18 “მანიაკის” ნიშნით. 1951-1955


პრინსტონის ამ დასამახსოვრებელი უიკენდის შემდეგ “სუპერისკენ” მიმავალი გზის სავარაუდო მიმართულება ცნობილი გახდა, თუმცა ის დასაწყისშივე ჩახერგილი აღმოჩნდა რიცხვების გადაულახავი სამთო მასივით. ატომურ ბომბთან დაკავშირებული გამოთვლებიც კი ათასობით დეტალურ გამოანგარიშებას შეიცავდა. თერმობირთვული აფეთქების ზუსტი განსაზღვრა მრავალი ხარისხით უფრო აღმატებული სირთულისა იყო, რადგან მრავასაფეხუროვანი ფიზიკური პროცესები წამის მცირე ნაწილის განმავლობაში ვითარდება. სტადიები უდიდესი შესაძლო სიზუსტით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ამ ვარაუდების საფუძველზე უნდა შექმნილიყო წარმოუდგენლად რთული აპარატურა. მთელი ეს სამუშაო კი კიდევ უფრო სწრაფად უნდა შესრულებულიყო, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს, რადგან “სუპერის” შექმნის შესახებს პრეზიდენტი ტრუმენის განკარგულებიდან თვრამეტი თვე იყო გასული და რუსები სავარაუდოდ მთელ თავის ენერგიას იგივე პრობლემას ახმარდნენ.

ტელერმა და ლოს-ალამოსის ლაბორატორიის დირექტორმა, ნორის ბრედბერიმ მთელი ძალები მათემატიკური ევერესტის დასალაშქრად მიმართეს. ლაბორატორიის თანამშრომლები ექვსდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ, კომპიუტერული განყოფილება კი უწყვეტი დღე-ღამური ცვლების რეჟიმში ამუშავდა.

სერდა ევანსი, ახალი “ელექტრონული ტვინების” სფეროს სპეციალისტი აცხადებს: “არასდროს არ ვყოფილვარ იძულებული ასეთ წარმოუდგენელ დროს მძინებოდა ან მესაუზმა, როგორც იმ თვეებში, როდესაც კომპიუტერებთან ერთმანეთს 24 საათის განმავლობაში ვცვლიდით. ENIAC-ი, რომელთანაც ვმუშაობდით, თუმც კი ყველა წინამორბედ მათემატიკურ მოწყობილობაზე უფრო სწრაფი, მაგრამ ფაქიზი განწობისა აღმოჩნდა. რომელიმე მილაკი ან წრედი მუდმივად წყობიდან გამოდიოდა. ერთხელ შტორმმა გამოიყვანა სამუშაო მდგომარეობიდან. ოთახებში ტელეფონებს ვუსხედით და ველოდებოდით, როდის მოგვცემდა სარემონტო ჯგუფი გაგრძელების ნებართვას. რამდენჯერმე გვითხრეს, რომ ათ წუთში შევძლებდით გაგრძელებას, მაგრამ როდესაც ადგილისკენ მივიჩქაროდით, აღმოჩნდებოდა, რომ კიდევ ერთი ცრუ განგაში ყოფილა. ასე გრძელდებოდა მთელი კვირის განმავლობაში.”

გამოთვლების დასრულების გარეშე ვერანაირი რეალური წინსვლა ვერ მოხდებოდა. ეს ყველაფერი დროში ისე გაიჭიმა, რომ ბოლო არ უჩანდა. ახალი კრიზისი თითქოს გარდაუვალი იყო. ამ მომენტში მდგომარეობა მათემატიკოსმა და ატომის მკვლევარმა ჯონ ფონ ნოიმანმა იხსნა, რომელმაც ტელერს უთხრა, რომ რამდენიმე თვეში ENIAC-ზე შეუდარებლად უფრო ეფექტური ახალი ელექტრონული კომპიუტერი ექნებოდა.

გეტინგენში სტუდენტობისას გონებაგახსნილ უნგრელს, ფონ ნოიმანს კურსელებმა მეტსახელად “დოქტორ მირაკლი” შეარქვეს მექანიკური სათამაშოებით გატაცების გამო. ისინი ჰოფმანის პერსაონაჟს გულისხმობდნენ, ავტომატების უცნაურ შემქმნელს, რომელმაც ნატურალური ზომის თოჯინა ოლიმპია შექმნა და შემდეგ თავდავიწყებით შეუყვარდა.

1930-ში ფონ ნოიმანი, რომელიც თავისი თაობის ერთერთ წამყვან მათემატიკოსად ითვლებოდა, შეერთებულ შტატებში გადაბარგდა. თავიდან ახალ სამყაროს მაინცდამაინც ვერ შეეწყო. ფომ ნოიმანს მათემატიკის გარდა ყველაზე უფრო მეტად თავისუფალი და მსუბუქი საზოგადოებრივი ყოფა უყვარდა, პრინსტონში კი ცენტრალური ევროპის მსგავსი ერთი კაფეც კი არ არსებობდა, სადაც ჭიქა ყავაზე საათობით შეიძლებოდა კამათი და ჭორაობა. მეცნიერს ეს დაწესებულება ისე ენატრებოდა, რომ სერიოზულად აპირებდა მწირი ქონება ამ საქმეში დაებანდებინა. “როგორ წარმოგიდგენია, რა უნდა აკეთონ პრინსტონელებმა ვენურ კაფეში?” ეკითხებოდნენ მას ამერიკელი კოლეგები. “ფიქრი ნუ გაქვთ” პასუხობდა ფონ ნოიმანი.” ჯერ რამდენიმე ევროპელ კოლეგას დავიქირავებთ რომლებიც საღამოებსს ჩემს კაფეში გაატარებენ და გაჩვენებენ, ეს როგორ ხდება.”

