ლოს ალამოსის ატომური ფიზიკოსების გონება ძალიან შეაშფოთა ჰიროშიმაში ბომბის ჩამოგდების ამბავმა. ო.რ. ფრიში იხსენებს, რომ ერთ დღეს მისი კაბინეტის გარეთ, კორიდორში სიამოვნების ველური შეძახილები მოესმა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა როგორ მიექანებოდნენ მისი ახალგაზრდა კოლეგები კორიდორში ინდიელთა საბრძოლო ყიჟინით. მათ ახლახან მოუსმინეს რადიოში პრეზიდენტ ტრუმენს, რომელიც გენერალი გროვსის პატაკს კითხულობდა პირველი ატომური ბომბის წარმატებული გამოყენების შესახებ. “მომეჩვენა, რომ სიხარულის ყიჟინა სრულიად უადგილო იყო,” მშრალად აღნიშნავს ფრიში. მან პირველმა, 1939 წელს გამოთვალა, რა უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა ატომის ბირთვის გახლეჩისას. ახლა ამ ენერგიამ ათობით ათასი სიცოცხლე მოსპო.
1945 წლის 6 აგვისტო შავ დღედ იქცა აინშტაინის,სცილარდისა და რაბინოვიჩის მსგავსი ადამიანებისთვის, რომლებმაც ცდა არ დააკლეს ბომბის გამოყენების თავიდან აცილებას. თუმცა ზევით, მესაზე, ხალხი გაურკვევლობაში იყო. ბოლოსდაბოლოს მიზნის მისაღწევად მათ დღე და ღამე გასწორებული ჰქონდათ. ახლა რა უნდა ექნათ, ეამაყათ საკუთარი მიღწვებით, თუ სირცხვილისგან თავი ჩაექინდრათ, რადგან მათი შრომის შედეგად ამდენი დაუცველი ადამიანი დაზარალდა? ან იქნებ შესაძლებელი იყო – და ეს ყველაზე უფრო უცნაური, ატომურ ფიზიკაში არსებული წინააღმდეგობრივის შესადარისი პოზიცია იქნებოდა – ერთსა და იმავე ადამიანს ერთდროულად სიამაყეც განეცადა და სირხცვილიც?
ეს ყველაფერი კიდევ უფრო დამაბნეველი ჩანდა მოვლენისა და მისი გამომწვევი ადამიანების ხასიათს შორის არსებული კონტრასტის წყალობით. მსოფლიომ ამ მოვლენის შემოქმედი ადამიანები ისეთ ფიგურებად დასახა, როგორიც სრულიად არ შეესაბამებოდა, სინამდვილეში კი ეწინააღმდეგებოდა კიდეც მათ ჭეშმარიტ ხასიათს. მათი ქმნილების ზეადამიანურმა მასშტაბმა საზოგადოების თვალში მათ მითიური ფიგურების ელფერი შესძინა. მათ ტიტანებს ეძახდნენ და პრომეთეს ადარებდნენ, რომელიც ზევსს, ბედთა გამრიგეს დაუპირისპირდა. მათ “ეშმაკეულ ღმერთებსაც” უწოდებდნენ. თუმცა საკუთარი თავისა თუ ახლობლებისთვის ისინი რჩებოდნენ იმად, რაც ადრე იყვნენ – ჩვეულებრივ, არც განსაკუთრებული სიქველითა და არც ბოროტებით გამორჩეულ, წინააღმდეგობრივ ადამიანებად, რომლებიც სამუშაო საათებში, მათი ბომბის ნგრევის სავარაუდო რადიუსის ანგარიშისას “შემთხვევით” აზრებზე ყურადღებას არ ფანტავდნენ, მოცალეობისას კი, მაგალითად ალვინ გრეივსის მსგავსად, შესაძლოა გულისხმიერი მებაღეები ყოფილიყვნენ, რომელიც სასმელ წყალს იკლებს მცენარის გახმობისგან გადასარჩენად.
რობერტ ბროუდი, ერთ-ერთი ამერიკელი ფიზიკოსი, ვინც ოცი წლის წინ გეტინგენში სწავლობდა, ასეთნაირად ცდილობს საკუთარი და ზოგიერთი ლოს-ალამოსელი თანამშრომლის იმდროინდელი განწყობის აღწერას:
“ჩვენ ბუნებრივად შევძრწუნდით შედეგით, რომელიც ჩვენმა იარაღმა გამოიწვია, განსაკუთრებით კი იმით, რომ სამიზნედ არა ჰიროშიმას სამხედრო ობიექტები, არამედ ქალაქის ცენტრი გამოიყენეს. თუმცა თუ სრულ სიმართლეს ვიტყვი, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენმა კმაყოფილებამ საშინელების განცდას დიდად გადააჭარბა, რადგან ჩვენმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში ბოლოსდაბოლოს გაიგეს, სად გავქრით წლებით. მათ გაიგეს, რომ ჩვენც ვიხდიდით საკუთარ ვალს. დაბოლოს ჩვენც გავიგეთ, რომ ჩვენი შრომა უშედეგო არ ყოფილა. საკუთარ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის გრძნობა არ განმიცდია.”
“ვილლი” ჰიგგინბოთემი, ოცდათოთხმეტი წლის ელექტრონიკის სპეციალისტი – პროტესტანტი სასულიერო პირის შვილი და ერთი მეწინავეთაგანი იმ მეცნიერთა შორის ვინც პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა საკუთარი შრომისთვის – ლოს-ალამოსიდან დედას სწერდა:
“იოტისოდენა სიამაყესაც კი არ განვიცდი იმ სამუშაოს გამო, რომელიც შევასრულეთ...ერთადერთი მიზანი ამის გაკეთებისა ალბათ დანარჩენი მსოფლიოსთვის დასწრება იყო...ალბათ ეს იმდენად დამანგრეველია, რომ ადამიანები იძულებულნი გახდებიან, მშვიდობა შეინარჩუნონ. ახლა მშვიდობის ალტერნატივა ფიქრით მიუწვდომელია, თუმცა ყოველთვის იარსებებენ ადამიანები რომლებიც არ ფიქრობენ… მგონი ახლა უკვე ვიცი, რას ნიშნავს “შერეული გრძნობები.” ვშიშობ, განდი ახლა ქრისტეს ერთადერთი მიმდევარია...ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი დასრულდა და ღმერთს ვთხოვ, სამომავლოდ გაგვაძლიეროს. მიყვარხართ, უილი.”
