16. “ჯო 1” და "სუპერი”. 1949 -50

1949 წლის აგვისტოს ბოლოსკენ შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მფრინავმა ლაბორატორიამ, რომელიც B-29 -ში იყო დამონტაჟებული და ბომბდამშენების ეკოპაჟების უსაფრთხოებისათვის საჭირო მონაცემებს აგროვებდა, საგანგაშო აღმოჩენა გააკეთა. შორეულ აღმოსავლეთში ფრენისას გადაღებულ ფოტოებზე ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების აუხსნელი კვალი აღმოჩნდა. კოსმოსური ნაწილაკების მიერ დატოვებული ჩვეულებრივი კვალის გარდა ნეგატივებზე ბევრი დამატებითი ახალი ხაზი გამოჩნდა. მოვლენა იმდენად უჩვეულო იყო, რომ კოდირებული ინფორმაცია ვაშინგტონს დაუყოვნებლივ გადასცეს. რადიოაქტიურობის დასაფიქსირებლად სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავი დავალების შესასრულებლად გაფრინდა. მაღალი ღrუბლებიდან წვიმის წვეთების და ატმოსფეროს უმაღლეს ფენებში სპეციალური წებოვანი ქაღალდით ნაცრის მიკროსკოპული ნაწილაკების ნიმუშების დაწვრილებითმა რადიოქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა ის, რასაც საჰაერო ძალებისა და ატომური ენერგიის კომისიის მეცნიერები ვარაუდობდნენ, მაგრამ თქმას ვერ ბედავდნენ: აღმოჩენილი რადიოაქტიურობა სადღაც საბჭოთა აზიაში მომხდარი ატომური აფეთქების შედეგია.

მცირერიცხოვანი ექსპერტებითვის, ვინც ეს ამბავი გაიგო, ის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ რუსები ატომურ ბომბს თუ საერთოდ გააკეთებდნენ, ეს არაუადრეს 1956 ან 1960 წლისა მოხდებოდა. საჰაერო ძალების ტექნოლოგებმა 1952 წელი ივარაუდეს, და ეს დიდ გადაჭარბებად ჩაითვალა. ახლა აღმოჩნდა რომ ესენიც კი ზედმეტად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი.

პენტაგონის სტრატეგოსები საწყისი შოკიდან გამოსვლის შემდეგ თავს ვარაუდებით იმშვიდებდნენ. შესაძლოა, რომ რადიოაქტივობის აწეული დონე საომარი გამოყენებისათვის გამზადებული ბომბის გამოცდის კი არა, არამედ ერთერთ ატომურ ლაბორატორიაში გაუფრთხილებობით გამოწვეული შემთხვევითი აფეთქების შედეგია. თუმცა ამ აფეთქების მასშტაბი იმის მაჩვენებელია, რომ რუსები ასაფეთქებელი მასალის დიდ რაოდენობას ფლობენ. როგორ მოახერხეს მათ ამდენი U235-ის ან Pu239-ის წარმოება? ნუთუ 1945 წლიდან სულ რაღაც ოთხ წელიწადში მოახერხეს ამისათვის აუცილებელი ურთულესი დანადგარების აგება? ამ მტკივნეულ კითხვაზეც კი მოიძებნა პასუხი, რომელიც მოვლენის მნიშვნელობას აკნინებდა. ივარაუდეს, რომ ასაფეთქებელი მასალა რკინის ფარდის მიღმა კი არ დაუმზადებიათ, არამედ დასავლეთიდან ჯაშუშების საშუალებით მოიპოვეს. თუმცა ამას დამაჯერებლობა აკლდა, რადგან ზუსტად წინა თვეებში სენატორმა ჰაიკენლუპერმა ატომური ენერგიის კომისიის მთელი ოპერაციები დეტალურ საჯარო შესწავლას დაუქვემდებარა და U235 -ის მხოლოდ 4 გრამის დანაკლისი გამოავლინა. ომის დამთავრებიდან ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთში ფართოდ გავრცელებული რუსეთის მიერ ატომური ბომბის გაკეთების უნარის ეს გადაჭარბებული შეუფასებლობა თითქმის ისეთივე განმაცვიფრებელია, როგორც მანამდე გერმანიის ატომური პოტენციალის გადაჭარბებული შეფასება. 1945 წლის ბოლომდე რუსები საკმაოდ ღიად აღნიშნავდნენ როგორც ტექნიკურ გამოცემებში, აგრეთვე ყოველდღიურ პრესაში, რაოდენ დიდ ინტერესს იჩენენ ბირთვული ფიზიკის მიმართ და საკუთარ კვლევებს ამ სფეროში.

ორი ინსტიტუტი ლეინგრადში - რადიუმის ინსტიტუტი და ტექნიკური ფიზიკის ინსტიტუტი, ორი მოსკოვში - ლებედევის ინსტიტუტი და ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი, აგრეთვე ინსტიტუტი ხარკოვში 1920-იანი წლებიდან მოყოლებული ასე თუ ისე ჩართული იყო ბირთვულ კვლევებში. რუსებს ჰქონდათ ურანის დიდი მარაგები და ეს კარგად იცოდნენ, რაც მათი ცნობილი გეოლოგის, ვერნადსკის შრომებიდანაც ჩანს. მან და მისმა მოწაფეებმა 1921 წლიდან მოყოლებული, ლენინის მითითებით მთელ საბჭოთა კავშირში ნედლეულის მარაგების გამოკვვლევას და აღწერას მიჰყვეს ხელი.

