1. დრო ცვლილებისა 1918-23

ეს ამბავი პირველი მსოფლიო ომის ბოლო წელს მოხდა. ამბობენ, რომ ატომური კვლევებით უკვე სახელგანთქმულმა ერნესტ რეზერფორდმა გააცდინა კომიტეტის სხდომა, რომელიც მტრის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის ახალი სისტემების ბრიტანელი ექსპერტებისგან შეადგინეს. როდესაც ამის გამო უსაყვედურეს, ზორბა ახალზელანდიელმა მოურიდებლად მიახალა : “ ყური დამიგდეთ: ისეთი ცდებით ვარ დაკავებული, რომლებიც სავარაუდოდ ატომის ხელოვნურ დაშლის შესაძლებლობას ადასტურებს. და თუ მართლაც ასეა, ეს ომზე ბევრად უფრო მნივნელოვანი რამაა.“

1919 წლის ივნისში, როდესაც ვერსალში და პარიზის სხვა გარეუბნებში ოთხწლიანი სისხლისმღვრელი ომის დამასრულებელი სამშვიდობო ხელშეკრულებების შემუშავებას ცდილობდნენ, რეზერფორდმა Philosophical Magazine -ში საკუთარი ექსპერიმენტული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რამაც ცხადყო, რომ კაცობრიობის უძველესი ოცნება ახდა. აზოტის ელემენტი უმცირესი ალფა ნაწილაკებით დაბომბვით მან ჟანგბადად და წყალბადად გარდაქმნა.

„ნივთიერების ტრანსმუტაცია“ რომელსაც ალქიმიკოსები ოდითგან ესწრაფოდნენ, ფაქტად იქცა. თუმცა თანამედროვე მეცნიერების ეს წინამორბედნი, რომლებსაც მთელი სამყარო თავის სამფლობელოდ მიაჩნდათ, ასეთი მცდელობის არა მხოლოდ ნივთიერ, არამედ ზნეობრივ შედეგებსაც ხედავდნენ. „არ შემოუშვათ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და მათი მეომარნი თქვენს სახელოსნოში“ – აფრთხილებდნენ ისინი მკვლევართა მომავალ თაობებს – „რამეთუ ეს ხალხი წმინდა საიდუმლოებებს ძალაუფლებისთვის ბოროტად გამოიყენებს.“

აზოტის ატომის გარდაქმნის ცნობილი, რეზერფორდისეული ახსნა მსგავს გაფრთხილებას არ შეიცავს. ეს მეოცე საუკუნის აღიარებული პრინციპების დარღვევა იქნებოდა. თანამედროვე მეცნიერის მიერ საკუთარი აღმოჩენის თანმხლები შედეგების ფილოსოფიური განხილვა მიუღებლად ითვლება ფილოსოფიურ ჟურნალში რომ გამოქვეყნდეს კიდეც. ასეთია წესი მას შემდეგ, რაც მეჩვიდმეტე საუკუნის სამეცნიერო საზოგადოებამ გადაწყვიტა გამოერიცხა საკუთარ შეკრებებზე პოლიტიკური, ზნეობრივი თუ თეოლოგიური პრობლემების განხილვა.

თუმცა უკვე 1919 წელს რეალურმა პირობებმა მეცნიერული კვლევის გამოცალკევების იდეა მოძველებულ სამუშაო ჰიპოტეზად აქცია. ახლადდამთავრებულმა ომმა მეცნიერული აღმოჩენების პრაქტიკული გამოყენებით შექმნილი იარაღის საშუალებით საკმარისზე უფრო ნათლად გამოავლინა სისხლით მორწყულ ბრძოლის ველსა და შორეულ სამეცნიერო ლაბორატორიას შორის არესბული საბედისწერო კავშირი.

ბერლინელი ავტორი ალფრედ დობლინი, რომელსაც მოგვიანებით ჰიტლერმა ნახევარ მსოფლიოში სდია, 1919 წლის ოქტომბერში წერდა: „გადამწყვეტი შეტევა კაცობრიობაზე ახლა საწერი დაფებიდან და ლაბორატორიებიდან ხორციელდება.“

ომმა თვით რეზერფორდის ლაბორატორიაც დაარბია. მისი „ბიჭები“, როგორც თავად ეძახდა სტუდენტებსა და ასისტენტებს, რომლებიც მამასავით შესცქეროდნენ, სამხედრო სამსახურში თითქმის სრულად გაიწვიეს. მოზლი, მის კოლეგათა შორის უნიჭიერესი, 1915 წელს დარდანელის სრუტესთან დაიღუპა. რადიუმის წყარო, რომელსაც ყველა თავის ატომურ ექსპერიმენტში იყენებდა, კონფისკაციაში მოხვდა, რადგან ბედის ირონიით, „მტრის საკუთრება“ აღმოჩნდა.

