20. განსასჯელის სკამზე. 1954-56

 

ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის საქმის მოსმენა 1954 წლის 12 აპრილს დაიწყო და სრული სამი კვირა გრძელდებოდა. თავიდანვე ხაზგასმით ითქვა, რომ ეს წმინდა ადმინისტრაციული განხილვაა და არა სასამართლო, თუმცა გამოყენებულ იქნა გარკვეული სასამართლო პროცედურები, როგორიცაა ჩვენების ჩამორთმევა და მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვა. მეტიც, როჯერ რობმა, რომელიც ატომური ენერგიის კომისიას წარმოადგენდა, აგრესიული და ულმობელი საზოგადოებრივი ბრალმდებელის მანერა მოირგო და ოპენჰაიმერს ისე ექცეოდა, თითქოს საკუთარ საქმეში მოწმე კი არა, სახელმწიფო ღალატში ბრალდებული იყო.

მოსმენას საზოგადოების არცერთი წევრი არ დაასწრეს. ის “ნაგებობა T3”-ში, ომისდროინდელ უპრეტენზიო დროებით საოფისე შენობაში ტარდებოდა – ზუსტად ლოს-ალამოსის პირველი ადმინისტრაციული შენობ მსგავსში, რომელშიც ოპენჰაიმერის ოფისი მდებარეობდა. მისი მისვლა რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ყოველთვის უკანა კარით შეჰყავდათ და მეორე სართულზე, 2022 ოთახში მიაცილებდნენ. ეს ჩვეულებრივი ოფისია, 24 ფუტი სიგრძისა და 12 ფუტი სიგანის, რომელიც სასამართლო დარბაზს დაამსგავსეს რამდენიმე მაგიდისა და სკამების კედლების გასწვრივ ჩამწკრივებით. ერთი კედლის გასწვრივ პერსონალის უსაფრთხოების საბჭოს სამი წევრი იჯდა, რომლებიც ატომური ენერგიის კომისიამ მოსმენათა წამყვანებად დანიშნა. მათი თავმჯდომარე, გორდონ გრეი, საკმაოდ ჭკვიანი, სიმპათიური, თუმც კი უსახური მოხელე იყო. მილიონერის შვილმა თავი საჯარო სამსახურში თავდაცვის მინისტრის მოადგილეობით გამოიჩინა. იმ დროს ის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და რამდენიმე გაზეთისა და რადიოსადგურის მფლობელი იყო. მისგან მარჯვნივ იჯდა სიტყვაძუნწი თომას ა. მორგანი, მრეწველი, 1952 წლამდე სპერი გიროსკოპული კომპანიის პრეზიდენტი. გრეისგან მარცხნივ იჯდა უორდ ვ. ევანსი, ქიმიის გამოჩენილი პროფესორი. მისი ხუმრობანარევი შეკითხვები და ნაცნობობის უდარდელი გამოკვლევა დაკითხვის ქვეშ მყოფი მოწმეთაგან გარკვეულად ამსუბუქებდა ამ მოსმენათა ტრაგიკულ სერიოზულობას.

ოთახის მეორე ბოლოში, სამი მოსამართლის პირდაპირ, ტყავის ძველი სავარძელი იდგა. აქ ორმოცამდე ცნობილმა მეცნიერმა, პოლიტიკოსმა და სამხედრომ მისცა ჩვენება. პროკურორი რობი ფანჯრებიდა შემოსული სინათლისკენ ზურგშექცევით იჯდა, ოპენჰაიმერი დამცველთან ერთად – მის მოპირდაპირე მხარეს. ერთდროულად დამსწრეთა რაოდენობა ათ-თორმეტს არ აღემატებოდა, თუმცა დროდადრო პორტატული ხმამაღლამოლაპარაკედან უსხეულო ხმა მოდიოდა და თვით ოპენჰაიმერის განცხადებებს აკეთებდა, რომლებიც ომისდროინდელ დაკითხვებზე ფარულად იქნა ჩაწერილი და ახლა მის ახლანდელ ჩვენებებთან დასაპირისპირებლად იყენებდნენ.

მოსმენების მთელი პირველი კვირა რობერტ ოპენჰაიმერის უწყვეტი დაკითხვა გრძელდებოდა, დილის სხდომიდან საღამომდე, გარდა ორი შემთხვევისა, როდესაც განცხადებები სხვებმაც გააკეთეს. იშვიათად, რომ ჩვენს თანამედროვეს ამდენი ელაპარაკოს, ასეთი მზაობითა და ასე დეტალურად, საკუთარ თავზე, იმედებსა და შიშებზე, მიღწევებსა და შეცდომებზე. ვერანაირი დაწერილი ავტობიოგრაფია – ეს ნაშრომები ხომ ყოველთვის თვიტკრიტიკას, ავტორის გამოცდილების ცენზურას ან არასწორ წარმოდგენას ექვემდებარება – ვერ შეედრება ავთენტურობით მაშინ, 2022 ოთახში მომხდარი მონოლოგებისა და დიალოგების ჩაწერილ და გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელმაც 992 მჭიდროდ დაბეჭდილი გვერდი შეადგინა.

