300 წლის განმავლობაში ახალ აღმოჩენას, რომლებიც ნათელს ჰფენდა წყვდიადით მოცულ ბუნებას კაცობრიობა პროგრესის სახელით ესალმებოდა. 1939 -ში ეს განწყობა შეიცვალა და ბევრი მეცნიერი შეშფოთებული მერყეობდა. ომის საშიშროება მსოფლიოს მძიმე ღრუბელივით აწვა. მიუნჰენის კონფერენციაზე დემოკრატიების დათმობამ მშვიდობა ცოტა ხნით შეინარჩუნა.
თუმცა ამ დათმობას დაძაბულობა არ განუმუხტავს. სწორედ ამ დროს გაიაზრა საქმეში ჩახედულთა მცირე ჯგუფმა, რომ სრულიად ახალ, ზებუნებრივი სიმძლავრის წყაროსთან აქვს საქმე. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო სკეპტიციზმის მუქი სათვალის გაკეთება გამოთავისუფლებული ატომური ენერგიის თვალისმომჭრელი პერსპექტივისგან დასაცავად. 1939 წლის ბოლოსაც კი ბორმა კოლეგა ვიგნერს, რომელიც უკვე 10 წელი პრინსტონში მუშაობდა, ჩამოუთვალა თხუთმეტი წონადი არგუმენტი, რომელთა გამოც დაშლის პროცესის პრაქტიკული გამოყენება მისი აზრით ვერ მოხერხდებოდა. აინშტაინმა დაარწმუნა ამერიკელი ჟურნალისტი ლოურენსი, რომ ატომური ენერგიის გამოთავისუფლების შესაძლებლობა არ არსებობს. თვით ოტო ჰანმა უახლოეს კოლეგებთან აღმოჩენის პრაქტიკულ გამოყენებაზე მსჯელობისას ახლაგაზრდა გერმანელი ფიზიკოსის, კორშინგის თქმით, წამოიძახა:”ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება ღვთის ნებას.”ᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑ
ამ დრომდე ბირთვის დაშლის ექსპერიმენტები ურანის იმდენად მცირე რაოდენობაზე ტარდებოდა, რომ რამდენადმე შესამჩნევი სიმძლავრის გამოყოფაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. იმედმაც და შიშმაც კონკრეტული ფორმების შეძენა მაშინ დაიწყო, როდესაც საქმე ატომის გახლეჩის მინიატურული ეფექტის უზამაზარ მასშტაბამდე ზვავისმაგვარი გაზრდის შესაძლებლობაზე მიდგა. ამ ტიპის ჯაჭვური რეაქციის თეორიულ შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ 1932-35 წლებში მსჯელობდნენ ჰოუტერმანსი, სცილარდი და ჟოლიო-კიური. თუმცა ეს პრაქტიკულად მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდებოდა, თუ ურანის ბირთვის გახლეჩას მოჰყებოდა რამდენიმე დამატებითი ნეიტრონის გამოყოფა, რომლებიც სხვა ბირთვების გახლეჩას მოახდენდნენ. ვიდრე ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შეისწავლიდნენ, ატომური ფიზიკოსების უმრავლესობა კოლეგებს არწმუნებდა, რომ შეშფოთებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ჯაჭვური რეაქციის შესაძლებლობის შიშნარევი იმედით გამსჭვალული კვლევის პარალელურად მიმდინარეობდა პოლიტიკური ექსპერიმენტი, რომელიც იდეათა ისტორიაში ახალი თავი ჩაწერა. მისი ავტორი სცილარდია , რომელმაც ინგლისიდან შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა. ბორისა და ვიგნერისგან დაჰლემში და კოპენჰაგენში ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ შეიტყო თუ არა, მან ოქსფორდში დატოვებული საკუთარი ექსპერიმენტული დანადგარი გამოაგზავნინა, მცირე ნიუორკელი მეწარმისგან, ლიებოვიცისგან, რომელსაც ემეგობრებოდა, ორი ათასი დოლარი ისესხა ერთი გრამი რადიუმის გირაოდ და თუმცა შეერთებულ შტატებში საუნივერსიტეტო თანამდებობა არ გააჩნდა, კოლუმბიის უნივერსიტეტუს ლაბორატორიაში მუშაობის უფლება მოიპოვა.
