12. რამეთუ არა იციან, რასა იქმან. 1945

არასდროს არ ყოფილა ლოს-ალამოსში ტემპი ისეთი მაღალი, როგორც მესამე რაიხის კაპიტულაციის შემდეგ.”ჩვენი ქმრები თითქმის უწყვეტად მუშაობდნენ,”იხსენებს ელეანორ ჟეტი, წამყვანი ატომური ფიზიკოსის ცოლი. ამ ქალმა ადგილობრივი პოპულარულობა მოიპოვა წინასაახალწლო სკეტჩების ავტორობით, რომლებშიც კეთილგანწყობილი იუმორით ამასხარავებდა მესაში ცხოვრების სირთულეებს და მის გამოჩენილ ბინადართა ხასიათის თავისებურებებს.

თუმცა 1945 წლის ივნის-ივლისში მასაც კი უღალატა იუმორის გრძნობამ. ბომბის მშენებელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში თითქოს ამინდიც კი ჩაერთო. კვირების განმავლობაში წვიმის წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა. დასახლებაში უდაბნოს მშრალი და ცხელი ქარი ქროდა. ბალახი გამოხმა. ფოთლები და წიწვები ხეებს შეახმა. დროდადრო ცა იქუფრებოდა და სანგრე დე კრისტოს მთებში ელავდა, მაგრამ ღრუბელი არ გახსნილა. ლაბორატორიების ქალაქის ახლო მიდამოებში რამდენიმე ტყის ხანძრის კერა გაჩნდა. შიშობდნენ, რომ ქარი ნაპერწკლებს საცხოვრებელ რაიონში, ოფისების და სახელოსნოების შენობებთან მიიტანს, რომლებიც მთლიანად მორებისგან იყო აშენებული და ადვილად შეიძლებოდა აალებულიყო. თუ ეს მოხდებოდა, ქრობისთვის წყლის ერთადერთი წყარო ეშლი პონდი იყო, დასახლების ცენტრში მდებარე მცირე ზომის გუბურა. წყალმომარაგება ელემენტარულ პირად მოთხოვნილებესაც კი ვერ აკმაყოფილებდა. “კბილებს კოკა-კოლათი ვიხეხავდით,” ამბობს ჰოსპიტალის მედდა. “ყველაფრის დასგვირგვინებლად სკოლის ბავშვებში ჩუტყვავილამ იჩინა თავი. სწორედ მაშინ, როდესაც აუცილებელი იყო ბავშვებისთვის რაც შეიძლება უფრო ხშირად ბანაობა, წყლის ნაკლებობას განვიცდიდით.“

გროვსის დირექტივა მოითხოვდა, რომ პირველი, საცდელი ბომბი ივლისის შუა რიცხვებში ყოფილიყო მზად, მეორე კი საომარი მიზნით - აგვისტოში. ფილიპ მორისონი აცხადებს: “პირადად მე ვადასტურებ, რომ ბომბის დასრულებაზე მომუშავეთ თარიღი 10 აგვისტოს სიახლოვეს ყოველ მიზეზ გარეშე უნდა დაგვეცვა მიუხედავად ფინასური სიძნელეებისა თუ უამრავი დასასრულებელი კვლევისა.”

დაჩქარებული მუშაობა, სიცხე, წყლის ნაკლებობა ერთიანად ყველას აღიზიანებდა. მისის ჟეტი ყვება: “ ერთ დღეს ძველ ნაცნობს ჩავუარე და დილა მშვიდობისა გულწრფელად ვუსურვე. ის გაავებული მომიბრუნდა და შემომძახა: “სად ხედავთ მშვიდობას?”

ატომური ბომბის დამზადების ამ ფინალურ ეტაპზე ორი ახალგაზრდა ფიზიკოსი, ორივე კლაუს ფუხსის ასაკობრივი ჯგუფიდან, განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. ერთი ძალიან მაღალი კალიფორნიელი ლუის ალვარესი იყო, მეორე კი გამხდარი ლუის სლოტინი, რომელიც კანადაში გაუჩნდათ რუსეთიდან პოგრომებს გამოქცეულ მშობლებს. ორივე ეს მეცნიერი “ომის ბავშვი” იყო, რომლებიც საკუთარ საქმეში სამხედრო საქმის კეთებით დახელოვნდნენ და პირველ დიდ შედეგებს სამხედრო ლაბორატორიებში მიაღწიეს. მათ თვალში “ახალი ძალა” არც ისეთი არაჩვეულებრივი იყო და არც ისეთი საშინელი, როგორც იმ ვეტერანებისთვის, ვისთანაც მუშაობა უწევდათ. ამდენად ისინი დიდად არ უთანაგრძნობდნენ ეჭვებს, რომლებიც მათ უფროს კოლეგებს ბოლო თვეებში დაეუფლა.

ალვარესი, მაიოს კლინიკის ცნობილი ქირურგის შვილი, ლოს-ალამოსში საკმაოდ გვიან ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის რადარის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში გამოიჩინა თავი. იქ მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოგონება გააკეთა ბომბის დაასამიზნებელი და თვითმფრინავის დასაჯდომი მოწყობილობების ჩათვლით, რომელსაც ახლა უკვე ყველა აეროპორტი იყენებს. ლოს-ალამოსის ბორცვზე მან და მისმა კიდევ უფრო ახალგაზრდა გუნდმა შექმნა ბომბის ჩამოგდების რთული მექანიზმი, რომელიც წამის მემილიონედის სიზუსტით მოქმედებდა.

ამ აპარატურის გამოცდა ლოს-ალამოსში ყველაზე უფრო საშიშ საქმედ ითვლებოდა. ამას მესასგან დაშორებით მდებარე ვიწრო, იზოლირებულ კანიონებში ატარებდნენ. მას შემდეგ, რაც 1945 წლის გაზაფხულზე ალვარესმა მექანიზმის პირველი მოდელი დაასრულა და გამოსცადა, მან წარმოება ტექნიკურ დირექტორს, დოქტორ ბეინბრიჯს გადასცა, თავად კი ოპენჰაიმერს ახალი დავალება სთხოვა, ფრონტის ხაზთან რაც შეიძლება ახლოს.

1945 წლის მაისის ბოლოს ალვარესი და მისი გუნდი წყნარი ოკეანის კუნძულ ტინიანის სამხედრო ბაზაზე გაემგზავრნენ, საიდანაც თითქმის ყოველდღიურად ეწყობოდა საჰაერო რეიდები იაპონიაზე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი ბომბებით. აქ, ატომური ბომბის გამოყენების მოლოდინში, მან განავითარა ხელსაწყო, რომელიც ბომბთან ერთად უნდა ჩამოეგდოთ და რომელსაც აფეთქების დარტყმის ტალღა უნდა გაეზომა და რადიოსიგნალით ბომბდამშენისთვის შეეტყობინებინა.