შეუძლებელია განცვიფრება არ დაეუფლოს ამ ჩანაწრების მკითხველს იმის გამო, თუ რაოდენ გაურკვეველი და გაუბედავია ოპენჰაიმერის – სხვა შემთხვევებში ბრწყიმვალე მოლაპარაკის, რომელიც მსმენელს აჯადოებს -გამოხარტვის ხერხები. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს მას საკუთარი ნებით ხელი აეღოს თავისი უმძლავრესი იარაღის გამოყენებაზე. მხოლოდ წერილობით განცხადებებში - სადაც საკუთარი ცხოვრების მოკლე ანგარიში მოჰყავს და რომლებიც მოსმენებამდეა მომზადებული – თუ შეიცნობ სიტყვის ოსტატს.

თვითმხილველები, ვინც ოპენჰაიმერს ნებიმიერი დისკუსიის დომინანტურ ფიგურად იცნობდნენ, ამბობდნენ, რომ ის გონებაგაფანტული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უკან გადახრილი, თითქოს ფიქრით სხვაგან იყო. ანდრე მალროს, რომელიც ოპენჰაიმერს შევალიეს (მალროს მთარგმენლი მრავალი წლის განმავლობაში) მეშვეობით შეხვდა, ჩანაწერების კითხვისას შეუნიშნავს, არ მესმის, ესოდენ პატივცემული მეცნიერი რატომ ეგუება პრინციპული მოწინააღმდეგის, როჯერ რობის ხშირად შეურაცხმყოფელ მოპყრობასო. “ამაყად წამოდგეს და დაიყვიროს, “ბატონებო, მე ატომური ბომბი ვარ!”” - წამოუძახია დიდ ფრანგ მწერალს.

სწორედ ესაა, რის გაკეთებასაც ოპენჰაიმერს ხასიათი უკრძალავდა. მასში ყოველთვის შექსპირისეული დანიის პრინცი უფრო მეტად იყო, ვიდრე მეფე-მზე. მსგავსად ჰამლეტისა, მან ოდესღაც წარმოიდგინა, რომ დრო (ან უფრო სამყარო) უნდა გაესწორებინა. თუმცა მისი ღია გონება – როგორც თვითონ აღწერდა საკუთარ პასუხიმგებლობებისგან თავისუფალ დამოკიდებულებას – ყოველთვის ორჭოფობისკენ, გადადებისკენ, მერყეობისკენ უბიძგებდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, ასე რომ საზოგადოებრივი ზეწოლისა თუ პირადი ამბიციის წყალობით, ბოლოს ისეთ დასკვნას აკეთებდა, რომელიც მოკლე ხანში სანანებლად უხდებოდა.

ოპენჰაიმერისთანა რთული და წინააღმდეგობრივი ადამიანი თავიდანვე უთანასწორო პირობებში აღმოჩნდა შეზღუდულ და პირდაპირ როჯერ რობთან დაპირისპირებაში. საზოგადოებრივი ბრალმდებელი დაუზოგავად ითრევდა მას წინააღმდეგობებში, იტყუებდა მახეებში და ამწყვდევდა კუთხეში. თუმცა ამით ოპენჰაიმერს სინამდვილეში დიდი სამსახური გაუწია, რადგან მერყევი მოწინააღმდეგის ასეთნაირად წარმოდგენით, შთამომავლობისთვის შეუძლებელი გახადა “ატომური ბომბის მამა” უპრინციპო ან სულაც ბოროტ ადამიანად დანახვა, როგორადაც ის ზოგმა მისმა გულგატეხილმა მეგობარმა ჩათვალა. ახლა ის ურთიერთგამომრიცხავი იმპულსებით გატანჯულ, სუსტ ადამიანად მოჩანდა, რომელსაც ის ფარული სულიერი მდგრადობა სწყურია, მხოლოდ გონებაზე აღმატებული რწმენა რომ იძლევა.

ოპენჰაიმერის სულიერ დათრგუნულობასა და სიტუაციასთან გამკლავების უუნარობის ყველაზე ცხადი მაჩვენებელი ალბათ რობთან მისი დიალოგის ეს პასაჟია:

რობი: სინდისის ქენჯნის გამო ჰიროშიმაში ბომბის ჩამოგდებას ეწინააღმდეგებოდით?

ოპენჰაიმერი: ჩვენ წამოვაყენეთ ჩვენი -

რობი: “ჩვენზე” -არა, “მეზე” გეკითხებით.

