგარეთ, უეცრად და აუხსნელად გაქრა. მცირე რაოდენობა, რომელიც კვლავ ახერხებდა ევროპაში გამოჩენას, შესამჩნევად იცავდა დისტანციას. საბჭოელი ფიზიკოსი ლანდაუ, რომელიც ტროცკიზმში იყო ეჭვმიტანილი, ემუდარებოდა კოლეგებს ბერლინის ტექნიკური აკადემიიდან, მასთან პოლიტიკაზე საუბარი არ გაებათ. რამდენიმე წლის წინ კი მდგომარეობა საპირისპირო იყო: თავად ლანდაუ იცავდა ცეცხლოვანი აღმაფრენით საზოგადოების ახალ მოწყობას. ბერლინში დახეული ფეხსაცმლით ჩამოსულს ვერაფრით გაეგო, რატომ მისცეს ორი წყვილი ახალი :”ვის რაში სჭირდება ორი წყვილი ფეხსაცმელი?” აკრიტიკებდა ის ამ “კაპიტალისტურ ჩვევებს.”
გეტინგენში, კემბრიჯში და კოპენჰაგენში ჭორად დადიოდა, რომ ფიზიკოსებს შორის “მიამიტ” გამოვს, რომელიც მუდამ მზად იყო მსმენელი ფოკუსებით და ბავშვური თამაშებით შეექცია, ახლა სიდუმლო პოლიციასთან უწევდა დამალობანას ნაკლებად მხიარული ვერსიის თამაში. როდესაც აღმოაჩინა, რომ აღარ მისცემდნენ დასავლეთში წასვლის უფლებას, მან ჯერ ავღანეთის საზღვრიდან გაქცევა სცადა, მაგრამ მესაზღვრეებმა დააკავეს და თავი მოიკატუნა, თითქოს გზააბნეული მთამსვლელია. ახალდაქორწინებულმა გამოვმა მალე გაქცევა კიდევ ერთხელ სცადა - ამჯერად შავი ზღვით თურქეთში, ცოლთან ერთად, პატარა იალქნიანი ნავით. ამჯერადაც არ გაუმართლა – ისეთ ღელვაში მოყვა, რომ გაუხარდა, როდესაც გარდაუვალ სიკვდილს მოტორიანი ნავებით სწორედ იმ მესაზღვრეებმა გადაარჩინეს, რომლებსაც გაურბოდა.
გამოვი ასე თუ ისე მაინც პოსტ-რევოლუციური თაობიდანაა, კომუნიზმის არც მომხრე და არც მოწინააღმდეგე, უბრალოდ უარზე არ იყო იმ პრივილეგიებით ესარგებლა, რომლებსაც სახელმწიფო იძლეოდა სწავლისა და კარიერის გასაგრძელებლად. თუმცა მოსკოვში “მანქანის” ახალმა ბატონებმა ნათლად გამოაჩინეს, რომ მეცნიერებისაგან აქტიურ იდეოლოგიურ მხარდაჭერას მოითხოვდნენ და ნეიტრალურ პოზიციას აღარ შეიწყნარებდნენ.
თანამედროვე ფიზიკა იმ ფორმით, რომელიც მან ოციან წლებში დასავლეთში შეიძინა, განსაკუთრებულ ეჭვს აღძრავდა საბჭოთა რუსეთის კულტურის კომისრებში. ბორის და ჰაიზენბერგის განცხადება, რომ სუბ-მიკროსკოპულ პროცესებში ახლა უკვე შეუძლებელია მკაფიო საზღვრის გავლება სუბიექტს (დამკვირვებელს) და ობიექტს (დამზერილს) შორის, მატერიალიზმის დოქტრინას შეეჯახა. ეს თვალსაზრისი ხომ პიროვნებას ზედმეტად დიდ გავლენას ანიჭებდა ბუნებრივ მოვლენებზე. ასეთი დათმობა საბჭოელი ფილოსოფოსების თვალში “საშიში იდელიზმის” სახეს იძენდა, რომელიც უცილობლად “ეკლესიურ ობსკურანტიზმში” უნდა გადაზრდილიყო.
იაროსლავ ფრენკელმა “მშრომელთათვის გამართულ ლექციაზე” ახსნა, რომ სინათლე ხან ნაწილაკების სახით აღიწერება და ხან ტალღების სახით – გააჩნია მისი დამზერის პირობებს. შემდეგ ხუმრობით დაამატა: “რა თქმა უნდა, ჩვენში გაბატონებული აზროვნების თანახმად, ეს ორი შესაძლებლობა სავსებით ურთიერთგამომრიცხავია, ასე რომ, ამხანაგებო, შეგიძლიათ გჯეროდეთ ნაწილაკების ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, ტალღებისა კი სამშაბათობით ხუთშაბათობით და შაბათობით.” მსმენელთაგან ერთი ქალი ამ შენიშვნას ჩაეჭიდა და ლექტორს მკაცრად უსაყვედურა “ბურჟუაზიულ პროპაგანდაში” მონაწილეობის გამო. ხელისუფლებას ინციდენტი არ გამოპარვია და ფიზიკოსს “რეაქციონერობისთვის” დევნიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი პროფესიული სფეროს ბოლოდროინდელ მიღწევებზე ილაპარაკა. საბჭოთა ენციკლოპედიაშიც კი არ დაიზარეს საბჭოთა რუსეთის ფიზიკის ალბათ საუკეთესო თანამედროვე მასწავლებლის დაგმობა:
“ფრენკელის ფილოსოფიური იდეები არ გამოირჩევა სიცხადით და თანმიმდევრულობით, როცა საქმე მატერიალიზმთან მის დამოკიდებულებას ეხება. მის წიგნებში ბევრი რამ იდეალიზმის მახინჯი ზეგავლენის უშუალო თუ ირიბი შედეგია, რამაც სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა საბჭოთა სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან.”
