1943 წლის ივლისში, ლოს-ალამოსის ლაბორატორიის დირექტორად დანიშვნისას ოპენჰაიმერი ორმოცის იყო. ბევრისთვის ეს ასაკი უმნიშვნელოვანესია. ამ დროს ადგენს ადამიანი თავისი ცხოვრების პირველ რეალურ ბალანსს. ალბათ ამ დროსაა, როდესაც პირველად ვეკითხებით სრული სერიოზულობით ჩვენს გონებაში არსებულ მსაჯულს: “სიყმაწვილეში ჩაფიქრებულიდან რის შესრულება მოვასწარი? რას ვერ მივაღწიე?”
ოპენჰაიმერს ჰქონდა კმაყოფილების საფუძველი. ატომურ კვლევებში ის სერიოზულ თეორეტიკოსად ითვლებოდა. საუნივერსიტეტო წრეებში მას განსაკუთრებულად წარმატებულ და პოპულარულ მასწავლებლად თვლიდნენ. ახალგაზრდას, რომელმაც მაქს ბორნის ხელმძღვანელობით გეტინგენი 1927 წელს წარჩინებით დაამთავრა, ლეიდენსა და ციურიჰში დამატებითი ორწლიანი საწავლის შემდეგ შინ დაბრუნებულს წინ მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია დახვდა. რამდენიმე დიდი უნივერსიტეტი ცდილობდა მის გადაბირებას. მცირე ყოყმანის შემდეგ ის კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) შეთავაზებას დათანხმდა. როდესაც ფაკულტეტის დეკანმა ჰკითხა, რამ განაპირობა მისი არჩევანი, გამაოგნებელი პასუხი მიიღო: “რამდენიმე ძველმა წიგნმა. საუნივერსიტეტო ბილიოთეკის მეთექვსმეტე - მეჩვიდმეტე საუკუნეების ფრანგული პოეზიის კოლექციამ მომაჯადოვა.”
ოპენჰაიმერი არა მხოლოდ ბერკლიში, არამედ პასადენაში, კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტშიც ასწავლიდა. როგორც კი საუნივერსიტეტო ლექციების კურსს ამთავრებდა, სტუდენტთა უმრავლესობა მომავალი სემესტრისთვის ლოს-აჯელესის მახლობლად, მეორე სასწავლო დაწესებულებაში აედევნებოდა ხოლმე. ახალგაზრდობის მიუხედავად, “ოპის” როგორც მას ეძახდნენ, ამერიკელ ფიზიკოსთა მოზარდი თაობა მასწავლებლად და მისაბაძ მაგალითად თვლიდა ზუსტად ისევე, როგორც თავად თვლიდა ატომური კვლევების გიგანტებს სულ რამდენიმე წლის წინ ევროპაში. სტუდენტების თაყვანისცემა გმირისადმი იმდენად დიდი იყო, რომ ცნობიერად თუ არაცნობიერად მას ხასიათის თვისებებითაც კი ბაძავდნენ. თავს მასსავით ცოტა გვერდზე ხრიდნენ, წინადადებებს შორის ჩაახველებდნენ და პაუზას აკეთებდნენ, ლაპარაკის დროს ხელები პირთან ახლოს მიჰქონდათ. მათი გამოხატვის მეთოდები ხშირად აზრის გამოტანას აძნელებდა. მათ უყვარდათ ბუნდოვანი შედარებები, რომლებიც ღრმააზროვნად გამოიყურებოდა და ხშირად იყო კიდეც ასეთი. თავად მწეველს, ოპენჰაიმერს მუდმივად გამზადებული ჰქონდა სანთებელა, თუ ვინმე სიგარეტს ან ჩიბუხს ამოიღებდა. ბერკლის და პასადენას კაფეტერიებში მის სტუდენტებს ამოიცნობდით - მარიონეტებივით აქეთ-იქით რომ დახტოდნენ თითებს შორის მოქცეული პატარა ალებით.
და მაინც, განსხვავებით რეზერფორდისგან, ბორისგან და ბორნისგან, რომლებიც დიდი მასწავლებლები და დიდი მეცნიერები იყვნენ ერთდროულად, ოპენჰაიმერს არავითარი ეპოქის შემქნელი იდეა ჯერ არ შემოეთავაზებინა. მართალია, მან ერთგულ თანამოაზრეთა ჯგუფი შემოიკრიბა, მაგრამ საკუთარი სკოლა არ შეუქმნია. მრავალრიცხოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები უდავოდ თანამედროვე ფიზიკის მზარდი შენობის ფასეული ნაწილი იყო, მაგრამ მათ ახალი საფუძველი არ ჩაუყრია.
