1942 წლის დეკემბერში ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეტალურგიულ ლაბორატორიაში მომუშავე ატომურმა ფიზიკოსებმა ყური მოჰკრეს, რომ ჰიტლერი აპირებს შობა დღეს შეერთებულ შტატებზე პირველი საჰაერო თავდასხმის განხორციელებას. მეტიც, ჭორაობდნენ, რომ თავდასხმის ობიექტი თავად ეს მრავალმილიონიანი ქალაქი იქნებოდა. ამ დროს ჩიკაგო ატომური კვლევების ცენტრი იყო. დადიოდა ხმები, რომ გერმანელები ჩვეულებრივ ბობმბებს კი არა, დიდი რაოდენობით რადიოაქტიურ მტვერს ჩამოყრიან ჰაერის და წყლის მოსაწამლავად. ეს ამბავი, რომელიც სემ გოუდსმითმა ჩაინიშნა, იმდენად სარწმუნოდ ჩანდა, რომ ზოგიერთმა ფიზიკოსმა ოჯახი სოფლად გახიზნა, სამხედროებმა კი გეიგერის მთვლელების დარიგება დაიწყეს.
შემთხვევითი არაა, რომ ასეთი ამბები ზუსტად ერთი კვირის თავზე დატრიალდა მას შემდეგ, რაც სტეგ ფილდის სტადიონის ტრიბუნის ქვეშ, უფანჯრო სარდაფში ფერმის მიერ შექმნილი პირველი ურანზე მომუშავე პრიმიტიული რეაქტორი ამუშავდა. ურანში მართული ჯაჭვური რეაქციის განხორციელება ბრწყინვალე მეცნიერული მიღწევა იყო. ჭორები რადიოაქტიური “მომაკვდინებელი მტვრის” შესახებ სწორედ ამ მოვლენის ჩრდილოვანი შედეგია. მომავალში ურანის ღუმელებში ტონობით საშიში რადიოაქტიური ნივთიერების წარმოქმნის შესაძლებლობა, რომელიც ბუნებაში მიკროსკოპიული რაოდენობით მოიპოვება, ტექნიკურად დადასტურდა.
თუ ურანის ასეთი რეაქტორი ჩიკაგოში შეიქმნა, ამერიკული ატომური პროექტის ესოდენ ნელი სტარტის პირობებში, სადმე გერმანიაში ის კარგა ხნის ამუშავებული იქნება – ფიქრობდნენ მოკავშირეთა ბირთვული ფიზიკოსები. ისინი ატომურ შეიარაღებათა შეჯიბრებაში ჰიტლერის უპირატესობის გამუდმებული ტერორის ქვეშ ცხოვრობდნენ. ითვლებოდა, რომ გერმანელებს საკმარისი რადიოატიური ნივთიერება აქვთ, რათა მტრების ყველა დიდი ქალაქი მოწამლონ.
გერმანული სამხედრო ლაბორატორიებისგან მოსალოდნელი ამ და სხვა სახის სიურპრიზების კონტრღონისძიებად ამერიკულმა სარდლობამ 1943 წლის შემოდგომაზე დაზვერვის საგანგებო დანაყოფი შექმნა, რომელიც ევროპაში პირველივე გადამსხდარ ნაწილებთან ერთად უნდა შესულიყო და გერმანულ ატომური შეიარაღებასთან დაკავშირებული სპეციფიკური ინფორმაცია მოეპოვებინა. ამ უაღრესად გასაიდუმლოებულ დანაყოფს საკმაოდ გამჭვირვალე სახელი “ალსოს” დაანათლეს. სიტყვა გროვსის პირდაპირი ბერძნული თარგმანია (“Groves” – “კორომი” მთ. შენ.). ჯაშუშობის ყოველგვარი პრინციპების საპირისპიროდ, ამ დანაყოფის წევრებს თვალშისაცემი სამკერდე ნიშნები დაურიგეს, რომელზეც თეთრ ალფას ატომური ენერგიის აღმნიშვნელი წითელი, კლაკნილი ელვა განჭოლავს.
1943 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი ბორის პეში ალსოსის უფროსად დანიშნეს. როგორც იქნა, მან მოახერხა ბნელი და საშარო “ოპენჰაიმერის საქმე” სხვებისთვის გადაებარებინა და უფრო სინტერესო დავალების შესრულებას შედგომოდა. პირველი აღმოჩენები, რომლებიც პეშმა ნეაპოლის უნივერსიტეტის დოკუმენტების ძარცვისას მოიპოვა, იმდენად მწირი აღმოჩნდა, რომ პეში გაიწვიეს. გადაწყდა, რომ შემდეგ დავალებაში მან მეთაურობა ატომის მკვლევარ ფიზიკოსს უნდა გაუნაწილოს. ასეთი გუნდი სავარაუდოდ უფრო მეტ ინფორმაციას მოიპოვებდა. არჩევანი ცნობილ ჰოლანდიელ ექსპერიმენტატორ ფიზიკოსზე, სემიუელ ა. გოუდსმითზე შეაჩერეს, რომლის ჰობი თანამედროვე კრიმინალისტიკის მეთოდების შესწავლა გახლდათ.