სიმშვიდე თვით გეტინგენშიც დაირღვა, როდესაც 1934 წელს ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და მისი ექო პოლიტიკაშიც გაისმა. ქალაქის წამყვანი გაზეთი, საშუალო კლაზე ორიენტირებული გამოცემა Gottinger Tageblatt, რამდენიმე წლის განმავლობაში უკიდურესად კონსერვატიული პოლიტიკის მიმდევარი გახდა . მან ადოლფ ჰიტლერის, როგორც მხსნელის ქება მაშინ დაიწყო, როდესაც დანარჩენი ნაციონალისტური პრესა “ლიდერს” ჯერ კიდევ თავშეკავებულად აფასებდა. მათემატიკური და მეორე ფიზიკური ინსტიტუტის სტუდენტებმა ფრთხილად იწყეს ნაციონალ-სოციალისტურ ჯგუფში გაერთიანება. თავიდან ისინი მიმდევრებში ანტისემიტური პროპაგანდით იფარგლებოდნენ, რომელშიც მათი საკუთარი ებრაული პროფესურა გამონაკლისს შეადგენდა, რადგან ყოველდღიური გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ სასაყვედურო არაფერი ჰქონდათ. გეტინგენის სტუდენტობაში მცირე, მაგრამ აქტიური კომუნისტური უჯრედიც მოქმედებდა, რომელსაც ფიზიკური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში კომუნისტური ბუკლეტები და პანფლეტები მალულად შეჰქონდა. საქმე გამოიძიეს. დამნაშავეები ვერ გამოავლინეს, თუმცა ინსტიტუტის იაღრესად მეგობრული ატმოსფერო უნდობლობით გაიჟღინთა და დაიძაბა.
რამდენიმე წლით ადრე აინშტაინი ნაციონალისტმა სტუდენტებმა ბერლინში კათედრიდან სტვენით გააძევეს, როცა ის ფარდობითობის თეორიაზე ლექციას კითხულობდა. გეტინგენელებში ამ ინციდენტმა ზიზღნარევი რეაქცია გამოიწვია. “აქ,” ამბობდნენ ისინი, “მხოლოდ ერთხელ გაიმართა სტუდენტური დემონსტრაცია, რომელიც ახალჩამოსული განთქმული ფიზიკოსის სახლს მიადგა და აღტაცებით სკანდირებდა პლანკის კვანტურ ფორმულას.” თუმცა ახლა დემონსტრაციები ამ იდილიურ ქალაქშიც კი გახშირდა არასასურველი მასწავლებლების წინააღმდეგ, როგორიც იყო მაგალითად აინშტაინის ახლო მეგობარი, გამოჩენილი მათემატიკოსი ჰერმან ვეილი.
ყავისფერპერანგიანი სტუდენტები განსაკუთრებულად გერმანიაში პოლონეთიდან და უნგრეთიდან ჩამოსულ ებრაელ ან ნახევრადებრაელ უფროსკურსელებს ერჩოდნენ. ეს ხალხი ერთხელ უკვე დაზარალდა სამშობლოში გამეფებული “ცივი” ანტისემიტიზმისგან, რომელიც მათ უნივერსიტეტში სწავლის საშუალებას ართმევდა numerus clausus კანონით დაწესებული მცირე კვოტის გამო და ახლა უკვე მეორედ ხდებოდა რასიზმის მსხვერპლი. ნიჭიერ ახალგაზრდა მეცნიერებს ეუგენ ვიგნერს, ლეო სცილარდს, ჯონ ფონ ნეიმანს და ედვარდ ტელერს იმ დროს უკვე შესამჩნევი წვლილი შეჰქონდათ ატომური ფიზიკის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიაში გეტინგენში, ჰამბურგში და ბერლინში. სულ რამდენიმე წელიწადში ისინი ატომური ბომბის შექმნის ყველაზე უფრო აქტიური მომხრეები გახდებიან. შეშფოთება, რომელიც მათ დაეუფლა ჰიტლერის მიერ ამ საშინელი იარაღის შესაძლო ხელში ჩაგდების გამო მხოლოდ მაშინ ხდება გასაგები, თუ მათ მიერ 1932 და 1933 წლებში ნაციონალ-სოციალისტი სტუდენტებისგან განცდილ შეურაცხყოფას და დევნას გავითვალისწინებთ. მათ ვერ მოახერხეს პოლიტიკური ფანატიზმისგან მიყენებული შოკის დაძლევა, შოკის, რომელმაც ისტორიის მსვლელობა განაპირობა.
ჰიტლერის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებამდე კარგა ხნით ადრე ნობელის პრემიის ლაურეატების, ლენარდის და შტარკის ირგვლივ გერმანელი ფიზიკოსების მცირე ჯგუფი შეიკრა და “ეროვნულ მკვლევარები” დაირქვა. ამ ჯგუფმა უტიფრად გამოაცხადა აინშტაინის ფარდობითობის თეორია “ებრაულ მსოფლიო ბლეფად,” აინშტაინისა და ბორის მონაცემებზე დაფუძნებული ყველა ნაშრომის “ებრაულ ფიზიკად” მონათლა და სცადა მათი უარყოფა. ჯერ კიდევ მაშინ არიელებს, ვინც საკუთარ შრომებში ფარდობითობის თეორიასა და კვანტურ მექანიკას ეყრდნობოდა, ესენი “ებრაულად მოაზროვეებს” ეძახდნენ.
იოჰანეს შტარკი განსაკუთრებით ვერ იტანდა ზომერფელდს. “გერმანული ფიზიკის” ეს თავხედი გამომგონებელი შეურაცხყოფილი იყო იმ სამართლიანი კრიტიკით, რომელიც მიუნჰენელმა პროფესორმა მისი ნაშრომების წინააღმდეგ მიმართა და გაბედა, მისთვის ხუმრობით “ჯოვანი ფორტისსიმო” ეწოდებინა (შტარკი გერმანულად ძლიერს ნიშნავს). ეს მეტსახელი აინშტაინს დაუნერგავს და მას შემდეგ მოუშორებელი გამხდარა. შტარკი გამოჩენილ მიუნჰენელ კოლეგას ვიურცბურგის უნივერსიტეტიდან მის გაგდებაშიც ადანაშაულებდა, თუმცა სინამდვილეში მისი დათხოვნის მიზეზი სხვა იყო: შტარკმა ნობელის პრემიის თანხა სტოკჰოლმის ფონდის წესდების დარღვევით ფაიფურის ქარხნის საყიდლად გამოიყენა და ამის შემდეგ ის საკუთარ კვლევაზე უფრო აინტერესებდა. ვაიმარის რესპუბლიკის სწავლული საზოგადოება ზოგიერთი საკუთარი წევრის დემაგოგიური რასიზმის ნისლში გახვევას დიდად სერიოზულად არ აღიქვამდა. პროფესიული მიღწევები უფრო ფასობდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. “გერმანული ფიზიკის” მიმდევრები, რომლებიც აგიტატორებად იქცნენ, არავის აიტერესებდა და არც მათი სულელური აღშფოთება იქცევდა ვინმეს ყურადღებას.