ომამდე ვენის რადიუმის ინსტიტუტმა დიდად პატივცემულ კოლეგა რეზერფორდს ძვირფასი ნივთიერების 250 მილიგრამი ათხოვა. ეს იყო ჟესტი, რომელიც ომამდელ ავსტრიას არ გასჭირვებია; ევროპაში ურანის მადნის ერთადერთი ნაყოფიერი საბადო ბოჰემიის იოაჰიმშტალის რაიონში მდებარეობდა, რაც იმ დროს ჯერ კიდევ ორმაგი იმპერიული და სამეფო მონარქიის ნაწილს შეადგენდა. რეზერფორდი არასდროს შერიგებია მისი მთავრობის მიერ ავსტრიისგან ნასესხები რადიუმის ჩამორთმევას, არც ხელისუფლებისგან გაცემული ამ ფასეული ლითონით დროებითი სარგებლობის ნებართვით დაკმაყოფილდა. შეუვალი ხასიათით და მაღალი პრინციპებით ცნობილმა მეცნიერმა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მოითხოვა ან მისი პირადი ვალის დუნაელი კოლეგებისათვის დაბრუნება, ან მათთვის შესაბამისი ფულადი ანაზღაურების გადახდა. რეზერფორდის ურყევმა პოზიციამ ბოლოს და ბოლოს შედეგი გამოიღო. 1921 წლის 14 აპრილს, როგორც იქნა, მას შესაძლებლობა მიეცა თავისი ძველი კოლეგა შტეფან მეიერისთვის მიეწერა ინფლაციით გათანგულ ვენაში: „ ძლიერ შემაშფოთა თქვენმა განცხადებამ ვენის რადიუმის ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და აქტიურად ვცდილობ სახსრების მოძიებას, რომ რაც არ უნდა დაჯდეს, გამოვისყიდო ვენის აკადემიის მიერ გულუხვად გადმოცემული რადიუმი, რომელიც ამდენი ხანია დიდ დახმარებას მიწევს ჩემს კვლევაში.“

მეიერმა გააფრთხილა, რომ რადიუმის ფასი მსოფლიო ბაზარზე საშინლად ავარდა, თუმცა რეზერფორდი ამან ვერ შეაშინა და მან შეძლო რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგის მოგროვება, რამაც ვენის რადიუმის ინსტიტუტს დევალვაციის ყველაზე უარეს წლებში თავი გაატანინა.

ომის დროსაც კი რეზერფორდმა მოახერხა ურთიერთობის შენარჩუნება – მიმოწერის საშუალებით მაინც - გერმანიასა და ავსტრო-უნგრეთში მყოფ მეგობრებთან და ყოფილ მოსწავლეებთან, კერძოდ მის ძველ და ერთგულ ასისტენტ ჰანს გეიგერთან – უხილავი რადიაციის გამზომი გეიგერის მთვლელის გამომგონებელთან, რომელიც მოგვიანებით შეუცვლელი გახდა. ფიზიკოსთა საერთაშორისო ოჯახი საუკეთესოდ ინარჩუნება ერთიანობას, განსხვავებით მწერლებისა და სხვა სფეროების ინტელექტუალებისგან, რომლებიც ერთმანეთს სიძულვილით აღსავსე მანიფესტებს უშენდნენ. ფიზიკოსები, რომლებიც ომამდე მიმოწერით ან ლაბორატორიაში გვერდიგვერდ თანამშრომლობდნენ, ზემოდან გაცემული ბრძანებით არასდროს ერთმანეთს მტრად არ მოჰკიდებიან და ერთმანეთს შეძლებისამებრ ყოველთვის ეხმარებოდნენ. ნერნსტი და რუბენსი, ჩედვიკის გერმანელი მასწავლებლები, დაეხმარნენ ომის დაწყებისთანავე ინტერნირებულ მოწაფეს ბერლინის მახლობლად, რუჰლებენის ბანაკში მცირე ზომის ლაბორატორიის მოწყობაში. ჩედვიკმა, რეზერფორდის ახლო თანამშრომელმა, რომელმაც მოგვიანებით ნობელის პრემია მოიპოვა, ბანაკში სხვა ტყვეებთან ერთად რამდენიმე საინტერესო ცდა ჩაატარა. 1918 წლის მაისში, როდესაც ჩრდილოეთ საფრანგეთში საშინელ შეტევებს ყოველდღიურად უამრავი ბრიტანელის და გერმანელის სიცოცხლე ეწირებოდა, ის რეზერფორდს სწერდა:

'“ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ან უფრო სწორად ვაპირებთ მუშაობის დაწყებას სინათლის ზემოქმედებით კარბონილის ქლორიდის წარმოქმნაზე... ბოლო რამდენიმე თვეში რუბენსი ნერნსტი და ვარბურგი ვინახულე. ისინი უკიდურესად მონდომებულები არიან, რომ დაგვეხმარონ და დაგვპირდნენ, ყველაფრის თხოვებას, რასაც კი შეძლებენ. არსებითად, საჭირო აპარატურის თხოვებას ყველანაირი ხალხი გვთავაზობს.“

საომარი შეზღუდვების ოდნავი შესუსტებისთანავე ფიზიკოსებმა დაუყოვნებლივ აღადგინეს ურთიერთობა ომის წლებში დაგროვილი წინსვლის შესახებ ინფორმაციის ურთიერთმიმოსაცვლელად. ამისათვის წერილები და დეპეშები იგზავნებოდა. კოპენჰაგენის ტელეგრაფის მუშაკებს ხშირად უჭირდათ პროფესორი ნილს ბორის ინსტიტუტიდან ინგლისში, ჰოლანდიაში, შეერთებულ შტატებში და იაპონიაში ისეთი გზავნილების სწორად გადაცემა, რომლებიც მათთვის სრულიად გაუგებარი მათემატიკური ფორმულებით იყო სავსე.

იმ დროს ატომური კვლევების რუკაზე მიზიდულობის სამი მთავარი ცენტრი არსებობდა. კემბრიჯში რეზერფორდი ენამახვილი და იოლად გასაღიზიანებელი მონარქის მსგავსად მართავდა უმცირეს განზომილებათა იმ სამეფოს, რომელიც მან პირველმა აღმოაჩინა. კოპენჰაგენი განსწავული ნილს ბორის პირით აცხადებდა გასაოცრად ახალი და დამაბნეველი მიკროკოსმოსის ტერიტორიის კანონებს. ამ დროს გეტინგენის ტრიუმვირატი: მაქს ბორნი, ჯეიმს ფრანკი და დავიდ ჰილბერტი – დაუყოვნებლივ სვამდნენ კითხვას ინგლისში გაკეთებულ ახალ აღმოჩენაზე თუ დანიაში გაკეთებული ინტერპრეტაციის სისწორეზე.

ატომური სამყაროს საინტერესო პრობლემების დიდი ნაწილის დამაკმაყოფილებელი ახსნა მიწერმოწერით აღარ ხერხდებოდა. დადგა კონგრესების და კონფერენციების ხანა. საკმარისი იყო, ბორს გამოეცხადებინა, რომ გეტინგენში ლექციების ერთკვირიან კურსს გამართავს საკუთარი კვლევების შესახებ, რომ ყველა ფიზიკოსი იქ მოხვედრას ლამობდა. საინტერესო ცდების და მიღწეული შედეგების შესახებ გავრცელებული ცნობები ისეთი ადგილებიდან მოდიოდა, სადაც ომამდე საერთოდ არ ჩატარებულა ფიზიკური კვლევები ან უმნიშვნელო ცდებს თუ ატარებდნენ. ინდოეთი და იაპონია, შეერთებული შტატები და რევოლუციური რუსეთი ცდილობდნენ სამეცნიერო ინფორმაციის მიმოცვლას. ამ წლებში ყველაზე უფრო ენერგიულ მცდელობას დასავლელ მეცნიერებთან კავშირის დასამყარებლად საბჭოთა კავშირი ახორციელებდა. ბოლშევიკური სახელმწიფოს არა მარტო სურდა, რომ მის მეცნიერებს „იმათგან“ ესწავლათ, არამედ ზრუნავდა საკუთარი პუბლიკაციების ინგლისურად ფრანგულად და გერმანულად თარგმნაზე. ეს დიქტატორული სახელმწიფოც კი იმ დღეებში არანაირ ცენზურას თუ გასაიდუმლოებას არ მიმართავდა კვლევების ჩატარებაზე.

