15. მწარე წლები. 1947-55

 

1945 წლის ოქტომბერში რობერტ ოპენჰაიმერმა ლოს-ალამოსის დირექტორობიდან გადადგომა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებამ “ბორცვზე” დარჩენილი მეცნიერები გააოცა: “ოპი” ხომ კერძო საუბრებსა თუ საჯარო გამოსვლებში უპირისპირდებოდა კოლეგებს შორის გაბატონებულ აზრს, რომ ახლა აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება ძირითადი პრინციპების მშვიდობიანი მიზნებისთვის კვლევასთან, რადგან სამხედრო მიმართულებამ, მიუხედავად პრაქტიკული შედეგებისა, სხვა არა იყოს რა, ბირთვულ ფიზიკაშიც კი ახალი და მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ აღმოაჩინა. ტელერი, რომელიც ოპენჰაიმერს დიდად აფასებდა, მაგრამ პიროვნულად ვერ ეწყობოდა, ახლა ამ შეუსაბამობას ჩაეჭიდა. “სამი თვის წინ,” ჩიოდა ის, “მეუბნებოდი რომ აუცილებლად უნდა დავრჩე. ახლა მეუბნები, რომ უნდა წავიდე?”

ოპენჰაიმერს ნათქვამი ჰქონდა, რომ მომავალში აპირებს სასწვლო საქმიანობას დაუბრუნდეს ბერკლისა და პასადენაში. იქნებ ასეც აპირებდა ერთ დროს. თუმცა ომის წლებმა ის შეცვალა. ის ძალიან წარმატებულ ორგანიზატორად, დამგეგმავად და მსხვილი კალიბრის პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. 1935 წელს მან იმპულსურად და ქედმაღლურად უარყო ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო ჟურნალისტის, “ნიუ-იორკ ტაიმსის” უილიამ ლ. ლოურენსის შეთავაზება უბრალო ენით აეხსნა მისი ზოგიერთი სამეცნიერო მიღწევა. ახლა საჯარო ურთიერთობების წარმართვის ოსტატი გახდა. საზოგადოებისათვის ოპენჰაიმერი ახალი, ამქვეყნიური მეცნიერის განსახიერებად იქცა, რომელიც ბუნების მძლავრ ძალებს ისეთნაირადვე განაგებს, როგორც გენერალი ჯარს.

მას სულ უფრო ხშირად ნახავდით სამთავრობო ოფისებში, და სულ უფრო ნაკლებად - სალექციო აუდიტორიაში. ის დიპლომატებისა და სტრატეგოსების ორაკულად იქცა. ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, ეს მის გარეგნობასა და მოქცევაშიც აისახა. ახლა ჭაღარაშერეულ თმას მოკლედ იკრეჭდა, თითქოს ამტკიცებდა, რომ აღარაა ერთი იმ “გრძელთმიანთაგანი.” მოძრაობას სამხედრო სიმკვეთრე შეემატა. მისი ხმა ყველა რეგისტრს ფარავდა შეგნებულად ქედმაღლურიდან მიუმხრობლად გონივრულის გავლით განმაიარაღებლად გულთბილამდე. მას “მეცნიერ სახელმწიფო მოღვაწედ” თვლიდნენ, რომელსაც საზოგადოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა აქვს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის და პენტაგონის “რუხ კარდინალს” და ამავე დროს ხელისუფალთა დამრიგებელს, რომელსაც ძალუძს მათი ოფისები საკლასო ოთახებად აქციოს, დაფასთან დადგეს და ისინი ბირთვული ფიზიკის ელემენტებში ამეცადინოს. ის ალბათ თავს არა მარტო მათ მასწავლებლად, არამედ სულიერ წინამძღოლადაც თვლიდა.

ოპემჰაიმერის მეგობრები მაინც თვლიდნენ, რომ ვაშინგტონზე მის გავლენას ვაშინგტონის მასზე გავლენა სჭარბობდა. მათ აღიზიანებდათ, რომ მიუხედავად მეი-ჯონსონის კანონპროექტის კრიტიკისა კოლეგების წრეში, საჯარო განცხადებებში ის მას მხარს უჭერდა”ტაქტიკური მოსაზრებებით.” “უკანონობას ცუდი კანონი სჯობს”- ასეთი იყო მისი არგუმენტი. მას ისიც ბრალდებოდა, რომ მიუხედავად აღიარებისა, აქაოდა ფიზიკოსებმა იციან “რაც შესცოდეს,” არაფერი უთქვამს მონანიების პრაქტიკული ფორმის შესახებ. დამატებით, მიუხედავად გაეროში ამერიკელების მიერ წარსადგენად გამზადებული და მეცნიერების მიერ მხარდაჭერილი ატომური კვლევების კონტროლის გეგმის შემუშავებაში წამყვანი მონაწილეობისა, ის გენერლებსა და პოლიტიკოსებს პირად საუბრებში ეუბნებოდა, რომ შეთავაზებებს ზედმეტად შორს მიმავლად თვლის იმისათვის, რომ რუსებისთვის მისაღები იყოს და მიანიშნებდა, რომ არანაირი აუცილებლობა არ არსებობს ამ საკითხზე ზეტმეტი ნერვიულობისათვის, .

შეხვედრებისას “ოპი” ფიზიკოსებზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ ის ერთი მათთაგანი აღარაა. რა თქმა უნდა, ზოგიერთზე მოქმედებდა ის ბრწყინვალება, რომელიც მას გარს აკრავდა, მაგრამ მის ახლო მეგობრებს განსაკუთრებულად გაუგრილდათ მის მიმართ დამოკიდებულება. ერთი მისი ყოფილი გამორჩეული მოსწავლე იხსენებს: “როდესაც ოპისთვის დინ აჩისონი უბრალოდ “დინი” გახდა, გენერალი მარშალი კი “ჯორჯი,” მივხვდი, რომ ჩვენი გზები დაშორდა. ვფიქრობ, რომ უეცარი სახელისა და მდგომარეობისგან თავში ისე აუვარდა, რომ თავი ღმერთად ჩათვალა, რომელსაც ყველაფრის მოწესრიგება ხელეწიფება.”

ოპენჰაიმერის წასვლის შემდეგ ლოს-ალამოსიდან მასიური გამოსვლა დაიწყო. ახალ ფართო გზაზე, რომელიც ხეობაში ეშვებოდა, დიდი სატვირთო მანქანები გამოჩნდა, რომლებიც ავეჯითა და ყველანაირი ადგილობრივი სუვენირებით იყო დატვირთული ინდიელთა სამაჯურებიდან დაწყებული, ზრდასრული ცხენით დამთავრებული, რომელიც ჰერბერტ ანდერსონს უკან, ჩიკაგოში მიჰყავდა. გენერალი გროვსი რჩებოდა კვლევითი ლაბორატორიების ბოსად კონგრესის ახალი კანონის მოლოდინში, რომელსაც დაწესებულების მართვა უნდა დაერეგულირებინა. გროვსი ჩიოდა:” ჩემი პირველი და მეორე გუნდი წავიდა. მესამე და მეოთხე მიდის.”

