ვიდრე 1942 წელს მეტალურგიულ ლაბორატორიაში დანიშნავდნენ, რითაც საიდუმლო ატომური პროექტის ოფიციალური თანამშრომელი გახდა, ოპენჰაიმერი ყველა სხვა დანარჩენივით იძულები შეიქნა გრძელი კითხვარი შეევსო, სადაც მან აღიარა მთელი რიგი მემარცხენე ორგანიზაციების წევრობა. პოლიტიკური ინტერესები მას პირველად 1933 წელს, ჰიტლერის ხელისუფლებაში აღზევების შემდეგ გაუჩნდა, როდესაც მისი რამდენიმე ნაცნობი და ოჯახის ზოგიერთი წევრი “გერმანული რევოლუციის” მსხვერპლი გახდა. მისი კოლეგა მეცნერების უმრავლესობის მსგავსად, მანამდე მას თავი არ შეუწუხებია ტექნიკური, ლიტერატურული და ფილოსოფიური ინტერესების მიღმა მიმდინარე მოვლენებით – იმდენად, რომ საერთოდ არც გაზეთებს არ კითხულობდა და არც რადიოს უსმენდა.
ესპანეთის სამოქალაქო ომმა და ერთმა პირადმა ურთიერთობამ ოპენჰაიმერის პოლიტიკით დაინტერესება გაზარდა. 1936 წელს ის ფსიქიატრიის სტუდენტმა გოგონამ, ჯინ ტეტლოკმა გაიტაცა. მამამისი ბერკლიში ინგლისური ლიტერატურის პროფესორი იყო, თავად ჯინი კი თავდადებულ კომუნისტად ითვლებოდა. მისი წყალობით ოპენჰაიმერი კალიფორნიის რამდენიმე ცნობილ კომუნისტს შეხვდა. მან დაიწყო საბჭოთა რუსეთის შესახებ წიგნების კითხვა და ფიქრი იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ეკონომიკური მოვლენები – მაგალითად დიდი დეპრესია, რომელიც მაშინ უკვე მთავრდებოდა – ადამიანის ცხოვრებაზე.
1937 წელს ოპენჰაიმერმა მამის გარდაცვალებით დიდი მემკვიდრეობა შეიძინა და მემარცხენეებiს რეგულარულ ფულად დახმარებას მიჰყო ხელი; დროგამოშვებით ანონიმურ პამფლეტებსაც წერდა, საკუთარი ხარჯით ბეჭდავდა და ინტელექტუალთა ანტი-ფაშიტური ჯგუფის წევრების, მათ შორის კომუნისტების საშუალებით ავრცელებდა. ოპენჰაიმერი ჯინ ტეტლოკთან ურთიერთობას ასე აღწერს: “სულ მცირე ორჯერ იმდენად ახლოს ვიყავით ქორწინებასთან, რომ თავს დანიშნულებად ვთვლიდით.“ თუმცა 1939 წელს, ქორწინების რამდენჯერმე გადადების შემდეგ მეცნიერი მშვენიერ შავგვრემანს გადაეყარა, რომელიც პასადენას მცენარეთა კვლევის ცნობილ ლაბორატორიაში სოკოებს იკვლევდა. კატარინა პიუნინგი, გენერალ კაიტელის ნათესავი, გერმანიაში თოთხმეტ წლამდე ცხოვრობდა და ის ის იყო, ინგლისელ ექიმზე, ჰარისონზე იქორწინა. მას და ოპენჰაიმერს ისეთი ვნებით შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ ქალმა ყველა კავშირისგან თავი სწრაფად გაითავისუფლა და 1940 წლის ნოემბერში წყვილმა იქორწინა მიუხედავად ბერკლისა და პასადენაში მიტოვებულთა მეგობრებისა და ნათესავების წრეში გამოწვეული სკანდალისა.
ოპენჰაიმერმა კომუნისტური კავშირები და ჯინ ტეტლოკთან ურთიერთობა ერთდროულად გაწყვიტა. კოლეგების - პლაჩეკისა და ვაისკოფის – ოცდაათიანების რუსული გამოცდილების შესახებ 1938 წელს მიღებულმა ცნობებმა მასზე ღრმა გავლენა იქონია. ოპენჰაიმერმაც და მისმა ცოლმაც, რომელსაც ასევე ჰქონდა მემარცხენეობის გამოცდილება, თანდათან ჩამოიბერტყეს პარტიის ერთგულთა ნაცნობობები. აგვისტოში მათ სახლი შეიძინეს. იმავე წელს პირმშო – პიტერი ეყოლათ.
წარსულთან კავშირის რადიკალური გაწყვეტა იოლი არ გამოდგა. ოპენჰაიმერის ახლო წრეში ბევრი თანაუგრძნობდა კომუნიზმს და ზოგიერთი პარტიის წევრიც კი იყო. ამათგან რამდენიმე უკიდურესად მემარცხენე იდეებით თვით ოპენჰაიმერის წყალობით დაინტერესდა. ამ ადამიანებს ხელაღებით ხომ ვერ მოიცილებდა?*
მსგავსი სიტუაცია შეექმნა პირად ცხოვრებაშიც. ჯინ ტეტლოკს ის კვლავ უყვარდა. ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მან ფსიქოანალიზის დახმარებას მიმართა. თავად ფსიქიატრმა, გონება ოპენჰაიმერზე ფიქრებისგან ვერ გაითავისუფლა. გათხოვების შემდეგაც კი ის სწერდა ოპენჰაიმერს, ნახულობდა მას მის სახლში, მამამისის მახლობლად, ცდილობდა ტელეფონით დაკავშირებოდა სულიერი აღელვებისა თუ დათრგუნულობის მომენტებში. დროდადრო, სიბრალულისა თუ დანაშაულის გრძნობის, ან სულაც იმის გამო, რომ თავადაც სრულად ვერ დაეღწია თავი ამ მეგობრობის ნამსხვრევებისგან, ოპენჰაიმერი მას ხვდებოდა.
1943 წლის ივნისში ოპენჰაიმერმა ლოს-ალამოსის მშენებლობასთან დაკავშირებულ ყოვლისმომცველ ვალდებულებებს თავი დააღწია და ყოფილი საცოლეს მისი დაჟინებული მოთხოვნით, სან-ფრანცისკოში, ტელეგრაფ ჰილზე მის სახლში მიაკითხა. ნაშუადღევს ისინი დასალევად გაემართნენ ბორცვზე, რომელიც ქალაქს და ყურეს გადაჰყურებს. აქ ოპენჰაიმერი ჯინ ტეტლოკს გამოუტყდა, რომ მომდევნო თვეებში და იქნებ, წლებშიც კი ისინი ვეღარ შეხვდებოდნენ, რომ ის იძულებულია ოფიციალური დავალების გამო ოჯახთან ერთად ბერკლი დატოვოს და ვერც ამის მიზეზს, ვერც თავის მომავალ ადგილსამყოფელს ვერ გაამჟღავნებს.