ნაციონალ-სოციალისტი ფიზიკოსების ირგვლივ შემოკრებილ წარუმატებელთა და განაწყენებულთა მზარდი გაღიზიანება სინამდვილეში გერმანიაში ღრმა პოლიტიკური და სოციალური მღელვარების ერთ-ერთი სიმპტომი იყო. უმუშევრობა დღითიდღე იზრდებოდა. გაზეთები ყოველდღიურად იტყობინებოდნენ “ყავისფერპერანგიანების” სხვა პარტიის წევრებთან შეტაკებების შესახებ. პოლიტიკური მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. მიუხედავად ამისა, გეტინგენის ფიზიკოსები, დანარჩენი მსოფლიოს ბუნებისმეტყველ მეცნიერთა მსგავსად თავიდან ისე იქცეოდნენ, თითქოს შესაძლებელი ყოფილიყო ამ ამბების უგულებელყოფა. მონომანიამდე მისული სიჯიუტით ისინი კიდევ უფრო მეტად უღრმავდებოდნენ საკუთარ კვლევას.
ამ სირაქლემას პოლიტიკის მიზეზები ნათლად გააანალიზა ფრანკმა 15 წლის შემდეგ. 1947 წელს მან ატომური მეცნიერების საგანგებო კომიტეტს განუცხადა:
“მეცნიერებაში ჩვევაა და იქნებ პრინციპიცაა: გადაუჭრელი პრობლემების უსასრულო რეზერვუარიდან იმ მარტივის ამორჩევა, რომელთა ამოხსნაც შესაძლებლად გვეჩვენება არსებული ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით. ჩვენ ნასწავლი გვაქვს საკუთარი შედეგების უმკაცრესი კრიტიკის ქვეშ მოქცევა. ამ ორი პრინციპის ერთგულების შედეგია ის, რომ ჩვენ ცოტა რამ ვიცით, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ ამ მცირედის ცოდნაში.
“როგორც ჩანს, ჩვენ, მეცნიერებს, არ შეგვიძლია ამ პრინციპების გამოყენება პოლიტიკური მსოფლიოსა და მისი სოციალური წესრიგის ურთულესი პრობლემების გადაჭრაში. ზოგადად ჩვენ ვფრთხილობთ და გავურბივართ ტოტალური ამოხსნების აღიარებას. ჩვენი ობიექტურობა არ გვაძლევს საშუალებას პოლიტიკურ დაპირისპირებებში, სადაც სიმართლე არასდროს არაა ერთ რომელიმე მხარეს, მკვეთრი პოზიცია დავიკავოთ. ამიტომაც ავირჩიეთ იოლი გზა და სპილოს ძვლის კოშკს შევაფარეთ თავი. ჩავთვალეთ, რომ არც ცუდ და არც კარგ გამოყენებაზე ჩვენი პასუხიმგებლობა არ ვრცელდება.”
1933 წლის გაზაფხულის სულ რამდენიმე კვირა საკმარისი აღმოჩნდა გეტინგენის უნივერსიტეტის საუკუნეების განმავლობაში რუდუნებით ნაშენები, ბრწყინვალე მიღწევების და წარმატებული კვლევების წყალობით მიღწეული მსოფლიო რეპუტაციის დასანგრევად. Georgia Augusta-ში ისევე, როგორც გერმანიის სხვა სასწავლებლებში, სტუდენტურმა უმცირესობამ, რომელიც თავს უმრავლესობად ასაღებდა, ხმაურიანი გამოსვლები დაიწყო. პოლიტიკური დემაგოგები “ახალი წესრიგის” დამყარებას აცხადებდნენ, პატივცემულ მეცნიერებს უხეშად აძევებდნენ და წარმომავლობას დანაშაულივით სახეში ახლიდნენ. გეტინგენის სიმყუდროვეში ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ და აღმაშფოთებელ უაზრობად აღიქმებოდა, ვიდრე სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებში, რადგან აქ იმდენად კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, რომ ქვეყნის ახალი ბატონებისგან მომართულ ბრალდებებს არავინ იჯერებდა. ისინი, ვინც გადადგომის მოთხოვნა მიიღო, შეუცვლელები იყვნენ. სწორედ მათთან სასწავლად ჩამოდიოდნენ მოწაფეები მთელი ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდანაც კი. მათი წასვლა გეტინგენს ერთ პროვინციულ დაწესებულებად აქცევდა.
თითქმის ასი წლის წინ შვიდი პროფესორი იძულებული გახდა, გეტინგენის უნივერსიტეტი დაეტოვებინა, რადგან მათ ჰანოვერის მეფის მიერ კონსტიტუციის დარღვევა გააპროტესტეს. კონსტიტუციის ახალი დარღვევის პირველი მსხვერპლი, ახლაც შვიდი პროფესორი გახდა. ჰიტლერის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან სულ რაღაც ერთ თვეში ბერლინიდან ტელეგრაფით ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის შვიდი წევრის დაუყოვნებლივ გადაყენების ბრძანება მოვიდა. მათ უმრავლესობას, მაგალითად მაქს ბორნს, რომელიც იმჟამად უცხოეთში იმყოფებოდა, სერიოზულად არც კი გაუპროტესტებია ეს განუკითხაობა. მხოლოდ ერთმა წევრმა, მათემატიკოსმა კურანტმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა პეტიციების მეშვეობით. მისი მოთხოვნა - ისე მოქცეოდნენ, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის დროს, ვერდენში, ფრონტის ხაზზე დაჭრილ და გაზით მძიმედ მოწამლულ “გერმანელ პატრიოტს” შეეფერებოდა, ყურად არ იღეს. საქმეს ვერც ოცდაორი გერმანელი პროფესორის, მათ შორის ჰაიზენბერგის, ჰილბერტის, ზომერფელდის, აგრეთვე ნობელის პრემიის ლაურეტების, ფონ ლაუეს და პლანკის მიერ ხელმოწერილმა პეტიციამ უშველა.