ამ გეგმას რომელსაც განხორციელება არ ეწერა, ახალ თანამემაულეთა შორის ნაკლები მხარდაჭერა შეხვდა, ვიდრე რობოტებით მის გატაცებას. შეერთებულ შტატებში ელექტრონიკის უკანასკნელმა მიღწევებმა ხელი შეუწყო ამ ჰობის კულტივირებას და თანდათან ამას სულ უფრო მეტ დროს უთმობდა. ადამიანებსა და მანქანებს შორის მსგავსებამ ძალიან დააინტერესა. მის მიერ შექმნილი მექანიზმების მთელი წყება ადამიანური და ზეადმიანური თვისებებით იქნა აღჭურვილი. ტელერმა თანამემაულე “სუპერის” პროექტში მონაწილეობაზე თავიდანვე იოლად დაითანხმა. ოპენჰაიმერისგან განსხვავებით, რომელსაც სინდისი ქენჯნიდა, უნგრელმა მათემატიკოსმა თავიდანვე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს, რადგან არაფრის ისე არ ეშინოდა, როგორც კომუნიზმის. მან ეს ზიზღი ცამეტი წლის ასაკში შეიგრძნო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბუდაპეშტში კომუნისტების ხანმოკლე დომინაციის პერიოდში. არაფერს ისეთი ღრმა კვალი არ დაუტოვებია მის ცხოვრებაში, როგორც იმ დღეების ტერორს და ქალაქიდან გაქცევას. მას შემდეგ მისი დამოკიდებულება ბოლშევიკების მიმართ უცვლელად შეურიგებელი გახდა.

ფონ ნოიმანმა მყისიერად დაინახა ის შეუცვლელი როლი, რომელიც მის ახალ კომპიუტერს შეეძლო ეთამაშა “ჯოჯოხეთური იარაღის” შექმნაში და ყველაფერი გააკეთა მისი შექმნის დასაჩქარებლად, ამავე დროს ლოს-ალამოსში მისი მოსწავლეები ნიკლას მეტროპოლისი და ჯეიმს რიჩარდსონი იდენტურ კომპიუტერზე მუშაობდნენ.

ENIAC-ს, რომელსაც მხოლოდ ოცდაშვიდი “სიტყვის” დამახსოვრება შეეძლო, ბეღურას მეხსიერება ჰქონდა ახალ ელექტრონულ ტვინთან შედარებით., რომელიც ინფორმაციის 40 000 ბიტს იმახსოვრებდა და ამუშავებდა. ის იმდენად ზუსტი იყო, რომ შეეძლო მიღებული ბრძანებების შემოწმება, შეცდომების პოვნა და ნებართვის შემთხვევაში, შესწორებაც კი. ფონ ნოიმანის გამოგონების ხელმისაწვდომობამ საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. კარსონ მარკი, ლოს-ალამოსის თეორიული განყოფილების ხელმძღვანელი იხსენებს, რომ “პრობლემას, რომელსაც სამი თანამშრომლის სამთვიანი შრომა სჭირდებოდა, ახლა იგივე სამი ადამიანი ათიოდე საათში უმკლავდებოდა. ფიზიკოსი, რომელიც ამოცანას სვამდა, იმის ნაცვლად, რომ ამოხსნისათვის სამი თვე ეცადა, პასუხს იმავე საღამოს იღებდა. წყალბადის ბომბის შესაქმნელად საჭირო გამოდგა მთელი ამ სამთვიანი გამოთვლების წყების ერთ სამუშაო დღემდე დამოკლება.”

ამრიგად, ბომბზე მუშაობის რეალური გმირი გამომთვლელი მანქანა აღმოჩნდა. ყველა სხვა ელექტრონული ტვინის მსგავსად, მასაც ჰქონდა საკუთარი სახელი. ფონ ნოიმანი, რომელიც კალამბურის და გათამაშების ოსტატი იყო, საკუთარი მანქანა ატომური ენერგიის კომისიას მაღალფარდოვანი სახელით “მათემატიკური ანალიზატორი რიცხვითი ინტეგრატორი და კომპიუტერი” (Mathematical Analyser, Numerical Integrator and Computer) წარუდგინა. ვერავინ იგრძნო რაიმე სახის უხერხულობა, გარდა სახელის ყოველდღიური გამოყენებისათვის ზედმეტი ცერემონიულობისა. ეს იქამდე გაგრძელდა, ვიდრე სასწაულმოქმედი მანქანის ექვსსიტყვიანი სახელის აბრევიატურას არ დააკვირდნენ და ხელში MANIAC- ი არ შერჩათ.

MANIAC-თან თანამშრომლობა ლოს-ალამოსს და მეორე დიდ ტვინს, ედვარდ ტელერს შორის თანამშღომლოზე ნაკლებად წინააღმდეგობრივი იყო. ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ის ახლაც უშედეგოდ ცდილობდა დირექტორი ბრედბერის მუშაობის ტემპი და მეთოდი საკუთარი აქტივობებისთვის შეესაბამებინა. ტელერი თავის გავლენიან ვაშინგტონის მეგობრებს მიანიშნებდა, რომ “მესას” გავლენიანი ადამიანები ახლაც ოპენჰაიმერის აზრს მისდევენ და ყურადღებას წყალბადის ბომბის შექმნაზე უფრო მეტად ატომური ბომბების გაუმჯობესებას უთმობენ. ტელერის უკმაყოფილებისგან წარმოიქმნა ბირთვილი იარაღის მეორე, ლოს-ალამოსის დამატებითი ლაბორატორიის შექმნის აზრი, რომელსაც ის უხელმძღვანელებდა. ეს ლაბორატორია მხოლოდ თერმობირთვული ბომბის პრობლემებით უნდა დაკავებულიყო.

იდეამ განსაკუთრებული მოწონება სამხედრო-საჰაერო ძალებში დაიმსახურა. მაშინ, 1952-ში, შეიარაღებული ძალების ეს განშტოება შიშობდა, რომ დანარჩენ ორთან, განსაკუთრებით არმიასთან მოუწევს ატომურ შეიარაღებაზე მონოპოლიის განაწილება. მრჩეველთა გენერალურმა საბჭომ, რომელსაც ოპენჰაიმერი ხელმძღვანელობდა, რამდენჯერმე უარყო მეორე ლაბორატორიის იდეა ზედმეტობის მოსაზრებით. თუმცა 1952 წლის ზაფხულში კომისიას გვერდი აუარეს. დაიწყო მცირე ლაბორატორიის, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებისთვის დროდადრო გამოიყენებოდა, გაფართოებისათვის მზადება.