მეგობრების აზრით ოპენჰაიმერს აწუხებდა, რომ ჰაიზენბერგის, დირაკის, ჟოლიოს და ფერმის მსგავსად, რომლებიც დაახლოებით მისი ასაკის იყვნენ, მას არ დაუპყრია ფიზიკაში შემოქმედებითი შრომის მწვერვალები. მისი მიღწვები აკადემიურ წრეებში განსაკუთრებულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, მაგრამ საკუთარი, უფრო კრიტიკული თვალსაზრისით მას საკმარისი არ გაეკეთებინა. წარსულის გამოცდილებით უმთავრესად მხოლოდ ახალგაზრდებს შეეძლოთ რადიკალურად ახლებური აზროვნება და ჭეშმარიტად ახალი იდეების მიგნება, ამიტომაც მეორმოცე წლის მოახლოებისას ის თვლიდა, რომ მთავარ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
ამ ეტაპზე მას უეცრად გამოუჩნდა განსაკუთრებული შედეგის მიღწევის შესაძლებლობა სრულიად სხვა მიმართულებით. მას შესთავაზეს ყველა დროის უმძლავრესი იარაღის შექმნა ეთავა.
ატომურ ბომბზე ოპენჰაიმერი მას შემდეგ ფიქრობდა, რაც ბორის მოხსენებიდან ურანის გაყოფის და უზარმაზარი ენერგიის გამოყოფის შესახებ პირველად შეიტყო. 1939 წელს ვაშინგტონში გამართულ შეკრებაზე დანიელმა მეცნიერმა ჰანის შრომა ახსენა და იქვე ყურადღება მიაპყრო იმ დასკვნებს, რომლებიც ფრიშმა და მაიტნერმა გააკეთეს. ამ ინფორმაციამ მსმენელებში ისეთი აფორიაქება გამოიწვია, რომ დამსწრე ფიზიკოსების ნაწილი გამოსვლის დასრულებასაც კი არ დაელოდა და სასწრაფოდ ლაბორატორიებისკენ გაეშურა, რომ ხსენებული ექსპერიმენტები გაემეორებინა. ბორის გამოსვლის თეზისები ტელეგრაფით კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტსაც გაეგზავნა. გერმანელი ფიზიკოსი გენტნერი, რომელიც ბერკლის რადიაციულ ლაბორატორიაში მიწვეულ სტუმრად მუშაობდა, იხსენებს, რომ ზუსტად ამ დღეს დაიწყო “ოპიმ” აფეთქებისთვის აუცილებელი კრიტიკული მასის მიახლოებითი გამოთვლა.
იმ დღიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ვიდრე ოპენჰაიმერს ურანის პრობლემის გასაიდუმლოებულ საწყის შესწავლაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევდნენ. 1941 წლის შემოდგომაზე ის ნობელის პრემიის ლაურეატის, კომპტონის თხოვნით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საგანგებო კომიტეტის ორდღიან შეხვედრას დაესწრო, რომელიც ატომური ენერგიის სამხედრო გამოყენების შესახებ სათათათბიროდ შეიკრიბა. ამ კითხვების ერთობლიობასთან, რომელმაც ბოლოსდაბოლოს მისი ბედი განსაზღვრა, პირველი შეხების შემდეგ ოპენჰაიმერი მასწავლებლის ვალდებულებებს დაუბრუნდა. თუმცა იმ დროიდან მოყოლებული თავიდან ვერ იცილებდა ახალ იარაღთან დაკავშირებულ პრობლემებს. აკადემიურ მოვალეობებთან ერთად ის თავისუფალი დროის დიდ ნაწილს უთმობდა იმის შეფასებას, თუ რა რაოდენობის ურან-235 არის აუცილებელი ატომური აფეთქების გამოსაწვევად. ის იგივე გამოანგარიშებით დაკავდა, რითაც რუდოლფ პაიერლსი და მისი ასისტენტი კლაუს ფუხსი იყვნენ დაკავებულნი იმავე დროს ატლანტიკის გადაღმა, ინგლისში.
