11. ატომის მეცნიერები ატომური ბომბის წინააღმდეგ 1944 - 45

ვაიცზეკერის ქაღალდების აღმოჩენიდან სულ მცირე ხანში გოუდსმითმა ალსოსის ჯგუფს სამხედრო დეპარტამენთან მეკავშირედ მიმაგრებულ მაიორს სეირნობისას გაანდო:

“განა შესანიშნავი არაა, რომ გერმანელებს ატომური ბომბი არ გააჩნიათ? ახლა ჩვენ ჩვენის გამოყენება აღარ მოგვიწევს.”

პროფესიონალი სამხედროს პასუხმა ის შეაძრწუნა, რადგან მილიტარული აზროვნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ მას ათქმევინა: ”უნდა გესმოდეს, სემ, რომ თუ ასეთი იარაღი გვაქვს, მას გამოვიყენებთ კიდეც.”

გოუდსმითის მსგავსი ფიქრები იმ ფიზიკოსებსაც აწუხებდათ, რომლებიც გროვსის სათაო ოფისში ექსპერტების როლში საომარი მოქმედებების ადგილიდან მოსულ გოუდსმითის ანგარიშებს კითხულობდნენ. ალსოსის აგენტების ყველა ანგარიში, რომლებმაც ამ დროისთვის ჰაიდელბერგში, ცელეში, ჰამბურგში და თიურინგიის ილმში უკვე ურანის საზოგადოების ყველა წევრი ხელთ იგდეს, მათ შორის ბოლოს და ბოლოს ჰაიზენბერგიც, საკუთარ სახლში, ურფელდის მახლობლად, ნათელი მოჰფინა იმას, რომ გერმანელებს არანაირი ატომური ბომბი არ გააჩნიათ. მათ ასეთი იარაღის წარმოებისათვის აუცილებელი წინასწარი პრაქტიკული პირობებიც კი არ შეუქმნიათ. ალსოსის მისიის ანგარიშები გერმანული ატომური ბომბის არარსებობაზე რა თქმა უნდა, “სრულიად საიდუმლო” იყო, თუმცა უსაფრთხოების ვერანაირი ზომები ვერ შეაჩერებდა ამ გასაოცარი ამბის ლოს-ალამოსის ლაბორატორიებში გავრცელებას, სადაც მას ენერგიულად განიხილავდნენ.

ამ ანგარიშებმა ფიზიკოსები სრულიად ახლებურ ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მოაქცია. ვარაუდს, რომლითაც ისინი მუშაობას შეუდგნენ, ყავლი გაუვიდა. გამართლებულია თუ არა ბომბზე მუშაობის გაგრძელება პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით? რა თქმა უნდა არა! იაპონელები, რომლებიც მოკავშირეთა ახლა უკვე ერთადერთი მტერია, არანაირ საშუალებას არ ფლობენ ასეთი იარაღის შესაქმნელად – ეს დანამდვილებითაა ცნობილი.

მეორეს მხრივ, თანამედროვე მეცნიერების და ტექნოლოგიის სულისკვეთების საპირისპირო იქნებოდა შესწავლის ახალი სფეროს განვითარებაზე საკუთარი ნებით ხელის აღება, რაოდენ საშიშიც არ უნდა ყოფილიყო ის და საქმის შუა გზაზე მიტოვება. შესაბამისად, ლაბორატორიებში მუშაობის გასაგრძელებლად პოლიტიკური და ზნეობრივი საფუძვლების შესაქმნელად ახალ პირობებში ახალი დასაბუთების მოძებნა გახდა აუცილებელი. ასეთი არგუმენტებიც მალე გამოჩნდა. ისინი დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურებოდა: “ თუ ამ იარაღს არ შევქნმნით და მსოფლიოს საჯარო ექსპერიმენტით არ დავანახებთ მის შემზარავ თვისებებს, რომელიმე სხვა უპრინციპო სახელმწიფო ეცდება ამის საიდუმლოდ გაკეთებას. მსოფლიოში მშვიდობის შესანარჩუნებლად აჯობებს, თუ კაცობრიობა ბოლოსდაბოლოს გაიგებს, სად დგას.” ასეთი იყო მაგალითად, ნილს ბორის მიდგომა წარმოქნილ კონფიდენციალურ დისკუსიებში. თუმცა კიდევ უფრო ძლიერი არგუმენტი ასე ჟღერდა:”კაცობრიობას სჭირდება ენერგიის ახალი წყარო , რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ. ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს, ისაა, რომ უნდა უზუნველვყოთ მომავალში მისი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გამოყენება.”

ასეთ პრობლემებზე ყველაზე უფრო გაცხოველებული მსჯელობა ჩიკაგოს მეტალურგიულ ლაბორატორიაში მიმდინარეობდა. ვინაიდან 1944 წლიდან განვითარების მთავარმა სიმძიმემ ოუკ-რიჯში, ჰენფორდსა და ლოს-ალამოსში გადაინაცვლა, ჩიკაგოში, სადაც ატომური პროექტის პირველი წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა, შესაძლებელი გახდა ამ განხილვებისთვის მეტი დროის დათმობა. სწორედ ჩიკაგოში გაისმა მეცნიერთა შორის პირველი პროტესტები იაპონიის ომში ბომბის გამოყენების წინააღმდეგ. აქვე განიხილეს პირველად ატომური ენერგიის საერთაშორისო კონტროლის და მშვიდობიანი გამოყენების საკითხები. სწორედ ჩიკაგოში, ჯერ კიდევ 1944 წლის ზაფხულში შეიქმნა ატომის მკვლევართა კომიტეტი ზეი ჯეფერსის თავმჯდომარეობით, რომელიც მშვიდობიანობის დროს ჯენერალ ელექტრიკის ერთ-ერთი დირექტორი იყო. კომიტეტმა რამდენიმე ანგარიში შეადგინა ახალი ეპოქალური აღმოჩენების შესაძლებლობებსა და საშიშროებებზე, რომლებიც გენერალ გროვსს ‘ბირთვული პერსპექტივის” სათაურით წარუდგინეს.

ამ კომიტეტისგან დამოუკიდებლად ბორი 1944 წლის დასაწყისიდან შეუდგა “ახალი ენერგიის” მშვიდობიანი გამოყენების განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკური პრობლემების შესწავლას. დიდი დანიელი მეცნიერი არ იზიარებდა ღერძის ქვეყნებთან დაპირისპირებული ალიანსის მთავარ მონაწილეთა შორის მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს. მან წინასწარ განჭვრიტა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ომის შემდეგ დაპირისპირებისა და კონფლიქტის წარმოქმნის შესაძლებლობა. სამ დიდ სახელმწიფოს, შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს და საბჭოთა რუსეთს შორის ატომური ენერგიის ყველანაირი გამოყენების ერთობლივი კონტროლის შესაძლებლობას ბორი უფრო რეალურად მიიჩნევდა ატომური ბომბის შექმნამდე ან მის ომში რეალურად გამოყენაბმდე.

