17. ზნეობრივი დილემა .1950-51

ჰანს ბეთე კოლეგებსა და მეგობრებში მუდამ პოპულარული იყო იუმორის შესანიშნავი გრძნობისა და კიდევ უფრო შესანიშნავი – თუ კი ასეთი რამ შესაძლებელია – მადის წყალობით. ამ ჯანსაღი და კმაყოფილი, შინაგანად და გარეგნულად თვითდაჯერებული ადამიანის იდენტიფიცირება ატომური მეცნიერის გავრცელებულ სტერეოტიპთან - გაუთავებელი ზნეობრივი მერყეობის მსხვერპლთან – წარმოსახვის უნარის სრული დაძაბვითაც კი ძნელია. მიუხედავად ამისა, სწორედ მან განიცადა ყველაზე მძიმედ, როდესაც სხვა ფიზიკოსების მსგავსად, წყალბადის ბომბის შექმნა-არშექმნის საკითხთან პირისპირ აღმოჩნდა.

“ვაღიარებ, რომ ამაზე დიდად არ მიდარდია – ყოველ შემთხვევაში, ომის დროს. ჩვენ საქმე გვქონდა გასაკეთებელი და თანაც, ძალიან ძნელი,” თქვა ბეთემ, როდესაც მოგვიანებით ჰკითხეს, ხომ არ ჰქონია ზნეობრივი ხასიათის პრობლემები ლოს-ალამოსში ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობისას. ჰიროშიმას შემდეგ მისი დამოკიდებულება შეიცვალა. ბევრი სხვა მეცნიერის მსგავსად, ის შეაწუხა პასუხისმგებლობამ, რომელიც ამ საშინელი იარაღის შექმნაში შეტანილი წვლილის გამო დააწვა. როგორც ატომური მეცნიერების საგანგებო კომიტეტის წევრი, ის წამყვან როლს თამაშობდა მათ შორის, ვინც ამტკიცებდა, რომ საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ატომური ომის საფრთხეთა თვალსაზრისით და აუცილებელია საერთაშორისო კონტროლი. მალე ის მიხვდა, რომ თუ მეცნიერებს სურთ გავლენის შენარჩუნება, არეულ-დარეული თანამედროვე პოლიტიკისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ.

აღიარებული გერმანელი ფიზიოლოგის შვილს, ბეთეს განსაკუთრებით გაუჭირდა მშობლიური ქვეყნის დატოვება1933 წელს . ბადენ-ბადენიდან, სადაც მას ნება დართეს, საბოლოო ემიგრაციამდე რამდენიმე სასიამოვნო უკანასკნელი დღე გაეტარებინა, მან უაღრესად სევდიანი გამოსამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა თავის მასწავლებელ ზომერფელდს, რომელიც მას უცილობელ მემკვიდრედ განიხილავდა. შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე ბეთეს ბრწყინვალე კარიერა ელოდა, თუმცა ის სიამოვნებით იხსენებდა წარსულ ცხოვრებას, როდესაც თავი მისი მასწავლებლის მიერ მოძიებული მწირი სტიპენდიით გაჰქონდა. ომის შემდეგ ზომერფელდმა ჰკითხა, ხომ არ მოჰკიდებდა ის ხელს მიუნჰენში თეორიული ფიზიკის კათედრას – ზომერფელდის წასვლის შემდეგ ის შესაძლოთაგან ყველაზე უარესმა, “გერმანული ფიზიკის” მხურვალე მხარდამჭერმა, ვინმე მიულერმა გადაიბარა. ბეთე იძულებული იყო, უარი ეთქვა. ის ახალ სამშობლოს შეეჩვია და თანაც ამერიკელებისგან თავს იმდენად დავალებულად გრძნობდა, რომ ძველი ამბიციის უმაღლესმა მწვერვალმა, რომელიმე გერმანული უნივერსიტეტის პროფესორობამაც კი აღარ მოხიბლა.

მისი ძლიერი პიროვნების დამსახურება იყო ის, რომ კორნელის უნივერსიტეტი შეერთებულ შტატებში ბირთვული ფიზიკის ერთერთ ყველაზე უფრო ანგარიშგასაწევ ცენტრად იქცა. 1949 წლის ოქტომბერში წმინდა კვლევის ამ სამოთხეში “ჯოჯოხეთური ბომბის” ადვოკატი, ედვარდ ტელერი , შეიჭრა. ტელერს დოქტორ ბეთეს ცდუნება განეზრახა. ის ემუდარებოდა ბეთეს, ლოს-ალამოსში თუნდაც ერთი წლით დაბრუნებულიყო, რადგან მის თანამშრობლობას სხვა ვერაფერი ვერ შეცვლიდა.

ბეთემ საკუთარი თავის ფასი იცოდა. მას ესმოდა, რომ ტელერი უბრალოდ არ უტევს, რადგან უმისოდ საქმეს თავს ვერ გაართმევს. ბეთეს ბრწინვალე კოლეგა იმ ბულვარული პიესების უნგრელ ავტორებს წააგავდა, რომელთა ბრწყინვალე იდეები მხოლოდ შესანიშნავი პირველი აქტის სამყოფია და არსდროსაა ბოლომდე გააზრებული. “ტელერს...სჭირდება...გარკვეული მართვა, სხვა ადამიანი, ვინც საკითხის მეცნიერულ სინამდვილეს განსაზღვრავს, ვინც ცუდ იდეებს კარგისგან გამოხშირავს…” ასეთი იყო ბეთეს აზრი სტუმრის შესახებ და “სხვა ადამიანის” ამ როლში საკუთარ თავის დანახვა შესანიშნავად შეეძლო.

როდესაც ტელერი მიხვდა, რომ ფინასური შეთავაზებებით ბეთეს ვერ დაიყოლიებდა, გადაწყვიტა თერმობირთვილი რეაქციების სავარაუდო ხასიათის შესახებ ბრწყინვალი განცხადებებით დაებრმავებინა. ბეთე, საკუთარი თქმით “მოიხიბლა მისი იდეებით.” ტელერთან, ულამთან, გამოვთან და შესაძლოა, ფერმისთანაც ერთობლივი მუშაობა - განსაკუთრებით გაუმჯობესებული ელექტრონული გამომთვლელი მანქანების მხარდაჭერით, რომლებიც მაშინ მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ძალიან ძლიერი ცდუნება უნდა ყოფილიყო. ასეთი განსაკუთრებული გუნდისგან ბევრი საინტერესო ახალი აღმოჩენა იყო მოსალოდნელი.

ბეთე ორჭოფობდა. “კიდევ უფრო დიდი ბომბის განვითარება სახიფათო წამოწყებად” ჩათვალა და ეს ტელერს თავიდაანვე უთხრა. მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებზე აუცილებლად თავის ახალგაზრდა ცოლთან, ცნობილი გერმანელი მეცნიერის, ევალდის ქალიშვილთან უნდა ეთათბირა. იმ ღამეს ტელერის თხოვნაზე გვიაობამდე იმსჯელეს. მოგვიანებით ბეთე იხსენებდა, რომ ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება: ‘ვფიქრობდი, რომ თერმობირთვული იარაღის შექმნა ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სიძნელეს, რომელშიც აღმოვჩნდით, და მაინც არ ვიყავი სრულად დარწმუნებული, რომ უარი უნდა მეთქვა.”

ბეთემ გააკეთა ის, რასაც მეცნიერები აკეთებენ, როდესაც ამოცანას ვერ ხსნიან. ის ეცადა დამატებითი ფაქტები მოეძიებინა, განსაკუთრებით - პოლიტიკური და სამხედრო ფაქტები, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდოდა. მან იფიქრა, რომ ყველაზე უფრო კარგად ამას ოპენჰაიმერის მეშვეობით მოახერხებდა, რომლის მდგომარეობაც გლობალური სიტუაციის შესაფასებლად ბეთესას სჯობდა, ვინაიდან ის რამდენიმე საიდუმლო სამთავრობო კომიტეტის წევრი იყო.