ატომური იარაღის ახალი სამჭედლო პატარა ქალაქ ლივერმორში აღმოცენდა. ბედის ირონიით, ის რობერტ ლივერმორმა, ნაპოლეონთან საზღვაო ბრძოლებით გადაღლილმა ვეტერანმა დააარსა. უბრალო მეზღვაურმა ბრიტანული სამხედრო გემი Colonel Young კალიფორნიის პორტ მონტერეიში მიატოვა. ხეტიალმა 1835 წელს ის მწვანე ხეობაში მიიყვანა, რომელიც სამხრეთ იტალიის ლანდშაფტს აგონებდა. აქ ადგილობრივი გოგონა შეირთო, რვა შვილი ეყოლა და საკუთარი სამფლობელო, “ლას-პოსიტას,” აყვავებულ მამულად გადააქცია. 1952-ში ოქროს დასავლეთის ამ იდილიურ სავანეს ბულდოზერები შეესია და რამდენიმე თვეში ატომური ენერგიის კომისიის თერმობირთვული ლაბორატორია აშენდა. ტელერის წამოსვლა ლოს-ალამოსიდან, რომელიც გარდაუვალი ჩანდა, 1952 წლის ივლისში შედგა. სულ მალე ე.ო. ლოურენსთან და ჰერბერტ იორკთან ერთად ის სათავეში ჩაუდგა ახალ ორგანიზაციას.

ამასობაში “ბორცვზე” პირველი სუპერ-ბომბის შექმნის პროცესი მისი სულიერი მამის არყოფნაში დასასრულს უახლოვდებოდა. იმ შემოდგომაზე პროექტის ფინალური ეტაპის დირექტორმა, მარშალ ჰალოუეიმ მოიპოვა ახალი აპარატურა ლოს-ალამოსისთვის, რომელიც გადასახადის გადამხდელებს მეოთხედი მილიარდი დოლარი დაუჯდა 1945 წლის შემდეგ. ახალმა მექანიზმებმა პრაქტიკულად გააუქმეს რისკი, რომელიც ყველაზე უფრო სახიფათო საქმეს, ბომბის კრიტიკული მასის განსაზღვრას უკავშირდებოდა.

ახლა ცდები ლუის სლოტინის დროინდელი პრიმიტიული რესურსებით კი არა, დისტანციური მართვის მქონე რთული კონსტრუქციის საშუალებით ტარდებოდა, რომელსაც “იეზებელი” შეარქვეს. ის ორ მსგავს ხელსაწყოსთან,“ტოფსი” და “გოდივათან” ერთად ორ ბრტყელბანიან შენობაში იყო მოთავსებული, რომლებსაც მძიმე რადიოაქტიური დაცვა ჰქონდა და იმდენად “ცხელი,” ანუ რადიოაქტიური იყო, რომ შესვლა მხოლოდ საგანგებო ღონისძიებების დაცვით იყო შესაძლებელი. საკონტროლო პუნქტი, საიდანაც მექანიზმები იმართებოდა ძირითად ლაბორატორიაში, მეოთხედი მილის დაშორებით იმყოფებოდა. ის რაც “კივას” შიგნით ხდებოდა, მხოლოდ სატელევიზიო კამერით დაიმზირებოდა. შენობებს “კივა” პუებლოს ინდიელთა საკულტო შენობების მიხედვით დაარქვეს, რომლებსაც ინდიელი ქურუმები დიდი ძრწოლით უახლოვდებოდნენ.

თერმობირთვული მოწყობილობა, რომელიც საბოლოოდ ტელერმა და ფონ ნოიმანმა, ასამდე ერთგულმა მეცნიერმა, MANIAC-მა და იეზებელმა შექმნეს, ჯერ კიდევ ჭურვი კი არა, არამედ თერმობირთვული მოწყობილობა იყო, რომელიც 65 ტონას იწონიდა. ტრიტიუმი, რომელსაც ის შეიცავდა, წყალბადის ხელოვნური იზოტოპია, რომელიც ურანის რეაქტორში მიიღებოდა და უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე უნდა შენახულიყო მოწყობილობაში, რომლის სიმძიმე სირთულეს უტოლდებოდა.

1952 წლის ოქტომბრის დასაწყისში ათასობით მეცნიერმა, ინჟინერმა, მექანიკოსმა, ჯარისკაცმა და მეზღვაურმა თავი მოიყარა ატოლ ენივეტოკზე, მარშალის კუნძულებიდან ერთერთზე, რომლებიც გაეროს სამეურვეო ტერიტორია იყო შეერთებული შტატების მეთვალყურეობის ქვეშ. ისინი “მაიკის”– ასე შეარქვეს ურჩხულს - ასაფეთქებლად ემზადებოდნენ. გამოცდამდე ვანევარ ბუშმა, რომელიც ამერიკულ ატომურ კვლევას წარმართავდა მეორე მსოფლიო ომის დროს, სცადა მთავრობა დაერწმუნებინა რუსებთან მოლაპარაკების წამოწყებაში, ვიდრე ახალ ნაბიჯს გადადგანდნენ “საშინელი მსოფლიოს მიმართულებით.” მისი რჩევა უარყვეს. მოწყობილობა პატარა კუნძულ ელუგელაბზე განათავსეს, დიდი დამცავი საფარის ქვეშ, რომელიც მართკუთხა ფორმით და მასიურობით ზოგიერთ მონაწილეს ქააბას – მექაში მუსლიმთა წმიდა ქვის თავშესაფარს აგონებდა.