ფრანკი - უდაოდ, როგორც საზღვარგარეთ განსაკუთრებით ცნობილი ნობელის პრემიის ლაურეატი - თავიდან გამოტოვეს, თუმცა სიამაყემ ამასთან შეგუების საშუალება არ მისცა. 1933 წლის 17 აპრილს მან გადადგომის შეტყობინება თავად გააგზავნა, ორი დღის შემდეგ კი რამდენიმე გაზეთის საშუალებით, რომლებიც ჯერ კიდევ ეურჩებოდნენ პარტიულ ხაზს, საზოგადოებას აცნობა, რომ იძულებულია ასე მოიქცეს გაძევებული კოლეგების მიმართ თანაგრძნობის გამო. “ჩვენ, ებრაული წარმოშობის გერმანელებს ახლა უცხოელებივით და ჩვენი ქვეყნის მტრებივით გვექცევიან,” განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ რომელიმე განსაკუთრებული თანამდებობის დაკავების არავითარი სურვილი არ გააჩნია.
დიდი ფიზიკოსის ამ პატივსაცემ დამოკიდებულებას Georgia Augusta-ს პროფესორთა გარკვეულმა ნაწილმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. ნაცვლად იმისა, რომ აკადემიური თავისუფლება და იტელექტუალური ღირსება დაეცვათ, ორმოცდაორმა ლექტორმა და პროფესორმა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გეტინგენის ჯგუფს სამარცხვინო დოკუმენტით მიმართა, სადაც ფრანკის საქციელს გმობდნენ, როგორც “აღვირახსნილი უცხოური პროპაგანდის” ხელშეწყობას. გეტინგენელ ბუნებისმეტყველთაგან ერთადერთს აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა, ღიად გაეპროტესტებინა ებრაელ მეცნიერთა გაძევება. ეს იყო ფიზიოლოგი კრაიერი. ის არც პრუსიის განათლების მინისტრის, შტუკარტის მიერ ხელმოწერილმა დათხოვნის მუქარამ შეაშინა და არც სიცოცხლის ბოლომდე უმუშევრად დარჩენის საშიშროებამ.
გეტინგენის პროფესორთა დიდ უმრავლესობას სძაგდა მათ მყუდრო სავანეში დემაგოგიის და სიძულვილის შემოჭრა, მაგრამ პოზიციების დაკარგვის შიშით ხმის ამოღება ვერ გაბედეს. როდესაც მეორე და მესამეხარისხოვანმა ხალხმა, ვისი დამსახურებაც მხოლოდ პარტიაში დროული შესვლა იყო, ყველაფრის რეორგანიზაციას და დეკრეტების გამოცემას მიჰყო ხელი, მათ რეალური წინააღმდეგობის ნაცვლად მსუბუქი, დამცინავი რეაქცია დახვდათ, რომელიც ვერავის დააზარალებდა. ნაციონალ-სოციალისტი დოცენენტენფიურერი (პარტიული ზედამხედველი) იმ დღეებში პირველი ვიოლინო გახდა, ვითარცა განმწმენდი და ახალი წესრიგის წარმომადგენელი, თუმცა მალე პლაგიატში ამხილეს. ადრეულ სტადიაზევე ბევრს მიანჩნდა, რომ იტელექტუალური საკუთრების ქურდთან და მეტიჩარასთან აქვთ სამე. მიუხედავად ამისა, ვერავინ ვერ გამოიჩინა სამოქალაქო გამბედაობა რომ მისი გაწვევა მოეთხოვა. შეენარჩუნებინათ ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა – ასეთი იყო ზოგადი განწობა. ამ პოლიტიკამ დარჩენილი პროფესორები იმ რეჟიმის მეტნაკლებად შენიღბულ მხარდაჭერებად აქცია, რომელმაც არნახული უბედურება დაატეხა თავს საკუთარ ქვეყანას და მსოფლიოს.
ამ სევდიანი მოვლებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ფრანკის კოლეგები, მოსწავლეები და მეგობრები მეორე ფიზიკური ინსტიტუტის საჩაიეში მასთან დასამშვიდობებლად შეიკრიბნენ; უნდოდათ, წასვლისას შეფისთვის მადლიერება და პატივისცემა გამოეხატათ. კარიომ, მისმა ასისტენტმა, მოკლე სიტყვით მიმართა და გეტინგენის ხედებიანი სურათების პორტფოლიო გადასცა, რომელსაც მოგზაურობაში მისთვის მშვენიერი წლები უნდა გაეხსენებინა. საჩუქრის მიღებისას ფრანკი შესამჩნევად გულაჩუყებული ჩანდა.
მეორე დღეს მან მერკელშტრასეს ვილაში თავისი ოთახები დაცალა და სადგურისკენ მარტო გაემართა, რადგან ითხოვა, რომ არ გაეცილებინათ. ალბორნი, კარისკაცი, ასე აღწერს ფრანკის გამგზავრებას: “წარმოიდგინეთ, ჰერ პროფესორი მატარებელში ავიდა, ის კი არ იძვრის. ორთქმავალს მეტი ჭკუა აღმოაჩნდა, ვიდრე ჩვენს ახლანდელ უფროსებს!”
გეტინგენში დარჩენილები - მათ შორი ბევრი გამოჩენილი სწავლული იყო - ვეღარ მოახერხებენ მესამე რაიხის პირობებში ოციანი წლების დიად მიღწევათა გამეორებას. უნივერსიტეტის მდგომარეობა ყველაზე კარგად უკვე ხნიერმა ჰილბერტმა შეაფასა. დიდი წმენდის ერთი წლის თავზე ის რომელიღაც წვეულებაზე საპატიო ადგილზე, განათლების ახალი მინისტრის, რუსტის გვერდით დასვეს. რუსტმა ცოტა დაუფიქრებლად იკითხა: ‘”მართალია, რომ თქვენი ინსტიტუტი დიდად დაზარალდა ებრაელებისა და მათი მეგობრების წასვლით?” ჰილბერტმა, როგორც სჩვეოდა, კბილებში წყნარად გამოსცრა:” დაზარალდა? არა, ბატონო მინისტრო, ის უბრალოდ აღარ არსებობს.”