როგორც კი ოტო ჰანის აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა ცნობა, საბჭოელი მეცნიერები მისი მნიშვნელობისა და შესაძლებლობების კვლევას ისეთივე ენთუზიაზმით შეუდგნენ, როგორც მათი დასავლელი კოლეგები. 1939 წელს მოსკოვში ბირთვული ფიზიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი ოფიციალური საჯარო კონგრესი გაიმართა. 1940 წლის აპრილში მეცნიერებათა აკადემიამ ყოველთვიურ ბიულეტენში ურანის პრობლემათა საგანგებო კომისიის შექმნა გამოაცხადა. ურანის ამ საბჭოთა საზოგადოებაში ყველა ცნობილი ფიზიკოსი შევიდა, მათ შორის ფლიოროვი და პეტრჟაკი, ვინც ურანის სპონტანური გაყოფა აღმოაჩინეს 1940 წელს მოსკოვის მეტროპოლიტენის შახტაში ჩატარებული გარკვეული ექსპერიმენტების დროს.

ჯერ კიდევ 1939 წელს ა.ი. ბროდსკიმ გამოაქვეყნა სტატია ურანის იზოტოპების გაყოფაზე, კურჩატოვმა და ფრენკელმა კი ფრიშის, ბორის და უილერის კვალდაკვალ, თითქმის ერთდროულად ურანის გაყოფის პროცესი თეორიულად ახსნეს. 1940 წლის დამდეგს “იზვესტია”-ს წინასაახალწლო ნომერში სტატია სახელად “ურან 235” შემდეგ გზავნილს შეიცავდა: “კაცობრიობა დაეუფლება ენერგიის წყაროს, რომელიც მილიონჯერ აღემატება ყველაფერს, რაც აქამდე იყო ცნობილი...გვექნება საწვავი, რომელიც ჩაანაცვლებს ქვანახშირისა და ნავთობის ამუწურვის პირას მყოფ მარაგებს და მრეწველობას საწვავის შიმშილისგან იხსნის. ადამიანი ახალ ეპოქაში შედის… მას შეეძლება სასურველი რაოდენობის ენერგიის მიღება და მისი სასურველი მიზნით გამოყენება.” 1941 წლის ოქტომბერში კაპიცამ ლექციაზე, რომელიც საბჭოურ პრესაში გამოქვეყნდა, განაცხადა: “თეორიული გამოთვლა ამტკიცებს, რომ ატომურ ბომბს იოლად შეუძლია დიდი, რამდენიმე მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქალაქის განადგურება.”

1941 წელს, გერმანელების შემოჭრის შემდეგ რუსებმა, როგორც ჩანს, დროებით მიატოვეს ატომური კვლევების პროგრამა. The Rand Corporation, რომელიც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების განკარგულებებით მოქმედებს, 1956 წელს საბჭოთა კავშირის ტექნიკური პროგრესის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

“რუსებმა ჩათვალეს, რომ ომის პირობებში ატომური ბომბის იდეა განხორციელებადი იქნებოდა; მათ არ დაუმალავთ ფაქტი, რომ შეაჩერეს ატომური კვლევები; სავარაუდოდ, ისინი არც საგარეო ჯაშუშური საქმიანობის პრიორიტეტად გამოუცხადებიათ… 1943 წლისთვის მათ აღადგინეს ატომური განვითარების პროგრამა ატომური იარაღის დაუფლების მიზნით.”

მესამე რაიხში ატომური პროექტის ჩაფლავების გამო გაკეთებული ნაადრევმა მცდარმა დასკვნებმაც შეუწყო ხელი რუსული ატომური კვლევების და ტოტალიტარული სახელმწიფოს მიღწევების შეუფასებლობას. სტალინის, ისევე როგორც ჰიტლერის ოფიციოზი ფიზიკას იდეოლოგიური მოსაზრებებით უტევდა. კვანტური და რელატივისტური თეორიები დაგმეს, როგორც “რეაქციული და “იდეალისტური.” თუმცა ორ დიქტატურას შორის მსგავსება ამას არ გასცდენია. ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში ბუნებისმეტყველებას არ წყალობდნენ, სტალინისტურ რუსეთში კი ყველანაირ მატერიალურ დახმარებას უწევდნენ. ფიზიკოსის პროფესია ერთერთი მაღალანაზრაურებადი იყო, ინსტიტუტებს კი უზარმაზარ ფონდებს აძლევდნენ პროექტების განსახორციელებლად. რუსმა ბირთვულმა ექსპერტებმა 1939 წლამდე შეძლეს ევროპაში პირველი ციკლოტრონის შექმნა. 1941 წლისთვის ისინი ამზადებდნენ კიდევ ორი ასეთი გიგანტური ატომის დამანგრეველი მანქანის მშენებლობას. ერთერთის ენერგია სამჯერ აღემატებოდა შეერთებულ შტატებში მაშინ მოქმედი უმძლავრესი დანადგარისას.

რაგლსი და კრემიში, ორი სპეციალისტი, რომლებიც საბჭოთა ატომურ კვლევებს სწავლობენ საჰაერო ძალების დაკვეთით, ასკვნიან, რომ “1945 წელს რუსებს ბირთვული პროგრამა ნულიდან არ დაუწყიათ და ამ დროისთვის ცოდნით და უნარებით დიდად არ ჩამორჩებოდნენ შეერთებულ შტატებში მიღწეულ დონეს. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც კია, რომ საბჭოთა მრეწველობამ ოთხი წლით მეტი მოანდომა ბომბის შექმნას, რომელიც 1949 წელს აფეთქდა.