სამი დღის ექსპერიმენტების შემდეგ დამატებითი ნეიტრონების გამოსხივების შესაძლებლობა თითქოს დადასტურდა. სცილარდი კიდევ უფრო ააფორიაქა მსგავსი ექსპერიმენტების გარდაუვალმა შედეგებმა; ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი ცდები ევროპაშიც ტარდება; მისმა ცოცხალმა წარმოსახვამ კიდევ ერთხელ გაუსწრო მოვლენებს და თავზარდამცემი სიცხადით დაუხატა ატომური იარაღის შექმნისათვის გამალებული შეჯიბრი.
საჭირო იყო მოქმედება. ერთ-ერთი პირველი, ვისაც სცილარდი მოეთათბირა, ფერმი იყო. იტალიელმა მეცნიერმა მოგზაურობა 1938 წლის ნოემბერში სტოკჰოლმით დაიწყო, სადაც მას ნობელის პრემია ელოდებოდა, თანაც მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ფაშისტურ იტალიაში აღარ დაბრუნებულიყო. ახლა ის უკვე სცლარდთან ერთ საუნუვერსიტეტო შენობაში მუშაობდა და ახალგაზრდა ამერიკელ კოლეგასთან ჰერბერტ ანდერსონთან ერთად ნეიტრონების ემისიას იკვლევდა. თავიდან ფერმიმ უყოყმანოდ უკუაგდო უნგრელი კოლეგის იდეა მეცნიერის მიერ ნებაყოფლობითი თვითცენზურის დაწესების შესახებ. ბოლოსდაბლოს ის ხომ ახლახან გაეცალა ქვეყანას, სადაც ცენზურამ და გასაიდუმლოებამ ინტელექტუალური ცხოვრება დაამახინჯა.
სცილარდის სხვა კოლეგათა უმრავლესობის რეაქციაც არ იყო დიდად იმედისმომცემი. თავიდან მას მხოლოდ სამი მათგანი დაეთანხმა: ვიგნერი, ტელერი (რომელიც 1935 წელს მისი მეგობრის, გამოვის რეკომენდაციით მიიწვიეს ამერიკის დედაქალაქში, ჯორ4ჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში), და კოპენჰაგენიდან როჩესტერის უნივერიტეტში მოწვევით ახლახან ჩამოსული ვაისკოპფი.
ამ ოთხ ადამიანს არ აღელვებდა ის კონტრარგუმენტი, რომ მეცნიერება საუკუნეების განმავლობაში იდეათა თავისუფალი გაცვლისთვის იბრძვის და არასდროს არ უნდა მიემხროს საპირისპირო პრინციპს. ისინი თავად მთელი ცხოვრება თავისუფლების იდეების მატარებლები და მილიტარიზმის დაუძინებელი მტრები იყვნენ. თუმცა ახლა უკიდურესად განსხვავებული მდგომარეობა შეიქმნა.