ამასობაში სლოტინი საცდელი ბომბის შიდა მოწყობილობას ამოწმებდა. ეს იყო ორი ნახევარსფერო, რომელიც ჩამოგდების შემდეგ უნდა შეერთებულიყო და “კრიტიკული მასა” წარმოექმნა. კრიტიკული მასის, ან როგორც ლოს-ალამოსის ჟარგონზე იტყოდნენ, “კრიტის” განსაზღვრა თეორიული განყოფილების ერთერთ უმთავრეს ამოცანას შეადგენდა. თუმცა ურანის აუცილებელი რაოდენობა, ჯაჭვურ რეაქციაში გამოსხივებული ნეიტრონების გაბნევის კუთხე და დიაპაზონი, ნახევარსფეროების შეჯახების სიჩქარე და მსგავსი მინაცემების მთელი წყება მხოლოდ მიახლოებით შეფასებას ექვემდებარებოდა. სრული სიზუსტისა და გარკვეულობისათვის როგორც ყოველთვის, ცდები იყო საჭირო. ამ ცდების ჩატარება დაევალა ჯგუფს, რომელსაც ფრიში, ბირთვული სინთეზის აღმომჩენი ხელმძღვანელობდა და რომელიც ლოს-ალამოსში ინგლისიდან ჩამოიყვანეს. სლოტინი ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. მას ჩვევად ჰქონდა ყოველგვარი დაცვითი საშუალებების უგულებელყოფით ექსპერიმენტირება. მისი ერთადერთი ინსტრუმენტი ორი სახრახნისი იყო, რომლებითაც ის ორ ნახევარსფეროს ერთმანეთის შესახვედრად ასრიალებდა. მისი მიზანი იყო ჯერ კრიტიკული წერტილის მიღწევა, რის შემდეგაც ჯაჭვური რეაქცია იწყებოდა და ამის შემდეგ მისი დაუყოვნებლივ შეჩერება ნახევარსფეროების დაშორებით. თუ ამ წერტილს გასცდებოდა, ან საკმარისად სწრაფად ვერ მოახერხებდა კონტაქტის გაწყვეტას, შესაძლოა მასა ზეკრიტიკულ გამხდარიყო და ბირთვული აფეთქება გამოეწვია. თავად ფრიში ლოს-ალამოსში ერთერთ ასეთ ცდას კინაღამ შეეწირა.

სლოტინმა რა თქმა უნდა იცოდა, რა ახლოს იყო მისი შეფი სიკვდილთან, მაგრამ თავზეხელაღებული ახალგაზრდა მეცნიერი სიკვდილს ეთამაშებოდა, ამას “დრაკონის კუდის გრეხას” ეძახდა და ამით სიამოვნებას იღებდა. სიყმაწვილიდან ბრძოლის და თავგადასავლის ძიებაში მყოფი. ესპანეთის სამოქალაქო ომში მოხალისედ ჩაეწერა, უფრო თადასავალის საძიებლად, ვიდრე პოლიტიკური მრწამსის გამო. როგორც საზენიტო მეტყვიამრფქვევემ, ამ ომში დიდი ხიფათი გამოიარა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ის სამეფო საჰაერო ძალებში შევიდა, თუმცა მოკლე ხანში აქტიურ კონფლიქტში თავის გამოჩენის ნაცვლად იძულებული იყო გადამდგარიყო, როდესაც გაირკვა, რომ სამედიცინო გამოკვლევისას ახლომხედველობა დაუმალავს. ევროპიდან შინ, მშობლიურ ვინიპეგში მიმავალს ჩიკაგოში ნაცნობი შეხვდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი მაღალი მეცნიერული კვალიფიკაცია – ლონდონის სამეფო კოლეჯში მან ბიოფიზიკაში პრიზი მოიპოვა – ლაბორატორიაში უფრო მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ავიაგამანადგურებელში. შესაბამისად, ის ჯერ ბიოქიმიკოსად დასაქმდა, შემდეგ კი მანჰეტენის პროექტის მეტალურგიულ ლაბორატორიაში დიდი ციკლოტრონის საკონსტრუქტორო ჯგუფს შეუერთდა. მისი ცხოვრების ერთადერთი და ცხოველი ინტერესი მისი საქმე იყო, რომელსაც დღესა და ღამეს ერთნაირად უთმობდა.

ოუკ-რიჯში ვიგნერთან ახალი ტიპის რეაქტორებზე მუშაობის შემდეგ ის ბოლოსდაბოლოს ლოს-ალამოსში აღმოჩნდა. იმედი ჰქონდა, რომ ალვარესთან ერთად 1945 წლის დასაწყისში ტინიანზე მოხვდებოდა და პირველი ატომური ბომბის ასაფეთქებელი გულის აწყობაში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ უშიშროების სამსახურმა მიმართვაზე უარი უთხრა, როგორც კანადის მოქალაქეს. დასამშვიდებლად ალამოგორდოს საცდელი ბომბის შიდა მექანიზმი მიანდეს, რომელიც ლაბორატორიის სახელით არმიისთვის უნდა ჩაებარებინა. პირველი დასრულებული ატომური ბომბის ბირთვული კომპონენტის არმიისათვის ჩაბარების დოკუმენტმა დიპლომების, კრივის ჯილდოების და გაწეული სამსახურის სამადლობელი წერილების მისეულ კოლექციაში მთავარი ადგილი დაიკავა.

თითქმის ერთი წლის შემდეგ, 1946 წლის 21 მაისს, სლოტინი კვლავ ატარებდა ცდას, რომლის მსგავსიც ადრე ბევრჯერ წარმატებულად ჩაეტარებინა. ეს ცდა ატომური ბომბის მეორე გამოცდას უკავშირდებოდა, რომელიც სამხრეთის ზღვაში, ატოლ ბიკინიზე უნდა მოეხდინათ. უეცრად სახრახნისი გასხლტა, ნახევარსფეროები ზედმეტად დაახლოვდა და მასალა კრიტიკული გახდა. ოთახი თვალისმომჭრელმა მოლურჯო ნატებამ აავსო. სლოტინმა იმის ნაცვლად, რომ თავის გადარჩენა ეცადა, ორი ნახევარსფერო შიშველი ხელებით დააშორა ერთმანეთს და ჯაჭვური რეაქცია შეაჩერა. ამ ქმედებით მან ოთახში მყოფი შვიდი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ის მაშინვე მიხვდა, რომ რადიაციის სასიკვდილო დოზა მიიღო, თუმცა თვითკონტროლი წამითაც კი არ დაუკარგავს. მან უთხრა კოლეგებს, ზუსტად ის ადგილები დაეკავებინათ, სადაც ამ უბედური შემთხვევისას იმყოფებოდნენ, შემდეგ დაფაზე საკუთარი ხელით, მათი ურთიერთმდებარეობის ზუსტი ჩანახატი გააკეთა, რომლის მიხედვითაც ექიმები შეძლებდნენ ყველა იქ მყოფი ადამიანის დასხივების ხარისხის განსაზღვრას.

როდესაც მასთან ერთად ყველაზე უფრო ძლიერად დასხივებულ მეცნიერთან, ელ გრეივსთან ერთად გზის განაპირას მანქანას ელოდებოდა, რომელსაც ისინი ჰოსპიტალში უნდა წაეყვანა, მან თანამგზავრს წყნარად უთხრა. “შენ ნამდვილად გამოძვრები, მე უმცირესი შანსიც კი არ მაქვს.” ეს სამწუხარო სიმართლე იყო. ცხრა დღეში ადამიანმა, რომელმაც პირველი ატომური ბომბის კრიტიკული მასა განსაზღვრა, სული საშინელ აგონიაში დალია.