1952 წლის 31 ოქტომბრის -1 ნოემბრის ღამეს პერსონალის ბოლო გადაძახილი-შემოწმება ჩატარდა. უსაფრთხოების დირექტორმა, როი რეიდერმა მოითხოვა ყველა კუნძულის ევაკუაცია. ხალხი გემებზე აიყვანეს. ასეთ ექსპერიმენტებში აუცილებელია აფეთქების სიძლიერის ათჯერადი გადაზღვევა. ამ შემთხვევაში ზღვის შესაძლო აღელვებაც იყო გასათვალისწინებელი. სპეციალისტების მცირე ჯგუფის გარდა მოსალოდნელი აფეთქების წერტილს ყველა სულ მცირე, ორმოცი მილით მაინც დაშორდა. ელუგელაბზე ბომბის მოსამართად მხოლოდ ექსპერტები დარჩნენ. რეიდერი იხსენებს, რომ ეს ადამიანები “მოხეტიალე კეთროვანებივით მარტონი იყვნენ, თუმც კი საკონტროლო ცენტრთან კავშირი წამითაც არ შეუწყვეტიათ.” როგორც კი ეს სპეციალისტებიც უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, გემების ხმამაღლამოლაპარაკეებში წუთების და წამების უკუათვლა დაიწყო. ყველ თვალი სივრცეს აკვირდებოდა, სადაც ადამიანის მიერ შექმნილი ვარსკვლავი უნდა ამოსულიყო.

ედვარდ ტელერმა წყნარ ოკეანეში სუპერის გამოცდაზე დასასწრებად ბრედბერისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო, თუმცა გასაგები მიზეზების გამო უარყო. დიდ მოვლენამდე – შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე სწორედ შუადღემდე – დაახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე ის თავჩაღუნული, ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტის პარკის ვიწრო ბილიკს ჰევერლანდ ჰოლისკენ - შენობისკენ, რომლის სარდაფშიც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე უფრო მგრძნობიარე სეისმოგრაფი იყო განლაგებული. აქ ის აპირებდა დარტყმის დარეგისტრირებას, რომელიც ხუთი ათასი მილის დაშორებით უნდა მომხდარიყო. პატარა ოთახს, რომლის კლდოვან იატაკში მგრძნობიარე ხელსაწყო იყო ჩამაგრებული, მხოლოდ ერთი წითელი ნათურა ანათებდა. ისიც გამორთეს. ტელერი მარტო დარჩა სამზარეულოს ხმამაღლა მოწიკწიკე საათის და ჩამწერი მოწყობილობის პირისპირ, რომელსაც ფოტოფირზე მილიმეტრიანი სინათლის სხივის უმცირესი რხევის ჩაწერა შეეძლო. ის ყვება რაც შემდეგ მოხდა, ის ასე აღწერს: “სიბნელესთან თვალების შეგუების შემდეგ შევამჩნიე, რომ წერტილი არასტაბილურია, რაც ბევრად აღემატებოდა იმას, რასაც დედამიწის მუდმივი რყევა განაპირობებს - “მიკროსეისმებს,” რომლებსაც მატერიკის ნაპირზე ოკეანის გამუდმებული ზათქები იწვევს. ეს ჩემი თვალების მოძრაობამ გამოიწვია, რომლებიც სიბნელეში გარემომცველი მყარი საგნების დანახვის შეუძლებლობამ სტაბილურიბა დააკარგვინა. მალე მნათი წერტილის ყურებამ ისეთი შთაბეჭდილება შემიქმნა, თითქოს ნაზად და უწესრიგოდ მოლივლივე ნავში ვიჯექი, ამიტომ ფანქარი აპარატურის ნაწილს მივაბჯინე და მნათ წერტილს მიუახლოვე. წერტილი გაჩერდა და მეც თითქოს ისევ მყარ ნაპირს დავუბრუნდი. მოახლოვდა აფეთქების დროც. არაფერი მოხდა და ვერც მოხდებოდა, რადგან ბიძგის გავრცლებას წყნარი ოკეანის ღრმა აუზის ქვეშ კალიფორნიის ნაპირებამდე საათის მეოთხედი უნდა დასჭირვებოდა. მოუთმენლად ვაკვირდებოდი სეისმოგრაფს, რომელიც ყოველ წუთში დროის აღმნიშვნელ რხევას ასრულებდა. ბოლოს მოვიდა დროითი სიგნალიც, რომელსაც შოკი უნდა მოჰყოლოდა და მართლაც, მნათი წერთილი უწესრიგოდ და მძლავრად აცეკვდა. იქნებ ფანქარი, რომელიც მარკერად მეჭირა ხელში ამითამაშდა? მრავალი წუთი კიდევ მოვიცადე, იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩანაწერში არ იქნებოდა გამოტოვებული არცერთი ბიძგი, რომელიც პირველს შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საბოლოოდ ფირი ამოიღეს და გაამჟღავნეს. ამ დროისათვის თითქმის დავარწმუნე საკუთარი თავი, რომ შევცდი და რომ მოძრაობა, რომელიც დავინახე, საკუთარი ხელით იყო გამოწვეული და არა პირველი წყალბადის ბომბისგან მიღებული სიგნალით. შემდეგ ფირზე კვალი გამოჩნდა - ნათელი, ძლიერი და უშეცდომო. ის შეკუმშვის ტალღამ გამოიწვია, რომელმაც ათასობით მილზე გავრცელდა და “მაიკის” წარმატება დაადასტურა.”

აფეთქების ადგილზე ერთი მილის სიგრძის და 175 ფუტის სიღრმის კრატერი გაჩნდა. როგორც კი პირველი სუპერის ცეცხლოვანი ბურთის სამნახევარი მილის ალის გუმბათი გაქრა და და კვამლის უზარმაზარი სოკო ცაში აღიმართა, დამკვირვებლებმა გააცნობიერეს ის, რაც დაუჯერებლად ეჩვენებოდათ. ელუგელაბის კუნძული გაუჩინარდა. აფეთქებამ, რომელშიც სამი მეგატონა – მილიონი ტონა - ტნტ-ს ეკვივალენტური ენერგია გამოთავისუფლდა, პირველი ატომური ბომბის მსგავსად ყველა მოლოდინს, მათ შორის MANIAC-ის გამოთვლებსაც კი გადაჭარბა.