1944 წლის 26 აგვისტოს ნაშუდღევს, ოთხ საათზე ფრანკლინ რუზველტმა ბორი თეთრ სახლში მიიღო. მისი მიზანი იმ პრობლემებზე მსჯელობა იყო, რომლებიც მან პრეზიდენტ რუზველტს და ჩერჩილს 3 ივლისს ვრცელი მემორანდუმის სახით გაუგზავნა და რომლებიც უახლოეს მომავალში სავარაუდოდ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უნდა გამხდარიყო. მეცნიერი აპირებდა ყურადღება გაემახვილებინა იმაზე, რომ ახალმა ენერგიამ შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანოს ესოდენ განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის მქონე ბოლშევიკური რუსეთისა და მისი პარტნიორების ურთიერთდაპირისპირებული პოზიციების შერიგებაში. მისი აზრით წინასწარი და ჯერ კიდევ არაოფიციალური კონტაქტების ინიციირებისთვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო მეცნიერთა საერთაშორისო ურთიერთობები, რომლებიც მხოლოდ დროებით შეწყდა. ბორი იმედოვნებდა, რომ სახელმწიფოთა ოჯახის შექმნა ატომურ მეცნიერთა კვლავ გამთლიანებული ოჯახის სულისკვეთების საშუალებით მოხერხდებოდა.

იმ საუბრის პერიპეტიები უცნობია. რუზველტი არასდროს არ იწერდა კერძო ხასიათის ასეთ შეხვედრებს. ბორი დღესაც თვლის, რომ მისი ვალია საიდუმლო შეინახოს. თუმცა ნათელია, რომ პრეზიდენტი არ დაეთანხმა ბორის წინადადებას. შესაძლოა, ეს ნაადრევად ჩათვალა, ან იქნებ ბორმა, რომელიც ხანგრძლივ საუბარში განსაკუთრებლად დამარწმუნებელი იყო, ეს თვისება მოკლე შეხვედრაში ჯეროვნად ვერ გამოიყენა.

ვარაუდთაგან უკანასკნელი უფრო სარწმუნო ჩანს, განსაკუთრებით ფიზიკოსის, ლორდ ჩერველის ცნობის გათვალისწინებით, რომელსაც ის ბორსა და ჩერჩილს შორის შემდგარ ანალოგიურ შეხვედრაზე გვაწვდის. ის იხსენებს, რომ ჩერჩილი მეცნიერს ნახევარი საათი ხმის ამოუღებლად უსმენდა, შემდეგ მოულოდნელად ადგა და სიჩუმე მანამდე დაარღვია, ვიდრე ბორმა თავისი ხმადაბალი და დეტალებით გაჯერებული ახსნა-განმარტება დაასრულა. პრემიერ-მინისტრი თურმე ჩერველს მიბრუნდა და თავის გაქნევით ჰკითხა: ”რაზე ლაპარაკობს, ფიზიკაზე თუ პოლიტიკაზე?”*

ბორის მსგავსად ალექსანდერ საქსმაც გააცნობიერა პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ატომური ბომბის შექმნაში. ბორის მიერ გადაგმული ნაბიჯების შემდეგ მანაც სცადა ამერიკის პრეზიდენტის დარწმუნება იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაეკავებინა გარკვეული პოზიცია ახალ იარაღთან მიმართებით. რუზველტის “ანონიმმა მრჩეველმა” რომელმაც ის ხუთი წლის წინ დაარწმუნა მისი შექმნის დაწყების ნიშანი გაეცა, 1944 წლის დეკემბერში მას მემორანდუმი მოუმზადა და წაუკითხა, სადაც ახალი იარაღის პირველად გამოყენების პირობები განიხილებოდა. ხანგრძლივი განსჯით ორნი შემდეგ დასკვნებამდე მივიდნენ, რომლებიც აქ საქსის მიერ რობერტ პ. პატერსონისთვის გადაცემული ვერსიის მიხედვითაა მოყვანილი.

წარმატებული გამოცდის შემდეგ უნდა (ა) გაიმართოს საცდელი დემონსტრაცია საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერებისათვის მოკავშირე ქვეყნებიდან და დამატებით, ნეიტრალური ქვეყნებიდან, აგრეთვე მთავარი რელიგიების წარმომადგენლებისთვის; (ბ) მომზადდეს ანგარიში ატომური იარაღის ძალისა და ბუნების შესახებ მეცნიერებისა და სხვა წარმომადგენლობითი ფიგურების მიერ; (გ) შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების სახელით გამოიცეს გაფრთხილება, რომ ატომური ბომბარდირება მოხდება შერჩეულ ადგილას დანიშნული დროის ფარგლებში, რათა მოხერხდეს იქიდან მოსახლეობის ევაკუაცია; და საბოლოოდ (დ) ატომური იარაღის ძალის ასეთი გააზრების კვალდაკვალ გამოიცეს ულტიმატუმი მტრების დაუყოვნებლი დანებების მოთხოვნით, საიდანაც ცხადი გახდება, რომ დაუმორჩილებლობას მათი ქვეყნებისა და ხალხების ატომური განადგურება მოჰყვება.

იქნებ საქსმა მხოლოდ წარმოიდგინა, რომ რუზველტი მის გეგმას დაეთანხმა? ყოველ შემთხვევაში რუზველტს თავის იმდროინდელ სამხედრო მდივანთან, სტიმსონთან, არასოდეს არ უხსენება ატომური ბომბის გამოყენების დირექტივის მონახაზის არსებობა, თუმცა ამ პრობლებას მოგვიანებით დეტალურად განიხილავდნენ ხოლმე. სტიმსონი, ერთი იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსთაგანი, რომელმაც ყველაფერი იცოდა ბომბის შექმნაზე ჩატარებული სამუშაოს შესახებ, პრეზიდენტს უკანასკნელად 1945 წლის მარტში შეხვდა. მაშინ საუბარი ძირითადად “x”-ს შეეხო – ასე აღნიშნავდა ხოლმე სტიმსონი ბომბს წერილობით დოკუმენტებში უსაფრთხოების მოსაზრებათა გამო. მან დღიურში ჩაინიშნა: “მე მასთან ერთად გავიარე ორი სკოლის მოსაზრებები, რომლებიც ამ პროექტის წარმატების შემთხვევაში მის ომისშემდგომ, მომავალ კონტროლს ეხებოდა. ერთი მათგანი საიდუმლო ჩაკეტილი კონტროლის სიტემაა, რომელსაც იგივე ხალხი განახორციელებს, რაც ახლა, მეორე კი საერთაშორის კონტროლია, რომელიც მეცნიერების თავისუფლებას დაემყარება. მე მას ვუთხარი, რომ ეს საქმე მანამდე უნდა მოწესრიგდეს, ვიდრე ჭურვს გამოვიყენებთ და ის მზად უნდა იყოს საჯარო განცხადების გასაკეთებლად, როგორც კი ეს მოხდება. ამაზე ის დამეთანხმა.”

გენერალ გროვსს თავის მხრივ ეჭვიც კი არ გასჩენია, რომ ბომბს, როგორც კი მზად იქნებოდა, საომარი მიზნით გამოიყენებდნენ. 1945 წლის დასაწყისში, როდესაც რამდენიმე მომბის დამზადებას რამდენიმე თვეში ელოდნენ, მანჰეტენის პროექტის ხელმძღვანელმა თავის უშუალო უფროსს, შტაბის შეფს გენერალ ჯორჯ მარშალს უპატაკა, რომ ახლა უკვე სასურველია ბომბების ომში გამოყენების დეტალური გეგმების შემუშავება და შესაფერისი უფროსი ოფიცრების შერჩევა ამ წინასწარი შესწავლის წარმართვისათვის. მარშალი იმდენად კმაყოფილი იყო გროვსის სამსახურით, რომ უპასუხა: “ამას ყველაფერს თავად ხომ არ მიხედავთ?”

