7 აგვისტოს, დილის 9 საათზე, ყველაზე ცნობილი იაპონელი ატომური ფიზიკოსის, იოშიო ნიშიმას ლაბორატორიაში, რომელიც წინა საჰაერო თავდასმისას ძალიან დაზარალდა, იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი გამოცხადდა და მოსთხოვა ნიშიმას დაუყოვნებლივ გაჰყოლოდა მას გენერალური შტაბში. ნიშიმას კითხვაზე, თუ რაში დასჭირდა ის შტაბს, ოფიცერს მხოლოდ გაეღიმა. ვიდრე ნიშიმა თანამშრომლებს მითითებებს აძლევდა, რა უნდა გაეკეთებინათ მის დაბრუნებამდე, ახალი ამბების ოფიციალური სააგენტო “დომეის” კორესპონდენტიც მოვიდა და იკითხა, სჯერა თუ არა პროფესორს ამერიკული რადიოს განცხადების, თითქოს ჰიროშიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს.
მეცნიერი საშინლად შეშფოთდა. თავისი თანამემამულეების უმრავლესობის მსგავსად, მას ჯერ კიდევ არაფერი სმენოდა ატომური ბომბარდირების შესახებ, თუმცა 1939 წლიდან მოყოლებული, ბევრჯერ უფიქრია ასეთი ბომბის შექმnისა და ომში მისი გამოყენების შესაძლებლობაზე. მას კერძო გამოთვლებიც კი ჰქონდა ჩატარებული ნგრევის ხარისხზე, რომელიც ამან შეიძლება გამოიწვიოს.
ჟურნალისტი ფიქრობდა, რომ ეს პროპაგანდისტული ხრიკი იყო და იმედი ჰქონდა, რომ პროფესორიც დაადასტურებდა, რომ ეს ტყუილია. ნაცლად ამისა ნიშიმამ მხოლოდ თავი დააქნია და გაფითრებული ტუჩებიდან ბორძიკით წარმოთქვა: “დიახ, სავსებით შესაძლებელია…” შემდეგ კი ოფიცერს გაჰყვა.
ნიშიმა იაპონელის პირობაზეც კი თანმორჩილი იყო, მისი მეგობრული, ოთხკუთხა, მცირე მეჭეჭებით დაწინწკლული სახე მთელი მსოფლიოს ატომური მეცნიერებისათვის ნაცნობი და საყვარელი იყო. ის ოციან წლებში, ნილს ბორთან, კოპენჰაგენში მუშაობდა და მის სხვა მოწაფესთან ერთად “კლაინ-ნიშიმას ფორმულა” გამოიყვანა. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ მან ატომური ფიზიკის სკოლა დააარსა. ამდენად ის იყო პირველი ადამიანი, ვისთვისაც ახალი იარაღის თაობაზე რჩევა უნდა ეკითხათ, რადგან ჰიროშიმაში მომხდარი კატასტროფიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ტოკიოში წარმდგენა არ ჰქონდათ, იქ რა მოხდა. უადრესი ოფიციალური ცნობა, რომელსაც ჩუკოგუს რეგიონის ადმინისტრაციის უფროსი სამოქალაქო მოხელის გამოგზავნილი დეპეშა შეიცავდა, ამტკიცებდა, რომ ჰიროშიმას “თვითმფრინავების მცირე ჯგუფმა შეუტია” და “ სრულად ახალი სახის ბომბი” გამოიყენა. 7 აგვისტოს, გამთენიისას, გენერალური შტაბის მეთაურმა კავაბემ დამატებითი პატაკი მიიღო, რომელიც ერთი შეხედვით ფიქრმიუწვმდომელ წინადადებას შეიცავდა: “ქალაქი ჰიროშიმა მყისიერად ერთი ბომბითაა მთლიანად განადგურებული.”
კავაბეს იმ წამსვე გაახსენდა ნიშიმას მიერ ადრე ნათქვამი, რომ საზღვაო ძალების დაზვერვის მონაცემებით ატომური დაბომბვა შესაძლებელია. გამოჩენისთანავე კავაბემ პროფესორს ჰკითხა: “შეძლებთ ატომური ბომბის დამზადებას ექვს თვეში? საქმე თუ კარგად წაგვივიდა, ამდენ ხანს გავძლებთ.” ნიშიმამ უპასუხა:” შექმნილ ვითარებაში ექვსი წელიც კი არ გვეყოფა. ამას გარდა, ურანი საერთოდ არ გვაქვს.” ამის შემდეგ მეცნიერს ჰკითხეს, არსებობდა თუ არა ახალი იარაღისგან თავის დაცვის რამენაირი ეფექტური მეთოდი, რაზეც მან უპასუხა: “ჩამოაგდეთ მტრის ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც იაპონიის თავზე გამოჩნდება.”