ამ პერიოდში, 1946 წლის თებერვალში, დევიდ ლილიენტალმა, შემდგომში ატომური ენერგიის კომისიის თამჯდომარემ, იმჟამად კი ატომური ენერგიის საერთაშორისო კონტროლის ამერიკული გეგმის საკითხზე სახელმწიფო დეპარატამენტის მრჩეველმა ლოს-ალამოსი ინახულა და სსავალალო მდგომარეობაში იპოვა. ის იხსენებს:

“როგორც მოსალოდნელი იყო, მდგომარეობა გაუარესდა. მეცნიერები პროექტს მასიურად ტოვებდნენ. კონტრაქტორები, მაგალითად დიუპონი არ აპირებდნენ გაგრძელებას. ჰენფორდში დიუპონმა კონტრაქტი შეაჩერა. დიდი გაურკვევლობა სუფევდა. მოტივაცია დიდად დაზარალდა. ლოს-ალამოსში ყველაზე მძიმე სიტუაცია დაგვხვდა, რადგან მიუხედავად ბევრი სასარგებლო თანამშრომელის დარჩენისა, პროექტის ხელმძღვანელობა უნივერსიტეტებს დაუბრუნდა. ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მრავალრიცხოვანი რისკები განწყობაზე ძიალიან ცუდად მოქმედებდა… არ არსებობდა ინვენტარიზაცია, არ არსებობდა აღრიცხვიანობა. ყველაფერი იმდენად ნაჩქარევად კეთდებოდა, რომ არც იყო ამის საშუალება. ადამიანები საქმის თავსა და ბოლოს ვერ პოულობდნენ და ჯამური შედეგი სრულ დათრგუნულობაში გამოიხატა.”

განწყობის ოდნავ მაინც გამოსასწორებლად ოპენჰაიმერის მემკვიდრემ, ფიზიკის ყოფილმა პროფესორმა და ფლოტის რეზერვის ოფიცერმა, ნორის ბრედბერიმ ცნობილი ჯაზ-ორკესტრი და მოჭიდავეების გუნდი გამოიწერა. განსაკუთრებული წარმატება რესლერებს ხვდათ წილად. “ლოს-ალამოს ტაიმსი,” რომელმაც ომის შემდეგ იწყო გამოსვლა, წერდა, რომ მათ ხმაურიანად აქეზებდნენ შეძახილებით: “უკბინე! გაპუტე! ბავშვებზე არ იდარდო, მათ ჩვენ მივხედავთ!” თუმცა ეს გამოსავალი, როგორც ჩანს, საკმარისი არ იყო “ბორცვის” მაცხოვრებელთა დაგუბებული აგრესიისგან დასაცლელად, ამიტომ მათი ნევროზების დასაამებლად ლოს-ალამოსში ფსიქიატრი, დოქტორი უორკენტაინი მოწვიეს. წყლის ჩვეულ უკმარისობასთან, გზების სიმწვანისა და ღია სივრცის უგულებელყოფასთან, ნედლი ხისგან აშენებული სახლების უვარგისობაში მოსვლასთან ერთად ამ შორეულ სიმაღლეებზე საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაც შეიმჩნეოდა. ეს ცვლილება “მეცნიერთა ჯვაროსნულმა ლაშქრობის,” ჰიროშიმის თვითმხილველთა შემზარავი ანგარიშების და ნორმან კოზინსის ცნობილი წერილის – რომელიც მოგვიანებით მოკლე წიგნად, “თანამედროვე ადამიანი მოძველდა” გადაიქცა – მსგავსი ესსეების გავლენით მოხდა. ატომურ ბომბზე მუშაობა ახლა უკვე ჩამორჩენილობად ან სულაც უღირს საქმიანობად ითვლებოდა.

“ბომბი, რომელიც ამერიკას დაეცა,” ჰერმან ჰეიგდორნის ეპიკური პოემა იმდენად ცოცხლად გადმოსცემდა მრავალი ამერიკელის ღრმა განცდებს, რომ რამდენიმე თვეში მრავალჯერ გამოიცა. ერთი პასაჟში ვკითხულობთ:

“როდესაც ბომბი ამერიკას დაეცა, ის ხალხს დაეცა.

მან არ გააქრო ის, მსგავსად ჰიროშიმის ხალხისა.

მან არ გააქრო ადამიანთა სხეულები.

თუმცა მან გააქრო უმნიშვნელოვანესი რამ უდიდესთათვისაც და უმცირესთათვისაც.

მათი კავშირი წარსულთან და მომავალთან – აი რა გაქრა.

რაღაც ახალი წარმოიქმნა სამყაროში, რამაც სამუდამოდ დააშორა ისინი იმას, რაც მანამდე იყო.

რაღაც დიდი და შემზარავი, ყოველგვარ მიწიერ განზომილებას გაშორებული…

ესოდენ მყარი დედამიწა დარბილდა, მთავარი ქუჩა, ასე კარგად მოკირწლული, უზარმაზარ ჟელედ იქცა, ფეხქვეშ რომ თრთის და იყოფა…

ეს რა ჩავიდინეთ, ჩემო ქვეყანავ, ეს რა ჩავიდინეთ?”

ადამიანთა უსაფრთხოების შეგრძნებამ უდიდესი დარტყმა განიცადა. კითხვაზე “ვინ გინდა რომ იყო, როცა გაიზრდები?” რვა წლის ბიჭუნამ “ტაიმს” უპასუხა: “ცოცხალი!”

“რეალისტები,” როგორც თავის თავს ეძახდნენ ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ შეერთებული შტატები 'მარტო უნდა ინარჩუნებდნენ ატომური ბომბის საიდუმლოს, ახალი იარაღისთვის უკვე ამზადებდნენ წამყვან როლს ამერიკის შეიარაღებული ძალების არსენალში და სულაც არ აწუხებდათ ცვლილება რომელიც საზოგადოებრივმა აზრმა განიცადა. 1945 წლის სექტემბერში, ომის დამთავრებიდან ერთ თვეზე უფრო ადრე, ალბუკერკეს ახლოს, სანდიას ქედის ძირში, ლოს -ალამოსიდან არც თუ ისე შორს ატომური ბომბების ახალი ქარხნის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. აქ ბომბების მასიური წარმოება იგეგმებოდა, დეტალებზე ყურადღების გამახვილების გარეშე, რასაც პროტოტიპების შემთხვევაში აკეთებდნენ.

გენერალ გროვს სამხედრო ლაბორატორიებიდან მეცნიერთა გამოსვლა ისე აღარ აღელვებდა, როგორც თავიდან. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი “ბატკნები” უკან დასაბრუნებელ გზას იპოვიდნენ. ამასობაში ამერიკელ მეცნიერთა პროტესტის მიუხედავად, შეიარაღებათა გერმანელი სპეციალისტები შეერთებულ შტატებში გადმოიყვანეს. ესენი ძირითადად ავიაციის სამინისტროს კვლევის დეპარატმენტის წევრები იყვნენ, რომლებიც “შურისძიების იარაღზე” მუშაობდნენ. მათი პოლიტიკური შეხედულებები მხედველობაში არ მიუღიათ. იმ დროს, როდესაც ოკუპირებულ გერმანიაში მყოფი ამერიკელები ჰიტლერის მიმართ მტრულად განწყობილ ან მისი ბრძანებებს იძულებით დამორჩილებულ ადამიანებსაც კი ხელს არ ართმევდნენ, ისინი, ვინც ნაციზმს ღიად ქადაგებდა და V2 რაკეტებზე მუშაობდა, ამერიკული სამხედრო მრეწველობის დასახმარებლად მიიწვიეს.

ამ უცნაური არჩევანის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტები – მაგალითად ჰანს ბეთესი - სამხედროებმა ყურად არ იღეს. თუ ჩვენ არ დავეუფლეთ ამ ტვინებს, ამას რუსები გააკეთებენ – ასეთი იყო მათი მიდგომა. მართლაც, წითელმა არმიამ იდეოლოგიური განურჩევლობით, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდებოდა მათი დასავლელი მოკავშირეებისას, სამხედრო ალაფასავით ხელში დიდი რაოდენობით გერმანელი სამეცნიერო და ტექნიკური სპეციალისტები ჩაიგდო.