ტელერისთვის, რომელიც ითაკაში ღამისთევით დარჩა, ბეთეს ჯერ არც კი ეთქვა, რა გადაწყვიტა, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ხაზზე “ოპი” იყო. მას შეეტყო, რომ ალვარესი, ლოურენსი და ტელერი ცდილობდნენ ხელისუფალთა დარწმუნებას “სუპერის” აუცილებლობაში და უნდოდა გაეგო, რას ფიქრობს ბეთე. მან ისიც იცოდა, რომ ტელერი ითაკაშია და საკითხს არკვევს. ოპენჰაიმერმა ისურვა, რომ სამივენი ერთმანეთს პრინსტონში შეხვედროდნენა და იქ ეთათბირათ.

სწორედ ეს უნდოდა ბეთესაც, ტელერმა კი ჩათვალა, რომ ოპენჰაიმერი ან მის წინააღმდეგაა პიროვნულად განწყობილი, ან “სუპერის’ წინააღმდეგ. ამ საქალაქთაშორისო საუბარმა ის ძალიან დათრგუნა. “მე ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ ოპენჰაიმერი თერმობირთვული ბომბის ან მისი განვითარების წინააღმდეგაა განწყობილი,” რამდენიმე წლის შემდეგ იხსენებდა ტელერი. “… სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ბეთეს ეს წუხილი გავუზიარე, როდესაც ვუთხარი, “ოპენჰაიმერს დაველაპარაკებით და თქვენ აღარ წამოხვალთ!”

ორი დღის შემდეგ ბეთე და ტელერი პრინსტონში მოწინავე კვლევების ინსტიტუტის (IAS) დირექტორის ოფისში ისხდნენ. ოპენჰაიმერი ამ ინსტიტუტს 1947 წლიდან ხელმძღვანელობდა. ნათელი და მოწესრიგებული ოთახი, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლებოდა ხეებით შემოფარგლულ, შემოდგომის ტონებით შეფერადებულ ფართო მდელოებზე, ძირეულად განსხვავდებოდა “ოპის” ლოს-ალამოსის ყაზარმული ოფისისგან, სადაც სამნი ომის დროს შეხვდნენ ერთმანეთს. იმ დღეებში “ოპის” თანამშრომლები ხშირად ველური დასავლეთის პონერული დასახლების დამაარსებელსა და ლიდერს ამსგავსებდნენ. ახლა ის მემამულეს ჰგავდა, რომელიც სტუმრებს დიდებულ, გემოვნებით მორთულ სოფლის სახლში მასპინძლობს. იგივე შენობაში, რამდენიმე ოთახის დაშორებით, სამოცდაათს გადაცილებული აინშტაინი ცარიელ, მოურთავ ოთახში ველის ერთიანი თეორიის დიდებულ სტრუქტურაზე მუშაობდა, რომელშიც თავი უნდა მოეყარა გრავიტაციის, სინათლისა და მატერიის ყველა მოვლენას. ის იშვიათად მსჯელობდა დირექტორთან მეცნიერულ საკითხებზე, თუმცა ყოველთვის, როდესაც დილის გაზეთებში უსიამოვნო ამბავს ამოიკითხავდა, ოპენჰაიმერს სახლში ურეკავდა და აღშფოთებული ეკითხებოდა: “ აბა, ამაზე რას ფიქრობთ?”

კითხვა, რომლის პასუხის ძებნაში ბეთე პრინსტონში ჩავიდა, არსებითად მარტივი იყო, თუმცა მისთვის ის უპასუხოდ დარჩა. ოპენჰაიმერმა მას და ტელერს აჩვენა წერილი, რომელიც ახლახან მიეღო ჯეიმს კონანტისგან. “ძია ჯიმი,” როგორც მკვლევართა წრეში ეძახდნენ, ახალი ბომბის პროექტის მიმართ მყარ პოზიციაში დადგა. ამ წერილში ის აცხადებდა, რომ ცოცხალი თავით ამას არ დაუშვებს.

როგორც ჩანს, ოპენჰაიმერი კონანტის აზრს არ იზიარებდა, თუმცა წინააღმდეგაც არაფერი კონკრეტული არ უთქვამს. მისი აზრით, თუ შეერთებულ შტატებში ბომბის შექმანს ხელს მოჰკიდებდნენ, ეს ატომურ ბომბთან შედარებით ნაკლებად საიდუმლო პირობებში უნდა უნდა გაკეთებულიყო. მან შეერთებული შტატები გამჭვირვალე მინას, საბჭოთა კავშირი კი გაუმჭვირვალე ონიქსს შეადარა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ის თავს იკავებდა აზრის გულწრფელი გამოხატვისგან - ან ტელერის იქ ყოფნის გამო, ან იმის გამო, რომ არ უნდოდა ბეთეზე ზემოქმედება მოეხდინა, ან სულაც იმის გამო, რომ ჯერ თავადაც არ მიეღო გადაწყვეტილება.

მიმართულებამ, საითაც საუბარი განვითარდა, ბეთეს გული დასწყვიტა – იმდენად, რომ წამოსვლისას ტელერს უთხრა: “შეგიძლია კმაყოფილი იყო. მე ჯერ კიდევ მოვდივარ.” თუმცა წავიდა თუ არა ტელერი, ბეთე კვლავ სინდისმა შეაწუხა. ის ახლო მეგობარს და კოლეგას, ვიქტორ ვაისკოპფს მოეთათბირა, რომელსაც ლოს-ალამოსში “ორაკულს” ეძახდნენ. ომის დამთავრების შემდეგ ვაისკოპფმა მტკიცედ უარყო ატომურ შეიარაღებასთან რამდენადმე დაკავშირებული მუშაობის ყოველგვარი შესაძლებლობა. ახლა ის მასაჩუსეთსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) ასწავლიდა და თავისი თაობის ერთერთ წამყვან ბირთვულ ექსპერტად ითვლებოდა.

შემოდგომის მშვენიერ, თბილ საღამოს ორ მეგობარს სერნობასა და საუბარში თავზე დააღამდა. ირგვლივ აზიდულ ხეების შემოდგომისგან შეფერადებულ ფოთლებს ნიავი ნანას უმღერდა, იქვე რუ ჩუმად ღიღინებდა. აქვს კი კაცობრიობას ასეთი სამყაროს დანგრევის, ან თუნდაც მისთვის საშიშროების შექმნის უფლება? 1939-ში ვაისკოპფი სცილარდთან ერთად ერთერთი იყო, ვინც დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვდა. ახლა მას გამოცდილება კარნახობდა, რომ როცა სამხედროს იარაღს აძლევ, იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ის სასხლეტს არ გამოჰკრავს.

საუბარი მეორე დღეს, ნიუ-ორკისკენ მიმავალ გზაზე, მანქანაში გაგრძელდა, ამჯერად გეორგ პლაჩეკთან ერთად, რომელიც ორივესთან მეგობრობდა. ის არა მარტო შესანიშნავი ფიზიკოსი, არამედ კარგი ისტორიკოსიც იყო და შუა საუკუნეების განსაკუთრებით ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. გზა მონოტონურ ინდუსტრიულ, ყოველგვარ ტრადიციას მოკლებულ ლანდშაფტს მიუყვებოდა. სამი ევროპაში დაბადებული მეგობარი შეთანხმდა, რომ ბეტეს თქმით “ასეთ ომში გამარჯვებაც რომ მოიპოვო მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, რომლის შენაჩუნებასაც ვცდილობთ. დავკარგავთ იმას, რისთვისაც ვიბრძვით.” საუბარი ხანგრძლივი და მძიმე გამოდგა…

ბეთეს ბრძოლა საკუთარ სინდისთან დასასრულს უახლოვდებოდა. ის მოუთმენლად ელოდებოდა ითაკაში, თავის უნივერსიტეტში დაბრუნებას იმავე საღამოს, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი საუბარის გამო თვითმფრინავზე დააგვიანდა. “იქნებ ასეც სჯობს,” იფიქრა მან. “ტელერს ერთხელ კიდევ უნდა დაველაპარაკო.”