“მაიკის” წარმატებულმა აფეთქებამ პრაქტიკულად დაასაბუთა, რომ სავარაუდოდ მზეზე მიმდინარე პროცესების გამეორება დედამიწაზეც შესაძლებელია. ‘ურჩხული” ჯერ კიდევ არ იყო ბომბი, რომელსაც თვითმფრინავით გადაიტან. შეიარაღებათა შეჯიბრებაში ჩაბმული ამერიკელი მეცნიერები არ დაკმაყოფილებულან ამ აღსანიშნავი ტექნიკური შედეგითაც კი. მათ გადაწყვიტეს იგივე ტემპით გაეგრძელებინათ მუშაობა ბომბის “მშრალ” ნაირსახეობაზე, სადაც ტრიტიუმის ნაცვლად ლითიუმის იზოტოპი იქნებოდა გამოყენებული და ასეთნაირად აეცილებინათ თავიდან დაბალტემპერატურული მოწყობილობის გამოყენების აუცილებლობა. ლოს-ალამოსსა და ლივერმორში ისინი ჯერ კიდევ ამ ახალი, “ძეხვის” ნაზი სახელით ცნობილი ბომბის შექმნაზე მუშაობდნენ, როდესაც საბჭოთა რუსეთიდან მოსულმა ახლმა ამბავმა მთელი მსოფლიოს მეცნიერები გააოცა.

1953 წლის 8 აგვისტოს სტალინის მემკვიდრემ, მალენკოვმა, გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღარ ფლობს მონოპოლიას წყალბადის ბომბზე. ოთხი დღის შემდეგ რადიაციული დეტექტირების პატრულმა აზიის თავზე ახალი საბჭოთა ბომბის აფეთქების კვალი აღმოაჩინა. ამ კვალის ნიმუშების ანალიზმა ხელდასხმულლთა შორის ისეთი გაოგნება გამოიწვია, რომელიც მხოლოდ პირველი საბჭოთა ბომბის აფეთქბით გამოწვეულს თუ შეედრებოდა. რადიაციული ქიმიის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ რუსებს უკვე ჰქონდათ “მშრალი ბომბი.” ახლა ისინი სავარაუდოდ ისეთ მდგომრეობაში არიან, უხსნიდა კოლეგების მცირე ჯგუფს საკმაოდ შეშფოთებული სტერლინგ კოული, კონგრესის ატომური კომისიის თავმჯდომარე, რომ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში დაემუქრონ შეერთებულ შტატებს წყაკბადის ბომბებით, რაზეც ამერიკელებს მხლოდ ატომური ბომბებით შეუძლიათ პასუხის გაცემა. ამერიკის მთავრობას ხალხსეს ფაქტები არ გაცნო.

მდგომარეობა, რომლისაც ვაშინგტონს დიდი ხანია ეშინოდა, ახლა რეალობად იქცა. “აბსოლუტური იარაღის” შეჯბრებაში ახლა უკვე მეორე მხარე ლიდერობდა. რა უნდა გაკეთებულიყო დასაწევად და თუ შესაძლებელია, გასასწრებად? რბოლა კისრისტეხამდე აჩქარდა. წუთების მოსაგებად, ვიდრე მტრული თავდასხმა ერთი დარტყმით რამდენიმე მილიონ ამერიკელს გაანადგურებდა და ამერიკულ ინდუსტრიულ პოტენციალს ძირს გამოუთხრიდა, წამოიწყეს “ელექტრონული ვუალის” დაპროექტება, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსს მიუახლოვდებოდა და ზღვაში შორს წაიწევდა. რამდენიმე წუთის მოსაგებად გაცოცხლდა იდეა რომელსაც 1945 წლის შემდეგ ყურადღებას დიდად არ აქცევდნენ – დისტანციურად მართული უპილოტო რაკეტების გამოყენება, რომლებსაც ატლანტიკის ან ჩრდილოეთის თოვლიანი უდაბნოს გადალახვა ნახევარ საათზე უფრო ნაკლებ დროში შეეძლო.

ეს ‘ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტები” იმ გერმანელების ხელმძღვანელობით მუშავდებოდა, რომლებმაც V2 შექმნეს და ახლა ამერიკის მოქალაქეები გახდნენ. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეს მექანიზმები დიდი რაოდენობით არ დაუმზადებიათ ისაა, რომ მათი გადახრა სამიზნიდან 1 პროცენტამდე შეადგენდა, რაც 5,000 მილისთვის 50 მილია. მართვის მექანიზმის გაუმჯობესებამ ეს ცდომილება საბოლოოდ 0.2 პროცენტამდე შეამცირა, თუმცა ამ დროს გადახრა მაინც 10 მილი რჩებოდა. შესაბამისად. მოსკოვისთვის დამიზნებული რაკეტა ცენტრში კი არა, არამედ შესაძლოა ქალაქის განაპირა რაიონში ჩამოვარდნილიყო, ლენინგრადის აეროდრომისთვის დამიზნებული კი სადმე მინდორში, ან სულაც ზღვაში.

მიუხედავად ამისა, საჰაერო ძალებში მიაჩნდათ, რომ ეს საშინელი საჰაერო ტორპედო, თუ მისი დამიზნება უფრო ზუსტად მოხერხდება, იქნება ის კარტი, რომელიც უკანასკნელ რუსულ ტუზს საუკეთესოთ გაჭრიდა – თუ რა თქმა უნდა , უკვე გვიანი არაა. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანგარიშები უკვე ატყობინებდნენ პენტაგონს რუსების მიერ სწორედ მართული ბალისტიკური რაკეტების სფეროში გასაოცარი მიღწევების შესახებ.