ერთმა ცნობილმა ფიზიკოსმა მაშინ შენიშნა, რომ ეს მისი პროფესიის ხალხი ჭიანჭველების ერთობასავით იქცეოდნენ. თითოეული არგზნებულად მიათრევდა ცოდნის ახლადმოპოვებულ, მცირე ნატეხს ბუდისკენ და ხედავდა, რომ ზურგს იბრუნებდა თუ არა, ვიღაცა ამ ნატეხს უკვე მიაქანებდა. პლანკი, აინშტაინი, კიურიები (Curies), რეზერფორდი ერთმანეთის მიყოლებით არყევდნენ ფიზიკის ნაგებობას, რომელიც საუკუნის დასასრულს ესოდენ მარტივად დასამზერი და მყარად დაფუძნებული ჩანდა. არნოლდ ზომერფელდმა მიუნჰენის უნივერსიტეტიდან, რომელიც სავარაუდოდ ომისშემდგომი თაობის ყველაზე წარმატებულ მასწავლებელი იყო, თქვა, რომ კარგი იქნებოდა თუ ენერგიულ სტუდენტებს ასე გააფრთხილებდნენ, ვიდრე ისინი ფიზიკის შესწავლას მოჰკიდებდნენ ხელს: „ფრთხილად! სახიფათო ნაგებობაა! დროებით დახურულია სრული რეკონსტრუქციისათვის!“.

წესით, პროფესორი რეზერფორდის ალფა ნაწილაკებს იმ დროისთვის არა მარტო ატომები, არამედ ადამიანთა გონებაც უნდა შეეშფოთებინა. მათ უნდა გაეცოცხლებინათ მრავალი საუკუნით მივიწყებული სამყაროს დასასრულის შიში. თუმცა მაშინ ყველა ამ აღმოჩენას, როგორც ადამიანები მათ აღიქვამდნენ, ბევრი არაფერი ესაქმებოდა ყოველდღიურ, ცხოვრებისეულ სინამდვილესთან. საყოველთაო თანხმობით, ფიზიკოსების მიერ ჩვენი სამყაროს ჭეშმარიტი ხასიათის შესახებ გაკეთებული დასკვნები, რომელთა მისაღწევად ისინი რთულ ხელსაწყოებს და კიდევ უფრო რთულ გამოთვლებს იყენებდნენ, მათ პირად საქმედ აღიქმებოდა. თუმცა როგორც ჩანს, არც ისინი ელოდნენ თავისი აღმოჩენებისგან დაუყოვნებლივ რაიმე პრაქტიკული შედეგების მიღებას. რეზერფორდმა გარკვევით განაცხადა, რომ კაცობრიობა ვერასდროს შეძლებს ატომში მთვლემარე ენერგიის გამოყენებას. ამ მცდარ აზრს ის 1937 წლამდე, გარდაცვალებამდე მყარად იყო ჩაჭიდებული.

რეზერფორდი დაბნეულობის მიზეზად ულაპარაკოდ თეორეტიკოსებს მიიჩნევდა. „ამათ ცოტა არ იყოს, თავში აუვარდათ,“ გრგვინავდა ის. „ჩვენ, პრაქტიკოსმა ფიზიკოსებმა, ჭკუაზე უნდა მოვიყვანოთ.“

რა მოხდა სინამდვილეში? ომისშემდგომი მსოფლიოს სიძნელეების ფონზე, რევოლუციების და ინფლაციის დროში ადამიანებს არ ჰქონდათ დრო და მოთმინება და არც ალბათ ხალისი ჩაღრმავებოდნენ ყველაზე უფრო ღრმა რევოლუციას, ყველაზე უფრო მნიშვნელოვან დევალვაციას, სამყაროზე ჩვენი წარმოდგენების რადიკალურ ცვლილებას.

პლანკმა შეარყია ათასწლოვანი, თითქოს თავისთავადი რწმენა იმისა, რომ ბუნება არ აკეთებს ნახტომებს. აინშტაინმა სივრცე და დრო, რომლებიც აქამდე ფიქსირებულ სიდიდეებად ითვლებოდა, ფარდობით „ფაქტებად“ გამოაცხადა. მან ნივთიერება „გაყინულ“ ენერგიას გაუთანაბრა. ახლა კიდევ კიურიები რეზერფორდი და ბორი ამდკიცებდნენ, რომ განუყოფელის გაყოფა შესაძლებელია და რომ მყარი, თუ ზუსტად დააკვირდები, არამდგრადია და მუდმივ მოძრაობასა და ცვლილებაშია.