გერმანელ მეცნიერებზე ნადირობისას, რომელიც საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე გაჩაღდა, ამერიკელებიც კი საკმაოდ უხეშ მეთოდებს იყენებდნენ, თუმც კი შემდეგ მათ კონტრაქტებს უფორმებდნენ. ერთი ასეთი “ატომის მკვლევარი” სამხედრო პოლიციამ ბრემენში დააკავა და მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეერთებულ შტატებში გადაიყვანა. აქ ყოველდღიური ჯვარედინი დაკითხვებით ცდილობდნენ მის გამოტეხვას ბირთვული ფიზიკის საიდუმლოებებში, მაგრამ გერმანელ მეცნიერთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც ახალ ბატონებს უშურველად უზიარებდნენ ომისდროინდელი მუშაობის შედეგებს, ეს ტყვე ძალიან გაჯიქდა. ის ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ატომურ კვლევებზე მხოლოდ გაზეთებიდან სმენია და არც მეტი, არც ნაკლები, მკერავია. თვლიდნენ, რომ ეს ადამიანი თვალთმაქცობს, ვიდრე ვიღაცას თავში არ მოუვიდა, მისთვის ნემსი და ძაფი მიეცა, რომლითაც მან თავის მეციხოვნეთა შარვლებსა და პერანგებზე სასწაულები მოიმოქმედა. გამოირკვა, რომ ეს ადამიანი ოკეანის გადაღმა იმიტომ გადაიყვანეს, რომ ჰაინრიჰ იორდანი ერქვა. სამხედრო პოლიციელებს ის მაქს ბორნის მოწაფე და ცნობილი ფიზიკოს-თეორეტიკოსი პასკუალ იორდანი ეგონათ.

სამხედრო სარდლობის მეორე შეცდომა უფრო ძნელად გამოსაწორებელი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, გენერალ გროვსის ოფისში გამოცემული ბრძანების თანახმად, იაპონიის საოკუპაციო ამერიკული არმიის ქვედანაყოფმა მაიორ ო’ჰირნის მეთაურობით პროფესორი ნიშიმას ორი ციკლოტრონი გაანადგურა იმის შიშით, რომ მათი გამოყენებით ატომური ბომბის დამზადება შეიძლებოდა. ვიდრე იაპონელ მეცნიერთა ჩივილები მათ ამერიკელ კოლეგებამდე მიაღწევდა, მერვე არმიის გამანადგურებელმა ქვედანაყოფმა, ხუთი დღეღამის განმავლობაში სამუშაო დაასრულა. ამერიკელ მეცნიერთა პეტიციები, რომლებიც ვანდალიზმის ამ აქტს ჰიტლერის მიერ წიგნების დაწვას უთანაბრებდნენ, დაგვიანებული აღმოჩნდა.

ამერიკელი მეცნიერების უმძლავრესი პროტესტის სამიზნე 1946 წლის ზაფხულში დაგეგმილი ატომური ბომბების გამოცდები იყო. მათი თვალსაზრისით დანარჩენი მსოფლიოს საზოგადოებრივი არსი მათ “იარაღის ჟღარუნად” ჩათვლიდა და საერთაშორისო კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებს გაართულებდა. ფლოტმა ატომური მანევრები გამოაცხადა, რაც მათი თქმით აუცილებელი წინაპირობა იყო ახალი გემთმშენებელი პროგრამის, სამომავლო საზღვაო სტრატეგისაა და ახალი იარაღისგან თავდაცვის ღონისძიებათა გამოსამუშავებლად. ატომურ მეცნიერთა ფედერაციამ და მრავალმა სხვა მეცნიერმა განაცხადა, რომ ატოლ ბიკინიზე დაგეგმილ ახალ ტესტებს არც სამეცნიერო და არც სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნია. მომავალი ომის შემთხვევაში, აღნიშნავდნენ ისინი, მოწინააღმდეგე ესოდენ ძვირადღირებულ იარაღს არა გემების, არამედ დიდი ქალაქების წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა მაქსიმალურ გამანადგურებელ შედეგს მიაღწიოს. მათი პროგნოზით, ამ შემოთავაზებული ტესტებისგან საზოგადოება სრულიად არასწორ წარმოდგენას შეიქმნიდა ახალი იარაღის სიმძლავრის შესახებ.

ბიკინის გამოცდები დროებით გადადეს, რადგან საერთაშორისო კონტროლის ამერიკული გეგმის გაეროში წარდგენას დისონანსს უქმნიდა. თუმცა 1946 წლის ზაფხულში ისინი ჩატარდა. მათი ნივთიერი შედეგი ძალიან უმნიშვნელო იყო, როგორც პროფესიონალები ვარაუდობდნენ. სამაგიეროდ სულიერი შედეგი აღმოჩნდა უზარმაზარი. მათ თითქმის ისევე დააწყნარეს ამერიკული საზოგადოება, როგორც იაპონიაში ჩამოგდებულმა ბომბებმა ააფორიაქა. უილიამ ლოურენსი, ერთადერთი ამერიკელი ჟურნალისტი, ვინც ალამოგორდოს გამოცდასაც დაესწრო და ნაგასაკის დაბომბვასაც, წერდა:

“ბიკინიდან დაბრუნებულისთვის თვალშისაცემია ის ღრმა ცვლილება, რომელიც ატომური ბომბის მიმართსაზოგადოების დამოკიდებულებამ განიცადა. ბიკინიმდე მსოფლიო შიშით მონუსხული უცქერდა ამ ახალ კოსმოსურ ძალას. ბიკინის შემდეგ ეს ძრწოლა აორთქლდა და მისი ადგილი მძიმე რეალობასთან სრულიად შეუსაბამო შვებამ დაისადგურა. თითქმის ერთწლიანი კოშმარის შემდეგ საშუალო მოქალაქე სიამოვნებით ეჭიდება სულიერი სიმშვიდის დასაბრუნებელ უმცირეს მიზეზსაც კი.”

ამბობდნენ, რომ ეს ფსიქოლოგიური ეფექტი ბიკინის გამოცდების ორგანიზატორებს თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ამას მაკიაველისებური გამჭრიახობა დასჭირდებოდა. სიმართლე კი ალბათ ისაა, რომ ამერიკის ფლოტმა ბომბის განვითარებისთვის არმიასთან ჭიდილში დამარცხების შემდეგ საზოგადოების ყურადღების მისაქცევად საკუთარი ტესტების ჩატარება გადაწყვიტა.*

სინამდვილეში ამერიკულმა საზოგადოებამ, ცამეტი წლის დაძაბულობისა და ომის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არც შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი საშინელების მომასწავებელ წინასწარმეტყველებასა თუ გაფრთხილებებზე ირეაგიროს. მზარდი აპათია არა მარტო მეცნიერთა გამონათქვამების კასანდრასმაგვარმა განწყობამ, არამედ დამამშვიდებელმა წერილებმაც გამოიწვია, როგორიც, მაგალითად, მაიორი დე სევერსკის ავტორობით რიდერს დაიჯესტში გამოქვეყნებული ანგარიშია ჰიროშიმას შესახებ, სადაც საშინელებანი შეგნებულადაა შერბილებული. თუ ჩრდილოეთ კაროლინის, კანზასის ან ტექსასის რომელიმე ქალაქის მაცხოვრებელს ატომური ფიზიკოსი უხსნიდა, რომ ატომური ბომბის წინააღმდეგ ყველანაირი დაცვა უძლურია, ტიპური რეაქცია, რომელიც გამოკითხვების საშუალებით კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, ასე გამოიყურებოდა: ‘მე ერთი იმ მრავალთაგანი ვარ, ვინც ცხოვრებას ისეთად აღიქვამს, როგორიც არის. თუ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც მიწისძვრა ხდება ხოლმე, რა აზრი აქვს ყოველ ღამეს ლოგინში მიწისძვრის შიშით გათანგული დავწვე?”

