6. დასწრების სტრატეგია. 1939 - 42

 იმ ზაფხულს ურანის გერმანულ პროექტში მიღწეული წარმატების შესახებ ამერიკაში მიღებულმა ცნობებმა შეშფოთება კიდევ უფრო გაზარდა. ბერლინში ბირთვული ფიზიკის სპეციალისტების მეორე შეკრება გაიმართა. ამჯერად ის შეიარაღებათა დეპარტამენტის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა მოიწვია. პოლკოვნიკი შუმანი ჰამბურგელი ფიზიკოსის, ჰარტეკის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედებდა . ამ მკვლევარმა აპრილის ბოლოს გაამახვილა ყურადღება “ურანში ჯაჭვური რეაქციის განხორციელების პრინციპულ შესაძლებლობაზე.” მისი ასისტენტის, დიბნერის თანახმად, მან ურჩია თავდაცვის სამისტროს საკითხის შესწავლა.

ამერიკაში ჩასული სხვა საიდუმლო ცნობების მიხედვით გერმანელები სერიოზულად ამოქმედდნენ. უეცრად აიკრძალა მადნის ყველანაირი ექსპორტი მათ მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან.

ერთადერთი სხვა ადგილი ევროპაში , სადაც ურანის მარაგები ჰქონდათ, ბელგია იყო, რომელსაც ის კონგოდან შემოჰქონდა. რაღაც უნდა გაკეთდეს, ფიქრობდა სცილარდი, რომ ჰიტლერმა ხელთ არ იგდოს ეს ლითონი, რომელმაც უეცრად ესოდენ დიდი სტარტეგიული მნივნელობა შეიძინა. ამერიკულ სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ არ გაეაზრებინა ურანის სამხედრო მნიშვნელობა.ამ იშვიათ ლითონს თითქმის მთლიანად მანათობელი ციფერბლატების დასამზადებლად და კერამიკულ წარმოებაში იყენებდნენ.

სწორედ ამ დროს იფიქრა პირველად სცილარდმა, რომ დახმარება აინშტაინს შეეძლო. ბელგიის დედა-დედოფალმა ელისაბედმა ცხოვრების განმავლობაში შემოიკრიბა იტელექტუალურად და მუსიკალურად გამორჩეული ადამიანების მცირე საერთაშორისო წრე, რომელშიც აინშტაინიც შედიოდა. იქნებ შესაძლებელია ბელგიის მთავრობის გაფრთხილება ამ კავშირის გამოყენებით? ფარდობითობის თეორიის მამასთან შეხვედრა სწრაფად დაინიშნა. აინშტაინი პრინსტონში ცხოვრობდა. იქვე ცხოვრობდა ვიგნერიც - სცილარდის ახლო მეგობარი. თუმც კი ლონგ აილენდზე საზაფხულო არადადეგებზე აპირებდა გამგზავრებას, აინშტაინმა ორ კოლეგას მნიშვნელოვანი პროექტის განსახილველად იქ სტუმრობაზე უარი არ უთხრა.

1939 წლის ივლისის ერთ ცხელ დღეს, სცილარდი და ვიგნერი ლონგ აილენდის სამხრეთ სანაპიროზე, პეჩოგში გაემართნენ. ორი საათის მგზავრობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არასწორი მისამართი ჰქონდათ. “ეტყობა ტელეფონში სახელი პეჩოგი არაწორად გავიგე” თქვა ვიგნერმა.

“იქნებ რუკაზე მსგავსი დასახელება ვიპოვოთ.”

“იქნებ პეკონიკია?” იკითხა სცილარდმა ჩამოვარდნილ დაძაბულ სიჩუმეში.

“ეგაა,” თქვა ვიგნერმა. “გამახსენდა.”

პეკონიკში ორმა მოგზაურმა მომქანცველი ძიება ჩაატარა დოქტორ მურის მცირე სახლის მოსაძებნად, რომელიც აინშტაინმა იქირავა. დოქტორ მურის ქოხის შესახებ არც გამვლელმა ტურისტებმა, არც ადგილობრივებმა არაფერი არ იცოდნენ.

ორი ადამიანი აქეთ-იქით აწყდებოდა, თუმცა უშედეგოდ. სცილარდმა წამოიძახა:” მოდი შევეშვათ ამ საქმეს და სახლში დავბრუნდეთ. ბედისწერა ჩვენს წინააღმდეგაა. ეტყობა აინშტაინის ჩარევა ამ საქმეში საშინელი შეცდომაა. მთავრობა რომ რამეს ჩაეჭიდება, დამთავრებული საქმეა...”

“ვალდებულები ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ,” უპასუხა ვიგნერმა. “ეს ამ საშინელი უბედურების თავიდან აცილებაში ჩვენი შეტანილი წვლილი იქნება.” ასე რომ ძებნა გაგრძელდა.

“იქნებ გვეკითხა,” თქვა ბოლოს სცილარდმა, “აინშტაინი სად ცხოვრობს? მისი სახელი ხომ ბავშვებმაც იციან.”

იდეა იმწამს გამოსცადეს. შვიდიოდე წლის გარუჯულ პატარა ბიჭუნას, რომელიც იქვე, ქუჩის კუთხეში იდგა და ანკესს მართავდა ჰკითხეს, იცოდა თუ არა აინშტაინის ადგილსამყოფელი.

“რა თქმა უნდა, ვიცი,”იყო პასუხი, “და შემიძლია გაჩვენოთ კიდეც.”

სტუმრებმა ცოტა ხანს ღია ვერანდაზე დაიცადეს, ვიდრე აინშტაინი ჩუსტებში გამოვიდა და კაბინეტში შეუძღვა. სცილარდი ასე აღწერს ამ პირველ შეხვედრას:

“ურანში ჯაჭვური რეაქციის შესაძლებლობაზე აინშტაინს მანამდე არასდროს არ ეფიქრა, მაგრამ დავიწყე თუ არა მოყოლა, იმწამსვე მიხვდა შედეგების მნიშვნელობას და დაგვთანხმდა დახმარებაზე. თუმცა ვიდრე ბელგიის მთავრობას მივმართავდით, გადავწყვიტეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმირება ამ ნაბიჯის შესახებ. ვიგნერმა შემოგვთავაზა, რომ შეგვედგინა წერილი ბელგიის მთავრობისადმი ხოლო ასლი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაგვეგზავნა და ორი კვირის ვადა მიგვეცა გასაპროტესტებლად თუ ჩათვლიდნენ, რომ სჯობს, აინშტაინმა თავი შეიკავოს ამ საქმისგან. ასეთი იყო პოზიცია, როდესაც აინშტაინს ლონგ აილენდზე დავშორდით.”

სცილარდს კვირების განმავლობაში ეჭვი ღრღნიდა. როგორ უნდა მიიქციონ ამერიკის მთავრობის ყურადღება? ის ამაზე მეგობრებთან ბჭობდა, მათ შორის იყო გერმანიიდან ემიგრირებული გუსტავ სტოლპერი - ეკონომისტი და გერმანული ეკონომიკური ჟურნალის ყოფილი მთავარი რედაქტორი. სტოლპერს გაუჩნდა იდეა. ის იცნობდა ადამიანს, რომელიც მართალია, მთავრობის მოხელე არ იყო, მაგრამ პრეზიდენტი რუზველტი მას ყურს უგდებდა. ეს ადამიანი იყო ალექსანდერ საქსი – ბანკირი და სწავლული. ამ საერთაშორისო ფინანსისტისთვის თეთრი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო, რადგან ის ხშირად აოცებდა რუზველტს უტყუარი ეკონომიკური პროგნოზებით. 1933 წლიდან მოყოლებული საქსი ერთ-ერთი იყო ამერიკის პრეზიდენტის არაოფიციალურ, მაგრამ უკიდურესად გავლენიანი მრჩეველთაგან, რომლებსაც თვით რუზველტის თქმით მოეთხოვებოდათ “ნიჭიერება, ფიზიკური ენერგია და ანონიმურობისკენ დაუოკებელი სწრაფვა.”