ამ უკანასკნელი შეხვედრიდან შვიდ თვეში ჯინ ტეტლოკმა საკუთარი სიცოცხლე დაასრულა. ოპენჰაიმერის და მისი ყოფილი საცოლის გადადგილებებს სან-ფრანცისკოში, 12 და 13 ივნისს, არმიის კონტრდაზვერვის G2-ის თანამშრომლები მუდმივად ადევნებდნენ თვალს. მათ ნახეს, როგორ მიაცილა ოპენჰაიმერმა ახალგაზრდა ქალი სახლში, როგორ გაატარა იქ ღამე და როგორ გააცილა ქალმა ის დილით აეროპორტში მანქანით. მთელი ეს ამბავი უწვრილესი დეტალებით ქაღალდზე გადაიტანეს და ყოვლისმომცველ ანგარიშს “მაკომპრომენტირებელ ინფორმაციად” დაურთეს. 1943 წლის მაისიდან მოყოლებული, ატომური ბომბის ლაბორატორიის ხელმძღვანელად დანიშნული მეცნიერი ხელისუფალთა საგანგებო კვლევის საგნად იქცა ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. უშიშროების ხალხი მას არ ენდობოდა. ისინი ცდილობდნენ გამოერკვიათ, ხომ არ შეინარჩუნა მან აქამდე ძველი კავშირები კომუნისტებთან. სან-ფრანცისკოში ჩასვლამ G2-ის კალიფორნიის განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ბორის პეში როგორც იქნა, საჭირო ტყვია-წამლით მოამარაგა.
1943 წლის 29 ივნისს მან ვაშინგტონის სამხედრო დეპარტამენტს “სან-ფრანცისკოს თვალთვალის შედეგების” შემაჯამებელი ანგარიში გადაუგზავნა. ამ ანგარიშში ის ღიად აცხადებდა, რომ სავსებით შესაძლებელია “სუბიექტი,” როგორც ის უცვლელად იხსენიებს ოპენჰაიმერს პოლიციელი დეტექტივის სტილში, კომუნისტებს გადასცემდეს ლოს-ალამოსში მიღებულ სამეცნიერო შედეგებს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე შეერთებული შტატების მთავრობას აწოდებს – თუ საერთოდ აწოდებს. ამის გაკეთება იოლია ჯინ ტეტლოკისნაირი “კონტაქტების” საშუალებით, რომელიც შემდეგ “პარტიას” დაუკავშირდება. პეში დაბეჯითებით ითხოვდა “სუბიექტის” უსწრაფესად თავიდან მოცილებას და ვინმეთი შეცვლას.
ანგარიში გროვსს ივლისის შუა რიცხვებში გადაუგზავნეს და დაურთეს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებით ოპენჰაიმერის ლოს-ალამოსის ხელმძღაველად დანიშვნა ვერ დადასტურდება. გენერალს ელდა ეცა. კომუნისტების მიმართ ის ყველფერს გრძნობდა, გარდა სიმპატიისა და უკვე მაშინ, როგორც მოგვიანებით განაცხადა, ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მანჰეტენის პროექტი კომუნისტების შეღწევისაგან დაეცვა. უკვე მაშინ ის თვლიდა, რომ მთავრობა ისედაც ზედმეტად უპირობოდ ენდობა რუს მოკავშირეს. ახლა კი ირკვევა, რომ მისი უახლოესი, შეუცვლელი თანამშრომელი წითელია! მან ოპენჰაიმერი იხმო. ეს უკანასკნელი ირწმუნებოდა, რომ კომუნისტებს დიდი ხნის წინ ჩამოშორდა.
გროვსი ყოყმანობდა - შეიძლება თუ არა ოპენჰაიმერის ასეთი ცვლილების დაჯერება? თუმცა იგრძნო, რომ ვალდებულია, ასე მოიქცეს. ოპენჰაიმერმა ბოლო დროს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუცვლელია, როდესაც მატერიალურ სიძნელეებს გაუმკლავდა, ლოს-ალამოსში გამეფებულ ენთუზიაზმს რომ წყალი შეუყენა. მაგიდა მთაზე საინჟინრო ნაწილების მიერ აგებული საცხოვრისი ვიწრო, მოუხერხებელი და ხანძარსაშიში აღმოჩნდა. ქუჩებში მორიგეობით ტალახის ზღვა ან მტვრის ღრუბელი ტრიალებდა – ამინდის მიხედვით. ბულდოზერებს ფიჭვის მხოლოდ ერთი, მცირე კორომი გადაურჩა, ისიც ედვარდ ტელერის ცოლის მოწყობილი მჯდომარე გაფიცვის წყალობით. როდესაც მთელი დღის ნამუშევარი კაცები შინ დაქანცულნი ბრუნდებოდნენ, ცოლების, - რომელთა უმრავლესობაც თავად პროფესიულად იყო დასაქმებული – წუწუნისთვის უნდა ეგდოთ ყური არასაკმარისი მომარაგებისა და მოსამსახურე პერსონალის არარსებობის გამო. ოპენჰაიმერმა ახლაც მოახერხა განწყობის ამაღლება. ის ყველა პრობლემას ინდივიდუალურად მოეკიდა, კოლეგებს პირობების გაუმჯობესება აღუთქვა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი წვრილმანია იმ ამოცანის მნიშვნელობასთან შედარებით, რომელსაც ყველანი ერთად შეეჭიდნენ.
გროვსი გრძნობდა, რომ ეს კაცი, როგორც მეცნიერი და ორგანიზატორი შეუცვლელია, ამიტომაც გადაწყვიტა როგორმე პირადი ზედამხედველობის ქვეშ შეენარჩუნებინა. სამხედრო დეპარტამენტის დირექტივის მიხედვით მას ერთი დღეც კი არ უნდა დაეკარგა ახალი იარაღის შექმნაში. შესაბამისად, მას პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლება მიანიჭეს ყველა სხვა გადაწყვეტილებისა თუ რეგულაციების გადასალახავად. ახლა მან გადაწყვიტა პირველად გამოეყენებინა ეს ძალაუფლება. 1943 წლის 20 ივლისს მან სამხედრო დეპარატამენტს შემდეგი დეპეშა გაუგზავნა:
სამხედრო დეპარტამენტი, საინჟინრო ოფისის ხელმძღვანელს
ვაშინგტონი, იცლისის 20 1943
საგანი: ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერი
ვის: რაიონის ინჟინერს, შეერთებული სთატების საინჟინრო ოფისი, მანჰეტენის რაიონი, სადგური F, ნიუ-იორკი, N.Y.