საკუთარი ინიციატივით ოპენჰაიმერმა თავისი ინსტიტუტის რადიაციულ ლაბორატორიასთან ერთობლივ მუშაობასაც მოჰკიდა ხელი. ამ ჯგუფს ციკლოტრონის გამომგონებელი ერნესტ ლოურენსი ხელმძღვანელობდა. ისინი ურან 235-ის გამოცალკევების ელექტრომაგნიტურ მეთოდზე მუშაობდნენ, რომელშიც ურან-238-სგან განსხვავებით, შესაძლებელია გაყოფა და შესაბამისად, ჯაჭვური რეაქციის განხორციელება. ოპენჰაიმერმა ორი სტუდენტის დახმარებით გააკეთა აღმოჩენა, რომელმაც ამ მეთოდის ხარჯები 50% - 75% -მდე შეამცირა. კომპტონზე ოპენჰაიმერის ამ შრომამ, რომელიც ყოველგვარი საგანგებო თხოვნისა თუ დავალების გარეშე შესრულდა, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ 1942 წლის დასაწყისში, როდესაც ამერიკული ძალისხმევა ატომური ბომბის დასამზადებლად გიგანტური მასშტაბით გაიშალა, მან სთხოვა ოპენჰაიმერს პროექტით სრულად დაკავებულიყო. იმავე წლის ივლისში ოპენჰაიმერი სათავეში ჩაუდგა მცირე ჯგუფს, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გატაცებით მსჯელობდა FF (fast fision -სწრაფი გაყოფის) ბომბის საუკეთესო ვარიანტის თეორიულ შესაძლებლობებზე. ამ დისკუსიების დროს პირველად ცხადად ამოტივტივდა წყალბადის ბომბის საკითხიც, თუმცა მისი პრაქტიკული განხორციელების განხილვა დროებით გადაიდო უამრავი უცნობი ფაქტორის გათვალისწინებით.
კომპტონმა კვლავ დიდი კმაყოფილება გამოხატა ოპენჰაიმერის მიერ წინსვლის შესახებ ანგარიშის გამო. ამ უკანასკნელის წინამორბედი შესანიშნავი მეცნიერი, მაგრამ უვარგისი ორგანიზატორი გამოდგა. “ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით,” იხსენებს კომპტონი, “რაღაც მართლა კეთდებოდა და თანაც – გასაოცარი სისწრაფით.”
ატომური ბომბის პროექტთან შეხებისას ოპენჰაიმერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შეერთებული შტატების უზარმაზარ ტერიტორიაზე, აგრეთვე ინგლისსა და კანადაში გაფანტული ლაბორატორიების ძალისხმევამ ერთ, გარკვეულ წერტილში უნდა მოიყაროს თავი. სხვანაირად დაბნეულობისა და არასასურველი დუბლირების თავიდან აცილება ვერ მოხერხდება. ის თვლიდა, რომ ლაბორატორიათა ჯგუფი უნდა შეიქმნას ერთ ადგილას, სადაც ერთი ადამიანი უხელმძღვანელებს თეორეტიკოსი და ექსპერიმენტატორი ფიზიკოსების, მათემატიკოსების, შეიარაღებათა ექსpერტების, რადიაციული ქიმიის და მეტალურგიის, აგრეთვე ასაფეთქებელ ნივთიერებათა და ზუსტ გაზომვათა სპეციალისტების კოლექტიურ შრომას.
ოპენჰაიმერის ამ იდეამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა და ვინაიდან ის ახალი სუპერლაბორატორიის არა მხოლოდ სულისჩამდგმელი იყო, არამედ გუნდის არაჩვეულებრივი ლიდერის თვისებებიც გამოამჟღავნა, კომპტონის აზრით სწორედ ის უნდა ჩადგომოდა სათავეში ამ ჯერ კიდევ არარსებულ ექსპერიმენტულ დაწესებულებას. 1942 წლის შემოდგომაზე გენერალი გროვსი პირველად შეხვდა ოპენჰაიმერს. მანჰეტენის პროექტის უკიდურესად დაკავებული შეფის დროის დასაზოგად ეს შეხვედრა, რომელსაც გროვსის ორი უახლოესი სამხედრო თანამშრომელი, პოლკოვნიკები ნიკოლსი და მარშალი ესწრებოდნენ, ჩიკაგოსა და აღმოსავლეთ სანაპიროს შორის რეგულარულად მოსიარულე ჩქაროსნული მატარებლის ბიზნეს კლასის კუპეში დაგეგმეს.
ასეთ სი8ვიწროვეში და ბორბლების კაკუნში გაკეთდა ახალი ლაბორატორიის – ჯერ არ დაბადებული ატომური ბომბის აკვნის პირველი მონახაზი. ნიშანდობლივია წყვდიადის ისარივით გამაპობელი მატარებლის სახელი - Twentieth Century Limited.