დიდ ქალაქში კოლეგის პოვნა ძნელი გამოდგა, თუმცა ბოლოს ტელეფონით მაინც მიაგნო. ტელერი ლუის შტრაუსთან იყო, ატომური კომისიის ხუთიდან ერთადერთ დირექტორთან, რომელმაც ტელერის მსგავსად, მხარი დაუჭირა სუპერის დაჩქარებული წესით შექმნის პროგრამას. “ედვარდ,” თქვა ბეთემ, ბევრი ვიფიქრე. ვერ წამოვალ.”

1949 წლის 26 ოქტომბერს ვაშინგტონის გაზეთებმა დამაიმედებელი სტატისტიკა გამოაქვეყნეს.”ამჟამად სიკვდილიანობა ამ ქალაქში უფრო დაბალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა,” აცხადებდნენ ისინი. “ბოლო ათ წელიწადში ის 25 პროცენტით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 15 000 ჩვენი თანამოქალაქე და ახლობელი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა, რომ არა ჰიგიენისა და მედიცინის ესოდენ დამაიმედებელი პროგრესი.”

გაზეთებში ვერ დაწერდნენ, რომ ამ დღეს კონსტიტუციის ავენიუზე, ატომური ენერგიის კომისიის შენობის მეორე სართულზე ისეთი იარაღის შექმნას განიხილავდნენ, რომელსაც მყისიერად შეუძლია სიკვდილიანობა 80 -90 პროცენტამდე აამაღლოს. შეერთებულ შტატებში ას კაცს თუ ეცოდინებოდა, რომ იმ დღეს მრჩეველთა გენერალური კომისია, სადაც ცხრა წამყვანი ამერიკელი მეცნიერი შედიოდა, შეიკრიბა “სუპერზე” გადაწყვეტილების მისაღებად.

1947 წლის დასაწყისიდან მოყოლებული კომისია რამდენიმე თვეში ერთხელ იკრიბებოდა ოპენჰაიმერის თავმჯდომარეობით,რომელიც მას თავიდანვე ხელმძღვანელობდა. ამჯერად სხდომას “სუპერმენების” – ლოურენსის, ალვარესის ტელერისა და შტრაუსის კითხვაზე უნდა ეპასუხა: “ უნდა შეუდგეს თუ არა სასწრაფოდ შეერთებული შტატები თერმობირთვული ბომბის შექმნას?”

ოპენჰაიმერმა შეხვედრა სადისკუსიო პრობლემის ჩამოყალიბებით გახსნა. შემდეგ შვიდ დამსწრე წევრს – ცხრიდან ერთი, გლენ სიბორგი სუცხოეთში იმყოფებოდა – აზრის რიგრიგობით გამოთქმა სთხოვა. ამის შემდეგ მან საკუთარი შეხედულება ჩამოაყალიბა. არცერთ წევრს ხუთ-ათ წუთზე ხანგრძლივად არ ულაპარაკია. მომდევნო ორ დღეში ორი ანგარიში იქნა შედგენილი და განხილული. შეთანხმდნენ, რომ “სუპერი” ტექნიკურად განხორციელებადია, თუმცა მისი შექმნა უკიდურესად რთული და არაეკონომიური იქნებოდა, რადგან უარყოფითად იმოქმედებდა ჩვეულებრივი ატომური იარაღის განვითარების პროგრამაზე, რომლებიც მზარდი რაოდენობითა და ნაირსახეობით მზადდებოდა. სამხედრო თვალსაზრისითაც სუპერის წარმოებო საეჭვოდ ჩანდა, რადგან სბჭოთა კავშირში მხოოლოდ ორი სამიზნე – მოსკოვი და ლენინგრადი თუ ამართლებდა სიდიდით ამ ბომბის გამოყენებას. და მესამე - ასპექტი, რომელზეც მაქსიმალურად გამახვილდა ყურადღება – ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ასეთი იარაღის შექმნა მსოფლიოს თვალში შეერთებული შტატების მორალურ პრესტიჟს დააზიანებდა.

ეს თვალსაზრისი განსაკუთრებული ძალით და სიცხადით გამოხატეს რაბიმ და ფერმიმ ერთობლივ მემორანდუმში:

“ის ფაქტი, რომ ამ იარაღის დამანგრეველი ძალა შეუზღუდავია, თვით მისი არსებობა და კონსტრუქციის ცოდნაც საფრთხეს უქმის მთელ კაცობრიობას. ნებისმიერი თვალსაზრისით ეს ბოროტებაა. ამ მიზეზების გამო გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ამერიკული საზოგადოებისა და დანარჩენ მსოფლიოსთვის იმის თქმა, რომ ასეთი იარაღის განვითარების წამოწყება ჩვენი აზრით ფუნდამენტურ ეთიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.”

რაბიმ და ფერმიმ ბომბის შექმნაზე უარის თქმის საკუთარი წინადადება დაუკავშირეს შეთავაზებას, რომ პრეზიდენტს მისი საჯარო დაგმობა შეუძლია პოლიტიკურად გამოიყენოს თავის მხრივ რუსებისგან დაგმობის მოწოდებისათვის. ამ შეთანხმების ნებისმიერი მომავალი დარღვევა ომის გამართლებად უნდა ჩათვლილიყო.

კომისიის დანარჩენი ექვსი წევრი უფრო ფრთილ, თუმცა მაინც უარყოფით დასკვნამდე მივიდა:

“ვიმედოვნებთ, რომ ამა თუ იმ გზით შესაძლებელია ამ იარაღის შექმნის თავიდან აცილება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ითავონ ამ იარაღის განვითარების აჩქარება. ყველანი ვთანხმდებით, რომ ახლა არასწორი იქნებოდა მისი განვითარების სრული ძალისხმევით დაწყება.

სუპერ-ბომბის განვითარებაზე ხელის აღებაში ჩვენ ვხედავთ ომის საყოველთაოობის შეზღუდვაში და ამრიგად, კაცობრიობის შიშის უკუგდებასა და იმედის ამაღლებაში მაგალითის ჩვენების უნიკალურ შესაძლებლობას.“

გონიერებისა და ზომიერების ამ გამარჯვებამ მხოლოდ სამ თვეს გასტანა. “აქტივისტებმა” ჯიუტად გააგრძელეს კამპანია. მათ წარმატებით იმუშავეს სამხედრო-საჰაერო ძალებთან და კონგრესის ატომური ენერგიის ერთობლი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბრაიან მაკმაჰონთან. მათ მდივანი ჯონსონის და სახელმწიფო დეპარტამენტის დაგეგმვის განყოფილების უფროსის, პოლ ნიტცეს დაცვაც გაარღვიეს. ეს უკანასკნელი ფიქრობდა, რომ აუცილებელია, დანარჩენმა მსოფლიომ ირწმუნოს ამერიკული ტექნოლოგიის უპირატესობა და რომ მხოლოდ ეს რწმენაც კი საკმარისია ხუთასი მილიონი დოლარის ხარჯის გასამართლებლად – ასე ფასდებოდა ახალი იარაღის სავარაუდო ღირებულება.