I. ჩემს მიერ 15 ივლისს ზეპირად გაცემული ბრძანების თანახმად, სასურველია ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის სამუშაოზე დაშვება დაუყოვნებლივ გაიცეს, მიუხედავად თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა. ეს პროექტისთვის აბსოლუტურად აუცილებელია.
ლ.რ.გროვსი
ბრიგადის გენერალი,
ერთი შეხედვით ამ ნაბიჯმა თითქოს გადაჭრა ოპენჰაიმერის წარსულთან დაკავშირებული პრობლემა. გენერალმა კვანძი მახვილის დაკვრით გახსნა. ოპენჰაიმერი უსაზღვროდ მადლიერი დარჩა. მთელი ცხოვრება ის ერთ რომელიმე საქმეს გულს ვერ უდებდა. მისი შესანიშნავი ინტელექტი და ცხადი ხედვის უნარი ყველა თვალსაზრისის საპირისპიროს პოულობდა და ყველა წამოწყების უარყოფით მხარეებს ჭვრეტდა. შესაბამისად, კომუნიზმის მიმართ სიმპატიის მიუხედავად, პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. მას ყველაფერზე მეტად იმის ეშინოდა, რომ ცალმხრივი იდეის და ერთი ქვეყნის პოლიტიკის მსახური და თანამზრახველი არ გამხდარიყო. ასეთი რამ აუცილელად კომპრომისს მოასწავებდა და შეუთავსებელი იყო აბსოლუტურ გულწრფელობასა და ინტელექტუალურ პატიოსნებასთან.
თუმცა ახლა რობერტ ოპენჰაიმერს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მშობლიური ქვეყნისთვის სამსახურის გაწევა. პირველად ცხოვრებაში მას სწამდა, რომ ორივე ფეხით რეალურ, მყარ საფუძველზე დგას. ეს რეალობა უხეში მასალისგან იყო შედგენილი. ლესლი გროვსისნაირ უხეშ, მარტივ ადამიანებს აქ მთავარი სიტყვა ეთქმოდათ, მაგრამ ისინი მზად იყვნენ აღმატებული გონების რჩევისთვის ყური დაეგდოთ. ოპენჰაიმერი სიმაღლეთა გაუხშოებული ჰაერიდან დაბლა დაეშვა. ის აღარ იყო არაპრაქტიკული, უფესვო ინტელექტუალი. ის ახლა, როგორც იქნა, რაღაცის ნაწილი იყო. ის ყოველთვის გაურბოდა “თანამონაწილეობას”, რადგან ყველაზე უფრო იმის ეშინოდა, იარაღი არ გამხდაერიყო.
ამ ახალაღმოჩენილი პატრიოტული გრძნობების შედეგი უნდა იყოს ის, რომ 1943 წლის აგვისტოში, სულ რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც გროვსმა მისი მხარე დაიჭირა, მან ერთი ვიზიტი განახორციელა. ბერკლიში ყოფნისას მეცნიერი უშიშროების აგენტის, ლაილ ჯონსონის ოფისში, მივიდა, რომელიც უნივერსიტეტის ერთერთ აუდიტორიაში გაემართათ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა გაემჟღავნებინა ერთი შემთხვევა, რომელსაც თვეების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. ამ სტუმრობის უშუალო მიზეზი ერთ-ერთი მისი ყოფილი მოწაფე როსი ლომანიცი იყო, რომელიც მან დაარწმუნა, ამ პროექტს შეერთებოდა, მიუხედავად ახალგაზრდა კაცის სინდისის ქენჯნისა ამერიკული ატომური ბომბის შექმნაში მონაწილეობის გამო. ახლა ლომანიცი პროექტიდან გაძევების ზღვარზე იყო პაციფისტური და კომუნისტური პროპაგანდის ორგანიზაციის მიზეზით.
ოპენჰაიმერმა გადაწყვიტა ჯონსონისაგან ლომანიცთან დალაპარაკების და მისი “გონზე მოყვანის” ნებართვა ეთხოვა, თუ ეს უსაფრთხოების წესებს არ ეწინააღმდეგებოდა. ეს მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა და ამ შეხვედრისას მან უეცრად რამდენიმე გამაოგნებელი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ იცის, რუსები ატომური ბომბის ამერიკული პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღებას რომ ცდილობენ. ოპენჰაიმერმა დაამატა, რომ ინგლისელი ჯორჯ ელტენტონი , რომელიც ომამდე ხუთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში მუშაობდა, გარკვეულ ადამიანს დაუკავშირდა და სთხოვა, მისი სახელით მანჰეტენის პროექტში მომუშავე ფიზიკოსებთან დაემყარებინა კავშირი.
ჯონსონი ყურადღებით ისმენდა. მან ეს ინფორმაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად ჩათვალა, რადგან ის და მისი უშუალო უფროსები, პოლკოვნიკები პეში და ლენსდეილი თებერვლიდან კვალში ჩაუდგნენ კომუნისტურ ჯაშუშურ ორგანიზაციას, რომელიც მათი აზრით, ამერიკული ატომური შეიარაღების პროგრესის შესახებ აგზავნიდა ცნობებს. ეჭვმიტანილთაგან სამი, მათ შორის ლომანიცი, ოპენჰაიმერის მოსწავლეები იყვნენ.
კონტრდაზვერვაში ჯერ კიდევ ბრაზობდნენ, რომ გროვსმა ყურად არ იღო ოპენჰაიმერის შესახებ მათი გაფრთხილება და წამითაც არ უფიქრიათ, რომ ადამიანმა, რომელიც მათი ნების საწინააღმდეგოდ ლოს-ალამოსის სათავეში დააყენეს, საბჭოთა ჯაშუშური მცდელობების შესახებ ეს დაგვიანებული ინფორმაცია მათ პატრიოტული მოსაზრებებით მიაწოდა. მათ ივარაუდეს, რომ ოპენჰაიმერს ყოფილმა მოსწავლეებმა აცნობეს, რომ გამოძიების ქვეშ მოხვდნენ, მან კი მხოლოდ იმიტომ “აღიარა,” რომ მისი საკუთარი საქმიანობის გამოძიებისთვის, რომელიც ადრე თუ გვიან დაიწყებოდა, დაესწრო. აქედან მოყოლებული, კონტრდაზვერვა თავს იკატუნებდა, თითქოს მას მეგობრულად განწყობილ ინფორმატორად თვლიან, სინამდვილეში კი ისე ექცეოდა, როგორც ეჭვმიტანილს და გამუდმებით ცდილობდა წინააღმდეგობებში გამოეჭირა.