საქსმა სცილარდის იდეები მყისიერად და გულმხურვალედ აიტაცა. ორი მომდევნო კვირის განმავლობაში საქსის ოფისში უოლ სტრიტზე, “ლეჰმან ბრადერსის” საინვესტიციო ფირმაში გულდასმით ამუშავებდნენ დოკუმენტს, რომელიც შორს გასცდა თავიდან აინშტაინის ხელმოსაწერად ჩაფიქრებულს. გადაწყდა, რომ ასლი არა სახელმწიფო დეპარტამენტს, არამედ თეთრ სახლს გაეგზავნება. პრეზიდენტისგან უფრო სწრაფ და ენერგიულ რეაქციას ელოდნენ, ვიდრე სახელმწიფო მდივნისგან. პროექტი შეიცავდა აინშტაინთან შეთანხმებულ საკითხს ბელგიის მთავრობასთან ამერიკულ მოლაპარაკებაზე კონგოს ურანის მარაგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა ახლა ამას დაემატა მეორე - ატომური კვლევების ფინანსირებისა და დაჩქარების შესახებ. ავტორებმა შეგნებულად შეიკავეს თავი სახელმწიფო დახმარების მოთხოვნისაგან, უბრალოდ წინადადება წამოაყენეს თეთრი სახლის რწმუნებულის დანიშვნის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფდა კერძო პირების და სამრეწველო ლაბორატორიების თანამშრომლობას მომავალ საიდუმლო პროექტში.

2 აგვისტოს სცილარდმა კვლავ ლონგ აილენდისკენ გასწია. ვიგნერი ამ დროს კალიფორნიაში იყო, ასე რომ მანქანას ამჯერად მისი ახალგაზრდა თანამემამულე, ედვარდ ტელერი მართავდა, რომელსაც მოგვიანებით სერიოზული როლის შესრულება მოუწევს ატომის მკვლევართა მიერ გადატანილ საბედისწერო დრამაში. ჰქონდა თუ არა სცილარდს თან წერილის საბოლოო ტექსტი? ტელერიც და აინშტაინიც ამტკიცებენ, რომ ჰქონდა. აინშტაინი ყოველთვის აცხადებდა, რომ მან მხოლოდ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს. სცილარდი, თავის მხრივ შენიშნავს: “რამდენადაც მახსოვს, აინშტაინმა ტელერს წერილი გერმანულად უკარნახა, მე კი ეს ტექსტი ორი ვარიანტისთვის გამოვიყენე. ერთი შედარებით მოკლე იყო, მეორე კი საკმაოდ ვრცელი და ორივე პრეზიდენტისთვის იყო გამიზნული. ისინი აინშტაინს დავუტოვე ასარჩევად და მან ვრცელი ვარიანტი ამჯობინა. მე მოვამზადე მემორანდუმიც აინშტაინის წერილზე დანართის სახით. წერილიც და მემორანდუმიც პრეზიდენტს დოქტორ საქსმა გადასცა 1939 წლის ოქტომბერში.

მოვლენათა განვითარების ეს ვერსია უფრო სარწმუნოდ ეჩვენება დოქტორ ოტო ნათანს, რომელიც აინშტაინს მრავალი წლის განმავლობაში იცნობდა და მისი ანდერძის აღმასრულებელიც გახდა. თუმცა ტელერი დარწმუნებით ადასტურებს:” აინშტაინმა მხოლოდ ხელი მოაწერა. ვფიქრობ იმ დროს კარგადაც ვერ გარკვეულიყო, თუ რას ვაკეთებდით ბირთვულ ფიზიკაში.” საქსიც გარკვეული ცინიკური შეფერილობით ამბობს: “აინშტაინი მხოლოდ შარავანდად გვჭირდებოდა სცილარდისთვის, რომელსაც შეერთებულ შტატებში მაშინ არავინ არ იცნობდა. მთელი მისი როლი ამით შემოიფარგლებოდა.”

“ მე მხოლოდ საფოსტო ყუთი ვიყავი. მათ წერილი მომიტანეს და მე უბრალოდ ხელი მოვაწერე.” ასე მოუბოდიშა აინშტაინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტონინა ვალენტინს, დიდი ხნის მეგობარს და ბიოგრაფს. ძალიან მალე მას ეს ქმედება სანანებელი გაუხდა. ეს ნიჭიერი სწავლული და მშვიდობის დიდი მეგობარი პირად წერილებსა და ცნობებში, რომლებიც სავარაუდოდ მომავალში გამოქვეყნდება, ნათლად აღწერს, თუ ბედის რა პარადოქსია, რომ სწორედ მან მისცა სასტარტო სიგნალი დამანგრეველ იარაღებს შორის უსაშინლესს. რა თქმა უნდა, იმ დროს ის დარწმუნებული იყო, რომ მთავრობა, რომელსაც მან ურჩია აქტიურად დაინტერესებულიყო ურანის პრობლემით შესაძლო გერმანული ატომური ბომბისგან თავის დასაცავად, მისთვის გადაცემულ უზარმაზარ ახალ ძალას ჭეშმარიტი სიბრძნითა და კაცთმოყვარეობით მოეკიდებოდა. მან იმ ვარაუდით იმოქმედა, რომ შეერთებული შტატები არანაირი მიზნით არ გამოიყენებდა ასეთ იარაღს, გარდა თავდაცვისა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის უსაფრთხოებას უკიდურესი საშიშროება დაემუქრებოდა. თუმცა როდესაც ექვსი წლის შემდეგ პირველი ატომური ბომბი იაპონიის – ქვეყნის, რომელიც ისედაც კაპიტულაციის ზღვარზე იმყოფებოდა - წინააღმდეგ გამოიყენეს, მან იგრძნო, რომ ის და იარაღის შექმნაზე მომუშავე სხვა მეცნიერები მოატყუეს.

პაციფისტურად განწყობილი აინშტაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტრაგიზმი კიდევ უფრო ღრმავდება, როცა დღეს უკვე გასაგები ხდება, რომ გერმანული ბომბის მუქარა, რომელიც გამოჩენილ მეცნიერს და მათაც, ვინც მასზე გავლენა მოახდინა, უდავოდ რეალური ეგონათ, სინამდვილეში მხოლოდ საშინელი ფანტომი აღმოჩნდა.

ომის შემდეგ ანშტაინი ღრმა სინანულით იტყვის: “რომ მცოდნოდა, გერმანელები ატომურ ბომბს ვერ გააკეთებდნენ, თითსაც არ გავანძრევდი.” მესამე რაიხის მიერ ახალი, ომის ბედის გადამწყვეტი იარაღის შექმნის შესაძლებლობებს მთელ მსოფლიოში ძალიან გადაჭარბებულად აფასებდნენ. მოკავშირეთა ომისშემდგომმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ომის დაწყებისას გერმანელ ლიდერებს მცდარად სწამდათ, რომ საბოლოო გამარჯვებას ხელთ უკვე არსებული შეიარაღებითაც მიაღწევდნენ. 1942 წლამდე ახალი შეიარაღების განვითარებას რაიხში თითქმის არავითარი ყურადღება არ ექცეოდა. უპირატესობა, რომელსაც იმ დროისთვის მოკავშირეები უკვე ფლობდნენ, იმდენად დიდი იყო, რომ მისი შემობრუნება უიმედოდ ჩანდა. შორი დიაპაზონის რაკეტა V2 - უმნიშვნელოვანესი იარაღი, რომელიც გერმანელებმა ომის დროს განავითარეს – ხმარებაში კონფლიქტის იმ სტადიაზე შემოვიდა, როდესაც გერმანიის მდგომარეობა უკვე უიმედო იყო.

ჰიტლერის და მისი გარემოცვის ინდიფერენტულობა საბუნებისმეტყველო კვლევების მიმართ ლამის მტრულ დამოკიდებულებაში გადაიზარდა. ფიურერს ეს თავიდანვე ფიზიკოსების კეთილგანწყობად დაუჯდა. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა, ამბიციურმა და უსახელომ, შესთავაზა ჰიტლერს სრული თანამშრომლობა.* დიდი უმრავლესობა კი უკვე მალე ერთმანეთს თავდაყირა დაყენებულ ნაცისტურ სლოგანს უჩურჩულებდა: “ომი მეცნიერების სამსახურში უნდა შევაბათ.” ჰიტლერის მცდელობას გერმანია ზესახელმწიფოდ გადაექცია წარმატების მისაღწევად უფრო სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდა. ასეთი იყო იმ ხალხის თვალსაზრისი, რომლებსაც არ სჯეროდათ ექსპერიმენტის წარმატებისა, თუ ის მტკიცე და ჭეშმარიტ საფუძველს არ ეყრდნობოდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გახდა გარდაუვალი მომავალი უბედურებისგან ეხსნათ გერმანული კვლევების ის ნაწილი, რომელიც რეჟიმს ჯერ არ გაენადგურებინა. ომში დამარცხების შემდეგ მეცნიერება ალბათ ერთერთია იმ მოკლე ჩამონათვალიდან, რომელიც გერმანიის ბალანსში აქტივების მხარეს მოხვდა.