საბჭოთა ატომური განვითარების ეს რეალისტური შეფასება 1956 წლამდე არ გაკეთებულა. პირველ ომისშემდგომ წლებში მას შეერთებულ შტატებში დიდ გადაჭარბებად ჩათვლიდნენ, მსგავსად მოლოტოვის 1947 წლის განცხადებისა, რომ ატომი საბჭოთა მეცნიერებისთვის საიდუმლოებას აღარ წამოადგენს. შეშფოთების დღეებში, რომლებიც პირველი ატომური აფეთქების აღმოჩენას მოჰყვა, 1949 წლის აგვისტოში, ვაშინგტონის ხელისუფლება საბედნიეროდ არ აყვა დამამშვიდებელ ვარაუდებს. შემდგომი განცხადების გასაკეთებლად მათ სპეციალისტების კომიტეტი მოიწვიეს, რომელსაც მთელი არსებული მონაცემები უნდა გაეთვალისწინებინა. კომიტეტმა ვენევარ ბუშის თავმჯდომარეობით რამდენიმე სხდომა ჩაატარა, რომლებშიც ოპენჰეიმერი და ბახერი მონაწილეობდნენ. ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ დაასკვნეს, რომ არა მხოლოდ ბომბის არსებობაზე, არამედ მის სავარაუდო შემადგენლობასა და აფეთქების ძალაზეც კი შესაძლებელია მსჯელობა. ამ დროისათვის ამერიკელი მეცნიერების რწმენა საბჭოური ატომური ბომბის არსებობაში იმდენად გამყარდა, რომ მას სახელიც კი მოუფიქრეს – “ჯო 1,” სტალინის “საპატივცემულოდ.”

ამის შემდეგ აუცილებელი გახდა პრეზიდენტი ტრუმენის და ატომური ენერგიის კონგრესის ერთობლივი კომიტეტის ინფორმირება, იმის შესახებ, რომ სცენაზე “ჯო 1” გამოჩნდა. “ახლა საით უნდა ვიმოძრაოთ?” - ასეთი იყო ტრუმენისა და წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი ვანდენბერგის ზუსტად ერთნაირი რეაქცია ამ ცნობაზე, რაც მათი გაოგნების ხარისხს ასხავს. უპირველესად გადასაწყვეტი ამ ამბის მსოფლიოსთის გამჟღავნება იყო. თავდაცვის მდივანი ჯონსონი ამას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ უმცირესობაში აღმოჩნდა. 1949 წლის 23 სექტემბერს, პრეზიდენტმა ტრუმენმა წაიკითხა მოკლე და დიდი სიფრთხილით შედგენილი გზავნილი საბჭოთა კავშირში მოხდენილი ატომური აფეთქების შესახებ.

ამ ინფორმაციასაც კი დიდად არ შეუშფოთებია ატომური საფრთხის მიმართ უსასოო განურჩევლობაში ჩავარდნილი უმრავლესობა, თუმცა ამერიკელ მეცნიერთა შორის გამოცოცხლება გაიზარდა. თითქმის ყოველი მათგანი 1945 წლიდან მოყოლებული ამბობდა, რომ შეერთებული შტატების მონოპოლია ამ იარაღზე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ახლა ისინი ხვდებოდნენ, რომ ატომურ შეიარაღებათა შეჯიბრების შეჩერება შეუძლებელი გახდა, პირიქით – ახლა ის სავარაუდოდ კიდევ უფრო გამძაფრდება. მათი ეს შეშფოთება ხილულად სიმბოლურ აქტში აისახა. “ატომური მეცნიერების ბიულეტენის” ყდაზე ყოველთვიურად გამოსახულ საათზე თორმეტს რვა წუთი აკლდა, ახლა ხუთი წუთით წინ გადაწიეს. დროის დასასრული კიდევ უფრო მოახლოვდა.

საბჭოთა კავშირში აფეთქების ცნობის გავრცელების შემდეგ “განდობილთა” შორის წარმოშობილ დისკუსიებში გამუდმებით მეორდებოდა ერთი სიტყვა, რომელსაც გარეშე ვერაფერს გაუგებდა. ეს სიტყვა იყო “სუპერი.” ბიულეტენი, რომელიც საერთაშორისდო აღიარებულ ორგანოდ და ატომის მკვლევაღტა შორის დებატების ფორუმად გადაიქცა, წლების განმავლობაში შეგნებულად ახშობდა ამ ტერმინის მნიშვნელობის ყველანაირ ხსენებას. საუკეთესო პოლიტიკად ჩაითვალა ყურადღების გადატანა შეიარაღების ახალი, შემაძრწუნებელი მეთოდიდან, რომელზეც ეს სიტყვა მიანიშნებდა.

“სუპერი” კი მიანიშნებდა ბომბზე, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა ათასჯერ უფრო მძლავრი ყოფილიყო იმაზე, რომელმაც ჰიროშიმა აღგავა პირისაგან მიწისა. ატომურისგან განსხვავებით, ეს ბომბი შეუზღუდავი სიმძლავრისა იქნებოდა.

ასეთი ბომბის შექმნა შესაძლებელი გადებოდა, თუ დედამიწაზე მზის შიგნით მიმდინარე მძლავრი ბუნებრივი პროცესის გამეორება მოხერხდებოდა. ცეცხლოვანი ციური მნათობის წიაღში ენერგია წყალბადის ატომების მუდმივი შერწმისას გამოიყოფა. აქ გამოთავისუფლებული ძალები შეუდარებლად უფრო დიდია ურანის გაყოფისას გამოთავისუფლებულთან შედარებით.

“სუპერი” კვლევის საგანი ჯერ კიდევ 1942 წლის ზაფხულში გახდა. ამ დროს ოპენჰაიმერმა ბერკლიში თეორეტიკოს ფიზიკოსთა მცირე ჯგუფი შემოიკრიბა ატომური ბომბის საუკეთესო ტიპის დასადგენად. ამ მსჯელობისას ტელერმა, რომელიც გამოვის წინადადებით ვარსკვლავებში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციების შესწავლაზე მუშაობდა, ყურადღება მიაპყრო ამ ტიპის სინთეზის გამოყენებას, როგორც გაყოფაზე დაფუძნებული ბომბის ლოგიკური განვითარების შემდეგ საფეხურს.