ნიშიმას პასუხი იმდენად გამანადგურებელი ჩანდა, რომ ტოკიოს სამხედრო წრეებზე მყისიერი ზემოქმედება არ მოუხდენია. იმ დღესვე ნაჩქარევად მოწვეულმა ახალი ბომბის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემსწავლელმა კომიტეტმა სხვა მეცნიერის თვალსაზრისი გაიზიარა, რომლის მიხედვითაც თვით ამერიკელების ტექნიკური ოსტატობაც კი არაა საკმარისი ასეთი სახიფათო მოწყობილობის მთელი წყნარი ოკეანის გადაღმა. ამერიკიდან იაპონიაში გადასატანად.
ნიშიმას შესთავაზეს თავად გაფრენილიყო ჰიროშიმაში და ადგილზე შეემოწმებინა საკუთარი ვარაუდები. გადაწყდა, რომ ძირითადად სამხედრო ექსპერტებისგან შექმნილი კომისია იმავე დღეს, ორი თვითმფრინავით ტოკორაზავას აეროდრომიდან უბედურების ადგილისკენ გაფრინდებოდა. ნიშიმას თვითმფრინავში შუა გზაზე ძრავის გაუმართაობამ იჩინა თავი და ის იძულებული გახდა, ტოკიოში დაბრუნებულიყო. იაპონიას თვითმფრინავებში უკვე იმდენად უჭირდა, რომ ჰიროშიმაში გაფრენა მხოლოდ შემდეგ დღეს მოხერხდა. ცდისას პროფესორზე ერთმა შემთხვევამ უღრმესი ზეგავლენა იქონია. თავის მოწაფესთან, ფუკუდასთან ერთად ის ტოკიოს ქუჩაში იდგა, როდესაც ცაში ერთი B-29 გამოჩნდა. ტოკიოს მაცხოვრებლებს, რომლებიც მასიურ საჰაერო რეიდებს შეეჩვივნენ და ახალი ბომბის შესახებაც არაფერი იცოდნენ, რადგან გაზეთებს აუკრძალეს მასზე ინფორმაციის გავრცელება, დიდი ყურადღება ამ მტრული, სავარაუდოდ საკუთარ ფორმაციას ჩამორჩენილი ერთი თვითმფრინავისთვის არ მიუქცევიათ.
ორმა მეცნიერმა კი თავი ლაჩრად იგრძნო, როდესაც თავშესაფარის საძებნელად გაიქცნენ. ფუკუდა ყვება:
“სინდისის საოცარი ქენჯნა ვიგრძენით. მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, ჩვენს ირგვლივ კი არავინ, რომ ერთადერთ თვითმფრინავს უფრო საშინელი კატასტროფის გამოწვევა ძალუძს, ვიდრე მთელ აქამდე შემტევ ესკადრილიებს ერთად აღებულს. გვინდოდა გვეყვირა გარემომცველი ინდიფერენტული ხალხისთვის: “თავს უშველეთ! ეს არაა ჩვეულებრივბომბებიანი ჩვეულებრივი თვითმფრინავი!” თუმცა გენერალურმა შტაბმა მკაცრად აგვიკრძალა საიდუმლოს გამჟღავნება საკუთარი ოჯახებისთვისაც კი. ამიტომ იყო ჩვენი პირი მოკუმული. თანამოძმეთა გაფრთხილების აკრძალვისგან ბრაზითა და სირცხვილით გათანგულები, თავშესაფარში სულგანაბულები წუთებს ვითვლიდით, ვიდრე საჰაერო განგაშის გაუქმების სიგნალი არ გაისმა. საბედნიეროდ, იმ ჯერზე ატომური ბომბი არ ჩამოუგდიათ, თუმცა ამ დროებითმა გამართლებამ ჩვენი დათრგუნულობა ვერ გააქარწყლა. იმან, რომ ადამიანების გაფრთხილება ვერ გავბედეთ, თავი მოღალატეებად გვაგრძნობინა. ჩემი პატივცემული მასწავლებელი ნიშიმა იმ დღეს განცდილ დანაშაულის გრძნობას ვეღარასოდეს მოერია.”