სად უნდა განთავსდეს ახალი ლაბორატორია? პირველი ვარაუდი ოუკ-რიჯია (ტენესი), სადაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო ბომბებისთვის ასაფეთქებელის მწარმოებელი ქარხნების მშენებლობა. თუმცა ეს გასაიდუმლოებული ქალაქი ატლანტიკის სანაპიროსთან სახიფათოდ ახლოა. აქ ხომ გერმანული წყალქვეშა ნავები დროდადრო ჯაშუშებს გადმოსხამდნენ ხოლმე. ცოტა ხნის წინ სწორედ ოუკ-რიჯის მიდამოებში ორი გერმანელი აგენტი აიყვანეს. მართალია, მათ არაფერი არ ესაქმებოდათ უზარმაზარ ატომურ ახალმშენებლობასთან. ისინი ცდილობნენ კონტაქტის დამყარებას გარკვეულ გერმანელ-ამერიკელთან, რომელიც შორიახლო, ნოქსვილის ალუმინის ქარხანაში მუშაობდა.
ამან, როგორც ჩანს, იმოქმედა ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე მეორე გასაიდუმლოებული პლუტონიუმის ქარხანა შორს, ჰენფორდში განელაგებინა. მსგავსი მოსაზრებებით აირჩიეს განმარტოებული რეგიონი, რომლის ყიდვაც იაფად შეიძლებოდა ატლატის ოკეანის სანაპიროდან დაშორებით “ობიექტი Y-სთვის”. ოპენჰაიმერმა ჯერ კალიფორნიის გარკვეული ადგილი აირჩია, მაგრამ გროვსმა შესწავლის შემდეგ არჩევანი დაიწუნა დასახლებულ რეგიონთან სიახლოვის გამო. გასათვალისწინებელი იყო წინასწარი ექსპერიმენტების დროს აფეთქების შესაძლებლობა, რომლის რადიოაქტიური გამონაყოფი საფრთხეს შეუქმნიდა სამოქალაქო მოსახლეობას.
მაშინ ოპენჰაიმერმა გაიხსენა გადაკარგული ადგილი ლოს-ალამოსი ნიუ მექსიკოში, სადაც ბიჭობაში პანსიონში ესწავლა. წარსულში მას ბევრჯერ უხუმრია მეგობრებთან: “ორი ჩემი უდიდესი სიყვარული ფიზიკა და ნიუ-მექსიკოა, საწყენია, რომ მათი გაერთიანება შეუძლებელია.” ახლა ეს წარმოუდგენელი ერთიანობა განხორციელებადი გახდა.
ლოს-ალამოსის რენჩ-სქული ვაჟებისათვის 1918 დააარსა გადამდგარმა ოფიცერმა ალფრედ კონელმა. ის ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა ხემეზის მთებში მდებარე პაიარიტოს პლატოს შემადგენელ მაგიდა მთაზე მდებარობდა. რეგიონის სურნელოვანი ფიჭვნარი და კანიონები პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც კი სავსე იყო ნადირითა და ფრინველით, თუმცა მათზე ერთ დროს მონადირე ინდიელებმა მოწითალო-მოიისფრო კლდეების გამოქვაბულები მიატოვეს და ქვემოთ, თიხის ქოხებში გადასახლდნენ. ზევით, მაგიდა მთებზე მხოლოდ მათი “სიწმინდეები” დარჩა.
ერთი ასეთი წმინდა ადგილი ლოს-ალამოსის მაგიდა მთასაც შემორჩა. როდესაც რენჩ-სქულის დამაარსებელმა მიწა მათი მფლობელი ინდიელებისგან იქირავა, მან ვალდებულება იკისრა ზემოხსენებულ ადგილზე არაფერი არ აეშენებინა და არც გზა გაეტარებინა. ადგილი დაბალი მესრით იყო დაცული. ძველად აქ ალბათ ინდიელთა საკულტო ნაგებობა კივაც იდგა. 1942 წლის შემოდგომაზე მოსწავლეებმა სალაღობოდ ღობის იქით რამდენიმე ცარიელი კონსერვის ქილა გადააგდეს. მაიორმა კონელმა ისინი მეორე დილას აღმოაჩინა და საშინელი წინათგრძნობა დაეუფლა. ამას თითქოს არაფერი არ მოჰყოლია, თუმცა ორი-სამი კვირის შემდეგ ციცაბო გზით მანქანა ამოვიდა, რომელსაც ფორმიანი მძღოლი მართავდა. ლოს-ალამოსის სტუმრობით, როგორც წესი, მხოლოდ ბიჭების ნათესავები და მოვაჭრენი თუ იწუხებდნენ თავს. იშვიათი ტურისტები მანქანიდან გადმოდიოდნენ და იქაურობას თვალს შეავლებდნენ ხოლმე.