“სუპერის” ადვოკატებმა ბოლოს გაერთიანებულ შტაბების შეფი, ომარ ბრედლიც კი დაიყოლიეს, რომელიც თავის გაწონასწორებულობით და ზომიერებით იყო ცნობილი. 1950 წლის 13 იანვრის წერილმა, სადაც ის აცხადებს, რომ მისთვის აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ რუსებმა შესაძლოა პირველებმა დაამზადონ წყალბადის ბომბი და შეიარაღებათა შეჯიბრებაში დაწინაურდნენ, ყველაზე უფრო დიდი წვლილი შეიტანა განწყობის გარდაუვალ ცვლილებაში. “სუპერის” შექმნისთვის თეთრი სახლის თანხმობის მოსაპოვებლად ერთი ბიძგიღა იყო საჭირო.

ამ ბიძგმაც არ დააყოვნა. 1950 წლის 27 იანვარს კლაუს ფუხსი ინგლისის ატომური კვლევების ჰარველის სადგურიდან ლონდონისკენ გაემართა. პადინგთონის სადგურში ის პოლიციის ინსპექტორს, ჯეიმს უილიამ სკარდონს შეხვდა. ორნი ერთმანეთს გულითადად მიესალმნენ, თავდაცვის სამინისტროში წავიდნენ და იქ ერთ ოთახში მოიკალათეს. სკარდონმა იკითხა: “მზად ხართ განცხადების გასაკეთებლად?” ფუხსმა თავი დაუქნია. მან კარგა ხანია იცოდა, რომ ეჭვმიტანილია და გადაწყვიტა, სრული აღიარება გაეკეთებინა. ის ასე იწყებს: “მე ჰარველის ატომური ენერგიის კვლევითი დაწესებულების მთავარი სამეცნიერო ოფიცრის მოადგილე (მოქმედი წოდება) ვარ. დავიბადე 1911 წლის 29 დეკემბერს რუსელჰაიმში. მამა მღვდელი იყო და ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა…”

იმავე დღეს ვაშინგტონში შეიტყეს, რომ ფუხსი მრავალი წლის გამნავლობაში გადასცემდა რუსებს ატომურ საიდუმლოებებს, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდა. რამდენად ბევრი იცის? ატომური ენერგიის კომისიამ ამ მოთხოვნას მომდევნო დღესვე უპასუხა, რომ ფუხსი არა მხოლოდ ახალი, გაუმჟობესებული ურანის ბომბესის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, არამედ “სუპერისთვის” მიძღვნილ ლექციებსა და დებატებსაც ესწრებოდა. ფუხსმა ინსპექტორს ყველაფერი უთხრა თავის აგენტურულ საქმიანობაზე. მან თავი შეიკავა გადაცემული ტექნიკური ინფორმაციის დეტალების გამჟღავნებისგან, ვინაიდან სკარდონს ატომური მონაცემების წვდომის უფლება არ ჰქონდა. ამ საკითხზე მას 30 იანვრამდე არ ულაპარაკია, ვიდრე ამომწურავად არ უპასუხა მაიკლ პერინს, ამ საქმეზე დანიშნულ მეცნიერს, რომელიც ომის დროს ატომურ საკითხებში შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის მეკავშირე ოფიცრად მსახურობდა.

ამ სენსაციურმა ამბავმა, რაღა თქმა უნდა, მრჩეველთა გენერალურ კომისიაზეც იქონია გავლენა, რომლის სესიაც ვაშინგტონში მიმდინარეობდა. მეორე დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ “სუპერის” პრობლემის განსახილველად დანიშნული საგანგებო კომიტეტი, ზუსტად თეთრი სახლის გვერდზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ძველ შენობაში შეიკრიბა. კომიტეტში შედიოდნენ მდივანი ჯონსონი, სახელმწიფო მდივანი ეჩისონი, ატომური ენერგიის კომისიის თავმჯდომარე ლილიენტალი და მათი ხელქვეითები. ფუხსის საქმის შთაბეჭდილების ქვეშ მათ ორი ხმით (ჯონსონი და ეჩისონი) ერთის (ლილიენტალი) წინააღმდეგ გადაწყვიტეს პრეზიდენტისთვის წყალბადის ბომბის დაჩქარებული შექმნის პროგრამის გაშვების რეკომენდაცია მიეცათ.

იმავე დღეს ამერიკელ ხალხს, რომელსაც არავინ არ დაეკითხა, მისი ისტორიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყეტილება ამცნეს. პრეზიდენტმა ტრუმენმა საზეიმოდ განუცხადა:

“ მე განკარგულება მივეცი ატომური ენერგიის კომისიას, მუშაობა გააგრძელოს ატომური შეიარაღების ყველა სახის, მათ შორის წყალბადის ანუ სუპერ – ბომბის განვითარებაზე. ატომურ შეიარაღებათა სფეროს ყველა სხვა სამუშაოს მსგავსად, ის მიმდინარეობს და მომავალშიც წარიმართება მშვიდობისა და უსაფრთხოების ჩვენი პრორამის საყოველთაო მიზნებთან შესაბაბამისობის საფუძველზე.”

ასიათასობით ადამიანში ერთ-ერთი, ვინც გაზეთებში ეს საგანგაშო განცხადება ამოიკითხა, კლაუს ფუხსი იყო. ის ჯერ კიდევ თავისუფალი იყო. 1950 წლის 2 თებერვალს ის დათანხმდაა პერინის მიერ ლონდონში, შელ-მექს ჰაუსში მის ოფისში დეპეშით გაგზავნილ მიწვევას. ფუხს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ესოდენ გულწრფელი აღიარების შემდეგ აღარ დასჯიდნენ. ის პერინის ოფისში შეთანხმებისამებრ, ზუსტად სამ საათზე გამოცხადდა. პოლიციის ოფიცერი, რომელსაც მისი დაპატიმრება უბრძანეს, ჯერ არ მოსულიყო. დაპატიმრების ორდერის სიტყვიერ ფორმულირებაზე წარმოქმნილი კამათის გამო მან ორმოცდაათი წუთით დააგვიანა. ცოტა ხანში კლაუს ფუხსი მისი პირველი საპატიმრო ადგილის, ბოუ-სტრიტის პოლიციის განყოფილებისკენ მიემართებოდა.

შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის ატომურ სფეროში მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის მასალები დღემდე ძირითადად გასაიდუმლოებულია. მცოდნეებს შეუმჩნეველი არ დარჩათ, რომ ფუხსის საქმეს ნათელი ზუსტად მაშინ მოეფინა, როდესაც შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის დელეგაცია ცდილობდა ორ ქვეყანას შორის ატომური ინფორმაციის მიმოცვლის წლობით შეზღუდული ჩარჩოს გაფართოებას. ფუხსის დაპატიმრებამ, რომელიც ლის-ალამოსში ბრიტანული დელეგაციის წევრის სტატუსით იმყოფებოდა, ამ საკითხის განხილვა, რომელიც შედეგიანად მიმდინარეობდა, მყისიერად შეწყვიტა. ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ ატომურ საიდუმლოებათა დაცვისათვის ბრიტანული უსაფრთხოების ზომები ზედმეტად დუნეა. განა არ შეიძლება, რომ რუსებს სურდათ ამ მდგომარეობის შექმნა და ამისათვის ბრიტანულ დაზვერვას ფუხსი თავად “ჩააბარეს”? კარგა ხანი გამოხდა მას შემდეგ, რაც ფუხსმა მათ ბოლო ინფორმაცია გადასცა. იქნებ რუსებმა მათთვის უკვე უსარგებლო კაცს ანგლო-ამერიკული ურთიერთობის საწინააღმდეგო იარაღის როლი მოუძებნეს? თუ ასეა, მათ მართლაც მიაღწიეს სასურველ შედეგს, თუმცა მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამერიკული ‘ჯოჯოხეთური ბომბის” შექმნას მათ საბოლოოდ თავად უბიძგეს.