უსუსურობის ამ ახალ განცდას ადამიანის მიერ თავად გაღვიძებული ბუნების ძალთა წინაშე თან სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ხელის აღება დაერთო. “მე ამაზე არ ვღელავ,” თქვა კორნელის მკვლევართა მიერ 1946 წლის აგვისტოში გამოკითხულმა ერთმა საშუალო მოქალაქემ.” მთავრობა რაღაცას იღონებს. მე რატომ უნდა ვიდარდო იმაზე, რისი მართვაც არ შემიძლია?”

პროფკავშირებიც კი, რომლებმაც თავიდან სცადეს საკუთარი წევრების მობილიზება ატომური შეიარაღების წინააღმდეგ, საკითხს მზარდი გულგრილობით მოეკიდნენ. აი ამის მაგალითი:

მუშათა პაციფისტურმა ორგანიზაციამ თავისი პრეზიდენტის, ჯეიმს პეკის ლიდერობით 1946 წლის ზაფხულში გადაწყვიტა დემონსტრაცია მოეწყო ატომური ენერგიის სამხედრო გამოყენების წინააღმდეგ. დემონსტრაცია ოუკ-რიჯის ქარხნების წინ უნდა გამართულიყო, სადაც დღედაღამ მუშაობდნენ ატომური ბომბებისთვის ასფეთქებელი მასალის მისაღებად. მაგრამ ქარხნებისთვის მომუშავე C.I.O ლიდერებმა შეაჩერეს დემონსტრაცია, რადგან ატომური შეიარაღების ქარხნების გაუქმებისკენ მიმართული ნებისმიერი სვლა ამ მუშათა სამუშაო ადგილებს უქმნიდა მუქარას.

საზოგადოებრივ აპათიასთან საბრძოლველად ჩიკაგოს უნივერსიტეტის ატომურმა მეცნიერებმა ჰაიმან ჰ. გოლდსმიტის და იუჯინ რაბინოვიჩის მეთაურობით “ატომურ მეცნიერთა ბიულეტენის” გამოცემა დაიწყეს. ის მიზნად ისახავდა ენერგიის ახალ წყაროსთან დაკავშირებული სოციალური და პოლიტიკური შედეგების ახსნას. იდეა პირველად კამპუსის პირდაპირ, 57-ე ქუჩაზე მდებარე აფთიაქში დისკუსიისას დაიბადა, სარედაქციო სამუშაო ეკარტ ჰილის სარდაფში ტარდებოდა, ბეჭდვა კი ისთ-საიდის მცირე, ჩეხი ემიგრანდებისთვის განკუთვნილ გაზეთში. წამყვან ინტელექტუალებზე ბიულეტენმა თავიდანვე იქონია გავლენა, რომელიც ბევრად აღემატებოდა მისი შეზღუდული ტირაჟისგან მოსალოდნელს. მიუხედავად ამისა, ახალი ჟურნალი, რომელიც ატომური ერის იქნებ უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი წამოწყება იყო, გამუდმებით ეფლობოდა ფინასურ პრობლემებში. “თუ ვიტყვით, რომ ბიულეტენი ფეხსაცმლის თასმებით დაიბადა, ეს მისი ჩაცმულობის დიდად გადაჭარბებული აღწერა იქნებოდა,” იხსენებს ერთ-ერთი რედაქტორი, “მრავალი თვის განმავლობაში ის სამოწყალოდ არსებობდა ჩიკაგოს მეცნიერთა, ვალების და გოლდსმიტის რწმენის წყალობით.”

1952-ში, წლების ბრძოლის შემდეგ ბიულეტენი თითქოს საბოლოოდ განწირული ჩანდა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ის “ატომურ მეცნიერთა საგანგებო კომიტეტის” ნებაყოფლობითმა დასასრულმა გადაარჩინა. დროის ტენდენციას დანებებულმა კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ვიდრე იარაღს დაყრიდნენ, უკანასკნელი რესურსები მომაკვდავი გამოცემისათვის გადაეცათ. ეს კომიტეტი ომის შემდეგ ალბერტ აინშტაინის წინადადებით შეიქმნა და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ატომური ენერგიის ავკარგიანობის შესახებ. დიდი მეცნიერი ღრმად შეძრა მისი 1939 წლეს დაწერილი ისტორიული წერილის შედეგებმა. ჰიროშიმას შემდეგ ის ატომური ბომბის ოპონენტებს შორის ყველაზე უფრო შეურიგებელი გახდა. გერმანულ ნაციონალიზმსა და მილიტარიზმს გამოქცეული, შეშფოთებით ადევნებდა თვალს, როგორ ებღაუჭებიოდნენ ეს ძალები ამერიკის კონტინენტს. თუმცა მის ცეცხლოვან, აღშფოთებულ გამოსვლებს, მანიფესტებს და პროტესტს არანაირი შედეგი არ მოუცია. მსოფლიოს ბედით შეშფოთება საბოლოოდ გაუთავებელი საჯარო პეტიციების ხელმოწერის გადაჭარბებულ მზაობაში გადაიზარდა. ჟოლიო-კიურის ერთი უადრესი თანამშრომელი კოვალსკი იხსენებს, რომ როდესაც ომის შემდეგ ამერიკელი ლექტორებისა და სტუდენტების ჯგუფს ჰკითხა, რაზე მსჯელობდნენ ასე ენერგიულად, ცოტა არ იყოს, ირონიული პასუხი მიიღო: “ ვფიქრობთ, რა უნდა ვუთხრათ ამერიკის პრეზიდენტს აინშტაინის უკანასკნელ წერილში!”

1947 წლისთვის თავისი თაობის უდიდესმა მეცნიერმა უკვე გააცნობიერა, რომ მისი და მისი კოლეგების ყველანაირი ძალისხმევა უძლური აღმოჩნდა საზოგადოების ჯიუტი განურჩევლობის დაძლევაში. გულგატეხილმა უცხოურ პრესას ეს განუცხადა: “საზოგადოება, რომელი გაფრთხილებულ იქნა ატომური ომის საშიშროებათა გამო, არაფერი არ მოუმოქმედია და დიდწილად მოიშორა კიდეც ეს გაფრთხილება ცნობიერებიდან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ატომური ბომბი ამ ქვეყანაში პრევენციული მიზნით გაკეთდა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მისი გამოყენება გერმანელების მიერ, თუ მას აღმოაჩენდნენ. არსებითად ჩვენი მოწინააღმდეგის ბოლო ომის დაბალი სტანდარტები ჩვენ საკუთარ სტანდარტებად გავიხადეთ.”

ერნსტ შტრაუსთან, პრინსტონში მის ახალგაზრდა ასისტენთან ერთად სეირნობისას აინშტაინმა, თითქოს საკუთარი წარუმატებელი პოლიტიკური ძალისხმევის გამო თავის დასაწყნარებლად შენიშნა: “დიახ, ახლა ჩვენ დრო პოლიტიკასა და ჩვენ განტოლებებს შორის უნდა გავანაწილოთ, თუმცა ჩემთვის განტოლებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მარადიულია, პოლიტიკა კი წარმავალი.”