ეს მანქანა არ შეჩერებულა. მან პლატოს ნელა შემოუარა და უკან გაბრუნდა. მასში გენერალი გროვსი, მისი ორი ადიუტანტი და ოპენჰაიმერი ისხდნენ. “ჩვენ მანქანიდან არ გადმოვსულვართ,” ყვება გროვსი, “რადგან რაღაც არასასურველი განმარტებების მიცემა მოგვიწევდა. საშინლად ციოდა. ეს კარგად დამამახსოვრდა, რადგან თითქმის ყველა ბიჭს მოკლე შარვალი ეცვა და ვიფიქრე, ალბათ იყინებიან მეთქი. უკანა გზაზე მანქანა რამდენჯერმე შევაჩერე იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად დაძლევს გზის მკვეთრ მოსახვევებს ინტენსიური მოძრაობა. შემდეგ საწყის წეტილში, ალბუკერკეში დავბრუნდით.”
ადგილის სრულმა იზოლირებულობამ გროვსი მოხიბლა. მას ეგონა, რომ “ბორცვზე” მხოლოდ ასიოდე მეცნიერი და მათი ოჯახები განთავსდებიან, რომლებსაც ალბათ რამდენიმე ინჟინერი და ტექნიკოსი დაემატება. ის არ დარდობდა არარსებულ საცხოვრისზე – იქ ხომ სასკოლო შენობების გარდა არა იყო რა – არც ციცაბო გზაზე და არც წყლის მწირ მომარაგებაზე. რაოდენ არასწორი გამოდგა შეუცდომელი გენერლის პროგნოზი, როცა პირველი დაზვერვიდან არასრული ერთი წლის შემდეგ იქ უკვე 3 000 ადამიანი ცხოვრობდა და მუშაობდა, კიდევ ერთი წლის თავზე კი ამ რიცხვმა 6 000 შეადგინა.
გროვსი უსწრაფესად ამოქმედდა. საომარი მდგომარეობის კანონებით რენჩ-სქულის დირექტორი ვერაფერს დაუპირისპირებდა მაგიდა მთის და მთელი მისი ნაგებობების სამხედრო საჭიროებით რეკვიზიციას. მან ბიჭები სახლებში დააბრუნა, ლოს-ალამოსი დაცალა და საკომპენსაციო ჩეკი გაანაღდა. ცოტა ხანში ის სანტა-ფეში, ლოს-ალამოსის უახლოეს ქალაქში - მოარული ხმების მიხედვით - დარდისგან გარდაიცვალა.
1942 წლის 25 ნოემბერს სამხედრო მდივნის მოადგილემ, ჯონ მაკკოიმ ლოს-ალამოსის შესყიდვის განკარგულება გასცა. რამდენიმე დღეში მუშების პირველი ჯგუფები ბორცვზე უკვე “ტექნიკური რაიონის” სახელოსნოებისა და ლაბორატორიების საძირკვლებისთვის მიწას თხრიდნენ. 1943 წლის მარტში პირველი ატომური ფიზიკოსები გამოჩნდნენ. ივნისში გზა უკვე ჩახერგილი იყო სხვადასხვა საუნივერსიტეტო ლაბორატორიებიდან შეგროვებული დანადგარებით და ბირთვული ფიზიკის ახალმა აღმოჩენებმაც ლოს-ალამოსში გადმოინაცვლა.
ოპენჰაიმერის დანიშვნის გადაწყეტილებამ გროვსი უმალ კრიტიკის სამიზნედ აქცია. “მსაყვედურობდნენ, რომ ამდენი “პრიმა დონას” ხელმძღვანელს საკმარისი ავტორიტეტისთვის ნობელის პრემია ან თუნდაც რამდენადმე უფრო მოწიფული ასაკი მაინც უნდა ჰქონოდა. თუმცა მე ოპენჰაიმერს ჩავეჭიდე და მისმა წარმატებამ დაადასტურა, რომ არ შევმცდარვარ. ვერავინ გააკეთებდა იმას, რაც ამ კაცმა შეძლო,” იხსენებს გროვსი.