ჯონსონმა ოპენჰაიმერს ძალიან ზრდილობიანად სთხოვა, მთელი ეს ამბავი კიდევ ერთხელ დეტალურად მისი უფროსის, პოლკოვნიკი პეშის თანდასწრებით მოეყოლა. ბორის პეში შეერთებულ შტატებში რუსული მართმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის შვილი იყო. ეს დევივით კაცი მხოლოდ უკანასკნელ ხანს დანიშნეს “კომუნისტური შემოღწევის” სპეციალისტად. ამ დანიშვნამდე ის ჰოლივუდის საშუალო სკოლაში ბეისბოლის გუნდს ავარჯიშებდა. ამ ომისდროინდელ თანამდებობაზე დასანიშნად მისი რუსული წარმომავლობა საკმარისი აღმოჩნდა. პეში ცოტა არ იყოს წინდაუხედავ გაბედულებას იჩენდა, რამაც სერიოზულ გასაჭირში ჩააგდო. ზოგიერთი ოფიცრისთვის სამხედრო დოკუმენტებთან სიფრთხილით მოპყრობა რომ ესწავლებინა, მან რამდენიმე თავის ხელქვეითს დაავალა, მათ ოფისში შეეღწიათ და საიდუმლო დოკუმენტები გაეტაცებინათ. ერთმა “ბობოლამ” ასეთი საქციელი ძალიან ცუდად ჩაუთვალა და პეში კინაღამ გააგდეს. ახლა მას ძალიან სჭირდებოდა თავი წარმატებულად წარმოეჩინა. როდესაც ოპენჰაიმერს პირველად შეხვდა, პეშმა მასზე უკვე ბევრი რამ იცოდა საკუთარი აგენტების ანგარიშებიდან, აგრეთვე მათ მიერ საიდუმლოდ გადაღებული ფოტოებიდან და ფილმებიდან. ინტერვიუს დაწყებამდე პოლკოვნიკმა ოთახი ფარული მიკროფონებით და ხმისჩამწერით აღჭურვა. გამომძიებლისა და მოწმის გრძელი საუბრის ყველა სიტყვა ოპენჰაიმერის დაუკითხავად ჩაწერეს.
დოსტოევსკის მოგონილი ასეთი დიალოგი ღრმა აზრითა და ბრწყინვალე ფრაზირებითაა შედგენილი, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ის სულ სხვანაირად ჟღერს. სიტყვები მნიშვნელობას სრულიად მოკლებულია. მათ თითქოს რაღაც აზრი აქვს და იმავდროულად ამ აზრის დასაფარავადაა გამიზნული. აქ ბევრი ყბედობა და საგანთან მიახლოების თავიდან აცილებაა. არცერთ მხარეს არ სურს მარტივი სიმართლის თქმა.
საუბარი ჩვეულებრივი ზრდილობიანი მოკითხვით იწყება.
პეში: ეს სასიამოვნოა, რადგან მაინტერესებს ეს საქმიანობა და თავს ისე ვგრძნობ, რომ ბავშვი მომანდეს, რომელზეც არაფერი ვიცი. გენერალმა გროვსმა გარკვეული პასუხისმგებლობა დამაკისრა, და ეს ბავშვის დისტანციურად მოვლას ჰგავს. არ მინდა, ბევრი დრო წაგართვათ…
ოპენჰაიმერი: არა უშავს. რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს…
პეში: ჯონსონმა მიამბო იმ პატარა ინციდენტის შესახებ, რომელმაც ძალიან დამაინტერესა და გუშინდელს აქეთ მოსვენებას არ მაძლევს.
ოპენჰაიმერი თავიდან ისე იქცევა, თითქოს არ ესმის, რატომ მოუნდა პეშს მისი ნახვა. ის ხელახლა იწყებს ყოფილი მოსწავლის, ლომანიცის პრობლემების მოყოლას. თუმცა პეში საუბარს ოპენჰაიმერისთვის არასასურველ მხარეს, ანუ სავარაუდო საბჭოთა ჯაშუშური მცდელობის შესახებ, მიმართავს. მას უნდა იმ შუამავლის ვინაობის გაგება, რომელსაც ელტენტონი დაუკავშირდა. ოპენჰაიმერმა ამ შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს. გაღიზიანებული ცდილობს პეშის ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანოს და ამის ნაცვლად ამბობს, რომ ეს უცნობი შუამავალი უკვე სამ მეცნიერს ელაპარაკა.
პეში: დიახ. საქმეც ესაა – ჩვენ, რა თქმა უნდა, ვვარაუდობთ, რომ ის ხალხი, ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ 100 პროცენტით თქვენთანაა და მათი განზრახვა ეჭქვეშ არ დგას. თუმცა…
ოპენჰაიმერი: მე გეუბნებით, რომ ორი-სამი შემთხვევა ვიცი და აქედან ორი ადამიანი ჩემთანაა ლოს ალამოსში. ორივესთან მჭიდროდ ვთანამშრომლობ.
პეში: რა გითხრეს – ვარაუდობენ თუ ნამდვილად ამ მიზნით მიმართეს?
ოპენჰაიმერი: მითხრეს, რომ ნამდვილად ამ მიზნით მიმართეს.
პეში: მაშ ნამდვილად ამ მიზნით.
ოპენჰაიმერი: მოდი მდგომარეობას აღვწერ. მდგომარეობა ასეთი იყო – ხომ იცით, ამ ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობათა სიძნელეები. ბევრი არც თუ ისე მეგობრულადაა განწყობილი რუსეთის მიმართ, ასე რომ ჩვენი ინფორმაცია – საიდუმლო ინფორმაცია, ჩვენი რადარი და ა.შ. - მათთან ვერ აღწევს, ისინი კი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან და უნდათ იცოდნენ, რა ხდება, ანუ ოფიციალური ურთიერთმიმოცვლის ნაკლის გამოსწორებაზეა ლაპარაკი. ეს ყველაფერი ასეთი ფორმით იქნა წარმოდგენილი.