ნიშიმა, რომელიც მეორე დღეს განმეორებით გაფრინდა ჰიროშიმისკენ, იმედს არ ჰკარგავდა, რომ ბოლოსდაბოლოს მისი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდებოდა. უბედურების პატრიოტული განცდის გარდა, მას ის გრძნობაც აწვალებდა, რომ დასავლელ მეცნიერებს, რომლებთანაც ის ამდენი წლის განმავლობაში მეგობრობდა, ამ მეცნიერული ზერიარაღის შექმნა იაპონელი ხალხის თვალში არაკაც უღჩხულებად აქცევდა. 8 აგვისტოს ნაშუადღევს, როდესაც თვითმფრინავიდან მხრჩოლავი ნანგრევების გროვა გამოჩნდა, რომელიც ერთდროს ჰიროშიმას აყვავებული ქალაქი იყო, ყველა მისი შიში გამართლდა. მოგვიანებით, ამერიკელი ოფიცრების ჯვარედინ დაკითხვაზე მან განაცხადა: “როდესაც ჰაერიდან ნგრევა დავინახე, ერთი შეხედვით მივხვდი, რომ ასეთი გამანადგურებელი ზემოქმედების მოხდენა მხოლოდ ატომურ ბომბს შეეძლო”
ოფიცერთა ჯგუფი არმიის მეორე ბიუროს (დაზვერვის დეპარტამენტი) დირექტორის, სეიზე არისუეს ხელმძღვანელობით, რომელმაც ჰიროშიმაში წინა დღით ჩააღწია, იმედს არ კარგავდა, რომ ჩვეულებრივი იარაღია გამოყენებული. აეროდრომის უფროს ოფიცერს, რომელმაც მათ შესახვედრად მიირბინა, სახის ნახევარი მთელი, მეორე კი მძიმედ დამწვარი ჰქონდა. დამწვრობაზე მითითებით მან თქვა: “ყველაფერი, რაც მიშვერილია, იწვის, რაც დაცულია, თუნდაც ოდნავად, გადარჩება. ასე რომ არ შეიძლება ითქვას, რომ დაცვის საშუალება არ არსებობს.”
ჰიროშიმას თავს დამტყდარი საშინელი კატასტროფის მეორე მოწმემ შემდეგ ადამიანთა უბედურების სცენები აღწერა. ნიშიმა თავად შეძრული იყო უბედურების მასშტაბით, თუმცა ამას საშუალება არ მისცა, მისთვის მუშაობაში ხელი შეეშალა. ის გარეგნულად მშვიდი, პროფესიონალი ექსპერტი დარჩა, რომელიც ზუსტ გამოთვლებს ატარებს. მისი საქმე გაზომვების ჩანიშვნაა და არა ჯოჯოხეთური წამების. ფაქტმა, რომ აფეთქების წერტილიდან 650 იარდის რადიუსში ყველა სახლის სახურავზე კრამიტი 0.004 ინჩის სიღრმეზე გალღვა, საშუალება მისცა მას ის უზარმაზარი ტემპერატურა შეეფასებინა, რომელიც აფეთქებისას წარმოიქმნა. ადამიანების და საგნების ჩრდილი, რომელიც აქა იქ ხის კედლებზე დარჩა – კაშკაშა შუქმა ყველაფერი გაახუნა, რასაც კი მოხვდა – მას საშუალება მისცა 3 პროცენტის სიზუსტით გამოეანგარიშებინა ბომბის აფეთქების სიმაღლე. მან ნიადაგიც კი გათხარა აფეთქების წერტილის ქვეშ, რათა მისი რადიოაქტიურობის ხარისხი შეემოწმებინა. ოთხი თვის შემდეგ, 1945 წლის დეკემბერში, მისი სხეული ლაქებით დაიფარა, რაც მისი აზრით ნანგრევების რადიაციული შესწავლის დაგვიანებული შედეგი იყო.