გენერალი ძალიან მომთხოვნი იყო ხელქვეითების მიმართ, თუმცა ოპენჰაიმერი ისეთი თავდავიწყებით მიეცა საქმეს, რომ გროვსსაც კი ეშინოდა, ზედმეტად არ გადატვირთულიყო. მან ოპენჰაიმერის დაწვრილებითი სამედიცინო გამოკვლევის შედეგები გამოითხოვა და იცოდა, რომ ის მრავალი წელი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. იმ დღეებში ოპენჰაიმერს თითქოს ფიზიკური მარაგების მოულოდნელი წყარო გაეხსნა. პირველი, რაც მას უნდა გაეკეთებინა, მთელი ქვეყნის შემოვლა და ფიზიკოსების დარწმუნება იყო, რათა უდაბნოს მომიჯნავე ახალ საიდუმლო ლაბორატორიაში სამუშაოდ გადმოებირებინა. მას უნდა მოეხერხებინა მრავალ მის კოლეგაში S-I პროექტის მიმართ გაბატონებული უნდობლობა დაეძლია. ორზე მეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობათა გადაფარვების გამო პროექტის ჩიხში მოქცევამ ფიზიკოსებში ისეთი განწყობა შექმნა, რომ ამ საქმიდან სასიკეთო არაფერი გამოვიდოდა. მსგავსი ეჭვების გასაქარვებლად ოპის ხშირად უწევდა უსაფრთხოების მოსაზრებებით მოხაზულ საზღვრებს მიღმა შეტოპვა, როდესაც ახალი კვლევის შედეგებს და მიზნებს აღწერდა.
იმ დროს მას, ისევე როგორც საქმეში ჩახედულთაგან საუკეთესოებს, მაგალითად ჰანს ბეთეს, სჯეროდა, რომ ბომბის დამზადება ერთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. მართალია, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ახალი იარაღი თავის საქმეს გააკეთებს და ფშუტე არ აღმოჩნდება. ის არც იმას მალავდა, რომ ლოს-ალამოსში წასვლაზე დათანხმებულს მეტნაკლებად შემზღუდავ ხელშეკრულებაზე მოუწევს ხელის მოწერა, რომელიც ომის ბოლომდე იქ დარჩენას დაავალდებულებს, რომ ის და მისი ოჯახი გარე სამყაროს მოწყეტილები ინებიან და ცხოვრებაც არაკომფორტულ პირობებში მოუწევთ.
მიუხედავად სიძნელეთა გულწრფელი აღიარებისა, მის მიერ წარმოებული კამპანია მოულოდნელად წარმატებული გამოდგა. განსხვავებული თვალსაზრისის დანახვის მისი შესანიშნავი უნარი ეხმარებოდა მას ეჭვების გასაქარწყლებლად სწორი პასუხების პოვნაში. ზოგ ფიზიკოსს ის გერმანული ატომური ბომბის პერსპექტივით თრგუნავდა, ზოგს ნიუ-მექსიკოს ბუნების მშვენიერებათა აღწერით ხიბლავდა. თუმცა იყო ერთი რამ, რასაც უკლებლივ ყველას გადასცემდა -- ჯერ კიდევ ახალ სფეროში გზამკვლევის განუმეორებელი განცდა. თუმცა სავარაუდოდ, მათი უმრავლესობისთვის, ვისაც ის მიმართავდა, უკიდურესად ახალგაზრდა ასაკის გამო, თანხმობის ძირითადი მიზეზი ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით მუშაობა იყო. პიროვნულმა მიმზიდველობამ, რომელიც აქამდე ძირითადად მის სტუდენტებზე – ქალებსა თუ ვაჟებზე ერთნაირად ახდენდა ზეგავლენას, ახლა უფრო ფართო წრე მონუსხა. ოპენჰაიმერს არაფერი ჰქონდა საერთო მტვერივით გამომშრალ ვიწრო სპეციალისტთან. ის თავისუფლად მიმართავდა დანტეს და პრუსტს, წინააღმდეგობის გასაქრწყლებლად მოიშველიებდა ინდუს ბრძენთა ნაწერებს, რომელიც ორიგინალში ჰქონდა წაკითხული. და საერთოდაც – თითქოს შინაგანი, სულიერი ცეცხლით იყო განათებული. ძალიან მომხიბლავი უნდა ყოფილიყო ასეთ და სხვა გამოჩენილ ატომურ ფიზიკოსებთან ესოდენ მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ჩვეულებრივ, მშვიდობიან დროს წარმოუდგენელი იქნებოდა. ოპენჰაიმერი მართლაც ფლობდა, როგორც ერთმა მისმა მსხვერპლმა ჩამოაყალიბა – პატივისცემით, მაგრამ გამაოგნებლად – “ინტელექტუალ სექსაპილურობას.”