გერმანული ატომური ბომბის შექმნა ოთხი ფაქტორის გაერთიანებამ ჩაშალა. პირველი ჰიტლერის მიერ ქვეყნიდან ცნობილი ფიზიკოსების გაძევებაა, რამაც დიდი ჩამორჩენა გამოიწვია. მეორე ნაცისტების მიერ საომარი მიზნებით კვლევების სუსტი ორგანიზაცია და ამ სააკითხთან მათი მთავრობის არაადეკვატური დამოკიდებულებაა. მესამე ამ სირთულის პროექტისათვის აუცილებებლი ტექნიკური დანადგარების ნაკლებობაა. საბოლოო (და ხშირად დღემდე უგულებელყოფილი) კი ატომის გერმანელი მკვლევარების რეალური პირადული, წარმატების საწინააღმდეგო დამოკიდებულება.ხედავდნენ რა მთავრობის არაინფორმირებულობას, მათ არ უცდიათ ამ წინააღმდეგობის გადალახვა. მათ არ მოუთხიოვიათ ასეთი იარაღის შექმნა (განსხვავებით გერმანელი სარაკეტო სპეციალისტებისგან, რომლებმაც გადალახეს ჰიტლერის ინდიფერენტიზმი “მართული ჭურვების”მიმართ და შექმნეს V2). პირიქით, ამ ფიზიკოსებმა მოახერხეს ნაციონალ-სოციალისტური სამსახურების ყურადღება ამ არაადამიანური იარაღის იდეისგან გადაეტანათ.

ამ პირადული დამოკიდებულების შესახებ საზოგადოებას დღემდე ცოტა რამ თუ სმენია. მათ, ვისაც ვგულისხმობთ, მორიდებულობისა და ტაქტის მოსაზრებებით არჩიეს ეს დელიკატური საქმე ვიწრო წრის გარეთ არ გაეტანათ. გერმანული ატომური ბომბის არარსებობას ისინი ლიდერთა დაუინტერესებულობით და ტექნიკური სირთულეებით ხსნიდნენ, რომლებიც 1942 წელს დაწყებული მოკავშირეთა ძლიერი დაბომბვების გამო თითქმის გადაულახავ წინაღობად იქცა. ჰაიზენბერგი, რომელიც ურანის გერმანულ პროექტს ხელმძღვანელობდა, 1946 წლის ბოლოს Naturwissenschaften-ში აცხადებს, რომ “გარეგანმა გარემოებებმა”ააცილა ატომის გერმანელი მკვლევარებს “მძიმე გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა - შეექმნათ თუ არა ატომური ბომბი.” ეს პატიოსანი განცხადებაა, მაგრამ ის რეალურად ძალაში მხოლოდ 1942 წლიდან შედის. რა ხდებოდა მანამდე? რას გულისხმობს ჰაიზენბერგი, როდესაც იგივე სტატიაში წერს: “გერმანელი ფიზიკოსები თავიდანვე შეგნებულად მუშაობდნენ იმაზე, რომ პროექტის მართვა შეენარჩუნებინათ. მათ გამოიყენეს საკუთარი საექსპერტო გავლენა, რათა კვლევები ამ ანგარიშში აღწერილი თვალსაზრისით წარემართათ”?

დასაწყისში გერმანული “პროექტი U” როგორც მას მთავრობაში ეძახდნენ, ადმინისტრაციული თვალსაზრისით უფრო სწრაფად მიიწევდა წინ, ვიდრე ანალოგიური მცდელობები მოკავშირეებთან და ჯერ კიდევ ნეიტრალურ შეერთებულ შტატებში. ომის დაწყებისთანავე თითქმის ყველა ფიზიკოსი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, თუმცა სამი – ოთხი კვირის შემდეგ მათ შორის მნიშვნელოვანნი თავიანთ ინსტიტუტებში დააბრუნეს, როგორც “შეუცვლელნი”. უკვე 1939 წლის 26 სექტემბერს, ორი კვირით უფრო ადრე, ვიდრე ალექსანდერ საქსი რუზველტს შეხვდებოდა და აინშტაინის წერილს უჩვენებდა, ცხრა ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი - ბაგი, ბაშე, ბოთე, დიბნერი, ფლიიგე, გაიგერი, ჰარტეცკი, ჰოფმანი და მატაუჰი დაესწრნენ თათბირს შეიარაღებათა დეპარტამენტში, ბერლინში. ამ თათბირზე დეტალური სამუშაო გეგმა შედგა და როგორც დიბნერი იხსენებს, სხვადასხვა ჯგუფებს ცალკეული დავალებები მიეცა. ასე შეიქმნა ე.წ. Uranium Verein (ურანის საზოგადოება). ოთხი კვირის შემდეგ უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეიკრიბა, ამჯერად ჰაიზენბერგის და ვაიცზეკერის ჩათვლით. ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელიც უნდა გადეწყვიტათ, ურანის ოქსიდის გაწმენდის ხარისხი იყო, რომელიც აუცილებელია ექსპერიმენტების ჩასატარებლად. გეტინგენში ქიმიური ანალიზის ჩასატარებლად დანიშნული სპეციალისტი სამხედრო სამსახურში გაწვეული აღმოჩნდა. მის დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდა. ამის შემდეგ გამოირკვა, რომ ურანის ოქსიდის თითქმის მთელი გერმანული მარაგი არმიის სხვა დეპარტამენტს შეუძენია და კატეგორიულ უარს ამბობს დაბრუნებაზე. ეს დეპარტამენტი აპირებდა ჟავშანსაწინააღმდეგო ჭურვებში ამ მძიმე მეტალის შენადნობის გამოყენებას.

პირველი პრაქტიკული ექსპერიმენტები, რომლებიც ლაიფციგში ჩატარდა, ჩაფლავდა. ფიზიკოსმა დიოპელმა ურანის ქიმიურ თვისებების უცოდინარობით მას ლითონის ნიჩაბი შეახო და ამით სპონტანური აალება გამოიწვია, წყლის დასხმამ საქმე გააუარესა: გავარვრებული ურანის შადრევანი 6 მეტრის სიმაღლეზე ავარდა და ლაბორატორია ცეცხლის ალში გაეხვია. ლაიფციგის სახანძრო ბრიგადა სრული შემადგენლობით გამოცხადდა და საბოლოოდ მხოლოდ ორი ადამიანი დაშავდა მსუბუქად. დიოპელმა იწინასწარმეტყველა: ასობით ადამიანი დაეცემა, საბოლოო მიზნის -ატომური ბომბის შესაქმნელადო, რამაც მაშინ, ცოტა არ იყოს მელოდრამატულად გაიჟღერა.

1939 წლის შემოდგომაზე კაიზერ ვილჰელმის ფიზიკის ინსტიტუტი “ურანის საზოგადოების” სამეცნიერო ცენტრად იქცა. ინსტიტუტის დირექტორი პეტერ დებაი ჰოლანდიელი იყო და გერმანიაში 1909 წლიდან შეუფერხებლად მუშაობდა. ახლა მას მოსთხოვეს გერმანიის მოქალაქეობის მიღება, ან სულ მცირე, ნაციონალ-სოციალიზმის მხარდამჭერი წიგნის დაწერა. მან ეს თავხედური შეთავაზებები ამრეზით უკუაგდო, ისარგებლა შეერთებულ შტატებში ლექციების ჩასატარებლად მიწვევით და მეორე სამშობლოს სამუდამოდ ზურგი შეაქცია. ცოტა ხანში მისი ადგილი ჰაიზენბერგმა დაიკავა და ომის განმავლობაში ინსტიტუტს ის ხელმძღვანელობდა. ჰაიზენბერგის ეს გადაწყვეტილება მისი უცხოელი მეგობრების კრიტიკის ქვეშ მოექცა. მათ ეს მოარული ეჭვის დადასტურებად ჩათვალეს, რომ თითქოს ჰაიზენბერგი ჰიტლერს დაუზავდა.** თვით გერმანიაშიც კი ჰაიზენბერგის გადაწყვეტილებამ გარკვეული ფიზიკოსები ძალიან გაანაწყენა. მათ სჯეროდათ და ახლაც სჯერათ, რომ თუ ის ნაციონალ-სოციალიზმისგან სუფთა დარჩებოდა, ამით არა მხოლოდ გაამხნევებდა ნიჭიერ მეცნიერებს, რომლებიც ჰიტლერს ეურჩებოდნენ, არამედ როგორც ლიდერი, აქტიური წინააღმდეგობისკენაც კი შეძლებდა მათ წახალისებას.