ოპენჰაიმერი: მე წამოვწიე ჩემი არგუმენტები მეორე მხარისთვის.

რობი: ანუ ბომბის ჩამოგდებას ეწინააღმდეგებოდით?

ოპენჰაიმერი: წამოვწიე არგუმენტები მისი ჩამოგდების საწინააღმდეგოდ.

რობი: ატომური ბომბის ჩამოგდების?

ოპენჰაიმერი: დიახ. მაგრამ მათ მხარს არ ვუჭერდი.

რობი: გულისხმობთ, რომ ატომური ბომბის შექმნაზე სამი – ოთხი წლის შესანიშნავი, დღე და ღამე გასწორებული,როგორც თავად აღნიშნეთ თქვენს პასუხში, მუშაობის შემდეგ ეჭვქვეშ დააყენეთ მისი გამოყენება?

ოპენჰაიმერი: არ მითქვამს, რომ არ უნდა გამოგვეყენებინა. თავდაცვის მდივანმა მკითხა მეცნიერთა აზრი. მე წარვუდგინე საწინააღმდეგო და მხარდამჭერი აზრები.

რობი: თავად ხომ დაუჭირეთ მხარი იაპონიაში ბომბის ჩაგდებას?

ოპენჰაიმერი: მხარდაჭერაში რას გულისხმობთ?

რობი: სამიზნის არჩევაში ხომ დაეხმარეთ?

ოპენჰაიმერი: მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, რომელიც უნდა გამეკეთებინა. მე ლოს-ალამოსში პოლიტიკის ფორმირებით არ ვიყავი დაკავებული. მე გავაკეთებდი ყველაფერს, რასაც მომთხოვდნენ, სხვადასხვა ფორმის ბომბების ჩათვლით, თუ გადავწყვეტდი, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.ᲨᲔᲛᲥᲜᲔᲚᲗᲐ

რობი: თერმობირთვულ იარაღსაც გააკეთებდით, არა?

ოპენჰაიმერი: ვერ შევძლებდი.

რობი: დოქტორო, ეგ არ მიკითხავს.

ოპენჰაიმერი: ვიმუშავებდი მასზე.

რობი: ლოს-ალამოსში თერმობირთვული იარაღი რომ აღმოგეჩინათ, ასეც იზამდით. ანუ მისი აღმოჩენა რომ შეგძლებოდათ, ასეც იზამდით, არა?

ოპენჰაიმერი: დიახ.

1954 წლის 22 აპრილს ოპენჰაიმერი ორმოცდაათის შესრულდა. ჩვეულებრივ პირობებში ეს ძალიან წარმატებული ადამიანის ზეიმის დღე იქნებოდა, თუმცა განკითხვის დღედ იქცა. მოსმენათა მეორე კვირა მიმდინარეობდა, მოწმეთა გრძელი პროცესიით. ყველამ, ვინც ილაპარაკა, ოპენჰაიმერი აქო. აღნიშნავდნენ მის ენერგიას და ლიდერის თვისებებს, რომლებიც ლოს-ალამოსის დირექტორის როლში გამოავლინა, კონტრდაზვერვის მკაცრი მოთხოვნების აუცილებლობის მისეულ გაგებას, საორგანიზაციო თვისებებს და ერთგულებას.

ყველა მოწმის დაკითხვაში, რომელსაც გრეი, რობი და ოპენჰაიმერის დამცველი ხშირად საათობით უნდებოდნენ, პროფესორი ევანსი ბოლოსკენ ჩვეულებრივად მეცნიერთა პირადი ხასიათის და ჩვევების შესახებ შეკითხვით იჭრებოდა ხოლმე. ასე მოიქცა იმ დილასაც.

ტყავის სავარძელში ამჯერად ლოს-ალამოსში ოპენჰაიმერის შემცვლელი ბრედბერი იჯდა.

დოქტორი ევანსი: როგორ ფიქრობთ, მეცნიერები როგორც წესი, საკმაოდ თავისებური პიროვნებები არიან?

ბრედბერი: ანუ როდის შევწყვიტე ცოლის ცემა?

მისტერ გრეი: განსაკუთრებით ქიმიის პროფესორები?

დ-რი ევანსი: არა, ფიზიკის პროფესორები.

ბრედბერი: მეცნიერი ადამიანია… მეცნიერს სურს შეიმეცნოს. მას სურს იცოდეს სწორად, ჭეშმარიტად და ზუსტად… ამიტომაც ვფიქრობ, რომ მეცნიერების სფეროში დაკავებულ წარმოსახვის უნარიან ადამიანებს შორის ნახავთ პიროვნებებს, რომლებსაც ბევრი სხვა სფეროც აინტერესებთ, უნდათ გამოიკვლიონ, დარწმუნდნენ, ტყუილისა და მართლის აპრიორი ცოდნის გარეშე, რომ ეს მუდმივა, ან ესა თუ ის მრუდი, ან ესა თუ ის ფუნქცია ფატალურია.