1943 წლის გაზაფხულზე მთვლემარე ქალაქ სანტა-ფეში, რომელიც ოდესღაც მექსიკის მმართველი ვიცე-მეფეების რეზიდენცია იყო, უცნაური ტურისტები გამოჩნდნენ. მათ არ აინტერესებდათ არც ისტორიული ძეგლები და არც ვერცხლის სამკაულები, თანაც ეტყობოდათ, რომ ძალიან ჩქარობდნენ, რადგან ჯარების მოულოდნელი გადაადგილების, გაწყვეტილი კავშირებისა თუ და ფრენის არეული განრიგის გამო საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ ბრძანებაში მითითებულ დროს, რომლის მიხედვითაც უნდა გამოცხადებულიყვნენ მისამართზე: სანტა-ფე, ისთ-პალასი N 109. აქედან უნდა მომხდარიყო მათი გადაყვანა საიდუმლო დანიშნულების წერტილში, 35 მილით დაშორებულ ‘პუნქტ Y-ში’.
მითითებულ მისამართზე მისვლისას ახალწვეული აღმოაჩენდა, რომ ნაცვლად უღიმღამო სახაზინო შენობისა, რომლებიც მოხელეებს უკავიათ მთელ მსოფლიოში, უძველეს ნაჭედ კარიბჭესთან დგას, რომელიც ესპანური ტიპის თვალწარმტაც შიდა ეზოში გადის. ეს იმდენად არაჩვეულებრივი და მოულოდნელი იყო, რომ მომაჯადოებელ ზემოქმედებას ახდენდა.
პატიოს მეორე მხარეს, საიდანაც მიწისქვეშა გასასვლელი 300 წლის წინ გუბერნატორის სასახლეში მიდიოდა, ფრანგული ფანჯრის გავლით ახლამოსულები მომცრო ოთახში ხვდებოდნენ, სადაც მათ დიდი ხნის უნახავი შვილივით ხვდებოდა დედობრივად თბილი დოროთი მაკკიბენი. ის წამსვე აწყნარებდა გადაღლილ და ანერვიულებულ სტუმარს. ყველაზე დათრგუნული ფ…...ებიც კი (კატეგორიულად აკრძალული იყო ახალმოსულის პროფესიის აღმნიშვნელი სახელის ხსენება) სწრაფად მოეშვებოდნენ ხოლმე, როდესაც კეთილგანწყობილი დოროთი იწყებდა მათ კითხვებზე პასუხის გაცემას. “ჩემი დანადგარები ჩამოვიდა? გვითხრეს, რომ ჩვენი ავეჯი აქ დაგვხვდებოდა...სად უნდა ვიცხოვრო? ეგ რა ჯანდაბაა? ხვალამდე პუნქტ Y-სკენ ავტობუსი არ იქნება? კი, მაგრამ მე ხომ ლექცია შევწყვიტე, აქ რომ დროზე ჩამოვსულიყავი…”
მისის მაკქიბენს მზა პასუხები ჰქონდა ყველა ამ კითხვასა თუ მოთხოვნაზე. ის ახამოსულებს სანტა-ფეს ახლომახლო რანჩოებზე აბინავებდა, რადგან პუნქტ Y-ში მეცნიერთა საცხოვრისი ჯერ არ აეგოთ და ადგილი ჯერჯერობით მხოლოდ აპარატურისთვის მოიპოვებოდა. ის ზრუნავდა დაკარგული ბაგაჟის და ბავშვების პოვნაზე. ახალჩამოსული მისგან იქებდა, რომ ამიერიდან მისი მისამართია “შეერთებული შტატების სამხედრო ფოსტის ყუთი 1663” და რომ საიდენტიფიკაციო საბუთებში მხოლოდ პსევდონიმი ან ნომერი უნდა მიუთითოს.
განსაკუთრებული სიმკაცრით იკრძალებოდა სანტა-ფეში ერთმანეთისთვის წოდებებით - დოქტორო, პროფესორო – მიმართვა, იქაურებს რომ არ შეემჩნიათ უნივერსიტეტელების უეცარი მომრავლება. როდესაც ახალჩამოსულმა ტელერმა დამხვდურ კოლეგა ალისონს ჰკითხა, ვინ იყო გამოსახული სანტა-ფეს კათედრალის წინ აღმართულ ქანდაკებაზე, ასეთი პასუხი მიიღო: “არქიეპისკოპოსი ლამია, თუმცა თუ გკითხეს, სჯობს თქვა, რომ მისტერ ლამია, თუ არ გინდა დოროთი კუდზე დაგაჯდეს.”