პოლიტიკური ფანატიზმის წარღვნას მშვიდობისა და ურთიერთშემწნარებლობის ერთი კუნძული გადაურჩა. კოპენჰაგენში, ბლეგდამსვეი N15, უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში ყველა ქვეყნის, რასის და იდეოლოგიის ფიზიკოსი ისევ თავისი მასწავლებლის, ნილს ბორის ირგვლი შეკრებილიყო, როგორც იმ წლებში,ვიდრე ჰიტლერი ხელისუფლების მიიტაცებდა და სტალინი “ახალ ხაზს” გამოაცხადებდა. რაც უფრო მეტი პრეტენზიები, ნახევრად სიმართლე და სიცრუე ვრცელდებოდა ქვეყნებს შორის საჯარო ასპარეზზე, მით უფრო ბეჯითად ცდილობდნენ ბორის გარემოცვის ადამიანები დადგენას სრული ჭეშმარიტებისა, რომელიც მუდმივად სხლტება ხოლმე ხელიდან და სულ უფრო ღრმა ფენებს აფარებს თავს. ახალი დიქტატორები საკუთარი პროგრმიდან არანაირ გადახვევას არ ეგუებოდნენ და მცირედი კრიტიკისთვისაც კი სასტიკად სჯიდნენ. “კოპენჰაგენის სულისკვეთება” კი პირიქით – კრიტიკისკენ მოწოდება იყო. ის მოითხოვდა ყველაფრის დაკვირვებას რამდენიმე სხვადასხვა წერტილიდან და საბოლოოდ შემდეგ დონეზე სინთეზს, რომელიც წინააღმდეგობრივად გამოიყურებოდა.
თითქოს არაამქვეყნიური ბორი ყველაზე უფრო სწრაფად და შედეგიანად გამოეხმაურა დიქტატურის ქვეშ მოქცეულ კოლეგების გაჭირვებას, ვიდრე ფიზიკოსთა ოჯახის სხვა წევრები. ატომურ კვლევებში ჩართულებიდან ისინი, ვინც გერმანიაში დარჩა, საფოსტო ყუთებში ბორისგან მიღებულ მოულოდნელ მიპატიჟებებს პოულობდნენ, თუმცა თავად მსგავსი თხოვნით არც კი მიუმართავთ. “ჩამოდით და დარჩით ჩვენთან დროებით და მშვიდად გადაწყვიტეთ, თუ სად გინდათ წასვლა,” ეწერა ასეთ გზავნილში.
ისინი, ვინც 1933 წლის შემოდგომაზე კოპენჰაგენში გერმანიიდან ჩავიდა, ბორის ინსტიტუტის თანამშრომლების გულთბილი დახვედრიდან უკვე რამდენიმე საათში გრძნობდნენ სასწაულებრივ დაბრუნებას პარტიული ბრძანებების და უთქმელი ტანჯვის სამყაროდან ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის ძველ, ნაცნობ ატმოსფეროში.
მისი მოწაფის, ვაიცზეკერის თქმით, ბორს აკლდა ორი რამ, რაც სკოლის შემქნელთა უმრავლესობას გამოარჩევს. ის არც პედაგოგი იყო და არც ტირანი. მას არასდროს არ გამოუხატავს შელახული თავმოყვარეობის ნიშნები მაშინაც კი, როდესაც მის იდეებს მკაცრად ან უხეშადაც კი აკრიტიკებდნენ. მოსწავლე - მასწავლებლის ეს თავისუფალი და იოლი ურთიერთობა დაწესებულებაში, რომელსაც ბორი ხელმძღვანელობდა, ცოცხლადაა წარმოდგენილი ფაუსტის პაროდიაში, რომელიც ოცდაათიანების დასაწყისში დაიდგა ყოველწლიური “სექტემბრის სკოლის” აღსანიშნავად, რომელსაც ბორის უცხოელი სტუდენტები ესწრებოდნენ. უფალში, რა თქმა უნდა, ბორი იგულისხმებოდა, მეფისტოფელში კი მისი სმოსწავლე და დაუღალავი კრიტიკოსი ვოლფგანგ პაული. ამ ორს შორის საუბარი, პაროდიის გამო ოდნავი გადაჭარბებით შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
BOHR [the Lord]:
Hast thou naught else to say?
Comest thou ever with complaint?
Is physics never to thy mind?
PAULI [Mephisto]:
Nay, 'tis all folly! Rotten, as ever, to the core!
E'en in my days of dule it grieves me sore
and I must ever plague these physicists the more.
B.: [გერმანულის და ინგლისურის ნარევით, როგორც სჩვეოდა აღელვებისას]:
Oh, it is dreadful! In this situation we must remember the essential failure of
classical concepts ... muss ich sagen ... just a little remark ... what do you propose
to do with mass2
P.: What's that got to do with it? Mass? We shall abolish it!
B.: Well, that's very, very interesting ... but ... but -
P.: No, shut up! Stop talking rubbish!
B.: But ... but -
P.: I forbid you to speak!
B.: But Pauli! Pauli! We're really much more in agreement than you think! Of
course, I quite agree! Only ... Certainly, we can abolish mass. But we must
uphold load ...
P.: What for? Why? No, no, that's wishful thinking! Why not abolish load, too?
B.: I must ask ... I understand perfectly, of course ... but ... but -
P.: Silence!
B.: But Pauli, you must really give me a chance to finish what I have to say! If
both mass and load are abolished, what have we got left ?
P.: Oh, that's quite simple! What we've got left will be the neutron!
[Pause. Both pace to and fro.]
B.: It's not to criticize, it's but to learn
I take my leave now, later to return.
[Exit.]
P.[მონოლოგი]:I like to see the old chap now and then and take good care we don't fall out. It'sjolly decent of so grand a Lord, I must say, when he comes himself for a nice chat with Pauli![Exit.]
ბორი საკუთარ თავს გადაჭარბებული სერიოზულობით არასდროს არ ეკიდებოდა და პატივისცემის წესების დარღვევა დიდად არ აღელვებდა. იქნებ ამიტომ იყო, რომ ყველა, ვინც მასთან მუშაობდა, იმდენად აფასებდა და ისეთი თბილი დამოკიდებულება ჰქონდა მასთან, როგორიც ძნელად თუ რომელიმე მასწავლებელს რგებია წილად. მათ ეღიმებოდად მის გულმავიწყობასა და გონებაგაფანულობაზე, თუმც ამ ღიმილში გამოსჭვივოდა აღტაცება იმ სულისკვეთებით, რომელიც ახერხებდა გარეგანის უკუგდებით არსებითზე კონცენტრაციას. 1932 წელს მთავრობამ დანიის ყველაზე უფრო განსწავლულ ადამიანს დაფასების ნიშნად კარლსბერგის ციხე-სიმაგრე გადასცა. როდესაც იქიდან ინსტიტუტიკენ ველოსიპედით მიემართებოდა, ბორი წითელ შუქს იშვიათად ამჩნევდა, ტრამვაით მგზავრობისას კი გაჩერებასაც გასცდენია და დეპომდეც მისულა. თუმცა ბორის საქმიანობა მხოლოდ კვლევით არ შემოიფარგლებოდა. ის სტუდენტებთან ერთად იალქნიანი ნავით დადიოდა, უკეთებდა მათ ქარის წისქვილებს, ეხმარებოდა კროსვორდების შევსებაში და პინგ-პონგსაც ეთამაშებოდა. ბორის ყველაზე საყვარელი თამაში მაინც ფეხბურთი იყო. ახალგაზრდობაში კარგ გუნდშიც უთამაშია, თუმცა ზოგიერთების თქმით, შუა თამაშში შეიძლება გაჩერებულიყო და ბურთი ხელში აეღო იმაზე ჩაფიქრებულს, თუ რას უნდა შეიცავდეს ტყავის ეს სფერო.