ამ დროს ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში სტუდენტების უმრავლესობა ან არდადეგებზე იყო, ან კიდევ ჯარში მსახურობდა. მთელი კამპუსი მონაწილე მეცნიერების – მათი რიცხვი შვიდს არ აჭარბებდა - განკარგულებაში იყო. იქნებ სწორედ აქ, მაღალ ჭადრებს შორის, მწვანე მდელოზე, ან რომელიმე მღავალფანჯრიან სალექციო აუდიტორიაში, სამრეკლოს ზარების თითქოს სფეროთა მუსიკის თანხლებით საუბარში ადამიანის ხელქმნილი მზის იდეა გახმოვანდა. ეს დღეები გაჟღენთილი იყო “სპონტანური გამოხატვის, თავგადასავალისა და გაოცების სულისკვეთებით,” იხსენებდა ტელერი მოგვიანებით. ადამიანის ცოდნისა და ძალის ახალ განზომილებებთან შეხების მღელვარებამ უმრავლესობას გადაავიწყა, რომ მომაკვდინებელი იარაღის შესაქმნელად იყვნენ შეკრებილნი. ბერკლის საუბრების შედეგად გადაწყდა, რომ თავიდან ძალისხმევის კონცრენტრაცია ძირითადად ურანის ბომბის შექმნაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა სერიოზული ყურადღება უნდა დათმობოდა სუპერ ბომბსის პრობლემასაც.

განხილული საკითხებიდან ერთი განსაკუთრებით შემაძრწუნებელია. არაა გამორიცხული, აღინიშნა ბერკლიში, რომ ბომბში თერმობირთვული რეაქციის ამოქმედებამ შესაძლებელია წყლის და ჰაერის მასა ჩაითრიოს და სუპერის მიერ ამოქმედებულმა შეუჩერებელმა ჯაჭვურმა რეაქციამ მთელი პლანეტა მოკლე დროში ანთებულ და მომაკვდავ ვარსკვლავად აქციოს.

ამ მონსტრული იდეის შესწავლა თავიდან ორ თეორეტიკოს ფიზიკოსს, ემილ კონოპინსკის და კლოიდ მარვინ ჯუნიორს მიანდეს და ორივემ დამაიმედებელი პასუხი გასცა, თუმცა ამ პასუხმა ყველა ვერ დაარწმუნა. საბოლოო განსჯა გრეგორი ბრეიტს, სიბრძნით და ზუსტი აზროვნებით ცნობილ ფიზიკოსს მიანდეს.

გრეგორი ბრეიტი შეერტებულ შტატებში ცარისტული რუსეთის პოგრომებს თხუთმეტი წლის ასაკში გამოარიდეს. ამერიკაში მან თავისი გულჩათხრობილი ბუნებისთვის შესაფერისი გარემო იპოვა. მას მიეცა შესაძლებლობა ეკითხა , ეფიქრა და ესწავლებინა დანარჩენ მსოფლიოზე დიდი ფიქრის გარეშე. ეს ყველაფერი 1940 წელს შეიცვალა. პოფესორ ბრეიტს ვაშინგტონ-პარკში ჩვეული სეირნობისას უკნიდან წამოწეული მანქანიდან სახლში მიყვანა შესთავაზეს. ჩვეულებრივად ის ამაზე ალბათ უარს იტყოდა, მაგრამ იმ დღეს დაღლა იგრძნო და მიპატიჟება მადლიერებით მიიღო. კეთილგანწყობილი მძღოლი ფლოტის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის ოფიცერი გამოდგა და მორცხვ პროფესორს შესთავაზა, მასთან სამსახურში ერთ-ორ დღეში შეევლო. მან ბრეიტს გაანდო, რომ ფლოტი განსაკუთრებით დაინტერესებულია ფიზიკის პრობლემების გადაწყვეტით.

პროფესორი დათანხმდა. ის არ აპირებდა ომისა და ნგრევის სასარგებლოდ ემუშავა, თუმცა ოფიცრებს ეს არც უთხოვიათ. ისინი ეზებდნენ ადამიანს, რომელიც მათ დაეხმარებოდა გემების გერმანული მაგნიტური ნაღმებისგან დაცვაში. ეს ხომ მხოლოდ ადამიანების სიცოცხლისა და ქონების დაცვაა. ბრეიტი დათანხმდა. მან ფლოტისთვის მუშაობა დაიწყო და მალე მისმა იდეებმა კვლევითი დეპარტამენტის ფიზიკოსები სწორ გზაზე დააყენა.

ცოტა ხნის შემდეგ ის კვლავ მიიწვიეს სამთავრობო დეპარტამენტში. მას უთხრეს, რომ ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია ახალ ბომბზე მუშაობის წარმართვა და კოორდინირება. მოხელეებმა დაამატეს, რომ ახალი ბომბის გამოყენების განზრახვა არ არსებობს, უბრალოდ მან შემაკავებელი როლი უნდა შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ გერმანელებიც იგივე იარაღს შექმნიან. ბრეიტის მუშაობა მთელ ქვეყანას იხსნის კატასტროფისგან. “ცუდი ადმინისტრატორი ვარ,” უპასუხა ბრეიტმა. “კოორდინირებისთვის ჩემზე უვარგისს სხვას ვერავის მიაგნებდით.” “სხვა არც არავინ გვყავს.” იყო პასუხი. “თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ამერიკის მოქალაქეა. თითქმის ყველა ამ საქმეში ჩართული ფიზიკოსი უცხოელია.”

ამგვარად დაარწმუნეს მშვიდობისმოყვარე პროფესორი სათავეში ჩადგომოდა პირველ კომიტეტს ვაშინგტონში, რომელსაც “სწრაფი გაყოფა” უნდა შეესწავლა – ამ ფრაზით აღნიშნავდნენ უმართავ ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც ატომურ ბომბში მიმდინარეობს. ამდენიმე თვეში ბრეიტს უფლება მისცეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობიდან გადამდგარიყო, რამაც დიდი შვება მოჰგვარა. ის აპირებდა, საკუთარ მეცნიერულ კვლევებს მიბრუნებოდა.