გოუდსმითი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინტიტუტში რადარის პროექტში მუშაობდა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ამ დავალებისთვის რატომ შეარჩიეს. მოგვიანებით, როდესაც პერსპექტიული კანდიდატების საბუთებს სწავლობდა, შემთხვევით საკუთარი თავის კონფიდენციალურ შეფასებას გადააწყდა, რომელიც იქ შეცდომით მოეთავსებინათ. აქ უბრალოდ ნათქვამი იყო, რომ მას “გარკვეული ფასეული თვისებები” და ამასთან ერთად, ნაკლიც აქვს. გოუდსმითი ამბობს, რომ წამსვე გამოიცნო ნაკლი და ფასეული თვისებები კი ალბათ ის იყო, რომ პირველ რიგში მას, განათლებით ბირთვულ ფიზიკოსს, მანჰეტენის პროექტთან არაფერი ესაქმებოდა. შესაბამისად, მტერი მისი ხელში ჩაგდების შემთხვევაში, მისგან ვერანაირ ატომურ საიდუმლოებებს ვერ გაიგებდა. მეორე უპირატესობა ის იყო, რომ ის სრულყოფილად ფლობდა ფრანგულს და გერმანულს. მას ლეიდენში, ბორის მოწაფესთან, ერენფესტთან და შემდეგ, ოციანებში, ბორის ინსტიტუტშიც რამდენიმე ხანს ემუშავა. სრულიად ახალგაზრდამ, ჯერ კიდევ დოქტორის ხარისხის მოპოვებამდე, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - ელექტრონის სპინის აღმოჩენა გააკეთა.
ატომური ექსპერტების ოჯახურ წრეში გოუდსმითს “ძია სემი” შეარქვეს, თუმც კი დანარჩენებივით გაამერიკელებული არ იყო მიუხედავად იმისა, რომ 1927 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ფიზიკოსთა უმრავლესობაზე უფრო მხიარული და მრავალმხრივი, კრიმინალისტიკით გატაცებასთან ერთად უმაღლესი დონის ეგვიპტოლოგიც იყო, აგროვებდა ფირფიტულვაშა ხოჭოებს და ბრწყინვალე მთხრობელის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. ყველაფერ ამასთან ერთად – გულთბილ და თავმდაბალ ადამიანს მოსწავლეებიც და მეგობრებიც ერთნაირად აფასებდნენ და უყვარდათ.
“ბევრ ფიზიკოსს ძარღვებში მხოლოდ მაღალი ძაბვის დენი დაუდის,” ამბობს ერთი მისი დიდი ხნის ნაცნობი, “სემს კი - სისხლი. მან იცის, რომ სამყაროში განტოლებებისა და ციკლოტრონების გარდა კიდევ ბევრი რამაა საინტერესო.” გოუდსმითის დამახასიათებელია რჩევა, რომელიც მან ნევადაში ატომური ბომბის გამოცდაზე დასწრების მსურველ ფიზიკოსს მისცა. “თუ შოუ გაინტერესებს, იქნებ ბროდვეიზე რომელიმე მიუზიკლის ბილეთი იყიდო? ეს მუშაობაში უფრო დაგეხმარება, ვიდრე დასავლეთში გასეირნება. პაულიმ ნობელის პრემია თეატრში სიარულით მოიპოვა. აკრძალვის პრინციპი კოპენჰაგენში რევიუს ყურებისას მოუვიდა თავში.”
ალსოსის სამხედრო მეთაური, პოლკოვნიკი პეში ახლდა პირველ რაზმებს, რომლებიც 1944 წლის აგვისტოში პარიზში შევიდნენ. გოუდსმითი და მისი სამეცნიერო პერსონალი მათ ორი დღის შემდეგ მიჰყვნენ. როგორც სამოქალაქო პირები, ისინი წინა ხაზისგან ოდნავი დაშორებით მოძრაობდნენ. მათი უპირველესი ამოცანა კოლეჟ დე ფრანსის დაკავება იყო, სადაც ჟოლიო-კიურის ლაბორატორია მდებარეობდა. მას არ დაუტოვებია საფრანგეთი და იმ დროს ბევრი ფრანგი კოლაბორაციონისტად თვლიდა. მას მოღალატედაც კი განიხილავდნენ, რადგან ლაბორატორია გერმანელებს 1940-ში ხელუხლებლად გადააბარა. სინამდვილეში მისი მოჩვენებითი კაპიტულაცია ფრანგულ წინააღმდეგობაში აქტიური მონაწილეობის შესანიღბავი საშუალება იყო. ვოლფგანგ გენტნერის წასვლის შემდეგ ლაბორატორია მაკიზარების არსენალად გადაიქცა, მიუხედავად იმისა – ან იქნებ სწორედ იმის წყალობით, რომ კოლეჟ დე ფრანსის სხვა შენობები გერმანული სამხედრო მმართველობის რეზიდენცია იყო. ჟოლიოს ბინა არასდროს გაუჩხრეკიათ, რადგან ვერაფრით ვერ წარმიოდგენდნენ, რომ მეცნიერი ასეთ შლეგურ გამბედაობას გამოიჩენდა. მან თავად მიიღო მონაწილეობა ბოლო დღეების ქუჩის ბრძოლებში ქალაქის გასათავისუფლებლად. კაცი, რომელმაც ნეიტრონული ემისიისა და ჯაჭვული რეაქციის შესწავლით ატომური ბომბის შექმნის უმნიშვნელოვანესი წინაპირობები აღმოაჩინა, ბარიკადების დასაცავად ყველაზე უფრო პრიმიტიულ ბომბებს – ბენზინით სავსე პატრუქიან ლუდის ბოთლებს იყენებდა.