ჯონ ფონ ნოიმანი, რომელსაც ამ დროისთვის უკვე უკურნებელი კიბო სჭირდა, სათავეში ჩაუყენეს ამ პრობლემის შემსწავლელ საიდუმლო კომიტეტს. კომიტეტი პირველად 1953 წლის სექტემბერში, რუსული წყალბადის ბომბის გამოცდის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე შეიკრიბა. ფონ ნოიმანი ადრეც მჭიდრო კავშირში იყო ატომური ენერგიის კომისიასთან, და ცოტა ხანში მისი წევრიც გახდა. ის იცნობდა “სამეტაპიანი” ბომბის გეგმას, რომელიც კომისიამ შეადგინა. მათ უნდოდათ თერმობირთვული ბომბის ორი ეტაპისთვის (ანუ ცენტრალური ატომური ბომბის აფეთქებისათვის, რომელიც იწვევს სინთეზის შეაქციას თერმობირთვულ საწვავში, რომელიც მას აკრავს და ამით შეუდარებლად უფრო ძლიერ შედეგს იძლევა) დაემატებინათ მესამე, რომელიც ბომბის გარსაცმში დაშლის რეაქციისგან შედგებოდა. გარსაცმი ნაცვლად ჩვეულებრივი მასალისა, U 238-ისგან უნდა დამზადებულიყო. ეს ბომბი, რომელსაც “დაშლა-სინთეზი-დაშლა” (Fussion-Fission-Fussion) ან FFF ბომბი დაარქვეს, ჯერ არ დაემზადებინათ, რადგან მაქსიმალური ნგრევის გამოწვევა შეეძლო. დაშლის რადიოაქტიური ნივთიერება 300 კვადრატულ მილზე ვრცელდებოდა. შესაბამისად, ეს იარაღი “ზედმეტად დამანგრეველი ძალის” მქონედ ჩაითვალა.

თუმცა ახლა ფონ ნოიმანი გონებაში ინტერკონტინენტალური რაკეტის უზუსტობის და სამეტაპიანი ბომბის გაბნევის უზარმაზარ ფართობის უღტიერთდაკავშირებას ახდენდა. მან ორი ურჩხული რომელიც, აქამდე სამხედრო თვალსაზრისით უსარგებლოდ ითვლებოდა, უწმინდური კავშირით შეაუღლა და მადლიერ დამქირავებლებს “აბსოლუტური იარაღის” ფორმით წარუდგინა, რადგან ახლა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინტერკონტინენტალური რაკეტა სამიზნიდან შორს გასკდებოდა, ის სამიზნეს მაინც სიკვდილის რკალში მოაქცევდა და გაანადგურებდა. მოგვიანებით ამერიკულმა Fortune მოიყვანა ფონ ნოიმანის განებამახვილური კომპოზიტი: “თერმობირთვული საბრძოლო თავაკის დამანგრეველ ძალაში კვანტური ნახტომის წყალობით, რომ აღარაფერი ვთქვათ მომაკვდინებელი ნალექის კიდევ უფრო დიდ არეალზე, დამიზნების რვა-ათმილიანი სიზუსტე სამხედრო თვალსაზრისით მისაღები გახდა.”

ფონ ნოიმანი, “მათემატიკოსი, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო,” როგორც Fortune ამბობს, უცხადესი მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნა მეცნიერი ახალი იარაღის გამომგონებლიდან მეცნიერულ სტრატეგოსად. “მეორე მსოფლიო ომის მომდევნო წლებში,” წერდა ჰენსონ ბოლდუინი, ამერიკელი სამხედრო ექსპერტი, “ტექნოლოგიურმა რევოლუციამ უდიდესი ნაბიჯები გადადგა და ნაპოლეონის შემდეგ ერთნახევარ საუკუნეში არნახული ზეგავლენა მოახდინა ომის ხელოვნებაზე. ატომის მეცნიერებმა შექმნეს ყველა სახისა და ზომის ბირთვული იარაღის მთელი ოჯახი. აეროდინამიკის სპეციალისტებმა და ავიაკონსტრუქტორებმა შექმნეს არნახული მანევრირებისა და გაუგონარი სიჩქარის რეაქტიული გამანადგურებლები. სარაკეტო ექსპერტებმა განავითარეს საოცრად სწრაფი და მრავალფეროვანი რაკეტები. დამატებით,” ხსნის ბოლდუინი” ხელმისაწვდომი გახდა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი რადიოაქტიური მტვრისა და აირის სახით.”

ელექტრონიკის მიღწევებმა სიკვდილის ამ მაცნეთა დამიზნება უმაღლეს სიჩქარეებზეც კი ზუსტი გახადა. თუმცა თავიანთი რესურსების ამარა დარჩენილი გენერლები მენტალურად ამ “კვანტურ ნახტომს” ომის ტექნიკაში ფეხს ვერასოდეს აუწყობდნენ. მათ სწირდებოდათ მეცნიერები მათი გეგმების შედგენაში დასახმარებლად და აგრეთვე ამ გეგმების გადახედვაში, რომელიც ყოველი წინგადადგმული ტექნოლოგიური ნაბიჯის დროს აუცილებელი ხდებოდა. მცნიერ-ექსპერტთა უმრავლესობა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ საომარ თამაშებში გააგრძელა ეს მონაწილეობა იმ შეშფოთებისა და ეჭვების გამო, რომლის მსხვერპლნი გახდნენ 1939 წლიდან მოყოლებული. ისინი მონაწილეობდნენ ამ პროგრესირებად და განწირულ მანევრებში და მზარდ მუქარასა და კონტრ-მუქარაში, რადგან სჯეროდათ, რომ მხოლოდ ეს იძლეოდა მშვიდობის შენარჩუნების იმედს.