ნილს ბორი მჭევრმეტყველებით არ გამოირჩეოდა. თითქმის ყველა მისი ლექცია ერთი და იგივე წინადადებებით იწყებოდა, სადაც ის მეასედ იმეორებდა, რატომ გახდა აუცილებელი კლასიკურ თეორიასთან დაშორება. მოსწავლეები ამ შესავალს “ბორის წირვას” ეძახდნენ. ის ხშირად ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობდა, ერთმანეთში ურევდა ინგლისურ, გერმანულ და დანიურ გამოთქმებს და უმნიშვნელოვანეს ადგილებში პირზე ხელს აიფარებდა ხოლმე. მათემატიკის ცოდნით ის დიდად ჩამოუვარდებოდა აუდიტორიის უმრავლესობას. მიუხედავად ამისა, თუ მსმენელი მოახერხებდა და გაჰყვებოდა, მიხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც სხვა პროფესორებისგან მოუსმენია, რომელთა სიცხადე და ორატორული მონაცემები ბორისას ბევრად აღემატებოდა.
ბორის ჭეშმარიტი სიდიადე მისი მოწაფეებისთვის მასთან პირად საუბრებში ცხადდებოდა. როდესაც ახალ შრომას აჩვენებდნენ ხოლმე, პირველივე შეძახილი იყო “დიდებულია!” თუმცა ეს მხოლოდ ახალბედას თუ ააღელვებდა. ვინც ბორს უფრო დიდხანს იცნობდა, კარგად იცოდა, რომ მაგალითად, შეუმჩნეველი, ოდნავ დამცინავი ღიმილით ნათქვამი “ძალიან, ძალიან საიტერესოა,” გამანადგურებელი ვერდიქტის ტოლფასია. გარკვეული კითხვებით, ხან ხანგრძლივი ლაპარაკით, ხანაც რამდენიმე წუთით დადუმებით, დიდ მოაზროვნესთან რჩევისთვის მისული ახალგაზრდა ფიზიკოსი თანდათან რწმუნდებოდა, რომ მისი შრომა არც თუ ისე ღრმადაა გააზრებული. ასეთი საუბრები რამდენიმე საათს, ხშირად გვიან ღამემდე გაგრძელებულა. ფრაუ ბორი ამ დროს შეუმჩნევლად შემოვიდოდა ხოლმე. სტუდენტებს მისი დიასახლისობა კიდევ უფრო მეტად აღაფრთოვანებდა, ვიდრე კლასიკური სილამაზე. გაღიმებული, უსიტყვოდ ამარაგებდა მოკამათეთ შესანიშნავი სენდვიჩებით და ასანთის კოლოფებით მასწავლებლის ჩიბუხისთვის, რომელიც გამუდმებით ქრებოდა.
ბოლოს, როდესაც მოწაფე არა მარტო პოულობდა შეცდომებს, არამედ უკვე დააპირებდა ნაშრომი ნაკუწებად ექცია, ბორი მას აცილებლად აჩერებდა და აფრთხილებდა უპირობო უარყოფის უსარგებლობაში, რადგან შეცდომებიც კი მრავლად შეიცავს ისეთ რასმე , რაც შეიძლება მოგვიანებით სასარგებლოდ აქციო.
“რამდენიმე წლის გასვლისას, ინსტიტუტის დატოვების შემდეგ, ადამიანი ხვდებოდა, რომ ფიზიკაზე რაღაც ისეთი გაიგო, რაც მანამდე არ იცოდა და სხვაგვარად ვერ გაიგებდა,” თქვა ერთხელ ვაიცზეკერმა ბორზე საუბრისას. “გასაკვირი არაა, რომ მისი კლასებიდან ამდენი ცნობილი მეცნიერი გამოვიდა. ის იმ იშვიათ მასწავლებელთაგანია, ვინც იცის, როგორი სიფრთხილე, ხშირად კი ძალაა საჭირო ყველა ადამიანის ტვინში მთვლემარე გენიოსის გასაღვიძებლად. სოკრატეს მსგავსად, რომლის მიერ დიალოგში აზრის გამოხატვა მას სამაგალითოდ მიაჩნდა, ბორი იდეათა ბებია-ქალი იყო.”
მათ შორის, ვინც ჰიტლერის მიერ ხელისუფლების მიტაცებით გამოწვეული კრიზისის დროს კოპენჰაგენში სწავლობდა, იყო ორი ძალიან განსხვავებული მეგობარი. კარლ ფრიდრიხ ვაიცზეკერი ცნობილი გერმანელი დიპლომატის მაღალი ნიჭით დაჯილდოებული შვილი იყო, უნგრელმა ედვარდ ტელერმა კი გერმანია ჰიტლერის რასიული დეკრეტების გამო დატოვა. გერმანელი არისტოკრატის და გამოძევებული არაარიელის დამეგობრება უცნაურია, რადგან ვაიცზეკერს, როგორც ბევრ სხვა ახალგაზრდა გერმანელ იდეალისტს სჯეროდა, რომ ჰიტლერი და მისი მოძრაობა, მიუხედავად ბევრი რამისა, რასაც უარყოფდა, შესაძლოა წინასწარი სიმპტომი ყოფილიყო სოციალური და რელიგიური აღორძინებისა, ამბოხებისა მშრალი ინტელექტუალიზმის და ვაჭრული სულის წინააღმდეგ. ის არც მალავდა თავის ამ იმედებს და არ გადაარწმუნებინა თავი სკეპტიკურად განწყობილ ტელერს. ის გამუდმებით იმეორებდა, რომ აუცილებელია ეცადო იპოვო რაღაც დადებითი იმ რეჟიმში, რომლის ბნელ მხარეს ცხადად ხედავდა კოპენჰაგენში – ნაციონალ-სოციალიზმის მსხვერპლთა თავშესაფარში. ამ პოლიტიკურმა დისკუსიებმა, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ფიზიკისა და ზოგადი ფილოსოფიის ირგვლივ საუბრისა, ხუთი წლის შემდეგ დიდი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორის მსვლელობაზე. 1939 წელს ამერიკაში ემიგრირებულმა ფიზიკოსთა მცირე ჯგუფმა, რომელშიც ტელერიც შედიოდა, შეიტყო, რომ ვაიცზეკერი სავარაუდოდ გერმანულ “ურანის პროექტს” ხელმძღვანელობს. ტელერმა სხვებთან ერთად დაარწმუნა ამერიკის სამხედრო ხელისუფლება ატომური ბომბის შექმნისთვის მოეკიდებინათ ხელი. მან წარმოიდგინა, რომ მისი სტუდენტობის მეგობარი, რომელიც აღტაცებას არ მალავდა ჰიტლერის მძლავრი პოლიტიკის წარმატებების გამო, მას მხარს დაუჭერს მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეძრწუნებული იყო ფიურერის ქმედებებით. სინამდვილეში ვაიცზეკერი იმ დროისთვის სრულად გათავისუფლდა ნაციონალ-სოციალისტური ილუზიებისგან, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ მისმა უახლოესმა მეგობრებმა იცოდნენ.