ჰაიზენბერგის მეგობარი და კოლეგა ვაიცზეკერი ცდილობს მის გამართლებას იმით, რომ კოსმოპოლიტური განათლებისა დ შეხედულებების მიუხედავად, მას ყოველთვის უყვარდა სამშობლო და სავარაუდოდ, იმიტომაც დარჩა გერმანიაში, რომ გერმანული ფიზიკის გადარჩენაში მიეღო მონაწილეობა მომავალი უბედურებისაგან, რომელსაც წინასწარ ჭვრეტდა.

თუმცა აქ სხვა მოტივიც იყო და იქნებ უმნიშვნელოვანესიც. ჰაიზენბერგი მხოლოდ მიანიშნებს მასზე 1946 წლის სტატიაში. მას და მის უალოეს მეგობრებს სურდათ კაიზერ ვილჰელმის ფიზიკის ინსტიტუტის გაკონტროლებით ხელთ ეგდოთ გერმანული ატომური კვლევების განვითარება, რადგან შიშობდნენ, რომ სხვა, ნაკლებად სინდისიერი ფიზიკოსები სხვა გარემოებებში შეეცდებოდნენ ჰიტლერისთვის ატომური ბომბი დაემზადებინათ. არა მარტო ნიუ-იორკში, არამედ დაჰლემშიც თვლიდნენ, რომ ფანატიკოსი დიქტატორის ხელში ასეთი იარაღის მოქცევა მსოფლიოს წარმოუდგენელ უბედურებას მოუტანდა.

1939-40 წლების ზამთრისათვის ჰაიზენბერგმა უკვე დაამთავრა თეორიული კვლევა, რომელმაც პრინციპულად განასხვა ურანის რეაქტორი, სადაც ჟაჭვური რეაქცია მართვადია ურანის ბომბისგან, რომელშიც ნეიტრონების ზვავს აფეთქებამდე მივყავართ. 1940 წლის 17 ივლისს ვაიცზეკერმა გარკვეული იდეები ქაღალდზე გადაიტანა სათაურით “U238 -დან ენერგიის შესაძლო გამოყოფის მეთოდი.” გამოდიოდა, რომ ურანის რეაქტორში წარმოიქმნება სრულიად ახალი ნივთიერება რომელიც “ასაფეთქებლად” შეიძლება იქნას გამოყენებული. მას არ დაურქმევია ამ ნივთიერებისთვის პლუტონიუმი, როგორც ეს მისმა კოლეგებმა გააკეთეს ანგლო-საქსური ქვეყნებიდან, უბრალოდ “ელემენტი 93” უწოდა, თუმც კი ეჭვობდა, რომ ეს შესაძლოა “ელემენტი 94” იყოს. ეს იდეები ჰაიზენბერგის უახლოესი თანამშრომლების წრეს არ გასცდენია. ისინი თავს იკავებდნენ ამ თემაზე წინასწარი თეორიული კვლევის შედეგების გავრცელებისგან. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ატომური ბომბის შესაძლებლობისკენ ახლო თანამშრომლების ყურადღებაც კი არ მიეპყროთ. როგორც კი ამ მიმართულებით იდეები სხვა ფიზიკოსებს უჩნდებოდათ, ჰაიზენბერგი პრინციპულად მათ არასდროს არ უარყოფდა, უბრალოდ არარეალისტურად აცხადებდა: “ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ ატომური ბომბის შექნის პრაქტიკულ ტექნიკურ გზას ომის პირობებში გერმანიის ხელთ არსებული რესურსებით. თუმცა ასეთი შესაძლებლობა დაწვრილებით უნდა იქნას შესწავლილი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ატომურ ბომბს ვერც ამერიკელები შექმნიან.” ასეთი ახსნა ეძლეოდა ”ურანის საზოგადოების” ამ უკიდურესად გავლენიანი ჯგუფის მიერ მათ მომლოდინე პოზიციას. მეორეს მხრივ, მთავრობის თვალში ურანის პროექტს აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა პერსპექტიული ხასიათი, რათა ახალგაზრდა ფიზიკოსები სამხედრო სამსახურიდან დაეხსნა. აი ასეთი გადავადებების და დაპირებების სახიფათო თამაში გრძელდებოდა უნდობლობისა და გაუგებრობის ატმოსფეროში.

ჰაიზენბერგის და ვაიცზეკერის გარდა მესამე ფიზიკოსმა, რომელიც გერმანიაში 1940-41 წლებში მუშაობდა, აგრეთვე აღმოაჩინა, რომ ურანის ბომბი შესაძლოა ძალიან სწრაფად დამზადდეს ურანის რეაქტორში წინასწარ მიღებული ახალი ელემენტის საშუალებით. ეს ფრიც ჰოუტერმანსი იყო, რომელიც მზეზე მიმდინარე თერმობირთვილი რეაქციის აღმოჩენაში მონაწილეობდა.

ჰიტლერის ხელისუფლებაში აღზევების შემდეგ ის საბჭოთა რუსეთში წავიდა და იქ 1937 წლის ჯაშუშომანიის მორევმა ჩაითრია. მან მოახერხა რუსეთის საიდუმლო პოლიციის მიერ მისი “ლიკვიდაციის” გადავადება ინტრიგის საჭადრაკო დაფაზე მოხერხებული სვლის გაკეთებით. ის მალევე მიხვდა, რომ უდანაშაულობის მტკიცება მის გამომძიებლებზე არავითარ გავლენას არ ახდენს და ისინი უბრალოდ აგრძელებდნენ მის წამებას. ერთხელ 72 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და ყველა კბილი ჩაუმტვრიეს. ის მიხვდა, რომ გამომძიებლებს მხოლოდ აღიარებათა კვოტის შესრულება აინტერესებთ, ამიტომაც გადაწყვიტა, მიეცა მათთვის ის , რაც მათ სჭირდებათ, ოღონდ ამაში მცირე ნაღმი შეაპარა, რომელსაც შესაძლოა, ის ციხიდან ეხსნა. მან აღიარა, რომ ჯაშუშობდა და საბოტაჟს ეწეოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ამისთვის თავისივე გამოგონებულ საიდუმლო ხელსაწყოს იყენებდა. ჰოუტერმანსმა არა მარტო ზუსტად აღწერა ეს ხელსაჭყო, არამედ მისი დასამზადებელი დეტალური ნახაზებიც დაურთო. მისი თქმით ხელსაწყო მიწიდან თვითმფრინავის სიჩქარის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა, რაც გერმანელებისთვის მნიშვნელოვან სამხედრო ინფორმაციას წარმოადგენდა. ტყვე ფიზიკოსს იმედი ჰქონდა, რომ ეს გეგმა, შესაძლოა, მის ყოფილ კოლეგასთან, კაპიცასთან მოხვედრილიყო. ეს უკანასკნელი კი, ან ნებისმიერი სხვა ექსპერტი, მყისიერად მიხვდებოდა, რომ არსებული სახით ჰოუტერმანსის “გამოგონება” მეცნიერული თვალსაზრისით სრული უაზრობაა და რომ მისი მთელი აღიარება, შესაბამისად, ყალბია და სავარაუდოდ, ცუდი მოპყრობითაა გამოძალული. ამ ხერხით ჰოუტერმანსმა არა მხოლოდ დროებითი შვება მოიპოვა გამომძიებლების ყურადღებისგან, არამედ შანსიც, რომ მის “საქმეს” გარეშე მხრიდან გადახედავდნენ.

1940 წლის გაზაფხულზე ის პირობითად გაათავისუფლეს. უცნობია – ცნობილი უცხოელი ფიზიკოსების პეტიციების თუ კაპიცას ჩარევის წყალობით. ასე იყო თუ ისე, ის ბრესტ-ლიტოვსკში გესტაპოს გადასცეს, რომელმაც კვლავ საკანში ჩასვა, თუმცა საბოლოოდ ფონ ლაუეს ჩარევის წყალობით გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ომის დამთავრებამდე გესტაპოს ზედამხედველობის ქვეშ იქნებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას რომელიმე სახელმწიფო ან საუნივერსიტეტო კვლევით პროგრამაში. ბერლინში, გათავისუფლებიდან სულ რამდენიმე დღეში, მან შეიტყო “ურანის საზოგადოების” არსებობა, რომელიც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მიუხედავად ციხეში გატარებული წლებისა და უახლესი კვლევების შედეგების არცოდნისა, ის მყისიერად მიხვდა, რა მიზანი უნდა ჰქონოდა ამ ჯგუფს. მან თავად, ჯერ კიდევ 1932 წელს მიაქცია ყურადღება ურანში ჯაჭვური რეაქციის შესაძლებლობას და საბჭოთა კავშირში მის დაპატიმრებამდე მსგავსი პრობლემების გარკვევაზე მუშაობდა. 1937 წელს მან მოხსენებაც კი გააკეთა ნეიტრონების შთანთქმაზე საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიაში. კომუნისტურ საიდუმლო პოლიციას რომ არ ჩამოეცილებინა კვლევისათვის, სავსებით შესაძლებელია, რომ ატომის დაშლა და ჯაჭვური რეაქცია პირველად საბჭოთა რუსეთში აღმოეჩინათ.