სლოტინის ლაბორატორიაში ნეიტრონების მთვლელის ჩამწერ ბარათზე წვრილი წითელი ზოლი, რომელიც თანდაან იზრდება, კატასტროფის მომეტში უეცრად წყდება.. რადიაცია ისეთი მძლავრი იყო, რომ ზუსტმა ხელსაწყომ მას ვერ გაუძლო. მეცნიერი, რომელსაც არსებული მონაცემების მიხედვით უნდა დაედგინა, რა მოხდა სლოტინის ხელის გაცურების შემდეგ, კლაუს ფუხსი გახლდათ.

უცნაურია, რომ საშინელი ხვედრი ხვდა წილად კრეისერი “ინდიანაპოლისის” ეკიპაჟსაც, რომელმაც ტინიანზე იაპონიისათვის განკუთვნილი პირველი ბომბის ასაფეთქებელი გულის დიდი ნაწილი ჩაიტანა. ამერიკული ფლოტის უსწრაფეს გემზე მხოლოდ სამ ადამიანს ჰქონდა წარმოდგენა, თუ რა გადაჰქონდათ. დანარჩენები უბრალოდ ვარაუდობდნენ, რომ ხის დიდ ყუთში, რომელიც 16 ივლისს გემზე ზღვაში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე უდიდესი სიფრთხილით აიტანეს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. სან ფრანცისკოდან ტინიანისკენ მოგზაურობისას სრულიად საგანგებო ზომები იქნა მიღებული მტრის წყალქვეშა ნავებისგან თავის დასაცავად. ყველამ შვებით ამოისუნთქა, როდესაც ინდიანაპოლისმა სიაიდუმლო ტვირთი ტინიანზე დატოვა, მაგრამ ვიდრე კრეისერი დანიშნულების შემდეგ პორტს მიაღწევდა, 30 ივლისს პირველის ხუთ წუთზე მას ტორპედო მოხვდა. უიღბლო გარემოებათა მთელი წყების გამო ჩაძირვის ამბავმა ფლოტის შტაბამდე მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ მიაღწია. მეორე გემის სიგნალები “ინდიანაპოლისისგან” პოზიციის დადასტურების რუტინულ ინფორმაციად ჩაითვალა. კიდევ ერთი გაუგებრობის გამო ის ლეიტეს ყურეში დაგვიანებულად არ გამოაცხადეს. შესაბამისად, სამაშველო დანაყოფებმა ადგილზე მისვლა ძალიან დააგვიანეს და ეკიპაჟის 1196 წევრიდან მხოლოდ 316 გადაარჩინეს.

ბომბის პირველ გამოცდამდე ალმოგოროდოში ყველამ, მათ შორის მეცნიერთა ცოლებმა და ბავშვებმაც კი იცოდნენ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი რამ უნდა მოხდეს. გამოცდას კოდური სახელი “ტრინიტი” (სამება) დაარქვეს. დღემდე არავის არ აუხსნია, საიდან გაჩნდა ესოდენ მკრეხელური გამოთქმა ასეთი დანიშნულებით. ერთი ვარაუდი ისაა, რომ სახელი ლოს-ალამოსის ახლო მდებარე ფირუზის საბადოდანაა, რომელიც ცრუმორწმუნე ინდიელებმა დაწყევლილობის გამო მიატოვეს. მეორე ვარაუდი თითქოს ამ დროისთვის დასრულებას მიახლოვებული ბომბების რაოდენობას უკავშირდება და კოდური სახელი უბრალოდ ამ ჯოჯოხეთური სამების არსებობას აღნიშნავდა.

ლოს-ალამოსში მომუშავე მეცნიერთთა შორის სალაპარაკო თემამ ბუნებრივად გადაინაცვლა კითხვაზე “გაისვრის” თუ არა “მოწყობილობა” – სიტყვა “ბომბის” გამოყებნებას სიფრთხილის გამო ერიდებოდნენ. უმრავლესობა თვლიდა, რომ თეორიული ჰიპოთეზა დადასტურდება, თუმცა წარუმატებლობის შესაძლებლობაც გასათვალისწინებელია. ალვარესი, რომელმაც ბომბის “სასხლეტი” შექმნა, წარმატებაში ზედმეტად დაჯერებულ კოლეგებს ხშირად ახსენებდა, რომ მის მიერ გამოგონილი ბრმად დაჯდომის მოწყობილობა 1943 წელს სამხედროებისთვის დემონსტრირებისას სამჯრ ჩაფლავდა, ვიდრე მეოთხედ საბოლოოდ იმუშავა.

კითხვა, იმუშავებს თუ არა პირველი ბომბი, ან როგორც ლოს-ალამოსში ამბობდნენ, “ბიჭი” იქნება თუ “გოგო,” ისეთ ცხოველ ინტერესს იწვევდა, რომ მოხიბლავი პატარა საშინელებასთან თამაშის წინაპირობა გახდა. ლოთარ ნორდჰაიმი, ატომური ფიზიკოსი და ერთ დროს გეტინგენის ძველი გვარდიის წევრი, ყვება: “მეცნიერებმა ლოს-ალამოსში ფსონები დადეს 1945 წლის 16 ივლისის გამოცდამდე აფეთქების ზომაზე. ვარაუდების უმრავლესობა ერთი-ორი შლეგურის გარდა ძალიან მცირე აღმოჩნდა.”

ერთადერთი შეფასება, რომელიც თითქმის გამართლდა, ოპენჰაიმერის მეგობარს, რობერტ სერბერს ეკუთვნოდა, რომელიც ლოს-ალამოსში კარგა ხანია, არ ყოფილა. როდესაც მოგვიანებით ჰკითხეს, ამდენ ხალხში მხოლოდ მისი ვარაუდი რატომ აღმოჩნდა რეალობის სიახლოვეს, მან უპასუხა: “მხოლოდ ზრდილობის გამო. ჩავთვალე, რომ როგორც სტუმარს, მაღალი შეფასება უნდა გამეკეთებინა.” ხუთშაბათს და პარასკევს, 1945 წლის 12 და 13 ივლისს, ექსპერიმენტული ბომბის ასაფეთქებელი მექანიზმის კომპონენტებმა ლოს-ალამოსი “უკანა კარიდან,” ომის დროს აშენებული საიდუმლო გზით დატოვა. ისინი “საიტი S”-იდან, სადაც მათი აწყობა მოხდა, გადაიტანეს საცდელ ადგილას, რომელიც Jornada del muerto (მკვდრის გზა) სახელითაა ცნობილი და სოფელ Oscuro-ს (ბნელი) სიახლოვესაა. აქ, უდაბნოს შუაგულში, რკინის მაღალი ჩარჩო იყო აღმართული ბომბის მოსათავსებლად. თვის განმავლობაში გახშირებული ჭექა-ქუხილის გამო გადაწყდა, ბომბი ადგილზე არ განელაგებინათ უკანასკნელ მომენტამდე. დაახლოებით იგივე ზომის ჩვეულებრივი ასაფეთქებლებით დამზადებული ბომბს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე პირობების გამოსაცდელად ჩარჩოზე მოათავსეს, ელვა დაეცა და ააფეთქა.