ჟოლიოსგან გერმანულ ატომურ ბომბზე ვერანაირი საინტერესო ინფორმაცია ვერ მიიღეს. მეტიც, ვაშინგტონიდან მოვიდა რჩევა მასთან ურთიერთობისას უკიდურესი სიფრთხილე გამოეჩინათ, რადგან პარზის გათავისუფლებიდან ერთი კვირის თავზე ჟოლიომ განაცხადა, რომ ომის დროს მისმა ლოიალურობამ სოციალ-დემოკრატებიდან კომუნისტებზე გადაინაცვლა.
მოკავშირეთა არმიები გერმანიის საზღვრებს უახლოვდებოდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ მალე დაიკავებდნენ სტრასბურგს, სადაც ელზასელთა ცნობით, რამდენიმე საუნივერსიტეტო ლაბორატორია ატომური კვლევებით იყო დაკავებული. წინსვლა შეფერხდა, მაგრამ ალსოსი აქტიურად მოქმედებდა. მისიის ერთ-ერთი წევრი, კაპიტანი რობერტ ბლეიკი თან გაჰყვა ჰოლანდიაში გაბედულ რეიდს, რომელმაც რაინის ნაპირს პირველმა მიაღწია. ის მდინარის შუაგულიდან წყლის სინჯების ასაღებად ძლიერი ცეცხლის ქვეშ შეცურდა. ბოთლები პარიზში გადააგზავნეს, იქედან კი უმოკლესი შესაძლო გზით -ვაშინგტონში. ვარაუდობდნენ, რომ თუ გერმანელებს ურანის “ქვაბი” აქვთ, მის გასაგრილებლად მდინარის წყალს უნდა იყენებდნენ. ამერიკელები თავად იყენებდნენ ამ მიზნით მდინარე კოლუმბიის წყალს ჰენფორდის პლუტონიუმის რეაქტორისთვის. თუ ეს ასეა, მაშინ ქიმიური ანალიზით წყალში რადიოაქტიური ნივთიერების კვალი უნდა იყოს, რაც ალსოსს საშუალებას მისცემს გერმანული პროექტის კვალს მიაგნოს. მაიორი, რომელმაც რაინის წყლის სინჯების ვაშინგტონში გაგზავნას მეთვალყურეობდა, ტვირთს სალაღობოდ რუსილიონის საუკეთესო წითელი ღვინის ბოთლი დაამატა და ზედ წააწერა: “ესეც შეამოწმეთ აქტივობაზე!”
ერთ კვირაში ალსოსის მისიის სახელზე კოდირებული დეპეშა მოვიდა: “წყალი უარყოფითია. ღვინო აქტივობას ამჟღავნებს. გამოაგზავნეთ კიდევ. იმოქმედეთ.” პარიზის ხალხი სიცილით კვდებოდა: ეტყობა მოეწონათო! ვინ იფიქრებდა, თუ დეპეშა მაიორის მშვენიერი ხუმრობის გაგარძელება არ იყო! ცოტა ხანში მეორე დეპეშა მოვიდა: “სადაა ღვინის ბოთლები?” - ითხოვდა ის გულწრფელად. ვაშინგტონში ხუმრობა ვერ გაეგოთ და შესანიშნავ რუსილიონს დალევის ნაცვლად სინჯარებში ქიმიკატები შეურიეს.
გოუდსმითი არ აპირებდა თანამშრომლების ჩიტირეკია დავალებების შესასრულებლად ფრანგულ ვენახებში გაგზავნას. ამაოდ ცდილობდა ის ვაშინგტონის დარწმუნებას იმაში, რომ უბრალო და უწყინარი ხუმრობა ვერ გაეგოთ. პენტაგონი ბრძანების აღსრულებას ითხოვდა. შესაბამისად, მაიორი რასელ ა. ფიშერი და კაპიტანი უოლტერ რაიანი რუსილიონში საგანგებო დავალებით გააგზავნეს. გამგზავრების წინ ისინი გოუდსმითმა მკაცრად გააფრთხილა:”დავალება უნდა შესრულდეს. არ დაზოგოთ საიდუმლო ფონდები. გაითვალისწინეთ: ყოველი გასაგზავნი ბოთლისთვის უნდა არსებობდეს დოკუმენტური ასლი ჩვენი პარიზული ოფისისათვის.”
უშიშროების ორი აგენტი ფრანგმა მეღვინეებმა ამერიკული საექსპორტო ფირმების წარმომადგენლებად ჩათვალეს. სადაც კი რადიოაქტიური რუსილიონის ძებნას არ მიჰყვეს ხელი, ყველგან გულღია მასპინძლობა დახვდათ. ათი მხიარული დღის გატარების შემდეგ ისინი პარიზში წითელი ღვინით, ყურძნით და ნიადაგის ნიმუშებით დატვირთული სავსე კალათებით დაბრუნდნენ.