ამჯერად საზოგადოებრივი აზრი როგორც იქნა, გამოფხიზლდა. “H-ბომბი,” როგორც აქედან მოყოლებული, მას მოიხსენიებდნენ, ისეთივე აღშფოთებას იწვევდა, როგორც პირველი ატომური ბომბი. მსოფლიოს ირგვლივ სასულიერო პირები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, რედაქტორები საფრთხეზე ალაპარაკდნენ, გაისმა მოწოდებები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთგაგების მისაღწევად. ამერიკელი ჟურნალისტები, ჯოზეფი და სტიუარტ ალსოფი წერდნენ: “ქმნილების უღrმეს საიდუმლოებათა განადგურებისთვის გამოყენება შემაძრწუნებელი ქმედებაა.” ნობელის პრემიის ლაურეატმა კომპტონმა განაცხადა: “ეს კითხვა არ უნდა დავუსვათ ექსპერტებს – არც სამეცნიეროს და არც სამხედროს. მათ მხოლოდ იმის ახსნა ძალუძთ, რა შედეგებს გამოიღებს ესოდენ დამანგრეველი იარაღის განვითარება-არგანვითარება. თავად ამერიკელმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, სურს თუ არა თავის დაცვა ასეთი იარაღით.” სცილარდმა გადაცემაში თქვა, რომ სუპერ-ბომბის რადიაციული ეფექტი იმდენად გაიზრდება, რომ მძიმე წყალბადის ხუთასი ტონის აფეთქება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს დედამიწაზე სიცოცხლის მოსასპობად. აინშტაინმა შეძრწუნებულმა თქვა:

“ შეიარაღებათა შეჯიბრება აშშ-ს და სსრკ-ს შორის, რომელსაც თითქოს პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონოდა, ისტერიკის ნიშნებს იძენს. ორივე მხარეს საიდუმლო კედლების უკან მასობრივი განადგურების საშუალებების დახვეწის ციებცხელებაა.

ატმოსფეროს რადიოაქტიური მოწამვლა და შესაბამისად, დედამიწაზე ყველანაირი სიცოცხლის განადგურება ტექნიკურად შესაძლებელი ხდება. ამ განვითარების უხილავი ხასიათი მის მოჩვებით იძულებითობაშია. ყველა ნაბიჯი თითქოს მისი წინამორბედის გარდაუვალი შედეგია. ბოლოში კი სულ უფრო ნათლად იკვეთება საყოველთაო განადგურება.”

ბეთე წყალბადის ბომბის საწინააღმდეგო კამპანიის სულისჩამდგმელი გახდა. მან ერთი თავისი შიში განსაკუთრებულად გამოხატა: “დღეს ალბათ აღარ მოხერხდება ატომური ბომბის გამორიცხვა შეიარაღების ჩვენი პროგრამიდან, რადგან ჩვენი სტრატეგის დიდი ნაწილა სწორედ მას ეფუძნება. მე არ მინდა, რომ წყალბადის ბომბთან დაკავშირებითაც იგივე მდგომარეობა შეიქმნას.” რესპექტაბელური The Scientific Americanc American-ისთვის დაწერილ სტატიაში, სადაც ბეთე სუპერ-ბომბის მეცნიერულ, პოლიტიკურ და ზნეობრივ ასპექტებს განმარტავს, ასეთ პასაჟს ვხვდებით: “ვფიქრობ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ზნეობრივი პრობლემაა: შეგვიძლია ჩვენ, ვინც ერთა შორის და საკუთარ ქვეყანაშიც ყოველთვის ზნეობას და ადამიანურ ღირსებას ვამკვიდრებდით, მსოფლიოში სრული განადგურების იარაღი შემოვიტანოთ? ჩვეულებრივი არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლამდე აღგზნებულ კვირაში და მას შემდეგაც ხშირად გაისმის, ისაა, რომ ჩვენ ვებრძვით ქვეყანას, რომელიც უარს აცხადებს ყველა ადამიანურ ღირებულებაზე, რომლებსაც ჩვენ ასე ვაფასებთ და რომ ნებისმიერი იარაღი, რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, გამოდგება ამ ქვეყნისა და მისი რწმენის მსოფლიოში გაბატონების თავიდან ასაცილებლად. ამბობენ, რომ სჯობს სიცოცხლე დავკარგოთ, ვიდრე თავისუფლება. ამას მე პირადად ვეთანხმები. მაგრამ საქმე ამაში არაა. ვფიქრობ, რომ წყალბადის ბომბებით ნაომარ ომში ბევრად უფრო დიდს რასმე დავკარგავთ, ვიდრე სიცოცხლეა, რადგან ეს იქნება მთელი ჩვენი თავისუფლებები და ადამიანური ღირებულებები ერთდროულად და თანაც ისე, რომ მათ წარმოუდგენლად ხანგრძლივი დროის შემდეგაც კი ვერ დავიბრუნებთ.

ჩვენ გვჯერა ურთიერთნდობაზე დამყარებული მშვიდობის. განა შეიძლება მისი მიღწევა წყალბადის ბომბები გამოყენებით? განა შევძლებთ პიროვნების ღირებულებაში რუსების დარწმუნებას, თუ მათ მილიონობით დავხოცავთ? თუ ვიომებთ და წყალბადის ბომბებით გავიმარჯვებთ, ისტორია ჩვენს იდეალებს კი არ დაიმახსოვრებს, რომლებისთვისაც ვიომეთ, არამედ მეთოდებს რომლებითაც მათ დამკვიდრებას ვცდილობდით. ამ მეთოდებს ჩინგის-ხანისას შეადარებენ, რომელმაც სპარსეთი მთლიანად ამოჟლიტა.”

სამთავრობო აგენტებმა პრესის თავისუფლების უგულებელყოფით ამ ნომრის რამდენიმე ათასი ეგზემპლარი ამოიღეს და გაანადგურეს იმ საბაბით, რომ წერილი ეროვნული თავდაცვის ინტერესებითვის მნიშვნელოვან საიდუმლოებებს ამჟღავნებდა.

ბეთე აგრეთვე იმ თორმეტ ამერიკელ ფიზიკოსთაგან ერთერთი იყო, ვინც 1950 წლით დათარიღებულ განცხადებაში პრეზიდენტ ტრუმენის გადაწყვეტილება დაგმო:

“ვთვლით, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ასეთი ბომბი გამოიყენოს რაოდენ სამართლიანიც არ უნდა იყოს მიზეზი. ეს ბომბი აღარაა იარაღი, ის მთელი მოსახლეობის განადგურების საშუალებაა. მისი გამოყენება ზნეობის ყველა სტანდარტისა თვით ქრისტიანული ცივილიზაციის უარყოფა იქნებოდა… მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის ასეთი მუდმივად არსებული საფრთხის შექმნა ეწინააღმდეგება როგორც რუსეთის, ასევე შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესებს… მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს მისი არჩეული მთავრობის მეშვეობით, ოფიციალურად განაცხადოს, რომ ამ ბომბს პირველი არასდროს არ გამოიყენებს. გარემოება, რომელმაც შესაძლოა, ამ ბომბის გამოყენება გვაიძულოს, ჩვენზე ან ჩვენ მოკავშირეზე ამ ბომბით მიტანილი იერიშია. ჩვენ მიერ წყალბადის ბომბის შექმნას ერთადერთი გამართლება შეიძლება ჰქონდეს და ეს მისი გამოყენების თავიდან აცილებაა.”

ამერიკის მთავრობას ამგვარი დამაიმედებელი დაპირება არც მაშინ და არც შემდეგ არ გაუკეთებია.