მსოფლიო კითხულობდა, როგორ შეძლებს ჰიტლერი დიდი სახელმწიფოების გამოწვევას გაუძლოს. თუ ნედლეულის წყაროებით და სამრეწველო სიმძლავრეებით ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ უპირატესობა მისი მოწინააღმდეგეების მხარესაა, მიუხედავად თვითმფრინავებში და ტანკებში დროებითი უპირატესობისა. იქნებ რამე უცნობი ფაქტორი არსებობს, რომელსაც შეუძლია მოკავშირეთა თვითდაჯერებული გათვლების აყირავება? ის რამდენიმე ფიზიკოსი, რომლებსაც უკვე მაშინ ესმოდათ ატომური იაღაღის არსებობის შესაძლებლობა, ფიქრობდნენ, რომ მათი ეჭვი ამ არაჩვეულებრივი იარაღის ძალაუფლება - პოლიტიკის განტოლებაში უცნობ x სიდიდედ არსებობის შესახებ სავსებით გამართლებულია. თუ ეს ჰიპოთეზა ჭეშმარიტია, ის არა მხოლოდ ხსნის ჰიტლერის პროვოკაციების მზარდ თავხედობას, არამედ ნიშნავს იმას, რომ ის შეგნებულად მიისწრაფის ომისკენ, რომლის მოგებასაც ურანის ბომბის ტუზით აპირებს. თუ ატომური ბომბი მხოლოდ მას ექნება, მისი დამარცხება, მიუხედავად ეკონომიკური სისუსტეებისა, შეუძლებელი გახდება. გერმანელი დიქტატორი მთელი მსოფლიოს დამონებას მოახერხებს. მის შესაჩერებლად რაღაც უნდა გაკეთდეს.
რატომ არ სცადეს შეერთებულ შტატებში ატომის მკვლევარმა ფიზიკოსებმა ეს საბედისწერო საკითხი ჯერ გერმანელ კოლეგებთან გაერკვიათ? ურთიერთნდობა ატომისტ-ფიზიკოსების ოჯახში უკვე ძლიერ შერყეული იყო საიმისოდ, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო. გერმანიის გარეთ რა თქმა უნდა იცოდნენ, რომ ჰიტლერის მთავრობას ცუდი ურთიერთობა აქვს ფიზიკოსებთან. ნობელის პრემიის ლაურეატი ფონ ლაუე რეჟიმს ღიად აკრიტიკებდა: ის ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ რჩებოდა, რომ სწამდა – საზღვარგარეთ სასწავლო თანამდებობათა შეზღუდული რაოდენობით პირველ რიგში ჰიტლერის მიერ უშუალოდ განდევნილებს უნდა ესარგებლათ.
ცნობილი იყო ისიც, რომ ჰაიზენბერგი და თანამემდროვე ფიზიკის სხვა მიმდევრები 1937 წელს Schwarze Korps-ის (SS-ის ყოველკვირეული გამოცემა) თავდასხმის სამიზნეები გახდნენ როგორც “თეთრი ებრაელები.” ცნობილი გახდა მინიატურული ომიც, რომელიც 1934 წელს ვიურცბურგის კონგრესზე გაიმართა ე.წ.”გერმანელი ფიზიკოსების” ფრაქციას და მათ შორის, ვინც თვლიდა, რომ “გერმანული” და “ებრაული” ფიზიკა არ არსებობს და რომ ფიზიკა ან ჭეშმარიტია, ან, მცდარი. მიუხედავად ამისა, გერმანიის გარეთ მყოფი ფიზიკოსები თვლიდნენ, რომ ამ კეთილგონიერ მეცნიერთა წინაარმდეგობა სუსტია იმისათვის, რომ მეცნიერებს შორის შესაძლო საიდუმლო შეთანხმება უზრუნველყოს შემდგომი ატომური კვლევების შეჩერების მიზნით. რაც მთავარია, ვიდრე ჰიტლერი ხელისუფლებაში რჩება, ვერავინ იტყვის, რომ გერმანიაში მყოფ ფიზიკოსებს შანტაჟით ან უხეში ძალის გამოყენებით არ აიძულებენ ნაციონალ-სოციალიზმის მიზნების მისაღწევად იმუშაონ. ასეთი იყო ამერიკელი ფიზიკოსის ბრიჯმენის თვალსაზრისი. მან 1939 წლის თებერვლის ბოლოს Science-ში განაცხადა, რომ სამწუხაროდ ვეღარ დაუშვებდა საკუთარ ლაბორატორიაში ტოტალიტარული ქვეყნების მეცნიერებს და მოუწოდა კოლეგებს იგივე ნაბიჯები გადაედგათ. ის წერდა:
“დავბეჭდე შემდეგი განცხადება, რომელსაც ნებისმიერ შესაძლო სტუმარს ვაცნობ: ” გადავწყვიტე დღეიდან აღარ ვუჩვენო ჩემი დანადგარი და არ ვესაუბრო ჩემს ექსპერიმენტებზე ტოტალიტარული ქვეყნების მოქალაქეებს. ასეთი მოქალაქე აღარაა თავისუფალი პიროვნება და შესაძლოა, ჩააბან ნებისმიერ საქმიანობაში ამ სახელმწიფოს მიზნების მისაღწევად… ტოტალიტარულ ქვეყნებთან სამეცნიერო მიმოცვლის შეწყვეტა ორმაგ მიზანს ემსახურება იმით, რომ აძნელებს მათთვის სამეცნიერო ინფორმაციის მიღებას და ამასთან მათი ქმედებების მიმართ პიროვნული ზიზღის გამოხატვის საშუალებას იძლევა.”