თუმცა ამ სახის სასიამოვნო გამოცდილება სამეცნიერო დაზვერვის აგენტად ქცეული ფიზიკოსი გოუდსმითისთვის იშვიათი გამონაკლისი იყო. საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან სიკვდილი და ნგრევა ხვდებოდა, სამეცნიერო სფეროშიც და ყველგან სხვაგანაც. გამოჩენილ მეცნიერთა დიდი რაოდენობა ნაცისტებმა ან გააძევეს, ან დააპატიმრეს. ფრანგი ფიზიკოსის ჟორჟ ბრუჰატის საქმე ამის ტიპური მაგალითია. მისმა მოწაფემ, კლოდ რუსელმა ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის პილოტები დამალა. როდესაც გესტაპომ რუსელზე ეჭვი მიიტანა, ბრუჰატმა არ უღალატა თავის მოწაფეს, რისთვისაც ბუხენვალდში გააგზავნეს. აქ ის პატიმრებს ასტრონომიის ლექციებს უკითხავდა, ვიდრე შიმშილისგან არ გარდაიცვალა.
კიდევ უფრო მძიმე ხვედრი ერგო ელზასელ ჰოლვეკს, რომელმაც ფრანგული არმიისთვის ახალი სახის, განსაკუთრებული სისწრაფით მოქმედი ტყვიამფრქვევი გამოიგონა. გესტაპომ ის სიკვდილამდე აწამა მისი აღმოჩენის გამოსაძალავად.
სხვა ხასიათისაა ორი ჰოლანდიელი ფიზიკოსის შემთხვევა, რომელმაც გოუდსმითი ზნეობრივი არჩევანის წინაშე დააყენა. ომის დროს ორივე ინგლისში გაიქცა და დევნილი მთავრობის სახელით ფასეულ დავალებებს ასრულებდნენ. ალსოსის მისიის ხელმძღვანელმა გერმანულ დოკუმენტებში აღმოაჩინა, რომ ისინი გაქცევამდე გერმანულ სამხედრო მრეწველობასთან თანამშრომლობდნენ, რათა ოჯახის წევრებს ეცოცხლათ. უნდა გაემჟღავნებინა თუ არა გოუდსმითს ყოფილ თანამემამულეთა ეს პოლიტიკური დანაშაული? მან ჩათვალა, რომ არა.
გოუდსმითს პირადი ხასიათის განცდებიც ჰქონდა. ჰოლანდიის გათავისუფლებისთანავე ის ჰააგაში გაეშურა იმ იმედით, რომ მშობლების კვალს მიაგნებდა, რომელთაგანაც 1943 წლის მარტის შემდეგ არანაირი ცნობა არ მიუღია.
შინ დაბრუნება ნაღვლიანი გამოდგა. “სახლი მთელი იყო,” იხსენებს ის, “მაგრამ მივუახლოვდი თუ არა, შევამჩნიე, რომ ფანჯრები არ შერჩენოდა. ჯიპი კუთხის უკან ისე დავაყენე, რომ ყურადღება არ მიმექცია და ცარიელ ფანჯარაში გადავძვერი. აი პატარა ოთახი, სადაც ჩემი ცხოვრების დიდი დრო გავატარე… რამდენიმე მიმოფანტული ქაღალდი, მათ შორის საშუალო სკოლის ნიშნების ფურცლები, რომლებსაც ჩემი მშობლები მთელი ეს წლები რუდუნებით ინახავდნენ… თვალდახუჭულს შემეძლო დამენახა, როგორი იყო სახლი ოცდაათი წლის წინათ. აი შემინული ვერანდა, დედის სასაუზმე ადგილი. აქ პიანინო იდგა, იქ კი ჩემი წიგნების კარადა. რა დაემართა ამდენ წიგნს, რომელიც აქ დავტოვე? უკანა ეზოს მცირე ბაღი მიტოვებული ჩანდა, მხოლოდ იასამანიღა იდგა. ვიდექი ამ ნანგრევებში, რომლებიც ერთ დროს ჩემი სახლი იყო და ის გრძნობა დამეუფლა, ბევრ ჩვენთაგანს რომ განუცდია, ვინც მეგობრები და ახლობლები მკვლელი ნაცისტების ხელში დაკარგა – დანაშაულის საშინელი გრძნობა. იქნებ შემეძლო გადამერჩინა, ბოლოსდაბოლოს ჩემს მშობლებს უკვე ხელთ ჰქონდათ ამერიკული ვიზები… ცოტა უფრო მეტად რომ ავჩქარებულიყავი, საემიგრაციო სამსახურში ის მისვლა ერთი კვირით რომ არ გადამედო, ის წერილები რომ უფრო სწრაფად დამეწერა, ნამდვილად მოვახერხებდი ნაცისტებისგან მათ დახსნას.”
