შეიარაღებათა შეჯიბრების ახალ, ელექტრონული ტვინების,წყალბადის ბომბების და მართული რაკეტების ნიშნით მიმდინარე ეტაპზე ოპენჰაიმერმა თანდათან დაკარგა გავლენა ამერიკის მთავრობაზე, რომელიც ხშირად საკმაოდ ძლიერი იყო. პროცესი 1952 წელს, ივლისში დაიწყო, როდესაც ატომური ენერგიის კომისიის საკონსულტაციო ორგანოს, მრჩეველთა ზოგადი კომისიის თავმჯდომარეობიდან გადადგა. ეს გარდაუვალი გახდა ქტივისტების გამარჯვების შემდეგ“მეცნიერთა სამოქალაქო ომში,” როგორც ამერიკელმა ლექტორმა ჯონ მეისონ ბრაუნმა მონათლა ექსპერტების დაპირისპირება წყალბადის ბომბის გამო. ამის შემდეგ ატომური ენერგიის კომისიაში ოპენჰაიმერის როლი ეპიზოდური კონსულტაციებით შემოიფარგლა. მიუხედავად ამისა, მან შეინარჩუნა “Q-დაშვება,” რაც ბირთვული შეიარაღების ყოველდღიური პროგრესის მაქსიმალურად გასაიდუმლოებულ მასალებთან წვდომას აძლევდა. ვაშინგტონში ოპენჰაიმერის რჩევას იშვიათად ითხოვდნენ. მთელი წლის განმავლობაში საკონსულტაციოდ სულ ექვსჯერ მიიწვიეს.
ამერიკელ ინტელექტუალებს შორის ოპენჰაიმერის შემოქმედებითი რეპუტაცია წლიდან წლამდე იზრდებოდა. ის ატომის ახლადაღმოჩენილ სამყაროში მათთვის ყველაზე უფრო პოპულარული გზამკვლევი გახდა. ბევრი ბირთვული ფიზიკოსისგან განსხვავებით, ვინც თავის სპეციფიკურ კვლევებს დაუბრუნდა თანამემამულეთა იდეების ფორმირების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ოპენჰაიმერი აგრძელებდა ამ მიმართულებით მუშაობას. ძალიან ნიჭიერ, ხშირად შესანიშნავ გამოსვლებში ის ცდილობდა მოენიშნა და ხშირად ხიდიც გაედო იმ უფსკრულზე , რომელიც მეცნიერს სხვა თანამედროვეებისგან აშორებს. გადმოცემის ბრწყინვალე უნარი საშუალებას აძლევდა მას მსმენელში თანაგრძნობა აღეძრა იმ ღრმა ინტერესის მიმართ, რომელიც ახალი მეცნიერული სფეროს მკვლევარს ეუფლება. რეპუტაციამ ისეთი ადამიანისა, რომელსაც არა მხოლოდ ერკვევა ამ ახალ, უცნაურ სამყაროში, არამედ შეუძლია ფილოსოფიური და ცოცხალი სახეებით მისი ყოველდღიურობასთან შერიგება, ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ 1953 წელს მას წილად ხვდა პატივი B.B.C. -თვის რეითის ლექცია წაეკითხა და იმავდროულად ოქსფორდში თავისი რიგით მეექვსე, honoris causa დოქტორატი მიეღო.