ბუდაპეშტში პატივცემული ადვოკატის შვილმა, ტელერმა 10 წლის ასაკშივე იცოდა, რომ მშობლიურ ქვეყანაში კარიერას ვერასდროს ვერ აიწყობდა, რადგან კანონით თითქმის ყველა ებრაელი მოკლებული იყო განათლების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ის 18 წლის ასაკში კარლსრუეში წავიდა, სადაც ქიმიის შესწავლას მიჰყო ხელი. კვანტური მექანიკით დაიტერესების გამო მან გადაწყვიტა მიუნჰენში, ზომერფელდთან გაეგრზელებინა სწავლა. თუმცა ბავარიის დედაქალაქში საავადმყოფოს ოთხი კედლის გარდა ბევრი ვერაფერი ნახა. თავგადადებული მთამსვლელი 1928 წლის კვირა დილით ალპებში მიმავალი საექსკურსიო მატარებლისკენ მიიჩქაროდა და ვინაიდან აგვიანდებოდა, სადგურის წინ გაქანებული ტრამვაიდან ჩამოხტა, წაიქცა და მარჯვენა ფეხი დაკარგა. “ეს ქალაქი ჩემთვის უიღბლოა,” იფიქრა მან და ლაიფციგში გადავიდა, აქ პროფესორად ახალდანიშნულ ჰაიზენბერგი ნიჭიერი სტუდენტების გუნდს აგროვებდა. სწორედ ლაიფციგში შეხვდა ტელერი პირველად მეოცნებე და წარმოსახვისუნარიან ვაიცზეკერს, რომელიც მასზე ოთხი წლით უმცროსი იყო. სინამდვილეში ვაიცზეკერი ზოგადი ფილოსოფიის სწავლას აპირებდა, თუმცა კოპენჰაგენში, სადაც მამამისი საგარეო სამინისტრომ დიპლომატიური მისიით მიავლინა, ის შეხვდა ჰაიზენბერგს, რომელიც მაშინ ბორთან მუშაობდა. “ახლა ფილოსოფიაში ვერაფერს მიაღწევ, თუ თანამედროვე ფიზიკაზე წარმოდგენა არ გაქვს,” უთხრა მას ჰაიზენბერგმა მამაისის მიერ გამართულ წვეულებაზე. ” თუმცა ფიზიკაც საკმაოდ სწრაფადაა დასაწყები, თუ არ გინდა, რომ ძალიან დააგვიანო.”
თავად ტელერიც მაღალგანვითარებული წარმოსახვით იყო დაჯილდოებული. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ხვდებოდა, რომ ის ჩუმჩუმად ლექსებს თხზავს. ვაიცზეკერთან მისი მეგობრობაც მეცნიერების მიმართ ინტერესსზე უფრო პოეზიის, ლიტერატურის და ფილოსოფიური მსჯელობის მიმართ სიყვარულს უფრო ეფუძნებოდა. ლაიფციგში დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ ტელერი გეტინგენში ბორნთან სამუშაოდ წავიდა და მასთან თანამშრომლობით ოპტიკური კვლევა გამოაქვეყნა. ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ ის ლონდონის გავლით კოპენჰაგენში გაიქცა. მან ცოლად შეირთო გოგონა, რომელსაც ბიჭობიდან იცნობდა, თუმცა ამას მალავდა, რადგან როკფელერის სტიპენდია, რომელსაც იღებდა, მხოლოდ უცოლშვილოებისთვის იყო განკუთვნილი. ასე ცხოვრობდა ის ერთერთ პანსიონში ბორის ინსტიტუტის მახლობლად. ორი ასეთი ადგილი განსაკუთრებით პოპულარული იყო ფიზიკოსებს შორის. ერთს ფროკენ ჰავე უძღვებოდა, მეორეს კი ფროკენ თალბიცერი. რომელ მათგანს უფრო არაჩვეულებრივი ხასიათი ჰქონდა, მუდმივი დავის საგაგნი იყო. პირველმა სწავლული მდგმურებისგან წლების განმავლობაში იმდენი მათემატიკა შეითვისა, რომ მათ ხშირად უზიარებდა სამყაროს მოწყობის საკუთარ თეორიებს. მეორე ყველაფერს ამას წვრილმან სისულელედ თვლიდა, ჩიბუხს ეწეოდა და ჯარისკაცის ძველ ქუდს ატარებდა. ხშირად ეუბნებოდა სტუდენტებს, “სულელური წიგნები“ ზღვაში მოესროლათ. “მიყვარს ტალღების გრიალი,” უთქვამს ბოხი ხმით სანაპიროზე ხშირი გასეირნებიდან მობრუნებულს. “აი საიდან გაიგებ ბუნების ავა-ჩავანს და არა მშრალი, ნაბეჭდი ფურცლებიდან.”