თუმცა მეცნიერთა “ჯვაროსნული ლაშქრობა” ბოლოსდაბოლოს არც პოლიტიკოსების უვიცობას, არც სამხედროების კონტრშეტევას და არც საზოგადოების გულგრილობას არ შეუჩერებია. ყველაზე მეტი წვლილი ამაში საბჭოთა მოხელეების დამოკიდებლებამ შეიტანა. საბჭოთა გაზეთების მიერ ამ საკითხის განხილვიდან ცხადად ჩანს, რომ საბჭოთა კავშირი შეგნებულად თუ უცოდინარობის გამო ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ატომურ იარაღს. საბჭოთა გაზეთები ძალიან ცოტას წერდნენ ჰიროშიმას შესახებ, ნაგასაკის დაბომბვა კი საერთოდ არ უხსენებიათ. ომის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა ატომური ომის რეალური ბუნებისა და საშიშროებათა შესახებ რუსი ხალხის ინფორმირებისთვის.

არც დასავლეთის დემოკრატიებში მეცნიერთა მიერ ატომური ენერგიის კონტროლის თაობაზე გაჩაღებულ კამპანიას გამოუწვევია ხილული ინტერესი მათ საბჭოთა კოლეგებს შორის. ამერიკელი მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებდნენ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში იმისათვის, რომ გამოჩენილ მეცნიერს მონაწილეობა მიეღო მოსკოვში 1945 წლის ბოლოს დაგეგმილ ოთხი სახელმწიფოს კონფერენციაში. მიზანსაც მიაღწიეს გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ. თუმცა ჯეიმს კონანტმა, მეცნიერთა წარმომადგენელმა, რომელიც მოსკოვის კონფერენციას დაესწრო, ვერ მოახერხა მეცნიერთა მიმოცვლისა და საერთაშორისო კონტროლის შესახებ დაწვრილებით მოფიქრებული წინადადებების წარდგენა. მოლოტოვმა შეაჩერა ყველა ასეთი განხილვის მცდელობა გაეროს შემდეგ სხდომამდე გადადების საბაბით. კონანტი შინ ისე დაბრუნდა, რომ ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ მოახერხა და კოლეგებს კარგად დასაბუთებული გულისტკივილი გაუზიარა.

მიუხედავად ამისა, დასავლეთის მეცნიერთა დიდი უმრავლესობა იმედოვნებდა,რომ რუსები კონტროლის ამერიკული გეგმის მიმართ, რომელიც ოპენჰაიმერთან თანამშრომლობით შეიქმნა და ბევრ მათ იდეასაც შეიცავდა, ინტერესს მაინც გამოავლენდნენ. საბჭოთა წარმომადგენლის, ანდრეი გრომიკოს უპირობო უარყოფამ 1946 წლის 24 ივლისს მათ მწარე დარტყმა მიაყენა.

გაეროში გრომიკოს გამოსვლიდან ექვსი დღის შემდეგ პრეზიდენტმა ტრუმენმა ხელი მოაწერა მაკმაჰონის კანონპროექტს, რომელიც “ახალ ენერგიაზე” სამოქალაქო კონტროლს ამყარებდა, რისთვისაც ასე თავგამოდებით იბრძოდნენ მეცნიერები. თუმცა გამარჯვებულებს დიდად არ უზეიმიათ, რადგან ის მხოლოდ საშინაო პოლიტიკას ეხებოდა. მათ უკვე იგრძნეს, რომ დაძაბული საერთაშორისო მდგომარეობის გამო ატომური განვითარების ტონალობას სამხედროები განსაზღვრავენ, რადგან სწორედ ისინი იქნებიან სამოქალაქო კონტროლის ქვეშ მყოფი ატომური ენერგიის კომისიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომხმარებლები.

გაეროს ასამბლეაზე ატომურ შეიარაღებათა კონტროლის შესახებ დებატების გაუთავებლად გადადების გამო ატომურ მეცნიერთა საგანგები კომიტეტმა სცადა დასავლელ და აღმოსავლელ მეცნიერებს შორის თვალსაზრისის ყოვლისმომცველი გაზიარების ორგანიზება იმ იმედით, რომ შედეგი საშუალებას მისცემდა მათ სახელმწიფო მოხელეებისთვის ჩიხიდან გამოსავალი ეჩვენებინათ. ეს საერთაშორისო კონფერენცია არა მხოლოდ კომუნისტურ და არაკომუნისტურ ქვეყნებს შორის გაუგებრობეთა გადალახვას ისახავდა მიზნად, არამედ თავად დასავლეთში სხვადასხვა ლაბორატორიებს შორის შეჯიბრების შეჩერებას, რომელიც გასაიდუმლოების ოფიციალური პოლიტიკით იყო გამოწვეული. ბრიტანელებს, მაგალითად, გარკვეული უფლება ჰქონდათ ამერიკელებისთვის პრეტენზიის წაყენებისა, რომ ისინი არ იცავდნენ 1943 წელს კვებეკის კონფერენციაზე მიღებულ შეთანხმებას ატომური კვლევების მონაცემთა ურთიერთმიმოცვლის შესახებ.

ბრიტანელთა აზრით, თვით ოფიციალური ამერიკული გამოცემები ატომური ბომბის შექმნის ისტორიის შესახებ აკნინებდნენ ბრიტანელი, ფრანგი და კანადელი მეცნიერების მიერ შეტანილ წვლილს. ამ მიდგომის ტიპური მაგალითია ბიკინის ტესტის ოფიციალური ამერიკული ფილმი, სადაც ბრიტანელი მეცნიერის ერნესტ ტიტერტონის ხმა, რომელიც უკუდათვლას ახდენს, ამოჭრეს და ამერიკული აქცენტის მქონე ხმით ჩაანაცვლეს.

ფიზიკოსთა დიდი საერთაშორისო ოჯახის ერთიანობის აღდგენა გულისხმობდა ომის დროს დაგროვილ გაუგებრობათა თავიდან მოცილებას და მეცნიერთა ფართო საერთაშორისო ძმობის გაცოცხლებას. ჰარისონ ბრაუნმა ამერიკელი მეცნიერების სახელით ანდრეი გრომიკოს პოლონელი დელეგატის ხელით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შეთავაზება გადასცა, სადაც ატომურ შეიარაღებათა კონტროლის საკითხებს განიხილავდნენ. შეხვედრის ადგილად იამაიკა დასახელდა. ბრაუნი აცხადებს:

“ვფიქრობდით, რომ ორივე ბანაკის სპეცსამსახურებს უფლებას დართავდნენ, შეხვედრის ადგილზე, დიდ სატუმროში, თავისი მოსასმენი აპარატურა დაეყენებინათ. იქნებ ეს შესაძლებლობა ერთმანეთის უკეთ გასაცნობადაც გამოეყენებინათ. პასუხი მოსკოვიდან გასაოცრად მოკლე დროში მივიღეთ. მის გასაცნობად გაეროში საბჭოთა კავშირის დელეგაციის ნიუ-იორკის რეზიდენციაში, პარკ-ავენიუზე მიგვიწვიეს. გული იმედით ძგერდა, მაგრამ მაგრამ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით გრომიკო სრულიად სხვა განწყობით დაგვხვდა. ის ჩვენთვის და ალბათ ფარული მიკროფონებისთვის უკიდურესად ოფიციალური უარის წაკითხვით შემოიფარგლა.