ლოს-ალამოსში მომუშავე ფიზიკოსებისგან ზოგიერთმა იცოდა, რომ უკანასკნელი ატომური ბომბი – ამ დროისთვის მხოლოდ სამის დამზადება მოესწრო – კუნძულ ტინიანზე, მზადყოფნაში ინახებოდა. ჰიროშიმაში ჩამოგდებული “გამხდარის” საპირისპიროდ, ამას მეტსახელად “მსუქანი” დაარქვეს. ყველანაირი საფუძველი არსებობდა ვარაუდისათვის, რომ ეს ბომბი, მიუხედავად შედარებით მცირე დანახარჯებისა, კიდევ უფრო დამანგრეველი მოქმედებისა უნდა ყოფილიყო. ამ უკანასკნელი ბომბის ერთ-ერთი კონსტრუქტორი, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო ვინაობის გამჟღავნება არ სურს, აღიარებს: “ძალიან მაშინებდა ამ “უკეთესი” ბომბის გამოყენება. ვიმედოვნებდი, რომ ეს არ მოხდებოდა და ვკანკალებდი, როდესაც მის მიერ გამოწვეულ ნგრევას წარმოვიდგენდი. და მაინც, თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, ძალიან მაინტერესებდა, ამ ტიპის ბომბიც გაამართლებდა მოლოდინს თუ არა, მოკლედ, იმუშავებდა თუ არა მისი ჩახლართული მექანიზმი. ეს საშინალი აზრებია, ვიცი, მაგრამ თავიდან მაინც ვერ ვიცილებდი.”
ამასობაში ოცდახუთი ატომური ფიზიკოსი და მათი ასისტენტები ნორმან რემზის ხელმძღვანელობინ ლოს-ალამოსიდან ტინიანში გაემგზავრნენ “მსუქანის” მზადყოფნაში მოსაყვანად.
ვიდრე კუნძულზე არავინ იცოდა, რას აკეთებდნენ “გრძელთმიანი ბიჭები” სპეციალური დაცვით გარშემორტყმულ შენობებში, სამხედროებს ისინი უბრალოდ უბოროტო დაცინვის სამიზნეებად მიაჩნდათ. თუმცა როგორც კი პირველი ბომბის ჩამოგდების ამბავი გავრცელდა, ისინი იმწამსვე გმირებად იქცნენ. ასეთი დამოკიდებულებისთვის კარგი საფუძველი არსებობდა. კუნძულზე განლაგებულმა საზღვაო ქვეითებმა იცოდნენ, რომ ტოკიოს ყურეში მომავალი გადასხმის ძირითადი სიმძიმე მათ უნდა ეწვნიათ. თუმცა ახლა უკვე გაჩნდა იმედი, რომ ეს ოპერაცია შესაძლოა საერთოდ აღარ გახდეს საჭირო. საჰაერო ბაზაზე დიდი რაოდენობით გამოჩნდნენ ჟურნალისტები, აგრეთვე მაღალი წოდების მქონე ოფიცრები, რომლებმაც სამკერდე ნიშნები გადასცეს პირველი ატომური ბომბდამშენის, “ენოლა გეის” ეკიპაჟს. თვითმფრინავს სახელი პილოტის, პოლ ტიბეტსის დედის საპატივცემულოდ შეარქვეს.
ტინიანის VIP სტუმრებს შორის იყო გენერალი “ტუი” სპაატცი, მთელი ამ ფრონტის საჰაერო ძალების მეთაური. ჰერბერტ აგნიუ, კუნძულზე მყოფ ატომურ ექსპერტთაგან ერთ-ერთი ყვება: “ბუნებრივია, ყველაფერთან ერთად ის ჰანგარიც ვაჩვენეთ, სადაც პირველი ბომბი მოვიყვანეთ მზადყოფნაში. ერთმა ჩემმა კოლეგამ მას ის მცირე ყუთი აჩვენა, რომელშიც ბომბის ცენტრალური მექანიზმი იყო შეფუთული, ვიდრე მას ბომბს მოვარგებდით. აქ კი გენერალმა მოთმინება დაკარგა, ადიუტანტს მიუბრუნდა და უთხრა: “შენ თუ გინდა, შეგიძლია დაიჯერო ამათი ზღაპრები, მე კი ნამდვილად ვერ გამაცურებენ!” გენერალმა უბრალოდ იუარა იმის დაჯერება, რომ ასეთი მცირე რამ ესოდენ დიდი სიმძლავრის ნგრევას იწვევს.”
გადაწყდა, რომ რამდენიმე ატომური ექსპერტი ალვარეს აგნიუს ჩათვლით და ბომბების ბრიტანელი ექსპერტი პენი მეორე ატომურ რეიდს გაჰყვებოდნენ სხვა თვითმფრინავით. ვიდრე ალვარესი და მისი მეგობრები ფილიპ მორისონი და რობერტ სერბერი გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე ქილით ლუდს წრუპავდნენ, უეცრად გადაწყვიტეს, ბომბთან ერთად მათი იაპონელი მეგობრისთვის, პროფესორი საგანესთვის, რომელთანაც ომამდე ბერკლის რადიაციულ ლაბორატორიაში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, წერილი ჩაეგდოთ. წერილის სამი ეგზემპლარი სასწრაფოდ ხელით დაწერეს და სათითაოდ მიამაგრეს სამ გამზომ ხელსაწყოს, რომლებიც ალვარესს სამიზნის თავზე უნდა ჩამოეყარა. წერილში ეწერა:
“შტაბი, ატომური ბომბის გუნდი
1945 წლის 9 აგვისტო
პროფესორ საგანეს.
შეერთებულ შტატებში თქვენი ყოფნისას თქვენი ყოფილი კოლეგა მეცნიერებისგან.
გიგზავნით ამ პირად შეტყობინებას, რათა თქვენ, როგორც ბირთვული ფიზიკის ცნობილმა სპეციალისტმა, გამოიყენოთ მთელი თქვენი გავლენა და დაარწმუნოთ იაპონიის გენერალური შტაბი იმ საშინელ შედეგებში, რომელიც თქვენი ხალხისთვის ამ ომის გაგრძელებას მოჰყვება.
თქვენ რამდენიმე წელია იცით, რომ ატომური ბომბის შექმნა შესაძლებელია, თუ ქვეყანა განუზომელ ფასს გადაიხდის აუცილებელი მასალის დასამზადებლად. ახლა თქვენ დაინახეთ, რომ ჩვენ ავაშენეთ საწარმოები და გესმით, რომ ამ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მომუშავე ქარხნების გამოსავალი თქვენს სამშობლოში აფეთქდება. სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ერთი ბომბი საცდელად ამერიკულ უდაბნოში ავაფეთქეთ, ერთი – ჰიროშიმაში, მესამე კი დღეს დილით. გევედრებით, დაუდასტურეთ ეს ფაქტები თქვენს ლიდერებს და ყველაფერი იღონეთ ნგრევისა და სიცოცხლის მოსპობის შესაჩერებლად, რომელიც თუ გაგრძელდა, ყველა თქვენი ქალაქის გაქრობას გამოიწვევს. როგორც მეცნიერებს, გვძულს ის გამოყენება, რომელიც შესანიშნავმა აღმოჩენამ ჰპოვა, თუმცა გარწმუნებთ, რომ თუ იაპონია დაუყოვნებლივ არ დაგვნებდება, ატომური ბომბების წვიმის სისასტიკე ბევრად მოიმატებს.”
ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ ერთი ამ გზავნილთაგანი იპოვეს და იაპონიის საზღვაო ძალების დაზვერვის დეპარტამენტს გადასცეს. ადრესატამდე მან დიდი დაგვიანებით მიაღწია.