ეს კითხვა არ იყო. ეს იყო ბრძანება. “GG”-ს მხოლოდ გაუხარდა მისი აღსრულება. კარგა ხანია, რაც ის თავიდან მინიჭებულ მშენებლობის სამხედრო მენეჯერის სტატუსს შორს გასცდა. ის ახლა თავს თვლიდა ბირთვული ფიზიკის პრაქტიკულ სპეციალისტად, რომელსაც სამეცნიერო გადაწყეტილებების მიღებაც ხელეწიფება, აგრეთვე დიპლომატად (რომელიც, მაგალითად, საკუთარი მთავრობის ბრიტანელებთან ატომურ პრობლემებზე თანამშრომლობის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა.) აქედან მოყოლებული სტრატეგოსობაც და სახელმიწო მოღვაწეობაც გადაწყვიტა, ვინაიდან ომში ატომური ბომბის გამოყენება უმაღლესი პოლიტიკური მნიშვნელობის კითხვებს უკავშირდებოდა.

აქამდე მისი საქმიანობა მართლაც გიგანტური მასშტაბისა იყო. მისი ხელმძღვანელობით ოუქ-რიჯში იმსიგრძე ქარხნები აშენდა, როგორსაც სხვაგან ვერსად ნახავდით. სამუშაოს ზედამხედველები მათ შემოსავლელად ველოსიპედებს იყენებდნენ. ჰენფორდში 60 000-მა მშენებელმა ქვეყნის უდიდესი ქიმიური საწაარმო ააშენა. ლოს-ალამოსში შვიდი განყოფილება იდუმალი “საბოლოო პროდუქტით” იყო დაკავებული.** ამ სამუშაოს ათასობით ახალი აღმოჩენა და პატენტი მოჰყვა. ჰენფორდში განვითარებული ახალი მნიშვნელოვანი პროცესების მხოლოდ აღწერა ოცდაათ მოცულობით ტომს შეადგენდა. წლების განმავლობაში 150 000 ადამიანის მიერ გაწეული დაძაბული შრომით და ორი მილიარდი დოლარის დანახარჯებით მიღებულ იარაღზე ახლა ნებაყოფლობით ხელი უნდა აეღოთ? გენერალ გროვსს აზრადაც არ მოუვიდოდა ამ თემაზე მსჯელობის გამართვა. ეს იდეა მისთვის იმდენად სულელური ჩანდა, რომ მისი განხილვით თავს არ შეიწუხებდა. ერთ-ერთი ატომური მეცნიერი, რომელიც გროვსთან ახლო კავშირში მუშაობდა აცხადებს, რომ 1945 წლის დასაწყისიდან მოყოლებული გროვსი ერთი ინტენსიური შიშით შეპყრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა – შიშით, რომ ომი უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე მისი ბომბი.

შესაბამისად, გერმანიის კაპიტულაციის შემდეგაც კი ის აგრძელებდა თანამშრომლების დამუხტვას უცვლელი ლოზუნგით: “არცერთი დღე არ უნდა დავკარგოთ.”

უკვე 1945 წლის გაზაფხულზე მანჰეტენის პროექტის ფარგლებში ერთ შემსწავლელ ჯგუფს დავალება მიეცა ბომბის პირველი გამოყენებისთვის სამიზნე შეერჩია. ჯგუფში შედიოდნენ მათემატიკოსები, თეორეტიკოსი ფიზიკოსები, აფეთქების შედეგების სპეციალისტები და მეტეოროლოგები. ეს ჯგუფი, რომელიც ძირითადად მეცნიერებისგან შედგებოდა ოპენჰაიმერის ჩათვლით, მანჰეტენის საინჟინრო რაიონის მიერ შეზღუდული ტირაჟით გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ განსაკუთრებული ბომბის სამიზნე შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

(ა) ვინაიდან ატომური ბომბის ძირითადი დამანგრეველი მოქმედება პირველად აფეთქებაზე და შემდეგ ხანძარზე მოდის, სამიზნე უნდა შეიცავდეს მჭიდრო კარკასულ განაშენიანებას , რომელიც მაქსიმალურად დაზარალდება აფეთქებისა და ხანძრისაგან;

(ბ) აფეთქების მაქსიმალური შედეგი გამოთვლების მიხედვით ერთი მილის რადიუსშია მოქცეული, ამიტომ შერჩეული სამიზნე მინიმუმ ამ ზომის განაშენიანებას უნდა შეიცავდეს.

(გ) შერჩეული სამიზნე მაღალი სტრატეგიული და სამხედრო მნიშვნელობისა უნდა იყოს;

(დ) პირველი სამიზნე შეძლებისდაგვარად ადრეული დაბომბვით არ უნდა იყოს დაზარალებული, რათა ერთეულოვანი ატომური დაბომბვის შედეგი დადგინდეს.

დამატებით გადაწყდა, რომ ამერიკულ ფორმირებებს, რომლებსაც 1945-ში უკვე შეეძლოთ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაეზვერათ ნებისმიერი სამიზნე, ოთხი იაპონური ქალაქი შეგნებულად უნდა დაეზოგათ დაბომბვისაგან, რათა ამ მოჩვენებითი სიმშვიდის შემდეგ შესაძლებელი ყოფილიყო ახალი ბომბით მათი მიწასთან მთლიანად გასწორება.

ატომური ბომბარდირების სიაში ჰიროშიმას, კოკურას და ნიგატას ტაძრების იაპონური ქალაქი კიოტო დაემატა. როდესაც იაპონიის ექსპერტმა, პროფესორმა ედვინ ო. რაიშაუერმა ეს შემზარავი ამბავი გაიგო, თავისი შეფის, მაიორი ალფრედ მაკკორმაკის ოფისში გავარდა სამხედრო დაზვერვის განყოფილებაში. შოკმა ის ცრემლებამდე მიიყვანა. მაკკორმაკმა, კულტურულმა და ჰუმანურმა ნიუ-იორკელმა იურისტმა შეძლო დაერწმუნებინა სამხედრო მდივანი სტიმსონი და კიოტო შავი სიიდან ამოშალეს. 1945 წლის გაზაფხულისთვის ვენდოვერის აეროდრომის პილოტებს პირველი ატომური თავდასმისთვის უკვე ავარჯიშებდნენ. იმავე დროს ლეო სცილარდს, რომლის თაოსნობითაც დაიძრა ადგილიდან ამ იარაღის შექმნა, ათას ერთი ღამის მეთევზესავით ამ საშინელი ჯინის, რომელიც თვითონ გაათავისუფლა, დაჭერის და ბოთლში დამწყვდევის ბოლო მცდელობა ჰქონდა. მოგვიანებით მან გულწრფელად აღწერა იმდროინდელი საკუთარი განცდები: “მთელი 1943 და 1944 წლის ნაწილი იმას ვდარდობდით, რომ გერმანია ატომურ ბომბს ევროპაში შეჭრამდე დაამზადებს… 1945-ში, როდესაც გერმანელებზე ნერვიულობა შევწყვიტეთ, იმაზე დავიწყეთ ნერვიულობა, თუ რა შეუძლია დამართოს შეერთებული შტატების მთავრობამ სხვა ქვეყნებს.”