იმ ამბავმა, რომ ჰაიზენბერგი და ვაიცზეკერი ახლა სერიოზულად იკვლევდნენ ჯაჭვური რექციის პრაქტიკული გამოყენების საკითხს, ჰოუტერმანსი შეძრა. მან ლაუეს მიმართა. ნობელის პრემიის ლაურეატმა ის ამ სიტყვებით დაამშვიდა: “ძვირფასო კოლეგა, ჯერ არავის არ გამოუგონია ის, რისი გამოგონებაც არ სურდა.”

ვინაიდან ჰოუტერმანსს აუკრძალეს ნებისმიერ სახელმწუფო ან საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში მუშაობა, 1940 წლის მაისში მან ცნობილ გამომგონებელს, ბარონ მანფრედ ფორ არდენს მიმართა, რომელიც ბერლინის ახლოს, ლიხტეფელდეში, თავის კერძო კვლევით ინსტიტუტში საფოსტო უწყების დაკვეთით მუშაობდა. მესამე რაიხის სამთავრობო უწყებებს შორის იმ დროისთვის დამახასიათებელი ჯიბრით განათლების და სამხედრო დეპარტამენტის გარდა საფოსტო უწყებაც კი ჩაბმული იყო ატომურ კვლევებში. გენერალურ ფოსტმაისტერს ონესორგეს, როგორც სჩანს, სწამდა, რომ ფიურერის თვალში წარმოუდგენლად ამაღლდება, თუ ერთ დღეს მას “სასწაულებრივ იარაღს” წარუდგენს მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო უწყებას ხელმძღვანელობს. თუმცა როცა დიდი ხნის ნანატრი მომენტი დადგა და კაბინეტის სხდომაზე ონესორგემ დაიწყო ურანის ბომბზე მისი კვლევების მდგომარეობის შესახებ მოხსენება, ჰიტლერმა მას დამცინავი რეპლიკით შეაწყვეტინა: “ნახეთ, ბატონებო, აქ თქვენ ყველანი ტვინს იჭყლეტთ იმაზე, თუ როგორ გავიმარჯვოთ ამ ომში და თურმე ნუ იტყვით, პრობლემა ჩვენ ფოსტმაისტერს ამოუხსნია!”

ახალმა შეფმა, ფონ არდენმა ჰოუტერმანსს შესთავაზა, ურანის პრობლემით დაკავებულიყო, რისი ხელაღებით უარყოფაც მან ვერ გაბედა. მიუხედავად ზიზღისა, რომელსაც ის ნებისმიერი სამხედრო თემატიკის მიმართ გრძნობდა, საბჭოთა კავშირში მიღებულმა მწარე გამოცდილებამ ასწავლა, რომ ყველაზე უსაფრთხო რამ ამ დროს “ბურთის კოტრიალი,” ანუ თანამშრომლობის სიმულაციაა. მან მუშაობის დროს შედგენილი ჩანაწერები საიდუმლო სეიფებში გამოკეტა.

1940 წლის სექტემბერში ჰოუტერმანსმა დაასრულა ურანის პრობლემის შესწავლის პირველი სტადია. მისი იმდროინდელი ჩანაწერები უკვე შეიცავს ურანის რეაქტორის გამოყენებას ელემენტ-93 ან 94-ის მიკროსკოპიულ რაოდენობათა წარმოქმელად. 1941 წლის ივლისში მისთვის სრულიად ცხადი გახდა, რომ ატომური ბომბის შექმნა შესაძლებელი იქნება, თუ ამ ნივთიერების, რომელსაც მოგვიანებით პლუტონიუმი უწოდეს, რეაქტორში საკმარისი რაოდენობით წარმოქნა მოხერხდება. თუმცა ჰოუტერმანსს თავისი სამუშაოს ეს მხარე არ გაუმჟღავნებია, რადგან ამ საკითხზე ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ერიდებოდა. მეტიც, მან სთხოვა დოქტორ ოტერბაინს, ვისი საშუალებითაც საფოსტო უწყება კონტაქტს ახორციელებდა “ურანის საზოგადოებასთან” უზრუნველეყო, რომ ეს კვლევები შეიარაღებათა დეპარტამენტის საიდუმლო ანგარიშებში არ მოხვედრილიყო. დროდადრო გადამოწმებით ის რწმუნდებოდა, რომ მისი ჩანაწერები საფოსტო უწყების სეიფშია. მხოლოდ 1944 წელს, როდესაც ჰამბურგელი ფიზიკოსი ჰარტეკი დამოუკიდებლად მივიდა იგივე დასკვნამდე, ჰოუტერმანსი დათანხმდა თავისი სტატიის შეზრუდული სახით პუბლიკაციას. ამ პერიოდში. როდესაც ქვეყანა ყოველდღიურად იბომბებოდა, გერმანული ატომური პროექტის წარმატებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ასეთი ახსნა აქვს იმ ფაქტს, რომ ომის ბოლოს გერმანული ბირთვული კვლევის უმნიშვნელოვანესი პუბლიკაციები სათაურით “ჯაჭვური ბირთვული რეაქციების რეალიზაციის პრობლემა.” საფოსტო უწყების საიდუმლო კვლევების ანგარიშებში იპოვეს.

მიუხედავად საკუთარი პოლიტიკური განსაცდელისა, ჰოუტერმანსი პირადად დაუკავშირდა ჰაიზენბერგს და ვაიცზეკერს გესტაპოდან გათავისუფლებიდან მოკლე ხანში. მას უშუალოდ მათგან უნდოდა გაეგო “ურანის საზოგადოების” მიზანი. პასუხად მიიღო დამაშვიდებელი ინფორმაცია რომ მთელი ძალისხმევა ”ურანის მანქანაზე” უნდა დაკონცებნტრირდეს, რათა სახელმწიფო უწყებათა ყურადღება ბომბის შექმნის შესაძლებლობიდან გადაიტანონ . 1941 წლის ზამთარში მას დამატებითი კონფიდენციალური საუბარი ჰქონდა ვაიცზეკერთან, სადაც საკუთარ კვლევებზე უამბო, რომლებსაც არდენთან აწარმოებდა და გამოუტყდა, რომ არ გაუმჟღავნებია ბომბის შექმნის შესაძლებლობები, რომლებიც ამ კვლევებში დადგინდა . ჰოუტერმანსის გულახდილობამ მის თანამოსაუბრესაც მისცა შესაძლებლობა უფრო გახსნილიყო. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ორი ადამიანი შეთანხმდა, რომ ‘ურანის პოლიტიკის” პირველი და უმთავრესი ამოცანა უწყებებისთვის ატომური ბომბის შექმნის ახლა უკვე გარდაუვალი შესაძლებლობა არ გაემჟღავნებინათ. ჰაიზენბერგმა და ვაიცზეკერმა დაარწუნეს ჰოუტერმანსი, რომ ასევე მოექცეოდნენ მის საკუთარ ნაშრომებსაც იმ შემთხვევაში, თუ სადმე ოფიციალურად წააწყდებოდნენ.