ვფიქრობ, რომ ადამიანის ქმედებათა სხვა სფეროების კვლევის ასეთი სურვილი ალბათ დამახასიათებელია. თუ ეს მათ თავისებურებად ჩაეთვლებათ, ვფიქრობ, რომ ეს სასიამოვნო თავისებურებაა.

დ-რი ევანსი: თქვენ ხომ ამას არ მისდევთ?

ბრედბერი: რა გითხრათ -

დ-რი ევანსი: თევზაობას და მისთანებს?

ბრედბერი: ბევრი რამ მიკეთებია. ზოგიერთები და მათ შორის, მეც… მაშინ ექსპერიმენტატორი ფიზიკოსი ვიყავი და ძალიან ჩაფლული ვიყავი საკუთარე კვლევების შედეგებში.

დ-რი ევანსი: ეს ხომ თავისებურებად არ ჩაგეთვლებათ?

ბრედბერი: ეს სხვება უნდა თქვან.

დ-რი ევანსი: ახალგაზრდებს ხომ სჩვევიათ შეცდომები დროდადრო?

ბრედბერი: ვფიქრობ, ეს ადამიანის ზრდის ნაწილია.

დ-რი ევანსი: ფიქრობთ, რომ დოქტორმა ოპენჰაიმერმა შეცდომები დაუშვა?

ამრიგად, დებატების მთავარი ობიექტი, რობერ ოპენჰაიმერი კვლავ ამოტივტივდა. ის იჯდა და რომაული ნიღბის მსგავსი გამომეტყველებით ისმენდა. წინა დღეს, ენამახვილმა და ცოცხალმა ნობელიანტმა რაბიმ, რომელიც ოპენჰაიმერს ევროპაში სტუდენტობის და ახალგაზრდა ლექტორობის დროიდან იცნობდა, ამ მოსმენების შესახებ მნიშვნელოვანი აზრი გამოთქვა:

“სწორედ ამაზე წერენ რომანებს. ესაა დრამატული მომენტი და ადამიანის ისტორია, რა აიძულებს მას იმოქმედოს, რა მოიმოქმედა მან და რა ადამიანი იყო. აი ამას აკეთებთ აქ. აქ ადამიანის ცხოვრების ისტორიას წერთ.”

ეს და ბევრი სხვა განცხადება, რომელიც 2022 ოთახში 1954 წლის 12 აპრილს და 6 მაისს შორის გაკეთდა, მხოლოდ ერთი ადამიანის კი არა, ატომის მკვლევართა მთელი თაობის ცხოვრების ისტორიაა. მოსმენებმა გამოაჩინა მათი უღრუბლო სიყმაწვილე, დიქტატორთა შიში, საკუთარი აღმოჩენების დამაბრმავებელი ზემოქმედება, მძიმე პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც არ იყვნენ მზად, დიდება, რომელიც დანგრევით ემუქრებოდა, გარდაუვალი ჩართულობა და ღრმა დათრგუნულობა. იმ ვიწრო სასამართლო ოთახში მხოლოდ რობერტ ოპენჰაიმერის ბედს არ განიხილავდნენ. დებატი ეხებოდა მთელ წყებას ახალი პრობლემებისა, რომელიც ატომურმა ხანამ მეცნიერებს წამოუყენა. ის ეხებოდა ახალ როლს, რომელიც მათ უნდა ეთამაშათ საზოგადოებაში, მათ შეშფოთებას მექანიზებული ტერორის და კონტრტერორის სამყაროში, რომელთა შექმნასაც თავად დაეხმარნენ და ყველაზე მეტად კი იმ ღრმად გამჯდარი ზნეობრივი ფასეულობების დაკარგვას, რომელთაგანაც წაღმოცენდა წარსულში მთელი მეცნიერება.

ამ გამორჩეული გონების ადამიანთა მიერ მოსმენებზე გაკეთებული განცხადებების შესწავლა – იმ განცხადებებისა, რომლებიც მათ საკუთარ თავსა და ბედზე გააკეთეს და იმხანად არ ეგონათ, თუ ფართო საზოგადოების განხილვის საგანი გახდებოდა – ნიშნავს იმის გარკვევას, თუ როგორ მოხდა, რომ საუკეთესო გამომთვლელებმა ესოდენ მოულოდნელი პასუხები იპოვეს საკუთარი ცხოვრების გამოთვლისას. რა პარადოქსულია მათი ხვედრი! ისინი, ვინც პოლიტიკის ქარბორბალას ცენტრში ამოექცნენ, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ქაოტური და უსამართლო სამყაროსგან გარიდებას ცდილობდნენ. როგორ მოხდა, რომ ადამიანები, რომლებიც სრულყოფილი ჭეშმარიტების პოვნას ცდილობდნენ, იძულებულნი აღმოჩნდნენ, საუკეთესო წლები განადგურების იარაღის სრულყოფაში გაეტარებინათ?