სიტუაცია სრულად შემობრუნდა. 1939 წლის ზაფხულში სცილარდმა აინშტაინი ინახულა, რათა მისი დახმარებით მთავრობა დაერწმუნებინა ატომური ბომბის, როგორც პრევენციული საშუალების შექმნაში. ახლა, ხუთზე მეტი წლის გასვლის შემდეგ, ის კვლავ მივიდა აინშტაინთან, ამჯერად სრულიად განსხვავებული გლობალური მდგომარეობის ასახსნელად და ზოგადი ტერმინებით - დეტალებში ჩაღმავება უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევას გამოიწვევდა - იმის აღსაწერად, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ატომურ შეიარაღებათა შეჯიბრების გამოიწვიონ. აინშტაინმა კიდევ ერთხელ მოაწერა ხელი გამაფრთხილებელ წერილს, რომელიც სცილარდის დაწვრილებით მემორანდუმთან ერთად პრეზიდენტი რუზველტისთვის იყო განკუთვნილი. სცილარდმა გამოხატა თავისი აზრი, რომ ნებისმიერ მყისიერ სამხედრო უპრატესობას, რომელიც შესაძლოა ატომურმა ბომბმა შეერთებულ შტატებს მოუტანოს, გააქარწყლებს უმძიმესი პოლიტიკური და სტრატეგიული შედეგები. ვერც აინშტაინის დასკვნითმა წერილმა, ვერც სცილარდის მჭერმეტყველმა გაფრთხილებამ ბომბის გამოყენების წინააღმდეგ პრეზიდენტამდე ვერ მიაღწია. ორივე დოკუმენტი ხელუხლებლად იდო მის მაგიდაზე, როდესაც ის 1945 წლის 12 აპრილს უეცრად გარდაიცვალა.

თავიდან, ატომური ბომბარდირებისთვის გამალებული მზადების პირობებში, სცილარდი ვერ პოულობდა ვერანაირ საშუალებას თავისი თხოვნა ახალი პრეზიდენტისთვის, ჰარი ტრუმენისთვის გადაეცა. ვაშინგტონში ამბობდნენ, რომ იმ პირველ კვირებში ყოფილი სენატორი მხოლოდ შეზღუდული წრისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომელიც მეტწილად მისი შტატის, მისურის მკვიდრთაგან შედგებოდა. საბედნიეროდ სცილარდის სამეცნიერო თანამშრომელი ჩიკაგოში მისურის კანზას-სიტიდან იყო. აღმოჩნდა, რომ ის ტრუმენის მდივანს, მეტ კონელის იცნობს, რომელიც, რაღა თქმა უნდა, მისურიდან იყო და სცილარდი მას შეახვედრა.

თავად ახალი პრეზიდენტი მხოლოდ 25 აპრილს იქნა სრულად ინფორმირებული სტიმსონის მიერ დაბომბვის სრულიად საიდუმლო გეგმის შესახებ. ახალი და მოულოდნელი საქმეებით გადატვირთულმა სრულიად გასაგები მიზეზების გამო სცილარდთან შესახვედრად დრო ვერ გამონახა, ამიტომ კონელიმ მეცნიერი ის გავლენიან დემოკრატთან, მოსამართლე ჯეიმს ბირნსთან გააგზავნა, რომელსაც მაშინ არანაირი ოფიციალური პოზიცია არ ეკავა.

სცილარდი თავის მეორანდუმით და აინშტაინის წერილის ასლით იძულებული გახდა სამხრეტ კაროლინაში, ქალაქ სპარტანბურგში, “ჯიმი” ბირნსის პოლიტიკურ შტაბ-ბინაში გამგზავრებულიყო. აქ ატომის მკვევარს, რომელიც მსოფლიოს მოქალაქე გამხდარიყო და მთელი კაცობრიობის ბედი აწუხებდა, დახვდა წარმატებული პოლიტიკოსი, რომელმაც იცოდა, რომ წინ დიდი კარიერული წინსვლა ელოდება. სცილარდის მემორანდუმი ისეთ დაშორებულ პერსპექტივებს განიხილავდა, რომელიც ბირნს არ აღელვებდა. აქ ისეთ საკვირველ და გაუგონარ ღონისძიებებზე იყო ლაპარაკი, როგორებიცაა სახელმწიფო სუვერენიტეტზე ნაწილობრივი ხელის აღება, ამერიკის ტერიტორიაზე საბჭოთა, ხოლო საბჭოთაზე ამერიკული პოლიციის განლაგება, ურანზე და ატომურ ენერგიაზე საერთაშორისო კონტროლის დაწესება. სპარტანბურგის მთვლემარე ატმოსფეროში ეს იდეები არაპრაქტიკულად და შესაძლოა, ისტერიულ ფანტაზიათაც კი აღიქმებოდა.

სცილარდი სწრაფად მიხვდა, რომ ბირნსი მის არგუმენტებს არ თანაუგრძნობდა, თუმც კი დაუინტერესებულობას კეთილგანწყობის ქვეშ მალავდა, როგორც ყველა პროფესიონალ პოლიტიკოსს სჩვევია. “ზედმეტად და უსაფუძვლოდ ხომ არ ღელავთ ყველაფერ ამის გამო? “ ჰკითხა მან სტუმარს, რომლის უცხოური სახელის წარმოთქმა ძალიან გაუჭირდა. “რამდენადაც ვიცი, რუსეთში საერთოდ არ მოიპოვება ურანი.”

სულ რამდენიმე კვირაში ტრუმენმა ჯეიმს ბირნი სახელმწიფო მდივნად დანიშნა. სტიმსონმა პრეზიდენტ რუზველტს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სთხოვა განკარგულება პირველი ატომური ბომბების გამოყენების და მათი შემდგომი დამზადების შესახებ, თუმცა ის ვერ მიიღო. შესაბამისად, პირველივე შეხვედრაზე 1945 წლის აპრილის ბოლოს სტიმსონმა ენერგიულად მოითხოვა მისგამ უსწრაფესად შეექმნა საექსპერო კომისია ამ საკითხებში პრეზიდენტისთვის რჩევების მისაცემად. ამ ამბავმა მანჰეტენის პროექტის ლაბორატორიებში შვება მოჰგვარა იმ მეცნიერებს, ვისაც ზარავდა ბომბის გამოყენების პერსპექტივა და ვინც საერთაშორისო კონტროლის დაწესებას ემხრობოდა, თუმცა იმედი გაუცრუვდათ, როდესაც კომიტეტის შემადგენლობა გაიგეს. წევრებს შორის ხუთი პოლიტიკოსი იყო: სამხედრო მდივანი ჰენრი სტიმსონი, მისი მოადგილე ჯორჯ ჰარისონი, ჯეიმს ბირნსი, როგორც ტრუმენის პირადი წარმომადგენელი, რალფ ბარდი, რომელიც საზღვაო ძალებს წარმოადგენდა და უილიამ კლეიტონი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. დამატებით აქ კიდევ სამი მეცნიერი შეიყვანეს, რომლებიც 1940 წლიდან ხელმძღვანელობდნენ სამხედრო მიზნით წარმოებული კვლევის სრულ ორგანიზაციას. ესენი იყვნენ ვენევარ ბუში, კარლ კომპტონი და ჯეიმს კონანტი. ეს მთავარი კომიტეტი გაძლიერებული იყო ატომური ექსპერტების საგანგებო კომიტეტით, რომელშიც შედიოდნენ: რობერტ ოპენჰაიმერი, ენრიკო ფერმი, არტურ კომპტონი და ერნესტ ლოურენსი. ეს შვიდი მეცნიერი, ალბათ ფერმის გამოკლებით, კოლეგებში სამხედროებთან და პოლიტიკოსებთან კეკლუცობის მოყვარულთა რეპუტაციით სარგებლობდა. ითვლებოდა, რომ ისინი არ გამოხატავდნენ მანჰეტენის პროექტში მონაწილე მრავალი ადამიანის - იქნებ უმრავლესობისაც კი – აზრს. წინადადება ნობელიანტის და მრავალი ფიზიკოსის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნდობით აღჭურვილი ჰაროლდ იურის ჩართვის შესახებ არ გაუთვალისწინებიათ.