ჯილდოები და საპატიო ნიშნები 1945 წლიდან მოყოლებული უწყვეტად მოედინებოდა მის მიერ ომის დროს შესრულებული სამუშაოს აღიარებისათვის. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს მის მიერ მაშინ მოპოვებული კაპიტალის სარგებელი იყო. ზოგი ჯილდო, მაგალითად დამსახურების მედალი, რომელიც პრეზიდენტმა ტრუმენმა გადასცა, ძალიან საპატიოა. ჩანდა, რომ ის კმაყოფილია და მათ განურჩევლად იღებს. ასე მიიღო მან სოლის ჯილდო ჯორჯიის მერქნის დამამზადებელი კომპანიისგან, დანდათანხმდა წლის საუკეთესო მამის წოდებას ჩვილთა ეროვნული ასოციაციისგან, ისევე როგორც ჟურნალ პოპულარული მექანიკისგან საუკუნის პირდველი ნახევრის დიდების დარბაზში დასახელებას. კარადები გადაჭედილი იყო უცხოური აკადემიების წევრობის სერტიფიკატებით, საპატიო დიპლომებით და სამადლობელი წერილებით. ერთი მისი მდივანი დღეში რამდენიმე საათს ახმარდა შეფის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული წერილის, ახალი ამბის, ფოტოს თუ კარიკატურის შეგროვება-დახარისხებას. სახელი დიდებული რამ იყო და “ოპიც,” მიუხედავად ასკეტური შესახედაობისა, მისგან დაუფარავ სიამოვნებას იღებდა. ერთადერთი, რაც გაუარესდა, მისი სამეცნიერო პრესტიჟი იყო. ჯ. რ. ოპენჰაიმერი, ადრე მნიშვბელოვანი პუბლიკაციების ავტორის სახელი, ახლა თითქმის გაქრა ფიზიკური პერიოდიკიდან. 1943-დან, როდესაც მან კვლევა მიატოვა და “დიდ ცხოვრებაში” წავიდა, ვიდრე 1953-მდე, მისი სამეცნიერო პუბლიკაციები ხუთიოდე უმნიშვნელო შრომით შემოიფარგლა. ოპენჰაიმერის ოფიციალური ვალდებულებები, რომლებიც არანაკლებ ოცდათხუთმეტი სამთავრობო კომიტეტის წევრობაში გამოიხატებოდა, თანდათან შემცირდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ეიზენჰაუერი მოვიდა. ახლა მას მეტი სასშუალება ჰქონდა უფრო ხშირად ემოგზაურა საზღვარგარეთ. 1953 წლის ზაფხულში მან ლექციები წაიკითხა სამხრეთ ამერიკაში.გვიან შემოდგომაზე ცოლთან ერთად ევროპისკენ გაემართა. მრავალ მეგობარს შორის, რომლებიც “ოპიმ” ამ კონტიენტზე მოინახულა, იყო ჰააკონ შევალიეც, რომლის ბედიც მის სინდისსმუდმივ ტვირთად დააწვა.
რომანული ენების პროფესორს საშულება აღარ მისცემია შეერთებულ შტატებში სხვა სამსახური ეშოვნა, რადგან ოპენჰაიმერის ჯაშუშურ ისტორიებს გადაჭარბებული ყურადღება დაეთმო და ის პოლიტიკურად არასაიმედოთა რიცხვს მიაკუთვნეს. საბოლოოდ იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა და პარიზში მთარგმნელად ემუშავა. ვინაიდან შევალიე არასდროს ყოფილა საბჭოთა აგენტი და არც კომუნისტურ პარტიასთან ჰქონია აქტიური კონტაქტი, პოლიციამ წლების გამოძიების შედეგადაც კი მის წინააღმდეგ ვერანაირი სამხილი ვერ მოიპოვა. “თუმცა ყოველთვის რაღაც ისე არაა,” როგორც შევალიემ აღიარა, როდესაც ამერიკის საელჩოს პასპორტისთვის გასაახლებლად მიმართა. სიძნელეებმა, რომელსაც გადაეყარა, აიძულა ის ოპენჰაიმერისთვის მიემართა, რომლის როლზეც “შევალიეს საქმეში” ჯერაც წარმოდგენა არ ჰქონდა. ოპენჰაიმერმა მას წერილი მისწერა, რომლის საშუალებითაც პასპორტის გაახლება მოხერხდა.