ცოტა ხანში გოუდსმითმა მეორე თავზარდამცემი აღმოჩენა გააკეთა. გერმანული ურანის პროექტის დოკუმენტების ძიებისას ის SS-ის მიერ სიკვდილმისჯილთა სიას გადააწყდა, რომელშიც მშობლები იპოვა. “აქედან გავიგე მამის და უსინათლო დედის გაზის კამერაში მოკვდინების ზუსტი თარიღი. ეს მამაჩემის სამოცდამეათე წლისთავზე მოხდა.” წერს ის. 1944 წლის 15 ნოემბერს გენერალმა პატონმა სტრასბურგი აიღო. კიდევ ერთხელ პოლკოვნიკმა პეშმა ქალაქში მეწინავე ჯართან ერთად შეაბიჯა. მან და მისმა დანაყოფმა ფიზიკის ინსტიტუტი დაიკავეს, რომელიც უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნაწილს შეადგენდა. ოთხი გერმანელი ფიზიკოსი დაიჭირეს და ხელში დიდი რაოდენობის დოკუმენტები ჩაიგდეს. მათ დასაკითხად მისულმა გოუდსმითმა თავი უხერხულად იგრძნო; ისინი ხომ მისი კოლეგები იყვნენ, რომლებიც პეშმა ქალაქის ციხეში ცალკე საკნებში მოათავსა, პირი რომ არ შეეკრათ. “საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული ” წერს ის, ”უხერხულობაც კი დამეუფლა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კოლეგას ციხეში უნდა შევხვედროდი. როგორ უნდა მცოდნოდა, იმსახურებს თუ არა ის ციხეში ყოფნას? თუ ომის პირობებში ეს ნორმალურია?” მდგომარეობა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ თავიდან არც კი უთქვამს გერმანელი მეცნიერებისთვის, რომ ფიზიკოსია. პატიმრებმაც თავის მხრივ, ყოველგვარი განცხადებების გაკეთებაზე უარი თქვეს; ისინი არ აპირებდნენ მტრისთვის საკუთარი საქმიანობის ხასიათის გამხელას. გოუდსიმთს ასე ნათლად ჯერ არ უგრძვნია, თუ რა დამართა ომმა მეცნიერებას და მეცნიერებს, და როგორ არსებითად განსხვავებული, ანტაგონისტურიც კია წესები, რომლებიც მეცნიერულ ცხოვრებას და საომარ მოქმედებებს წარმართავს. ერთ მხარეს გულახდილობა და ერთაშორისი მეგობრობა ჭარბობს, მეორე მხარეს კი საიდუმლო და იძულება.
გოუდსმითი იმედოვნებდა, რომ ხელთ იგდებდა ვაიცზეკერს, რომელიც ბოლო დროს სტრასბურგში თეორიული ფიზიკის პროფესორი გახდა. ის უნივერსიტეტში სამი თვე აღარ ყოფილა, მაგრამ ბევრი თავისი ქაღალდი დარჩა. გოუდსმითი და მისი თანაშემწე გვიან ღამით, სანთლის შუქზე ამ წერილებსა და დოკუმენტებს სწავლობდნენ. ორი დეტექტივი მეცნიერის ვაიცზეკერის ქაღალდებში ატომური პროექტის მინიშნებების ძიებას ფონად რაინის მეორე ნაპირიდან არტილერიის ყრუ გუგუნი და იმავე ოთახში ბანქოს მოთამაშე ჯარისკაცების გაურკვეველი შეძახილები ახლდა. უეცრად ორივეს თითქმის ერთდროულად გამარჯვების ყიჟინა აღმოხდა. აი ის, რასაც თვეების განმავლობაში ეძებდნენ! ურანის გერმანული პროექტის დოკუმენტების მთელი დასტა!
გოუდსმითის მიერ ვაიცზეკერის სტრასბურგის ოფისში ნაპოვნი მასალებიდან ცხადზე ცხადი გახდა, რომ გერმანელები ატომურ კვლევებში კი არ უსწრებდნენ, როგორც ყველა თვლიდა, არამედ მინიმუმ ორი წლით ჩამორჩებოდნენ მოკავშირეებს. მათ არ გააჩნდათ U 235 ან Pu 239-ის ქარხნები, რომლებიც ბომბში ჟაჭვური რეაქციისათვისაა საჭირო. მათ არც ამერიკულის შესადარი ურანის რეაქტორები ჰქონდათ.
გერმანული ატომური კვლევების შემობრუნების წერტილი 1942 წლის 6 ივნისი აღმოჩნდა. ამ დღეს ჰაიზენბერგმა მომარაგების მინისტრს, შპეერს და მის თანამშრომლებს საკუთარი კვლევების ანგარიში წარუდგინა. თავად ჰაიზენბერგი გვამცნობს:
“გაჩნდა უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ არსებობს ურანის “ქვაბში”გამოთვაისუფლებული ატომური ენერგიის გამოყენების ტექნიკური შესაძლებლობა. მეტიც, თეორიულად შესაძლებელია ასეთ ქვაბში ატომურს ბომბში ასაფეთქებელის მიღება. ატომური ბომბის ტექნიკური მხარეების – მაგალითად, ე.წ. კრიტიკული ზომის- კვლევა არ ჩატარებულა. მეტი წონა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ ურანის ქვაბი შეიძლება ჩაითვალოს ენერგიის პირველად წყაროდ, რადგან ამ მიმართულებით მიზნის მიღწევა უფრო იოლია და ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს… ამ შეხვედრის შემდეგ, რომელმაც პროექტის მომავალი გადაწყვიტა, შპეერმა განკარგულება გასცა რომ მუშაობა იგივე მიმსრთულებით უნდა გაგრძელდეს შედარებით მცირე მასშტაბში. ამდენად, დასახული მიზანი ურანის რეაქტორის პირველადი ენერგიის წყაროდ გამოყენება გახდა – რეალურად, მომავალი მუშაობა მთლიანად ამ მიმართულებით წარიმართა.”