უცნობია, რა წვლილი შეიტანა ამ წერილმა იაპონიის კაპიტულაციაში. სინამდვილეში შეერთებულ შტატებს ამ გაზავნილის ჩამოგდებისას, მარაგში ერთი ბომბიც კი არ ჰქონდა დარჩენილი და ახალი ბომბების დამზადება რამდენმე კვირის და იქნებ თვის განმავლობაშიც ვერ მოხერხებულიყო. ამერიკის გენერალურ შტაბს ნაგასაკიზე შეტევისას ერთი გარკვეული მიზანი ჰქონდა: მტრისთვის შეექმნა შთაბეჭდილება, რომ შეერთებულ შტატები ატომური ბომბების მთელ არსენალს ფლობს და ასე ეიძულებინა იაპონელები იარაღი დაეყარათ. ეს ბლეფი უნებურად გაამაგრა სამი ფიზიკოსის წერილმა, რომლებსაც წმინდად ჰუმანიტარული მოსაზრებები ამოძრავებდათ.
ამრიგად თვით სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მეგობრობაც კი იარაღად იქნა გამოყენებული. 11 აგვისტოს, გვიან საღამოს ამერიკულმა რადიომ გამოაცხადა: “ახლახან იუნაიტედ პრესმა შვეიცარიის ბერნიდან შეგვატყობინა, რომ იაპონიის მთავრობამ უპირობო დანებება გამოაცხადა…”
ამბავს ლოს-ალამოსში თავდავიწყებული ზეიმით შეხვდნენ. ყველანაირი შერეული გრძნობები და ეჭვები დროებით დავიწყებას მიეცა. ბორცვზე შექმნილმა ორმა “ბიჭუნამ” სისხლისღვრა შეაჩერა. ომი სრულდებოდა! სამალავებიდან სასწრაფოდ ამოყო თავი ვისკის, ჯინის, არყის და სხვა ალკოჰოლის მარაგებმა, რომლებიც ამ საათის მოლოდინში დიდი ხნის წინ შემოეპარებინათ “ლაბორატორიების ქალაქში,” სადაც აქამდე მშრალი კანონი მკაცრად მეფობდა. ადამიანები ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებდნენ და მშვიდობისას სვამდნენ.
ერთი ასეთი იმპროვიზებული გამარჯვების ზეიმიდან პროფესორი კ., ასაფეთქებლების დეპარტამენტის ერთერთი წამყვანი სპეციალისტი უცებ ფეხზე წამოვარდა და ოდნავი ბარბაცით ღამის წყვდიადს მიაშურა. 6 აგვისტოდან მოყოლებული, ყველასათვის უჩუმრად, გარდა დაცვის სამსახურისა, ის საკუთარ სიურპრიზს ამზადებდა, რომელიც ომის დასრულების დღეს უნდა გამჟღავნებულიყო. უეცრად ელვამ და ქუხილმა არემარე გააყრუა. სახლებიდან გამოცვენილი ხალხი შთამბეჭდავი სანახაობის მოწმე გახდა. მთელი ლოს-ალამოსი განათდა თვალისმომჭრელი, მოციმციმე სინათლით. მაღლა აზიდული წითელი კლდეები არეკლილ სინათლეზე იწვოდა. კანიონებიდან ნაპერწკლების ისრისებური ნაკადები იფრქვეოდა. ზათქსა და ქუხილის ექოს ბოლო არ უჩანდა. პროფესორ კ.-ს რამდენიმე ათეული ფარული საფარი თურმე მავთლებით შეეერთებინა და ღილაკის დაჭერით აემოქმედებინა. როდესაც გამარჯვების ფოიერვერკები დაიწვა და აქა იქ კანტიკუნტად დაგვიანებული აფეთქებებიღა ისმოდა, ხალხი სახლებს მიუბრუნდა და კვლავ განაგრძეს მოსმენა დანებების დეტალების გასაგებად. თუმცა ამის ნაცვლად გამოუცხადეს, რომ იაპონიის კაპიტულაციის შესახებ ცნობა ნაადრევი აღმოჩნდა.
ოთხი დღის შემდეგ გამოცხადდა, რომ იაპონია მართლაც დანებდა. ამჯერად ზეიმი იმწამსვე არ დაწყებულა, თუმცა მოგვიანებით, მიუხედავად გვიანი დროისა, ლოს ალამოსში გამარჯვების აღლუმი გამართეს. მას წინ უძღოდა ჯიპი, რომელზეც ათზე მეტი ახალგაზრდა მეცნიერი ამძვრალიყო. მძღოლს მხრებზე გამხდარი ვილი ჰიგინბოთამი აჯდა, აკორდეონზე ცოცხალ მელოდიებს ასრულებდა და დროდადრო სანაგვე ყუთის თავსახურებს აბრახუნებდა, მძინარეთათვისაც რომ გაეგებინებინა, რომ მშვიდობა დამყარდა. სახლების უმრავლესობა კვლავ გაჩირაღდნდა. საერთო საცხოვრებლებში იმპროვიზებული წვეულებბები დაიწყო. ცეკვა და მხიარულება გათენებამდე გაგრძელდა. თანამშრომლები სამუშაოდან გაათავისუფლეს და ზეიმმა ორი დღე და ორი ღამე გასტანა. თუმცა როცა მხიარულება დასრულდა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისევე გრძელდება, როგორც მანამდე იყო. მსოფლიოს შეეძლო ეფიქრა, რომ შვიდობა დაბრუნდა, რაც შეეხება ლოს-ალამოსის, ოუკ-რიჯის, ჰენფორდის და ჩიკაგოს მკვლევარებს, ისინი ისეთივე მკაცრი გასაიდუმლოების პირობებში დარჩნენ, როგორშიც ომის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ეს პირობები განსაკუთრებით აუტანელი მანჰეტენის პროექტის ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის აღმოჩნდა. ისინი აწუწუნდნენ. ამ თვალსაზრისით დამახასიათებელია ახალგაზრდა ამერიკელი ფიზიკოსის, ჰერბერტ ანდერსონის პრეტენზია, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში ფერმის ურანის პირველ ექსპერიმენტებში მონაწილეობდისას ბერილიუმით სამუდამოდ მოიწამლა. ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ მან მეგობარს მისწერა: “ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენი ადამიანური და სამოქალაქო უფლებების ყოველგვარ შევიწროებას. ომში გავიმარჯვეთ. ახლა გვინდა კვლავ თავისუფლად ვიცხოვროთ.”
ამ მეცნიერებს მხოლოდ პიროვნული თავისუფლება კი არ აღელვებდათ, მათ სურდათ, მაგალითად, თავისუფლად გაენათლებინათ ადამიანები ახალი იარაღის საშინელებათა შესახებ. როდესაც გაზეთებში კითხულობდნენ, რომ შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს სურთ ატომური ბომბის საიდუმლოს თავისთვის შენახვა, ფიზიკოსებს უჩნდებოდათ სურვილი ეპასუხათ, რომ არ არსებობს ატომური საიდუმლო, რომელსაც ძალიან მცირე დროის შემდეგ არ გაშიფრავს განვითარებული მეცნიერების მქონე ნებისმიერი ქვეყანა. მათ უნდოდათ მოეთხოვათ ამერიკული ინიციატივით ატომური კვლევების მაკონტროლებელი საერთაშორისო კონფერენციის დაუყოვნებლივ მოწვევა, როგორც ამას ბორი, სცილარდი და ფრანკის ანგარიშის ავტორი ითხოვდნენ.