1953 წლის ზამთარში შევალიეს ყველანაირი საფუძველი ჰქონდა ოპენჰაიმერი მეგობრად და გავლენიან მფარველად ჩაეთვალა. ამდენი წლის შემდეგ ოპენჰაიმერის ნახვის შესაძლებლობამ ისე გაახარა, რომ მიუხედავად მატერიალური შეჭირვებისა, მილანში კონფერენცია მიატოვა, სადაც მთარგმენლად იყო და საფრანგეთის დედაქალაქისკენ გამოექანა, როდესაც გაიგო, რომ “ოპის” მისი ნახვა სურს.
წლების განშორების შემდეგ ორს შორის შეხვედრა ძალიან გულითადი გამოდგა. შევალიეებმა მომნარტრის ოროთახიან ბინაში ნამდვილი ზეიმი გამართეს. შეხვედრას ცოლებიც ესწრებოდნენ და საუბარი ოჯახის წევრებს და საერთო ნაცნობების ირგვლივ ტრიალებდა. პოლიტიკურ თემებს გვერდს უვლიდნენ. იმ საღამოს დელიკატური საკითხს მხოლოდ ერთხელ შეეხნენ. შევალიემ გააკრიტიკა ატომური შპიონაჟისათვის ცოლ-ქმარი როზენბერგების სიკვდილით დასჯა. ოპენჰაიმერი თვლიდა, რომ მათ დაიმსახურეს სასჯელი, თუმც კი დაგმო მისი სიმკაცრე. ახლა მას საშუალება მიეცა მეგობართან ეღიარებინა, რომ 1943-ში პოლკოვნიკ პეშთან დაკითხვაზე შევალიე – თუმც კი თავიდან სახელის გაუმჟღავნელობის განზრახვით – ძლიერ გაფერადებული ჯაშუშური ამბის გმირად აქცია. თუმცა მან თავი ვერ აიძულა, ეს გაეკეთებინა. მეორე შესაძლებლობა ამ დაგვიანებული აღიარებისათვის მაშინ გამოჩნდა, როდესაც შევალიემ თქვა, რომ სავარაუდოდ იუნესკოს მთარგმნელის სამსახურს დაკარგავს, რადგან უშიშროების შემოჭმების ცხრილში ვერ გააღწევს, რომელიც ამ ორგანიზაციაში მომუშავე ყველა ამერიკელს უნდა გაევლო. ოპენჰაიმერისგან ჭეშმარიტი ფაქტების აღიარება საშუალებას მისცემდა მას ბოლოსდაბოლოს გაერკვია სიძნელეთა წყარო და სამთავრობო ეჭვებისაგან თავიც ემართლებინა. ოპენჰაიმერმა ახლაც არაფერი არ თქვა.
დამშვიდობებისას ოპენჰაიმერი ორივე მეგობარს გადაეხვია. დღეს შევალიეს ზარავს ამ ჟესტის გახსენებაზე. მას ოპენჰაიმერი აღარ უნახავს და არც პასუხი არ მიუღია იმ წერილებზე, რომელსაც ექვსი თვის შემდეგ, სრული სიმართლის გაგებისას მას მისწერა, გარდა ერთი, მშრალი, უკიდურესად მოკლე და არაფრისმთქმელი გზავნილისა.*
1953-ის ზამთრისათვის პირადად ოპენჰაიმერისთვის, შევალიეს ათი წლის წინანდელი ამბავი თითქოს წარსულ ჩაბარდა. თუმცა ამერიკის მთავრიბაში ასე არ ფიქრობდნენ. FBI-ს შეფს, ედგარ ჰუვერს არასდროს უფიქრია, რომ ოპენჰაიმერის ცხოვრების ეს კონკრეტული ეპიზოდი დამაკმაყოფილებლად იქნა ახსნილი. 1947-ში ის უშედეგოდ ითხოვდა ოპენჰაიმერისთვის საიდუმლო დაშვების ჩამორთმევას. მას შემდეგ ჰუვერის აგენტები მისი მითითებით სამხილის მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი. ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნის ვაშინგტონელი კორესპონდენტის, რობერტ დონოვანის თქმით, 1953 წელს ოპენჰაიმერის ფაილები ერთმანეთზე რომ შემოეწყოთ, სიმაღლეში ოთხი ფუტი და ექვსი ინჩის, ანუ თითქმის ადამიანის სიმაღლისა იქნებოდა.