შპეერის გადაწყვეტილებამ ბოლო მოუღო კოშმარს, რომელშიც ჰაიზენბერგს და მისი თანამშრომლებს აწვალებდა. მანამდე მათ მუდმივად ეშინოდათ, რომ სხვა გუნდი, მაგალითად დიბნერის ჯგუფი, რომელიც თურინგენში მუშაობდა, შეძლებს ატომური ბომბის დამზადებით ჰიტლერის დაინტერესებას. თუმცა სავარაუდოდ ასეთი ხალხის გეგმებსაც კი დაარღვევდა ჰიტლერის სიბეცე, რადგან ამ “გენიალურმა ლიდერმა” 1942 წელს, როცა სწამდა, რომ გამარჯვება გარდაუვალია, გასცა ბრძანება, შეიარაღებასთან დაკავშირებული პროექტები არ წამოეწყოთ, თუ გარანტირებული არ იყო ექვს კვირაში მათი შესრულება და ბრძოლის ველზე გატანა. ვაიცზეკერი შემდეგნაირად იხსენებს უნებლიე მხარდაჭერას, რომელსაც ის და სხვა პასივისტები შეაიარაღებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან იღებდნენ: “ მახსოვს, შუმანმა, რომელიც ცუდი ფიზიკოსი, მაგრამ ბრწყინვალე ტაქტიკოსი იყო, ერთხელ გვირჩია “ზემოთ” ატომურ ბომბზე სიტყვა არ დაგვცდენოდა. მან თქვა: “ფიურერმა რომ ეს გაიგონოს, იკითხავს: ‘რა დრო დასჭირდება მის დამზადებას, ექვსი თვე?” და შემდეგ ექვს თვეში ბომბი თუ მზად არ გვექნა, მთელი ჯოჯოხეთი თავს დაგვატყდება.”
1942 წელს ჰაიზენბერგმა და მისმა მეგობრებმა საშინაო გამარჯვება იზეიმეს. ტიროლის პატარა ქალაქ ზეეფელდში კამათი გაიმართა ნაცისტების მხარდაჭერილი“გერმანული ფიზიკის” მიმდევრებსა და მოდერნისტებს შორის. დამსწრენი მას წარსულის რელიგიურ დისპუტებს ადარებდნენ. კამათი მოდერნისტების ტრიუმფიდ დაგვირგვინდა, რომლებსაც მანამდე მესამე რაიხში ოფიციალურად არ ცნობდნენ.
გამოყენებული არგუმენტების ხელნაწერი შეჯამება გოუდსმითმა ვაიცზეკერის ქაღალდებში იპოვა. პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი ეს დოკუმენტი კომპრომისია, რომელსაც ვაიცზეკერისნაირი დიდი გონებაც კი არ თაკილობს. ის ოფიციალური პროპაგანდის ენით იწყება: “ზეეფელდის შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ ფარდობითობის თეორიის გადატანა ფიზიკიდან სამყაროზე ზოგადად, რომელიც ვაიმარის პერიოდის ებრაულმა პროპაგანდისტულმა პრესამ და აინშტაინის ებრაელმა მიმდევრებმა ჩაიფიქრეს, უნდა უკუვაგდოთ…” თუმცა ამ წინადადების ჩაწერის შემდეგ ვაიცზეკერს ეტყობა ზიზღი მოერია და “ებრაული პროპაგანდისტული პრესა” და “აინშტაინის ებრაელი მიმდევრები” გადახაზა. და მაინც საბოლოო წაკითხვისას ალბათ ჩათვალა, რომ ასეთი ამოჭრა სახიფათო იქნებოდა და ერთ-ერთი “ებრაული” ზედსართავის ქვეშ წერტილების მწკრივი დასვა, რაც ნიშნავდა დატოვებას.
ვაიცზეკერმა მიერ ერთ მხარეს მყარად დადგომაზე უარმა გოუდსმითისთვის ეჭვქვეშ დააყენა ჰიტლერის მიმართ მისი ოპოზიციურობა. ის დღესაც თვლის, რომ ჰაიზენბერგი და ვაიცზეკერი ბომბს შექმნიდნენ, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ. სხვა ფიზიკოსებიც გერმანიაშიც და მის გარეთ დღემდე ვერ ჰპატიობენ დიპლომატიურობას, რომელიც მას ჭეშმარიტი განწყობის დასაფარავად უნდა გამოეყენებინა. მეტიც, მათი განაწყენება აიძულებს მათ დაივიწყონ ის, რაც მან სიფრთხილის წყალობით გააკეთა ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ალსოსის მისია ვაიცზეკერის ქაღალდების პოვნით განცხრომას ვერ მიეცემოდა. ვაშინგტონში თვლიდნენ, რომ ეს საბუთები შესაძლოა გამიზნულად დაეტოვებინათ, რაც ჩვეული გერმანული ხრიკი იყო. ვიდრე მნიშვნელოვან ფიზიკოსებს არ ჩაიგდებდნენ ხელთ და ყველა ლაბორატორიას არ დაიკავებდნენ, გარკვეული ეჭვი რჩებოდა, რომ სადმე გერმანიაში ატომურ ბომბზე მუშაობა გრძელდება. გოუდსმითს დაჟინებული ჰქონდა, რომ მხოლოდ ჰაიზენბერგი შეიძლებოდა ურანის გერმანული პროექტის ტვინი ყოფილიყო. ამერიკელი სამხედროები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ამ იარაღზე საიდუმლოდ სხვა გერმანელ ფიზიკოსებს ემუშავათ – ისეთებს, გოუდსმითს საერთოდ რომ არ გაუგია. ის კი მათ ურწმუნობას ხუმრობით პასუხობდა: “შპალერის გამკვრელმა შეიძლება ჩათვალოს რომ სამხედრო გენიოსია, მოგზაურმა კი თავი დიპლომატად გაასაღოს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი ვერსადროს შეიძენს მოკლე ხანში ისეთ ცოდნას, რომელიც მას ატომურ ბომბს დაამზადებინებს.”