სუპერ-ბომბის ირგვლივ გამართულმა კამათმა ბევრ მეცნიერს უკიდურესად გაუმწვავა მუშაობის შედეგებზე პირადი პასუხისმგებლობის პრობლემა. ეს პრობლემა პირველად ცნობილმა მათემატიკოსმა, ნორბერტ ვინერმა ჩამოაყალიბა და თანაც ძალიან ცხადად. ომის დამთავრებიდან მოკლე ხანში მას ავიამშენებელი ფირმის - რომელიც მოქმედების დიდი რადიუსის მქონე რაკეტებსაც უშვებდა - კვლევითმა დეპარტამენტმა სთხოვა ანგარიშის ასლი, რომელიც მან ომის დროს გარკვეული სამხედრო მოხელის მოთხოვნით შეადგინა. ვინერის პასუხი ასეთ პასაჟს შეიცავს:

“ატომურ ბომბზე მომუშავე მეცნიერთა გამოცდილების მიხედვით ყველანაირი ასეთი კვლევა მთავრდება იმით, რომ მეცნიერი შეუზღუდავ ძალას უგდებს ხელში ისეთ ადამიანებს, ვისაც არავითარ შემთხვევაში არ ანდობდა მის გამოყენებას. სავსებით ნათელია ისიც, რომ იარაღის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ჩვენი ცივილიზაციის ახლანდელ მდგომარეობაში ნიშნავს ამ იარაღის პრაქტიკულად უტყუარ გამოყენებას. და თუ არ მსურს უმწეო ხალხის დაბომბვასა და მოწამვლაში მონაწილეობის მიღება – და ეს მართლაც არ მსურს – სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა ვიკისრო იმაზე, თუ ვის ვუმხელ ჩემს სამეცნიერო იდეებს.

სამომავლოდ არ ვაპირებ ისეთი შრომის გამოქვეყნებას, რომელიც უპასუხისმგებლო მილიტარისტების ხელში მოხვედრამ შიძლება ზიანი გამოიწვიოს.”

ვინერის რადიკალური პოზიცია მკვეთრად დაგმო ამერიკელ მეცნიერთა უმრავლესობამ. ისინი მეტწილად ლუის ნ. რიდენურის ვინერისთვის წაყენებულ კონტრ-არგუმენტს ეყრდნობოდნენ: “არავინ იცის, რით დასრულდება ესა თუ ის სამეცნიერო კვლევა. ამასთან აბსოლუტურად შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა სახის პრაქტიკული საბოლოო პროდუქტი შეიძლება მივიღოთ ამ კვლევის შედეგად...”

ამ გამუდმებით გამეორებად საწინაარმდეგო მოსაზრებას ინგლისელმა კრისტალოგრაფმა ქეთლინ ლონსდეილმა უპასუხა: “რისკი იმისა, რომ შრომა, თავისთავად რაგინდ კარგი, ბოროტად იქნება გამოყენებული, ყოველთვის ასაღებია, მაგრამ თუ მიზანი ბოროტი ან დანაშაულებრივია, პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით…”

ამ პრინციპით დასავლეთში სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმე მკვლევარმა მეცნიერმა იხელმძღვანელა. პატიოსნებამ აიძულა ისინი პროფესიული მომავალი ეჭქვეშ დაეყენებინათ და ეკონომიკური მსხვერპლიც გაეღოთ. რამენიმე შემთხვევაში მათ დაგეგმილ კარიერაზე ხელი აიღეს, როგორც ეს მაქს ბორნის ინგლისელმა ასისტენტმა, ელენ სმითმა გააკეთა – როგორც კი ატომური ბომბის არსებობის და მისი გამოყენების შესახებ შეიტყო, მან ფიზიკა იურისპრუდენციაზე გაცვალა.

შეიარაღებათა სფეროს მიმართ მტრულად განწყობილი ამერიკელი მკვლევარების ერთი ნაწილი “მეცნიერებაში სოციალური პასუხისმგებლობის საზოგადოებაში” გაწევრიანდა. სხვა ორგანიზაციების წევრებისგან ისინი გადამწყვეტ წერეტილში განსხვავდებოდნენ: ისინი არ აპირებდნენ ლოდინს, ვიდრე პოლიტიკოსები კოლეტიურ განიარაღებაზე შეთანხმდებოდნენ. პირიქით, ისინი მოუწოდებდნენ ყველას პირადული მიუღებლობა გამოეხატათ ატომურ შეიარაღებაში შეჯიბრებითობის მიმართ.

ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ვიქტორ პაჩკისი შემდეგნაირად მოგვითხრობს მისი ისტორიის შესახებ:

“ 1947 წლის აგვისტოში კვაკერულ გამოცემაში Friends' Intelligencer გამოვაქვეყნე წერილი “ორმაგი სტანდარტი,” სადაც ჩემი აზრი გამოვხატე იმაზე, რასაც სრულიად მიუღებლად ვთვლი. ესაა ფაქტი, როდესაც მეცნიერები ცდილობენ სახსრების შეგროვებას საზოგადოების ატომური შეიარაღების საფრთხის შესახებ გასანათლებლად, მეორეს მხრივ კი თავად აგრძელებენ ამ იარაღის გაუმჯობესებაზე მუშაობას. მუსტემ, “შერიგების საძმოს” პრეზიდენტმა, დამირეკა და მითხრა:” სხვა მკვლევარებიც მოიძებნება, ვინც მსგავსად ფიქრობს.”...

ეს საზოგადოება განცხადებებითაც და საქმითაც გამოხატავდა შეძრწუნებას სამხედრო ტექნიკის განვითარების გამო. როდესაც შეერთებულმა შტატებმა სუპერ-ბომბის შექმნის განზრახვა გამოაცხადა, ამ საზოგადოებამ ალბათ წევრები შეიძინა, თუმცა მათ რიცხვს სამასისთვის არასდროს არ გადაუჭარბებია მიუხედავად იმისა, რომ 1950 წლისთვის მასში აინშტაინი და ბორნი ირიცხებოდნენ. სამწუხაროდ, ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია. მათ უარიც კი უთხრეს ამერიკის ყველა სამეცნიერო სტრუქტურის გამაერთიანებელ ორგანიზაციაში, ამერიკის მეცნიერული წინსვლის ასოცაციაში გაწევრიანებაზეც კი. პროტესტი მალე ჩაკვდა. ცოტა ხანში წყალბადის ბომბის საჯარო ხსენება გაქრა. “მგზნებარე აღშფოთების კოცონი” ისევ ჩალის აალება აღმოჩნდა.

1950 წლის ივნისში კორეაში ომი გაჩაღდა.მეცნიერთა დიდი ნაწილი, ვინც აქამდე თავს იკავებდა სამხედრო ლაბორატორიებში მუშაობისგან, სამხედრო კვლევებს მყისიერად დაუბრუნდა. ახლა ეს პატრიოტულ ვალად ითვლებოდა. ერთი მათგანი თავად ჰანს ბეთე იყო. როგორც მოგვიანებით თქვა, ის იმედოვნებდა, რომ წყალბადის ბომბის შექმნა პრინციპულად შეუძლებელია და ამაში თავად, საკუთარი შრომის წყალობით შეძლებდა დარწმუნებას. ასეთი დარწმუნება, მისი ფიქრით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა შეერთებული შტატებისთვის, რადგან წყალბადის ბომბების ომში მათ უფრო მეტი რამ ჰქონდათ დასაკარგი, ვიდრე რუსებს. საბოლოოდ ბეთემ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ბომბის შექმნაში, რომლისაც თავად ასე ეშინოდა და – რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს – მასვე ანდეს ბომბის შექმნის ტექნიკური ისტორიის დაწერაც.

თუმცა 1954, მან თქვა: “ვშიშობ, ჩემი შინაგანი სიძნელეები არსად არ წასულა და მე ეს პრობლემა ვერ გადავჭერი. კვლავ მაქვს განცდა, რომ არასწორი რამ გავაკეთე. მაგრამ მაინც გავაკეთე.”