საგანგებო საკითხი, რომელიც ლოს-ალამოსელმა მეცნიერებმა წამოწიეს, დამალობანა იყო, რომელსაც სამხედროები რადიოაქტივობის პრობლემას ეთამაშებოდნენ. ჯერ კიდევ ატომური იარაღის გამოყენებამდე ზოგიერთი ფიზიკოსი ევედრებოდა გენერალ გროვსს, ნება დაერთო ბომბთან ერთად ბროშურები ჩამოეყარათ, რომლებშიც აფეთქების შემდეგ წარმოქმნილ უჩვეულო რადიოაქტიური საფრთხის შესახებ იქნებოდა გაფრთხილება. ამაზე სამხედროებმა უარი თქვეს, რადგან შიშობდნენ, რომ ეს მომწამლავი აირის მსგავსი იარაღის გამოყენების აღიარებად ჩაითვლებოდა.
როგორც ჩანს, მსგავსი მოსაზრებებით ისინი ცდილობდნენ ყურადღების გადატანას ატომური ბომბარდირების რადიოაქტიური შედეგებიდან. კეთდებოდა განმარტებები, რომ ჰიროშიმას ნანგრევებში აღარაა რადიოაქტიურობის სახიფათო დონე და იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც აფეთქების დროს დასხივების სასიკვდილო ან ქრონიკული დაავადების გამომწვევი დოზა მიიღო, გაასაიდუმლოეს. გროვსმა კონგრესის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ცნობით, რადიაციისგან სიკვდილი “მეტად უმტკივნეულოა.”
ასეთი გამონათქვამებისგან ლოს-ალამოსელ მეცნიერებს ბრაზის ალმურში იწვოდენ, რადგან სწორედ ამ დროს მათი ოცდაექვსი წლის კოლეგა ჰარი დაგნიანი დასხივებით გამოწვეულ საშინელ სიკვდილს ებრძოდა.
1945 წლის 21 აგვისტოს გახლეჩვადი მასალით ექსპერიმენტირებისას მან წამის ნაწილით ჯაჭვური რეაქცია გაეპარა. მისმა მარჯვენა ხელმა დასხივების საშინელი დოზა მიიღო. ჰოსპიტალში მოთავსებიდან ნახევარი საათის შემდეგ ის მხოლოდ თითებში მგრძნობელობის მცირე დაქვეითებას უჩიოდა, მაგრამ თანდათან ხელები დაუსივდა და ზოგადი მდგომარეობაც დამძიმდა.
დაიწყო ბოდვითი მდგომარეობა. ახალგაზრდა ფიზიკოსი მწვავე შინაგან ტკივილებს უჩიოდა, რადგან კანზე ბევრად უფრო ღრმად შეღწეულმა გამა გამოსხივების მოქმედების შედეგმა იჩინა თავი. პაციენტს თმა დასცვივდა, სისხლის თეთრი ბურთულების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. ოცდაოთხი დღის შემდეგ ის გარდაიცვალა.*
რადიაციისგან სიკვდილმა, რომელიც ლოს-ალამოსის ადამიანებმა ახალი იარაღის შექმნით ათასობით იაპონელს მოუტანეს, ახლა ერთ-ერთი მათგანი იმსხვერპლა. ახალი ენერგიის სახიფათო შედეგები პირველად გახდა საგრძნობი და არა შორეული სტატისტიკის, არამედ ერთი მათგანის ტანჯვის, ტკივილის და მომაკვდინებელი სენის სახით.
ჰენრი დაგნიანის სიკვდილმა გააძლიერა ყველა ატომურ ლაბორატორიაში დაწყებული მოძრაობა მათ შორის, ვინც აპირებდა მსოფლიოსთვის ახალი იარაღის შესახებ სიმართლე ეთქვა და ეთხოვა, რომ უარეყოთ ატომური ენერგიის სამხედრო მიზნებით გამოყენება. დაგნიანის ბორცვზე მდებარე ჰოსპიტალში მოთავსებიდან ცხრა დღის შემდეგ ლოს-ალამოსში ატომის მეცნიერთა ასოციაცია შეიქმნა, რომელსაც ჰიგინბოთემი ხელმძღვანელობდა და რომელშიც ასამდე მკვლევარი დაუყოვნებლივ გაწევრიანდა. მსგავსი ჯგუფები შეიქმნა ჩიკაგოში, ოუკ-რიჯში და ნიუ-იორკში. ჯგუფები ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გადაწყვიტეს, გაენათლებინათ საზოგადოება და შესაბამისად, წნეხის ქვეშ მოექციათ ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწეები მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიმართვა შესაძლოა სამხედრო კანონმდებლობის დარღვევად ჩათვლილიყო, რომლის მოქმედებაც ასოციაციის წევრებზე ჯერ კიდევ ვრცელდებოდა. ასე დაიწყო მოძრაობა, რომელიც მოგვიანებით ცოტა არ იყოს გადაჭარბებულად “ატომის მეცნიერთა ამბოხად” მონათლეს.
იშვიათად თუ ვინმეს დაუფლებია მოწყენილობა და პესიმიზმი ზარზეიმის ცქერისა და ქებისაგან ისე, როგორც ეს რობერტ ოპენჰაიმერს დაემართა, როდესაც ხედავდა, როგორი აღფრთოვანებით შეხვდნენ მისი თანამემამულენი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას. ის, ვისაც კოლეგების ვიწრო წრე და რამდენიმე პოლიტიკოსი იცნობდა მხოლოდ, უეცრად საყოველთაო თაყვანისცემის ობიექტი გახდა. როგორც ატომური ბომბის სავარაუდო “მამას” - რასაც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა, როგორც დაუშვებელ გამარტივებას – სწავლულ ფიზიკოსს ყველა მხრიდან გამარჯვებული მთავარსარდალივით ესალმებოდნენ. მას თვლიდნენ ადამიანად, რომელმაც არა მარტო სასწაულებრივი იარაღი გამოიგონა და ქვეყანას იაპონიაში შეჭრასთან დაკავშირებულ მძიმე დანაკარგები და კიდევ ერთი ომიანი ზამთარი აარიდა, არამედ ახალი ყაიდის მშვიდობისმყოფელად, რომლის გასაოცარმა აღმოჩენამ ყველანაირი ჯარის და ომის საჭიროება ერთბაშად გააუქმა.
თავად ოპენჰაიმერმა ძალიან ბევრი იცოდა საიმისოდ, რომ სამერმისო ოპტიმიზმის ამ უზარმაზარ ტალღას აჰყოლოდა. მომავალი მშვიდობიანი სამოთხის ენთუზიასტებს ის ისეთივე სევდით უცქერდა, როგორითაც ზრდასრული ადამიანი ადევნებს თვალს გულუბრყვილო ბავშვურ თამაშებს.