მოსმენებზე გაკეთებული ზოგიერთი განცხადება ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ყველაზე უფრო ლოიალური მოქალაქისთვისაც კი აუტანელი იყო. ეს ცხადი ხდება, მაგალითად, ჯეიმს კონანტის ცხოვრებიდან, რომელსაც თავად კი არ აღწერს, თუმც კი ერთერთი მოწმე იყო. 1949 წლის ზაფხულში ბერკლიდან სან-ფრანცისკოში მანქანით მგზავრობისას, ამბობს ლუის ალვარესი, “დოქტორი ლოურენსი ცდილობდა გაეგო დოქტორ კონანტის რეაქცია რადიოლოგიური ომის შედეგებზე და დოქტორმა კონანტმა თქვა, რომ მას ეს არ აინტერესებს. მას ამით თავის შეწუხება აღარ უნდა. კარგად მახსოვს, რომ დოქტორ კონანტმა თქვა, რომ ზედმეტად ასაკოვანი და გადაღლილია ასეთ საკითხებზე რჩევების მისაცემად. მან თქვა: ”ჩემი გასაკეთებელი საქმე ომის დროს გავაკეთე” და გაგვანდო, რომ გადამწვარია და აღარ გრძნობს არანაირ ენთუზიაზმს ახალი პროექტების მიმართ.”

გასაოცარია, როგორ ვერ მიხვდა ალვარესი, რომ ეს დაუძლეველი ზიზღი იმის მიმართ, რაც მეცნიერების პერვერსიად იქცა ზნეობრივი პრინციპების გამოხატულება იყო და არა დიდი მეცნიერის “სიბერის, დაღლის და გადამწვარობის” შედეგი.

დოქტორ ევანსის მიერ მოსმენებზე დასმული შეკითხვები თითქოს უმნიშვნელოა და მთავარი აზრიდან გადახვევაა ოპენჰაიმერის საქმეში. სინამდვილეში კი სწორედ ისინი უმიზნებენ მოჩვენებითი გულუბრყვილობით უმთავრეს პრობლემას, რომელსაც ოპენჰაიმერის დაცემამ უნდა გასცეს პასუხი: როგორია ამ ახალი ფიგურის, ესოდენ ძლიერი და იმავდროულად ესოდენ უსუსური მეცნიერის ჭეშმარიტი ხასიათი?

ქიმიის ეს არაჩვეულებრივი პროფესორი, უცვლელად ადამიანური მაშინაც კი, როდესაც ოფიციალური საგამოძიებო კომისიის წევრია, ალბათ ყველა იმ ჩვეულებრივი მოქალაქის ნაცვლად ლაპარაკობდა, რომლებიც მას შიშნარევი აღტაცებით უცქერდნენ მას შემდეგ, რაც მის პროფესიას კოსმიურად აღარ მიაჩნდათ და რაღაც საშინელებად ჩათვალეს. “მეცნიერები თავისებური ადამიანები არიან?”

ევანსის მიერ დასმული ამ ტიპის მიამიტი შეკითხვები ეხმაურება ექოდ მილიონობით შეშფოთებული ადამიანის კითხვებს, რომლებსაც უნდოდათ პასუხები მეცნიერებისგან გაეგოთ:”ისეთივე არსებები ხართ, როგორიც ჩვენ? ხედავთ თუ არა აზრს თავმდაბლობაში, ადამიანურ ღირსებაში და შემოქმედის მცნებებში? ვერ გვეტყვით, რა გამოძრავებთ?”

ატომის მკვლევარები, რომლებიც რიგრიგობით იძლეოდნენ ჩვენებებს პერსონალის უსაფრთხოების საბჭოს წინაშე, თავადაც განსასჯელების როლში აღმოჩნდნენ, ოღონდ კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცათ იყო არა “უერთგულეთ თუ არა სახელმწიფოს?” არამედ “უერთგულეთ თუ არა კაცობრიობას?”