ბომბის ცენტრალურ ნაწილს მას ძველ ფერმაში არგებდნენ ლოს-ალამოსის ბომბის ფიზიკის განყოფილების შეფის, დოქტორ რობერტ ბახერის ხელმძღვანელობით. გროვსის მოადგილე გენერალი ფარელი ამასთან დაკავშირებით წერს: “საბოლოო წინასწარი აწყობისას რამდენიმე ცუდი წუთი გვქონდა, როდესაც ბომბის მნიშვნელოვანი ნაწილის აწყობა გადაიდო. მთელი ეს ერთეული მანქანურად იყო აწყობილი უდიდესი სიზუსტით. აწყობა ნაწილობრივ იყო დამთავრებული, როდესაც ის გაიჭედა და ძვრა აღარ ჰქონდა. დოქტორი ბახერი არ დაბნეულა და ჯგუფი დაარწმუნა, რომ დრო ამ პრობლემას გადაჭრიდა. სამ წუთში დოქტორ ბახერის განცხადება გამართლდა და აწყობა შემდგომი ინციდენტების გარეშე დასრულდა.

ის მეცნიერები, ვინც ლოს-ალამოსი ერთი კვირის წინ არ დატოვა საბოლოო სამზადისში მონაწილეობის მისაღებად, მზად იყვნენ ნებისმიერ მომენტში წამოსასვლელად. მათ გამზადებული ჰქონდათ სანოვაგე და ექსპერიმენტის მზადებაში ჩართულების სასწრაფო მოთხოვნით, გველის კბენის საწინააღმდეგო კომპლექტი. 14 და 15 ივლისს ლოს-ალამოსს კოკისპირული წვიმამ, სეტყვამ და ჭექა-ქუხილმა გადაუარა. ექსპერიმენტის მონაწილეებს, რომელთაგანაც ბევრმა პირველად გაიგო საკუთარი სამუშაოს ზუსტი მიზანი, თეორიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰანს ბეთემ მიმართა ყველაზე დიდ დარბაზში, რომელშიც ჩვეულებრივად ფილმებს აჩვენებდნენ. ბეთემ მიმართვა ასე დაასრულა: “ადამიანის გამოთვლების თანახმად ექსპერიმენტი წარმატებით უნდა დასრულდეს. იმოქმედებს კი ბუნება ჩვენი გამოთვლების შესაბამისად?” ამის შემდეგ აუდიტორიამ კამუფლირებულ ავტობუსებს მიაშურა და საცდელი არეალისკენ ოთხსაათიან გზას დაადგა.

ღამის ორ საათზე ექსპერიმენტის ყველა მონაწილემ საკუთარი ადგილი დაიკავა. ისინი მთავარ ბანაკში მოგროვდნენ, რომელიც დაახლოებით ათი მილით იყო დაშორებული “ნულოვანი წერტილიდან,” სადაც მაღალ ჩარჩოზე ახალი, ჯერ კიდევ გამოუცდელი იარაღი იყო მოთავსებული – ბომბი, რომელზეც ისინი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და საბოლოოდ დაასრულეს. მათ მოირგეს მუქი სათვალეები, რომლებიც დაურიგეს და ხელოვნური სინათლის შუქზე სახეზე მზის დამწვრობისგან დამცავი კრემი წაისვეს. ხმამაღლამოლაპარაკეებიდან საცეკვაო მუსიკის ხმა ისმოდა. დროდადრო მუსიკას სამზადისის მიმდინარეობის ცნობები წყვეტდა. აფეთქება დილის 4 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ცუდი ამინდის გამო გადადება აუცილებელი გახდა.

მართვის პუნქტში, ჩარჩოდან ხუთნახევარ მილზე ოდნავ უფრო მეტი დაშორებით, ოპენჰაიმერი და გროვსი თათბირობდნენ, ხომ არ გადაედოთ გამოცდა საერთოდ. გროვსი იუწყება: “მეტწილად შენობის გარეთ, ბნელში ბოლთას ვცემდით და ვარსკვლავებს ვაკვირდებოდით. ერთმანეთს ვარწმუნებდით, რომ ერთი ან ორი ვარსკვლავი, რომლებიც ჩანდა, უფრო ძლიერად აკაშკაშდა.” მეტეოროლოგებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, საცდელი ბომბი 5.30-ზე აეფეთქებინათ.

ექვსის ათ წუთზე ოპენჰაიმერის მოადგილემ, სოლ კ. ალისონმა - ერთერთმა იმ ოცი ადამიანისგან, რომლებიც მართვის პუნქტში იმყოფებოდნენ, დროის ათვლა დაიწყო. დაახლოებით იმავე დროს გროვსი, რომელმაც პუნქტი დატოვა და ბანაკში დაბრუნდა, რომელიც ხუთი მილით იყო პუნქტიდან დაშორებული, სამეცნიერო პერსონალს საბოლოო ინსტრუქციებს აძლევდა. მათ სათვალე უნდა გაეკეთებინათ და სახით ქვევით დაწოლილიყვნენ, თავი კი მიებრუნებინათ. თითქმის დადასტურებულად ითვლებოდა, რომ შეუიარაღებელი თვალით აფეთქების დამზერა სიბრმავეს გამოიწვევდა.

ცდა უსასრულოდ გაიჭიმა. კაციშვილი ხმას არ იღებდა. ყველა ფიქრებში იყო წასული. თუმცა ყველა, ვისაც კი ჰკითხეს, ამბობს რომ ეს ფიქრები სულაც არ იყო აპოკალიპსური. უმრავლესობა იმაზე ფიქრობდა, თუ როდის შეძლებს მოუხერხებელი მდგომარეობის შეცვლას და მოსალოდნელი წარმოდგენის დანახვას. ფერმის, როგორც ყოველთვის ექსპერიმენტალური განწყობით, ხელში ქაღალდის ნაჭრები ეჭირა, რათა ჰაერის წნევა გაეზომა და აფეთქების ძალა შეეფასებინა. ფრიში აპირებდა მოვლენა რაც შეიძლება უფრო ზუსტად დაემახსოვრებინა ისე, რომ ემოციებისა და წინასწარი განწობის ყოველგვარი გავლენა გამოერიცხა. გროვსი მეასედ ეკითხებოდა საკუთარ თავს, ყველაფერი მოიმოქმედა თუ არა იმისთვის, რომ უბედური შემთხვევისას უსწრაფესი ევაკუაცია განეხორციელებინა. ოპენჰაიმერი ცდის წარმატებისა და წარუმატებლობის შიშებს შორის მერყეობდა.