სამეცნიერო ტრადიციის ასეთი დარღვევის მიმართ გასაოცრად ცოტა ვინმემ თუ აღიმაღლა ხმა. თითქმის საყოველთაო გახდა რწმენა იმისა, რომ ჰუმანიზმის და თავისუფლების წინააღმდეგ გამოყენებული უპრეცედენტო დიქტატორული მეთოდებისთვის – რისი ახალი მაგალითიც პრაღის ოკუპაცია იყო - თანაბრად უპრეცედენტო მეთოდები უნდა დაეპირისპირებინათ. ამგვარად შეერთებულ შტატებში სცილარდის იდეამ თანდათან გაიმარჯვა. თვითცენზურა რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ღერძის სახელმწიფოთა მხარდამჭერების მიმართ მუშაობდა, თვით ფერმიც კი, რომელმაცდასაწყისში თავი შორს დაიჭირა, თვითცენზურას ახლა უკვე ნებაყოფლობით დათანხმდა.
ბირთვული ფიზიკის მომავალი სამუშაოების გასაიდუმლოების უჩვეულო იდეაზე სცილარდის ჯგუფს ევროპელი კოლეგების დაყოლიება უფრო გაუჭირდა. სცილარდმა ჟოლიო-კიურის ჯერ კიდევ 1939 წკლის 2 თებერვალს მისწერა რომ ამ ზომისთვისწინასწარ შეემზადებინა: “ორი კვირის წინ, როდესაც ჰანის სტატიამ აქ ჩამოაღწია, რამდენიმე ჩვენგანი იმწამსვე დაინტერესდა, გამოიყოფა თუ არა ნეიტრონები ურანის დაშლისას. ცხადია, რომ თუ ერთზე მეტი ნეიტრონი გამოიყოფა, შესაძლებელი იქნება გარკვეული სახის ჯაჭვური რეაქციაც. გარკვეულ პირობებში ამან შეიძლება ბომბის შექმნამდეც მიგვიყვანოს, რომელიც უკიდურეს სფრთხეს წარმოადგენს ზოგადად, და განსაკუთრებით კი ზოგიერთი მთავრობის ხელში.”
სცილარდი წერილის დაბოლოება გვიჩვენებს გადაგვარებისხარისხს, რომელიც პროგრესის რწმენამ განიცადა მეცნიერებში ამ მძიმე გარემოებათა გამო და არსებითად პროგრესის შიშის ფორმა შეიძინა: “ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ნეიტრონების ემისია ან სულ არ იქნება, ან საკმარისი არ იქნება და საღელვებელიც არაფერი გვექნება.” აქ ის თითქოს ექსპერიმენტის ჩაფლავების სურვილს გამოხატავს.