დაუღალავმა კაცუნამ ქალაქი ყველა მიმართულებით გამოიკვლია, რათა ბომბის წნევისგან გამოწვეული ფანჯრების მსხვრევის რადიუსი დაედგინა. მან კუნძულ მუკაი შიმაზე განლაგებული ანტისაჰაერო სადგურიც მოინახულა და მეზენიტეებისგან თავდასხმის აღწერა მოიპოვა. მათ უთხრეს: “შეტევაში მართლაც მხოლოდ ორი B-29 მონაწილეობდა. არ გვჯერა, რომ ქალაქი მთლიანად მათ გაანადგურეს.”
10 აგვისტოს სხვადასხვა იაპონური საკვლევი კომისია, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში ცდილობდა კატასტროფის რეკონსტრუქციას, ჰიროშიმას სიახლოვეს ერთერთ გადარჩენილ შენობაში შეიკრიბა. დამსწრეთა უმრავლესობას უკვე სჯეროდა, რომ ამერიკელებმა მართლაც ატომური ბომბი ჩამოაგდეს. საზღვაო აკადემიის ერთმა ინსტრუქტორმა განაცხადა, რომ “განსხვავებული სახის ბომბია” გამოყენებული, სავარაუდოდ ისეთი, რომელიც ”თხევად ჰაერს შეიცავს.” ნიშიმამ ეს აზრი მერყეობის გარეშე უკუაგდო. მან მოკლედ ჩამოაყალიბა ომისწინანდელი ატომური კვლევების შედეგები და გამოსვლა დაამთავრა სიტყვებით: “მე ამაში თავად ვმონაწილეობდი.” განცხადება თვითბრალდებასავით გაისმა. პროფესორი მწუხარების ღრმა დუმილს მიეცა რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.
ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ატომური ბომბის ჩამოგდების ცნობამ შეაძრწუნა, ურანის გაყოფის აღმომჩენი ოტო ჰანი იყო. მისთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა იმაზე ფიქრი, რომ მისი კვლევები, რომელთა უკან მათი პრაქტიკული გამოყენების არანაირი იდეა არ მდგარა, საბოლოოდ ათეულ ათასობით კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილის მიზეზი გახდა. ალსოსის მისიის მიერ დაპატიმრების შემდეგ ის ჰაიდელბერგის და პარიზის ახლოს მდებარე “ნაგვის ყუთის” სახელით ცნობილი ამერიკული სატრანზიტო ბანაკის გავლით კემბრიჯის ახლოს მდებარე გოდმანჩესტერის ინგლისურ სოფლის სახლში გადაიყვანეს. ის ბრიტანულ პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც შვიდი წლის წინ დასრულებული საკუთარი კვლევის საშინელი შედეგების შესახებ შეიტყო. ჰანთან ერთად გოდმანჩესტერში კიდევ ცხრა გერმანელი ფიზიკოსი იყო ინტერნირებული. აქ იყვნენს ჰაიზენბერგი და ვაიცზეკერი თავის ჯგუფის ზოგიერთ წევრთან ერთად; იყვნენ ჰარტეკი და ბაგე , რომლებიც ჰამბურგში დიბნერის ურანის პროექტში მუშაობდნენ; იყო გერლახი, რომელიც მომარაგების მინისტრმა შპეერმა პარტიული მოხელეების გაცხარებული წინააღმდეგობის მიუხედავად ბირთვული ფიზიკის კვლევების უმაღლეს ხელმძღვანელად დანიშნა; იყო აგრეთვე მაქს ფონ ლაუე, მიუხედავად გოუდსმითის რწმუნებებისა, რომ მოკავშირეებმა შესანიშნავად იციან ნაციონალ-სოციალისტურ რეჟიმთან მისი მკვეთრად დაპირისპირებული პოზიცია.
ეს ათი ადამიანი მატერიალური თვალსაზრისით ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე გერმანიის ნებისმიერი მაცხოვრებელი კოლაფსის მომდევნო თვეებში. მათ მეგობრულად, შეიძლება ითქვას, პირმოთნეობითაც კი ეპყრობოდნენ. ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ბადრაგში იყვნენ მათი მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპზე, შეამჩნიეს, რომ ძალიან მნიშვნელოვან ხალხთან აქვთ საქმე და ცდილობდნენ მათ ამოცნობას. ერთმა ასეთმა ფორმიანმა ბადრაგმა თავის პატიმარს, ფონ ლაუეს გადაულაპარაკა : “ვიცი, რომ მარშალი პეტენი ხართ!”