1950- ში თავად ბუნება უფრო წარმატებულად ეწინააღმდეგებოდა ტელერის გეგმებს, ვიდრე ატომური მეცნიერები, ვინც სუპერ-პროექტს თავიდან აპროტესტებდა, შემდეგ კი შეუერთდა. თეთრი სახლის დირექტივის შემდეგ ლოს-ალამოსის თეორიულმა განყოფილებამ ახალ ბომბთან დაკავშირებული გამოთვლები დაიწყო. პრობლემას ორი ჯგუფი დამოუკიდებლად შეეჭიდა. ერთი ახალი დიდი გამომთვლელი მანქანებიდან პირველს, ENIAC-ს იყენებდა, რომელიც ფონ ნეიმანის გეგმით გაკეთდა, რომელიც ფილადელფიიდან აბერდინთან მდებარე საარტილერიო პოლიგონზე გადააგზავნეს ძირითადად ბალისტიკური მრუდების გასათვლელად. მეორე ჯგუფი მხოლოდ ორი კაცისგან, ულამის და მისი ასისტენტის, ევერეტისგან შედგებოდა. მათი ერთადერთი ხელსაწყო უბრალო კალცულატორი იყო, რომელსაც პირველი ატომური ბომბების გათვლისთვის იყენებდნენ.

ერთსა და იმავე პრობლემაზე ორ ჯგუფად მუშაობის სისტემა და შემდეგ დამოუკიდებლად მიღებული შდეგების შეჯერება ლოს-ალამოსისთვის ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამას აქ თითქოს სპორტის ინტელექტუალურ სახეობად იქცა. როლფ ლანდსჰოფი, ბერლინელი ემიგრანტი, რომელიც ომის დროს ტელერის ჯგუფში შედიოდა, ამ “რბოლასთან” დაკავშირებით იხსენებს: “ტელერის ოფისში ფერმისთან, ფონ ნეიმანთან და ფეინმანთან შეხვედრას მეც ვესწრებოდი, რადგან დაგეგმილი გამოთვლები უნდა ჩამეტარებინა. იდეები რამდენიმე წუთში ერთხელ წარმოიქმნებოდა და აქეთ-იქით იბნეოდა. ფერმი ან ტელერი დროდადრო იდეის რიცხობრივ შემოწმებას ითხოვდნენ და ფეინმანი ეცემოდა მაგიდის კალკულატორს, ფერმი - პატარა ლოგარითმულ სახაზავს, რომელსაც მუდამ თან ატარებდა, ფონ ნეიმანი კი თავში ანგარიშობდა. როგორც წესი, თავი პირველობდა და სამივე პასუხი შესანიშნავ სიახლოვეში ექცეოდა.”

“სუპერის” გამოთვლებში ულამის ჰანდიკაპი თითქოს გაუსაძლისად მძიმე უნდა ყოფილიყო. ვარაუდობდნენ, რომ ENIAC-ი მას დღეებით და კვირებითაც კი გაუსწრებდა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეს ხელოვნური ტვინები საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ, რომელზეც ნებისმიერი მათთვის დასმული ამოცანა უნდა ითარგმნოს. ეს პროგრამირება იშვიათადაა უშეცდომო. მანქანა ამჩნევს პრობლემას და უაზრო პასუხებს აბრუნებს, რომლის შესწავლაც შეცდომის პოვნის საშუალებას იძლევა.

ამ პროცესს დრო სჭირდებოდა, რომლის გამოყენებაც ულამმა კარგად იცოდა. ვიდრე ENIAC -ის ჯგუფი შეცდომას ეძებდა და შესწორებულ კითხვას ელექტრონულ ორაკულს უსვამდა, ულამი რამდენიმე გაბედული გამარტივების წყალობით მიზნს აღწევდა და შედეგს დებდა. ამ შედეგების ჭეშმარიტობას ტელერის გეგმები უნდა დაესამარებინა. ამ მონაცემების მიხედვით წყალბადის ბომბი, როგორც ის მანამდე წარმოედგინათ, სრულიად არაპრაქტიკული ჩანდა წყალბადის იშვიათი იზოტოპის, ტრიტიუმის საჭირო რაოდენობის გამო.

ტელერი ამაზე აღმოსავლელი დესპოტივით რეაგირებდა. რა თქმა უნდა, ულამს თავს ვერ მოჰკვეთდა, მაგრამ ფავორიტებიდან ამოაგდო . როდესაც ENIAC-ის ჯგუფისგან მიღებული პირველი მონაცემები უფრო ოპტიმისტური გამოდგა, ტელერმა ისიც კი იფიქრა, რომ ულამი შეგნებულად ცდილობდა მის შეცდომაში შეყვანას. ბოლოსდაბოლოს, ლოს-ალამოსში ბევრი მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ დაემტკიცებინა “სუპერის” შექმის შეუძლებლობა. მაგრამ მოგვიანებით აბერდინის დიდი კომპიუტერიდან მიღებულმა მონაცემებმა ბრწყინვალედ დაადასტურა პოლონელი მათემატიკოსის შედეგები.

ეს ყველაფერი, შავით თეთრზე, მატემატიკური სიზუსტით მათ წინ იდო. “სუპერზე” დღემდე გაწეული მთელი შრომა ტელერის თქმით “ ფანტაზია გამოდგა.” ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო. იყო თუ არა წინასწარი გაზომვები, რომლებსაც შემდგომი გამოთვლები ეფუძნებოდა, თავისათვად ზუსტი? ამის შემოწმება მხოლოდ ახალ, რეალურ გამოცდაში შეიძლებოდა. პრაქტიკული ღირებულების მქონე შედეგების მისაღებად ახლა ბევრად უფრო მაღალი სიზუსტის დაკვირვებების განხორციელება იყო აუცილებელი ატომურ შეიარაღებათა სფეროში ყველა წინა წამოწყებებისგან განსხვავებით. აუცილებელი გახდა აქამდე არნახული სისწრაფისა და სიზუსტის ხელსაწყოების გამოყენება. კამერებს წამებში ათასობით სურათის გადაღება უნდა მოესწროთ, სასიგნალო სისტემებს “გამოცდილება” დაშორებული სამართავი პუნქტისთვის იქამდე უნდა გაეზიარებინათ, ვიდრე აფეთქების ძალა მათ გაანადგურებდა. უთვალავ ხელოვნურ ორგანოს, ელექტრონულ თვალს, ყურს და ცხვირს, რომლებიც ადამიანურ ანალოგებს დიდად აღემატებოდა, მონაცემები წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მოშორებულ ატოლ ენივეტოკზე განლაგებული ლაბორატორიისთვის უნდა მიეწოდებინა. ამ მონაცემებს უნდა ეჩვენებინა თეორეტიკოსებისთვის ახალი, წარმატების შანსის მქონე გზა.

ტესტი, რომლისთვისაც ტელერი და მისი დამხმარენი 1950 -დან 1951 წლის მაისის შუა რიცხვებამდე ემზადებოდნენ, “სათბურის” კოდურ სახელს ატარებდა. თავისთვის ესენი უფრო ხშირად – და უფრო შესაფერისად “ყინულის ყუთს” ეძახდნენ. გიგანტური ხელსაწყო, რომელიც ჰაერით უნდა გადაეტანათ, უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე უნდა ყოფილიყო, რათა მძიმე წყალბადი, ანუ ტრიტიუმი ასაფეთქებლად აუცილებელ აგრეგატურ მდგომარეობაში შეენარჩუნებინათ. ბევრად უფრო გვიან სუპერ- ბომბის ამ ყველაზე უფრო ძვირად ღირებულ და გრანდიოზულ ტესტს მეტსახელად “ზედმეტი” შეერქვა. მიუხედავად მიღებული დიდარი ექსპერიმენტული შედეგებისა, საბოლოოდ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა კავშირში “სუპერის” კრიზისის გადაწყვეტასთან, როგორც ამას იმედოვნებდნენ.