სცილარდი დაპირდა ჟოლიოს, რომ თუ კვლევის შედეგების ნებაყოფლობით დაფარვაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ, ამას დეპეშით აცნობებდა. მან აგრეთვე იკითხა რასპონდენტის ზოგადი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ჟოლიოს დუმილს შესანიშნავი ახსნა ჰქონდა. ჰანს ფონ ჰალბანთან და ლევ კოვალსკისთან ერთად ის ჯაჭვური რეაქციის ექსპერიმენტული განხორციელების ზღურბლზე იდგა და გადაწყვეტილი ჰქონდა, ამ აღმოჩენაში პირველობა არავისთვის დაეთმო. როდესაც ერთი თვის შემდეგ ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, მან შედეგების გამოქვეყნება ფრანგულ ჟურნალსაც კი არ მიანდო, არამედ ბრიტანულ Nature-ში გააგზავნა, რადგან ის ნაშრომებს სხვა საბუნებისმეტყველო გამოცემებზე უფრო სწრაფად აქვეყნებდა. დაზღვევისათვის კოვალსკი 8 მარტს ლე ბურჟეს აეროპორტშიც კი გააგზავნა, რათა დოკუმენტი უშუალოდ ლონდონში მიმავალ საფოსტო ტომარაში მოეთავსებინა. აი ასეთი, რამდენიმედღიანი პრიორიტეტების დევნამდე დაეცა ატომური კვლევები 1939 წლის გაზაფხულისთვის. ახლა აქ უკვე მწვავე ერთაშორისი შეჯიბრების სული გამეფდა.
როგორც კი მიხვდა, რომ ჟოლიომ მისი წერილიდ ყურად არ იღო, სცილარდმა მეგობრებთან ერთად გააორმაგა მცდელობები, რათა ყველანაირი შემდგომი პუბლიკაციები შეეჩერებინა. ბრიტანელებმა, რომლებიც აქამდე ელოდებოდნენ, როგორ წარიმართებოდა საქმე შეერთებულ შტატებში, ამ მოძრაობას ახლა უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს. ჯონ კოკროფტმა, რეზერფორდის გუნდის ყოფილმა წევრმა, აპრილის შუა რიცხვებში ვიგნერის წერილს უპასუხა. ის სკეპტიკურად უყურებდა ამ ჩანაფიქრის წარმატებას, თუმცა თავად მხარს ენერგიულად უჭერდა: “დირაკმა გადმომცა თქვენი გზავნილი ურანის შესახებ. დღემდე ვთვლიდი, რომ აქედან არაფერი სასარგებლო არ გამოვა რამდენიმე მომდენო წლის განმავლობაში, თუმცა ახალ გარემოებთა გათვალისწინებით გარისკვის უფლება აღარ გვაქვს. “
მეორეს მხრივ, ჟოლიო-კიური მთელი ამ საქმის მიმართ ინდიფერენტულად განწყობილი ჩანდა. ბოლოს, როდესაც ვაისკოფმა 150 სიტყვიანი დეპეშა გაუგზავნა, სადაც მდგომარეობის სერიოზულობას უმტკიცებდა, ის პარიზიდან დეპეშითვე გამოეხმაურა:
“მივიღე სცილარდის წერილი მაგრამ არა დეპეშა წერტილი 31 მარტის წინადადება აზრიანია მაგრამ დაგვიანებულია წერტილი ვიცი წინა კვირაში მეცნიერების სამახურმა გააცნო ამერიკულ პრესას რობერტსის შრომა წერტილი გამოგზავნილია ჟოლიო ჰალბანი კოვარსკი.”