შემდეგ ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე გააზრება შეიძლებოდა. ატომური ცეცხლის პირველი ნათება არავის დაუნახავს – მხოლოდ მისი კაშკაშა თეთრი ანარეკლი ციდან და ბორცვებიდან. მათ, ვინც თავის მობრუნება გაბედა, კაშკაშა ცეცხლოვანი ბურთი დაინახეს, რომელიც ზომაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. “ ღმერთო ჩემო, მგონი გრძელთმიანმა ბიჭებმა კონტროლი დაკარგეს!” შესძახა უფროსმა ოფიცერმა. კარსონ მარკს, თეორიული განყოფილების ერთერთ უბრწყინვალეს წევრს ეგონა - თუმც კი იცოდა, რომ ეს შეუძლებელია – რომ ცეცხლოვანი ბურთი არ შეწყვეტს ზრდას, ვიდრე ცას და მიწას არ შთანთქავს. იმ მომენტში ყველას დაავიწყდა, რის გაკეთებას აპირებდა.

გროვსი წერს: “ზოგიერთებს მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი ჰქონდათ მოსამზადებლად, აღგზნებისგან ბოლო მომენტში დაავიწყდათ შემდუღებლის მუზარადი და მანქანებიდან გადმოვიდნენ, სადაც უნდა მოეცადათ. ორი სამი წამით დაბრმავებულები ვეღარ ხედდავდნენ იმას, რის დანახვასაც სამ წელიწადზე მეტ ხანს ელოდნენ.”

ადამიანები აფეთქების სიმძლავრემ შეაძრწუნა. ოპენჰაიმერი საკონტროლო პუნქტის ერთერთ საყრდენს ჩაეჭიდა. გონებაში ინდუსების საკრალური პოემის, ბჰაგავადგიტას ნაწყვეტმა გაუელვა:

“ცაში ათასი მზის სიკაშკაშე

ერთდროულად თუ გამოანათებს

ეს უძლიერესის ბრწყნვალების

დარი იქნება.”

და მაინც, როდესაც ავისმომასწავებელი გიგანტური ღრუბელი “ნულოვან წერტილს” მაღლა, ზეცაში შორს ასცდა, მას სხვა ბწკარი გაახსენდა იგივე წყაროდან:

“მე გავხდი სიკვდილი, სამყაროთა დამანგრეველი.”

სრი კრიშნა, ამაღლებული, ამბობს ამ სიტყვებს. მაგრამ რობერტ ოპენჰაიმერი მხოლოდ ადამიანია, რომლის ხელშიც მზლავრზე უმძლავრესი ინსტრუმენტი მოხვდა.

საოცარია, რომ არავის იქ მყოფთაგან არ ჰქონია ამ მოვლენაზე პროფესიული რეაქცია, რომელიც სავარაუდოდ უნდა ჰქონოდათ. ყველა მათგანი – უმრავლესობა, რომელსაც არც რელიგიური რწმენა გააჩნდა და არც მსგავსი მიდრეკილებანი, შთაბეჭდილებებს მითოლოგიისა და თეოლოგიის ლინგვისტური ველიდან მოტანილი სიტყვებით აღწერენ. გენერალი ფარელი, მაგალითად, ამბობს: “მთელი მიდამო მწველი სინათლით იყო განათებული რომლის ინტენსივობა ბევრჯერ აღემატებოდა შუადღის მზისას...აფეთქებიდან ოცდაათ წამში ჯერ ჰაერის ტალღა მიაწვა ძლიერად ადამიანებსა და საგნებს, რომელსაც იმწამსვე ძლიერი, ხანგრძლივი, ძრწოლისმომგვრელი, განკითხვის დღის მაუწყებელი გრიალი მოჰყვა, რომელიც გვაგრძნობინებდა რომ ჩვენ, უბადრუკი არსებანი, მკრეხელურად ჩავერიეთ იმ ძალების მოქმედებაში, რომლებიც აქამდე ყოვლისშემძლეს ემორჩილებოდნენ. სიტყვები უძლურია იქ არმყოფთათვის ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური შედეგების აღსაწერად. ამის გასაგებად დასწრებაა საჭირო.”

თვით ისეთმა წყნარმა და რეალისტმა ადამიანმაც კი, როგორიც ენრიკო ფერმია, შოკი მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების დისკუსიებში კოლეგებს საყვედურობდა: “ნუ შემაწუხეთ თქვენი სინდისის ქენჯნით! ბოლოსდაბოლოს ეს შესანიშნავი ფიზიკაა!” არასდროს აქამდე მას საკუთარი მანქანის საჭესთან არავინ არ მიუშვია, ახლა კი ლოს-ალამოსში უკანა გზაზე მეგობარს სთხოვა ავტომობილის მართვა. შინ დაბრუნებულმა ცოლს გაანდო, რომ ეჩვენებოდა, თითქოს მანქანა მოსახვევიდან მოსახვევამდე ხტება და შუალედურ გამართულ მონაკვეთებს ტოვებს.

როგორც ჩანს, გენერალ გროვსს პირველს დაუბრუნდა სიმშვიდე. ერთერთი მეცნიერი, რომელიც მასთან თითქმის ატირებული მივარდა და უთხრა, რომ აფეთქებამ ყველა მისი დასაკვირვებელი და გამზომი ხელსაწყო გაანადგურა, მან შემდეგი სიტყვებით დააწყნარა: “ თუ ხელსაწყოებიც კი ვერ უძლებენ, ღონიერი აფეთქება ყოფილა. ჩვენც ხომ ამის გაგება გვინდოდა;”გენერალი ფარელისთვის კი შეუნიშნავს: “ომი დასრულდა. ერთი ან ორი ასეთი რამ და იაპონია დამთავრებულია.”

საზოგადოებას მსოფლიოს შემარყეველი ატომური აფეთქების შესახებ არაფერი არ უთხრეს. გამოცდის ახლო მცხოვრებმა ადამიანებმა 125 მილის დაშორებითაც კი შეამჩნიეს უჩვეულოდ კაშკაშა ნათება ცაში დაახლოებით 5 სთ 30 წთ-ზე. თუმცა მანჰეტენის პრეს-სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯიმ მოინაჰანმა კვალის ასაბნევად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ალამოგორდოში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა, თან დაამატა, რომ არავინ დაშავებულა.

უშიშროების სამსახურმა ვინ იცის, მერამდენეჯერ განიცადა მარცხი, როდესაც ცდილობდა, წარმატებული გამოცდის შესახებ ინფორმაცია მასში მონაწილე მეცნიერების წრით შემოეფარგლა. რამდენიმე დღეში ამბავი მანჰეტენის პროექტის ყველა ლაბორატორიაში იცოდნენ. ჰარისონ ბრაუნი, ახალგაზრდა მკვლევარი ოუკ რიჯიდან იხსენებს: “ ყველაფერი გავიგეთ ცეცხლოვანი ბურთის, სოკოს და ინტესიური სითბოს შესახებ. ალამოგორდოს შემდეგ ბევრმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი პეტიციას მოთხოვნით არ გამოეყენებინათ ატომური ბომბი იაპონიის წინააღმდეგ წინასწარი დემონსტრაციისა და დანებების შესაძლებლობის მიცემის გარეშე. ვითხოვდით აგრეთვე მთავრობის მიერ ახალი იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესების შესაძლებლობის შესწავლის დაუყოვნებლივ დაწყებას.”