მალე მას ისევ მიმართეს - ამჯერად მას სთხოვეს, კონსულტაცია გაეწია მეორე, “გლობალური ჯაჭვური რეაქციის” პრობლემაზე. თავიდან მას სთხოვეს სამხედრო ხომალდების განადგურების თავიდან აცილება, შემდეგ – შეერთებული შტატების სავარაუდო განადგურებისგან დაცვა, ახლა მთელი მსოფლიოს განადგურებაზე მიდგა საქმე!

მთელი პასუხიმგებლობა მას უნდა დასწოლოდა; მისი გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩაითვლებოდა. უკიდურესად საიდუმლო ხასიათის გამო, მას ვერ ექნებოდა სხვა ფიზიკოსების განსჯის იმედი. დავუშვათ, მისი პასუხი ამ მნიშვნელოვან შეკითხვაზე, რომლის დარი მანამდე არავისთვის დაუსვამთ, მითსა თუ ლეგენდაშიც კი, არასწორი გამოდგა. დავუშვათ, მას ამ პრობლემის რომელიმე ფაქტორი გამორჩა. დავუშვათ, მან თქვა: “ რისკი, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, ადამიანის გონებისათვის მისაწვდომ თვალსაწიერში არ არსებობს,” სინამდვილეში კი შეცდა. განა აქამდე ატომში მიძინებული ამ ძალების გამოთავისუფლება მეცნიერებს შეუძლებლად არ მიაჩნდათ? განა შეუძლებელია მეორე ასეთი შეცდომის გამეორება?

ბრეიტის უარი ამ დავალების შესრულებაზე სრულიად გასაგები იქნებოდა, რადგან მას ზეადამიანური პასუხისმგებლობა უკავშირდებოდა, თუმცა მას ისიც უნდა ხსომებოდა, რომ ამ შემთხვევაში დავალებას სხვა მეცნიერს დააკისრებდნენ, რომელიც შესაძლოა, მასზე ნაკლებად ფრთხილი იქნებოდა. ამას გარდა, ის სრულიად დარწმუნებული იყო საკუთარ სინდისიერებაში.

მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში, ვიდრე ის დღესა და ღამეს გამოთვლებსა და ფიქრში ასწორებდა, დედამიწისა და კაცობრიობის ბედზე სრული პასუხისმგებლობა პროფესორის ვიწრო მხრებს აწვებოდა.ბოლოს მან თავისი გამოთვლები დამკვეთებს გადასცა. ახლა მას სწამდა, რომ ადამიანურ ეჭვს მიღმაა თერმობირთვულ ბომბში გამოთავისუფლებული რეაქციების გადასვლის შესაძლებლობა დედამიწის მსუბუქ ელემენტებზე, და რომ ეს ბუნების ფუნდამენტურ კანონებს ეწინააღმდეგება.

თუმცა ბრეიტს სხვა ეჭვებიც უნდა ჰქონოდა. მისმა დასკვნამ სუპერ ბომბის შექმნის გზაზე შესაძლოა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა უკუაგდო. განა ახლა ის არ იზიარებს პასუხისმგებლობას, თუ ასეთ ბომბებს საცდელად კი არა, გამიზნულად გამოიყენებენ პანეტარული მასშტაბის ნგრევისათვის?

როდესაც ამ პატარა, უწყინარი ადამიანის ფიქრმა ამ წერტილს მიაღწია, მას საშინელი სულიერი ტანჯვა უნდა განეცადა. ამ საშინელი ომის განმავლობაში ის ხომ მხოლოდ უარესი კატასტროფის თავიდან აცილებას ლამობდა. რა უნდა მოიმოქმედო ისეთი, რომ დანაშაულის გრძნობა არ დაგეუფლოს?

ბერკლის დისკუსიების დროს არ ეგონათ, რომ სუპერ ბომბის შექმნას დიდი დრო დასჭირდებოდა. თუმცა 1943 და 1945 წლებს შორის გამართულ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში მიზამა უფრო და უფრო შორს გადაიწია. ბოლოსდაბოლოს ნათელი გახდა, რომ ჯერ ჩვეულებრივი ატომური ბომბი უნდა გაკეთებულიყო – ეს “სუპერის” შექმნის წინაპირობა აღმოჩნდა. მხოლოდ ურანის გახლეჩის ბომბი, რომელიც წყალბადისაში კაფსულის როლს შეასრულებდა, შეძლებდა იმ წარმოუდგენლად მაღალი ტემპერატურის შექმნას, რომელიც აუცილებელი იყო თერმობირთვული რეაქციების დაწყებისათვის. ეს ამოცანა უფრო ძნელი და დროში გაწელილი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

“სუპერის” თანდათან თაროზე შემოდეს, რაც ტელერს ძალიან აღიზიანებდა. თავად მასაც კი აღარ დართეს მასზე მუშაობის ნება. თუმცა ტელერი ის კაცი არ იყო, სხვებივით მწყობრისთვის ფეხი აეწყო. სისტემატური მუშაობა მას საერთოდ არ აინტერესებდა. ამან სერიოზული დაძაბულობა შექმნა. მისი შეფი, ჰანს ბეთე იხსნებს:

“მე მასზე ძლიერად ვიყავი დამოკიდებული და მჯეროდა, რომ შემეძლო თეორიულ ფიზიკის კვლევებში მისი დახმარების იმედი მქონოდა. აღმოჩნდა,რომ მას თანამშრომლობა არ სურს. მას არ სურდა ემუშავა მიმართულებით, რომელსაც ლაბორატორიის ნებისმიერი სხვა წევრი ნაყოფიერად ჩათვლიდა.ის ყოველთვის ახალი მიმართულების, ახალი გადახრის შემოთავაზებაში იყო. ის არ ასრულებდა სამუშაოს, რომელიც მას და მის ჯგუფს უნდა ეკეთებინათ თეორიული განყოფილების ჩარჩოში; ამდენად სხვა არჩევანი არ დარჩა, გარდა მისი ლოს-ალამოსის გენერალური განვითარების ხაზის ნებისმიერი სამუშაოსგან გათავისუფლებისა და ჯგუფთან ერთად თეორიული ფიზიკის განყოფილების ფარგლებს გარეთ, საკუთარ იდეების დამუშავებისა, რომლებსაც არაფერი ესაქმებოდა მეორე მსოფლიო ომის პრობლემებთან.