ამ ტიპის მომავლის ომების დაგეგმვა – იმ იმედით რომ ისინი არასდროს მოხდება, თუ წინასწარ მოამზადებ – MANIAC-ს და მის ხატად დამზადებულ სხვა ელქტრონულ “წინასწარმეტყველებს” სტრატეგიულ სფეროში უკიდურესად სწრაფი შეფასებისა და გადაწყვეტილების ინსტრუმენტების ახალი როლი მიუჩინა. MANIAC-ისთვის ხომ თვით სამყაროს დასასრულიც კი მხოლოდ ერთი, გამოთვლების საშუალებით პასაუხგასაცემი კითხვა იყო. თუ ქალაქი ან ქვეყანა მანქანური ენაზე ითარგმნებოდა, ისტორია და სიცოცხლეც მშრალი რიცხვების კრებულში დაფოკუსირდებოდა და შესაძლებელი გახდებოდა მოხერებული ფორმულის შემუშავება მილიონობით ადამიანის გასანადგურებლად. როდესაც ფონ ნოიმანის მოწაფეები, ან მათი საბჭოთა მოწინააღმდეგეები კომპიუტერის პანელს მიუჯდებოდნენ და ომის შესაძლებლობებს ანგარიშობდნენ, ისინი ქვეყნის რესურსებს მოსახლეობის პანიკასა უსასოობაზე ყოფდნენ, ან ამრავლებდნენ მათ გამომგონებლობის უნარზე და გამარჯვებისკენ სწრაფვაზე. ნიშნავს თუ არა პრობლემის გადაჭრა დამარცხებულის განოლებას? იქნებ რადიკალურ შურისძიებას თანდათანობითი სჯობს? ასეთ გამოთვლებში ყოველთვის მილიონობით სიკვდილი ფიგურირებდა, ერთიდან ასეულობით მილიონამდე, ხოლო დრო სრული განადგურების გარდაუვალობამდე სულ უფრო მოკლდებოდა. თუ შესაძლებელია იმის დავიწყება - და ეს თითქმის სრულად შესაძლებელია, როდესაც ასეთი ინსტრუმენტის კონსოლთან ზიხარ – რომ საქმე თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მთელი ეს ამბავი პრინციპულად არ განსხვავდება ალბათობის იმ აუცილებელი გამოთვლებისგან, რომლებიც მილიონობით ატომური ნაწილაკის მოძრაობას განიხილავს ახალი ტიპის ბომბის მექანიზმში.

და მაინც, მთელ ამ გამოთვლებში, მათი გამაოგნებელი სიზუსტის მოუხედავად უცებ ზღვის სრულიად ჩვეულებრივი ბრიზი ჩაერია, რომელზეც არავის არ უფიქრია. 1954 წლის 1 მარტის ამინდის პროგნოზის მიხედვით ატოლი ბიკინის ჩრდილოეთისკენ უნდა დაებერა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად სამხრეთისკენ მობრუნდა და კუნძულებს - რონგელაპს, რონგერიკს და უტერიკს ჩაუქროლა, ვიდრე ღია ზღვას არ მიაღწია, სადაც იაპონური ორთქლის ტრაულერი, “იღბლიანი დრაკონი N5” იმყოფებოდა. მოწმენდილი ციდან ხომალდს თოვლიანი ქარბუქი დაატყდა. ორი კვირა გავიდა, ვიდრე მსოფლიო გაიგებდა, რომ ეს რადიოაქტიური ფერფლის წვიმა იყო. იაპონელი მეცნიერების მიერ გემის კორპუსის ღრიჭოებში ნაპოვნი უმცირესი ნაწილაკები სამეტაპიანი ბომბის საიდუმლოს ინახავდა, რომელიც 1954 წლის 1 მარტს ააფეთქეს წყალბადის ბომბების ახალი სერიის პირველ ტესტში.

სწორედ ამ დროს ომის საშიშროება კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად გამძაფრდა. ინდოჩინეთში დიენ-ბიენ-ფუს ფრანგული სამხედრო პოსტი დაცემის პირას აღმოჩნდა. ვაშინგტონსა და პარიზში ინდოჩინური კომუნისტური არმიის შეტევის შესაჩერებლად ამერიკის ჩარევას განიხილავდნენ. შტაბის უფროსი, ადმირალი რედფორდი ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენების შესახებ ალაპარაკდა.

თუმცა აქამდე საქმე არ მისულა. ახლაც ისევე, როგორც 1945 წლის აგვისტოში და 1950 წლის თებერვალში, უკვე მესამედ, მთელი მსოფლიო ახალი იარაღის საშინელებით იყო შეძრწუნებული. იაპონელი მეთევზეები ბევრად უფრო შორს იყვნენ ამერიკელების მიერ განსაზღვრულილი სახიფათო ზონის ფარგლებს გარეთ, და მაინც, აფეთქების წერტილიდან 120 მილის დაშორებით, მისი ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ. მათ მშობლიურ პორტს იაიცუს 14 მარტს მიაღწიეს, დასუსტებულებმა და დაავადებულებმა ისე, რომ ავადობის მიზეზზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ და აქ ისინი დაუყოვნებლივ მოათავსეს ჰოსპიტალში.

ხმა გავრცელდა, რომ მეცნიერებმა ახალ ბომზე კონტროლი დაკარგეს და მან ენერგიის უზარმაზარი, 18-დან 22 მილიონ ტონამდე ტნტ-ს ეკვივალენტური რაოდენობა გამოათავისუფლა. “”მაიკის” აფეთქების ძალა მხოლოს 3 მილიონის ტონის ეკვივალენტური იყო. აღიარებულ იქნა, რომ აფეთქების ძალამ მოსალოდნელს ორჯერ გადააჭარბა. თუმცა ამ ამბავზე კიდევ უფრო შემაშფოთებელი ახალი ჭურვის მომწამლავი მოქმედება იყო., რომელიც მომდევნო დღეებში აღმოაჩინეს იაპონიაში მოსულ წვიმაში, ინდური თვითმფრინავის საპოხ ზეთში, ავსტრალიის თავზე მქროლავ ქარში, შეერთებული შტატების ცაში და ევროპაშიც კი.

თუ წინა ბომბები მხოლოდ კაცობრიობის ცნობიერებაზე ახდენდნენ ზემოქმედებას, რომელიც სწრაფად უბრუნდებოდა აპათიის მდგომარეობას, აწინდელმა “ჯოჯოხეთურებმა” ანგარიშების თანახმად, სახიფათო გახადეს ჰაერი, რაომელსაც ადამიანი სუნთქავს, წყალი, რომელსაც სვამს და საკვები, რომელსაც ჭამს. მათ მშვიდობიანობის პერიოდშიც კი დააზიანეს ყველა ადამიანის ჯანმრთელობა, განურჩჩევლად იმისა, თუ სად ცხოვრობს.