ბრაუნის მიერ ნახსენები პეტიცია შეადგინა სცილარდმა, რომელმიც თეთრი სახლის ჩავარდნილი მცდელობისა და ფრანკის ანგარიშის უარყოფითი შედეგების შემდეგ ბოლო იმედს მოეჭიდა. მისი იდეა მანჰეტენის პროექტის მონაწილეთა რაც შეიძლება მეტი ხელმოწერის მოეგროვებაში იყო ბომბის გამოყენების საწინააღმდეგო მოთხოვნით. როდესაც პეტიციის ასლი ოუკ-რიჯის ლაბორატორიის ხელმძღვანელამდე მივიდა, მან დაწყებული მოძრაობის შესახებ გროვსს იმწამსვე შეატყობინა. გენერალისთვის ძნელი იქნებოდა მკვლევარებისთვის დოკუმენტის ხელმოწერა აეკრძალა, ამიტომ მან მისი გავრცელების შესაფერხებლად ხერხი იხმარა და სცილარდის პეტიცია “გაასაიდუმლოა.” კანონის მიხედვით საიდუმლო დოკუმენტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა სამხედრო ბადრაგის თანხლებით უნდა ხდებოდეს. გროვსსაც ისღა დარჩენოდა, რომ განეცხდებინა: “სამწუხაროდ ამ დოკუმენტის დასაცავად სამხედროების გამოთავისუფლება არ ხერხდება და ამიტომ დოკუმენტი უნდა საიმედოდ ჩავკეტოთო.”

ჩიკაგოს მეტალურგიული ლაბორატორიის თანამშრომლებში მღელვარება მატულობდა. ჯონ სიმპსონი, ახალგაზრდა ფიზიკოსი, რომელიც განსაკუთრებულად აქტიურობდა ბომბის ჩამოგდების საწინააღმდეგოდ, აცხადებს: “ივნისში რამდენიმე შედარებით ახალგაზრდა მეცნიერი ლაბორატორიაში საკომისიო განხილვებს ატარებდა ბომბის გამოყენების პირობებიდან დაწყებული, საერთაშორისო კონტროლის საკითხებით დამთავრებული. სამხედროებმა აკრძალეს დისკუსიებში სამზე მეტი ადამიანის მონაწილეობა. ამის საპასუხოდ მეცნიერებმა ფანტასტიკურ ხერხს მიმართეს. შეკრებები პატარა ოთახში ტარდებოდა, სადაც იმ საღამოსთვის არჩეული კომისიის ორი-სამი წევრი მორიგეობით ოცამდე ადამიანთან მსჯელობდა.”

ჩიკაგოში მღელვარებამ ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ დირექტორმა კომპტონმა თავის მოადგილეს, ფარინგტონ დანიელსს გამოკითხვა ჩაატარებინა შემდეგ საკითხებზე: ჩვენს მიერ შესაძლოდ შემუშავებული ახალი იარაღის იაპონიასთან ომში გამოყენების რომელი პროცედურა უახლოვდება მაქსიმალურად თქვენს მიერ არჩეულს?

(1) ისეთი გამოყენება, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე შედეგიანი იქნება იაპონიის სწრაფი კაპიტულაციისთვის ჩვენი დანაკაფრგების მინიმუმამდე შემცირებით (23 ხმა, ანუ 15 პროცენტი).

(2) სამხედრო დემონსტრაცია იაპონიაში, რომელსაც მოსდევს დანებების განახლებული მოთხოვნა იარაღის სრული ძალით გამოყენებამდე (69 ხმა, ანუ 46 პროცენტი).

(3) საცდელი დემონსტრაცია ამ ქვეყანაში იაპონიის წარმომადგენლების თანდასწრებით და დანებების ახალი მოთხოვნით იარაღის სრული ძალით გამოყენებამდე (39 ხმა, ანუ 26 პროცენტი).

(4) სამხედრო გამოყენებისგან თავის შეკავება, მაგრამ იარაღის შესაძლებლობათა საჯარო დემონსტრაცია (16 ხმა, ანუ 11 პროცენტი).

(5) ახალი იარაღის განვითარებათა მაქსიმალური გასაიდუმლოება და ომში მათი გამოყენებისგან თავის შეკავება (3 ხმა, ანუ 2 პროცენტი).

სამწუხაროდ გამოკითხვას, რომელშიც მონაწილეობა 150 ადამიანმა მიიღო, წინ მსჯელობა არ უძღოდა. შესაბამისად ყველაზე მეტი, 69 ხმა მიიღო მეორე შესაძლებლობამ, რომელიც გულისხმობდა სამხედრო დემონსტრაციას იაპონიაში. თუმცა როდესაც პირველი ორი ბომბი ჩამოაგდეს ქალაქ ჰიროშიმას ცენტრში და ნაგასაკიში, 69-დან უმრავლესობამ განმარტა, რომ “სამხედრო დემონსტრაცია იაპონიაში” მათი თვალსაზრისით ნიშნავდა თავდასხმას წმინდად სამხედრო დანიშნულების ობიექტზე და არა ისეთ სამიზნეზე, სადაც აგრეთვე სამოქალაქო და სინამდვილეში კი თითქმის მთლიანად სამოქალაქო მოსახლეობა იქნებოდა.

ვიდრე გროვსი პეტიციის ცირკულაციის შეჩერებას მოახერხებდა, სცილარდმა მოასწრო 67 გამპოჩენილი მეცნიერის ხელმოწერის მოპოვება. ამის შემდეგ მან მიმართვა პირდაპირ პრესიდენტ ტრუმენს გაუგზავნა, თუმცა ამით მხოლოდ იმას მიაღწია, რომ საკითხი განსახილველად გადასცეს ორგანოს, რომელმაც მანამდე ის ორჯერ შეაჩერა, ანუ შინაგან კომიტეტს, რომელსაც პრეზიდენტისთვის ამ საბედისწერო საკითხში რჩევის მიცემა ევალებოდა. ამ კომიტეტის ოთხი ყველაზე გავლენიანი წევრი ატომური ფიზიკოსი იყო, რომლებსაც როგორც ექსპერტებს, ევალებოდათ რჩევისათვის შესაბამისი ფორმის მიცემა. ესენი იყვნენ ოპენჰაიმერი, ფერმი, კომპტონი და ლოურენსი. ორი თვის განმავლობაში მათ მესამედ ეძლეოდათ შესაძლებლობა თავისი ავტორიტეტული აზრი სასწორზე შეეგდოთ. მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდა იაპონიაში ბომბის ჩამოგდებას, კარგი საფუძველი ჰქონდათ ეფიქრათ, რომ ახლა, ალამოგორდოს გამოცდის შემდეგ, მეცნიერები გადახედავენ საკუთარ შეხედულებას, რადგან 16 ივლისამდე არავინ იცოდა, აფეთქდება თუ არა საერთოდ ახალი ბომბი და თუ კი - რა შედეგით. ახლა, როცა ყველა გამოანგარიშება ათჯერ და ოცჯერაა გადაჭარბებული და მონაწილეთაგან აღარავინ ლაპარაკობს ბომბზე, როგორც “ფოიერვერკზე” არამედ როგორც “დამანგრეველ გამოცდილებაზე,” თავზარდაცემული კომიტეტი ბოლო წუთში მოითხოვს პირველი დაგეგმილი ატომური ბომბარდირების სავარაუდო მსხვერპლთათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გაუქმებას.