ოპენჰაიმერის ფიქრებს მომავალზე ფაქტების ორი რთული ჯგუფი ჩრდილავდა. უპირველესად მისთვის ნათელი იყო, რომ ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბები სულაც არ წარმოადგენდა ახალი იარაღის განვითარების მწვერვალს. ეს მხოლოდ საწყისი ნაბიჯები იყო ამ განვითარებისა, რომლის ზღვარი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. ვიდრე ურანის ბომბის დასრულდებოდა, მან ორი, 1944 წლის 20 სექტემბრით და 4 ოქტომბრით დათარიღებული წერილი მისწერა მეგობარს, პროფესორ თოლმანს, ომის დასრულებამდე თითქმის ერთი წლით ადრე დაარსებული ატომური ენერგიის მომავალი გამოყენების შემსწავლელი კომიტეტის თავმჯდომარეს, სადაც აღნიშნავდა, რომ საომარ პირობებში მათ მხოლოდ შედარებით პრიმიტიული ატომური იარაღის შექმნა მოახერხეს. აი მისი სიტყვები:
“ტექნიკური უპირატესობა, რომელსაც შესაძლოა ამჟამად ეს ქვეყანა ფლობდეს ბირთვული რეაქციების ასაფეთქებელ იარაღში გამოყენების პრობლემაში სამეცნიერო თუ ტექნიკური თვალსაზრისით, რამდენიმე წლის მუშაობის შედეგია, რომელიც მიუხედავად ინტენსივობისა, რაღა თქმა უნდა, კარგად დაგეგმილი ვერ იქნებოდა. ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად აუცილებელია პრობლემის როგორც ტექნიკური, ასევე თანმდევი მეცნიერული ასპექტების განვითარება. ამისთვის ერთნაირად არსებითია როგორც რადიოაქტიური მასალების ხელმისაწვდომობა, აგრეთვე კვალიფიციური ინჟინრების და მეცნიერების მონაწილეობა. ვერცერთი მთავრობა, რომელიც ამ პროექტის ომისდროინდელი შედეგებით დაკმაყოფილდება, ადეკვატურად ვერ გაუმკლავდება თავდაცვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.”
მეორე ისაა, რომ ოპენჰაიმერმა პირადი გამოცდილებით იცოდა – შეურაცხმყოფელი დაკითხვების წყალობით, რომლებიც 1943 წელს გამოიარა – რომ ორ ზესახელმწიფოს შორის, მიუხედავად მოკავშირეობისა, უკვე არსებობდა ატომური ქიშპობის ბაცილა. სამხედრო შეფის, გენერალ გროვსისგან განსხვავებით, რომელსაც სჯეროდა, რომ ათი, ოცი ან იქნებ სამოცი წელიც კი გაივლის, ვიდრე სსრკ საკუთარ ატომურ ბომბს გააკეთებს, ოპენჰაიმერს საბჭოთა კვლევებზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს თვალსაზრისი ბოლო დროს კიდევ უფრო გაამყარა ქიმიაში ნობელის პრემიის ამერიკელმა ლაურეატმა ირვინგ ლენგმიურმა, რომელიც ახლახანს დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით იმყოფებოდა. ლენგმიურს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სურვილის შემთხვევაში რუსებს შედარებით მოკლე ვადაში შეეძლოთ - თუ უკვე არ შეძლეს - ატომური ბომბის შექმნა. მეტიც, ის თვლიდა, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც ტოტალიტარულ ქვეყანა, უფრო იოლად მოახერხებს ატომური შეიარაღების უფრო მასშტაბური პროექტის წამოწყებას, ვიდრე შეერთებული შტატები.
პრაქტიკული პოლიტიკის ამგვარმა მოსაზრებებმა თავიდან ხელი შეუშალა ოპენჰაიმერს, ატომურ ფიზიკოსს, რომლის პრესტიჟიც ომის შემდეგ ალბათ, ყველასას აღემატებოდა, თავისი ხმა გაფრთხილებათა მზარდი გუნდისათვის შეეერთებინა. ვიდრე აინშტაინი, სცილარდი, ფრანკი და იურეი რუსეთთან ურთიერთგაგების საჭიროებაზე ლაპარაკობდნენ, ოპენჰაიმერი სწორედ ამ დროს ცდილობდა მგრძნობიარე გამზომი ხელსაწყოებით აღჭურვილი თვითმფრინავებით პატრულირების ორგანიზებას, რათა მათ შეძლებოდათ ნებისმიერი საცდელი ატომური აფეთქების დაფიქსირება რუსეთსა თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. სწორედ იმ კვირის განმავლობაში, როდესაც ორი ატომური ბომბი იქნა ჩამოგდებული, ოპენჰაიმერმა, კომპტონმა, ფერმიმ და ლოურენსმა გააკეთეს მონახაზი, რომლის მიხედვითაც უნდა გაგრძელებულიყო მომავალი ატომური შეიარაღება. თავად ოპენჰაიმერი ენერგიულად ეწინააღმდეგებოდა მეცნიერებსა და ბევრ სახელმწიფო მოხელეს შორის მზარდ “ლოს-ალამოსის კვლავ უდაბნოს მელიებისთვის დაბრუნების” ტენდენციას. პირად საუბრებსა და საჯარო გამოსვლებში ის ცდილობდა – როგორც წესი, წარმატებით – დაერწმუნებინა თანამშრომლები ლოს-ალამოსში დარჩენილიყვნენ – ცოტა ხნით მაინც. ისე, როგორც არასდროს მანამდე, ის პასუხისმგებლობას გრძნობდა ამ ქვეყნის დასალიერში გადაკარგული არაჩვეულებრივი დასახლების მიმართ. დარწმუნების და დიპლომატიის მისეულმა უნარებმა მას ახალი მეგობრები შესძინა ლოს-ალამოსში განლაგებულ სამხედროებს შორის. გაწეული სამსახურისთვის ისინი პრეზიდენტისგან საგანგებო საჯარო მადლობას ელოდნენ და როდესაც ეს მოლოდინი გაუცუდდათ, აწუწუნდნენ. ოპენჰაიმერმა ეს შეიტყო და თითოეულ მათგანს პირადად ხელმოწერილი მადლობის წერილი გაუგზავნა. ამ ნაბიჯმა G.I.-ს შორის მისი პოპულარობა კიდევ უფრო აამაღლა.
მეორეს მხრივ, ოპენჰაიმერი სულ უფრო მეტ მეგობარს კარგავდა კოლეგებს შორის, რომლებიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, მას წლების განმავლობაში აღმერთებდნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მსოფლიოს მათ სათქმელს ის ეტყოდა, რადგან მათ ჯერ კიდევ საიდუმლოს შენახვის პირობა ბორკავდა. თუმცა ყოველი ასეთი მცდელობისას ის უცვლელად პასუხობდა: “მოთმინება! სწორედ ახლა განიხილება ატომური ენერგიის მომავალი კონტროლის დელიკატური საკითხები. ჩვენ, მეცნიერებმა ნავი არ უნდა ვაქანაოთ. ჩვენი ჩარევა საჭირო არაა.”ასეთ დამაშოშმინებელ პასუხებს აძლევდა ის ახალგაზრდა მეცნიერებს ლოს-ალამოსსა თუ ოუკ-რიჯში და ეს პასუხები ძალიან ჰგავდა რჩევას, რომელსაც ჩიკაგოს მეტალურგიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი ა.ჰ.კომპტონი კვლავ და კვლავ უმეორებდა თავის თანამშრომლებს: “არაფერი არ მოიმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნით მნიშვნელოვან პოლიტიკურ წამოწყებებს.” ცხადია, რომ მინიშნება მოსკოვთან საიდუმლო მოლაპარაკებებზე უნდა ყოფილიყო. მეცნიერებიც ენას კბილს აჭერდნენ, ზუსტად კომპტონის რჩევის მიხედვით.