თუმცა ადეკვატური საცხოვრებელი პირობები და შესანიშნავი კვება შვებას არ გვრიდა ტყვეებს, რომლებმაც არაფერი იცოდნენ გერმანიაში გამეფებულ ქაოსში დატოვებული ოჯახის წევრების შესახებ. თავიდან მათ აუკრძალეს სამშობლოში ვინმესთან უშუალო მიმოწერა ოჯახის წევრების ჩათვლით. ისინი იმდენად გაუჩინარდნენ დანარჩენი სამყაროსთვის, რომ შვედეთის აკადემიამ, რომელიც ცდილობდა ნობელის პრემიაზე წარდგენილ ჰანთან დაკავშირებას, თავიდან მას ვერსად ვერ მიაკვლია. გაურკვეველი ჭორები დადიოდა, რომ ის სადღაც შეერთებულ შტატებში იმყოფება.
გოუდსმითი, რომელმაც თითო საათი გაატარა ყველა ტყვესთან მათ გადაყვანამდე, აღნიშნავს: “რატომ მოხდა ამ უმაღლესი გერმანელი ფიზიკოსების ინგლისში ინტერნირება, ვერაფრით ვერ გამიგია… ეტყობა ჩვენმა სამხედრო ექსპერტებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ ამ მეცნიერებს მას შემდეგ, რაც ისინი ვიპოვეთ და შვება იგრძნეს, როდესაც ბრიტანელებმა მათი წაყვანა ითავეს.” ალსოსის მისიის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ასე ახსნა ინტერნირების ადგილის გასაიდუმლოება:
“მთელი ეს საიდუმლობანა განაპირობა ჩვენმა ვარაუდმა, რომლის მიხედვითაც გერმანელებს ან ჰქონდათ ატომური ბომბი, ან ახლო უნდა ყოფილიყვნენ მის საიდუმლოებასთან. აღმოჩნდა, რომ მათ არაფერი მნიშვნელოვანი არ სცოდნიათ. გამოდიოდა, რომ მათი ძებნით და დეტალური გამოკითხვით ჩვენ საკუთარ კარტებს ვხსნიდით. რეალურად გერმანელი მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ აღმატებულებაში. მათ არასდროს უფიქრიათ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ იქ, სადაც ისინი ჩაფლავდნენ. თუმცა ჩვენი სამხედრო ექსპერტები ამაში დარწმუნებულები ვერ იქნებოდნენ. ისინი ვერ იქნებოდნენ დარწმუნებულები, რომ მათი გათავისუფლების შემთხვევაში ვარაუდი ჩვენი გიგანტური ურანის პროექტის შეაძლო არსებობის შესახებ საყოველთაო ცოდნის საგნად არ იქცეოდა. რისკი ზედმეტად მაღალი იყო. ერთადერთი გამოსავალი ამ ადამიანების გამოცალკევება და მათი კოლეგებისა და დანარჩენი სამყაროს გაურკვევლობაში დატოვება იყო.”
ფარმ ჰოლი, გერმანელი ფიზიკოსების იტერნირების საიდუმლო ადგილი, 1728 წელს აშენდა. მისი პირველი მფლობელი, მოსამართლე სახელად კლარკი, პატიმრების რეგულარული მონახულების დროს “ციხის ციებ-ცხელებით” დაავადდა და გარდაიცვალა. 1945 წელს ზეციდან რომ დაეხედა თავისი იდილიური სოფლის სამფლობელოსთვის, სადაც მოცალეობისას ბაღში მიწას ჩიჩქნიდა და რომაულ მონეტებსა თუ კერამიკის ნამსხვრევებს პოულობდა, გაოცდებოდა, რადგან მისი “ტუსკულანური ვილა” საპყრობილედ გადაექციათ. გერმანელების ინტერნირებამდე ფარმ ჰოლში ბრიტანელ, ჰოლანდიელ, ბელგიელ და ფრანგ საიდუმლო აგენტებს ამზადებდნენ გერმანელების ოკუპირებულ კონტინენტზე გადასასროლად. გზიდან ღობით დაფარული აგურის ეს დიდი სახლი მწვანე მდელოებისა და მაღალი ხეების ხედით სულაც არ იყო ურიგო ადგილი პატიმრობისათვის. ათ მნიშვნელოვან პატიმარს ორი ბრიტანელი ოფიცერი მეთვალყურებდა. ვაიცზეკერმა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს ორი ოფიცერი ათი უკმაყოფილო ფიზიკოსის ზედამხედველობის რთულ ამოცანას თავს უაღრესად დიდი ტაქტით ართმევდა. “ჩვენ ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით მათი საქციელისათვის.” თუმცა უკმაყოფილოები ინტერნირებას ზოგჯერ გამართლებათაც თვლიდნენ, რადგან ამან ისინი გაათავისუფლა მოვალეობათა ჩახლართული ქსელისაგან, რომლებიც მეცნიერს გარს ახვევია. ვაიცზეკერი შემდეგნაირად იხსენებს პერიოდს, რომელიც არმიის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილ სპილოსძვლის კოშკში გაატარა: “რომ არა ოჯახის დარდი, ვიტყოდი, რომ ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია.” სხვა პატიმრების მსგავსად, ვაიცზეკერს შეეძლო ისეთ სიმშვიდეში ეფიქრა და ემუშავა, რომელიც წლების განმავლობაში არ ჰქონია. სწორედ ფარმ ჰოლში მოიფიქრა მან სამყაროს წარმოშობის საკუთარ იდეებს შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გასაოცარი.