“ყველა ძალიან ჩქარობდა და ერთი დღის დაკარგვაც კი არ შეიძლებოდა.” იხსენებს დოროთი მაკქიბენი.”ყველაფერი ეს დიდებული თავგადასავალივით იწყებოდა.” თხუტმეტი წლის და ურანისა თუ წყალბადის რამდენიმე ათეული ბომბის აფეთქების შემდეგ ის კვლავ ადგილზეა, ისევ იმ ოფისში, ამჯერად მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფთა ჩარჩოში ჩასმული ფოტოებით გარემოცული. “დღეს ძალიან სერიოზულები ჩანან, მაშინ კი იმედიანი ენთუზიაზმით იყვნენ აღსავსენი. ეტყობა კარგა ხნის შემდეგ იგრძნეს თავიანთი საქმის შემაძრწუნებელი სერიოზულობა,” ამბობს ის დღეს.Ს
ყოველ დილას ავტობუსები რანჩოებს ჩამოივლიდნენ და ახალჩამოსული ექსპერტები ლოს-ალამოსის მაგიდა მთაზე მიჰყავდათ. ყოფილა, რომ მძღოლს დავიწყებია რომელიმე ფერმაში შევლა. მაშინ ისთ პალასის 109 ნომერში ტელეფონის ზარს ასე უპასუხებდნენ: “ვეცდებით დღის განმავლობაში რაიმე ტრანსპორტი გიპოვოთ. თუ არა და ვშიშობ, მხედრულ ჩვევებში გავარჯიშება მოგიწევთ.” ისინიც კი, ვისაც უზანგში ფეხი ცხოვრებაში არ გაუყრია, მალე ამ მზიანი მხარის პირველი პიონერების ცხოვრების წესს ეჩვეოდნენ. ბორცვზე ნორმალური საარსებო პირობების შემნის მოლოდინში ხშირად საკვებს თითქოს პიკნიკზე, გარეთ ამზადებდნენ და იღებდნენ, დატვირთული ცხენებითა და კარვებით იკვლევდნენ კანიონებს, სადაც საიდუმლო საცდელი დანადგარები უნდა გამართულიყო. ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით ევროპელი მეცნიერები, თავს ველური დასავლეთის რომანის გმირებად გრძნობდნენ. კვირაობით ისინი ძალიან გრძელ გასასეირნებელ მარშრუტებს ირჩევდნენ. ბეთემ და მისმა ცოლმა ლოს-ალამოსის გარემომცველი რამდენიმე “ხელუხლებელი” პიკიც კი დაიპყრეს.
ოპენჰაიმერი თავის სტიქიაში იყო. თავის ძმასთან, ფრენკთან ერთად მას ბევრჟერ გაეტარებინა არდადეგები ლოს-ალამოსის შორიახლოს, უკაცრიელ ფერმაში, სადაც ორივენი კოვბოის ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ახლა ხშირად ნახავდით, როგორ დაძვრებოდა ის რომელიმე მშენებარე ობიექტზე ადგილობრივივით გარუჯული, ჯინსში, ვერცხლით გაწყობილ ქამრით და ჭრელი პერანგით, თუ თავის ჩვეულ ტურნეში არ იმყოფებოდა. ბერკლიში ის რაც შეიძლება უფრო გვიან დგებოდა და მოითხოვდა, რომ თერთმეტ საათზე ადრე ლექცია არ დაენიშნათ, აქ კი განთიადზე იღვიძებდა. დაუღალავი “ოპი” არა მარტო ყველა მეცნიერს, არამედ მუშათა უმრავლესობასაც კი სახელებით იცნობდა. თხუთმეტი წელი გავიდა, ისინი კი მისის მაკქიბენთან “სენიორ” ოპენჰაიმერს ხშირად მოიკითხავენ ხოლმე. “პრაქტიკულად ყველა, ვისაც კი ლოს-ალამოსში მშენებლობაზე უმუშავია, მისთვის სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებდა,” ამბობს ის.
ლოს-ალამოსში იმ დღეების ამაღლებული განწყობა სამეცნიერო შეკრებებზეც კი იგრძნობოდა, რომლებსაც ჩვეულებრივად ოპენჰაიმერი უძღვებოდა ხოლმე. განყოფილებებად და ჯგუფებად ხისტი დაყოფა გვიანდელი ამბავია, რომელიც ჯერ არ დაწყებულიყო. ერთერთ ასეთ ადრეულ, მნიშვნელოვან შეკრებაზე ედვარდ ტელერმა ბომბის შინაგანი აგებულება – ორი ნახევარსფერო, რომელიც მოცემულ დროს შეხებაში მოდის და მასა კრიტიკულ წერტილს აღწევს – ლიმერიკით აღწერა. აი ასეთი იყო ის უდარდელი სულისკვეთება, რომლითაც უსაშინლეს იარაღზე მუშაობა დაიწყო.
No comments:
Post a Comment