ამ სამი ადამიანის გარდა, სულ ცოტა ათი მოწინავე გერმანელი ფიზიკოსი მაინც შეთანხმდა იმაზე, რომ ეცდებოდნენ თავიდან აეცილებინათ ჰიტლერის სამხედრო მანქანასთან მუშაობა, ან უკიდურეს შემთხვევაში თავი მოეკატუნებინათ. გერმანელ ფიზიკოსთა სახელები, ვინც უარი განაცხადა ჰიტლერი დამატებითი შეიარაღებით უზრუნველეყო ომის დაწყების შემდეგ ინახებოდა შვედეთში – პროფესორ ვესტგრენთან და ჰოლანდიაში – პროფესორ ბურგერსთან. გადაწყდა, რომ მკვლევართა ღია გაფიცვა საშიშია, რადგან გზას უხსნის ნაკლებად სინდისიერ და ამბიციურ ადამიანებს. ვიდრე გადადებისა და დროის გაწელვის პოლიტიკა იმუშავებს, სჯობს გარისკვა. თუმცა რამდენიმე ატომურმა ფიზიკოსმა ჩათვალა, რომ თუ ასეთი კურსი ვეღარ გაგრძელდებოდა, მათი ვალი პოლიტიკაში აქტიური ჩარევა გახდებოდა. შესაბამისად, მათ კავშირი ჰქონდათ შეთქმულთა პარტიასთან, რომელსაც გენერალი ბეკი და ლაიპციგის მთავარი ბურგომისტრი გარდელერი ედგნენ სათავეში.

ეს ფიზიკოსები, რომელთა ნაწილი პასიური წინააღმდეგობის პოლიტიკას მხოლოდ საკუთარ სინდისთან დიდი ბრძოლის შემდეგ დათთანხმდა, არ წარმოადგენდნენ რამდენადმე ორგანიზებულ ან კომპაქტურ ჯგუფს. მათ უბრალოდ იცოდნენ, “ვინ ეკუთვნის წრეს.” თუ ამ წრეს ახალბედა უახლოვდებოდა, მასთან ფრთხილობდნენ. პროცესი უწყინარი პოლიტიკური ხუმრობებით იწყებოდა,რომლებიც რბილ კრიტიკაში გადადოდა და თანდათან სახიფათო თემებს ეხებოდა. ცნობილი ბირთვული ფიზიკოსი ჰაქსელი იხსენებს: “ურთიერთნდობა თანდათან, მცირე ნაბიჟებით მყარდებოდა, ვიდრე საბოლოოდ თითოეულ ჩვენგანი საკუთარ სიცოცხლეს სხვებს არ ანდობდა. ამ მომენტიდან მოყოლებული თავისუფლად ვიწყებდით ლაპარაკს.”

“ერეტიკოსი ფიზიკოსების” შეკრების საყვარელი ადგილი სამეცნიერო წიგნების და პერიოდიკის გამომცემლის, დოქტორ პაულ როზბაუდის ბერლინური ოფისი ან ქალაქგარეთ, ტელტოვში მდებარე პატრა სახლი იყო. ტემპერამენტული ავსტრიელი როზბაუდი ახლოს იცნობდა თითქმის ყველა თავის ავტორს. გესტაპოსთან დამოკიდებულებაში მისი გაბედულება თავზეხელაღებულობამდე მიდიოდა. თუ ვინმეს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს, რომ გერმანელი მეცნიერების ჰიტლერის მიმართ პასიური წინააღმდეგობის სულისჩამდგმელი იყო, ეს გულკეთილი ადამიანია. შუაგულ ომში ის არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც ამაგრებდა კეთილი ნების ადამიანთა სოლიდარობის იდეას. მას წესად ჰქონდა მაგალითად, მეტროპოლიტენში “შეცდომით” იმ ადგილებში შესვლა, რომელიც იძულებით ჩამოყვანილი მუშახელისთვის იყო განკუთვნილი. აქ ის ჩუმად არიგებდა საკვებს ან სხვა რამ მცირედ საჩუქრებს. მან მოახერხა ფრანგი ფიზიკოსები, პერუ და პიატიე სამხედრო ბანაკიდან გაეთავისუფლებინა იმისათვის, რომ იულიუს შპრინგერის ფირმისთვის ფრანგულად ეთარგმნათ ფიზიკის ცნობილი გერმანული წიგნი. თუმცა წინასწარ ჟოლიო-კიურისგან ამაზე თანხმობა მოიპოვა, რათა ფრანგი ოფიცრები შემდგომში კოლაბორაციონიზმში ბრალდებისგან გაეთავისუფლებინათ.

ჟოლიოს და ნაცისტების მიმართ მტრულად განწყობილ გერმანელ ფიზიკოსებს შორის ურთიერთობის ბევრი არხი ღია დარჩა. 1940 წლის ზაფხულში ვოლფგანგ გენტნერი, რომელიც ჟოლიო-კიურისთან ომამდე მუშაობდა, ოკუპირებულ პარიზში გერმანული სამხედრო სარდლობის სახელით თავისი ყოფილი შეფის ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა, თუმცა ეს მხოლოდ მას მერე გააკეთა, როდესაც ჟოლიომ ამაზე თანხმობა ღიად გამოხატა. ორი ატომური ფიზიკოსი, რომელთა ურთიერთნდობა ომმა იოტისოდენადაც კი არ შეასუსტა, სენ-მიშელის ბულვარზე კაფეს ტერასაზე დასხდნენ, როგორც ხშირად მსხდარან ადრე და მენიუს უკანა გვერდზე შეადგნეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჟოლიოს ლაბორატორია არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა საომარი მიზნებისათვის გამოყენებული. შემდგომში გენტნერი ბევრჯერ ჩაერია პირადად, რათა ჟოლიო და პოლ ლანჟევენი ესესის კლანჭებიდან დაეხსნა. ბოლოს, 1943 წელს, ის პარიზიდან გაიწვიეს “სირბილის” გამო. ის გაქანებულმა ნაცისტმა ჩაანაცვლა, რომელსაც მოგვიანებით პოლიცია ბრილიანტების კონტრაბანდისთვის დევნიდა.

პაციფისტ გერმანელ ატომის ფიზიკოსებს შორის რამდენჯერმე დაისვა კითხვა: უნდა აცნობონ თუ არა მოწინააღმდეგე მხარეს გერმანული კვლევების მდგომარეობა და “ურანის საზოგადოების” რეალური მიზნები. ჰოუტერმანსი, რომელმაც სტალინური საიდუმლო პოლიციის დილეგები გამოიარა, ამაზე არც კი ეჭვობდა:”ტოტალიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ ნებისმიერ წესიერ ადამიანს უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სახელმწიფო მოღალატე გახდეს,” ამტკიცებდა ის. ჰაიზენბერგისთვის ესოდენ რადიკალური პოზიცია სავარაუდოდ მიუღებელი იყო. ვაიცზეკერის თქმით, “ის იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც იმდენად შოკირებულები იყვნენ ტერორითა და ცინიზმით, რომლითაც ნაცისტებმა ომი გააჩაღეს, რომ ვერაფრით ვერ აიძულებდნენ თავს ნაცისტების გამარჯვება სდომებოდათ, მეორეს მხრივ, გერმანიის დამარცხებსაც ვერ ისურვებდნენ საშინელი მოსალოდნელი შედეგების გამო.”

თუმცა ჰაიზენბერგს ალბათ არ სურდა გერმანიის საბოლოო კოლაფსი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ გერმანიის მარცხი ლოგიკურად გარდაუვალია. როგორც მოგვიანებით საუბარში აღნიშნა, “გერმანიისთვის ომი ჭადრაკის ენდშპილის მსგავსი იყო, სადაც მას მოწინააღმდეგეზე ეტლით ნაკლები ჰყავდა. ომის წაგება ისეთივე ცხადი იყო, როგორც ჭადრაკის ასეთი პარტიის დასასრული.”