მეორე ინტერნირებულმა ფიზიკოსმა, მაქს ფონ ლაუემ რენტგენის სხივებზე გამოკვლევა დაწერა. ფორმის შესავარჩუნებლად სამოცდახუთი წლის ნობელიანტი ყოველდღიურად ექვს მილს გადიოდა. ოტო ჰანი გვამცნობს: “ამისთვის მას ჩვენთვის მიჩენილი ბაღისთვის ირგვლივ დაახლოებით ორმოცდაათჯერ უნდა შემოევლო და ყოველ ჯერზე ცარცით კედელზე ნიშანს აკეთებდა.”
დრო სამხედრო ტყვეების მსგავსად გაჰყავდათ ხან ხელბურთის თამაშით, ხან თავსატეხების ამოხსნით და სახლის ბილიოთეკაში ქექვით, რომელიც სავსე იყო ძველი წიგნებით. ჰაიზენბერგმა ბრიტანელი რომანისტის ენტონი თროლოპის თითქმის ყველა ნაწარმოები წაიკითხა. უსმენდნენ ბიბისის გადაცემულ კონცერტებს, თუმცა ყოველდღიურად “კლასებიც” ეწყობოდა, სადაც ათთაგან რომელიმე მეცნიერი თავის უკანასკნელ შრომებს წარმოადგენდა. ეს ლექციები როგორც წესი, იდეათა ცოცხალი მიმოცვლით სრულდებოდა. მთელი ეს დებატები, კერძო და სამაგიდო საუბრები ფარული მიკროფონების საშუალებით იწერებოდა. პატიმრებმა ეს მოგვიანებით, ერთი შემთხვევის წყალობით შეიტყეს. ერთ საღამოს, 1945 წლის შობამდე ოდნავ ადრე, მათ მოულოდნელად მოსთხოვეს საერთო მისაღები ოთახის დატოვება. აღმოჩნდა, რომ ჯარისკაცს რომელიც იქ მყოფი ბადრაგისთვის შობის აღსანიშნავად ხმამაღლამოლაპარაკეს აყენებდა, შემთხვევით მიკროფონის მავთული გადაეჭრა.