ეს ჩვენთვის დარტყმა იყო იმიტომ, რომ ცოტა ვინმეს თუ შეეძლო ამ სამუშაოს გაგრძელება.”

ტელერის მიერ დატოვებულ სიცარიელე რუდოლფ პაიერლსმა და კლაუს ფუხსმა შეავსეს. ტელერმა თავის ჯგუფთან ერთად მუშაობა გააგრძელა “სუპერის” პრობლემაზე, რომელსაც “my baby” შეარქვა. ომის წლებში ლოს-ალამოსის დარად ურთიერთგადაჯაჭვულ საზოგადოებაში ტელერივით გარეთმდგომი საგანგებო ყურადღებას იქცევდა და შურს, გაღიზიანებას და სიძულვილსაც კი აღძრავდა. სხვა მეცნიერები სამხედრო დისციპლინას ემორჩილებოდნენ და ადრე დილით “ტექნიკური რაიონის” მავთულხლართებს მიღმა ქრებოდნენ, რაზეც რა თქმა უნდა, არასდროს უოცნებიათ. ტელერი გვიან იღვიძებდა, სახლში მუშაობდა და მერე ხანგრძლივ სეირნობას ეძლეოდა. საუნივერსიტეტო ქალაქში ამით ვერავის გააკვირვებდი, მაგრამ აქ, “ბორცვზე,” კითხულობდნენ: “ბოლოსდაბოლოს აქ რას აკეთებს? რატომ არ ემორჩილება ყველა სხვისთვის სავალდებულო წესებს?”

საჩივრები ტელერზე ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ოპენჰაიმერის მაგიდაზე იყრიდა თავს. ბევრი მათგანი უბრალოდ ახირებაა. რატომ აქვთ ტელერებს, რიომლებსაც მხოლოდ ერთი ბავშვი ჰყავთ, ერთი ოთახით მეტი? რატომ დგამენ ბავშვის მანეჟს ზუსტად სახლის წინ, სადაც ველოსიპედების გასაჩერებელი უნდა იყოს? აქვს თუ არა ტელერს გვიან ღამით ფორტეპიანოს დაკვრის და მეზობლების შეწუხების ნებართვა?

ოპენჰაიმერს ამ ჭორაობისთვის ყური არ უთხოვებია. მას ეუბნებოდნენ, რომ ტელერი მას სასტიკად აკრიტიკებს, თუმცა ერთდროულად აღმერთებს კიდეც. მრავალი თვალსაზრისით ორნი ერთმანეთს ჰგავდნენ. ორივეს ერთნაირი ცეცხლოვანი პატივმოყვარეობა წვავდა. ორივეს სხვებზე საკუთარი განუზომელი აღმატებულების შეგრძნება ამოძრავებდა.ბეთეს დაკვირვებით, რომელიც მათთან მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, ორივე “ხელოვანს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე მეცნიერს.”

მგრძნობიარე “ოპიმ” კარგად იცოდა, რომ უჩვეულო კოლეგასთან მისი ურთიერთობა არაა ჩვეულებრივი. მიუხედავად ხშირი შეხვედრებისა, მათ შორის ჭეშმარიტი კონტაქტი ვერ შედგა. ამის გამო ის განსაკუთრებულად ერიდებოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც ტელერს შესაძლოა მტრულად მოჩვენებოდა.

მეორე მხრივ, ოპენჰაიმერს არასდროს არ შეუქია ტელერი, რასაც ის ალბათ ელოდებოდა. ერთი თვითმხილველი შენიშნავს: “ იმ დღეებში “ოპის” რომ ერთხელ მაინც იმ სიტყვებით შეექო ედვარდი, როგორსაც მექანიკოსებისთვის არ იშურებდა, ორივეს ცხოვრება შესაძლოა განსხვავებულად წარმართულიყო.” ეს დაკვირვება ბევრად უფრო გვიანდელია, როდესაც ოპენჰაიმერსა და ტელერს შორის სიმპათიის არარსებობა უკვე სერიოზულ უთანხმოებაში გადაიზარდა, რასაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. ომის ბოლოს ტელერი არ შეერთებია საუნივერსიტეტო ლაბორატორიებში მეცნიერთა დაბრუნების საყოველთაო ტალღას. ომის დროს ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ მას ოპენჰაიმერის თანამდებობა შურს, ახლა იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტელერი მის შემცვლელად დარჩენა სურს. თუმცა გარდა საკუთარი თავისა, ძნელად თუ ვისმე წარმოედგინა ის კარგ ადმინისტრატორად.

ოპენჰაიმერის რეალურ შემცვლელს, ნორის ბრედბერის, ალბათ გაგონილიც ჰქონდა ეს ჭორები. მან დაუყოვნებლივ გამოიძახა ტელერი და შესთავაზა მნიშვნელობით მეორე – თეორიული განყოფილების უფოსის თანამდებობა, რომელიც ბეთეს წავლის შემდეგ ვაკანტური იყო.