ასეთი იყო ამ ჯგუფიდს შემადგენლობა, რომელსაც შეგნებულად ბუნდოვანი “დროებითი კომიტეტი” უწოდეს და რომელიც 31 მაისს და 1 ივნისს შეიკრიბა. მარშალის ბრძანების სიტყვებით რომ ვთქვათ, “ატომური ენერგიის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კაცობრიობისა და სამყაროს ურთიერთობის თვალსაზრისით განსახილველად.” არტურ კომპტონი იხსენებს, რომ სამეცნიერო ჯგუფი, რომლის წევრიც იყო თავად, იმისტვის კი არ შეკრიბეს რომ ეკითხათ, გამოეყენებინათ თუ არა ბომბი, არამედ მხოლოდ იმისთვის, თუ როგორ გამოეყენებინათ. ამ პირველ კონსულტაციაზე ოთხი ატომური ექსპეტი სამწუხაროდ შეზღუდულ ინსტრუქციებს დაჰყვა იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ან თავისი მრავალრიცხოვანი კოლეგების სახელით განეცხადებინათ, რომ ბომბის გამოყენებას დაუშვებლად თვლიან. დროებითი კომიტეტის წინაშე ოპენჰაიმერის პოზიციასთან დაკავშირებით კომპტონი გვამცნობს: “ის ტექნიკურ შეკითხვებზე ტექნიკურ პასუხს იძლეოდა.” პასუხში ნახსენებია, რომ პირველ დარტყმაში 20 000-მდე ადამიანი მოკვდება. ის ფაქტი, რომ ბომბის გამოყენება კომპტონის სიტყვებით “გადაწყვეტილი ჩანდა,” ერთი კაცის გავლენით აიხსნება, რომლის სახელი არც წევრების სიაშია და რომელსაც არც სტიმსონი ახსენებს სხდომის შესახებ შედგენილ ანგარიშში. ამ კაცის სახელი ლესლი გროვსია.

‘”უხერხული იქნებაოდა,” გვიხსნის გროვსი, “მე რომ სამოქალაქო შემადგენლობის კომიტეტში ოფიციალურად დავენიშნეთ. თუმცა ყველა შეხვედრას ვესწრებოდი და ვთვლიდი, რომ ჩემი ვალია ბომბის გამოყენებას რეკომენდაცია გავუწიო. ბოლოსდაბოლოს, იაპონელებთან ომში ყოველდიურად ბევრი ჩვენი ბიჭი იღუპებოდა. რამდენადაც ვიცი, დაბომბვის მოწინააღმდეგე მეცნიერებს ახლო ნათესავები ბრძოლის ველზე არ ჰყავდათ, ამიტომ შეეძლოთ სირბილე გამოეჩინათ.”

კომიტეტის მსჯელობის შედეგი გროვსის სრულ გამარჯვებას მოასწავებდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ ტრუმენს შემდეგი რეკომენდაციები გადასცეს:

(1) ბომბი იაპონიის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას გამოყენებული.

(2)გამოყენება უნდა მოხდეს ორმაგი სამიზნის – ანუ სამხედრო ნაგებობის ან სამხედრო ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც გარემოცულია ან ესაზღვრება მჭიდრო განაშენიანებას, რომელიც მაქსიმალურად ექვემებარება ნგრევას.

(3) ის უნდა იქნას გამოყენებული იარაღის ბუნების შესახებ წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

საზღვაო ძალების წარმომადგენელმა რალფ ბარდმა მესამე რეკომენდაცია იმდენად უსამართლოდ ჩათვალა, რომ მოგვიანებით ამ პუნქტის თავისი მხარდაჭერა გაიწვია. ის ერთადერთი იყო, ვინც თავშეკავებული პროტესტი მაინც გამოხატა.

ალბათ შემთხვევითი არაა, რომ ადამიანურობის მოსაზრებებთან თავის კოლეგებზე უფრო ახლოს ფლოტის წარმომადგენელი აღმოჩნდა. შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში ყოველთვის პატივს სცემდნენ ბრძოლის რაინდულ წესებს. ამ მიდგომის დამახასიათებელია შემთხვევა, რომელსაც ატომური დაბომბვის გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა ადგილი. საზღვაო ძალების დეპარტამენტის მთავარ სამხედრო იურისტს ჰკითხეს იურიდიული თვალსაზრისი ფლოტის განვითარების ლაბორატორიაში შემუშავებული “ბიოლოგიური იარაღის” გამოყენებაზე. ლაპარაკია ბიოქიმიურ ნარევზე, რომელსაც იაპონიის ბრინჯის მოსავალი მთლიანად უნდა გაენადგურებინა, თუ მას ჰაერიდან გამოიყენებდნენ და ქვეყანა შიმშილის პირას დაეყენებინა. იურისტის აზრით ასეთი არაადამიანური იარაღის გამოყენება ომის კანონების დარღვევა იქნებოდა, რაც ფლოტს არ შეეფერება.

ატომური ბომბის გამოყენებამდე რომელიმე კომპეტენტური წყაროდან მსგავსი იურიდიული დასკვნის მიღება არავის არ უცდია.

დროებითი კომიტეტის რეკომენდეციები, რა თქმა უნდა, მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, თუმცა ამ ყველაფერმა ჩიკაგოში, ოუკ-რიჯში და ლოს-ალამოსში გაჟონა. მეცნიერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები უფრო და უფრო იმაღლებდნენ ხმას ბომბის გამოყენების წინააღმდეგ. ჩიკაგოში უნივერსიტეტმა დანიშნა კომიტეტი, რომელსაც დეტალურად უნდა ემსჯელა და მოეხსენებინა “ატომური ენერგიის სოციალური და პოლიტიკური შედეგების” შესახებ. მისი თავმჯდომარე ნობელის პრემიის ლაურეატი, გეტინგენის ყოფილი პროფესორი ჯეიმს ფრანკი იყო. ფრანკის გარდა ალბათ სცილარდმა და ბიოქიმიკოსმა იუჯინ რაბინოვიჩმა შეიტანეს იდეათა უმრავლესობა მემორანდუმში, რომელიც “ფრანკის ანგარიშის” სახელით გახდა ცნობილი.