ვიდრე ექსპერიმენტი ჩატარდებოდა, სტენ ულამმა, რომლის გამოთვლებმაც აბსურდამდე დაიყვანა წყალბადის ბომბის საწყისი გეგმა, სრულიად ახალი შესაძლებლობა იყნოსა. მან თავისი იდეა, რომელიც სულ სხვა მიმართულებისკენ მიანიშნებდა, ტელერს გააცნო, რომელმაც ამასობაში თავისი ადრეული ეჭვიანობისთვის ბოდიშის მოხდა მოესწრო. ტელერს თავიდან არ სურდა კვლევის ამ ახალ მიმართულებას გაჰყოლოდა, მაგრამ ბოლოს დათანხმდა. ეს ფრიდრიხ დე ჰოფმანთან, ახალგაზრდა ასისტენტთან იდეის განხილვით დაიწყო. ჰოფმანი იხსენებს, რომ თავიდან ამაზე დიდად არ უფიქრია, “რადგან ედვარდს ყოველთვის აქვს რაღაც იდეა. მაგრამ ამჯერად ის მეორე დილით მოვიდა და მითხრა ‘ფრედი, მგონი მართლა რაღაც მაქვს, ჩასვი რა ციფრები.’ მეც მაგიდის კალკულატორით დავიწყე მუშაობა. პასუხი სწორი გამოდგა.”

ეს ვარაუდი, რომელიც თავიდან ულამს მოუვიდა თავში, საბოლოოდ პასუხისმგებელი აღმოჩნდა იმ გონებამახვილური იდეის განვითარებაში, რომელმაც შესაძლებელი გახადა “ამერიკული სუპერის” შექმნა. 1951 წლის ივნისში ტელერმა თავის იდეა პირველად გაუმხილა ექსპერტების უფრო მოზრდილ ჯგუფს, რომლებიც მოწინავე კვლევების ინსტიტუტში უიკენდზე “ტერმობირთვული საკითხის” მიმდინარე მდგომარეობაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.

1949 წლის ოქტომბრის დღეებთან შედარებით, როდესაც ახლა შეკრებილთა უმრავლესობა პოლიტიკური თუ ზნეობრივი მოსაზრებებით ეწინააღმდეგებოდა სუპერ-ბომბის შექმნას, ინტელექტუალური კლიმატი საგრძნობლად შეცვლილიყო . ეს ცვლილება თვალნათლივ ჩანს მოწმის, გორდონ დინის, იმხანად ატომური ენერგიის კომისიის თავმჯდომარის ანგარიშიდან:

“1951 წლის ივნისის იმ შეხვედრაზე გვყავდა ყველა ადამიანი, ვისაც კი რაიმე წვლილის შეტანა შეეძლო. ნორის ბრედბერი, ლოს-ალამოსის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ერთ-ორ ასისტენტთან ერთად. დოქტორი ნორდჰაიმი ლოს- ალამოსიდან, ძალიან აქტიური H-პროგრამაში. ჯონი ფონ ნეიმანი პრინსტონიდან, მსოფლიოს საუკეთესო ადამიანი შეიარაღების საკითხებში, დოქტორი ტელერი, დოქტორი ბეთე, დოქტორი ფერმი, ჯონი უილერი, ყველაზე რჩეული ხალხი ყველა ლაბორატორიიდან, მაგიდას ვუსხედით და ორი დღე ვმსჯელობდით.

შეხვედრიდან გამოვიდა ის, რაც ედვარდ ტელერმა შეხვედრაზე საკუთარი თავით მოიტანა, და რაც სრულიად ახალი მიდგომა იყო თერმობირთვულ იარაღთან მიმართებით.

ძალიან მინდა ამის აღწერა, ამგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაზე უფრო სენსიტიური რამაა, რაც კი ატომური ენერგიის პროგრამაში დაგვრჩა… ეს ჯერ კიდევ მხოლოდ თეორია იყო. დაფაზე იხატებოდა სურათები, კეთდებოდა გამოთვლები, დოქტორი ბეთე, დოქტორი ტელერი, დოქტორი ფერმი ამაში დიდ მონაწილეობას იღებდნენ, “ოპიც” ძალიან აქტიურობდა.

ამ ორი დღის ბოლოს ჩვენ ყველანი, იმ ოთახში მყოფნი, დავრწმუნდით, რომ ხელში პირველად გვიჭირავს ისეთი რამ, რაც განხორციელებადია, როგორც იდეა.

მახსოვს, შეხვედრის ოთახს ვტოვებდი იმ შთაბეჭდილებით, რომ უკლებლივ ყველა მონაწილე, დოქტორ ოპენჰაიმერის ჩათვლით, აღტაცებული იყო იმით, რომ რაღაც პროგნოზირებადს მივაღწიეთ. მახსოვს, რომ ოთხი დღის შემდეგ ახალი ქარხნის აშენების ვალდებულება ვიკისრე… ჩვენ არ გვქონდა საბიუჯეტო სახრები, სამაგიეროდ პროგრამის დაწყებიდან პირველად გაჩნდა ენთუზიაზმი. შეხლა-შემოხლა შეწყდა, დისკუსიები დასრულდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში მოწყობილობა მზად იყო.”

ამ ანგარიშში მოხსენიებული ადამიანები არ გვანან ისეთებს, რომლებმაც ეჭვები და ხანგრძლივი შინაგანი კონფლიქტი დიდი წინააღმდეგობის შედეგად დაძლიეს. როგორ უნდა აიხსნას ეს საზარელი ენთუზიაზმი, რომელმაც მთელი წინამორბედი სინდისის ქენჯნა და სუპერურჩხულის მიმართ წინააღმდეგობა ერთბაშად წალეკა? თავად ოპენჰაიმერი იძლევა გასაღებს იმისა, თუ რატომ იცვლიან ბოლოსდაბოლოს აზრს დღევანდელი მეცნიერები, მიუხედავად მერყეობისა, როდესაც პრობლემასთან ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ მისი ამოხსნა გამოჩნდება ხოლმე, მიუხედავად საშინელი შესაძლო შედეგებისა. მრჩეველთა გენერალური საბჭოს მიერ 1949 წლის ოქტომბერში წყალბადის ბომბის დაგმობის გახსენებისას მან თქვა:

“ვფიქრობ აქ ტექნიკურ საკითხებზე არ უნდა ვიკამათოთ და ვერც იმაზე სპეკულაციაში ვხედავ აზრზს, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი პასუხი, იმდროინდელი ტექნიკური სურათი რომ გვიანდელის მსგავსი ყოფილიყო.

მიუხედავად ამისა, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან ასეთია: როდესაც რაღაცას ხედავ, რაც ტექნიკურად სასიამოვნოა, მიდიხარ და აკეთებ, ხოლო კამათს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენო, მხოლოდ ტექნიკური წარმატების მიღწევის შემდეგ იწყებ. ასე იყო ატომური ბობის შემთხვევაში. არავინ შეწინააღმდეგებია მის შექმნას, იყო გარკვეული დებატები გამოყენების შესახებ მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა. ვერ წარმოვიდგენ, რომ 1949 წლის ბოლოს ის რომ გვცოდნოდა, რაც 1951-ის დასაწყისში ვიცოდით, ჩვენი ანგარიშის ტონი იგივე იქნებოდა.’

ამ განცხადებაში ნატამალიც კი არაა იმ ზნეობრივი ეჭვებისა, რომელიც ასე მძლავრად იქნა გამოხატული მრჩეველთა გენერალური საბჭოს ანგარიშში. აქ ოპენჰაიმერი ნებით თუ უნებლიეთ გამოხატავს თანამედროვე მკვლევარის გაწყობას. მისი მნიშვნელოვანი აღიარება ალბათ ხსნის, რატომ აწერს ხელს ეშმაკთან შეთანხმებას ხელს წარმატების სურვილით შეპყრობილი მე-20 საუკუნის ფაუსტი, მიუხედავად ეპიზოდური სინდისის ქენჯნისა: “ტექნიკურად სასიამოვნო” მისთვის ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის მიღმაა.

No comments:

Post a Comment