საუბარი საკმაოდ არაკეთილგანწყობილი ტონებში წარიმართა. ტელერმა ჩვეულ აგრესიულ სტილში განაცხადა: “ეს იმაზეა დამოკიდებული, წელიწადში გახლეჩის იარაღის თორმეტ გამოცდას ჩავატარებთ თუ ნაცვლად ამისა თერმობირთვულ საკითხს ჩავუღრმავდებით.” ამაზე ბრედბერიმ უპასუხა:” ეს, როგორც თავად ხვდებით, სამწუხაროდ არც კი განვიხილება.” ამის შემდეგ ტელერმა უარყო ლოს-ალამოსში მუდმივად დარჩენის შეთავაზება და ჩიკაგოს უნივერსიტეტში წავიდა. თუმცა 1946 წლის განმავლობაში ტელერი ლოს-ალამოსს რამდენიმე დრით დაუბრუნდა საგანგებო თათბირზე დასასწრებად. ოცდაათამდე გამოძახებული ფიზიკოსის დისკუსიის საგანი “სუპერი” იყო. დამსწრეთა უმრავლესობა თვლიდაა, რომ ასეთი ბომბის შექმნა ხანგრძლივი და ძნელი საქმეა, უმცირესობა კი ტელერის მეთაურობით ამტკიცებდა, რომ მისი შექმნა ორ წელიწადშია შესაძლებელი. შეხვედრა დაიშალა. მონაწილეთაგან ერთერთზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დოქტორ ტელერის არგუმენტებმა და მან უყოყმანოდ გადასცა ისინი თავის კონტაქტებს. ეს მონაწილე კლაუს ფუხსი იყო, რომლის მიერ რუსებისთვის გადაცემული უკანასკნელი მიშვნელოვანი ინფორმაცია სწორედ “სუპერის” შესახებ გამართულ თათბირს ეხებოდა.

ჩიკაგოში ფიზიკის კათედრის ხელმძღვანელის როლში ტელერი აგრძელებდა სუპერ ბომბის შექმნის იდეის წინ წამოწევას. მან მოითხოვა, მაგალითად, რომ ატომურ მეცნიერთა საგანგებო კომიტეტს არა მართო მოესმინა მისთვის, არამედ თავადაც მოეთხოვა ამ საშინელი იარაღის შექმნა, რამაც კომიტეტის თავმჯდომარე აინშტაინი დიდად აღაშფოთა. ტელერისთვის მისი დამოკიდებულება არალოგიკური იყო. მსოფლიოს მდგომარეობა 1947 წლიდან, განსაკუთრებით ჩეხოსლოვაკიაში 1948 წლის თებერვლის კომუნისტური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ტელერს 1939 -1941 წლების პერიოდს აგონებდა, როდესაც ის სცილარდის მცირე ჯგუფში შედიოდა და ურანის ბომბის შექმნას აგიტაციას უწევდა. რით განსხვავდება ახლანდელი მდგომარეობა? - კითხულობდა ის. კვლავ არსებობს იმის საშიშროება, რომ ტოტალიტარული ქვეყანა თავისუფლებას დაემუქრება ისეთი იარაღით, რომლის წინააღმდეგაც იგივე იარაღით “კონტრ-ტერორის” გარდა სხვა დაცვა არ არსებობს. რატომაა სტალინი უფრო სანდო, ვიდრე ჰიტლერი?

თუმცა ამასთან ერთად ტელერი საკმაოდ უცნაურად ცდილობდა მსოფლიო მთავრობის იდეის წამოწევას და ამისათვის ყველა შესაძლებლობას იყენებდა; მისთვის ამაში იყო მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი იმედი. “ ეს არ მოხდება, ვიდრე ბომბი ისეთ ზომებს არ მიაღწევს, რომ ყველაფრის განადგურება შეეძლება. აი მაშინ ადამიანები შეძრწუნდებიან და პოლიტიკაში ჭკუას უხმობენ. ის, ვინც წყალბადის ბომბის შექმნას ეწინააღმდეგება, და ფიქრობს, რომ ამით მშვიდობას ამკვიდრებს, სირაქლემასავით იქცევა”- ეუბნებოდა ის სხვა ატომურ ფიზიკოსებს. ᲗᲣᲛᲪᲐ

თუმცა ტელერზე კიდევ უფრო შორს წავიდა ჰაროლდ იურეი, რომელიც ასევე მსოფლიო მთავრობის მომხრე იყო. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კონტროლისთვის მოწინავე რიგებში ბრძოლა ფუჭი გამოდგა, იურეი ახლა ლამის პრევენციული ომის აუცილებლობაზე ალაპარაკდა, რომლის დასრულების შემდეგ კაცობრიობა საბოლოოდ ჰპოვებს თავისუფლებას და მშვიდობას.

ვიდრე “ჯო 1”-ის აფეთქების ამბავი გავრცელდებოდა, წყალბადის ბომბის შექმნის ტელერისეულ კამპანიას ცოტა ვინმე თუ უჭერდა მხარს. ეს ახალი ამბავი გახდა თუ არა ცნობილი, მათაც კი, ვინც დამცინავად “სუპერის მოციქულს” ეძახდა, მისი გაფრთხილებები გაიხსენეს. ადამიანებმა, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ შეიარაღებათა შეჯიბრება გარდაუვალია, ჩათვალეს, რომ პირველობის შესანარჩუნებლად “ჯო 1” “სუპერმა” უნდა “გაჭრას”.

თუმცა იქნებ უკვე გვიანაა? იქნებ რუსები უკვე წინ არიან ამ საშინელ რბოლაში? ამ კითხვებს უსვამდა საკუთარ თავს ლუის ალვარესი. ტინიანზე დავალების შესრულების შემდეგ ის ბერკლის რადიაციულ ლაბორატორიაში თეორიულ კვლევას დაუბრუნდა. აი მისი დღიურის ერთ-ერთი ჩანაწერი:

“ 1949 წლის 5 0ქტომბერი. ლატიმერმა და მე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვიფიქრეთ, რომ რუსები შესაძლოა გამალებულად მუშაობენ “სუპერზე” და დაწინაურდნენ კიდეც. ერთადერთი გამოსავალი ეტყობა დასწრებაა და იმედი, რომ ეს შეუძლებელია.”