ოპენჰაიმერის დრამის ამ დროისათვის ბოლო აქტი მთელი თავისი სიმარტივით გვაგონებს ძველ პოპულარულ ბალადებს და წარმოდგენებს, რომლებშიც მარლოუ და გოეთე თავიანთი ფაუსტური ტრაგედიების მასალას პოულობდნენ. ოპენჰაიმერის დაცემა პერსონალის საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა თავის გადაწყვეტილებით, რომელშიც გრეიმ და მორგანმა ხმა მისცეს დაშვების აღდგენის წინააღმდეგ, ევამსმა კი მხარი დაუჭირა აღდგენას. საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინა ატომური ენერგიის კომისიის მიერ ოპენჰაიმერის აპელაციის უარყოფამ ოთხი ხმით ერთის – ჰენრი დ. სმითის ხმის - წინააღმდეგ. *

და მაინც, ამ მომენტიდან მოყოლებული ამ ორომტრიალის სუბიექტმა ახალი, განსხვავებული სიმაღლეებისკენ ასვლა დაიწყო, უფრო სუფთა ატმოსფეროსკენ. ოფიციალური ვალდებულებების, პოლიტიკური და სტარტეგიული რჩევების მიცემის აუცილებლობის ტვირთებისგან გათავისუფლებული ოპენჰაიმერი მოწინავე კვლევის ინსტიტუტის კვლევების წარმართვას და თანამედროვე ბირთვილი ფიზიკის მიერ წამოჭრილი ზნეობრივი და ინტელექტუალური პრობლემების კვლევას შეუდგა. ისინი, ვინც მას დღეს ხვდებიან, ამჩნევენ შინაგანი კონფლიქტების და დამარცხებების კვალს მის გარეგნობას, რომელიც ძალიან შეიცვალა, თუმცა ამავე დროს აღიქვამენ მისი გამომეტყველების სიმშვიდესაც, რომელიც სტოიკური თავმდაბლობითაა განპირობებული. ახლა მისი მიზანი, როგორც ჩანს, თანამშომლობაა იმ საკითხებში სიცხადის შეტანაში, რომლებიც ჩვენი ეპოქის ხასიათმა და შეუზღუდავმა ტექნიკურმა შესაძლებლობებმა დაგვისვა.

ედვარდ ტელერი, ერთადერთი გამოჩენილი მეცნიერი, რომელმაც მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და ამით გადამწყვეტი წვლილი შეიტანა მტრის დაცემაში, დღეს პირიქით, შეწუხებული ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს, რომელსაც ძლიერ აშფოთებს წყალბადის ბომბის მამის რეპუტაცია. ოპენჰაიმერის მოსმენათა შემდეგ რამოდენიმე თვის განმავლობაში მას კეთროვანივით ექცეოდნენ, ან უფრო უარესადაც კი - როგორც მთავრობის ინფორმატტორს, რომლის თანდასწრებით გულწრფელად ვერაფერს იტყვი. მან მიაღწია დაჟინებული მოთხოვნის დაკამყოფილებას, საშუალება მისცემოდა ლოს-ალამოსში კოლეგების წინაშე საკუთარი პოზიცია დაეცვა, თუმცა სამარისებურ სიჩუმეში ილაპარაკა და ვერც ვერავინ დაარწმუნა.

გარეგნულად გამომწვევი სითამამის ქვეშ უსასოობით შეპყრობილმა, ტელერმა რჩევისთვის ენრიკო ფერმის მიმართა, ალბათ ერთადერთ ადამიანს, ვის აზრსაც ყოველთვის ანგარიშს უწევდა.

ორთა შორის საუბარი უჩვეულო გარემოებაში გაიმართა. ფერმი ლოგინად იყო ჩავარდნილი. რამდენიმე კვირა იყო გასული, რაც მან შეიტყო, რომ კიბო სჭირს და გადარჩენის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს ტელერმაც იცოდა. ამან საშუალება მისცა, უფრო გულახდილად ელაპარაკა, ვიდრე ოდესმე მანამდე, “ჩვეულებრივად ვკითხულობთ,” შენიშნავს ის,” რომ მომაკვდავი ცოცხალს აღსარებას ეუბნება. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ პირიქით უფრო ლოგიკურია, ასე რომ ფერმისთან ცოდვები ვაღიარე. მის გარდა არავინ, გარდა ღმერთისა, თუკი არსებობს, არ იცის ის, რაც მას ვუთხარი. ფერმიც ამას ზეცაში თუ გააზიარებს.”

სიკვდილის ჩრდილქვეშ შემდგარი ამ საუბრის ერთი შედეგი ის იყო, რომ ფერმიმ მხარი დაუჭირა და დახმარებაც აღმოუჩინა ტელერს Science-თვის წერილის დაწერაში. ეს წერილი, რომელიც დამაჯერებლად თავმდაბალი და გულწრფელია, წყალბადის ბომბის შექმნას აღწერს და “მრავალი ადამიანის შრომით” არის დასათაურებული. მასში უარყოფილია გავრცელებული ამბავი, რომელშიც მანამდე ტელერის ხელიც ერია, თითქოს მან “სუპერი” ლამის მარტო, ლოს-ალამოსელი კოლეგების წინააღმდეგობის ფონზე შექმნა. წერილს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. ტელერი კვლავ მიიღეს ატომური მეცნიერების ოჯახში. მას აღარ გაურბოდნენ. თუმცა ნამდვილი პატიება მაინც არ აღირსეს.