არაფორმალურ დებატებში, რომლებიც წინ უძღოდა ბომბის გამოყენებას, ყველაზე წონადი არგუმენტი ის იყო, რომ თუმცა ახალი იარაღის გამოყენება მრავალ სიცოცხლეს შეიწირავს, მან შეიძლება სიცოცხლისა და მატერიალურ ფასეულობათა კიდევ უფრო საშინელი დანაკარგები ააცილოს ორივე მხარეს, თუ ომს მყისიერად დაასრულებს. მაისიდან მოყოლებული ამერიკული საზოგადოება კუნძულ ოკინავასთვის გამართული ბრძოლების უკიდურესად სისხლისმღვრელი ხასიათის შესახებ ანგარიშების ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელებმა იცოდნენ, რომ გერმანია დამარცხდა და მათი მდგომარეობა უიმედოა, ისინი თავის დაცვას დაუჯერებელი სიჯიუტით და თავგანწირვით აგრძელებდნენ. მხოლოდ ოკინავაზე უფრო მეტი ამერიკელი დაშავდა და დაიღუპა, ვიდრე ფილიპინების ხელმეორედ ხელში ჩაგდებისას. ამ ფაქტმა წარმოშვა შიში, რომ იაპონიაში შეჭრა ასობით ათას სიცოცხლეს შეიწირავს ორივე მხრიდან. როდესაც სამეცნიერო კომისიის ოთხი პროფესიონალი წევრი კვლავ შეიკრიბა, მათ კომპტონის თქმით, კითხვა შემდეგნაირად დაუსვეს: “შეგვიძლია ომის სწრაფად დასრულების რაიმე სხვა საშუალება მოვიფიქროთ?”

დღეს უკვე ვიცით, რომ ბომბის ჩამოგდების ან ომის განუსაზღვრელი დროით გაგრძელების დილემა მდგომარეობის ჭეშმარიტ ხასიათს არ ასახავდა. მსგავსად წინანდელი დილემისა – “ან ჩვენ გავაკეთებთ ბომბს, ან ჰიტლერი დაგვასწრებს” – ის მოწინააღმდეგის რესურსებისა და გეგმების მცდარ შეფასებას ეყრდნობოდა.

ამ დროისთვის შეერთებული შტატების არმიისა და ფლოტის სადაზვერვო სამსახურები უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ იაპონიის დანებება რამდენიმე კვირის ამბავია. ალფრედ მაკკორმაკი, წყნარი ოკეანის საომარ მოქმედებათა თეატრის სამხედრო დაზვერვის დირექტორი იხსენებს: “ იაპონიის საჰაერო სივრცეზე იმდენად სრულ კონტროლს ვფლობდით, რომ ვიცოდით, რომელი პორტიდან რომელი გემი საით მიდიოდა. იაპონელებს აღარ ჰქონდათ სურსათის საკმარისი მარაგი და საწვავის მარაგებიც ამოწურვის პირზე იყო. ჩვენ დავიწყეთ მათი ყურეების საიდუმლო დანაღმვა, რაც დანარჩენი სამყაროდან მათ სტაბილურ იზოლაციას მოასწავებდა. თუ ამ ოპერაციას ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანდით, იაპონური ქალაქების ცეცხლგამჩენი და სხვა ბომბებით განადგურება აუცილებელი აღარ იქნებოდა. თუმცა გენერალმა ნორსტადმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ ეს ლაჩრული საქმიანობა საჰაერო ძალებისთვის შეუფერებელია და ოპერაცია შეწყდა.”

იაპონიის დანებება არა მხოლოდ ბლოკადის გაძლიერებით, არამედ ჭკვიანური დიპლომატიის საშუალებით კიდევ უფრო წარმატებულად შეიძლებოდა, რადგან ამ დროისთვის იაპონია სრულად იყო მომწიფებული დანებებისათვის. ქვეყანას დიდწილად სურდა დანებება. აპრილის ბოლოს მესამე რაიხში იაპონიის საზღვაო ატაშე ფუჯიმურა, რომელიც ბერნში წავიდა გერმანიის დაცემის შემდეგ, დოქტორ ფრიდრიხ ჰაკმა, ანტინაცისტმა გერმანელმა ამერიკული სადაზვერვო ორგანიზაციის, O.S.S.--ის შეფის, ალენ დალესის სამ ახლო თანამშრომელს წარუდგინა. ფუჯიმურამ მათ უთხრა, რომ მზადაა საკუთარ მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს დანებების ამერიკული პირობების მისაღებად. თითქმის ერთდროულად სამხედრო ატაშე, გენერალი ოკამოტო, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებდა, ბაზელის საერთაშორისო რეგულირების ბანკის მეშვეობით დალესს მსგავსი წინადადებით დაუკავშირდა. თუმცა ორივე ეს გეგმა ჩაფლავდა, რადგან ვაშინგტონს არ სურდა თავი რაიმე გარკვეული პირობებით შეეზღუდა და ტოკიომაც არაფერი მოიმოქმედა შვეიცარიაში მყოფი ორი იაპონელის მცდელობების მხარდასაჭერად.

თუმცა იაპონიის სხვა მცდელობა მშვიდობის უსწრაფესი აღდგენისათვის უფრო სერიოზულ ყურადღებას იმსახურებდა. იაპონიის იმპერატორის ინიციატივით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომი საბჭოთა კავშირის შუამავლობით უნდა დამთავრებულიყო. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით 12 ივლისს გადაიდგა – ზუსტად იმ დღეს, როდესაც ალამოგორდოში ლოს - ალამოსიდან ბომბის პირველი კომპონენტები გაიგზავნა. თუმცა რუსებს დიდად არ აინტერესებდათ ამ ომის დამთავრება, ვიდრე მას თავად არ შეუერთდებოდნენ იაპონიის წინააღმდეგ, როგორც ეს იალტაში იქნა განსაზღვრული წინა თებერვალს. ამიტომ მათ თავიდან ყველაფერი გააკეთეს, რათა იაპონიის ემისრებთან თათბირისთვის თავი აერიდებინათ. როდესაც ელჩ სატეს ბოლოსდაბოლოს მოუსმინეს, რუსებმა ამერიკელებს ტოკიოს წინადადებები შეგნებული დაყოვნების შემდეგ გადასცეს, მიუხედავად მათი მნიშვნელოვანებისა.

თუმცა ვაშინგტონში ამ მანევრების შესახებ ბევრად უფრო ადრე შეიტყვეს, რადგან იაპონური საიდუმლო კოდი ჰქონდათ გაშიფრული. ივლისის შუა რიცხვებიდან ისინი უკვე კითხულობდნენ საიდუმლო ინსტრუქციებს, რომლებსაც პრემიერმინისტრი ტოჯო მოსკოვში სატეს რადიოთი გადასცემდა. სხვა გზავნილებს შორის მათ ასეთიც ამოიკითხეს: “იაპონია დამარცხებულია.ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ.”