1921 წელს ნობელი პრემიის გერმანელმა ლაურეატმა ვალტერ ნერნსტმა დაწერა: „შეიძლება ითქვას, რომ პიროქსილინის (ძლიერი ფეთქებადი ნივთიერებაა მთ.შენ) კუნძულზე ვცხოვრობთ.“ ამით ის ცდილობდა რეზერფორდის ბოლოდროინდელი კვლევებისკენ საზოგადოების მეტი ყურადღება მიეპყრო, თუმცა დასამშვიდებლად იქვე დაამატა: „მადლობა ღმერთს, რომ ასანთი მის ასაფეთქებლად ჯერ არ გვიპოვია.“

მაშ რაღა იყო სადარდებელი?

ფიზიკოსები, მართალია, ღელავდნენ, თუმცა იმ დროს მსოფლიოზე უფრო მეტად – საკუთარ მეცნიერებაზე, რომელშიც თითქმის ყველა ძველმა იდეამ აზრი დაკარგა. თუმცა სწორედ ამ მიზეზით ბევრი რამ, რაც ახალი და გასაოცარი იყო, ბევრი რამ, რაც წინა საუკუნეებში არც კი წარმოედგინათ, თანდათან აშკარავდებოდა.

ამ სასწაულებრივ და ამაღელვებელ ეპოქაზე მოგვიანებით ერთერთი ყველაზე უფრო ახალგაზრდა, ამერიკელი რობერტ ოპენჰაიმერი დაწერს:

„ატომური ფიზიკის, ანუ რასაც ატომური სისტემების კვანტურ თეორიას ვუწოდებთ, ჩვენეული გაგება, საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს და დიდებულ სინთეზს და გადაწყვეტილებებს ოციან წლებში აღწევს. ეს გმირული დროა. ეს არაა ერთი რომელიმე ადამიანის მიღწევა. ის მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ფიზიკოსის ურთიერთთანამშრომლობას, თუმცა თავიდან ბოლომდე წამყვანი, შემაკავებელი, გამაღრმავებელი და საბოლოოდ ამ წამოწყების დამაგვირგვინებელი როლი ნილს ბორის შემოქმედებითმა, დახვეწილმა და კრიტიკულმა განწყობამ ითამაშა. ეს იყო ლაბორატორიაში დაუღალავი შრომის, გადამწყვეტი ექსპერიმენტებისა და გაბედული ქმედების, მრავალი ფუჭი წამოწყების და ჰიპოთეზის პერიოდი. ეს იყო გულწრფელი მიმოწერის და ნაჩქარევი კონფერენციების, კამათის, კრიტიკისა და ბრწყინვალე მატემატიკური იმპროვიზაციის დრო. ამაში წილდადებულთათვის ეს შემოქმედების დროა. მათ ახალ ხედვაში შიშნარევი აღტაცება გამოსჭვივის.“

ამ წლების კიდევ ერთი მოწმე, დიდი გერმანელი ფიზიკოსი, პასკუალ იორდანი იხსენებს: „ყველა სუნთქვის შეკვრამდე დაძაბული იყო. ყინული დაიმსხვრა... უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ბუნების საიდუმლოებათა სრულიად მოულოდნელ და ღრმად განლაგებულ ფენას წამოვდეთ ფეხი. აშკარა იყო, რომ წინააღმდეგობათა დასაძლევად – რომლებიც მხოლოდ მოგვიანებით გახდა თვალსაჩინო – საჭირო იყო სრულიად ახლებური აზროვნება, რომელიც ყველა არსებულ ფიზიკურ ცნებას უნდა გასცდენოდა.“

ზომერფელდთან მიუნჰენში მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ახალგაზრდა ფიზიკოსები სწავლობდნენ. მათ ამოცანები კაფეებშიც თან მიჰქონდათ. მაგიდების მარმარილოს ზედაპირები მათემატიკური ფორმულებით იყო აჭრელებული. მიმტანები ჰორგარტენის კაფე ლუტციდან, რომელსაც მიუნჰენელი ფიზიკოსები განსაკუთრებით ეტანებოდნენ, მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულები, რომ საგანგებო ნებართვის გარეშე მაგიდები არ გადაეწმინდათ, რდგან თუ ამოცანა ღამით კაფეს დახურვამდე არ იხსნებოდა, აუცილებელი გამოთვლები შემდეგ საღამოს გრძელდებოდა. მეტიც, ხშირად ვინმე უცნობი თავხედურად ხსნიდა ამოცანას შუალედში. ზოგიერთ ახალგაზრდა ფიზიკოსს მოთმინება არ ჰყოფნიდა, შემდეგ შეხვედრამდე მოეცადა.


No comments:

Post a Comment