სექტემბრის ბოლოსკენ ხმა გავრცელდა, რომ რუსებთან ატომურ პრობლემებზე ლაპარაკის არანაირი ამერიკული მცდელობა არ ყოფილა. 21 სექტემბერს კაბინეტის სხდომაზე ამერიკის მთავრობამ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ამჟამად სავაჭრო მდივნის უოლესის გარდა გადაწყვიტა ატომურ საიდუმლოებათა უმცირესი გამჟღავნებისაგანაც კი თავი შეეკავებინა. მაშ რაღას გულისხმობდა კომპტონი? სცილარდმა გადაწყვიტა ამის გარკვევა. სწორედ მისი სიჯიუტის წყალობით აღმოაჩინეს მეცნიერებმა სიმართლე, რაზეც ოპენჰაიმერი და კომპტონი მიანიშნებდნენ. ატომური ენერგიის კონტროლზე საუბარი ვაშინგტონში წამოიწყეს, ოღონდ არა საერთაშორისო, როგორც ვარაუდობდნენ, არამედ შინაგანზე, რომელსაც ახალი ენერგია მომავალში უნდა დაექვემდებაროს შეერთებულ შტატებში. იმ დროს თითქმის ყველა მეცნიერი თვლიდა, რომ ატომურ ენერგიაზე რაღაც სახის საჯარო ზედამხედველობა აუცილებელია. ისტორიაში პირველად აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც უპასუხისმგებლო ხელში მოხვედრისას მთელი სახელმწიფოს და იქნებ მთელი დედამიწის მოსახლეობასაც კი სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნიდა. თუმც კი პრობლემა ის იყო, ქვეყნის სახელით ეს კონტროლი ვის უნდა განეხორციელებინა. ატომური მრეწველობის წარმართვა როგორც ომის დროს, ისევ სამხედროების ხელში უნდა დარჩენილიყო, იყო?
სცილარდმა კომპტონისგან შეიტყო, რომ რაღაც ამის მსგავსი გეგმა არსებობს. ამ უკანასკნელმა მას ზეწოლის შემდეგ ისიც გაანდო, რომ სამხედრო უწყება ატომური ენერგიის კონტროლთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო წინადადებებს ამზადებდა და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ორივე პალატაში მის იოლად და თუ შესაძლებელი იქნებოდა, დებატების გარეშე გავლას.
ამის გაგონებაზე სცილარდმა მოთმინება დაკარგა. ის პირდაპირ ვაშინგტონში გაეშურა იმის გამოსარკვევად, თუ რას შეიცავდა ეს კანონპროექტი, რომელსაც ასე გულდასმით უმალავდნენ მთელ მსოფლიოს. ბობ ლემბმა, ვაშინგტონში C.I.O. -ს წარმომადგენელმა მას კანონპროექტის ასლი უშოვა. სცილარდი კანონპროექტის წაკითხვამ ძალიან შეაშფოთა. მისი ნეგატიური დამოკიდებულება ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმაც გაიზიარა, როდესაც მან მათ ეს დოკუმენტი გადასცა. თუ ამერიკელი ხალხის წარმომადგენლები ასეთ კანონს მიიღებდნენ, ატომური კვლევების მომავალი ნაცვლად ენერგიის ამ უხვი წყაროს მშვიდობიანი გამოყენებისა ძირითადად შეიარაღების მიზნებით უნდა წარმართულიყო. და მაინც, ატომის მკვლევარები უნდა დამორჩილებოდნენ გაუმჟღავნელობის უკიდურესად მკაცრ წესებს, რომელთა დარღვევაც მათ ხანგრძლივ პატიმრობას უქადდა! თუ კანონპროექტი გავიდოდა, შედეგი სულ მალე ისეთი დადგებოდა, rროგორიც როკფელერის ფონდის დირექტორმა, ჩესტერ ბარნარდმა წამოიძახა, როდესაც ატომური ბომბის არსებობა შეიტყო: “დემოკრატიის დასასრული.”
სქემა ეშმაკურად იყო მოფიქრებული. სამხედრო დეპარტამენტში კანონპროექტი სამხედრო მდივნის თანაშემწის, კენეტ როიალის ხელმძღვანელობით და გენარალი გროვსის დახმარებით შეიმუშავეს. დეპარტამენტმა მოახერხა მისი მაქსიმალურად შეუმჩნევლად წარდგენა კონგრესში, რომელიც სასწრაფოდ მისაღები კანონპროექტებით იყო გადატვირთული, თუმც კი კონსტიტუცია მოითხოვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საჯარო განხილვას, ვიდრე მას კონგრესში წარადგენენ. ასეთ განხილვაზე კვალიფიციური მხარდამწერები და ოპონენტები საკუთარ აზრს გამოხატავენ ხოლმე. კონგრესმენმა ედრიუ მეიმ, უმნიშვნელო ადვოკატმა კენტაკიდან, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში გატარებულმა მრავალმა წელმა სამხედრო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობა მოუტანა, მოახერხა კანონპროექტის – რომელიც კოლორადოელ სენატორ ჯონსონთან ერთად უნდა წარედგინა – ყოველგვარი საჯაროობის გარეშე განხილვა. კანონპროექტის შესახებ მხოლოდ ოთხ ადამიანს სთხოვეს აზრის გამოთქმა. ესენი იყვნენ სამხედრო მდივანი პატერსონი და გენერალი გროვსი, რომლებიც, ბუნებრივია, მას მხარს უჭერდნენ, აგრეთვე მეცნიერები ვენევარ ბუში და ჯეიმს კონანტი, რომლებიც კანონპროექტის ფორმულირებისას კონსულტანტებად თანამშრომლობდნენ.
მხოლოდ სცილარდის მიერ ბოლო წუთს ატეხილი განგაშის გამო გახდა მეი იძულებული მეცნიერთა განცხადებებით გამოცოცხლებულ საჯარო ინტერესს დაჰყოლოდა და დამატებითი მოსმენები დაენიშნა, რომელსაც მისი კანონპროექტის საყოველთაოდ ცნობილი ოპონენტებიც დაესწრებოდნენ. ადვილი წარმოსადგენია მისი გაღიზიანება სცილარდით, რომელმაც თავი კანონპროექტის პირველ მოწინააღმდეგედ დაუყოვნებლივ წარმოადგინა.