რაოდენ საინტერესო იქნებოდა დღეს ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო არქივებში დაცული ჩანაწერების მოსმენა და იმის გაგება, თუ რაზე ლაპარაკობდნენ ფარმ ჰოლში ინტერნირებულები 6 აგვისტოს საღამოს, ჰიროშიმაში ბომბის ჩამოგდების გამოცხადების შემდეგ! გოუდსმითმა ამ საუბრების საკმაოდ გრძელი ანგარიში გამოაქვეყნა,თუმცა მონაწილენი თვლიან, რომ ეს ანგარიში მთლად ზუსტი არაა. ის ამბობს, რომ გერმანელ ექსპერტებს ეს ამბავი თავიდან არ სჯეროდათ. “ეს ვერ იქნება ატომური ბომბი,” თითქოს უთქვამს ერთერთს.”ეს ალბათ პროპაგანდაა, გერმანულის მსგავსი. ალბათ რაიმე ახალი ასაფეთქებელი აქვთ, ან უჩვეულოდ დიდი ზომის ბომბი დაამზადეს და “ატომური” დაარქვეს. თუმცა ეს ნამდვილად არაა ის, რასაც ჩვენ ატომურ ბომბს ვუწოდებდით. ამას არაფერი ესაქმება ურანის პრობლემასთან.” “ ამით ყველაფერი მოგვარდა” – აკრძელებს გოუდსმითი – “გერმანელებმა სადილი მშვიდად დაამთავრეს და ნაწილობრივ მოინელეს კიდეც, მაგრამ ცხრა საათზე ახალი ამბების დეტალური გამოშვება მოისმინეს… ათ მეცნიერზე მოხდენილი ზემოქმედება დამანგრეველი იყო… ისინი საათების განმავლობაში განიხილავდნენ ბომბის მეცნიერულ საფუძველს და ცდილობდნენ მის მექანიზმში გარკვევას. თუმცა რადიო, მიუხედავად დეტალებისა, მაინც არ იძლეოდა საკმარის ინფორმაციას და გერმანელებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ ჰიროშიმაში ურანის მთელი რეაქტორი იქნა ჩამოგდებული…”
ვალტერ გერლახი, რომელიც დღიურს აწარმოებდა, გოუდსმითის სულ ცოტა, ერთ განცხადებას მაინც ადასტურებს. მანაც მაშინვე შეამჩნია, რომ ჰაიზენბერგმა არ დაიჯერა ამერიკული ატომური ბომბის არსებობა. ვაიცზეკერის კომენტარი გოუდსმითის აღწერაზე შემდეგნაირია: “თავად გოუდსმითი ჩვენს დისკუსიას, რომელიც ჩვენი ინტერნირების ადგილას გაიმართა იმ საღამოს, როდესაც ჰიროშიმაში ბომბის ჩამოგდების ამბავი გავიგეთ და რომელსაც ესოდენ ცოცხლად აღწერს, არ დასწრებია.. მისი თხრობა მხოლოდ ჩვენთვის მოჩენილი ორი ბრიტანელი ოფიცრის ანგარიშს შეიძლება ემყარებოდეს… მაგრამ ეს ოფიცრები ფიზიკოსები არ იყვნენ და ნამდვილად ვერ შეძლებდნენ ზუსტად გადმოეცათ ბომბის ფიზიკაზე მათ მიერ მოსმენილი საუბარი. ამიტომაა, რომ გოუდსმითის აღწერა მთელ რიგ უზუსტობებს შეიცავს. კერძოდ, ჩვენ არასდროს გვივარაუდია, რომ ამერიკელებმა რეაქტორი ჩამოაგდეს. რა თქმა უნდა, მე ვერ ვიტყვი, რომ ასეთი შესაძლებლობა რომელიმე ჩვენთაგანს კამათისას არ შეეძლო ეხსენებინა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი საკუთარი ტექნიკური ცოდნიდან გამომდინარე ყოველგვარი სიძნელის გარეშე დავასკვნიდით, რომ საგაზეთო ინფორმაციის ასეთი ინტერპრეტაცია უკიდურესად არარეალურია…
არც ისაა მართალი, რომ პირველი ტრანსლაციის შემდეგ ჩვენ თავი დავიწყნარეთ იმით, თითქოს ბომბი ატომური ვერ იქნებოდა. არავის ძალუძს ყველაფრის გაგონება, ვინც ათი ადამიანის გაცხოველებულ კამათს უსმენს. თუმცა სიმართლესთან ახლოა ის, რომ ატომური ბომბის შექმნასთან დაკავშირებული სიძნელეები იმდენად ზუსტად ვიცოდით და იმდენად მნიშვნელოვნად ვთვლიდით, რომ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამერიკა ატომური ბომბის დამზადებას ომის განმავლობაში შეძლებდა… ჩვენს საკუთარ ვიწრო წრეში ვთვლიდით, რომ თუ შეერთებული შტატები მთელ თავის რესურსებს ამ მიზნისკენ წარმართავდა, ჩვენზე უფრო წინ წაიწევდა ურანის პრობლემის ამოხსნაში, აგრეთვე სხვა საკითხებში. თუმცა ჩვენ ნაკლებსავარაუდოდ ვთვლიდით, რომ ამერკული კვლევები ამ მიმართულებით წარიმართებოდა ომის განმავლობაში. ფაქტია, რომ ჩვენ არასწორად შევაფასეთ ამერიკული პოტენციალი, როდესაც ჩავთვალეთ, რომ თვით შტატებისთვისაც კი გამორიცხულია ბომბის რეალური შექმნა. საქმის ასეთი ვითარების გათვალისწინებით ვივარაუდეთ, რომ ამერიკის ხელისუფალნი გადაწყვეტდენ ამ წამოწყების ომის დამთავრებამდე გადადებას. ჩვენი ასეთი შეფასება, თუმც კი რაოდენობრივად არასწორი გამოდგა, თვისობრივად სიმართლესთან ახლოს იყო. ბოლოსდაბოლოს, გერმანიასთან ომი დამთავრებული იყო, როდესაც ბომბზე მუშაობა დასრულდა.”