ალვარესი ერნესტ ო. ლოურენს მოეთათბირა, რომელიც იგივე მიმართულებით აზროვნებდა. მათ ტელერთან სასწრაფოდ დაკავშირება გადაწყვიტეს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ, ჩიკაგოს ბინაში კი ტელეფონის ზარს არავი არ პასუხობდა.როგორც ყოველთვის, ახლაც მოუსვენარ ტელერს უნივერსიტეტიდან ერთწლიანი შვებულება აეღო, რათა ლოს-ალამოსში მუშაობა დროებით განეახლებინა. ის რამდენიმე კვირით უცხოეთში წასვლას აპირებდა, როდესაც საბჭოთა ბომბის ამბავმა დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად, 1949 წლის 23 სექტემბერს, ვაშინგტონში მოუსწრო. მან დაუყოვნებლივ დაურეკა ოპენჰაიმერს მისი რეაქციის გასაგებად, თუმცა ოპენჰაიმერი აუღელვებელი ჩანდა. “სანერვიულო არაფერია,” მარტივად უპასუხა მან. ტელერი ლოს-ალამოსში გაქანდა. აქ, 6 ოქტომბერს, მას ალვარესი და ლოურენსი ტელეფონით დაუკავშირდნენ, მაგრამ კავშირი უხარისხო იყო. ორმა ფიზიკოსმა გადაწყვიტა, რომ რადგან ვაშინგტონში ორ დღეში უნდა გაფრენილიყვნენ, ლოს-ალამოში გაევლოთ და ტელერთან დაწვრილებით ეთათბირათ.

ლოს-ალამოსი ამ დროს თითქმის ათი ათას მოსახლეს ითვლიდა. 1946 წლის გაპარტახებულ ქალაქში გასაოცარი ცვლილებები მოხდა. შეიარაღებათა პროგრამის აღდგენისა და გაფართოებასთან ერთად დიდი სახსრები გამოიყო ლაბორატორიებისა და სახლების ასაშენებლად. ქუჩები კარგად იყო მოკირწლული, გაჩნდა საზოგადოებრივი ცენტრი დიდი კონფერენცჰოლით, კინოდარბაზი და ათასგვარი მაღაზია. აშენდა დიდი საავადმყოფო, შესანიშნავი ბიბლიოთეკა, კარგი სკოლები და გაჩნდა წარმატებული სპორტული კლუბი სახელად “ლოს-ალამოსის ატომური ბომბდამშენები.” ახალ სტადიონს ლუის სლოტინის სახელი დაარქვეს. ახალგაზრდა ექსპერტს ახლა უკვე ბომბისთვის წამებულად რაცხდნენ.

ალვარესმა და ლოურენსმა “ბორცვზე” მოსახვედრად ალბუკერკიში საჰაერო ტაქსი დაიქირავეს. ტელერმა ისინი საკუთარ სახლში, “დასავლეთ რაიონში” წაიყვანა, სადაც ახლა უფროსი მეცნიერები მყუდრო პატარა ვილებში განთავსდნენ. აქ მათ მოგვიანებით შემოუერთდნენ გამოვი, რომელიც ლოს-ალამოსში ბოლო დროს დროებითი კონსულტანტის როლში დაბრუნდა და აგრეთვე ნიჭიერი პოლონელი მათემატიკოსი სტენ ულამი.

1946 და 1947 წლებში ულამმა და ინგლისელმა ტაკმა თერმობირთვული პრობლემის უკიდურესად საინტერესო შესწავლა ჩაატარეს, რომელიც მოიცავდა კუმულაციური მუხტების დარტყმითი ტალღების ფოკუსირების ეფექტს. ამ დროს წარმოქმნილი უზარმაზარი ტემპერატურა წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო სინთეზისათვის. თუმცა იმ დროს, ომის დამთავრებიდან ერთ წელიწადში, თერმობირთვული რეაქციების გათვლა შეფერხდა, რადგან არსებული გამომთვლელი მანქანები პრობლემას ვერ უმკლავდებოდა.

ამ ხუთი ადამიანის მონაწილეობით ლოს-ალამოსში გამართულ მსჯელობაში გაჩნდა კითხვა: გადაჭარბებულად ხომ არ ფასდება რუსების სავარაუდო ინტერესი ახალი ტიპის ბომბის მიმართ, იქნებ ასეთი შესაძლებლობის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ? მაშინ გამოვმა თავისი საბჭოთა წარსულიდან ასეთი ამბავი გაიხსენა: 1932-ში, საბჭოთა კავშირიდან მის გამოქცევამდე, სამეცნიერო შეკრებაზე მან ატკინსონის და ჰოუტერმანსის შრომა ახსენა, რომელშიც პირველად გამოითქვა ვარაუდი მზის წიაღში მსუბუქი ბირთვების სინთეზის შესახებ. ლექციის შემდეგ გამოვთან სახალხო კომისარი ბუხარინი მივიდა და დაინტერესდა, შესაძლებელი ხომ არაა ამ რეაქციების განხორციელება დედამიწაზე. ბუხარინმა გამოვს ექსპერიმენტული მიზნით ღამ-ღამობით, რამენიმე საათის განმავლობაში ლენინგრადში გენერირებული მთელი ელექტროენერგიის გამოყენებაც კი შესთავაზა.

გამოვის ამბავმა ტელერს, ალვარესს და ლოურენსს კიდევ უფრო გაუმტკიცა რწმენა, რომ აუცილებელი იყო, ეიძულებინათ მთავრობა სუპერ-ბომბი დაემზადებინა და თანაც რაც შეიძლება უფრო სწრაფად. მათ პირობა დადეს, რომ ყველა ღონეს იხმარდნენ ამ მიზნის მისაღწევად.


No comments:

Post a Comment