აღმოსავლეთის უზარმაზარი ციხიდან მხოლოდ ერთხელ გამოაღწია მეცნიერთა მიმართ მეგობრულმა ხმამ. ბიკინის საცდელ აფეთქებებთან დაკავშირებით კაპიცამ მოუწოდა დასავლელ კოლეგებს ატომური ენერგიის საომარი გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისაკენ. რეზერფორდის ყოფილმა ასისტენტმა და მეგობარმა განაცხადა: “ატომურ ენერგიაზე ატომური ბომბის ენით ლაპარაკი იგივეა, რაც ელექტროენერგიაზე ელექტრული სკამის ენაზე ლაპარაკი.”

ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დასავლეთში კაპიცას ხმა გაიგონეს. ათი წელი გავიდა, ვიდრე საბჭოთა კავშირში ფიზიკოსების დიდ შეკრებაზე ჩასულმა ამერიკელმა ფიზიკოსებმა გაიგეს, რაც მას დაემართა. 1946 წლის ივლისში ამ განცხადების შემდეგ, რომელიც როგორც ჩანს, არა მხოლოდ უცხოელი, არამედ საბჭოთა მეცნიერების გასაგონადაც გაკეთდა, საბჭოთა ატომური იარაღის შექმნაში მონაწილეობაზე უარის გამო სტალინმა ის შინაპატიმრობაში მოათავსა. ამავე დროს ის მოხსნეს ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის დირექტორობიდან, რომელიც მისთვის შეიქმნა. შვიდი წლის განმავლობაში ის ზვენიგოროდში, საკუთარ სახლს პრაქტიკულად არ ფასცილებია. მთელი ამ დროის განმავლობაში დასავლეთის პრესაში ქვეყნდებოდა ცნობები, რომ სწორედ ისაა და არა ვინმე სხვა, საბჭოთა ატომური ბომბებზე პასუხისმგებელი. ამერიკელ ფიზიკოსებს, რომლებმაც მოსკოვი 1956 წელს ინახულეს, უთხრეს, რომ რამდენიმე რუსი ბირთვული ექსპერტი, რომლებმაც უარი თქვეს ბომბზე მუშაობაზე, კაპიცას მსგავსად რეპრესირებულები იყვნენ. ისინი გადაასახლეს და იძულებითი სამუშაო მიუსაჯეს. თუმცა ასეთი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ უმცირესობამ გაბედა. 1947 წლის გაზაფხულისთვის ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მეცნიერთა ჯვაროსნულმა ლაშქრობამ მარცხი განიცადა. ატომურ შეიარაღებათა შეჯიბრება სრული გაქანებით ამოქმედდა. მეცნიერთა ახალი ორგანიზაციები თავის დაცვაზე გადავიდნენ. სამხედრო შეიარაღებათა ლაბორატორიებში უკუმოქცევა დაიწყო.**

გენერალი გროვსი მართალი აღმოჩნდა. მან მოგვიანებით მეამბოხეებზე იუმორით შენიშნა: “რასაც ველოდი, ის მოხდა: ექვსთვიანი უკიდურესი თავისუფლების შემდეგ ხელები აექავათ და თითქმის ყველა სამთავრობო კვლევებში დაბრუნდა, რადგან ეს ძალიან საინტერესო იყო.”

გენერალი გროვსი, რა თქმა უნდა, ამარტივებს სიტუაციას, რადგან ამერიკელი ატომური მეცნიერების მხოლოდ მცირე ნაწილი წყვეტდა თავისუფლად, დაბრუნებოდა თუ არა მთავრობის დაფინასებულ კვლევებს. უმრავლესობა უბრალოდ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, რადგან სხვა შემთხვევაში პროფესია უნდა გამოეცვალა. მათ არ გამოპარვიათ, რომ ვიდრე ისინი ატომური ენერგიის სამოქალაქო კონტროლისთვის იბრძოდნენ, სამხედროებმა ჭკუა ისწავლეს და მეცნიერთა ციხესიმაგრეებში, უნივერსიტეტებში შეაღწიეს.

ომის განმავლობაში უნივერსიტეტებმა ახალი და ძალიან მდიდარი მფარველი შეიძინეს შეიარაღებული ძალების სახით. მართალია, სამხედრო კვლევების დაფინანსებას დროებით მოვლენად თვლიდნენ, ფიზიკის, ქიმიის, ტექნოლოგიის და ბიოლოგიის ფაკულტეტები დიდად გაფართოვდა სამხედროების ფინანსური მხარდაჭერით. ომის შემდეგ უნივესიტეტის პრეზიდენტებს, რომლებიც სამშვიდობო ბიუჯეტებზე იმტვრევდნენ თავს, სამხედრო-საზღვაო ძალების კვლევათა დეპარტამენტის ან G6-ის წარმომადგენლები სთავაზობდნენ: ‘მზად ვართ გავაგრძელოთ თქვენი დაფინანსება. არ დაგჭირდებათ გაფართოებული ლაბორატორიების დახურვა ან თანამშრომლების დათხოვნა. არც იმას მოგთხოვთ, რომ ისეთ გამოგონებებზე იმუშაოთ, რომელთა გამოყენებასაც უშუალოდ მოვახერხებთ. შეგიძლიათ თეორიას ჩაუღრმავდეთ. წარმომადგენლები. ჩვენ კვლევითი სკოლების აყვავება გვსურს. ამ საუკუნეში ქვეყნის სიძლიერე მხოლოდ არსენალებით კი არ იზომება, არამედ ლაბორატორიებითაც. წყნარად იმუშავეთ თქვენს მშვიდობიან დღის წესრიგზე.”

ამრიგად, 1946 წლის ბოლოსთვის შეიარაღებულ ძალებს უკვე მრავალი მილიონი დოლარი ჰქონდათ დახარჯული არა მხოლოდ საკუთარი კვლევითი ორგანიზაციების, არამედ საუნივერსიტეტო ლაბორატორიების ფინანსირებაზე. ჯერ კიდევ 1946 წლის ოქტომბერში, “ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნის” მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ყოველწლიურ ფორუმზე ფილიპ მორისონმა შექმნილი სიტუაციით შეშფოთება შემდეგნაირად გამოხატა:

‘ამერიკის ფიზიკური საზოგადოების უკანასკნელ შეკრებაზე, ბერკლიში, წარმოდგენილი სტატიების ნახევარი მთლიანად ან ნაწილობრივ სამხედროების მიერ იყო დაფინანსებული...ზოგიერთი სასწავლებელი კვლევითი სამუშაოს მხარდაჭერის 90 პროცენტს ფლოტისგან იღებს...ფლოტის კონტრაქტები ყოვლისმომცველია. მათ ყველა სახის სამუშაოსთვის იძლევიან...შეშფოთება, რომელსაც მეცნიერები გრძნობენ ამ ომის პირმშო გაბერილობის გამო მისი გაქრობის შიშითაა ნაკარნახევი. აი რისი ეშინიათ მათ: მხარდამჭერები – არმია და ფლოტი – ცოტა ხანი ასე გააგრძელებენ. შედეგები - ახალი და საშინელი იარაღის ფორმით – მათ დანახარჯებს არ გაამართლებს და მათი საკუთარი ფონდები შემცირდება. კეთილგანწყობილი კონტრაქტები გამკაცრდება და დეტალებში შეიარაღების კონკრეტული პრობლემები და შედეგები ჩაიწერება. თავად მეცნიერება კი საომარი დანახარჟების ნაწილი გახდება.