ადმირალ შტრაუსმა, რაღა თქმა უნდა, კონტრშეტევა დაუყოვნებლივ წამოიწყო. მან გამოაცხადა, რომ მისი მეცნიერები გადაჭარბებულად თვლიან შიშს ყველგან გავრცელებული რადიაციის სიცოცხლისათვის სახიფათოობაზე.

ამას მოჰყვა კამათი “დამამშვიდებლებსა” და “მეგანგაშეებს” შორის, რომელიც ალბათ წლობით გაგრძელდება, რადგან გამოცდებისას გავრცელებული რადიოაქტივობის ყველაზე უფრო საშიში – შთამომავლობაზე ზეგავლენის ზუსტ მეცნიერულ შეფასებას თაობები დასჭირდება.

ყველა გენეტიკოსი თანხმდება ფაქტზე, თუმც კი ვერ – მასშტაბზე, რომ ჩვენი მომდევნო თაობები რისკის ქვეშაა ბომბებისგან გამოყოფილი უჟრედის მომწავლავი მასალების გამო. შტრაუსის კრიტიკა, რომელიც მემკვიდრეობითობის გამოჩენილი ამერიკელი სპეციალისტის, სტერტევანტის მიერ გამოითქვა, განსაკუთრებით გულმოდგინეა. მან დაწერა:

“იმ დასკვნას, რომ უკვე აფეთქებული ბომბები მრავალრიცხოვანი დეფექტური ადამიანის დაბადებაში აისახება, ვერსად გავექცევით, თუკი საერთოდ ადამიანთა მოდგმის იდ\ევ ბევრი თაობა გადარჩება. … სამწუხაროა, რომ ესოდენ დიდი პასუხიმგებლობის მქონე მოხელე აცხადებს, თითქოს მაღალი ენერგიის რადიაციის მცირე დოზები ბიოლოგიურ საფრთხეს არ შეიცავს.”

ცოტა ხნის შემდეგ იმავე მეცნიერმა საჯარო მიმართვაში განაცხადა, რომ სავარაუდოდ 1954 წელს დაბადებულთაგან 1 800-მდე ბავშვი უკვე დასნებოვნებულია რადიაციით. იმავე წელს, ამერიკელმა ზოოლოგმა, კურტ სტემმა განაცხადა: “ახლა ყველას აქვს სხეულში რადიოაქტივობის მცირე ნაწილი წყალბადის ბომბის ტესტებიდან: “ცხელი” სტრონციუმი ძვლებში და “ცხელი” იოდი ფარისებრ ჯირკვალში.”

ამერიკელმა ფიზიოსმა რალფ ლაპმა კიდევ უფრო სერიოზული გაფრთხილება გააკეთა A.E.C. ბიოლოგთან საუბრის საფუძველზე; ამ ბიოლოგმა სამსახურის დაკარგვის შიშით არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება. ლაპი აცხადებს:

“1945 წელს 55 000 ტონა ტნტ-ს ეკვივალენტი ააფეთქეს. სპორადული გამოცდები გრძელდებოდა მანამდე, ვიდრე ქვეყანა ცივი ომის საცეცებში არ მოექცა. გამოცდების რაოდენობა გაიზარდა და 1954-ში ტესტების მოცულობა ათასჯერ აღემატებოდა 1945-ისას. ჩემი გამოთვლების მიხედვით, თუ გამოცდების ზრდის ტენდებცია შენარჩუნდება, 1962 წელს სტრატოსფეროში გადასული სტრონციუმის რაოდენობა 1972-ისთვის “ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას” მიაღწევს.”

რას ვგულისმობთ, როდესაც რადიოაქტიური ნივთიერების ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე ვლაპარაკობთ? მასზე უფრო მაღალი დაავადებას იწვევს? თუ ასეა, რამდენად უფრო მაღალი? უსაფრთხოა თუ არა ადამიანისთვის მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის სტრონციუმის ძვლებში ქონა? წარსულში მაქსიმალური დასაშვები კონცენტაცია (MPA) განისაზღვრებოდა ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანების მცირე ჯგუდფისთვის, რომელიც კონტროლირებად პირობებში გარკვეული ცნობილი საფრთხის ქვეშ უწევდა მუშაობა.

ასეთი ადამიანებისთვის დააწესა რადიობიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა გარკვეული პროფესიული MPA. ზოგადად მოსახლეობისათვის MPA სერიოზული უთანხმოების საგანია. მაგალითად, სტრონციუმის შემთხვევაში ცნობილია, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან მისი ზემოქმედების მიმართ. ბევრი ექსპერტი სწორედ ამიტომ თვლის, რომ მოსახლეობისათვის ზოგადად MPA ათჯერ ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე კონკრეტული პროფესიული ჯგუფებისთვის.

რადიოაქტიური სტრონციუმი კიბოს ერთ-ერთი გამომწვევია. იმის გამოსარკვევად თუ ამ შხამის რა რაოდენობა გავრცელდა უკვე გამოცდების მიზეზით, ადმირალმა შტრაუსმა სპეციალურ საკვლევ კომიტეტს დაავალა ხუთივე კონტინენტზე მცენარეებში, ცხოველებში და ადამიანებში სტრონციუმის კონცენტრაციის შესწავლა. კომიტეტს სახელად მხიარული “ოპერაცია მზის სინათლე” დაარქვეს და ისიც ამ სახელთან შესაბამისად მოქმედებDა, მისი ანგარიში გამიზნული ოპტიმიზმით ბრწყინავს.

დასნებოვნებული ოცდასამი იაპონელი მეთევზიდან ერთი, რადისტი კუბოიამა რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. თანამემამულეებმა მას “წყალბადის ბომბის პირველი მოწამე” უწოდეს.

სხვები ახლაც იაპონურ ჰოსპტალებში მკურნალობენ. ერთერთმა მეთევზემ, მისაკიმ, რეპორტერი ჰილმარ პაბელის ხელით მსოფლიოს ასეთი გზავნილი მიაწოდა:” ჩვენი ბედი მთელ მსოფლიოს ემუქრება. გადაეცით ეს პასუხისმგებლობის მქონეთ. ღმერთმა ქნას, რომ შეისმინონ.”





No comments:

Post a Comment