1953 წლის ნოემბერში, ოპენჰაიმერის ინგლსში ყოფნისას ჰუვერმა შეადგინა ამ უზარმაზარი დოკუმენტური მასალის მიმოხილვა. თვის უკანასკნელ დღეს მან ეს დასკვნა არამარტო დაინტერესებულ სამთავრობო მოხელეებს, არამედ თვით პრეზიდენტ ეიზენჰაუერსაც კი გადაუგზავნა. ოპენჰაიმერის საქმის მიმართ ამ განახლებული ინტერესის უშუალო გამოძახილი გახდა სენატორ მაკმაჰონის ყოფილი უფროსი თანაშემწის, უილიამ ლ. ბორდენის წერილი. 1953 წლის 7 ნოემბრით დათარიღებულ ამ გზავნილში მან გამოხატა აზრი რომ ჯ.რ.ო. (ჯ. რ. ოპენჰაიმერი) საიდუმლო ფაილის საკუთარი ცოდნის საფუძველზე მიაჩნია, რომ მეცნიერი სავარაუდოდ საიდუმლო საბჭოთა აგენტია.
პრეზიდენტ ეიზენჰაუერს წესად ჰქონდა, რომ პოლიტიკურად საეჭვო მოხელეების მიმართ იმდროინდელ მრავალრიცხოვან უშიშროების საქმეთა განხილვაში პირადად არ ჩარეულიყო. მიუხედავად ამისა, ამ გამონაკლის შემთხვევაში მან თეთრ სახლში სასწრაფო საგანგებო თათბირი მოიწვია, რომელიც 1953 წლის 3 დეკემბერს გაიმართა. თათბირს კაბინეტის ორი წევრი – გენერალური პროკურორი ბრაუნელი და თავდაცვის მდივანი უილსონი ესწრებოდნენ, მათთან ერთად – თავდაცვის ეროვნული საბჭოს წევრი რობერტ კატლერი და ატომური ენერგიის კომისიის თავმჯდომარე ლუის შტრაუსი. მოკლე განხილვის შემდეგ – ეიზენჰაუერს ბერმუდის კონფერენციაზე ეჩქარებოდა – ეიზენჰაუერმა განკარგულება გასცა ოპენჰაიმერსა და ყველა სამთავრობო საიდუმლოს შორის დაუყოვნებლივ აღემართათ კედელი.
დეკემბრის მეორე ნახევარში ოპენჰაიმერი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ქარიშხალი ტრიალებდა მის თავს, პრინსტონში დაბრუნდა ორ შვილთან ერთად არდადეგების გასატარებლად. ადმირალ შტრაუსის სასწრაფო სატელეფონო ზარმა მას აქ მოუსწრო. A.E.C.-ს ხელმძღვანელი მას დაბეჯითებით სთხოვდა, ვაშინგტონში დაუყოვნებლივ – ჯერ კიდევ შობამდე – გამოცხადებულიყო.
21 დეკემბერს, ნაშუადღევს, ოპენჰაიმერმა A.E.C.-ს ბრწინვალე თეთრ შენობაში ადმირალის ოფისის კარი შეაღო და გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ადმირალი მარტო არაა. მის ზურგს უკან გენერალური მენეჯერი კ. დ. ნიკოლსი იდგა. ეს ის ნიკოლსია, რომელიც ოპენჰაიმერმა მისი კარიერის შემობრუნების წერტილში, პირველად თერთმეტი წლის წინ, პულმანის კუპეში ნახა, სადაც გენერალ გროვსთან ერთად ატომური შეიარაღების პირველი ლაბორატორიის გეგმა შეადგინეს.