მის წინააღმდეგ მტრული განწყობის საფუძველი ალბათ უფრო ღმად ძევს, ვიდრე თვით ფიზიკოსების უმრავლესობას წარმოუდგენია. ტელერმა მხოლოდ პროფესიულ კოლეგას კი არ უღალატა, არამედ მეცნიერების იდეალების მოღალატის ცოცხალ მაგალითად იქცა. როდესაც ლექციებსა და ლივერმორის ბომბის ლაბორატორიას შორის დაქროდა, როდესაც სასწავლო აუდიტორიიდან სახელმწიფო დეპარტამენტში და სტრატეგიულ საჰაერო ძალებში თათბირებზე მიიჩქაროდა, ის თვით მოუსვენრობისა და მეცნიერების ტყვეობის ცოცხალ სიმბოლოდ იქცა.

მისი ინტერვიუები და საჯარო ლექციები, წმინდად სამეცნიერო სტატიებიც კი, რომლებსაც მისი კოლეგების უმრავლესობა არასაკმარისად მოფიქრებულს და შესაბამისად, უზუსტოდაც თვლის, ხშირად თითქოს იმისთვისაა ჩაფიქრებული, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვილშრიფტიანი საგაზეთო სათაური მოიპოვოს. სენსაციურობისკენ სწრაფვა მას ხან ბეტრონის ჯურღმულებში ჩამარხულ, მესამე მსოფლიო ომის მომლოდინე კაცობრიობას აწინასწარმეტყველებინებს, ხან -“საუკუნეთა შორის უბედნიერესს.” ერთი ატომური ფიზიკოსი რომელსაც დღემდე მჭიდრო ურთიერთობაა აქვს ტელერთან, ამბობს:

“სამწუხაროა, რომ მას სერიოზული სამუშაოსთვის დრო აღარ აქვს. ამით დიდ, შემოქმედ პიროვნებას ვკარგავთ. ცოტა ხნის წინ ედვარდის ცოლს ვუთხარი, რომ მინდა მასთან ერთად კვლავ რამე დავწერო, მაგრამ მან მთხოვა, მისთვის მსგავსი არაფერი შემეთავაზებინა, რადგან პირადი ცხოვრებისა და ოჯახისთვისაც კი არ რჩება დრო. ასე რომ მისთვის არაფერი მითქვამს.”

როდესაც სტენ ულამს, ტელერის ყოფილ თანამშრომელს მასზე ეკითხები, ის ფრთხილად ემიჯნება პირადი აზრის გამოთქმას. ამის ნაცვლად თაროდან ანატოლ ფრანსის წიგნს იღებს და ერთ-ერთი თავის ეპიგრაფს გიჩვენებს: “ვერ ხედავ, რომ ანგელოზები არიან?” ვერ გაიგებ, ტელერს კეთილ ანგელოზად თვლის თუ ბოროტად. არაფერს ამბობს, მხოლოდ იღიმება. იქნებ ბევრი ატომური ფიზიკოსის მსგავსად ახლა ისიც ფიქრობს, რომ ტელერი, რომელსაც მანიაკალური შეიარაღების წამოწყებასა და მასში მონაწილეობაში ვერავინ შეედრება, უზენაესი ნების აღმასრულებელია და მშვოდობის დამყარებას უწყობდა ხელს.

ოპენჰაიმერი, თავის მხრივ, თავისი უბედურებისა და სიბრმავის წლებს ისტორიის კუთვნილებად მიიჩნევს. “ჩვენ ეშმაკის საქმე გავაკეთეთ,” უთხრა მან სტუმარს 1956 წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც საკუთარ გამოცდილებას აჯამებდა. “თუმცა ახლა საკუთარ საქმეს ვუბრუნდებით. რაბი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მეუბნებოდა, რომ მომავალში მხოლოდ კვლევით დაკავდება.” ბევრი, ვინც ოპენჰაიმერს იცნობს და მასზე გული აიცრუა, ვერ იჯერებს, რომ მან ძალაუფლება საბოლოოდ უარყო. ერთი მისი მოწაფე, ახლა უკვე ცნობილი მეცნიერი ამას სკეპტიკურად უცქერს: “ვშიშობ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი როლია მისი მდიდარი რეპერტუარიდან. ახლა ის იძულებულია წმინდანი და მოწამე ითამაშოს, მაგრამ თუ ოდესმე სხვა ნიავმა დაუბერა, ვაშინგტონში დანარჩენებს შეუერთდება.”