მაშასადამე, ჰაიზენბერგი მისი ძველი მეგობრის გოუდსმითის მთავარ “სამხედრო სამიზნედ” რჩებოდა. სადაც არ უნდა იყოს ჰაიზენბერგი, იქვე იქნება გერმანული ატომური გეგმის მთავარი ლაბორატორია. მაგრამ სად შეიძლება ის იყოს?
1943-43 წლების ზამთარში ჰაიზენბერგმა და მისმა ზოგიერთმა თანამშრომელმა დალჰემის ინსტიტუტის ერთერთ სარდაფში მცირე ზიმის სამოდელო რეაქტორი გააკეთეს. დანადგარი ტონანახევარ ურანზე და ასეთივე რაოდენობის “მძიმე წყალზე” მუშაობდა. ამ რეაქტორიდან მონაცემების მიღება მძიმე საჰაერო დაბომბვის პირობებში ხდებოდა, რაც მუშაობას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა, ამიტომ მთელი ინსტიტუტი თანდათან მცირე ქალაქ ჰეხინგენში გადაბარგდა, რომელიც შვაბური ალპების შორიახლოს, შედარებით უსაფრთხო ადგილას მდებარეობდა და თავზე ჰოჰენცოლერნების საგვარეულო სახლი დაჰყურებდა. მაღალ საქვაბეში, რომელიც შტუდგარტულ ლუდსახარშს ეკუთვნოდა და ჯერ კიდევ შემორჩა უზარმაზარი ლუდის ქვაბები, კედლები იატაკიდან ჭერამდე ვერცხლის კილიტათი შემოსეს და მაღალი ძაბვის დანადგარი დაამონტაჟეს. ოფისები და ლაბორატორიები საქსოვი ფაბრიკის ფრთაში განლაგდა.
შემდეგი ნაბიჯი ახალი რეაქტორისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო ადგილის მოძებნა იყო. მიუნხენელი პროფესორი ვალტერ გერლახი, თუმც კი რეჟიმის მიმართ მტრულად იყო განწყობილი, ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე სათავეში ჩაუდგა რაიხის კვლევათა საბჭოს ბირთვული ფიზიკის განყოფილებას. ტიუბინგენში ლექციების კითხვისას მას დაამახსოვრდა პატარა ლამაზი ქალაქი ჰაიგელოხი, რომელიც მდინარე აიახის ციცაბო ნაპირებზე მდებარეობს. კოლეგების მსგავსად, მასაც ბევრჯერ მოუნახულებია ის იასამნის ყვავილობისას. სასტუმრო “გედის” მფლობელისგან მან იქირავა საწყობი, რომელიც ციხესიმაგრის ქვეშ, კლდეში გამოეკვეთათ. აქ, 1945 წლის თებერვალში, დაიწყო ახალი გერმანული რეაქტორის მშენებლობა.
მთელ გერმანიაში ასეთ რომანტიკულ ადგილს ვერ ნახავთ. სწორედ აქ, სადაც შუა საუკუნეების შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა, აშენდა უახლესი გერმანული ელექტროსადგური – გრაფიტის გარსაცმით შემოვლებული ურანის კუბებისა და მძიმე წყლის ატომური რეაქტორი. ყოველ დილას ფიზიკოსები 15 კილომეტრით დაშორებული ჰეხინგენიდან აქ ველოსიპედებით მოდიოდნენ ელექტროგანათებულ მიწისქვეშა გამოქვაბულში სამუშაოდ. მუშაობის შუალედებში ჰაიზენბერგი ნახევრად გოთურ, ნახევრად ბაროკო ეკლესიაში ადიოდა და ორღანზე ბახის ფუგებს უკრავდა.
"ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე უფრო ფანტასტიკური პერიოდია” იხსენებს ექსპერიმენტების ერთ-ერთი მონაწილე. “ეს საოცრად რომანტიკული გარემო უნებურად გუნოს “ფაუსტზე” და ვებერის “თავისუფალ მსროლელზე,” აღძრავდა ფიქრს.” ჩატარებული ცდები მხოლოდ არასრულ შედეგს იძლეოდა. ურანის არასაკმარისი რაოდენობა ჯაჭვური რეაქციის “კრიტიკულ წერტილამდე” მიყვანის საშუალებას არ იძლეოდა. ურანის კუბების თვირთი ბერლინიდან და თიურინგენიდან, სადაც დიბნერის ხელმძღვანელობით მეორე რეაქტორი შენდებოდა, ჰაიგერლოხამდე ვერ აღწევდა.