ზუსტად ექვსი წლის წინ, აიშტაინის საზაფხულო აგარაკისკენ მიმავალი სცილარდი ეჭვობდა, გაეგრძელებინდა თუ არა საბედისწერო მისია. ახლა მისი წინათგრძნობა ასრულდა. სამხედროები ახალი ენერგიის წყაროზე კონტროლის შესუსტების არანაირ სურვილს არ ამჟღავნებდნენ. თავად მას კი შეწინააღმდეგების გამო ბრალდებულზე უარესად ექცეოდნენ მიუხედავად მისი წვლილისა ახალი ენერგიის განვითარების საქმეში. კონგრესმენი მეი, რომელიც მოსმენას თავმჯდომარეობდა, მეცნიერის პროვოცირების და დაბნევისთვის ყველანაირ ხერხს მიმართავდა; თავს იკატუნებდა, რომ სცილარდის სახელი არასწორად გაიგო თუ ვერ ახერხებს მის სწორად გამოთქმას, ამიტომ მას ჯიუტად “მისტერ ზიგლანდს” ეძახდა. სცილარდმა საათი და ორმოცი წუთი ილაპარაკა და ამ დროის განმავლობაში ის ან მუდმივად აწყვეტინებდა, ან გამიზნულად ვერ იგებდა ნათქვამს. როდესაც ჩახლართულ შეკითხვებს მარტივად, “ჰო” ან “არა”-თი ვერ პასუხობდა, უხეშად მოუწოდებდა წესრიგისკენ და განუწყვეტლივ უმეორებდა, რომ მოსმენის ძვირფას დროს უქმად ხარჯავს.
ბუნებით ფიცხი სცილარდი აღშფოთებას შესანიშნავად გაუმკლავდა და არცერთ დაგებულ მახეში არ გაება. არც დაცინვას და არც შეურაცხყოფას მისი ყურადღება არ გაუფანტავს და საბოლოოდ კომიტეტის წევრთა უმრავლესობა დაარწმუნა იმაში, რომ ატომური ენერგიის განვითარების სამხედრო კონტროლის ქვეშ დარჩენის მიმართ მისი წინააღმდეგობა კარგად იყო დასაბუთებული. ასე გაიმარჯვა მან პირველ ხელჩართულ შეტაკებაში იმ ერთთვიანი ბრძოლისა, რომელიც ატომის მკვლევარმა მეცნიერებმა სამოქალაქო კონტროლის დასამყარებლად გამართეს. მისი მოწინააღმდეგე კონგრესმენი მეი, რომელიც სამხედრო ხელმძღვანელობის ინტერესების ესოდენ ერთგული აღმოჩნდა, მოკლე ხანში იძულებული გახდა საჯარო ცხოვრებიდან გადამდგარიყო და მეწარმისათვის საჯარისო კონტრაქტების კორუფციული გზებით მოპოვებაში ხელშეწყობისათვის ციხეშიც კი აღმოჩნდა.
როგორც კი მეი-ჯონსონის კანონპროექტმა ატომურ ლაბორატორიებს და უნივერსიტეტებს მიაღწია, ახალი სამეცნიერო ასოციაცეების წევრებმა, ძირითადად ახალგაზრდა თაობის მეცნიერებმა გადაწყვიტეს ნიუ-იორკში და ვაშინგტონში წარმომადგენლები გაეგზავნათ. მათ სურდათ პოლიტიკურ არენაზე გამოსვლა, რათა ატომური ენერგიის კონტროლის უფრო მისაღები კანონმდებლობისათვის მიეღწიათ. ნოემბრის შუა რიცხვებში ადგილობრივი ჯგუფები ერთ ორგანიზაციაში, ატომური მეცნიერების ფედერაციაში გაერთიანდნენ. მოგვიანებით სიტყვა “ატომური” “ამერიკულით” შეცვალეს, რადგან წევრთა დიდ ნაწილას ბირთვულ კვლევებთან არაფერი ესაქმებოდა. თუმცა მაშინ, 1945 წლის შემოდგომაზე, ავისმომასწავებელი ზედსართავი სახელი შეუცვლელი რამ იყო. ის ჯერ კიდევ მომაჯადოებლად მოქმედებდა. სიტყვა “ატომური” ყველა კარს დაუყოვნებლივ აღებდა. სენატორმა ტაიდინგსმა, მაგალითად, გამოაცხადა, რომ ატომური მეცნიერი “ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანია, ვისი გონებრივი განვითარებაც მრავალი ასპექტით – განსაკუთრებით მეცნიერების სფეროში – ისეთივე თანაფარდობაშია ჩვენსასთან, როგორც მთა თხუნელას სოროსთან.”
ატომური მეცნიერი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. ეს იყო მათი პირველი აღმოჩენა, როდესაც ლაბორატორიებიდან თავისუფალ სამყაროს დაუბრუნდნენ. “ომამდე ითვლებოდა, რომ ამქვეყნიურისა არაფერი გაგვეგება და არც გამოცდილება გაგვაჩნია. ახლა ყველაფერში – ნეილონის წინდებიდან დაწყებული საუკეთესო საერთაშორისო წესრიგით დამთავრებული - საბოლოო ავტორიტეტებად გვთვლიდნენ,” შენიშნა ერთერთმა მათგანმა რბილი თვითირონიით მას შემეგ, რაც ფოტოაპარატების ელვას და მიკროფონებთან და კამერებთან პირისპირ დგომას შეეჩვია.
ამ მეცნიერთაგან შედარებით უფრო მგრძნობიარენი გაძლიერებულ სინდისის ქენჯნას განიცდიდნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ როგორც დოქტორ თეოდორ ჰაუშკამ ოპენჰაიმერისთვის მიწერილ მწარე ღია წერილში თქვა, მათი პრესტიჟი ძირითადად “სიკვდილთან ბრწყინვალე თანამშრომლობის შედეგია.” თუმცა როგორც კი საკუთარი “ცოდვების” აღსარებას იწყებდნენ, მათ მიმართ საზოგადოების ინტერესიც იზრდებოდა. მათთვის ვინც გულიდან ტვირთს იხსნიდა, ყოველთვის მოიძებნებოდა თანამგრძნობთა აუდიტორია, რომელიც არა მარტო მიუტევებს, არამედ თაყვანსაც სცემს. ბევრმა მეცნიერმა სწრაფად გაიაზრა, რომ დაგროვილი ყურადღებისა და პატივისცემის კაპიტალი შესაძლებელია ჭეშმარიტი პოლიტიკური გავლენის მონეტებში გადახურდავდეს. ასე ჩაეყარა საფუძველი “უკანასკნელ ჯვაროსნულ ლაშქრობას,” როგორც უწოდა ამ ძალისხმევას იდეალისტურად განწყობილმა ახალგაზრდა მწერალმა მაიკლ ემრაინმა, რომელმაც მათ იმ დღეებში საკუთარი სამსახური შესთავაზა. ეს ლაშქრობა წამოიწყეს კაცებმა, რომლებიც პოლიტიკაში ბავშვები იყვვნენ და მაინც – ან იქნებ საწორედ ამიტომ – თანდათან გაიკვალეს გზა ვაშინგტონში გაიძვერა პოლიტიკოსებისა და ერთი შეხედვით დაუმარცხებელი კერძო ინტერესების წინააღმდეგ.