ფარმ ჰოლის მეცნიერთა მცირე წრეში “ ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა,” აღნიშნავს გერლახი თავის დღიურში. ინტერნირების თვეების განმავლობაში ისინი მეგობრებად იქცნენ, მაგრამ ახლა ახალგაზრდებს უფროსების მიმართ საყვედურები გაუჩნდათ. სწორი იყო, რომ მათ ბომბი არ შექმნეს? გერმანიას რომ ასეთი იარაღი ჰქონოდა, ხომ შეძლებდა უფრო ხელსაყრელი სამშვიდობო პირობების მიღწვას? უფროსები პასუხობდნენ, რომ გერმანელი ატომური ფიზიკოსებს გაუმართლათ, რომ თავიდან აიცილეს ბრალეულობის მძიმე ტვირთი, რომლის ტარებაც სავარაუდოდ მოკავშირეთა ბირთვულ ფიზიკოსებს მოუწევთ.
ოტო ჰანი ამ ცხარე და ხშირად, მკვახე კამათში არ მონაწილეობდა. ის იმდენად დათრგუნული იყო, რომ კოლეგებს ეშინოდათ, სასოწარკვეთილებისგან საკუთარი სიცოცხლე არ დაესრულებინა. ‘ჰანს თვალყური ადევნეთ!” გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე ერთმანეთს.
დოქტორ ბაგეს დღიურიდან, 1945 წლის 7 აგვისტო:
“საბრალო პროფესორი ჰანი! მან გვითხრა, რომ როდესაც პირველად გაიგო, რა საშინელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ატომურ დაშლას, ძილის უნარი რამდენიმე ღამით დაკარგა და თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ერთხელ ასეთი იდეაც გაჩნდა, რომ მთელი ურანი ზღვაში გადაყრილიყო ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად… ორ საათზე კაკუნი გაისმა და ჩვენ ოთახში ფონ ლაუე შემოვიდა. “რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. ოტო ჰანის გამო ძალიან ვღელავ. ამ ამბავმა ისე შეაშფოთა, რომ ყველაზე უარესს ვშიშობ.” ჩვენ დიდხანს ვიფხიზლეთ და როდესაც ჰანს ჩაეძინა, მხოლოდ მაშინ დავწექით.
ბომბის ჩამოგდების ამბავი მას ორ მეთვალყურე ოფიცერთაგან ერთერთმა გააგებინა. ჰანი ამ ამბავზე მეტად იმ სიტყვებმა განაცვიფრა, რომლებითაც მეორე ოფიცერი მის დამშვიდებას ცდილობდა. როდესაც მეცნიერმა, რომელიც ყოველთვის გმობდა ჰიტლერის რასიული დისკრიმინაციის მანიას, გაოგნებულმა შესძახა” რაო, ასი ათასი სიცოცხლე მოიპო? ეს ხომ საშინელებაა!” მისმა ინფორმანტმა უპასუხა: “ რა საჭიროა ასე აღელვება. თითო ჩვენი ბიჭის დაკარგვას რამდენიმე ათეული ათასი “ჯეპის” დაღუპვა სჯობს.”*
* იმ არგუმენტს, რომ იაპონიის ატომურმა დაბომბვამ მოკავშირეთა მრავალი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა, მოგვიანებით ცნობილმა ამერიკელმა სასულიერო პირმა, კარდინალმა შინმა შემდეგი სიტყვები შეაგება: “ეს ზუსტად ის არგუმენტია, რომელსაც ჰიტლერი ჰოლანდიის დაბომბვისას იყენებდა.”
No comments:
Post a Comment