როგორც კი ალსოსის ორგანიზაციამ ჰაიზენბერგის ადგილსამყფელი შეიტყო, პოლკოვნიკმა პეშმა წამოაყენა წინადადება ჰეჰინგენსა და ჰაიგერლოხში პარაშუტისტების დესანტი გადაესხათ და მომუშავე ფიზიკოსები მათი ჩანაწერებითვე ხელთ ეგდოთ მანამდე, ვიდრე იქ მოკავშირეთა ჯარები მიაღწევდნენ. ამასობაში აღმოჩენილი დოკუმენტების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე გოუდსმითი დარწმუნდა, რომ ეს ნაბიჯი სრულიად უსარგებლო იქნებოდა. როგორც მან სწორად იწინასწარმეტყველა, “ ჰაიგერლოხსა და ჰეხინგენში არაფერი ისეთი არ ხდება და მთელი გერმანული ატომური პროექტი ერთი ჯარისკაცის გადაბრუნებულ კოჭადაც არ ღირს.”
ფრონტის მორღვევის შემდეგ პეშს გერმანელებზე უფრო ფრანგების ეშინოდა, რადგან ჰეხინგენი ფრანგებისთვის განკუთვნილ საოკუპაციო ზონაში მოხვდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მათთვის დაესწრო. ნაჩქარევად შეკრებილი პატარა ქვედანაყოფით, რომელშიც დამრტყმელი ჯგუფი, ორი ტანკი, რამდენიმე ჯიპი და მძიმე ტრანსპორტი შედიოდა, მან ჰეხინგენი 1945 წლის 22 აპრილს, დილის რვის ნახევარზე ”აიღო” – თვრამეტი საათით ადრე, ვიდრე იქ გენერალ დე ლატრეს ნაწილები შევიდოდნენ. იმავე დღეს პეშის T (ტექნიკური) ჯგუფმა ჰაიგერლოჰი დაიკავა. ბოლო მომენტში ურანის კუბების გადამალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი; ისინი ურიკაზე დააწყვეს და თივა გადააფარეს, თუმცა ერთერთმა გერმანელმა მეცნიერმა, რომელიც საუბარში პატრიოტული აზრების ფრქვევით გამოირჩეოდა, ახალი ბატონების კეთილგანწობის მოსაპოვებლად სამალავი უმალვე გასცა. ურანის ნაწილი ადრე ახალგაზრდა ჰეხინგენელ გლეხებს გაეტაცებინათ და მოგვიანებით მისი ფრანგული საოკუპაციო ადმინისტრაციისთვის მიყიდვა სცადეს, მაგრამ ამის გამო დააპატიმრეს და ქურდობისთვის მძიმე განაჩენიც გამოუტანეს. რამდენიმე დღის შემდეგ ურანის რეაქტორის ნარჩენები გამოქვაბულშივე ააფეთქეს, თუმც კი გოუდსმითს ასეთი განკარგულება არ გაუცია და ამან ძალიან გააღიზიანა.
ალსოსის მისიამ მოქმედების პერიოდში ხელთ იგდო კაიზერ ვილჰელმის ფიზიკისა და ქიმიის ინსტიტუტების რვა თანამშრომელი, მათ შორის ბირთვის დაშლის აღმომჩენი ოტო ჰანი, ნობელის პრემიის ლაურეატი მაქს ფონ ლაუე და აგრეთვე ვაიცზეკერი, თუმცა ჰაიზენბერგი ვერ იპოვეს. ის ღამის სამ საათზე ველოსიპედს მოაჯდა და ზემო ბავარიისკენ გაემართა, სადაც ოჯახი ეგულებოდა; უნდოდა, მათთან ერთად ყოფილიყო ბოლო ბრძოლების დროს. გზაში ფანატიკოსმა ესესელმა ლამის დააპატიმრა, მაგრამ მან თავი პელ მელის სიგარეტებით დაიხსნა, რომელიც ჰაიზენბერგის ხელში ჰეხინგენის მახლობლად მდებარე ზიგმარინგენის ციხესიმაგრეში ინტერნირებული მარშალ პეტენის მარაგებიდან მოხვდა.
პოლოვნიკმა პეშმა და გოუდსმითმა კვლავ ხელიდან გაუშვეს მთავარი ნადავლი. დასამშიდებლად გაქცეულის ოფისში ფოტო იპოვეს, სადაც ჰაიზენბერგი გულითადად ართმევს ხელს თავად გოუდსმითს. 1939 წლით დათარიღებული ფოტო ამერიკაში ჰაიზენბერგის უკანასკნელი ვიზიტის დროს ალსოს მისიის შეფის გოუდსმითის ენ ჰარბორის სახლშია გადაღებული. ჰეხინგენის აღებაში არმიის სადაზვერვო სამსახურის სხვა მაღალი წოდების ოფიცერი, გენერალი ჰარისონიც მონაწილეობდა, რომელსაც ამ “მიშნელოვანი ფოტოს” ნახვამ შერეული გრძნობები აღუძრა. გოუდსმითი გვამცნობს: “პოლკოვნიკი და გენერალი ჰაიზენბერგის ოფისში შევიდნენ. იქ არავინ დახვდათ, მაგრამ პირველი რაც დაინახეს და რამაც გენერალი გაახევა, ჰაიზენბერგის და ჩემი ფოტო იყო, სადაც გვერდიგვერდ ვდგავართ … პეშის მიერ წაქეზებული გენერალი თითქმის დარწმუნდა, რომ ჩემი ნდობა არ შეიძლებოდა და მტერთან ახლო კონტაქტი მაქვს. ალბათ შემეძლო მისი გადარწმუნება, თუმცა ფიზიკოსთა საერთაშორისო “ლოჟის” შესახებ განმარტებების გასაკეთებლად დრო შეუფერებლად მეჩვენა.”
No comments:
Post a Comment