ეს განაწყენება გასაგები, მაგრამ წინასწარმეტყველებად ძნელი მისაღებია. ოპენჰაიმერს უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეები ელოდება, ვიდრე კაბინეტმა ან გენერალურმა შტაბმა შეიძლება შესთავაზონ.

ერთერთ ბოლოდროინდელ ლექციაში მან ხატოვნად მონიშნა მიზანი, რომელსაც უნდა, რომ ემსახუროს: “ მეცნიერიც და შემოქმედიც იდუმალის ზღვარზე, მისით გარემოცული ცხოვრობს. ორივეს თავისი შემოქმედების საზომად ახლის და ძველის ჰარმონიზაცია გაუხდია, სიახლისა და შერწყმის გაწონასწორებით, ბრძოლით სრულ ქაოსში ნაწილობრივი წესრიგის დასამყარებლად. მათ საკუთარი შრომით და სიცოცხლით შეუძლიათ საკუთარ თავს, ერთმანეთს და კაცობრიობას დაეხმარონ. მათ შეუძლიათ ბილიკები გაკვალონ, რომლებიც ხელოვნებისა და მეცნიერების სოფლებს ერთმანეთთან და მსოფლიოსთან შეაერთებს და გააერთიანებს მრავალფეროვანი და ძვირფასი კავშირებით. ეს არ იქნება იოლი ცხოვრება. გვექნება მღელვარე დრო, რომელიც გონებაგახსნილობას და ფიქრის სიღრმეს მოითხოვს, რათა შევინარჩუნოთ მშვენიერის აღქმა და უნარი მისი დანახვისა დაშორებულ, ჩვეულო და უცნობ ადგილას. გვექნება მღელვარე დრო, უკლებლივ ყველას, რათა ეს ყველაფერი გაიფურჩქნოს დიდ, ღია, ქარიან სამყაროში. და ამ მდგომარეობაში ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, რადგან შეგვიძლია გვიყვარდეს ერთმანეთი.”





* პერსონალის საბჭომ განაცხადა: “რეკომენდაციის მიღებისას ვეცადეთ ჩვენს წინაშე დასმული შეკითხვისათვის სრულად მიგვემართა და არა ფრაგმენტულად, კონკრეტული კრიტერიუმებისა თუ დოქტორ ოპენჰაიმერის ცხოვრების რომელიმე პერიოდის მიხედვით, ან ერთგულება, ხასიათი და ურთიერთობები ერთმანეთისაგან ცალ-ცალკე არ განგვეხილა.

“ მიუხედავად ამისა, ამ საბჭოს უმთავრესი გადაწყვეტილება იქნებოდა ის, თუ დოქტორი ოპენჰაიმერი ქვეყნის მიმართ არაერთგული აღმოჩნდებოდა. სწორედ ამის გამო მისი ერთგულების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ და ცხად დასკვნამდე მივედით რომელმაც უნდა დაარწმუნოს ამ ქვეყნის ხალხი იმაში, რომ ის ერთგული მოქალაქეა. ეს რომ ერთადერთი განსახილველი საკითხი ყოფილიყო, ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა ის, რომ დაშვების აღდგენა არ დაემუქრებოდა ერთიან უსაფრთხოებასა და თავდაცვას.

“თუმცა ჩვენ ვერ მივედით იმ დასკვნამდე, რომ დოქტორ ოპენჰაიმერისთვის დაშვების აღდგენა ცხად შესაბამისობაშია შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებთან და ამიტომაც არ ვუწევთ ამას რეკომენდაციას.

გადაწყვეტილებამდე შემდეგმა მოსაზრებებმა მიგვიყვანა:

1. ჩვენ ვთვლით, რომ დოქტორ ოპენჰაიმერის საქციელი და ურთიერთობები სერიოზულად უგულებელყოფს უსაფრთხოების სისტემის მოთხოვნებს.

2. ჩვენ დავინახეთ ზეგავლენის მიმართ მგრძნობელობა, რომელსაც სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისათვის.

3. ვთვლით რომ მისი ქცევა წყალბადის ბომბის პროგრამაში საკმაოდ შემაშფოთებელია იმისათვის, რომ მისი მომავალი მონაწილეობა თავდაცვის სამთავრობო პროგრამაში, თუ იგივე დამოკიდებულების მატარებელი იქნება, ცხადად თავსებადი იქნება უსაფრთხოების ინტერესებთან.

4. სამწუხაროდ იძულებულები ვართ დავასკვნათ, რომ დოქტორ ოპენჰაიმერს ამ საბჭოსთვის ჩვენებების მიცემისას რამდენიმე შემთხვევაში სრული გულწრფელობა არ გამოუმჟღავნებია.

პატივისცემით,

გორდონ გრეი, თავმჯდომარე,

თომას ა. მორგანი.”



No comments:

Post a Comment