ემრაინი, ამ უჩვეულო მოძრაობის ერთგული მემატიანე, ასე აღწერს განწყობას, რომელმაც ის გამოიწვია:
“ ამ ადამიანებმა ხელახლა აღმოაჩინეს პირადული, ადამიანური სინდისი და გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, დაებრუნებინათ საზოგადოება პროგრესის გზაზე იმ გზიდან,რომელსაც განადგურებისკენ მივყავართ. მანიფესტი, რომელშიც ეს მიზანი გაცხადდა ქაღალდის მცირე ფურცლის ორივე მხარეს ერთი ინტერვალით იყო დაბეჭდილი.რადიოკორესპონდენტმა მოგვიანებით თქვა, რომ ის ალბათ სველი ცხვირსახოცით გაამრავლეს. მან არ იცოდა, რომ მეცნიერებს მხოლოდ ერთი, ნათხოვარი ოფისი ჰქონდათ ულიფტო სახლის მეოთხე სართულზე, სადაც არც მაგიდები იყო და არც საკმარისი რაოდენობის სკამები, ასე რომ მსოფლიოში სახელგანთქმული ნობელიანტები სტუდენტებთან ერთად იატაკზე ჩაცუცქულები გადასცემდნენ ერთმანეთს განცხადებებსა და პეტიციებს, რომლებიც მოგვიანებით მთელმა მსოფლიომ გაიგო.”
ასე დაიწყო გასაოცარი კამპანია, რომელიც ინდიფერენტული თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის წინაშე ჩატარდა მძლავრი და კარგად ორგანიზებული ოპოზიციის წინააღმდეგ. ვაშინგტონში გამოცდილი ხალხი თავს აკანტურებდა. ისინი აფრთხილებდნენ “შეშინებული ადამიანების ლიგას,” როგორც ამ მეცნიერებს ეძახდნენ, რომ მათი წამოწყება განწირულია.
1945 წლის ზამთარში ელ სტრიტზე მდებარე ლარის კაფეს ზუსტად ერთი სართულით მაღლა, გაუმთბარ ოფისში, თბილად ჩაცმულმა ადამიანებმა მოხაზეს მეცნიერთა ხედვა ახალი მსოფლიოსი, სადაც არც შიმშილია და არც სიცივე. ამ ადამიანებმა პოლიტიკის ენა გასაოცარი სისწრაფით აითვისეს. თავიდან ისინი წერდნენ: ‘ მასის ენერგიად გარდაქმნა, როგორც ჩვენ ეს გვესმის, არსებითად შეცვალა მსოფლიოს უწინდელი აღქმა.” ეს ზედმეტად ფრთხილად და აბსტრაქტულად ფორმულირებული წინადადება დიდ ვერაფერ შთაბეჭდილებას მოახდენდა, ამიტომ ცოტა ხნის შემდეგ ისინი პოლიტიკოსებს უკვე ასეთი ამაღელვებელი სიტყვებით მიმართავდნენ: “სენატორო, ერთი ახალი ბომბიც რომ ჩამოვარდეს ვაშინგტონის რკინიგზის სადგურში, კაპიტოლიუმის მარმარილოს თავი მტვრად იქცევა, ხოლო თქვენ და თქვენი კოლეგების უმრავლესობა სულ რამდენიმე წუთში მოკვდებით.” ეს უფრო შედეგიანი იყო.
პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობა ახალგაზრდა მეცნიერებმა ენთუზიაზმით და გულწრფელობით აანაზღაურეს, რამაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა პოლიტიკოსებზე და განსაკუთრებით, პრესის წარმომადგენლებზე ვაშინგტონში. ცნობილი გახდა, რომ ამ უცნაური ლობის დაფინასების წყარო მეცნიერთა ნებაყოფლობითი შემოწირულობები იყო მხოლოდ და ბევრი მათგანი, ვინც შვებულებაში წლობით არ ყოფილა, ახლა პირველად გამოთავისუფლებულ დროს საზოგადოებრივ საქმეს უთმობდა. მათ დაუღალავ საქმიანობაზე მეტყველებს ნაცრისფერი მოგრძო ჟურნალი, რომელშიც ფედერაციისთვის მომუშავე ყველა მეცნიერი დღის ბოლოს შესრულებულ სამუშაოს აღნიშნავდა.
ატომური მეცნიერები ადრე დილით კონგრესმენთა მისაღებში პირველები შედიოდნენ, შემდეგ რედაქციებს მოინახულებდნენ და თავისსავე შედგენილ , დაბეჭდილ და გამრავლებულ განცხადებებს უტოვებდნენ, დღისით ყველა ჯურის საზოგადოებებში ლექციებს ატარებდნენ და პასუობდნენ “რა ფერისაა პლუტონიუმი?”-ტიპის შეკითხვებს. ნაშუადღევს შესაძლოა თვით ლომის ბუნაგში – არმიის ჰოსპიტალში შეეღწიათ, ან მათთვის გამართულ ჩაის წვეულებას დასწრებოდნენ მისის პინშოსთან, ვაშინგტონის საზოგადოების გავლენიან წევრთან. საღამოს კოქტეილებზე ნახავდით, სადაც გავლენიან ხალხს ხვდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი კონგრესმენებისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის საღამოს ბირთვული ფიზიკის ლექციებს მართავდა, სხვები მისიონერულ საქმიანობას გვიან ღამემდე აგრძელებდა ექიმებთან, სოციოლოგებთან, პრესისა და კინოს მუშაკებთან.
ამ საქმიანობის პირველი შედეგი მეი-ჯონსოსნის კანონპროექტის მეცნიერების სენატორ მაკმაჰონთან თანამშრომლობით შემუშავებულით ჩანაცვლება იყო. შემდეგი პრობლემა სენატორ ვანდენბერგის მიერ კანონპროექტზე “მიტმასნილი” დამატება გახდა, რაც ირიბად სამხედრო კონტროლის შემოტანას ნიშნავდა. მეცნიერები ამასაც გაუმკლავდნენ 75 000 აღშფოთებული ამომრჩევლის წერილების ზვავით. საბოლოოდ, 1946 წლის ივლისში, როდესაც მაკმაჰონის კანონპროექტი, რომელიც შეერთებულ შტატებში ატომური კვლევების განვითარებას სამოქალაქო კომისიას გადასცემდა, კანონად იქცა, მეცნიერებმა თითქოს შეძლეს გამარჯვება ეზეიმათ, თუმცა ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ ეს პიროსის გამარჯვება იყო.
* ამ პირველი შემთხვევიდან ზუსტად რვა თვის შემდეგ მოხდა მეორე, რომელიც ლუის სლოტინს შეემთხვა და XII თავშია აღწერილი. ვინაიდან მიიჩნიეს, რომ ამის გახმაურება აბსოლუტურად დაუშვებელია, ლოს-ალამოსის ბინადართ აუკრძალეს მიწვევაზე უარის თქმა დიდი ხნის წინ დაგეგმილ მიღებაზე, რომელიც სანტა-ფეს ცნობილ ხალხს გაუმართეს “ბორცვზე”. სლოტინის უახლოესი მეგობრებიც კი, მაგალითად ფილიპ მორისონი, იძულებულნი იყვნენ კოქტეილების ამ წვეულებას დასწრებოდნენ, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ყოფნის შუალედში და თავი ისეთნაირად დაეჭირათ, თითქოს სადარდებელი არა ჰქონოდათ რა.
No comments:
Post a Comment