სამნი დიდ სათათბრო მაგიდას შემოუსხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შტრაუსი ოპენჰაიმერის მიმართ აგერ უკვე რამდენიმე წელია, არც თუ ისე მეგობრულად იყო განწყობილი, ადმირალს მაინც გაუძნელდა მისთვის ცუდი ამბის დაუყოვნებლივ მიხლა. დასაწყისისთვის მან ახლახან გარდაცვლილი ადმირალი პარსონსი გაიხსენა, რომელმაც ატომური შეიარაღების ისტორიაში შესამჩნევი კვალი დატოვა. სწორედ პარსონსი იყო ის, ვინც ენოლა-გეიზე ფრენისას “გამხდარის,” ჰიროშიმას უიღბლო ქალაქისათვის განკუთვნილი ბომბის ასაფეთქებელი მოწყობილობა მოიყვანა მზადყოფნაში თვითმფრინავის ბნელ უკანა განყოფილებაში. ამ მოგონებებს დანარჩენები მთავარი სათქმელის მოლოდინში ცალი ყურით უსმენდნენ. სრულიად მოულოდნელად შტრაუსი საქმეზე გადავიდა. ოპენჰაიმერს სახეზე ნაცრისფერი დაედო. ნიკოლსი, რომელმაც მოგვიანებით ეს შეხვედრა აღწერა იხსენებს, რომ ოპენჰაიმერის პირველი რეაქცია ატომური ენერგიის კომისიის კონსულტანტობიდან დაუყოვნებლივ გადადგომა იყო. შტრაუსის შემდეგი მოქმედება მისთვის ნიკოლსის მიერ შედგენილი წერილის მონახაზის გადაცემა იყო, სადაც კომისიის ბრალდებები იყო დაკონკრეტებული.
ოპენჰაიმერმა დოკუმენტს თვალი გადააავლო. ოცდასამი პუნქტი კომუნისტებთანმის თანამშრომლობას ეხებოდა. თუმცა ყველაზე დიდი მოულოდნელობა ოცდამეოთხეში აღმოჩნდა, სადაც მეცნიერს ბრალდებოდა წყალბადის ბომბის შექმნისთვის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა პრეზიდენტი ტრუმენის გადაწყვეტილების შემდეგაც კი. წერილი მთავრდებოდა “’გულწრფელობის, საქციელის და თვით ერთგულების ეჭვქვეშ დაყენებით”.
შტრაუსი წამოდგა. მან ოპენჰაიმერს ერთი დღე მისცა მოსაფიქრებლად, თავად გადადგებოდა თუ საქმე ერთგულების კომისიისთვის განსახილველად გადაეცათ. ოპენჰაიმერი შინ დაბრუნდა და ატომური ენერგიის კომისიის ხელმძღვანელს ეს მოკლე წერილი მისწერა:
“ძვირფასო ლუის,
გუშინ პირველად მითხარით, რომ ატომური ენერგიის კომისია აპირებს ჩემი დაშვების შეჩერებას. სასურველ ალტერნატივად შემომთავაზეთ, რომ თავად გამეწყვიტა კონსულტანტის კონტრაქტი და ამით თავი დან ამერიდებინა იმ ბრალდებათა დეტალური განხილვა, რომელსაც წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია წამომიყენებს. ითქვა, რომ თუ ამას ერთ დღეში არ გავაკეთებდი, მივიღებდი წერილობით შეტყობინებას დაშვების გაუქმების შესახებ და ყველა ბრალდებას ჩემ წინააღმდეგ. გუშინ ვნახე ამ წერილის პროექტი.