ფიზიკოსმა იცის, რომ მდგომარეობა არასწორი და სახიფათოა. ის იძულებულია ამას შეეგუოს, რადგან ფული მართლა სჭირდება. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ომმა ასწავლა, რაოდენ მნიშვნელოვანია მხრდაჭერა შედეგიანობის გასაზრდელად; მისი სფერო აღარ შემოიფარგლება ამოცანებით, რომელთა ამოხსნაც ადამიანთა მცირე ჯგუფს ხელეწიფება. დიდი დანადგარები – ბირთვული რეაქტორები, ციკლო-, სინქრო- და ბეტატრონები აუცილებლობად იქცა. მისთვის აუცილებელი მხარდაჭერა უნივერსიტეტის შესაძლებლობებს სცილდება. თუ O.N.R. (ფლოტის კვლევითი სამსახური) ან მისი ანალოგი არმიაში G6, მას ხელს კარგი კონტრაქტით გაუმართავს, ზეადამიანი უნდა იყოს, რომ ამაზე უარის თქმა შეძლოს.”

მორისონის მიერ წინასწარგანჭვრეტილი სიტუაცია უფრო სწრაფად და სრულად დადგა, ვიდრე ამას ყველაზე უფრო პესიმისტურად განწყობილი დამკვირვებელი წარმოიდგენდა. უნივერსიტეტში, ერთ დროს მსოფლიოში თავისუფალი სიტყვის დასაყრდენში, გასაიდუმლოების სულისკვეთებამ იმძლავრა. ზოგიერთი კვლევა სამხედრო მეთვალყურეობისა და რეგულაციების ქვეშ ტარდებოდა. მათ ირგვლივ უხილავი ბარიერები და თხრილები გაჩნდა. პროფესორებს საიდუმლოებები გაუჩნდათ და საკუთარი პრობლემების განხილვისას ერთმანეთთან საგანგებო ენით ლაპარაკობდნენ, რომელიღაც უცნაური რელიგიის ქურუმებივით. ვინაიდან მხოლოდ ცოტაოდენმა თუ იცოდა, რას აკეთებდნენ რეალურად, ისინიც კი, ვისაც უჭირდა საკეთებელი საქმის სინდისთან შერიგება, პოსტებს ინარჩუნებდნენ, რადგან როდესაც სამხედრო საიდუმლოება მართავს, ერთადერთი ცენზორი, რომლისაც უნდა გეშინოდეს, სამხედროა.

1947 წლის 21 მარტს პრეზიდენტმა ტრუმენმა “ერთგულების ბრძანება” გამოსცა, რომლის მიხედვით ყველა სახელმწიფო მოხელეს პოლიტიკური და მორალური სანდოობის დაწვრილებითი პოლიციური შემოწმება უნდა გაევლო. ვინაიდან თითქმის მთელი ბირთვული კვლევა, უშუალოდ თუ ირიბად, ფედერალური მთავრობის მიერ ფინანსდებოდა, ატომური ფიზიკოსები ამ ბრძანების მოქმედების ქვეშ მოექცნენ. განწყობაზე, რომელმაც “ატომურ ქალაქებში” დაისადგურა, შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ ამ ამბის საშუალებით, რომელიც დოქტორმა სვარტაუტმა, ოუკ-რიჯის ატომური კვლევის ლაბორატორიის რადიოქიმიური განყოფილების დირექტორმა გააცნო სამეცნიერო კონგრესს: 1947 წლის გაზაფხულის ერთ საღამოს მეცნიერმა – ტერმინ “მეცნიერს” აქ შემთხვევის ტიპურობის აღსანიშნავად ვიყენებ – ვახშმობა შეწყვიტა კარზე კაკუნის გამო. ფორმიანმა მცველმა მას მოსთხოვა სამკერდე ნიშნის და სხვა საშუალებების დაბრუნება, რომლითაც ის აღწევდა ქალაქში, რომელშიც ცხოვრობდა და შენობაში, სადაც მუშაობდა. ვინაიდან მცველმა მიზეზი ვერ განუმარტა, მეცნიერმა თავის ზემდგომს დაურეკა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდება. თანამდებობრივად ზევით აღმავალი ზარებით გაირკვა, რომ მეცნიერს უნდა აღესრულებინა მცველის მოთხოვნა და შემდეგი დილით დაწესებულების დირექტორის ოფისში გამოცხადებულიყო. იქ მას აუხსნეს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც კომისიას აფიქრებინებს, რომ მასთან უსაფრთხოების რისკია დაკავშირებული და რომ მას უფლება აქვს დაწეროს განცხადება, სადაც საკუთარ ხასიათს, ერთგულებას და კავშირებს დაიცავს და ამ განცხადებას ატომური ენერგიის კომისია განიხილავს ვაშინგტონში. განხილვის პერიოდში მას ექნება დროებითი საშვი სახლში, მაგრამ არა სამუშაო ადგილზე მისასვლელად.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას. რომ გითხრან, დაიცავი საკუთარი ხასიათი, ერთგულება და კავშირები, რისგან უნდა დაიცვა? რა იცი, რა გაგიკეთებია ან გითქვამს ისეთი, რამაც ეს ბრალდება წარმოშვა?”

ამ ამბავს კეთილი ბოლო აქვს, რაც ნაკლებად ტიპურია. ბრალდებულმა მდგომარეობა აღიდგინა. “თუმცა ამას,” აგრძელებს დოქტორი სვატრაუტი ”რამდენიმე თვე დასჭირდა, რომლის განმავლობაში მან გაუძლო გაურკვევლობას, შეინარჩუნებდა თუ არა სამსახურს და სამეცნიერო კარიერას და ამ პერიოდში სამუშაოსაც ჩამოცილებული იყო. ატომური ენერგიის კომისიის უშუალო თანამშრომლებისთვის ეს პერიოდი უშემოსავლობასაც ნიშნავდა. კონტრაქტორის თანამშრომლების მდგომარეობა უკეთესი იყო, თუმცა რამდენიმეთვიანი შვებულება მუდმივი სულიერი სტრესის პირობებში, დასვენებისთვის რეკომენდებული არაა.”

ამ “მწარე წლებში” ასობით ასეთი შემთხვევა მოხდა. მათი აღწერისთვის მხოლოდ სტატისტიკა არ გამოდგება, რადგან ციფრებით ვერ გამოხატავ მათ შეშფოთებას, შიშს და მწუხარებას, ვინც ეს განიცადა დაუსაბუთებელი დაბეზღების ან წარსულის დიდი ხნის მივიწყებული ეპიზოდის გამო. ანონიმური ბრალმდებლებისა და მოსამართლეების (რომლებიც, როგორც წესი, ასეთი საქმისთვის ხელის მოკიდებას ერიდებოდნენ) მიერ სამოქალაქო და ადამიანური უფლებების დარღვევის საფუძველზე შემდგომი გადასინჯვა დიდი ვერაფერი კომპენსაცია იყო ასეთი უხეში მოპყრობის მსხვერპლთათვის. ჩვეულებრივ სასამართლო განხილვას მოკლებულნი, ისინი თითქოს საკუთარი ქვეყნის ღალატის ეჭვქვეშ ცხოვრობდნენ. მთავრობა მათ უთვალთვალებდა, ახლობლების უმრავლესობა კი თავს არიდებდა. ეს საკუთარ ქვეყანაში დევნილობის, მწუხარებისა და სირცხვილის დრო იყო, რომელსაც ადამიანები თვითმკვლელობამდე მიჰყავდა.