პეში: მესმის.
ამ დამატებითმა ინფორმაციამ ის შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, რასაც ოპენჰაიმერი ვარაუდობდა. ასეთმა ახსნამ პეშის ინტერესი უცნობი შუამავლის მიმართ მხოლოდ გააძლიერა. ის ისევ და ისევ უბრუნდება ამ საკითხს.
პეში: მოდი სისტემატურ სურათს დავუბრუნდეთ… ორნი, ვინც ახსენეთ, რომლებიც იქ თქვენთან ერთად იმყოფებიან - ელტენტონი მათ უშუალოდ დაუკავშირდა?
ოპენჰაიმერი: არა.
პეში: მესამე პირის გავლით?
ოპენჰაიმერი: დიახ.
პეში: შეიძლება ვიცოდეთ, ვისი გავლით მოხდა კონტაქტი?
პენჰაიმერი: ვფიქრობ ეს არასწორი იქნებოდა. ვფიქრობ აგიხსენით, საიდან მოდიოდა ინიციატივა. ყველაფერი დანარჩენი თითქმის სრულიად შემთხვევითია და ისეთ ხალხს ჩაითრევდა ამ საქმეში, ვინც ამას არ იმსახურებს.
ოპენჰაიმერმა პეშს საშუალება აღარ მისცა, მისგან კიდევ რამე ამოექაჩა. ის უარზე იყო შუამავალის ვინაობა გაემხილა, რას პეშს ძალიან უნდოდა. თუმცა მან დაარწმუნა აგენტი, რომ ლოს-ალამოსში, სადაც ის თავადაა უფროსი, კომუნისტური აგიტაცია და ჯაშუშობა გამორიცხულია. ცოტა არ იყოს მელოდრამატულად, ლოს-ალამოსის დაწესებულების ხელმძღვანელმა საზეიმოდ განაცხადა:
“თუ რამე ისე არ წავა, როგორც დაგეგმილია და აუცილებელია, თანახმა ვარ, დამხვრიტონ.”
ეს ფრაზა მოხელეს უფრო უხდება, ვიდრე ადამიანს, რომელიც ის აქამდე იყო.
კონტრდაზვერვა ერთგულების ასეთმა რიტორიკულმა დემონსტრაციამ ვერ დააკმაყოფილა. ოპენჰაიმერის უარმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა მხილების გზაზე, რომელსაც დაადგა, ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. ამ გამოკითხვიდან ათ დღეში პეშმა პენტაგონში თავის უშუალო შეფს, პოლკოვნიკ ლენსდეილს მეცნიერის შესახებ ჩამოყალიბებული შემდეგი თვალსაზრისი გაუგზავნა:
“ეს სამსახური კვლავ თვლის, რომ ოპენჰაიმერის სრულად ნდობა არ შეიძლება და ქვეყნისადმი მისი ერთგულება გაყოფილია. გვჯერა, რომ ერთადერთი და განუყოფელი ერთგულების საგანი მისთვის მეცნიერებაა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მეცნიერული მიზნების მისაღწევად საბჭოთა ხელისუფლებამ მეტი რომ შესთავაზოს, ამ ხელისუფლებას გამოუცხადებდა ერთგულებას.”
უშიშროების სამსახურის აგენტების ეჭვი იმის შესახებ, რომ აქამდე მათთან საუბარში ოპენჰაიმერი გულწრფელი არ ყოფილა, საფუძვლიანია. ის ცრუობდა. ის მათ რაღაცას უმალავდა. მათი ვარაუდით ეს “რაღაც” არის კავშირი, რომელსაც ის დღემდე ინარჩუნებს კომუნისტურ პარტიასთან და შესაძლოა, საბჭოთა ჯაშუშურ ორგანიზაციასთანაც კი.” თუმცა ოპენჰაიმერმა მართლა გაწყვიტა კომუნიზმთან თავისი მოუწესრიგებელი ურთიერთობები. ერთადერთი, რაც მას აწუხებდა, ის იყო, რომ მთავრობას ამის მიუხედავად შეეძლო მისი მოშორება, თუ თანდათან უფრო მეტს შეიტყობდა მისი წარსული მემარცხენეობის შესახებ. მაშინ ის ახალ თანამდებობას დაკარგავდა და ისევ გაურკვევლობაში აღმოჩნდებოდა.
კონტრადზვევრვის ხალხს თავიდან მხოლოდ მინიშნებებით ვერ ჩამოიცილებ. მათ სრული სიმართლე სჭირდებოდათ. ამას კი ოპენჰაიმერი, იმდროინდელი მისი სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ იტყოდა, რადგან მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაედანაშაულებინა და კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დაეყენებინა ლოს-ალამოსის ხელმძღვანელის პოზიცია. სინამდვილეში უცნობი შუამავალი ხომ ერთს და არა სამ მეცნიერს დაუკავშირდა და ეს ერთადერთი მეცნიერი თავად რობერტ ოპენჰაიმერი გახლდათ.
სინამდვილეში კი ის მოხდა, რომ 1942 წლის ბოლოს თუ 1943 წლის დასაწყისში – ზუსტად ეს ვერვინ დაადგინა – ოპენჰაიმერებს, რომლებიც მაშინ ბერკლიში საკუთარ სახლში, “იგლ ჰილში” ცხოვრობდნენ, მეზობლები, ცოლ-ქმარი შევალიეები ესტუმრნენ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის რომანული ენების პროფესორს, ჰააკონ შევალიეს ოპენჰაიმერი 1938 წლიდან იცნობდა. ატომური ფიზიკოსი და მასზე ორი წლით უფროსი კოლეგა სხვა ფაკულტეტიდან სწრაფად დამეგობრდნენ. ამ გულწრფელი მეგობრობის ჩამოყალიბება ოპენჰაიმერსა და შევალიეს შორის სრული განსხვავებულობის მიუხედავად, ან იქნებ სწორედ ამის გამო მოხდა. მაღალი, ზორბა კაცი ნორვეგიული სახელითა და ფრანგული გვარით ისეთ გულკეთილობას და ენთუზიაზმს ასხივებდა, რომ ოპენჰაიმერი მას, როგორც არავის სხვას, ისე მიენდო. ოპენჰაიმერი საათობით ეკამათებოდა ფიზიკოსებს, მაგალითად რობერტ სერბერს და ფილიპ მორისონს, რომლებთანაც მეგობრობდა, თუმცა შევალიესთან მას შეეძლო დადუმებულიყო ან ნოსტალგიამორეულს ელაპარაკა შორეულ ევროპასა და მის პოეტებზე.