გულდასმით ვიფიქრე შემოთავაზებულ ალტერნატივაზე. გარემოებათა გათვალისწინებით ასეთი მოქმედება იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ ვიღებ და ვეთანხმები იმ აზრს, რომ არ ვარ გამოსადეგი ამ მთავრობის სამსახურისათვის, რომელშიც აგერ უკვე თორმეტი წელი გავატარე. ამას ვერ გავაკეთებ. ესოდენ გამოუსადეგარი რომ ვყოფილიყავი, ვერ შევძლებდი ჩვენი ქვეყნის სამსახურს, ვერ ვუხელმძღვანებლებდი პრინსტონის ინსტიტუტს, და ვერ წარმოვადგენდი ჩვენს მეცნიერებას და ჩვენს ქვეყანას, როგორც ეს არაერთხელ გამიკეთებია.
გუშინდელი შეხვედრისას თქვენ და გენერალმა ნიკოლსმა მითხარით, რომ ბრალდებები ცნობილია დაწერილს მხოლოდ თვალი გადავავლე. ახლა მას ყურადღებით წავიკითხავ და შესაბამის პასუხებსაც გავცემ.
პატივისცემით,
რობერტ ოპენჰაიმერი.”
მოდევნო დღეს, 1953 წლის დეკემბერს, ნიკოლსის ბრალდებების შემცველი წერილი, რომელსაც მეცნიერმა ვაშინგტონში გადახედა, მას ოფიციალურად გადასცეს. ამ მომენტიდან მისი წვდომა სამთავრობო საიდუმლოებებთან შეწყდა. ატომური ენერგიის კომისიის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები პრინსტონში მივიდნენ და ოპენჰაიმერის სეიფი გამოასუფთავეს, სადაც ის კომისიასთან შეთანხმებით ხშირად ინახავდა ”საიდუმლო” და “სრულიად საიდუმლო” გრიფით აღნიშნულ დოკუმენტებს.
ოპენჰაიმერს ყოველთვის აინტერესებდა დრეიფუსის საქმე. ახლა მას თავი უსამართლოდ დადანაშაულებული ფრანგი ოფიცერივით უნდა ეგრძნო, რომელსაც ფორმიდან ეპოლეტები ჩამოჰგლიჯეს და დაშნა თვალწინ დაუმსხვრიეს. ის შეერთებულ შტატებს ემსახურებოდა, მიუხედავად ზნეობრივი ხასიათის ეჭვებისა, რომლებიც ბოლომდე ვერასდროს ვერ მოიშორა. ნუთუ ეს ყველაფერი ამაო იყო? ნუთუ კვლავ სამუდამოდ არავის კუთვნილ მიწაზე უნდა აღმოჩნდეს?
საზოგადოებამ ოპენჰაიმერის საქმის შესახებ მხოლოდ სამი თვის შემდეგ, 1954 წლის აპრილში შეიტყო, როდესაც დახურული მოსმენების დაწყებამდე მისმა ადვოკატმა,ლოიდ გერისონმა ჯეიმს რესტონს, ნიუ-იორკ ტაიმსის ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელს, გენერალ ნიკოლსის ბრალდებების წერილი და 1954 წლის 4 მარტით დათარიღებული ოპენჰაიმერის ორმოცდასამგვერდიანი პასუხები გადასცა.
ამერიკის მთავრობის ოპენჰაიმერის წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. ამის მიზეზი მხოლოდ ბრალდებული მეცნიერის სახელი არ იყო, რომელსაც ბევრნი ატომური ხანის სიმბოლოდაც აღიქვამდნენ, არამედ ისიც, რომ თითქმის ყველა მისი თანამედროვემ პირადად განიცადა ამ სინდისისგან ქენჯნით დატანჯული მეცნიერის ხვედრი. ორი კვირაც კი არ იყო გასული, რაც ადმირალი შტრაუსი იაპონელი მეთევზეების ბედით შეშფოთებული მსოფლიოს რეაქციის გამო იძულებული გახდა წყნარი ოკეანის პოლიგონიდან დაბრუნებულს უფრო ზუსტი ინფორმაცია გაეცხადებინა წყალბქდის ბომბების გამოცდების უზარმაზარი ზეგავლენის შესახებ. ზოგიერთი გაზეთები წერდნენ, რომ ოპენჰაიმერის წარსულს ჩაბარებული კომუნისტური კავშირები ახლა მხოლოდ იმიტომ გააცოცხლეს, რომ ის “წყალბადის ბომბს ეწინააღმდეგებოდა.” მსოფლიოს გარშემო შეშფოთებული ადამიანები, ვისაც საშუალება არ ეძლეოდა მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ დისკუსიაში ჩაბმულიყვნენ, მას დამცველად აღიქვამდნენ. უბრალო ადამიანებისთვის ოპენჰაიმერი ახალი იარაღის შექმნაში მონაწილე მეცნიერთაგან ერთადერთ მგრძნიბიარე და მოაზროვნე ადამიანად აღიქმებოდა. ვიდრე მოსმენები დაიწყებოდა, ის უკვე წამებულის შარავანდით შეიმოსა.