რისი გაკეთება შეიძლებოდა კოლაფსის შოკის შესამსუბუქებლად და გერმანიისთვის ომის დამამთავრებელი ფაზის საშინელებათა შესამცირებლად? სავარაუდოდ ამ კითხვას უსვამდა ჰაიზენბერგი საკუთარ სინდისს მაშინ, როდესაც გადაწყვიტა ატომური ბომბის შესახებ გავლენიან უცხოელ მეგობართან ემსჯელა. იქნებ შესაძლებელია ნეგატიური საიდუმლოს გაცემით – იმით რომ გერმანელები არ აპირებენ ატომური იარაღის შექმნას, ბრიტანელების და ამერიკელების შეჩერებაც და ამით ქვეყნის ატომური ბომბარდირების საშინელებათაგან დახსნა? შესაძლოა, ასეთმა მოსაზრებებმა განაპირობეს 1941 წლის ოქტომბერში ნაკლებად ცნობილი სამშვიდობო მცდელობა. გერმანელ და მოკავშირე ატომურ ექსპერტებს შორის მდუმარე შეთანხმებით ზნეობრივად მიუღებელი იარაღის წარმოება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ჰაიზენბერგი ამ დროს ოკუპირებულ კოპენჰაგენში ლექციის ჩასატარებლად მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ბორი ნახევრად ებრაელი იყო და პირადულად ემუქრებოდა საფრთხე, ის დანიის დედაქალაქში რჩებოდა. მას ესმოდა, რომ მისი ყოფნა ერთადერთი დაცვაა ინსტიტუტის “არაარიელი” თანამშრომლებისთვის. მოკავშირეთა აგენტები გამუდმებით უჩიჩინებდნენ, რომ გაქცეულიყო, მაგრამ ის პასუხობდა, რომ დარჩება კოპენჰაგენში,ვიდრე ეს საერთოდ განხორციელებადია. ბორის მიმოწერას უცხოეთთან მისი მეგობრები უფრო გულდასმით უკირკიტებდნენ, ვიდრე ნაცისტი ცენზორები. კოპენჰაგენის ოკუპაციის შემდეგ ინგლისში ფრიშისთვის გაგზავნილ დეპეშაში ბორმა მოიკითხა “მისს მოდ რეი კენტიდან.” ('Miss Maud Rey at Kent')მ იმღებმა ასეთი ქალის სახელი ვერ გაიხსენა და ამიტომ იდეა გაუჩნდა, რომ ეს ანაგრამაა, რომელიც უნდა ნიშნავდეს “რადიუმი წაღებულია” ('radium taken'). აქედან გაკეთდა დასკვნა, თითქოს ბორი საიდუმლოდ იტყობინება, რომ გერმანელებმა ინსტიტუტში რადიუმის კონფისკაცია მოახდინეს. დიდი ხნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბორი ზუსტად იმას გულისხმობდა, რაც დეპეშაში ჩაწერა. არავითარი საიდუმლო გზავნილი არ ყოფილა. მან მხოლოდ ძველი ნაცნობი მოიკითხა, მაგრამ ქალის სახელი ტელეგრაფმა დაამახინჯა. მიუხედავად ამისა, ბრიტანელმა ფიზიკოსებმა, რომლებიც 1940 წლიდან საკუთარი ატომური პროექტით იყვნენ დაკავებულები, არაფერი არ იცოდნენ ამ შეცდომის შესახებ.

თავიანთი მასწავლებლის საპატივცემულოდ გზავნილის მიღების შემდეგ მათ გადაწყვიტეს საკუთარი პროექტისთვის კოდური სახელი M.A.U.D. მიენიჭებინათ.

ცოტა ხნის შემდეგ ბორმა საფოსტო ბარათი გააგზავნა, სადაც თავისი ძველი მოწაფე სახელად “D. Burns” მოიკითხა. ამჯერადაც ჩათვალეს, რომ ტექსტის მიღმა უდიდესი მნიშვნელობის საიდუმლო გზავნილი იმალება. გამოითქვა ჰიპოთეზა, რომ ბორს უნდა მოკავშირე კოლეგებს აცნობოს, რომ აღმოაჩინა, თითქოს დეიტერიუმი (წყალბადის მძიმე იზოტოპი) ადვილად აალებადია.

გერმანელმა ფიზიკოსებმა იცოდნენ, რომ თუ მოინდომებდა, ბორი მყისიერად დაამყარებდა საუკეთესო შესაძლო ურთიერთობებს მათსა და ბრიტანეთში თუ შეერთებულ შტატებში მომუშავე ფიზიკოსებს შორის. ამ თვალსაზრისით ის იდეალური შუამავალი იყო.

საუბედუროდ უმნიშვნელოვანესი საუბარი ჰაიზენბერგსა და ბორს შორის კოპენჰაგენში თავიდანვე დაინავსა. ბორს შეატყობინეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჰაიზენბერგმა მის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე პოლონეთში გერმანიის შეჭრა გაამართლა. ფაქტი ის იყო, რომ ჭეშმარიტი განწყობის დასაფარავად ჰაიზენბერგი საზოგადოებაში, განსაკუთრებით უცხოეთში, სრულიად განსხვავებულად იქცეოდა, ვიდრე ნაცნობებთან. თუმცა ბორს, სიმართლის ამ ფანატიკურ მიმდევარს, არც შეეძლო და არც სურდა ამგვარი ორმაგი თამაშის გაგება, რომელსაც ტოტალიტარული იძულების სკოლაში სწავლობდნენ. შესაბამისად, როდესაც ჰაიზენბერგი მასთან მივიდა, ის უკიდურესად თავშეკავებულად და ცივადაც კი შეხვდა ერთ დროს უსაყვარლეს მოსწავლეს.

ჰაიზენბერგმა დაიწყო იმით, რომ სთხოვა ბორს გერმანელ ფიზიკოსებზე განხორციელებული ზეწოლა გაეაზრებინა, მერე თანდათან, ფრთხილად გადაიტანა საუბარი ატომურ ბომბზე. სამწუხაროდ, მან ვერ მიაღწია იქამდე, რომ გულახდილად განეცხადებინა – ის და მისი ჯგუფი ყველა ძალას იხმარს იმისათვის, რომ დაამუხრუჭოს ამ იარაღის შექმნა, თუ მეორე მხარეც ასევე მოიქცევა. გადაჭარბებული სიფრთხილემ, რომლითაც ორივე ადამიანი ეკიდებოდა სათქმელს, საბოლოოდ ის უთქმელი დატოვა. როდესაც ჰაიზენბერგმა ჰკითხა ბორს, შესაძლებლად თვლის თუ არა ის ბომბის შექმნას, ამ უკანასკნელმა, რომელსაც 1940 წლის აპრილის შემდეგ ბრიტანულ და ამერიკულ პროგრესზე აღარაფერი სმენია გასაიდუმლოების გამო, თავშეკავებულად უარყოფითი პასუხი გასცა. ჰაიზენბერგმა გაბედა და თქვა მთელი მის ხელთ არსებული დამაჯერებლობით, რომ ზუსტად იცის, რომ ეს შესაძლებელია, მართალია უდიდესი ძალისხმევით, მაგრამ ძალიან მოკლე დროში. ****

ბორი იმდენად შეწუხდა სიტუაციის ჰაიზენბერგისეული აღწერით, რომ საჭიროზე ნაკლები ყურადღება მიაქცია ჰაიზენბერგის შენიშვნებს ასეთი იარაღის საეჭვო ზნეობრივ ასპექტებზე.

როდესაც ჰაიზენბერგმა მასწავლებელი დატოვა, მას ისეთი განწყობა დაეუფლა, რომ საქმეს კი არ ეშველა, არამედ პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა. ბორის უნდობლობა ჰიტლერის გერმანიაში დარჩენილი ფიზიკოსების მიმართ მისი მოწაფის ვიზიტმა ვერ შეამცირა. პირიქით, ახლა ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ხალხი ინტენსიურად და წარმატებით მუშაობს ურანის ბომბის შექმნაზე.

ამ არასწორი შთაბეჭდილების გამოსასწორებლად კოპენჰაგენში ბორის სანახავად მალე მეორე გერმანელი ატომის ფიზიკოსი გაემგზავრა. ამასობაში ბორის ეჭვები იმდენად გაღრმავდა, რომ როდესაც ახალგაზრდა იენსენმა ღიად განუცხადა ის, რასაც ფრთხილი ჰაიზენბერგი მინიშნებით ცდილობდა, მან სტუმარი მოგზავნილ აგენტ-პროვოკატორად ჩათვალა.

როგორც კი ბორის ინსტიტუტის ოკუპაცია გარდაუვალი გახდა, 1943 წელს ის ძალიან სახიფათო გარემოებებში შვედეთის გავლით ინგლისში გაიქცა. ინგლისში ჩასვლისას, ამ საუბრების საფუძველზე მან გააგრძელა ანგლო-ამერიკელ ხელისუფალთა წახალისება, რათა ჰიტლერისთვის ატომური ბომბის დამზადება დაესწროთ.

* ესენი ძირითადად ინჟინრები იყვნენ. თეორეტიკოსები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიდიოდნენ თანამშრომლობაზე. მართალია, გერმანიის ოკუპაციის შემდეგ მოკავშირეთა ტექნიკოსებმა მრავალ სამხედრო აღმოჩენას მიაკვლიეს, მაგრამ ეს ყოველთვის საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერული პრინციპების გამოყენებით მიღწეული გაუმჯობესებები იყო მხოლოდ.