სრული სიმართლეა, როგორც ჟოლიო ამბობს, რომ პრესას რაღაც ინფორმაცია მიაწოდეს. თუმცა ეს რელიზი იმდენად ზოგადი იყო, რომ მისი მომიზეზება შეთანხმებიდან თავის არიდების მცდელობად აღიქმებოდა. მართლაც, ჟოლიო რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედებას განიცდიდა. პირველი ისაა, რომ ის არ აღიქვამდა სცილარდის წერილს სერიოზულად და მას უნგრელი კოლეგის სოლო-გამოსვლად მიიჩნევდა. ვაისკოფის დეპეშა პარიზში 1 აპრილს მიიღეს და ამან კიდევ უფრო გააძლიერა შთაბეჭდილება, რომ წამოწყების უკან მეცნიერთა მცირე ჯგუფი დგას. ოფიციალურ აზროვნებას დაჩვეული ფრანგისთვის ასეთი წინადადებით ამერიკის მეცნიერებათა აკადემია უნდა გამოსულიყო და არა “უცხოელ ინდივიდუალისტთა” მცირე ჯგუფი. თუმცა ამ ფსიქოლოგიურ არგუმენტებზე კიდევ უფრო მძლავრი ჟოლიოს სამკაციანი ჯგუფიდან ერთერთმა პირდაპირ გამოთქვა: “ წინასწარ ვიცოდით, რომ ჩვენ აღმოჩენას პრესა ფრანგული მეცნიერების გამარჯვებად მონათლავდა. იმ დღეებში საზოგადოების ყურადღება ჰაერივით გვჭირდებოდა, რათა მთავრობისგან შემდგომი კვლევების გასაგრძელებლად გულუხვი მხარდაჭერა მოგვეპოვებინა.”
ჟოლიოს პუბლიკაციებმა ამერიკელ კოლეგებში თვითცენზურით ისედაც გამოწვეული გაღიზიანება იმდენად გააძლიერა, რომ პროფესორმა რაბიმ სცილარდი ინახულა და განუცხდადა, რომ თუ ამ საქმეს არ მიატოვებდა, კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუმართმოყვარეობის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა - ის ხომ იქ მხოლოდ სტუმრის სტატუსით მუშაობდა. სცილარდდი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და ურანის ჯაჭვური რეაქციის კვლევაში თავისი პიონერული შრომებიც გამოექვეყნებინა.
ამ გაცხარებულ კამათში ვიგნერმა გამოთქვა აზრი, რომელსაც შემდგომში გადამწყვეტი შედეგები მოჰყვება. მისი თქმით, აუცილებელი იყო ამერიკის მთავრობისათვის “ურანის სიტუაციის” განმარტება. ამას იმით ასაბუთებდა, რომ მთავრობა მზად უნდა ყოფილიყო ნებისმიერი მოულოდნელი საფრთხისათვის - იგულისხმებოდა ჰიტლერის მიერ ატომური ბომბის შექმნა.
აპრილის ბოლოდან ივლისის ბოლომდე სცილარდი მეგობრებთან ერთად თავს იმტვრევდა იმაზე, თუ როგორ გაეგებინებინა ამერიკის მთავრობისთვის ბოლოდროინდელი ატომური კვლევების მნიშვნელობა და მათი შესაძლო ზეგავლენა ომის წარმოების ტექნიკაზე. პირველი ასეთი მცდელობა მთლიანად ჩაფლავდა. 1935 წლის 17 მარტს კოლუმბიის უნივერსიტეტის დეკანის, ჯორჯ პერგამის სარეკომენდაციო წერილით აღჭურვილი ფერმი საზღვაო ოპერაციების ტექნიკური განყოფილების დირექტორის, ადმირალ ჰუპერის სანახავად წავიდა. განიხილეს ატომური ბომბის შექმნის პერსპექტივა, თუმცა ფერმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ადმირალზე დიდი გავლენა, როგორც ჩანს, არ მოუხდენია. ყოველ შემთხვევაში, არც ფერმი და არც რომელიმე სხვა მეცნიერი შემდგომი დისკუსიისათვის აღარ მიუწვევიათ. საინტერესოა, რომ ვაშინგტონის ხელისუფალთა ყურადღება არც აპრილის ბოლოს ნიუ-იორკ ტაიმსის პუბლიკაციამ ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაის შესახებ არ მიიქცია ყურადღება, არადა თვით ბორმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ურან 235-ის მცირე რაოდენობის ნელი ნეიტრონებით დასხივებას შეუძლია ფრთხილი შეფასებებითაც კი მთელი ლაბორატორიის და მისი გარემომცველი ქალაქის ნახევარი ააფეთქოს.