ტრუმენმა იმის ნაცვლად, რომ იაპონელთა სისუსტის მთელი ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებლები დიპლომატიურად გამოეყენებინა, პოტსდამის კონფერენციაზე ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც იაპონელებს “სახის დაკარგვის” გარეშე კაპიტულაციას ძალიან გაუძნელებდა. ამ დღეს პრეზიდენტმა გენერალი გროვსისგან შთამბეჭდავი პატაკი მიიღო იმის შესახებ, რომ ალამოგორდოს გამოცდის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამერიკელი ისტორიკოსი რობერტ ბუტოუ, რომელმაც იაპონიის დაცემის წინმსწრები მოვლენების როგორც ამერიკული, ასევე იაპონური წყაროების მიხედვით შედარებითი შესწავლა ჩაატარა, თვლის, რომ იმ ეტაპზე სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა ომის სწრაფი დასრულება დიპლომატიური ძალისხმევით, მაგალითად, პოტსდამის დეკლარაციის საფუძველში ჩადებული პირობების პრინც კონოიესთვის – რომელიც უკვე ყველანაირი შესაძლო უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი იმპერატორისგან – დიპლომატიური არხებით გადაცემით ნაცვლად მათი მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოცხადებისა.

ბუტოუ წერს: “ მოკავშირეებს პრინცისთვის ერთი კვირა რომ მიეცათ მათ წინადადებებზე მთავრობისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ომი შესაძლოა ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყოსში დასრულებულიყო ატომური ბომბის და კონფლიქტში საბჭოეთის მონაწილეობის გარეშე.”*

თუმცა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ამერიკის მთავრობა თვალს იბრმავებდა ასეთ შესაძლებლობაზე, ალბათ მაინც ატომური ბომბის ფლობაში იყო. კვანძის მოთმინებით გახსნის ნაცვლად უფრო მოხერხებულად ეჩვენებოდათ მისი ბრწყინვალე ახალი იარაღის ერთი-ორი დაკვრით გაჭრა.

ეჭვგარეშეა, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსებისგან და სტრატეგოსებისგან ბომბის გამოყენებაზე უარის თქმას იმ დროს დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. მათ ვერ დაძლიეს შიში იმისა, რომ მანჰეტენის პროექტი, რომელმაც თითქმის ორი მილიარდი დოლარი ჩაყლაპა, ომის შემდეგ ფულის უაზრო ხარჯვად მოინათლებოდა. ამ შემთხვევაში მათთვის მოსალოდნელი ქება-დიდება და სახელი შესაძლოა დაცინვად და სასჯელად გადაქცეულიყო.

პრეზიდენტი ტრუმენი მოგონებებში წერს, რომ მისმა “კიმ” გადაწყვიტა ბომბის ჩამოგდების საკითხი. ამ პასაჟზე გენერალი გროვსი შენიშნავს, რომ “ ტრუმენს იმდენად “კი” არ უთქვამს, რამდენადაც “არა” არ თქვა. იმ დროს “არას” თქმას დიდი გამბედაობა დასჭირდებოდა.

თუკი თვით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვერ გაბედა “სიჩქარის გადართვა,” რაღა მოეთხოვებოდა სამეცნიერო საბჭოს ოთხ ატომურ ექსპერტს, რომლებსაც აქამდეც არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ზემდგომთა გეგმებისათვის. ისინი გრძნობდნენ, რომ უზარმაზარ მექანიზმში არიან ჩაჭერილები და ნამდვილად არაადეკვატურად იყვნენ ინფორმირებულები პოლიტიკური და სტრატეგიული სიტუაციის შესახებ.** მათ რომ ეპოვათ მორალური ძალა ბომბის ჩამოგდებას წმინდად ჰუმანისტური პოზიციიდან შეწინააღმდეგებოდნენ, მათი მიდგომა უეჭველად დიდ ზეგავლენას მოახდენდა პრეზიდენტზე, კაბინეტზე და გენერლებზე. კიდევ ერთხელ ოთხმა ატომურმა მეცნიერება”თავისი ვალი აღასრულა მხოლოდ.”

მათი იმედები, ვინც ბომბის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა, მოკლე ვადით გამოცოხლდა, როდესაც მათ გაიგეს, რომ ოპენჰაიმერი გროვსთან ერთად საგანგებო თათბირზე განმარტოვდა. სინამდვილეში მეცნიერს გროვსთან გასაუბრება ბომბის ჩამოგდებაზე ცოტა ხნით ადრე იმისთვის სურდა, რომ დაერწმუნებინა კომპანიონი სამომავლოდ ნაკლებად პრიმიტიული ატომური იარაღის კონსტრუირების აუცილებლობაში. ამრიგად სინდისიერი ხასიათის ათასობით პიროვნული აქტის შეჯამებამ მიგვიყვანა სინდისიერებაზე ხელის აღების კოლექტიურ აქტამდე, რომლის მასშტაბიც გამაოგნებელი გამოდგა.***

 

*    იხ. Butow, Robert Joseph Charles. (1956). Japan's decision to surrender,

**     გენერალი გროვსიც აცხადებს, რომ მისთვისაც არაფერი უთქვამთ იაპონელ მშვიდობისმსურველებზე. მეორე მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტსაც, რომელმაც დაწვრილებით იცოდა ტოკიოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, იოტისოდენა გაფრტXილებაც კი არ მიუღია ახალი იარაღის გარდაუვალი გამოყენების შესახებ.

***     1958 წლის 29 აპრილს, Le Monde -თან ინტერვიუში ოპენჰაიმერს ჰკითხეს: "დროებითი კომიტეტის წევრობისას, როდესაც პრეზიდენტ ტრუმენისთვის სამეცნიერო საკითხებზე და იაპონიაში ბომბის გამოყენებაზე უნდა გაგეწიათ კონსულტაცია, ხომ არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ კარგად ინფორმირებულ ადამიანებს შეეძლოთ ზემოქმედების მოხდენა გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით იქნა მიღებული?" მან უპასუხა: "ექსპერტთა ამ კომიტეტისგან ძირითადად ახალ საკითხებზე ტექნიკური თვალსაზრისს ელოდნენ. ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ ახალ მთავრობას, ადამიანებს, რომლებიც ჯერ ძალაუფლების გამოსაყენებლადაც კი არ იყვნენ მზად, არათუ ატომური პრობლემების გადასაჭრელად, დააწვა გადაწყვეტილების მიღების სიმძიმე. მათ უმრავლესობას, ვინც აზრის გამოთქმას მოითხოვდა, საკითხის შესასწავლად საკმარისი დროც კი არ ჰქონდა. მეორე მხრივ, პრეზიდენტმა რუზველტმა და სერ უინსტონ ჩერჩილმა სრული თანხმობა გამოავლინეს ატომური ბომბის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ ეს აუცილებელი იქნებოდა ომის დასასრულებლად. ეს თვალსაზრისი ძალიან წონადი იყო. სამწუხაროდ, დროც აღარ ითმენდა. შესაძლებელია, რომ პრობლემის უფრო დაწვრილებით, ხანგრძლივ შესწავლას პასიხისმგებელ პირთა უფრო ზუსტი და იქნებ განსხვავებული გაგებაც კი მოეტანა იმისა, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ ამ ახალ იარაღს"

No comments:

Post a Comment