1947 წლიდან ატმოსფერო, რომელშიც დასავლელი მეცნიერები ცხოვრობდნენ უფრო და უფრო დამძიმდა. მეთოდები, რომლებსაც დასავლეთის პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრი, ვაშინგტონი იყენებდა, ლონდონისა და პარიზის სულიერ ატმოსფეროზეც ახდენდა გავლენას. “ერთგულების კომიტეტებმა” მალე ინგლისსა და საფრანგეთშიც მიჰყვეს ხელი არაპოპულარული მეცნიერების დაკითხვას, მათთვის პასპორტების ჩამორთმევას და თანამდებობებიდან გათავისუფლებას. მეცნიერთა ნაქებმა მეგობრობამ შიშისა და უნდობლობის შემოტევას ვერ გაუძლო. მეცნიერული მიმოწერა, ათწლეულებს რომ ითვლიდა, შეწყდა. დასავლეთის სამეცნიერო ლაბორატორიებშიც კი სახელმწიფოს გრძელი ყურების შიშით ხალხი ჩურჩულზე გადავიდა, რაც ადრე მხოლოდ ტოტალიტარულ ქვეყნებს ახასიათებდა.

და მაინც, ეს მკაცრად შეზღუდული თავისუფლება, ეჭვიანობისა და ბრალდებების არაჯანსაღი ატმოსფეროთი გარემოცული, ბევრად სჯობდა სრულ მონობას, რომელიც მეცნიერებს “რკინის ფარდის” მიღმა, კომუნისტურ ქვეყნებში ერგოთ. კერძოდ დევნამ, რომელიც საბჭოთა გენეტიკოსებმა განიცადეს ლისენკოს თეორიებიდან გადახვევის გამო, გადასახლებებმა და სახელგანთქმული ვავილოვის შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯამ, დასავლეთში ღრმა თანაგრძნობა გამოიწვია. “მშვენიერ წლებში” ატომური მეცნიერები ფონდების ნაკლებობას განიცდიდნენ, თუმცა სამაგიეროდ თავისუფალ და კეთილგანწყობილ გარემოში მუშაობდნენ. მათი კვლევის შედეგებს თითქმის ვერავინ ამჩნევდა, სამაგიეროდ მათ ყველა იცნობდა და პატივს მიაგებდა. ისინი ცოტანი იყვნენ და ყველა ერთმანეთს იცნობდა, ცხრა მთასა თუ ცხრა ზღვას იქით.ახლა ისინი ალბათ ასჯერ უფრო მეტნი იყვნენ. მათი მეცნიერება მოდად იქცა. მათი კონგრესები მასიურ შეკრებებს ჰგავდა. ბევრს მათი ეშინოდა და ზოგს სძაგდა კიდეც. მათ მნიშნელოვან პიროვნებებად თვლიდნენ – იმდენად მნიშვნელოვნად, რომ მარტო სიკვდილის უფლებაც კი ჩამოართვეს.

იმ დღეებში სან-ფრანცისკოში, ლეტერმანის ჰოსპიტალში უგონოდ მყოფი მძიმე ავდმყოფი დაცვის თანხლებით მიიყვანეს. ის იზოლირებულ პალატაში მოათავსეს და კართან შეიარაღებული მცველი დაუყენეს. მოგვიანებით ჯარისკაცი, რომელმაც ჰოსპიტალში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მოაშორეს. საექიმო პერსონალი სანდოობაზე წინასწარ შეამოწმეს. ისინი გააფრთხილეს, რომ ყველაფერი უნდა დაივიწყონ, რაც ავადმყოფმა ბოდვისას შეიძლება წამოროშოს.

პაციენტი უილიამ თვითჩელი 36 წლის ბირთვული ქიმიის სპეციალისტი იყო მინესოტადან. რამდენიმე წლის განმავლობაში მას გარკვეული თანამდებობა ეკავა კალიფორნიის უნივერსიტეტის რადიაციულ ლაბორატორიაში. ვინაიდან ამ მსოფლიოში სახელგანთქმული დაწესებულების ერთი ნაწილი მხოლოდ ბირთვული იარაღის გაუმჯობესებაზე მუშაობდა, თვითჩელს სავარაუდოდ მნივნელოვანი ბირთვული საიდუმლოებები უნდა სცოდნოდა. ახალგაზრდა კაცის დაავადების გარემოებები არ გასაჯაროებულა. ფიდლერმა, ბერკლის უშიშროების განყოფილების დირექტორმა – რომელშიც ოპენჰაიმერმა თავისი აღიარება გააკეთა 1943 -ში – ყველაფერი იღონა საქმის მისაჩქმალავად. მან არმიას მოსთხოვა, პაციენტი საკუთარ ჰოსპიტალში გადაეყვანა, სადაც სამოქალაქო ჰოსპიტალთან შედარებით უსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომების გატარება იქნებოდა შესაძლებელი.

ექვსი თვის შემდეგ ამ ინციდენტს შემთხვევით გადააწყდა “ნიუ-იორკ ტაიმსის” კორესპონდენტი, თუმცა თვითჩელის დაავადების ზუსტი ბუნება მანაც კი ვერ დაადგინა. შესაძლოა მეცნიერმა უბრალოდ ვერ გაუძლო მასზე დაკისრებული გაუმჟღავნებლობის ვალდებულების დაძაბულობას. მსგავსი რამ დაემართა ომის დროს ფლოტის ოფიცერს, რომელიც ოუკ-რიჯში მსახურობდა. ის მაშინ დააპატიმრეს, როდესაც მატარებლის გაჭედილ ვაგონში ატომური ქალაქის ამბებს ყვებოდა. ამ ერთი ადამიანისთვის, რომელსაც სულიერი აშლილობა დაემართა, საგანგებო მცირე კლინიკა გამართეს, ექიმებით და სამედიცინო პერსონალით, რადგან არასასურველად ჩათვალეს მისი კერძო ან მით უფრო, საჯარო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა. თვითჩელის შემთხვევაში მსგავსი ზომების მიღება არ დასჭირვებიათ, რადგან მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. არცერთ მეგობარს თუ ნათესავს ბოლო საათებში მასთან ყოფნის საშუალება არ მისცეს.



* მართალია, შეერთებულ შტატებში ატომური კვლევების საჯარო დაფინასების პირველი ექვსი ათასი დოლარი ფლოტმა გამოყო, გენერალი გროვსი მათ საშუალებასაც კი არ მისცემდა, საკუთარი კვლევებისთვის ურანი შეეძინათ. გეორგ გამოვმა, რომელმაც ომის დროს ატომური პრობლემა ფლოტისთვის საკმაოდ ადრე გადაწყვიტა, კვლევები ვეღარ გააგრძელა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეიარაღებული ძალების არასწორ განშტოებას მიმართა.

** ატომური ენერგიის სამხედრო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში მყოფი ამერიკის მეცნიერთა ფედერაციის მიერ შედგენილ კითხვარში, რომელიც გამოსაქვეყნებლად არ იყო გამიზნული, კითხვაზე: “თქვენი აზრით, უნდა გააგრძელოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბების წარმოება?” 1947 წლის გაზაფხულზე 243 დადებითი პასუხი დარეგისტრირდა და მხოლოდ 174 – უარყოფითი. ლოს-ალამოსში შეწყვეტის წინააღმდეგ 137 ხმა მისცეს და შეწყვეტის სასარგებლოდ – მხოლოდ 31.

No comments:

Post a Comment