ტელერიც და ვაიცზეკერიც ბუნების ამ ენერგიულ მოყვარულთან სახლობდნენ. ვაიცზეკერს ჩვევად ჰქონდა ნაშუაღამევს ტელერის ოთახში სტუმრობა, სადაც მეგობრული კამათი ღამის ორ საათამდე გრძელდებოდა. მათ ეს კამათი ისე მოსწონდათ, რომ ტელერმა თამაშიც კი მოიგონა. ერთს უნდა ეცადა მეორე რაიმე სრულიად პარადოქსული განცხადების სისწორეში დაერწმუნებინა. ერთერთ მონაწილეს უფლება ჰქონდა საკუთარი პოზიცია მხოლოდ პლატონის დიალოგების სტილში სხარტი შეკითხვის დასმით გამოეხატა.
ტელერი ხშირად თარგმნიდა გერმანულად თავისი უსაყვარლესი უნგრელი პოეტის ადის ლექსებს. ამ თარგმანებიდან, რომლებიც არასდროს არ გამოქვეყნებულა, ერთ-ერთი თითქოს ტელერის და ატომის სხვა მკვლევარების ბედის წინათგრძნობითაა სავსე:
The Lord takes all whom he strikes and loves,
He bears them far from Earth ...
their hearts aflame, their brains made ice,
Earth sends her laughter up to them
and, compassionate, the sun strews diamond dust
upon their lonely way.
კოპენჰაგენი მხოლოდ დროებით თუ შეიფარებდა ცენტრალური ევროპიდან გამოქცეულ ატომის მკვლევარ მეცნიერებს. დაუღალავი ბორი ლორდი რეზერფორდის მძლავრი მხარდაჭერით – ეს უკანასკნელი 1931 წელს ბარონი გახდა – რეგულარულად უზრუნველყოფდა საარსებო საშუალებებით სამსახურის, შემოსავლისა და დანაზოგისგან გაძარცვულ კოლეგებს. თუმცა ასეთი, სხვისი ხელის შემყურე ცხოვრება არავს არ სიამოვნებდა. მუდმივად ასე ვერ გაგრძელდებოდა და გაძევებული ფიზიკოსებისთვის სამუშაოს მთელ მსოფლიოში ეძებდნენ. ეს უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ევროპულ უნივერსიტეტებში ვაკანსიები და სამუშაო ლაბორატორიული სივრცე შეზღუდული აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ძნელად თუ ვისმე ესმოდა, რომ უქონელი, მაგრამ ფასდაუდებელი ცოდნით აღჭურვილი ლტოლვილი მოგების მომტანია და არა ტვირთი. მხოლოდ შეერთებულ შტატებს, მისი ასეულობით უნივერსიტეტითა და ინსტიტუტით შეეძლო ინტელექტუალურ ლტოლვილთა სამუშაოთი უზრუნველყოფა. ჰიტლერის აღზევებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ იგრძნობოდა 1929 წელს დაწყებული კრიზისის შედეგები. თუმცა როდესაც ალბერტ აინშტაინმა 1933 წლის შემოდგომაზე ახალდაარსებული პრინსტონის მოწინავე კვლევის ინსტიტუტისგან მიწვევა მიიღო და ბერლინიდან ამ პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში გადასახლდა, ფრანგმა ფიზიკოსმა პოლ ლანჟევენმა ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად წინასწარმეტყველური რამ განაცხადა. “ეს ისეთივე მნიშვნელობის მოვლენაა, ვატიკანი რომიდან ახალ სამყაროში რომ გადაეტანათ,” თქვა მან.”ფიზიკოსების პაპი ამერიკაში გადავიდა, და ახლა ის ბუნებისმეტყველების ცენტრი გახდება.”
უცნაურია, რომ რუსებმა, რომლებიც ასე ცდილობდნენ უცხოელი სპეციალისტების მიზიდვას, არ სცადეს დევნილ მეცნიერთა მიღება. სტალინის მიერ საბჭოთა პატრიოტიზმის წინ წამოწევის ფაქტი საბოტაჟისა და შპიონაჟის მზარდ შიშთან ერთად სულ უფრო შეუღწევადს ხდიდა საბჭოთა კავშირსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის უკვე არსებულ ფარდას. თუმცა უცხოელი “ამხანაგების” მისაღებად მისი კუთხე დროებით ოდნავ აწიეს. შესაბამისად, რამდენიმე ცნობილი მკვლევარი, რომლებიც პარტიის წევრები იყვნენ ან უბრალოდ “თანამგზავრებად” ითვლებოდნენ საბჭოთა კავშირში წავიდნენ. აქ მათ საშინელი ბედი ელოდათ. 1937 წლამდე ისინი ინსტიტუტებში მუშაობდნენ და გერმანულ ჟურნალსაც კი გამოსცემდნენ, თუმცა იმ წელს სხვა უცხოელ კომუნისტებთან ერთად დიდ წმენდას ემსხვერპლნენ. ისინი ციხეებში ჩაყარეს და ცრუ აღიარებების მისაღებად აწამეს. ბევრი გააციმბირეს.
დასავლეთში ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ. ბორმა 1938 წელს ორი მოწაფე, ვენელი ფიზიკოსები ვაისკოპფი და პლაჩეკი საბჭოთა კავშირში გააგზავნა, რათა ჰიტლერის მიერ ახლახან ოკუპირებული ავსტრიიდან ლტოლვილთა დასაქმების შესაძლებლობები შეესწავლათ. ორი ემისარი სტალინის საიდუმლო პოლიციამ ჯაშუშებად ჩათვალა და მათაც კოპენჰაგენს ვერაფერი შეატყობინეს ფიზიკოსების, ჰოუტერმანსისა და ალექსანდერ ვაისბერგის ნაღვლიანი ამბის გარდაა.
აინშტაინის, ბორის და ჟოლიო-კიურის (ეს უკანასკნელი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა კომუნისტი) ხელმოწერილი პეტიციები კრემლში გაიგზავნა. მათ შესაძლოა ორი დასავლელი მეცნიერი სიკვდილისგან იხსნეს. ჰოუტერმანსს და ვაისბერგს ჯერ საბჭოთა მოქალაქეობა და ყველა თანამდებობის აღდგენა შესთავაზეს, თუმცა მათ უარყვეს ეს შეთავაზება გადატანილი ტანჯვის გამო. 1940 წელს საბჭოთა საიდუმლო პოლიციამ მეცნიერები, რომლებიც თავიდან ჰიტლერს გამოექცნენ, გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთის, აწ უკვე ”გენერალ-საგუბერნატოროს” საზღვართან მიაცილა და აქ ისინი ოგეპეუმ გესტაპოელ კოლეგებს გადასცა, რათა მათ ახალი სასამართლო პროცესები და პატიმრობა ეწვნიათ.
No comments:
Post a Comment