თავად შევალიე ნიუ-ჯერსის მცირე ქალაქ ლეიქვუდში დაიბადა, მაგრამ ორი წლისა მშობლებთან ერთად მამის სამშობლოში, საფრანგეთში დაბრუნდა. შემდეგ ისინი დედულეთში, ნორვეგიაში წავიდნენ, სადაც დღემდე ახსოვთ მისი მარცვლეულით მოვაჭრე ბაბუა, გრიგისა და იბსენის მეგობარი. 1914-ში, ომის დაწყების შემდეგ ოჯახი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ომის დამთავრებისას ჰააკონი თვრამეტი წლის მეოცნებე პოეტი და მოხეტიალე ყმაწვილია, კნუტ ჰამსუნის მსგავსად. თავგადასავლების მოყვარულმა და მსოფლიოს ნახვის მოსურნემ ზღვას მიაშურა. ანძასთან სამსახურში გატარებული ერთი წლის შემდეგ შთაბეჭდილებებით დატვირთული ახალგაზრდა კაცი სასკოლო ოთახს დაუბრუნდა და მალე ფრანგული ლიტერატურის ბრწყინვალე ცოდნა გამოავლინა. ჰააკონ შევალიესთან შეიძლებოდა ფიზიკისგან თავის დაღწევა და ანატოლ ფრანსის ან პრუსტის, მისი საყვარელი ავტორის შესახებ საუბარი, ან უბრალოდ სხვადასხვა ეგზოტიკური კერძების მომზადება, რასაც ორნი ოპენჰაიმერის სამზარეულოში ერთად ცდილობდნენ.
ასეთი მეგობრობა ხშირად წყდება ხოლმე ქორწინების შედეგად, აქ კი პირიქით მოხდა. შევალიე და მისი ცოლი ბარბარა, იმ მცირეოდენ ხალხს შორის იყვნენ, ვინც რობერტ და კატი ოპენჰაიმერებს მხარში ამოუდგნენ, როდესაც 1940 წელს მათმა ქორწინებამ ამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
უცოლო ოპენჰაიმერი ფართო ტერასაზე გამავალ ორ ოთახში ცხოვრობდა. აქ არც მყუდროება იყო და როგორც წესი, ძალიან ციოდა, რადგან ტუბერკულოზის გამო ფანჯრები დღედაღამ ღია ჰქონდა. ქორწინების შემდეგ მან სახლის ძებნა დაიწყო და აქ შევალიე დაეხმარა. თავად ინგლისურ სოფლის სახლში ცხოვრობდა, რომელიც შორეულ კალიფორნიაში სან-ფრანცისკოს 1915 წლის მსოფლიო გამოფენაზე ჩამოიტანეს. სამუზეუმო ექსპონატი გამოფენის დახურვის შემდეგ ქალმა იყიდა და დიდი წვალებით ბერკლიში, ბორცვის თავზე გადაიტანა აქვე მას მეორე სახლიც ჰქონდა, ესპანური ტიპის სტუკოს თეთრი, გრძელი შენობა, დიდი და მყუდრო მისაღები ოთახით, რომელსაც ხის მოხატული ჭერი, მოწითალო-მოყავისფრო კერამიკული იატაკი და დიდი ბუხარი ამშვენებდა. იგლ-ჰილის არწივის ბუდესავით უფსკრულზე გადაკიდებულ ამ სახლთან ციცაბო გზას მივყავართ. მაღალი კვიპაროსებით შემოვლებული ეს სახლი იქცა სცენად რობერტ ოპენჰაიმერსა და ჰააკონ შევალიეს შორის გამართული საუბრისა, რომელმაც საბედისწერო გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე. ეს საუბარი ორივემ იმდენად უმნიშვნელოდ ჩათვალა, რომ ვერცერთმა ვერ გაიხსსენა ზუსტი სიტყვები, რომლებითაც ის წარიმართა. ვიდრე ცოლები მისაღებში საუბრობდნენ, შევალიე მასპინძელს მომიჯნავე მცირე სამზარეულოში გაჰყვა, სადაც ოპი მარტინის შეზავებას შეუდგა. შევალიემ მას უთხრა, რომ საერთო ნაცნობს, ჯორჯ ელტენტონს ელაპარაკა. ამ უკანასკნელს დაუჩივლია, რომ მიუხედავად მოკავშირეობისა, ახალი სამეცნიერო ინფორმაციის მიმოცვლა ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის არ ხდება. მან ჰკითხა შევალიეს, ხომ ვერ შეძლებდა ის ოპენჰაიმერის დაყოლიებას სამეცნიერო მონაცემების კერძო გზით გადაცემაზე. ოპენჰაიმერის რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც, შევალიე ელოდა.
შევალიე იხსენებს, თითქოს ოპენჰაიმერმა შესძახა: “ასე საქმე არ კეთდება!” ოპენჰაიმერის შემდგომი განცხადების მიხედვით, მისი რეაქცია კიდევ უფრო მძაფრი იყო. მისი თქმით, მან ასე უპასუხა: “ეს საშინელი საქციელია!” და “ეს ხომ სახელმწიფო ღალატია!” საუბარი ამით დასრულდა. ვინაიდან ორივე ერთი აზრის აღმოჩნდა, ეს საკითხი აღარასდროს აღარ ამოტივტივებულა. ისინი დიდ ოთახს და კოქტეილებს დაუბრუნდნენ.
იმ საღამოს შინისაკენ მიმავალ გზაზე ჰააკონისთვის ცოლს უთქვამს: “არ ვიცი რატომ, მაგრამ ოპის არ ვენდობი.” ეს მხოლოდ წინათგრძნობა იყო, რომელსაც შევალიემ ყური არ ათხოვა. კონტრდაზვერვა მეცნიერს აჩქარებდა. ბორის პეშმა ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ გაიგო უცნობი შუამავალის შესახებ. ოპენჰაიმერი ვაშინგტონში გამოიძახეს. ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ მოუხეშავ პეშზე უფრო მოხერხებული გამომძიებელი ოპენჰაიმერს საიდუმლოს გამოსტყუებდა. 1943 წლის 12 სექტემბერს პენტაგონში ოპენჰაიმერის ახალი ჯვარედინი დაკითხვა ამჯერად თავად პოლკოვნიკმა ჯონ ლენსდეილმა ითავა, რომელიც ოცდათერთმეთი წლის ასაკში უკვე მთელი ატომური პროექტის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქაც წინასწარ წინასწარ დაიჭირეს თადარიგი საუბრის ფარული მიკრფონით ჩასაწერად. ლენსდეილმა საკმაო განებამახვილობა გამოავლინა ოპენჰაიმერის გამოსატეხად. წინა შეხვედრიდან, რომელიც ერთი თვის წინ, ლოს-ალამოსში შედგა, და მათთვის პირველი იყო ლენსდეილმა დაასკვნა, რომ შედეგს პირფერობით უფრო მიაღწევდა და თავიდანვე ამ სუსტ წერტილს დააწვა.