ოპენჰაიმერის კოლეგების უმრავლესობა თავიდანვე მის მხარეს დადგა. თუმცა ეს მხარდაჭერა პირადულ სიმპათიას იშვიათად თუ ეყრდნობოდა. ფართო საზოგადოებისგან განსხვავებით, მათ კარგად იცოდნენ 1945 წლიდან მოყოლებული მერყეობისა და კომპრომისების ისტორია, რათა ის ჰუმანურობის ურყევ დამცველად ჩაეთვალათ. მათი მამოძრავებელი უპირველესად პროფესიული სოლიდარობა და პირადი ინტერესი იყო. თუ ექსპერტს, რომელიც მთავრობას კონსულტაციებს უწევს, შემდეგ პასუხს მოსთხოვენ პროფესიონალის როლში გამოთქმული აზრისათვის და სამარცხვინო გაგდებით დაემუქრებოდნენ, ასეთი რამ ყველა მის კოლეგას შეიძლებოდა დამართნოდა. ბევრი მათგანი მას ზედმეტად დამთმობად და მთავრობის მორჩილად თვლიდა მას შემდეგ, რაც თავდაცვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ მეი-ჯონსონის კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ახლა მისთვის საბოტაჟის დაბრალება ისტორიულ ირონიად აღიქმებოდა. ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰაროლდ იურეის და სტანდარტების ბიუროს ყოფილი დირექტორის, ედვარდ კონდონის მსგავსმა მეცნიერები, რომლებიც მას ადრე ხშირად აკრიტიკებდნენ გადაჭარბებული პოლიტიკური სირბილისა და სიფრთხილის გამო, ახლა თავისდა გასაკვირად, მის დამცველთა რიგებში აღმოჩნდნენ.**
* შევალიემ სიმართლე შემდეგნაირად შეიტყო: შავ პუდელთან ერთად ის მონმარტრზე საყიდლებზე დადიოდა. ძაღლს, როგორც ყოველთვის, თავისი პატრონის საღამოს გაზეთი, Le Monde, კბილებით ეჭირა. სახლში დაბრუნებულს პუდელმა გაზეთი მიაწოდა. “გადავშალე თუ არა,” ამბობს შევალიე,” “ოპის” სახელი ვაშინგტონიდან გამოგზავნილი ანგარიშის სენსაციურ სათაურში დავინახე, კითხვას შევუდექი და საკუთარ სახელს გადავეყარე. მაშინ როგორც იქნა მივხვდი, რა წარმართავდა საიდუმლოდ ჩემს ცხოვრებას ამდენი წლის განმავლობაში...”
** თავად კონდონიც, რამდენიმე წლით ადრე მის ერთგულებაზე მიტანილი უსამათლო შეტევის მსხვერპლი გახდა. მაშინ სახელგანთქმულმა მეცნიერებმა დემონსტრაციულად სთხოვეს მას წვეულებისათვის ეხელმძღვანელა. ოპენჰაიმერი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც “ტაქტიკური მოსაზრებებით” თავი აარიდა პროტესტის აშკარა გამოვლინებას.
No comments:
Post a Comment