სცილარდს, ვიგნერს, ტელერს და ვაისკოფს შინაგანი და გარეგანი შემაფერხებლების მთელი წყება ჰქონდათ გადასალახი, რათა ამერიკის მთავრობასთან კონტაქტი დაემყარებინათ. პირველ რიგში მათ, როგორც ცენტრალური ევროპიდან გამოსულებს, პრინციპული უნდობლობა ჰქონდათ ნებისმიერი მთავრობის მიმართ, ამას გარდა, არცერთი არ იყო ამერიკელი. ვიგნერის გარდა არცერთს ჯერ მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელი იმიგრანტობის ვადაც კი არ გაევლო.
ვიდრე სცილარდი და მისი მეგობრები ტვინის იჭყლეტნენ იყვნენ, თუ როგორ უნდა მიექციათ რამდენადმე მაინც გავლენიანი ხელსუფალის ყურადღება, მათ კონფიდენციალური ინფორმაცია მიიღეს , რომ მესამე რაიხმა ურანის პრობლემაზე მუშაობა ადგილიდან დაძრა. ამ ამბავმა მათი ყველაზე უფრო უარესი ეჭვები განამტკიცა.
ცნობა მართალი იყო. 1939 წლის აპრილში დოქტორმა დამესმა, მეცნიერების, განათლების და ეროვნული კულტურის სამინისტროს კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, მიიღო ორი ფიზიკოსის, იოოსის და ჰანლეს შეტყობინება “ურანის დანადგარის” შესაძლებლბის შესახებ. მან მოიწვია შეხვედრა ბერლინში, რომელსაც ატომური ფიზიკის ექვსი გერმანელი ექსპერტი ესწრებოდა. ჰანი, რომელმაც ბირთვული დაშლა აღმოაჩინა, შეხვედრას არ დაასწრეს იმ მიზეზით, რომ ის ქიმიკოსი იყო და არა ფიზიკოსი. თუმცა რეალური მიზეზი ის იყო, რომ თავკაცებმა კარგად იცოდნენ, ჰანი ნაციზმს არ რომ არ სწყალობდა და სამეცნიერო წრეებში უთქვამს კიდეც: “იმედი მაქვს, რომ თქვენ, ფიზიკოსები, ვერასდროს ვერ ააწყობთ ურანის ბომბს. თუ ჰიტლერს ხელში ასეთი იარაღი ჩაუვარდება, თავის მოკვლა მომიწევს.”
პირველ ასეთ შეხვედრაზე უნტერ დენ ლინდენის N69-ში საერთოდ არაფერი არ თქმულა ატომურ იარაღზე. დამსწრეები უბრალოდ მსჯელობდნენ ბირთვული დაშლის გამოყენებაზე ავტომობილების ასამოძრავებლად. იოოსის მიერ ატომური კვლევის საგარეო და საშინაო მდგომარეობის მიმოხილვის შემდეგ დაადგინეს, რომ მსგავსი ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. ამაში ერთობლივი მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამ სფეროს ლიდერ ფიზიკოსებს. 30 აპრილს ჩატარებული შეხვედრა გაასაიდუმლოეს. თუმცა ერთ-ერთი მონაწილე, მატაუჰი, ამ ბრძანებას არ დაემორჩილა. იმავე საღამოს სამინისტროში გამართული თათბირის შესახებ მან დოქტორ ფლუგეს, ჰანის უხლოეს და უნიჭიერეს თანამშრომელს შეატყობინა. ფლუგეს რეაქცია ამერიკელი კოლეგებისგან დიამეტრალურად განსხვავებული აღმოჩნდა. მან ჩათვალა, რომ მეცნიერული არმოჩენის, რომელსაც ესოდენ დიდი პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, საზოგადოების ყურედღების მიღმა დატოვება უზარმაზარ რისკებს შეიცავს. პირადად მას საიდუმლოების გაუმჟღავნელობის პირობა არ ზღუდავდა, შესაბამისად მან ურანის ჯაჭვური რეაქციის დეტალური მიმოხილვა გამოაქვეყნა Naturwissenschaften-ის აგვისტოს ნომერში. ამას მოჰყვა თვით ფლუგეს ვრცელი, უფრო გასაგები ტერმინებით შედგენილი ინტერვიუ Deutsche Allgemeine Zeitung-ს - გაზეთს, რომელსაც ნაცისტები გაჭირვებით იტანდნენ.