“ჩიკაგოში აუტანლად ცხელოდა,“ იხსენებს რაბინოვიჩი. “ქუჩაში მივდიოდი და უცებ ხილვა მქონდა, როგორ ინგრევა ცათამბრჯენები გავარვარებული ცის ქვეშ. კაცობრიობის გასაფრთხილებლად რაღაც უნდა გაკეთებულიყო. სიცხის ბრალი იყო თუ შემი შინაგანი აღგზნების, იმ ღამეს ვერ დავიძინე. გათენებამდე ბევრად უფრო ადრე დავიწყე ჩვენი ანგარიშის წერა. ჯეიმს ფრანკმა, როგორც თავისი წვლილი, გვერდნახევრიანი ჩანაწერი მომცა, თუმცა ჩემი ნაწილი ბევრად უფრო დეტალური გამოვიდა.”

შვიდი ჩიკაგოელი მეცნიერი 1945 წლის 22 ივნისს სამხედრო მდივნისათვის პეტიციის ფორმით გაგზავნილ ანგარიშს იწყებს განცხადებით, რომ არ აპირებს ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე ავტორიტეტულ მსჯელობას და რომ ისინი მხოლოდ მოქალაქეთა მცირე ჯგუფს შეადგენენ, რომელთა მოქმედებას განაპირობებს ის საშინელი საფრთხე, რომლის შესახებაც დანარჩენ კაცობრიობას წარმოდგენა არ გააჩნია. მათი ქმედება იმითაცაა ნაკარნახევი, რომ თანამედროვე მეცნიერს აღარ შესწევს უნარი, მსგავსად წინამორბედი მკვლევარებისა, ახალი იარაღისგან დაცვის საშუალების შემოთავაზებისა – იმდენად აღემატება ამ იარაღის დამანგრეველი ძალა ყველაფერს, რაც აქამდე იყო ცნობილი. ასეთი დაცვა, ნათქვამი იყო პეტიციაში, ვერ განხორციელდება მეცნიერული აღმოჩენებით, ის შეიძლება მხოლოდ მსოფლიოს ახალმა პოლიტიკურმა მოწყობამ უზრუნველყოს.

ამ პასაჟს მოსდევს გასაოცარი სიზუსტის წინასწარმეტყველება შეიაღაღებათა მოსალოდნელი შეჯიბრების შესახებ, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ურთიერთნდობაზე დამყარებული კონტროლის დამყარება. სწორედ ეს, არსებითი ნდობა დაირღვევა თავიდანვე, თუ შეერთებული შტატები მოულოდნელ შეტევას განახორციელებს იაპონიაზე იარაღით, რომელიც გერმანული რაკეტების მსგავსად, სამხედროებს და სამოქალაქო პირებს განურჩევლად ანადგურებს. შვიდი მეცნიერი აფრთხილებდა სამხედრო მდივანს: ” ამდენად, სამხედრო უპირატესობა და ამერიკელთა სიცოცხლის გადარჩენა, რომელსაც იაპონიის წინააღმდეგ ბომბების უეცარი გამოყენებით მიიღწევა, შეიძლება გადაწონოს ამ ნაბიჯით გამოწვეულმა ნდობის დაკარგვამ და შიშისა თუ ზიზღის ტალღამ, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს წალეკავს, აგრეთვე აზრთა შესაძლო გაყოფამ შინ.”

ფრანკის ანგარიში იაპონიის დაგეგმილი დაბომბვის ნაცვლად სთავაზობდა ახალი იარაღის მოქმედების დემონსტრირებას უკაცრიელ კუნძულზე ან უდაბნოში, გაერთიანებული ერების წარმომადგენელთა თვალწინ. ანგარიშში ნათქვამია: ”საერთაშორის შეთანხმების მისაღწევად საუკეთესო შესაძლო ატმოსფეროს შექიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ეტვყის მსოფლიოს: “თქვენ ხედავთ, როგორ იარაღს ვფლობთ, მაგრამ არ ვიყენებთ. მზად ვართ, უარვყოთ მისი მომავალი გამოყენება, თუ დანარჩენი ერებიც შემოგვიერთდებიან ამ უარყოფაში და დათანხმდებიან ეფექტური საერთაშორისო კონტროლის დაწესებას.”” კომპტონის თქმით, ფრანკი, როგორც ახსოვს, თავად ჩავიდა ვაშინგტონში და გადასცა ეს ანგარიში, რომელიც მან თავის მხრივ დაუყოვნებლივ გადასცა ჯორჯ ლ. ჰარისონს, სტიმსონის მოადგილეს. ახალი მიმართვის გადაუდებელი ხასიათმა და პატივისცემამ, რომლითაც ფრანკის კომიტეტის შვიდივე წევრი სარგებლობდა, აიძულა სტიმსონი დოკუმენტი ატომური ექსპერტების საბჭოსთვის წარედგინა, რომელსაც ორი კვირით ადრე ეთათბირა.

იმ მომენტში ამ ოთხ ადამიანს – კომპტონს, ფერმის, ოპენჰაიმერსა და ლოურენსს – უეჭეველად შესწევდათ ძალა თავიანთი ჩიკაგოელი კოლეგების შეთავაზებაზე თანხმობით სულ მცირე, გადაევადებინათ და შესაძლოა, საერთოდაც თავიდან აერიდებინათ იაპონიაში სამხედრო სამიზნის გარემომცველ შენობებში მყოფი ადამიანების ატომური ბომბარდირება. “საბჭო მეორედ შეიკრიბა ლოს ალამოსში 1945 წლის 16 ივნისს,” იხსენებს ოპენჰაიმერი ამ განხილვას:” ორი დავალებიდან, რომელიც კომიტეტს ჰქონდა, ერთი საკმაოდ იოლი იყო. ჩვენ გვკითხეს, უნდა იქნას თუ არა ბომბი გამოყენებული. ვფიქრობ, ეს კითხვა იმიტომ დაგვისვეს, რომ მეცნიერთა ძალიან დაფიქრებულმა და პატივცემულმა ჯგუფმა გამოაგზავნა პეტიცია: “არა, არ უნდა იქნას გამოყენებული.” ყველაფრისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ამას არ იზამდნენ. ჩვენ არაფერი არ ვიცოდით იაპონიის სამხედრო მდგომარეობის შესახებ. ჩვენ არ ვიცოდით, რეალურად გარდაუვალია თუ არა შეჭრა, თუ შესაძლებელია სხვა გზით მათი დანებებების იძულება. მაგრამ გონების სიღრმეში ჩვენ გვქონდა აზრი, რომ შეჭრა გარდაუვალია, რადგან ამას გვეუბნებოდნენ. ამ დოკუმენტის განხილვის შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ რაც ვთქვი, ვფიქრობ, იმის დამახასიათებელია, თუ როგორ უნდა პასუხობდეს ტექნიკოსი ადამიანი შეკითხვებს.