** ფონ ვაიცზეკერი ამასთან დაკავშირებით შენიშნავს: “დებაის წასვლის შემდეგ არმიის შეიარაღებათა დეპარტამენტის განკარგულებაში მოვექეცით. თანდათან სულ უფრო მეტად უსიამოვნო ხალხს გვახვევდნენ თავს… ჰაიზენბერგს ყოველ კვირაში ვიწვევდით, რათა რჩევები მოეცა. ერთი წლის გასვლის შემდეგ, როგორც ვვარაუდობდით, ის პრაქტიკულად ყველა ჩვენს კვლევას წარმართავდა. ამის შემდეგ მოვახერხეთ კაიზერ ვილჰელმის საზოგადოების პრეზიდენტის და სენატის, რომლებმაც შესანიშნავად იცოდნენ ჩვენი პოლიტიკური განწყობები, იმაში დარწმუნება, რომ ჰაიზენბერგი ჩვენს ოფიციალურ დირექტორად დაენიშნათ. ამან ბოლო მოუღო უცხოთა შემოჭრას. დებაის პრეროგატივა რომ არ დარღვეულიყო, ჰაიზენბერგის თანამდებობას დაერქვა Director at the Institute, რადგან დებაის მაინც განვიხილავდით, როგოეც Director of the Institute.

*** თავად ჰაიზენბერგმა საკუთარი იმდროინდელი საქციელის დაცვა ავტორთან შემდეგნაირად გამოხატა: “დიქტატურის პირობებში აქტიური წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც რეჟიმს თანამშრომლობის ცრუ შთაბეჭდილებას უქმნის. ის, ვინც სისტემის წინააღმდეგ ღიად გამოდის, საკუთარ თავს ყველანაირი აქტიური წინააღმდეგობის შესაძლებლობას უკარგავს. დროგამოშვებით, პოლიტიკურად უსაფრთხოდ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამკეთებელის პოლიტიკური გავლენის ბლოკირება იოლი საქმეა… მეორეს მხრივ, პოლიტიკური მოძრაობის წამოწყების მცდელობა, მაგალითად სტუდენტებს შორის, ბუნებრივია, რამდენიმე დღეში საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩენით დასრულდება. მოკვლის შემთხვევაშიც კი, მოწამეობასაც კი ვერავინ ვერ შეიტყობს, რადგან სახელის ხსენება აიკრძალება… ყოველთვის მრცხვენია, როდესაც ვფიქრობ მათზე, მათ შორის ჩემ მეგობრებზე, ვინც 20 ივლისს თავი გაწირა და რეჟიმს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მათი მაგალითიც ამტკიცებს, რომ სერიუზული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც თავს კოლაბორაციონისტად მოაჩვენებს.”

**** წიგნის ავტორისადმი ამ გზავნილში ჰაიზენბერგი ბორთან შეხვედრას წერილობით პირველად შეეხო:

“რამდენადაც მახსოვს, თუმც კი შესაძლოა ვცდებოდე ასეთი ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, საუბარი ასე წარიმართა. მე კოპენჰაგენში 1941 წლის შემოდგომაზე ჩავედი, ვფიქრობ, რომ ოქტომბრის ბოლო იყო. ამ დროისთვის ‘ურანის საზოგადოებაში” ურანთან და მძიმე წყალთან ჩვენი ექსპერიმენტების შედეგად შემდეგ დასკვნამდე მივედით: დანამდვილებით შესაძლებელი იქნება ურანისა და მძიმე წყლის საშუალებით რეაქტორის შექმნა, რომელიც ენერგიას უზრუნველყოფს. ამ რეაქტორში (ფონ ვაიცზეკერის თეორიული შრომის თანახმად) წარმოიქმნება დაშლის პროდუქტი ურან 239, რომელიც ისევე გამოსადეგი იქნებოდა ატომურ ბომბში ასაფეთქებლად, როგორც ურან-235. ჩვენ არ ვიცოდით ურან 235-ის მიღების პროცესი, რომელიც ომისდროინდელი გერმანიის პირობებში რამდენადმე მნიშვნელოვან რაოდენობას მოგვცემდა. მეორეს მხრივ, ვინაიდან ატომური ასაფეთქებელის წარმოქმნა მხოლოდ უზარმაზარი რეაქტორების წლობით მუშაობის შედეგი უნდა ყოფილიყო, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ატომური ბომბების დამზადება შეიძლებოდა მხოლოდ უზარმაზარი ტექნიკური რესურსებით. ჩვენ ვიცოდით, რომ ატომური ბომბების დამზადება შესაძლეელია, მაგრამ აუცილებელი ტექნიკური დანახარჯები იმ დროს გავაზვიადეთ. ეს მდგომარეობა ხელსაყრელად ჩავთვალეთ, რადგან ის საშუალებას აძლევდა ფიზიკოსებს შემდგომ განვითარებაზე გავლენა მოეხდინათ. ბომბის შექმნა შეუძლებელი რომ ყოფილიყო, პრობლემაც არ იარსებებდა, მაგრამ თუ მათი შექმნა ადვილი იქნებოდა, ფიზიკოსები ვერ შეძლებდნენ მათი დამზადების თავიდან აცილებას. ეს მდგომარეობა ფიზიკოსებს იმ დროს გადამწყვეტ ზეგავლენას ანიჭებდა მოვლენათა განვითარებაზე, რადგან მათ შეეძლოთ ემტკიცებინათ მთავრობებისთვის, რომ ომის განმავლობაში ისინი ხელმისაწვდომი ვერ გახდება. მეორეს მხრივ არსებობდა შესაძლებლობა პროექტის განხორციელებისა, უზარმაზარი ძალისხმევის გაღებით. შემდგომმა განვითარებამ გვაჩვენა, რომ ორივე მიდგომა სწორი და სრულად გამართლებული იყო – ამერიკელებმა, მაგალითად, ვერ მოასწრეს ატომური ბომბის გერმანიის წინააღმდეგ გამოყენება.

ამ გარემოებებში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბორთან დალაპარაკება ფასეული იქნებოდა. ეს საუბარი ნი-კარლსბერგის მიდამოებში საღამოს გასეირნებისას შედგა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბორი გერმანული პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვირვების ქვეშაა და მისი განცხადებები ჩემს შესახებ სავარაუდოდ გერმანიაში გადაიცემა, ვეცადე საუბარი ისე წარმემართა, რომ ჩემი სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხე არ შემექნა. ეს საუბარი ალბათ იმ კითხვით დაიწყო, გამართლებულია თუ არა ფიზიკოსისთვის ომის დროს ურანის პრობლემაზე მუშაობა, რადგან ამ სფეროში წარმატებას საომარ მეთოდებში საშინელი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. ბორმა ამ შეკითხვის მნიშვნელობა უმალვე გაიგო, რაც ოდნავ შეშინებულ რეაქციაზე შევატყვე. როგორც მახსოვს, მან კონტრშეკითხვით მიპასუხა: “მართლა ფიქრობთ, რომ ურანის დაშლა იარაღის შესაქმნელად გამოდგება?” მე როგორც ჩანს, ვუპასუხე “ ვიცი, რომ ეს პრინციპულად შესაძლებელია, მაგრამ უზარმაზარი ტექნიკური ძალისხმევა დასჭირდება, რაც, იმედი ვიქონიოთ, ამ ომში ვერ განხორციელდება.” ბორი შეძრა ჩემმა პასუხმა, რადგან სავარაუდოდ იფიქრა, რომ მინდოდა მისთვის გადამეცა, თითქოს გერმანიამ ატომური იარაღის შექმნის მიმართულებით დიდ პროგრესს მიაღწია. მართალია ვეცადე, რომ რომ ეს არასწორი შთაბეჭდილება გამექარვებინა, მაგრამ ალბათ ბორის სრული ნდობა ვერ მოვიპოვე, რადგან მხოლოდ ფრთხილად ლაპარაკი გავბედე (რაც ნამდვილად შეცდომა იყო ჩემის მხრივ), რადგან ვშიშობდი, რომ ესა თუ ის ფრაზა მოგვიანებით ჩემს წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ. ამ საუბრის შედეგებით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი.”

თუმცა ჰაიზენბერგი მაინც ამბობს, რომ დღეს აღარ ძალუძს ამ საუბრის სიტყვა-სიტყვით აღდგენა. ამ საუბრის შინაარსის ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციის მცდელობა ძალზე ფაქიზ ნიუანსებზეა დამოკიდებული. ვინაიდან არცერთ მონაწილეს სტენოგრაფიული ჩანაწერი არ გააჩნია, ჰაიზენბერგის მეხსიერებაში შემორჩენილი შენიშვნები, მიუხედავად მათი არასრულყოფილებისა – საუკეთესო წყაროდ რჩება.



No comments:

Post a Comment