ლენსდეილი: თავიდანვე მინდა გითხრათ – და ამაში არანაირი პირფერობა არაა – რომ თქვენ ყველაზე უფრო გონიერი ადამიანი ხართ, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ და არა მგონია, თქვენი მოტყუება მოვახერხო. ვაღიარებ, რომ ლოს-ალამოსში თქვენთან გულწრფელი არ ვყოფილვარ. ამის მიზეზებს ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. პოლკოვნიკ პეშთან თქვენი საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ერთადერთი გონივრული რამ თქვენთან სრული გულახდილობაა. არ ვაპირებ გარკვეული ადამიანების დასახელებას, მაგრამ ნათქვამიდან მიხვდებით, რამდენად დიდ გაჭირვებაში ვართ და რაოდენ დიდი დახმარების გაწევა შეგიძლიათ.
ოპენჰაიმერი: მგონი ზოგიერთი მათგანი ვიცი.
ლენსდეილი: სწორია. ახლა იმას გეტყვით, რომ არც ჩვენ გვეძინა და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გამოგვრჩა, თებერვლის შემდეგ გავიგეთ, რომ რამდენიმე ადამიანი ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას საბჭოთა მთავრობას გადასცემს.
ოპენჰაიმერი: შემიძლია გითხრათ, რომ ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. ინფორმაციის მოპოვების მხოლოდ ერთი მცდელობის შესახებ გავიგე, რომელიც უფრო ადრე მოხდა, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ, თუმც კი ვეცადე.
ლენსდეილი: ჩვენ ჯერ არ გვიმოქმედია, თუ არ ჩავთვლით ლომანიცს.
ოპენჰაიმერი: ამ ხალხს სერიოზული ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა აქვს?
ლენსდეილი: დიახ, მე ასე მითხრეს, თუმცა პირადად არ ვიცი, რა თქმა უნდა.
ოპენჰაიმერი: რაც შეეხება ლომანიცს – ის თეორეტიკოსი ფიზიკოსია და ამის წყალობით საკმაოდ ფართო ცოდნა აქვს იმისა, თუ რაზე მუშაობს.
ამგვარად, მოსმენა გამომძიებლის წარმატებით დაიწყო. ოთხი კვირით ადრე ოპენჰაიმერი ჯერ კიდევ ცდილობდა მისი მოწაფის, ლომანიცის დაცვას. ახლა მან ეს შეწყვიტა და როგორც ჩანს, მზად იყო კიდეც მისთვის საზიანო ინფორმაციაც მიეცა. მიუხედავად ამისა, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა. როგორც კი ლენსდეილი ელტენტონის თემას მიუახლოვდა, ისევ იმ კედელს შეეჯახა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე – პეში. ლენსდეილმა შესაბამისად, ბალასტის გადაყრა დაიწყო.
მან თქვა, რომ თანახმაა სამი მეცნიერის ვინაობას არ ჩაეძიოს, მაგრამ შუამავალის ცოდნა აბსოლუტურად აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი მცდელობები აღიკვეთოს. ოპენჰაიმერი ამანაც ვერ დაარწმუნა.
ოპენჰაიმერი: მე დიდხანს ვიფიქრე, რადგან პეშიც და გროვსიც მთხოვდნენ ვინაობის გამხელას, და მგონია, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. იმას არ ვგულისხმობ, რომ თუ ისევვ მოქმედებს, არ მინდა რომ ეს დაადგინოთ. უბრალოდ თავს დავდებ, რომ ის აღარ მოქმედებს.
ლენსდეილი: ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება რომ მერყეობდეთ იმ ადამიანის ვინაობის გამხელაში, რომელმაც ომის დროს უცხო ქვეყნის ჯაშუშური საქმიანობის მცდელობაში იყო ჩართული. ჩემი აზროვნება ამ მიმართულებით ვერ მოძრაობს და…
ოპენჰაიმერი: მე ვიცი, ეს პრობლემაა და ამაზე ძალიან ვწუხვარ.
ლენსდეილი: მე შემიძლია პირადი ერთგულება გავიგო, მაგრამ ამბობთ, რომ ახლო მეგობარი არაა. შეიძლება გკითხოთ – კომუნისტია?
ოპენჰაიმერი: ვიცნობ როგორც თანამგზავრს.
ლენსდეილმა ორჯერ კიდევ მოუწოდა ოპენჰაიმერს იდუმალი შუამავლის ვინაობა გაემხილა და ორივეჯერ უარი მიიღო. ეს უარი მით უფრო გასაოცარია თუ გავითვალისწინებთ, რომ ლენსდეილის მიერ ნახსენებ სხვა ადამიანებთან დაკავშირებით მან სრული თანამშრომლობის სურვილი გამოავლინა. ოპენჰაიმერს არ დაუმალავს არც მისი მეგობრის, რობერტ სერბერის ცოლის კომუნისტური სიმპატიები, და ხელაღებით არც უშიშროების აგენტის სხვა შემოთავაზება უარყვია, რომელიც ასე იყო ჩამოყალიბებული:
ლენსდეილი: შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის და ვინ არ არის პარტიის წევრი?
ოპენჰაიმერი: არ ვიცი, შემიძლია თუ არა. ერთ დროს შემეძლო, თუმცა არასდროს არ მიცდია.
ლენსდეილი: მოინდომებდით?
ოპენჰაიმერი: წერილობით არა. ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენდა.
ლენსდეილი: არა, წერილობით არა.
ოპენჰაიმერი: არავის არ ვიცნობ ლოს-ალამოსში ვისაც შეუძლია ამ სახის ინფორმაციის მოცემა. მე შემიძლია არასრული ინფორმაცია მოვიპოვო.