ჩვენ ვთქვით, რომ მეცნიერობა არ გვაძლევს რაიმე განსაკუთრებულ კომპეტენციას ამ კითხვაზე და საერთოდ, ბომბების გამოყენება – არგამოყენებაზე პასუხის გასაცემად. ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა წარმოიქმნა – ისეთივე, როგორიც სხვა ადამანებშიც შეიქმნებოდა, ეს რომ სცოდნოდათ. ვფიქრობდით, რომ ორი ურთიერთდაპირისპირებული მოსაზრება იყო ერთის მხრივ, ომში სიცოცხლეთა შენარჩუნება და მეორეს მხრივ , ჩვენი ქმედებების გავლენა სტაბილურობაზე, ჩვენს სიძლიერეზე და ომისშემდგომი მსოფლიოს სტაბილურობაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ერთი ასეთი რამის უდაბნოში პეტარდასავით აფეთქება დიდ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა. “

ასე უარყვეს ჩიკაგოელი შვიდეულის წამოწყება და იაპონიის ბომბარდირების შეჩერების იმედი თითქმის მთლიანად გაქრა.

ასეთია წარუმატებელი პეტიციის და მოკავშირეთა ატომურ მეცნიერებს შორის მზარდი გულგატეხილობის ფონი, რომელზეც უნდა განიხილებოდეს ერთი, იმხანად ოცდათოთხმეტი წყლის ფიზიკოს-თეორეტიკოსის საქციელი. ოთხნახევარი წლის შემდეგ, 1950 წლის იანვრის ბოლოს, ის დიდი ჯაშუშური სკანდალის ცენტრალურ ფიგურად იქცა. ეს ადამიანი კლაუს ფუხსია.

მამამისი კვაკერული თემის წევრი და ქრისტიანი სოციალისტი გერმანელი პასტორი იყო. ატომურ მეცნიერთა ბრიტანული გუნდის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, კლაუს ფუხსი ამერიკაში 1943 წლის ბოლოს, ლოს ალამოსში კი 1944 წლის დეკემბერში ჩავიდა. მანამდე მაქს ბორნის სტუდენტი ედინბურგში და რუდოლფ პაიერლსის ასისტენტი ბირმინჰემში, ფუხსი ცოტა არ იყოს სიტყვაძვირ უკარებად ითვლებოდა. თუმცა ლოს-ალამოსის საერთაშორისო მეცნიერთა შეზღუდულ ჯგუფში ის არნახულად გაიფურჩქნა, ბევრი მეგობარი გაიჩინა და კოლეგებს ყოველგვარ დახმარებას უშურველად სთავაზობდა. მუდმივად მზად იყო ბავშვების მოვლაში ან სანტა-ფეში საყიდლებზე დახმარების აღმოსაჩენად და ყველანაირად ცდილობდა, მოყვასის სიყვარულის ქრისტიანული იდეალის შესაბამისი ყოფილიყო. “ის ყველაზე უფრო კეთილი და დიდბუნებოვანი ადამიანია, რომელიც კი ოდესმე შემხვედრია,” დღემდე ამტკიცებს დოროთი მაკქიბენი.

კოლეგები იხსენებენ, როგორი ყურადღებით ისმენდა ფუხსი დისკუსიებს ბომბთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, რომლებიც 1945 წლის დასაწყისიდან უფრო და უფრო გახშირდა. ის იშვიათად ერთვებოდა ამ კამათში. მხოლოდ ერთხელ, როდესაც ვიღაცამ თქვა: “ყველამ უარი უნდა ვთქვათ მუშაობაზე, რადგან მთავრობა ჩვენთან დაუწერელ შეთანხმებას დაარღვევს, თუ ბომბს სამხედრო აგრესიისთვის გამოიყენებსო,” ფუქსმა მშრალი, გამაოგნებელი ობიექტურობით უპასუხა: “დაგვიანებულია. მთელი საქმე უკვე ტექნიკოსების ხელშია.”

ალბათ ამპარტავნული თვითკმარობის გრძნობაზე მეტად მას იმედგაცრუებული კოლეგების მიმართ თანაგრძნობა უფრო ამოძრავებდა, როდესაც 1945 წლის თებერვალსა და ივნისში მან საბჭოთა აგენტს რაიმონდს, იგივე მერი გოლდს ყველაფერი გადასცა, რაც კი ატომური ბომბის შესახებ იცოდა. იქნებ ფიქრობდა: “სხვები ლაპარაკობენ, იმედოვნებენ, იცდიან და გამუდმებით იმედგაცრუებულები რჩებიან, რადგან არ ესმით პოლიტიკური ძალაუფლების ჭეშმარიტი ხასიათი. მე კი ვიმოქმედებ. იქნებ შევძლო მეორე ომის თავიდან აცილება.

მოგვიანებით, დაპატიმრების შემდეგ, მან განაცხადა, რომ წუხს, რადგან იძულებული იყო მეგობრებთან ორმაგი თამაში ეთამაშა. თუ ასეთ ქენჯნას 1945 წლის გაზაფხულზე იგრძნობდა, იოლად შეეძლო დაემშვიდებინა საკუთარი თავი იმ აზრით, რომ იმდროინდელ საუბრებში მისი მეგობრები განუწყვეტლივ და გაცხარებით ამტკიცებდნენ, რომ ახალმა იარაღმა კაცობრიობას ეროვნული საზღვრები გადაალახინა და რომ აქამდე მიღებული პატრიოტიზმისა და ეროვნული ერთგულების საწინააღმდეგოდ არნახული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ეჭვგარეშეა, რომ სხვა ატომური მეცნიერებმა მოგვიანებით დააპირეს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი აზრის თანხმობით იგივე ცნებების ღალატი, რომლებსაც ისინი ისტორიულად ყავლგასულად თვლიდნენ. თუმცა ასეთი გეგმა ფუხსისთვის, როგორც ჩანს, ჩაფლავდა. რას ფიქრობდა ის სინამდვილეში? დაპატიმრების შემდეგ გაკეთებული განცხადება, რომ ის შიზოფრენიულად მოქმედებდა, დიდად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. როგორც ჩანს, ასეთი განცხადებით სასიკვდილო განაჩენის თავიდან აცილებას ლამობდა, როგორც “დროებით შეურაცხადი” და უფრო მსუბუქ სასჯელს ელოდა.

უფრო ზუსტი ცოდნა ფუხსის განწყობაზე სახელმწიფო ღალატის ჩადენისას შესაძლოა მამამისის და ახლო მეგობრების კომენტარებიდან მივიღოთ, რომლებთანაც მას ურთიერთობა არც დაპატიმრებამდე და არც მის შემდეგ არ გაუწყვეტია. პასტორი ემილ ფუხსი, რომელსაც შვილს პირადად ესაუბრა ომის შემდეგ, ინგლისში, დღეს ცდილობს შვილის საქციელი შემდეგნაირად ახსნას:

“როგორც მამას, მე შემიძლია გავიგო, მისი უდიდესი შინაგანი დაძაბულობა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ბომბის დამზადებაზე მუშაობს. მან უთხრა საკუთარ თავს: “ თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამ, კაცობრიობის თავზე ჩამოწოლილი საფრთხე არასდროს არ გაქრება.” ასე მოძებნა მან გზა მისი თვალსაზრისით უიმედო მდგომარეობიდან. არც მას და არც მე არასდროს არ დაგვიდანაშაულებია ბრიტანელი ხალხი ამ განაჩენისთვის. ის სასჯელს მედგრად იტანს. მისი განაჩენი სამართლიანია ბრიტანული კანონის თვალსაზრისით. თუმცა ყოველთვის იარსებებს ხალხი, ვინც დროდადრო შეგნებულად ჩაიდენს მსგავს დანაშაულს. პრუსიელმა გენერალმა იორკმა სიგივე რამ გააკეთა 1812 წელს, როდესაც ტაუროგენის ზავით პრუსიის არმია გაანეიტრალა. მათ უნდა ზიდონ სიმძიმე საკუთარი რწმენისა იმაში, რომ უკეთ ხედავენ მდგომარეობას, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფნი. განა ამჟამად ნათელი არაა,რომ ჩემს ვაჟს ბრიტანელი ხალხის ინტერესების უფრო სწორი განჭვრეტა ამოქმედებდა, ვიდრე მის მთავრობას? მისმა ნაბიჯმა დაასამარა მისი მაღალანაზღაურებადი და პატივსაცემი მდგომარეობა და კიდევ უფრო წარმატებული მომავალი კარიერა. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ვამაყობ. რომელი ჩვენგანია დარწმუნებული იმაში, თუ რას მოიმოქმედებს მსგავს მდგომარეობაში?”