საუბედუროდ, დოქტორ ფლუგეს პუბლიკაციებმა ამერიკაში ატეხილი განგაში მხოლოდ გააძლიერა. იქ ვერ წარმოედგინათ, რომ გერმანიაში ნაცისტების თანხმობის, ან დავალების გარეშე ერთი სტრიქონიც თუ გამოქვეყნდებოდა. “თუ ნაცისტები ურანის პრობლემაზე ამდენს აქვეყნებენ, ნამდვილად ბევრად მეტიც იციან, ასე რომ უნდა ვიჩქაროთ,” - ასე ჩათვალეს შეერთებულ შტატებში.
ეს ცრუ დასკვნა იყო . 1939 წლის ზაფხულში გერმანელ მკვლევარებთან პირადი კონტაქტის კიდევ ერთი, სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გამოჩნდა. ჰაიზენბერგი შეერთებულ შტატებში კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დეკანს, პერგამს სტუმრობდა. მან სცადა პროფესორობის შეთავაზებით ჰაიზენბერგი ამერიკაში დაეტოვებინა, თუმცა ჰაიზენბერგმა ეს შეთავაზება უარყო, რადგან “შესანიშნავ ახალგაზრდა ფიზიკოსებს” – ასეთი იყო მისი სიტყვები - ვერ მიატოვებდა, რომლებიც მას გერმანიაში ებარა. მან ისიც დაამატა, რომ დარწმუნებულია ჰიტლერის დამარცხებაში, მაგრამ მაინც აპირებს დარჩენას, რათა ეცადოს, გარდაუვალ კატასტოფაში გადაარჩინოს ის, რაც მის ქვეყანაში ფასეულია.
შემდეგი ფრთხილი მცდელობა ფერმიმ განახორციელა ენ ჰარბორში, სადაც იმ ზაფხულს მიჩიგანის უნივერსიტეტში ლექციებს მართავდა. როდესაც ჰაიზენბერგს მათი ჰოლანდიელი კოლეგის, სამუელ გოუდსმიტის სახლში შეხვდა. საუბარი რა თქმა უნდა ჰანის აღმოჩენასთან დაკავშირებულ ამაღევებელ პრობლემებსაც შეეხო.
ჰაიზენბერგი მოგვიანებით იტყვის: “1939 წლის ზაფხულში თორმეტიოდე ადამიანს ჯერ კიდევ შეეძლო შეთანხმების წყალობით ატომური ბომბის შექმნა თავიდან აეცილებინა.” ვის, თუ არა მას და ფერმის, ამ თორმეტეულის უდავო წევრებს, უნდა ეკისრათ ეს ინიციატივა, მაგრამ შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. მათ უღალატა პოლიტიკურმა და ზნეობრივმა ალღომ და მათაც ვერ უერთგულეს მეცნიერების საერთაშორისო ტრადიციას. მათ ვერ შეუსაბამეს ფიქრი და ქმედება მათი აღმოჩენის სამომავლო შედეგებს და ამ კრიტიკულ სიტუაციაში არც საკუთარი პროფესიის მემკვიდრეობითობის რწმენა ეყოთ.
“ის, რომ ფიზიკოსები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, საკმარისი არ აღმოჩნდა.” თქვა ვაიცზეკერმა ომის დამთავრების შემდეგ. “ ალბათ საერთაშორისო ორდენი უნდა შეგვექმნა, რომელიც წევრებზე დისციპლინარული ზემოქმედების უფლებით იქნებოდა აღჭურვილი. თუმცა თანამედროვე მეცნიერების ბუნების გათვალისწინებით ასეთი რამ განა საერთოდ შესაძლებელია?”
No comments:
Post a Comment