ლენსდეილმა ბოლო ხრიკი იხმარა. “ეს არაა ბოლო შემთხვევა, როდესაც გეკითხებით,” დაარწმუნა მან ოპენჰაიმერი და განაგრძო:
ლენსდეილი: მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ძალიან მომწონხართ და გთხოვთ, შეეშვათ ამ ფორმალობას – ნუ მეძახით პოლკოვნიკს, იმიტომ რომ ეს წოდება ცოტა ხნის წინ მივიღე და თავადაც მეხამუშება.
ოპენჰაიმერი: მახსოვს, თავიდან მგონი კაპიტანი იყავით.
ლენსდეილი: დიდი ხანი არაა, რაც პირველი ლეიტენანტი ვიყავი. მსურს არმიას თავი დავაღწიო და იურიდიულ პრაქტიკას დავუბრუნდე, სადაც ასეთი პრობლემები არ მქონდა.
ოპენჰაიმერი: ძალიან ცუდი სამსახური გაქვთ და…
ლენსდეილი: მინდა იცოდეთ, რომ პირადად მე მომწონხართ. მერწმუნეთ – ასეა. არანაირი ეჭვები არ გამაჩნია და არ მინდა რომ მერყეობდეთ…
ოპენჰაიმერი: ვიცი, სადაც ვარ ამ საკითხებში. ამაზე არ ვღელავ. თუმცა აქ არის, როგორც თქვენ მკითხეთ, წარსული ეთგულების ამბები. … ვთვლი, რომ უმსგავსობა იქნებოდა ამაში ისეთი ადამიანის ჩათრევა, რომელიც თავს დავდებ, არ ყოფილა ჩათრეული.
ლენსდეილი: ოკეი, სერ.
ეს “ოკეი” სულაც არ ნიშნავდა, რომ საქმე მოგვარდა. ლენსდეილს გროვსისთვის გაგზავნილ მემორანდუმში სიტყვითაც კი არ უხსენებია ოპენჰაიმერის მიმართ სიმპატია და ნდობა, რომლებიც დაკითხვისას უხვად გამოხატა. პირიქით, ის მოითხოვდა მეცნიერზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა ნებისმიერ ფასად ეიძულებინათ შუამავლის ვინაობის გამჟღავნება. საქმის მასალები, რომლებიც გროვსს მაგიდაზე ჰქონდა, შეიცავდა უშიშროების აგენტის პირ დე სილვას მიერ ოპენჰაიმერის ხასიათის დაწვრილებით კრიტიკულ შესწავლას. 1943 წლის სექტემბერში დე სილვამ დაწერა:
“ვთვლით, რომ ოპენჰაიმერი ღრმადაა დაინტერესებული DSM პროექტის საშუალებით მსოფლიო მეცნიერული რეპუტაციის მოპოვებასა და ისტორიაში ადგილის დამკვიდრებაში. არმიას შეუძლია მას ამის საშუალება მისცეს, ან მისი სახელი, კარიერა და რეპუტაცია დაასამაროს, თუ ამას თვითონ აირჩევს. ეს შესაძლებლობა, თუ საკმარისად ცხადად წარვუდგენთ, განსხვავებულად დაანახებს მას არმიასთან ურთიერთდამოკიდებულებას, რომელშიც აქამდე თავს დომინანტურად თვლიდა საკუთარი არაჩეულებრივობის გამო”
მანჰეტენის პროექტის ხელმძღვანელი ზუსტად ამ შეთავაზების მიხედვით მოქმედებდა, როდესაც 1943 წლის დეკემბერში ოპენჰაიმერი არაოფიციალურად თავად დაკითხა. მან პირდაპირ უთხრა ლოს-ალამოსის შეფს, რომ მზადაა უბრძანოს შუამავლის ვინაობის გამჟღავნება, თუ ოპენჰაიმერი ამ დაგვიანებულ სტადიაზე თავისი ნებით არ ისურვებს ამის გაკეთებას. ამ უკანასკნელმა თავად უთხრა გენერალს ორი თვის უკან: “გენერალო, თუ თქვენ ამას მიბრძანებთ, მე გეტყვით.” მაშინ გროვსს არ უბრძანებია. ახლა დრო უკვე აღარ ითმენდა.
ამ სიტუაციაში ოპენჰაიმერს შეეძლო ეთქვა რომ ლოს-ალამოსში მას მხოლოდ მეცნიერული ხასიათის ფუნქცია აქვს და სულაც არაა ვალდებული, კონტრდაზვერვის ინფორმატორივით იმოქმედოს ან ჯარისკაცივით ბრძანებებს დაემორჩილოს, და თუ ხელისუფალნი თავისას არ დაიშლიდნენ, ყოველთვის შეეძლო გადამდგარიყო.
საბედნიეროდ შეერთებულ შტატებში ჯიუტი ადამიანების მიმართ წამებასა და ახლობლების დაპატიმრებას არ მიმართავდნენ ტოტალიტარული ქვეყნების პრაქტიკის მსგავსად. შესაბამისად, მას შეეძლო უარი ეთქვა ინფორმაციის გამჟღავნებაზე შევალიეს შესახებ, რომელსაც უდანაშაულოდ თვლიდა. მაგრამ მან დათმო და გაამჟღავნა იმ კაცის სახელი, რომელსაც თავად დააბრალა, როგორც მოგვიანებით გამოტყდა, რეალურად მომხდარზე ბევრად უფრო გადაჭარბებული რამ. საბოლოოდ მან გააკეთა ის, რაშიც უშედეგოდ ცდილობდნენ მის დარწმუნებას თვეების განმავლობაში და ამით საკუთარი თავი და კარიერა გადაარჩინა. ძალიან მოკლე ვადაში ამ კარიერამ დიდებისა და ძალაუფლების მწვერვალზე აიყვანა.
საქმეში ჩართული მოხელეებისა და ოპენჰაიმერის გარდა, არავინ იცოდა იმ დროს, შუაგულ ომში, რა პირადული გამოცდა გაიარა ლოს-ალამოსის დირექტორმა. თავად შევალიემაც არ იცოდა, რომ მეგობრის ღალატის გამო მიზეზების ახსნის გარეშე სამასწავლებლო სამსახურიდან დაითხოვეს, ათზე მეტი წელი გავიდა, ვიდრე გასახლებულმა და კვლავ უმუშევარმა დევნილობაში გაიგო, ვინ დააბეზღა და ვინ დაასრულა ამით მისი აკადემიური კარიერა.
* ამის საპირისპიროდ – როგორც თავად ოპენჰაიმერმა მოგვიანებით დაადასტურა – ჰააკონ შევალიემ ავტორს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ოპენჰაიმერის კავშირები კომუნისტურ წრეებთან სინამდვილეში ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდა.
No comments:
Post a Comment