მარგარეტ ჰაგერმა, ფუხსების ოჯახის ახლო მეგობარმა, კლაუს ფუხსის საქმის ვრცელი შესწავლა მოამზადა და გარკვეულ ნაცნობებს გაუგზავნა. აქ ვხდებით ასეთ ნათლისმომფენ პასაჟებს:

“როგორც კი ამ საქმის შესწავლას შეუდგები, ნათელი ხდება, რომ მორალური იდეები, რომლებსაც ჩვენ მეტნაკლებად ინტუიტიურად და სავალალო მექანიკურობით ვიყენებთ, არაა აუცილებლად ადეკვატური და ეფექტური ისეთ საკითხებში, სადაც ერთგულებას ცალმხრივ კი არა, არამედ ყოვლისმომცველ ვალდებულებად განიხილება. ასეთ შემთხვევაში ერთგულება არაა ერთი ადამიანისათვის სხვების წინააღმდეგ გამოცხადებული რამ, არამედ მარტივად და პრინციპულად კაცობრიობის, როგორც ერთი მთლიანის მიმართ ერთგულებაა. შესაბამისად, საკითხავი ის კი არაა, თუ როგორ შეეძლო დოქტორ ფუხს ასე ემოქმედა, არამედ ის, თუ როგორ უნდა ემოქმედა საზოგადოებას და შესაბამისად აუცილებლობით – ადამიანსაც, როდესაც მას უპირისპირდება გარემოებები, რომლებშიც საკუთარი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ მან უნდა განსაზღვროს, როგორ გამოიყენოს ძალაუფლება საუკეთესოდ ახლა და აქ, ამ სამყაროში.

თუმცა რა მოხდებოდა, თუ ის საპირისპიროდ მოიქცეოდა? მაშინ ის სხვა მიმართულებით იქნებოდა დამნაშავე. ატომური საიდუმლო შეინახებოდა და ადამიანი ფიცის ერთგული დარჩებოდა. ომი ადამიანური თვალსაზრისით გარდაუვალი გახდებოდა. ეს დოქტორ ფუხსისთვის იოლი გზის არჩევას ნიშნავდა. ვერავინ, თვით უმკაცრესი მორალისტიც კი ვერ უსაყვედურებდა მას ამ შემთხვევაში. არავის არ ეცოდინებოდა, რომ ერთ გადამწყვეტ მომენტში მას ხელთ ეპყრა ერების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. სუბიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ფუხსი სრულიად უდანაშაულო იქნებოდა. თუმცა… ბრიტანელებს რა თქმა უნდა, თავს მესამე მსოფლიო ომის საშინელება დაატყდებოდა და თუმცა ის უდანაშაულო იქნებოდა, ეს დედამიწის ხალხთა ხარჯზე მოხდებოდა. თუმცა ეს არგუმენტი არ ადასტურებს იმას, რომ დოქტორი ფუხსის განაჩენი უსამართლოა. ის დამნაშავეა ერთგულების თანამედროვე ზნეობრივი გაგების თვალსაზრისით. თუმცა ხალხებმა, ადამიანებმა და კაცობრიობამ მთლიანად ამ შემთხვევიდან უნდა ისწავლოს, თუ საით მივყავართ თანამედროვე სოციალურ მოწყობას… გარემოებას არ უქცევია დოქტორი ფუხსი გმირად. და რაოდენ მცირედიც არ უნდა იყოს მასში დამნაშავე თუ წამებული, ის ნამდვილად არის დროებითი ამოხსნა, რომელიც კაცობრიობის შინაგან განვითარებას და ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს უფრო გულწრფელი და ჭეშმარიტად შემოქმედებითი ადამიანთა მოდგმისკენ პროგრესის გზაზე… როგორც ჩანს, ღალატი შესაძლოა უფრო ღრმა ერთგულება იყოს, ვიდრე ჩვეულებრივად გაგებული არის ხოლმე.”

თავად ფუხსმა დაპატიმრების შემდეგ ასეთი განმარტება გააკეთა: “ მეჩვენებოდა, რომ სრულიად თავისუფალი ადამიანი გავხდი, რადგან მოვახერხე საკუთარი თავი გარემომცველი საზოგადოებრივი ძალებისგან სრულიად დამოუკიდებელ ადამიანად დამემკვიდრებინა.”

ცხდია, მან იმწამსვე დაკარგა თავისუფლება, როგორც კი მის ხელთ არსებული ინფორმაცია სხვა ქვეყნის აგენტებს გადასცა. მან ერთი პატიმრობა უბრალოდ მეორენაირზე გაცვალა.



* საზოგადოდ ცნობილი არაა, რომ პაპმა ვატიკანის მეცნიერებათა აკადემიის მიმართვაში, 1943 წლის 21 თებერვალს, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ატომური ბომბის არსებობაზე, წარმოთქვა გაფრთხილება ატომური ენერგიის დამანგრეველი მიზნით გამოყენების წინააღმდეგ. 1946 წლის 12 აპრილს კარდინალმა შინმა ასეთი კომენტარი გააკეთა ამ მიმართვაზე: “წმინდა მამამ არა მარტო იცოდა ატომური ენერგიის და მისი ძალის შესახებ, არამედ როგორც ეკლესიის მწყემსმთავარმსა მოუწოდა კიდეც სახელმწიფოებს მისი დამანგრეველი მიზნით გამოყენების წინააღმდეგ.”

** 1945 წლის გაზაფხულზე ლოს-ალამოსში შემდეგი განყოფილებები მოქმედებდა: თეორიული ფიზიკის განყოფილება (დირექტორი ჰ. ბეთე); ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის განყოფილება (დირექტორები კენედი და სმითი); საბრძოლო მასალის განყოფილება (დირექტორი კაპიტანი პარსონსი) ასაფეთქებელი მასალების განყოფილება(დირექტორი კისტიაკოვსკი) ბომბის ფიზიკის განყოფილება (დირექტორი ბახერი); მოწინავე განვითარების განყოფილება (დირექტორი ენრიკო ფერმი) და მეტალურგიული და ქიმიური განყოფილება. თითოეული განყოფილება ჯგუფებად იყო დაყოფილი, რომლებსაც საკუთარი ხელმძღვანელი ჰყავდა.


No comments:

Post a Comment